წმინდა პანტელეიმონის მიერ ნიკომიდიაში მომხდარი სასწაულები
წმინდა პანტელეიმონის მიერ ნიკომიდიაში მომხდარი სასწაულები
სულთანმა მურათმა (XIV ს.) ბაღდადის დალაშქვრა გადაწყვიტა და ხმელეთის გზით ნიკომიდიას ჩაუარა; როცა ქალაქს მიუახლოვდა და წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის მონასტერს გაუსწორდა, დაინტერესდა ნაგებობით და იკითხა, ეს რა არისო. უპასუხეს: "ქეშიშ-ჰანე" (ბერების სახლი), სულთანს კი სრულიად საპირისპირო რამ მოესმა: "ქირსის-ჰანე" (რაც ავაზაკთა სახლს ნიშნავს). ამგვარად, მონასტერი მან ავაზაკთა თავშესაფრად მიიჩნია და მისი დანგრევა ბრძანა. სულთნის ბრძანება მაშინვე აასრულეს: მონასტრისაგან ერთი მხოლოდ პარაკლისი და წმინდა დიდმოწამის კუბო შემორჩა. ამასთან, ბევრისთვის გასაოცრად, დანგრევას გადაურჩა წმინდანების ფრესკებით მოხატული ტაძრის რამდენიმე სვეტი, რომელიც თითქმის მთელ გუმბათს აკავებდა (კედლების გარეშე). წმინდანები თითქოსდა უმზერდნენ დესპოტის აღვირახსნილ თავნებობას. მონასტრის დანგრევის მერე სულთანმა ქალაქი დატოვა და მოშორებით დაბანაკდა ერთ ადგილას, რომელსაც ქილეზს ეძახიან. ღამე ძილში წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი გა¬მოეცხადა და მრისხანედ უთხრა:

- სახლი რატომ დამინგრიე? თუ მას ხელახლა არ აღადგენ, შენ და შენი არმია დაიღუპებით!

გამოეღვიძა სულთანს, ნანახი ზმანებად ჩათვალა და ყურადღება არ მიაქცია სიზმარს; მაგრამ წმინდანი მეორე და მესამე დღესაც გამოეცხადა და ნათქვამი გაუმეორა. ამან შეაშფოთა სულთანი. შეშინებული საწოლიდან წამოხტა, თითქოს ჯერ კიდევ ხედავდა ამ ახალგაზრდას, რომელიც მას და მის არმიას საკუთარი სახლის დანგრევისთვის, ემუქრებოდა. ამგვარი ხილვით განცვიფრებულმა სულთანმა ქვეშევრდომებს ჰკითხა:
- ის რა სახლი იყო, იზმითამდე (ყოფილი ნიკომიდია) ჩემი ბრძანებით, რომ დაანგრიეთ?

- მონაზვნების სახლი იყო, - უპასუხეს.

- ეს როგორ? მაშინ რატომ მითხარით, ავაზაკთა ბუდეაო? აი, უკვე სამი ღამეა, გამუდმებით მესიზმრება ერთი ჭაბუკი და დაძინების საშუალებას არ მაძლევს, მაშფოთებს და მრისხანედ მსაყვედურობს: "სახლი რატომ დამინგრიეო".

სულთანი თავის შეცდომას მიხვდა, თან შეეშინდა, მართ¬ლა არაფერი დაემართა მათთვის წმინდა დიდმოწამეს და მაშინვე თავის სარდლებს უბრძანა, - მონასტერი სამ დღეში აღედგინათ. ასეთი ბრძანება იმის გამოც გასცა, რომ მისი შვილი მონასტრის დანგრევის შემდეგ უეცრად საშინელი სნეულებით დაავადდა და სიკვდილის პირას იყო მისული.

მომხდარი სასწაულის სინამდვილეზე ხატოვნად მეტყველებს ის უფლებები და შეღავათები, რომელიც მიეცა მონასტერს მის აღდგენისთანავე. სულთანმა ჰათი-შერიფი, ანუ ფირმანი (ბრძანება) გამოსცა, რომლის ძალითაც მონასტერს გარშემო მამლის ყივილზე არსებული მიწებიდან და ვენახებიდან შემოსავლის მეათედი და მუკატები მუდმივად ეძლეოდა, რის დასტურადაც მას ბეჭედდასმული საბუთი უნდა გაეცა; ბეჭედი კი მიეცა, როგორც უპირატესობებით და უფლებებით მოსარგებლე ადგილს. მონასტერი სამუდამოდ გათავისუფლდა ყველანაირი სახელმწიფო გადასახადიდან.

შემდგომში ეს ფირმანი განაახლა და მონასტრის უფლებები დაამტკიცა სულთანმა მეჰმედ II ფათიჰმა (1451-1481), აჰმედ III-მ (1703-1739), აბდულჰამიდ I-მა (1774-1789). მონასტრიდან ეს უფლებები 1839 წელს გააუქმა სულთანმა აბდულ-მეჯიდმა (1839-1861), სახელმწიფო ყოველმხრივი რეფორმის შემდეგ, როცა მამამისის, მაჰმუდ II-ის ბრძანებით ძველი სულთნების მიერ სხვადასხვა ხალხის ეკლესიებისთვის შემოსავლის მეათედის გადაცემა შეწყდა და სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში გადავიდა; ამ ფირმანის სანაცვლოდ ებოძათ სხვა ფირმანი, რომლის ძალითაც მონასტერს უფლება ჰქონდა სახელმწიფო ხაზინიდან 285 პიასტრი აეღო (ოც მანეთზე ნაკლები), მონასტრის გარშემო არსებული მიწებიდან და ვენახების შემოსავლის მეათედის ნაცვლად; ამასთან მონასტერს უფლება ჰქონდა წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეს მომლოცველები თავისუფლად შეეშვათ.

* * *

1807 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, შეიარაღებული იანიჩარები წმინდა პანტელეიმონის მონასტრისკენ გაემართნენ, ფიქრობდნენ, რომ იქ ქრისტიანთა შორის იპოვიდნენ გადამალულ მოსკოველებს (ასე ეძახდნენ ისინი რუსებს); მონასტერს რომ მიუახლოვდნენ, შიგნით შესასვლელად, სროლა დაუწყეს ეკლესიის გალავნის რკინის კარს, მაგრამ ვერ გატეხეს. ეს კარი დღემდე შემორჩა და მასზე ბევრი ნატყვიარია. მარცხი რომ განიცადეს, დაღამებას დაელოდნენ, გალავანს კიბე მიუდგეს და წინ დერვიში (მუსლიმი მონაზონი) გაუშვეს. დერვიში როგორღაც აძვრა კედელზე და ის იყო, უნდა დაეყვირა, როგორც მუეძინებს სჩვევიათ, რომ მან წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი იხილა. ამ ხილვამ საშინელი თავზარი დასცა დერვიშს. სასწრაფოდ უკან ჩამოძვრა, სიჩქარეში კიბიდან ჩამოვარდა და ხელ-ფეხი მოიტეხა. შემდგომში დერვიში თვითონვე მოწმობდა წმინდა პანტელეიმონის გამოცხადებაზე და კადნიერი საქმის გასახსენებლად სიცოცხლის ბოლომდე კოჭლობდა და მოტეხილი ხელით დადიოდა.

