წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები
ამბავი მიცვალებულის ხილვისა (ჩემი დღიურიდან). ერთმა ბელგრადელმა დედაკაცმა ქმრის გარდაცვალებაზე შემდეგ მოგვითხრო:
"ჩემი განსვენებული ლიუბო დიდხანს იყო ლოგინად ჩავარდნილი. დამბლადაცემულს განძრევაც კი არ შეეძლო. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა: "აი, ჩვენი რუჟა" (რუჟა - ჩვენს დისშვილს ერქვა, რომელიც სიყმაწვილეში გარდაიცვალა), მერე თქვა: "დედაჩემი მოვიდა ჩემს წასაყვანად". უცებ შეშინებული აწუწუნდა, ორ შავ კაცს ჩემი დახრჩობა უნდაო. იძულებული გავხდი, მის გვერდით ვმჯდარიყავი და ხელი მექნია, რომ ცოტათი დაწყნარებულიყო. ერთხელ ოთახიდან გამოვედი, უკან დაბრუნებულმა ვნახე, რომ იატაკზე დახოხავდა. შეშინებულმა ვკითხე, - საწოლიდან ჩამოსვლა როგორ მოახერხე-მეთქი. რუჟამ გადმომსვაო, - მიპასუხა. "სად არის რუჟა?" - ვკითხე. განა ვერ ხედავ, ის სულ ჩემს გვერდითააო". ამბავი ერთი ექიმის ხილვისა. ცნობილ ბელგრადელ ექიმს, დოქტორ გ-ს ახალგაზრდობაში ღმერთი სწამდა. როცა 1915 წელს სერბეთის არმიამ ალბანეთის გავლით ზღვისკენ დაიხია, მათ შორის იყო დოქტორი გ. თავის ვაჟთან ერთად. სან-ჯოვანიში დიდხანს ელოდნენ მატარებელს. ეძინათ კარავში. კოკისპირულად წვიმდა. სამხედროები და სამოქალაქოები ბლომად ირეოდნენ. არ იცოდნენ, ხვალ რა ელოდათ. ერთ ღამეს გ. კარავში დაღვრემილი დაბრუნდა, გულაღმა დაწვა, თავზე ხელები იტაცა და წამოიძახა: "ჰოი, მრავალმოწყალეო ღმერთო, როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი? როდის განვთავისუფლდებით?" ამ დროს სიბნელეში კარვის ტილოზე თითქოს ნათლის ასოებით გამოისახა: "1918 წლის სექტემბერი". გაოცებულს ძილი გაუკრთა. გათენებისას ყველაფერი ამხანაგებს უამბო.
ამბავი ხარბინის წმინდა ნიკოლოზის ხატისა. ხარბინელმა მეუფე დიმიტრიმ გვიამბო: "ხარბინის რკინიგზის სადგურზე რუსებმა ოდესღაც წმინდა ნიკოლოზის დიდი ხატი ჩამოკიდეს. ღვთისმოშიში რუსები მის წინ სანთლებს ანთებდნენ მგზავრობის წინ და უკან მშვიდობიანი დაბრუნების მერე. რუსების შემხედვარე ჩინელებიც ამგვარსავე პატივს მიაგებდნენ ხატს. როცა რუსმა უღმერთოებმა ეს რკინიგზა ხელში ჩაიგდეს, ხატის მოშორება ბრძანეს. უპირველესად ჩინელები აუჯანყდნენ: - რას გიშლით ეს კეთილი კაცი? მრავალი წელია, აქ არის და მისგან ცუდი არაფერი გვინახავს. თითის დაკარების ნებას არ მოგცემთ. გაეთრიეთ აქედანო. უღმერთოებს სახალხო პროტესტისა შეეშინდათ და ხატს ხელი არ ახლეს. გავიდა ათი წელი. წმინდა ნიკოლოზმა ბოლშევიკებს შეხების ნება არ მისცა. ამან უფრო გააძლიერა მართლმადიდებელი რუსები, წარმართი ჩინელებიც უფრო ერთგულად უნთებდნენ სანთლებს. მოგვიანებით რკინიგზის სადგური იაპონელების ხელში გადავიდა და, ბუნებრივია, ხატი ძველ ადგილას დარჩა.
1935 წელს მოხდა ისეთი რამ, რითაც ხატმა მთელი ხარბინის ყურადღება მიიპყრო. ქალაქგარეთ მდინარე სუნგარეს ახლოს მთაა. იქ რაღაცის აშენება განიზრახეს და მთის გადათხრა მოინდომეს. მთას ძირი ჰქონდა გამოთხრილი და ზედა ნაწილი ქუდივით ადგა თავს. ბავშვებიც სწორედ მის ქვეშ თამაშობდნენ. უეცრად გაჩნდა თეთრწვერა ბერიკაცი და პატარებს უთხრა, - აქედან სასწრაფოდ გაიქეცითო. შეშინებული ბავშვები უსიტყვოდ დაემორჩილნენ. გარეთ გასვლა მოასწრეს და მთაც გრიალით ჩამოინგრა. ბავშვებმა უფროსებს უთხრეს, იქ ვიღაც პაპა დაიღუპაო. მუშებმა ნანგრევები გათხარეს, მაგრამ ვერავინ ნახეს. ამის მერე ამ ბავშვთაგან ერთ-ერთი შემთხვევით სადგურზე მოხვდა და როცა წმინდა ნიკოლოზის ხატს მოჰკრა თვალი, იყვირა: - აი, ეგ არის ის პაპა, რომელმაც მთის ძირიდან გამოგვყარაო.
ამბავი ორთქლმავალზე წმინდა ნიკოლოზის გამოცხადებისა. მხატვარმა ბოგდანოვ-ბელსკიმ საოცარი ამბავი გვიამბო. დაახლოებით სამასმა რუსმა ოფიცერმა სამშობლო დატოვა და ორთქლმავლით კონსტანტინოპოლისკენ გაემგზავრა. როცა ადრიატიკის ზღვაში გავიდნენ, საშინელი შტორმი ატყდა. ყველა გრძნობდა სიკვდილის სიახლოვეს. უეცრად ორთქლმავალზე წმინდა ნიკოლოზი გამოცხადდა, მშვიდი და დიდებული. მან ახლოს მდგომ სამ ოფიცერს უთხრა: - ნუ გეშინიათ, გადარჩენილები ხართო! წმინდანი გაქრა და ქარიშხალიც ჩადგა.
ამბავი მკვლელი დედაკაცის ხილვებისა. ერთმა ჩვენმა პოჟარეველმა ახლობელმა გვიამბო ამბავი ერთი ქალისა, რომელმაც მძინარე ქმარს კეფაში ლურსმანი ჩაურჭო და ზედ თმა გადააფარა. ყველას ეგონა, კაცი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდაო. მოკლულის სული ქალს რვა წელი ტანჯავდა. თან, როგორც კი რაიმეს შეჭმას გადაწყვეტდა, მასში ბღუჯა თმას პოულობდა.
ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება. კაცმა კაცი მოკლა. მკვლელს ვერ მიაგნეს. მაგრამ ყოველწლიურად, მკვლელობის დღეს, მკვლელი თავის თეფშზე სისხლს ნახულობდა.
ამბავი მომაკვდავი დედაბრისა. ეს უჯიცელი მოხუცი ოცდაათი წლის წინ მოკვდა. მდიდარი იყო, მაგრამ საშინლად წუწურაქი, მათხოვრებს ლანძღავდა და ხელცარიელებს ერეკებოდა სახლიდან. ერთადერთი კეთილი საქმე გააკეთა - ობოლ გოგონას უვლიდა. რა თქმა უნდა, გოგონას ტყუილად არ არჩენდა. იგი მშრომელი და ქალბატონის ერთგული მსახური იყო.
დედაბერი გარდაიცვალა. მეორე დღის შუადღემდე ოთახში ესვენა. დაკრძალვისთვის ყველაფერი მოამზადეს, რომ უეცრად დედაკაცი გაცოცხლდა. შეშინებული კანკალებდა. "შეუძლებელია იმ საშინელებათა აღწერა, რაც ჩემმა სულმა ამ დროს განიცადა. ეს ბავშვი რომ არ ყოფილიყო, ამ საშინელებათა დათმენას ალბათ ვერ შევძლებდი, - თქვა ქალმა და ობოლზე მიუთითა, - მისთვის გაკეთებულმა სიკეთემ გადამარჩინა. ეს რომ მცოდნოდა, უფრო მეტ სიკეთეს ვიქმოდიო... ასევე გაიხსენა ერთი მოხუცი უჟვიცელი დეკანოზი - იმ ქვეყანაზე დიდ სიკეთეში, სინათლესა და სიხარულში ცხოვრობსო. ამბობდა, უკეთესს ვერაფერს ვინატრებ, ოღონდ იმქვეყნად განსვენებულ დეკანოზთან ერთად ვიყოო. იმ დეკანოზმა მითხრა, ვნების პარასკევს გარდაიცვლებიო.