* * *

იანიჩარების ძალადობისას, ერთმა თურქმა, სახელად თუზ სუზ ოღლუსმა თვითნებურად მოჭრა ხე წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის ეზოში (თურქის კარმიდამო ეკლესიისას ესაზღვრებოდა) და მონასტრის კუთვნილი მიწის ნაწილიც კი მიიტაცა. რამდენს ცდილობდნენ მის გადარწმუნებას, მაგრამ ყური არავის ათხოვა; თავის ძალასა და თურქეთის ხელისუფლების მფარველობაში დარწმუნებულმა რამდენიმე ქრისტიანსაც კი სცემა, რომლებიც მისგან ძალადობის შეწყვეტას ითხოვდნენ. თურქმა ხე მოჭრა, დახერხა, შეშად გაამზადა და აპირებდა, გემზე დაეტვირთა და კონსტანტინოპოლში წაეღო გასაყიდად. სწორედ ამ დროს დაისაჯა - ორივე ხელი დაუდამბლავდა. მიუხედავად ამისა, მაინც გაემგზავრა. მაშინ მასზე უფრო დიდი სასჯელი მოიწია. გემი ნაპირს მოსცილდა თუ არა, მშვიდ, წყარ ამინდში, ყოვლად უმიზეზოდ, ზღვის ფსკერში ჩაეშვა თავის ტვირთიანად, მეზღვაურებით და მკრეხელი თურქით. ასე დასაჯა წმინდა პანტელეიმონმა მოძალადე და მტაცებელი ურწმუნო.

* * *

კონსტანტინოპოლში ერთი სომეხი დიდი ხნის მანძილზე მძიმე სნეულებით იყო ჩავარდნილი; გულმხურვალედ შესთხოვა კურნება წმინდა პანტელეიმონს და დიდმოწამემაც აუსრულა სათხოვარი. მადლიერების ნიშნად სომეხი სპეციალურად ჩავიდა ნიკომიდიაში, მადლობა შესწირა წმინდანს და მონასტერს ვერცხლის ლამპარი შესწირა, რომელიც დღემდე კიდია წმინდა დიდმოწამის ხატის წინ. ეს სასწაული 1825 წელს მოხდა.

* * *

ნიკომიდიიდან 150 კილომეტრით არის დაცილებული დაბა ტიუპლე, რომლის მცხოვრებლებსაც დიდი რწმენა ჰქონდათ წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონისა, რომელიც მათთან და გარშემო სოფლებში სხვადასხვანაირ სასწაულს აღასრულებდა. ამიტომაც წმინდა დიდმოწამის დღესასწაულზე განსაკუთრებით ბევრი მომლოცველი ჩამოდიოდა ამ მხრიდან, რომელთაგანაც დიდად ხეირობდნენ ნიკომიდიელი ღარიბ-ღატაკი ქრისტიანი მოსახლეობა. ერთ ტიუპლელთა ოჯახს შვილი არ უჩნდებოდა; ცოლ-ქმარი დიდად წუხდა ამის გამო; მაგრამ შეიტყვეს თავიანთ სოფელში და საერთოდაც მთელ იმ მხარეში წმინდა დიდმოწამეს მიერ მოხდენილ სასწაულებზე, 1826 წელს გაემზადნენ და მოსალოცად ჩავიდნენ ნიკომიდიაში, წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში. ისინი გულმხურვალედ ევედრებოდნენ წმინდანს და ვაჟის ჩუქებას სთხოვდნენ. პარაკლისი გადაიხადეს, შესვეს წმინდა წყაროს წყალი და უკან გაბრუნდნენ. წმინდანმა მოხედა მათ ლოცვას, იმავე წელს, მათდა გასახარად, ვაჟი შეეძინათ. ამ ბავშვმა ადრეული წლებიდანვე თავის ასაკთან უჩვეულო ნიჭიერება გამოავლინა: თვითონ შეისწავლა მკერავის ხელობა და დიდხანს მისდევდა ამ საქმეს. მაგრამ მერე თავი ანება და ისევ სხვისგან უსწავლელად დაოსტატდა ოქრომჭედლობაში. ერთხელ, როცა ოქროს ნივთს აკეთებდა, აზრმა გაუელვა: ნეტავ როგორ ებანზე უკრავდა მეფე დავითი და თვითონ თუ შევძლებდი დაკვრასო. დიდი სურვილით შეუდგა ებანის გაკეთებას, რამდენიმე ცდის შემდეგ მუსიკალური ინსტრუმენტი მზად იყო. მაგრამ, როგორ დაეკრა მასზე მეფე დავითის ღვთაებრივი ჰიმნები? შეხედა, როგორ უკრავდნენ სხვა ინსტრუმენტებზე და თვითონაც ჩამოჰკრა სიმებს, ნაცნობების გასაოცრად, თავად ისწავლა ებანზე დაკვრა და თანდათანობით დახელოვნდა. ძალზე მცირე დროში ისე დიდებულად უკრავდა და გალობდა წმინდა დავითის ფსალმუნებს, რომ ყველას შესძრავდა მისი შთაგონებული დაკვრის საკვირველი ჰარმონია. ამასობაში დაუდგა სრულწლოვნების ასაკი და მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა; მაგრამ ეს რომ შეიტყო, გაიქცა, თავი კაპადოკიის კესარიას შეაფარა და იქ გააგრძელა ოქრომჭედლობა და არც ებანზე დაკვრას დაანება თავი. განზრახული ჰქონდა, ქალწულად დარჩენილიყო და თავი ღვთის სამსახურისთვის მიეძღვნა. მამამ დიდი ხნის შემდეგ მოძებნა და მრისხანე წერილი მისწერა; ის ვაჟისგან ითხოვდა, სასწრაფოდ შინ დაბრუნებულიყო, თუ არა და, შერისხვით ემუქრებოდა. შვილს მამისაგან შერისხვის შეეშინდა და შინ დაბრუნდა. სახლამდე არ იყო მოსული, რომ სამწუხარო ამბავი შეიტყო, მისი მამა და და უეცრად გარდაცვლილიყვნენ, ხოლო დედა სნეულებისგან სიკვდილის პირას იყო მისული. ჭაბუკმა მოინახულა დედა, ესაუბრა, დაანახვა მას მსწრაფლწარმავლობა და ამაოება ყოველივე ამქვეყნიურისა და შესთავაზა, მთელი ქონება გაეყიდათ და მონასტერში წასულიყვნენ, რაზეც ის ყრმობიდან ოცნებობდა. დედა ყველაფერზე დათანხმდა და გამოჯანმრთელდა. კეთილკრძალულმა ჭაბუკმა ღვთის სამადლობელოდ სასწრაფოდ გაყიდა მთელი ქონება და დედასთან ერთად წმინდა პანტელეიმონის მონასტერში წავიდა, სადაც ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში დაჰყვეს. მათი სულები ლოცვისას შეუერთდნენ თავიანთ უდიდეს ქველისმოქმედს, წმინდა პანტელეიმონს და იქიდან იერუსალიმისკენ გაემართნენ მაცხოვრის საფლავის თაყვანისსაცემად. იქ მათ ცხონების სხვადასხვა გზა აირჩიეს და დაშორდნენ ერთმანეთს - დედა ერთ-ერთ დედათა მონასტერში დარჩა, ხოლო მისი ვაჟი ასევე ბერად აღიკვეცა ათონზე.