ვნების პარასკევს დედაბერი საუკეთესო სამოსში გამოეწყო. მაგრამ იმ წელს, ვნების პარასკევს არ გარდაცვლილა. მეორე წლის დიდ პარასკევსაც მოემზადა, მაგრამ არ მომკვდარა. მხოლოდ მეშვიდე წლის წითელ პარასკევს განისვენა. დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე მთელი ქონება გაჭირვებულებს დაურიგა და ლოცულობდა. მეშვიდე წელს, ვნების პარასკევს, ნაშუადღევს, გამოეწყო, დაუძახა მეზობლებს, ნაცნობებს და უთხრა, დღეს მოვკვდებიო. მაგრამ რადგან ყოველ წელს ამას ამბობდა, სტუმრებმა სიცილი დააყარეს. თუმცა დედაბერი იმავე დღეს გარდაიცვალა.
როგორ განეცხადა სიკვდილი. მოხუცებულმა ლენკა ი.ა-მ გვიამბო, თუ როგორ მოუკვდა და, ლიუბიცა. ლიუბიცა ავად გახდა. დღე და ღამე თავს ახლობლები დასტრიალებდნენ. ღამისთევით გასავათებულებმა სთხოვეს ლენკას, დას ერთი ღამე გაუთიეო. ავადმყოფთან მათი მესამე და, ცაიაც დარჩა. ლიუბიცამ თქვა: "მიკა, წყალი მომაწოდე" (მათი ძმა, მიკა, ყოფილი ოფიცერი, მეფე ალექსანდრ ობრენოვიჩთან ერთად დაიღუპა). თავმდგურთაგან ვერავინ ხედავდა, მაგრამ შეამჩნიეს, რომ ლიუბიცამ პირი ისე გააღო, თითქოს წყალს სვამსო. შემდეგ გარდაცვლილ დედასაც სთხოვა წყალი... ყურადღებით უსმენდა ვიღაცას. უეცრად წამოიძახა: "ეჰ დედიკო, ეს ბევრია, ბევრი! ნუთუ მთელი თვე? ეს ძალიან დიდი დროა, ბევრია!" ამის მერე მიბრუნდა და გაჩუმდა. როცა ცაიამ და ლენკამ ჰკითხეს, ვის ესაუბრებიო, უპასუხა, - დედაჩემი მელაპარაკებოდა. მითხრა, ასე კიდევ ერთი თვე უნდა იტანჯოო.
ეს მოხდა წმინდა მიქაელ მთავარეპისკოპოსის ხსენების წინა დღეს. ერთი თვის თავზე, წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე, ლიუბიცამ ღმერთს სული ჩააბარა.
ამბავი მომაკვდავი გრაფისა. ხოპოვოელი იღუმენია, აწ განსვენებული დედა ეკატერინე გრაფის ჩამომავალი იყო, სულით და ხორცით არისტოკრატი. კარგად იცნობდა რუს ფილოსოფოს სოლოვიოვს. უფრო ხშირად სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეზე საუბრობდა და სიკვდილს სიხარულით ელოდა. იღუმენიას უსაზღვროდ უყვარდა ძმა, გრაფი ანდრია ეფემოვსკი. ის ურწმუნო იყო, რაც დას ძალიან აწუხებდა. ცდილობდა ძმის გონს მოყვანას, აძლევდა წიგნებს, მაგრამ ამაოდ. რუსეთის რევოლუციის მერე ლტოლვილი გრაფი ანდრია ცხოვრობდა დასთან, ხოპოვოს მონასტერში, სადაც ეკატერინეს მერე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ იტანჯებოდა და ყვიროდა. თითქოს იმ მოჩვენებებს ეჩხუბებოდა, რომლებიც თავს ესხმოდნენ. დღე და ღამე მონაზვნები დასტრიალებდნენ თავს, ჯვრის ნიშითა და ლოცვით უგერიებდნენ ბნელ ძალებს. შიშითა და ძრწოლით განუტევა მან სული თვისი.