* * *

საპატიო მოქალაქეს, ღვთისმოშიშ მნათეს, იოანე ავარიანუს, რომელიც ჩვიდმეტი წელი ემსახურა წმინდა პანტელეიმონის მონასტერს, წმინდა დიდმოწამის მოხდენილი მრავალი სასწაული უნახავს, მაგრამ დუმდა მათზე, ჯერ ერთი, თურქების შიშით, რათა არ ეძალადათ, თუკი გავრცელდებოდა ხმა ამ სასწაულების შესახებ და იმის გამოც, რომ ვერ ხედავდა სხვებში დიდ გულმოდგინებასა და რწმენას წმინდანის მიმართ; მან წმინდანის მიმართ კეთილმოკრძალების გამო პანტელეიმონი უწოდა თავის ახალშობილ ვაჟს. გაიზარდა პანტელეიმონი, მამა ხშირად ჩააგონებდა, ლოცვით შევედრებოდა წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონს, რომელიც მრავალზე მრავალ სასწაულს აღასრულებდა. მამა დაწვრილებით არაფერს ამბობდა, მხოლოდ ერთხელ შემთხვევით, საიდუმლოდ გაუმხილა:

1827 წელს ის უთენია წავიდა მონასტერში, რათა ლიტურგიისთვის ყველაფერი მოემზადებინა: გააღო ეკლესიის კარი, ყველა ლამპარი ანთებული იხილა, რამაც კეთილკრძალული თრთოლა მოჰგვარა, მაგრამ მომხდარზე თავისი მოძღვრის გარდა, სხვას არავის უთხრა და შემდგომში მოუ¬ყვა თავის ვაჟს. იოანე ავარიანუ 1841 წელს გარდაიცვალა.

* * *

1833 წელს სულთან მაჰმუდ II-ის მუნჯი საჭურისი წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში მივიდა. უცნობია, რამდენ ხანს იყო დამუნჯებული, რადგან ეკლესიაში მისვლა გადაწყვიტა. მან ხელით ანიშნა და ითხოვა, წმინდა პანტელეიმონის ჭის წყალი მიეცათ; მუნჯი ჩაიყვანეს წმინდანის საფლავთან (მაშინ ქვედა ტაძარი არ გახლდათ მოწყობილი, და მხოლოდ ჩასასვლელი იყო გაკეთებული წმინდა საფლავთან და მაკურნებელ წყაროსთან) და იქ ჭიდან ამოღებული მაკურნებელი წყალი შეასვეს - საჭურისს იმ წამსვე მეტყველების უნარი დაუბრუნდა.

* * *

1833-1834 წლებში თურქებს ეგვიპტესთან ომი ჰქონდათ. ეგვიპტის არმიას ხელმძღვანელობდა ვიცე-მეფის ვაჟი იბრაჰიმ ფაშა; თურქების ჯარის ნაწილი ემინ ფაშას ხელმძღვანელობით, მთავარი არმიის გასაძლიერებლად გაემართა, 1833 წლის ოქტომბერში ნიკომიდიაში ჩავიდა, სადაც შეჩერდნენ და ბრძანებას ელოდებოდნენ. ჯარის ერთი ნაწილი წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის კუთვნილ მიწაზე დაბანაკდა, ხოლო მეორე ეკლესიის კარ-მიდამოზე, ტაძრის სიახლოვეს. დიდი ხნის მანძილზე ომის ამბავი არ მოდიოდა; ჯარი ელოდა ბრძანებას, დრო გადიოდა; მოახლოვდა წმინდა პანტელეიმონის ხსენება (უკვე 1834 წელი იდგა). ასეთ დროს თითქოს და ამ დღის საზეიმოდ აღნიშვნაზე აღარც უნდა ეფიქრათ ქრისტიანებს. მაგრამ წმინდა პანტელეიმონმა გადაწყვიტა, თვითონ ეზრუნა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც მისი დღესასწაულის აღნიშვნას ხელს უშლიდა; დღესასწაულამდე ათი დღით ადრე ძილში გამოეცხადა ფაშას და უთხრა:

- ჩემი ხსენების დღე ახლოვდება; აქ ქრისტიანებმა უნდა იზეიმონ; ამიტომაც სასწრაფოდ ჯარი აყარე და აქედან წადი.

ფაშას გაეღვიძა ნანახი ზმანებად ჩათვალა და ყური არ უგდო; მაგრამ წმინდა პანტელეიმონი მეორე ღამესაც გამოეცხადა და გაუმეორა:

- ჯარები აშალე და აქედან წადი, თორემ დიდად იზარალებ!

ფაშამ არც ახლა უგდო ყური წმინდა პანტელეიმონის მკაცრ გაფრთხილებას. ამასობაში ჯარში ჭირი გაჩნდა და ბევრი თურქი მოკვდა. მაშინ წმინდა პანტელეიმონი, ახლა უკვე მესამედ, არა ძილში და არა ღამე, არამედ შუადღისას, ცხადში გამოეცხადა: მან, ელინურ სამოსით მოსილმა, თურქეთის ჯარის ბანაკი გაიარა და ფაშას კარავისკენ წავიდა. თურქები გაქანდნენ "კადნიერი" კაცის შესაჩერებლად, მაგრამ ვინც მისკენ გაიწია, ხელ-ფეხი წაერთვა, და ყველანი შეძრწუნებულნი შეჩერდნენ. წმინდა პანტელეიმონი ფაშას კარავში შევიდა და მრისხანედ უთხრა:

- ჯარი რატომ არ მიგყავს, მე შენ ხომ გითხარი, აქ ზეიმი უნდა გავმართო-მეთქი! ამისთვის შენ და მთელ შენს ჯარს გაგანადგურებთ.

ფაშამ როცა ცხადში იხილა ის, ვინც ორჯერ სიზმარში გამოეცხადა, შეშინებული მის წინ პირქვე დაეცა, ხოლო წმინდა პანტელეიმონი უჩინო შეიქნა. მაშინ ამ საკვირველი გამოცხადებით გონმოსულმა და, იმის გამოც, რომ უეცარმა სნეულებამ ბევრი ჯარისკაცი მოუკლა, ფაშამ ბრძანება გასცა და ბანაკი აყარა, და ჰოი, საოცრება! - ჯარი ვიდრე დაიძვრებოდა, ყველა განიკურნა, ვინც წმინდანზე გაიწია, დაისაჯა; ხოლო ფაშამ, წმინდა პანტელეიმონის ტაძრიდან ერთი საათის სავალზე, ებრაული სასაფლაოს სიახლოვეს დააბანაკა ჯარი. ამის მერე ქრისტიანებმა თავისუფლად იზეიმეს წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის დღესასწაული, აკურთხეს მისი შეწევნა, მფარველობა და შუამდგომლობა. თურქულ ბანაკში კვლავ ჭირი გავრცელდა, ისეთი ძალით, რომ ფაშას მთელი არმიიდან მესამედიღა დარჩა, რასაც ქრისტიანები მიაწერდნენ იმას, რომ ჯარისკაცებმა წმინდა პანტელეიმონის ტაძრიდან ზოგიერთი საეკლესიო ნივთი გაიტაცეს და ამის გამო დაისაჯნენ.

* * *

ეს ამბავი 1837 წელს მოხდა ტუზლეში (ქალკედონში). მშობლებს ცოლიანი ვაჟი ჰყავდათ, 23-24 წლის, სახელად ქრისტოდულე, რომელიც მძიმე ავადმყოფობის შემდეგ დამუნჯდა და ოთხი წელი ასეთ უნუგეშო მდგომარეობაში გაატარა. როდესაც წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სასწაულების შესახებ შეიტყვეს, მშობლები სამჯერ ჩავიდნენ ნიკომიდიაში, გადაიხადეს პარაკლისი, წმინდა წყაროდან წყალი შეასვეს შვილს, მაგრამ მათი ვაჟი ვერ განიკურნა. ბოლო ჯერზე, მშობლები თავიანთ საცოდავ შვილთან ერთად, დიდად დამწუხრებულნი დაბრუნდნენ სოფელში; ისინი ნავით მიცურავდნენ, ნაპირზე მოჩანდა წმინდა პანტელეიმონის მონასტერი. მუნჯი მუდმივად ეკლესიას უყურებდა და როცა ტაძარს გასცდნენ, უეცრად მას ვიღაცამ სახელით დაუძახა: "ქრისტოდულე!" მან მოიხედა და წამოიძახა:

- შეხედეთ ზევით - ჩიტი, ჩიტი და წმინდა პანტელეიმონი!

იმ წუთიდან მას მეტყველების უნარი დაუბრუნდა, მან გარკვევით და სუფთად იწყო ლაპარაკი. როგორც ვთქვით, ეს სასწაული 1837 წელს მოხდა. ჩიტები და წმინდა პანტელეიმონი მის გარდა არავის დაუნახავს, არც ის ხმა გაუგიათ, როცა მას სახელით მიმართეს. მაშინ ქრისტოდულემ მშობლებს სთხოვა, უკან დაბრუნებულიყვნენ და მან მონასტერში ორმოცი დღე ლოცვასა და თავის მკურნალ წმინდა დიდმოწამის პანტელეიმონის მიმართ მადლიერების გამოხატვაში გაატარა. შინ კი ჯანმრთელი დაბრუნდა, შემდგომში ის მრავალი წლის მანძილზე ჩადიოდა ხოლმე წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში, წმინდა მოწამის დღესასწაულზე.

* * *

1842 წელს კათოლიკე სომეხმა კონსტანტინოპოლიდან ავადმყოფი ცოლი ჩამოიყვანა წმინდა პანტელეიმონის მონასტერში, რომლის სასწაულების შესახებ ბევრი რამ გაეგონა. ცოლი მისი ეშმაკს ჰყავდა შეპყრობილი; მას თან ახლდა დედა და მსახური, ქმარმა კი სპეციალურად წამოიყვანა კათოლიკე მღვდელი, წმინდა პანტელეიმონის საფლავთან ავადმყოფისთვის პარაკლისის გადასახდელად. ჩამოსვლისთანავე მონასტრისკენ გაემართნენ და ითხოვეს, რომ მათი მღვდლისთვის ნება მიეცათ, თავისი ლოცვები ეკლესიაში, წმინდანის საფლავთან წაეკითხა. უარი არ უთხრეს, თუმცა რამდენი ლოცვა არ იკითხა ქსენძმა, წმინდა ჭიდან ამოღებული წყალიც ბლომად ასხურა ავადმყოფს, ყველაფერი ამაო გამოდგა. ამ დროს იქ ტაძარში ერთი მართლმადიდებელი მღვდელი იყო, სახელად გიორგი, უბრალოებით და რწმენით ავსებული; ის უცქერდა მათ მოქმედებას და გააოცა მათმა გულმოდგინებამ, თუ როგორ სურდათ ეშმაკეულის განკურნება და ბოლოს უთხრა:

- სულ ტყუილად წვალობთ, თუ სნეულის განკურნებას ქსენძის ლოცვით ცდილობთ. არაფერი გამოგივათ, წმინდანი არ შეიწირავს თქვენს ლოცვებს! გეთხოვათ მართლმადიდებელი მღვდლისთვის და მჯერა, რომ ავადმყოფს უკვე დიდი ხნის წინ განკურნავდა წმინდა პანტელეიმონი.

მაშინ ყველა მას მიუბრუნდა და ლოცვა სთხოვა. მამა გიორგიმ უარი არ უთხრა, გადაიხადა პარაკლისი, ბრძანა, ავადმყოფისთვის წმინდა ჭის წყალი გადაესხათ; როცა ქალს ზედა სამოსს ხდიდნენ, იგი ყვიროდა, წრიალებდა, ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ როგორც კი წმინდა წყალი გადაავლეს, ქალი გაჩუმდა, დამშვიდდა, მაშინვე განიკურნა და წმინდა პანტელეიმონს მადლობა შესწირა. ამან ისე იმოქმედა ქალის ქმარზე, დედაზე, ქსენძზე, რომ მათ ნიკომიდიიდან წასვლა ვეღარ გადაეწყვიტათ; მაგრამ მერე აუცილებელი გახდა, კონსტანტინოპოლში დაბრუნებულიყვნენ და გამგზავრების წინ შესთავაზეს ნიკომიდიის ტაძარს ამ სასწაულს ქვის ფილაზე ამოვკვეთთ და გამოგიგზავნითო; მაგრამ მიტროპლიაში უარი თქვეს ამგვარ წინადადებაზე და კათოლიკე სომხები წავიდნენ. რადგანაც მათ თავიანთ საზოგადოებაში მაღალი და მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ, მომხდარი სასწაულის შესახებ სწრაფად გავრცელდა მათ თანამორწმუნეებში. მას მერე კათოლიკეები რწმენითა და კრძალვით განიმსჭვალნენ წმინდა პანტელეიმონის მიმართ, და მრავალმა მათგანმა ნიკომიდიაში სიარული დაიწყო.

* * *

თურქებს კრძალვა ჰქონდათ წმინდა პანტელეიმონის მიმართ, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ისინი ხშირად მიდიოდნენ წმინდა პანტელეიმონის დღესასწაულზე და ზოგჯერ თან თავიანთი ავადმყოფებიც მიჰყავდათ. 1844 წელს ნიკომიდიაში ერთი თურქის ხის სახლს ცეცხლი წაეკიდა; ალმა სახლი მთლიანად მოიცვა. შეშინებული თურქი ეზოში გამოვარდა და მთელი ხმით ყვიროდა:

- პანტელი-იათიშ (ანუ "პანტელეიმონ იჩქარე", ანუ სწრაფად დამეხმარეო).

უეცრად ორი მტრედი შეამჩნიეს, რომლებიც ცეცხლის თავზე დაფარფატებდნენ და ხანძარი თავისთავად ჩაქრა.

მადლიერმა თურქმა რამდენიმე პიასტრი მიიტანა ეკლესიაში და წმინდა პანტელეიმონის ხატის დანთებული კანდელის ზეთისთვის გადასცა.

* * *

ნიკომიდიაში, ერთ ოჯახში, მშობლებს ქრისტოსა და ელენეს ავად გაუხდათ ექვსი წლის ვაჟი - იოანე. ბავშვი ოთხი წელი იტანჯებოდა, გაუნძრევლად იწვა და ლოგინში გადაბრუნების თავიც კი არა ჰქონდა; ისე გაილია, რომ ადამიანის ლანდი გახდა, გეგონებოდა ლოგინში ცოცხალი კაცის ნაცვლად ჩონჩხი დევსო. დედა უცქერდა გატანჯულ შვილს და გული უდუღდა, მოსვენება არ ჰქონდა, მით უმეტეს, რომ მის ვაჟს ძალზე კარგი და ფრთხილი მოვლა სჭირდებოდა. ერთხელაც, 1847 წელს, მან ის საკაცეზე დააწვინა და ახლობლების დახმარებით წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მიიყვანა, და წმინდანის კუბოსთან ჩაიტანა (იმ დროს ეკლესიიდან შვიდი საფეხურით ჩადიოდნენ წმინდა¬ნის საფლავთან, რომელზეც შემდგომში მოეწყო ტაძარი, რომელიც მთავარი ტაძრის ქვედა ნაწილად იქცა და ისიც წმინდა პანტელეიმონის სახელობისა იყო.