ამბავი სიკვდილის პირისპირ წარმდგარი უღმერთოსი. ტოპოლელი დეკანოზის, ს. გუჟვიჩის ნაამბობი: "ტოპოლელმა ს.მ-მ განათლება პარიზში მიიღო, მაგრამ რადგან ყარაგეორგიევიჩების გვარისა იყო, ობრენოვიჩის მმართველობისას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობა ვერ მიიღო. ამიტომაც ტოპოლში დარჩა და საკუთარ სახლში ცხოვრობდა. ამ კაცმა პარიზში დაკარგა ღვთის რწმენა და ხალხის რწმენასაც დასცინოდა. მაგრამ სიკვდილის პირას მდგარმა მაინც მოუხმო მთავარხუცეს გეორგიევიჩს და შესჩივლა: მუდმივად ვიღაც მეცხადება, მსჯის და მეუბნება, აღსარება თქვი და შეინანე, თორემ ვერც სიცოცხლეს შეძლებ და ვერც სიკვდილსო. როცა მთავარხუცესმა აღსარება ათქმევინა და აზიარა, ს.მ-მ მშვიდად განუტევა სული.
ამბავი ცოდვილი დედაკაცის საშინელი სიკვდილისა. ერთმა ვალეველმა გლეხმა გვიამბო, თუ როგორ გარდაიცვალა მისი მეზობელი.
"ჟივანიჩები მდიდარი ხალხი იყო, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ფიქრობდა ღმერთზე და სულის უკვდავებაზე. ეკლესიაში ისინი არ დადიოდნენ, მარხვებს არ იცავდნენ, მოწყალებას არ გასცემდნენ. ამ დღეებში გარდაიცვალა ა-ა, დედაკაცი მათი გვარისა. ახალგაზრდობაში ის მამაკაცებს დასდევდა: საკუთარ მაზლსაც კი აეკიდა, რომელმაც მის გამო თავი მოიკლა. ქმარს ოთხი წელი არ ელაპარაკებოდა. თვითონ ჰყვებოდა, როგორ კლავდა და წვავდა თავის შვილებს წიაღშივე, რომ არ დაბადებულიყვნენ. მისი ქმარი ამა წლის ვნების ორშაბათს მოკვდა. როცა ის ავად იყო, ცოლს მასთან მისვლაც არ უნდოდა, თუმცა ბევრი ურჩევდა, - მომაკვდავ ქმარს დაემშვიდობეო. მომაკვდავმა ის დაწყევლა: - ღმერთმა ქნას, წყლულებისგან გაიხრწნაო. მართლაც, ქმრის სიკვდილიდან მალევე დასნეულდა. სხეული წელიდან მუხლამდე დაუწყლულდა. ოთხი ქალი უვლიდა. საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა, ხელებს ასავსავებდა და ყვიროდა: - განმეშორეთ, წადით და მომაშორეთ ეს ბავშვებიო. რომელი ბავშვები, - ვამშვიდებდით, - ჩვენ აქ ვერავის ვხედავთ, აქ არავინ არისო, მაგრამ ის ყვირილს განაგრძობდა: - გაყარეთ ეგენი! როგორ თუ ვერ ხედავთ? ჩემს გარშემო არიან და მაცოცდებიანო.
ეს ის ბავშვები იყვნენ, რომელთაც იგი მუცელში ხოცავდა. არაერთხელ მირჩევია, - დაუძახე, დაო, მღვდელს, აღსარება თქვი და ეზიარე-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებდა. როგორც იქნა, დავითანხმე, მაგრამ როცა მღვდელი მოვიდა, ენა წაერთვა და სიმყრალეში გახვეულმა, ძლივს აღმოუტევა თავისი უბედური სული".
ამბავი მომაკვდავის დაფარულმცოდნეობისა. მოხუცებულმა ლენკა იანიჩმა გვიამბო საკვირველი შემთხვევა მისი სამი წლის გარდაცვლილი ვაჟის, ტასის ნათელმხილველობისა. "ბავშვი უეცრად სიკვდილის წინ აყვირდა: "საცოდავი ლიუბიცა! დეიდა ლიუბიცამ ხელი გაიჭრა... პირსახოცი გადაიხვია და სისხლი შეიჩერა. მოიტანე, დედიკო, სკამი, ლიუბიცა რომ დაჯდეს, ის მალე მოვა!" ლიუბიცა - ტასის მეგობარი იყო. ის მიხეილის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო დაწესებულების უფროსის თამაშემწედ მუშაობდა. ჩემმა ვაჟმა, მიკამ მაშინვე დაურეკა ლიუბიცას და ჩვენთან მოიხმო. იგი მართლაც ხელგადახვეული იყო და გვიამბო, როგორ გაიჭრა ხელი ქაღალდის დაჭრისას. ავადმყოფის დაფარულმცოდნეობამ ყველა გაგვაოცა. მეორე დღეს, დილით, ტასმა ღმერთს მიაბარა სული".