- წმინდაო პანტელეიმონ! - ქვითინით ევედრებოდა დედა, - ან ეს წაიყვანე ჩემგან, ან განკურნე!

სწრაფად შეისმინა წმინდა პანტელეიმონმა მწუხარე დედის ღაღადისი და მოსალოდნელზე მეტად ანუგეშა: ბიჭი წამოდგა და ნელ-ნელა ამოვიდა საფეხურებზე; ის სრულიად ჯანმრთელი იყო და სახლში საკუთარი ფეხით დაბრუნდა.

გახარებულმა მამამ (ბულგარელმა) ბიჭის სიმაღლის ორი თაფლის სანთელი შეუკვეთა და გამზადებული თავის შვილს გადასცა. ბიჭმა ის წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში წაიღო და თავისი მკურნალის წმინდა პანტელეიმონის კუბოს წინ დაანთო.

* * *

წმინდა პანტელეიმონის მონასტერში ძველთაგანვე დასვენებული იყო მისი წმინდა ხატი: რომელიც დაახლოებით იოანე კანტაკუზენის მეფობის ჟამს დაიწერა, 1341-1355 წლებს შორის, ხატზე წმინდანი მთელი ტანით იყო დახატული, გარშემო კი მისი წამების სცენები გახლდათ გამოსახული; ნიკომიდიის ტაძარში, ამ ხატიდან წმინდა პანტელეიმონმა მრავალი განსხვავებული სასწაული აღასრულა. მაგრამ, რადგანაც ხატზე ბევრ ადგილას საღებავი ჩამოსცვივდა (გრუნტზე ალებასტრით იყო დახატული) სიახლის მოყვარულმა ნიკომიდიელებმა მისი ახლით შეცვლა გადაწყვიტეს. და აი, ერთ-ერთმა მათგანმა, ღვთისმოსავმა ქრისტიანმა, მექოთნე ქრისტომ გადაწყვიტა, თავისი ხარჯით ახალი ხატი შეეკვეთა. როცა ხატი გამზადდა, იგი წაიღეს და ძველის ადგილას დააბრძანეს, ხოლო ძველი სასწაულმოქმედი ხატი კი საწყობში შეინახეს, სადაც, სხვათა შორის, ძველი საეკლესიო ნივთები ინახებოდა. ეს იყო 1847 წელს. ამის მერე ქალაქში ქოლერა გავრცელდა. მისი მსხვერპლი დღითი დღე იზრდებოდა - ყოველდღე ასი კაცი კვდებოდა. ქრისტიანი მცხოვრებნი მიხვდნენ, რომ ასე ისინი ძველი სასწაულმოქმედი ხატის ახლით შეცვლისა და მისი საწყობში შენახვის გამო დაისაჯნენ - ამის გამო წმინდა პანტელეიმონი განგვირისხდაო, - ამბობდნენ. მსჯელობის შემდეგ, გადაწყვიტეს, საწყობიდან ხატი აეღოთ და კვლავ ეკლესიაში შეებრძანებინათ, ზოგიერთები იმასაც ურჩევდნენ, რომ ამ ხატით ქალაქის გარშემო ლიტანიობა მოეწყოთ. ამასობაში ქოლერა გაგრძელდა და გაძლიერდა. ქრისტიანთაგან სამოცდახუთი კაცი მოკვდა. ამ სახალხო უბედურების დროს წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი ძილში გამოეცხადა მექოთნე ბერძენ ხრისტოს და უთხრა:

- ჩემს ხატს თუ ეკლესიაში არ წაიღებენ, მაშინ ამ ავადმყოფობისგან მთელ ქალაქს დანდობა არ ექნება.

შეშინებულს გამოეღვიძა, მაშინვე ეკლესიაში გაიქცა და იქ მოუყვა თავის ხილვაზე; მაშინ ყველა ქრისტიანი ერთსულოვნად შეიკრიბა, მხურვალე გულმოდგინებით აიღეს წმინდა ხატი და კეთილკრძალულად ლიტანიობით მსვლელობა მოაწყეს, ევედრებოდნენ წმინდა დიდმოწამეს, რომ განეშორებინა მათზე მოწეული სასჯელი. ასევე დაჰპირდნენ, რომ ამ ძველ ხატს პერანგს შეუქმნიდნენ; ამის მერე ხატი საზეიმოდ შეაბრძანეს ეკლესიაში, სადაც გააგრძელეს სავედრებელი ლოცვები და ქოლერაც იმ დღიდან შეწყდა. სამადლობელი ლოცვის შემდეგ ნიკომიდიელმა ქრისტიანებმა დაადგინეს, რომ ყოველწლიურად სასწაულმოქმედი ხატით საზეიმო ლიტანიობით მსვლელობა მოეწყოთ ქალაქიდან მონასტრამდე.

* * *

სულთნის ზარაფხანის ხაზინადარს, დუზ ოღლუს, კათოლიკური სარწმუნოების აღმსარებელ სომეხს, ცოლი ჰყავდა განრღვეული, რომელიც მრავალი წლის მანძილზე გაუნძრევლად იწვა საწოლში. 1847 წელს ამ ცნობილმა ჩინოვნიკმა შეიტყო წმინდა პანტელეიმონის მოხდენილ სასწაულებზე და გადაწყვიტა ცოლი ნიკომიდიაში, წმინდა პანტელეიმონის საფლავთან მიეყვანა, რისთვისაც მან ორთქმავალი დაიქირავა. ავადმყოფი ორთქლმავალზე აიყვანეს, ნიკომიდიაში ჩავიდნენ და წმინდა პანტელეიმონის ეკლესიისკენ გაემართნენ. იქ მღვდელმა ალიპიმ წმინდა პანტელეიმონის პარაკლისი გადაიხადა, ავადმყოფს ნაკურთხი წყალი ასხურა და ის მაშინათვე განიკურნა.

* * *

მრავალმოწყალე წმინდა მოწამემ მუნჯი გოგონა განკურნა, რომელიც შვილი გახლდათ კათოლიკური სარწმუნოების აღმსარებელი მდიდარი სომეხისა. უცნობია მისი დამუნჯების მიზეზები. მაგრამ ის არის ცნობილი, რომ მიუხედავად ექიმების მცდელობისა, რომელთა შორის მისი ნათესავებიც იყვნენ, მიუხედავად მათ მიერ დამზადებული წამლებისა, გოგონას შეღავათი არ მიეცა და მთელი ექვსი წლის მანძილზე მუნჯად დარჩა. ბოლოს ნათესავმა ექიმმა, იხილა რა სამედიცინო საშუალებების წარუმატებლობა, დედას ურჩია, რომ შვილი ნიკომიდიაში წმინდა პანტელეიმონის საფლავთან წაეყვანა, რომლის მოხდენილ სასწაულებზე ბევრი რამ იცოდა და რამდენიმე მათგანი მოუყვა ნათესავს. ქალმა დიდი სურვილით და სიხარულით მიიღო ნათქვამი, გოგონასა და მსახურთან ერთად დაჯდა გემზე და დატოვეს კონსტანტინოპოლი.

იმისთვის, რომ ქალს სწრაფი და პირდაპირი გზით მიეღწია დასახული მიზნისთვის, ექიმმა სარეკომენდაციო-თხოვნის წერილი მისწერა თავის ნაცნობს - ჩილიბ (კეთილშობილ) ნიკოლოზ დიმიტრის ძე იატროპულოს და სთხოვა, საცოდავ გოგონას და მის გამწარებულ დედას დახმარებოდა, ამასთან მათთვის ეტლი და ცხენები მიეცათ, რადგან ქალი ნიკომიდიაში არავის არ იცნობდა და ეტლს ვერ იშოვნიდა, თანაც ეტლი და ცხენები მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს ჰქონდა. ჩილიბმა ნიკოლოზმა გულთბილად მიიღო დედა-შვილი, დააბინავა თავის სახლში, უთხრა, რომ იქ იცხოვრებდნენ ნიკომიდიაში ყოფნის დროს. შემდეგ კი ცხენებშებმული ეტლი გადასცა მათ განკარგულებაში.

წმინდა პანტელეიმონის ტაძარში სომეხმა ქალმა იქ მყოფ მართლმადიდებელ მღვდელს პარაკლისის გადახდა სთხოვა და მანაც უარი არ უთხრა. ლოცვის შემდეგ მღვდელმა უბრძანა იქ მყოფთ, გოგონასთვის წმინდა ჭის წყალი გადაესხათ თავზე, არადა, ეს წყალი ყინულივით ცივი იყო; როცა გოგონას პირველი ვედრო გადაასხეს თავზე, ის ჯერ კიდევ დუმდა, მაგრამ როცა მეორე ვედრო გადაასხეს, სიცივეს ვეღარ გაუძლო და დაიყვირა:

- დედიკო, დედიკო!

იმ წუთიდან გოგონას ენა აეხსნა, მან დაიწყო ლაპარაკი და თავისი ზეციური მკურნალის, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის დიდება. ტაძრიდან შინ დაბრუნებულმა შორიდან თვალი მოჰკრა ბატონ იატროპულოს და გახარებული მიესალმა:

- მე ახლა უკვე ვლაპარაკობ, ჩილიბი იატროპულო, მადლობა ღმერთს!

სომხებმა მას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და გახარებულნი დაბრუნდნენ კონსტანტინოპოლში. ეს მოხდა 1848 წელს.

* * *

1851 წელს ნიკომიდიის მხარეს კალია შეესია, მწერმა გადაჭამა და მოასუფთავა მინდვრები, ბაღები, ბოსტნები და უფრო და უფრო მრავლდებოდა. სოფლებში მცენარეულობის მოსპობის შემდეგ კალიები ქალაქში შეფრინდნენ და უზარმაზარ საშინელ მასად წმინდა პანტელეიმონის ტაძრის სიახლოვეს ხეზე დაბანაკდნენ. ქრისტიანი მცხოვრებლები (ამ დროს ნიკომიდიაში ცოტა მართლმადიდებელი ცხოვრობდა) შეევედრნენ თავიანთ მფარველს, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონს; სავედრებელი ლოცვის აღსრულების შემდეგ მღვდელი გარეთ გამოვიდა და წმინდა ჭის წყალი ასხურა ეკლესიის გარშემო დაბანაკებულ კალიებს, და მაშინვე მოხდა დიდი სასწაული: კალიები ჯერ ეკლესიის გარშემო დაიხოცნენ, მერე იქით და იქით, ბოლოს საერთოდ გაქრნენ და წმინდა დიდმოწამის მეოხებით ქალაქი გადაურჩა უბედურებას.

* * *

1858 წელს ერთი ნიკომიდიელი, სახელად ქრისტო იოანეს ძე ტუტიუნჯი (მეთამბაქოე გახლდათ ის და მისი წინაპრები და მათი საქმიანობა მათთსავე გვარზე აისახა) ჭკუიდან შეიშალა; ახლობლებმა ის წმინდა პანტელეიმონის ტაძარში მიიყვანეს ჭასთან; მან იქ ორმოცი დღე დაყო, რომლის დროსაც ლოცვებს აღუვლენდნენ მისი განკურნებისთვის წმინდა პანტელეიმონს, თან წყალს ასმევდნენ წმინდა ჭიდან - და ავადმყოფი სრულიად განიკურნა. მადლიერების ნიშნად მან მთელი წელი მონაწილეობა მიიღო ეკლესიის მშენებლობაში, რომელიც იმ დროს იგებოდა.

* * *

1859 წელს წმინდა ჭასთან წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონმა გასაოცარი სასწაული აღასრულა. ერთი ნიკომიდიელი ქალი განრღვეულობისა და ციებ-ცხელებისაგან იტანჯებოდა; თითქოს ეს არ კმაროდა, ამას ისიც დაემატა, რომ მისი ხუთი თუ ექვსი წლის ვაჟი ეშმაკეული გახდა. წმინდა პანტელეიმონის ხსნების დღეს ის თავის ავადმყოფ ვაჟთან ერთად წმინდანის ტაძრისკენ გაემართა. როცა ქვედა ეკლესიაში ჩადიოდნენ, ქალმა ან სიბნელეში ჭა ვერ დაინახა, ან განრღვეული თავისუფლად ვერ ამოძრავებდა კიდურებს, ფეხი დაუსხლტათ. ქალი პირდაპირ ჭისკენ გაფრინდა, ადრე ჭის თავზე ცხაური არ იყო, და დაეცა წყლისკენ ჩამავალ ხრახნული კიბის მარმარილოს საფეხურებზე. ჩავარდნისას ხელი წაავლო თავის განრღვეულ ვაჟს, იფიქრა, შეაკავებდა, მაგრამ ისიც თან ჩაიტანა. კისრისმტვრევით ჩავარდნენ ქვევით. კიბის ბოლოში იდგა წყლის ასაღებად ჩასული ათანასე; ზემოდან ჩავარდნილი ქალი მას დაეცა და ისე დააშავა, რომ თუ ცოცხალი გადარჩებოდა, კაცს აღარ ეგონა. მომლოცველები და ღვთისმსახურები, რომლებიც იმ დროს ეკლესიაში იყვნენ, სასწრაფოდ ჭაში ჩავიდნენ, ეგონათ, რომ იქ მკვდრებს ნახავდნენ. მართლაც, ძნელი იყო გეფიქრა, რომ ვინმე გადარჩებოდა ამ ვიწრო ჩასასვლელში, მარმარილოს კიბეზე ფეხაცდენილი.

მაგრამ წმინდა დიდმოწამემ ეს ჩავარდნა ვინმეს მოსაკლავად კი არ დაუშვა, არამედ იმისთვის, რათა ყველა განეკურნა. დარაჯმა, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე დაშავებული იყო, გონება შეინარჩუნა, ქალს ხელი ჩასჭიდა და ამოათრია, ასწია ზევით და ხალხს მიაწოდა; ამ დროს მას რამდენიმე ადამიანი უყვიროდა, ჭაში ბიჭიც ჩავარდაო. დარაჯმა როცა ქალი ამოწია, დაინახა, რომ წყლის ზედაპირზე ქურქი ტივტივებდა, იფიქრა, ქალს გასძვრაო, მათ ყვირილს ამიტომ ყურადღება არ მიაქცია, და თავის ჭრილობებს დახედა; მაგრამ ამ დროს წყალში ჩავარდნილი ბავშვის ხმა მოესმა, მივარდა, ამოათრია და ასევე ხალხს გადასცა. ბიჭს წყალი ჰქონდა ნაყლაპი და უგონოდ იყო; ის ფეხებით თა-ვდაყირა დაიჭირეს და პირიდან წყალი გადმოუვიდა. ამის მერე ბიჭი გონს მოვიდა. და ამ დროს საერთო შიში საერთო სიხარულად გადაიქცა და ერთხმად ადიდეს წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი. რამეთუ ბიჭიც, ქალიც და დაშავებული დარაჯიც თავ-თავისი სნეულებისგან სრულიად განიკურნენ და ამას მოწმობდნენ ყველას წინაშე. დედამ და შვილმა მადლობა შესწირეს წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონს და შინ დაბრუნდნენ.

* * *

ერთხელ, როცა წმინდა პანტელეიმონის მონასტერს აღადგენდნენ (1858 და 1861 წლებს შორის), მზის ჩასვლიდან სამი საათის მერე ქვისმტეხლებმა გუმბათის თავზე იხილეს უეცრად გაელვარებული ნათელი და თვალი მოჰკრეს კარიბჭის ბოლოს თოვლივით ქათქათა ნათლის სამოსით შემოსილ უცნობ ჭაბუკს, რომელიც მერე მონასტრის გარშემო და¬დიოდა. გადაწყვიტეს, მიახლოებოდნენ, მაგრამ როგორც კი ახლოს მივიდნენ, ის უჩინო შეიქნა.

წმინდა პანტელეიმონის ამ გამოცხადებაზე ქვისმტეხლებმა მეორე დღეს ყველას აცნობეს.

* * *

1860 წელს კონსტანტინოპოლში, არნაუტ-კეუში ცხოვრობდა ერთი მოხუცებული ავადმყოფი ქრისტიანი მეკასრე, სახელად სპირიდაკი (სპირიდონი); მას სნეულება ისე გაუღრმავდა, რომ ექიმმა განუკურნებლად მიიჩნია და ამტკიცებდა უეჭველად და მალე გარდაიცვლებაო; ამიტომ ახლობლები მის სიკვდილს ყოველ საათს ელოდნენ. სპირიდაკი გაუნძრევლად იწვა საწოლზე და სიცხისგან იწვო¬და. ამ დროს მან წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი იხილა, რომელმაც უთხრა:

- გაემგზავრე ნიკომიდიაში: იქ წმინდა პანტელეიმონის საფლავთან განიკურნები.

მაგრამ სპირიდაკმა ეს სიცხისგან გამოწვეულ ბოდვად მიიჩნია და ბრძანება უყურადღებოდ დატოვა. მეორე დღეს მოეჩვენა, რომ კარზე ვიღაცამ ძლიერ დააკაკუნა - ეს დღისით მოხდა, - კაკუნთან ერთად ოთახში ჭაბუკი შემოვიდა, რომელმაც მკაცრად უსაყვედურა სპირიდაკს:

- ნათქვამს რატომ არ დაუჯერე და ნიკომიდიაში რატომ არ წახვედი?

შემდეგ ხელი სტაცა, ლოგინიდან გადმოათრია და უჩინო შეიქნა. ამ მომენტში ოთახში ავადმყოფის ცოლი შემოვიდა და ძალზე გაოცდა, როცა ქმარი ფეხზე მდგარი დაინახა, ჰკითხა, - რა დაგემართაო? ქმარმა უამბო, რომ მას წმინდა პანტელეიმონი ორჯერ გამოეცხადა და ნიკომიდიაში წასვლა უბრძანა, ხოლო მეორედ ლოგინიდან გადმოათრია და თვითონ კი უჩინო შეიქნა. ცოლს ეს რომ მოუყვა, ავადმყოფმა დაამატა, აუცილებლად ნიკომიდიაში უნდა წავიდეო. გახარებულმა ცოლმა ის სხვების დახმარებით საკაცით თბომავალზე დასვა და ასე დასნეულებული მიიყვანა წმინდა პანტელეიმონის ტაძრამდე. იქ წმინდა პანტელეიმონის პარაკლისი გადაიხადეს, სნეულს წყალი ასხურეს და სპირიდაკი შინ ჯანმრთელი დაბრუნდა.

* * *

ვინმე თურქი, სახელად ემინი, სიყმაწვილეში თოფის გაუფრთხილებლობით გასროლის გამო დაყრუვდა და დაახლოებით ორმოცი წელი ასე გაატარა. ვიღაცამ უთხრა ნიკომიდიაში, წმინდა პანტელეიმონის წყაროზე მომხდარ სასწაულებზე და 1860 წელს ის წმინდა დიდმოწამის ტაძარში მივიდა. შესვლის წინ მას ჰკითხეს, რისთვის მოხვედიო. თურქმა უპასუხა, რომ როგორც შეიტყო აქ მაკურნებელი წყარო ყოფილა და ჭის ჩვენება ითხოვა. მოუხმეს მნათეს - ხრისტო იოანეს ძე პიჩინდირისს, და მას თურქის სურვილი გადასცეს; მნათემ წაიყვანა და უჩვენა როგორ უნდა ჩასულიყო ჭასთან. თურქი საფეხურებს ჩაუყვა, მას ქამარში გაჩრილი ჰქონდა გრძელი ჩიბუხი, რაზეც მნათემ უთხრა: - ჩიბუხი დატოვე, მაგით ნუ ჩახვალ.

თურქს ეს არ გაუგონია და გზა გააგრძელა. ქრისტომ კიდევ დაუყვირა, ჩიბუხი დატოვე და ისე ჩადი წმინდა ჭასთანო; მაგრამ თურქს არც ეს გაუგონია, გზას აგრძელებდა და არ ჩერდებოდა. ქრისტომ იფიქრა, რომ თურქს არ სურდა, დამორჩილებოდა, მოშურნეობით და რისხვით ეცა და ჩიბუხი ამოაცალა, - ურჩობა და სიწმინდისადმი უპატივცემულობა უსაყვედურა. თურქი შეჩერდა, შეხედა გამცილებელს და აღელვებული, ჩიბუხით ხელში, რომ დაინახა, უთხრა რომ ყრუა, და სთხოვა, ხმამაღლა მის თვალწინ ეთქვა სათქმელი, რათა ის მიმხვდარიყო თუ რას ეუბნებოდა.

- რახან ასეა, - თქვა მაშინ ქრისტომ, - აქ არის ექიმი, უანგარო მკურნალი, და შენ კარგი ჰქენი, რომ აქ მასთან სათხოვნელად მოხვედი.

მნათე თურქს წინ წაუძღვა, მიიყვანა ჭასთან, სამი კასრი წყალი გადაასხა თავზე სნეულს და ყურებშიც ჩაასხა. ამ დროს თურქმა უეცრად წამოიძახა:

- აი, მესმის!

შინ ჯანმრთელი წავიდა და განადიდებდა თავის მკურნალს. თურქი ნიკომიდიის მხარის სოფელ ბოლუდან იყო.

* * *

1861 წელს ეკლესიის აღდგენისას, როცა ქვის კორპუსს აგებდნენ მღვდლებისთვის, საეკლესიო მსახურებისა და მომავალი მონაზვნებისთვის, მუშებს შორის იყო ერთი თურქი, რომელიც ბუნებრივ მოთხოვნილებებს გალავნის შიგნით, თვით ეკლესიის სიახლოვეს იკმაყოფილებდა; მაგრამ მას ერთხელ ძილში წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი გამოეცხადა და ისე დაემუქრა, რომ შეშინებული თურქი ლოგინიდან წამოვარდა და არ იცოდა, რა ექნა. ცოტათი რომ დაწყნარდა, ეკლესიაში გაიქცა, სანთელი იყიდა და წმინდა პანტელეიმონის ხატის წინ დაანთო. ამის მერე ის გონს მოვიდა და ამგვარი უწესო საქმე აღარ ჩაუდენია. ადრე თუ ეკლესიის აღმშენებლებს ეჩხუბებოდა და ფასზე ედავებოდა, წმინდა პანტელეიმონის დამუქრების შემდეგ, დამთმობი და მშვიდი გახდა, და არ უნდოდა სამუშაოს მიტოვება, ამბობდა ხოლმე, - უფასოდ ვიმუშავებ დიდებული პანტელეიმონისთვისო.

* * *

თურქებმა ბევრჯერ განიზრახეს მონასტრის სიახლოვეს მცხოვრები ქრისტიანების გაძარცვა; ამ დასახლების მმართველიც მათთან ერთად ამ საქმის მონაწილე იყო, მაგრამ მათ არანაირი წარმატება არ ჰქონდათ, ხან შიშისაგან თავზარი დაეცემოდათ, ხანაც წმინდა პანტელეიმონი გამოეცხადებოდა და ჭრილობებს აყენებდა. (გასაძარცვად წასული ოთხი ამხანაგიდან ერთ-ერთი ძალზე დაიჭრა წმინდა პანტელეიმონის დარტყმისაგან). ამ მოვლენის სინამდვილეს ადასტურებდა თურქი ფიაზი, ამავე დაბის მცხოვრები, მეგობარი.

ამის გარდა, იმავე დაბის მკვიდრი ვინმე თურქი მონასტრის საკუთრების მოტყუებით მითვისების გამო წმინდა დიდმოწამემ უფრო მკაცრად მოიყვანა გონს. ამ თურქს იჯარით ჰქონდა აღებული მონასტრის კუთვნილი მიწა - მისი დამუშავება ქრისტიანებს არ შეეძლოთ და მას აძლევდენ დასათესად, მასზე მოწეული მოსავლის მეათედის ფასად. ამგვარი გარიგება რამდენიმე წელს გაგრძელდა; მაგრამ თურქმა არც ერთხელ არ მოიტანა სრული მეათედი ნაწილი, შეგნებულად მალავდა მოსავლის ნამდვილ რაოდენობას და ძალზე მცირეს აჩვენებდა, რათა პირობის მიხედვით გასაცემი მეათედი ნაწილი უფრო მცირე ყოფილიყო. ასეთი სიცრუისთვის თურქი სასტიკად დაისაჯა: მას მარჯვენა ხელი გაუხმა და დათესვა აღარ შეეძლო. ამან ის სინანულში მოიყვანა და მერე სხვებს უყვებოდა, რომ იგი წმინდა პანტელეიმონმა სიცრუისთვის დასაჯა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხსენებულ ადგილზე მცხოვრები უხუცესებისა და ბევრი თურქის მოწმობით, როცა მონასტერს ღამით გვერდით ჩაუვლიდნენ, ისინი ხშირად ხედავდნენ ძველებური სამოსით მოსილ ჭაბუკს, რომელიც მონასტრის სიახლოვეს მდებარე მინდორზე (დაბლობზე, სადაც მოწამებრივად აღესრულა წმინდანი, სადაც უფალმა პანტოლეონს გადაარქვა სახელი და პანტელეიმონი უწოდა) დადიოდა.


* * *

ნიკომიდიელი თურქი, რომელიც ჩუმი ეშმაკეული იყო, ციებით ავად გახდა და ძალზე იტანჯებოდა. სამ წელიწადში ისე გახმა, რომ ძვალი და ტყავი დარჩა; იწვა და საწოლიდან ვეღარ დგებოდა. ერთხელ (1864 წ.) მასთან ნაცნობი ბერძენი ხაბაზი იოანე მივიდა, ის დიდი ხნის წინ გადმოსახლებულიყო სოფელ კონჯედან ნიკომიდიაში. თურქი ამგვარ მდგომარეობაში რომ დაინახა, უთხრა:

- რა, ისევ ავად ხარ?

- კი, და ძალიან მიჭირს! - უპასუხა მან.

- არ გინდა, წმინდა პანტელეიმონთან წაგიყვან, იქნებ განგკურნოს? - შესთავაზა ქრისტიანმა.

თურქი დათანხმდა, თუმცა ეჭვი გამოთქვა. ხაბაზმა ისიც დაუმატა, რომ ქრისტიანებს შორის წმინდა პანტელეიმონმა ბევრი განკურნა.

- წამოდი, შესაძლოა, შენც განგკურნოს!

თურქმა რჩევას დაუჯერა, ახლობლებმა ხელში აყვანილი მონასტერში მიიყვანეს და ეკლესიაში შეიყვანეს. მეგზურმა და მრჩეველმა იოანემ მას თავზე ჭიდან ამოღებული სამი კასრი წყალი გადაასხა, ამასთან თურქმა წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის საფლავიდან მცირე რაოდენობის მიწა აიღო. ეს რომ გააკეთა, უეცრად ხაბაზს უთხრა:

- შეხედე, გამოვჯანმრთელდი, მე ჯანმრთელი ვარ!

გახარებულმა არ იცოდა, რა გაეკეთებინა. მან ტილოში გაახვია მიწა წასაღებად, რომ საფრთხისგან თავის ასაცი¬ლებლად კისერზე ჩამოეკიდა, რათა ავადმყოფობა არ გა¬ნახლებულიყო და შინ ჯანმრთელი დაბრუნდა. მეორე დღეს მივიდა იოანესთან, გულწრფელად მადლობა გადაუხადა კურნებაში თანადგომისთვის და ჰკითხა, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა სამადლობელოდ წმინდა პანტელეიმონისთვის. მან ურჩია, სანთელი ეყიდა და მის საფლავთან დაენთო. თურქი ასეც მოიქცა, იყიდა სანთელი, დაანთო წმინდა პანტელეიმონის საფლავთან, წავიდა შინ და მუდმივად კისერზე ეკიდა თოფრაკში ჩაყრილი წმინდა პანტელეიმონის საფლავის მიწა, როგორც ერთგვარი თილისმა, სადაც უნდა წასულიყო და რაც უნდა გაეკეთებინა.

ოცი დღის შემდეგ განკურნებულს ძილში გამოეცხადა წმინდა პანტელეიმონი და უთხრა:

- მიწა რატომ დაიტოვე და რატომ იქ არ მიიტან, საიდანაც აიღე? წაიღე, თორემ ცუდად გექნება საქმე.

გამოეღვიძა თურქს, ნანახი ზმანებად ჩათვალა და თავისი სიზმარი სიცილით მოუყვა შინაურებს, რომ ვიღაც ჭაბუკი მივიდა მასთან და დიდხანს ემუქრებოდა, და თანაც მათრახით!.. მან ყური არ უგდო ნანახს. მეორე ღამეს მას წმინდა პანტელეიმონი კვლავ გამოეცხადა და კიდევ უფრო მკაცრად უბრძანა მიწის დაბრუნება. თურქმა ეს გამოცხადებაც ზმანებად ჩათვალა და მაინც არაფერი გააკეთა. მესამე ღამესაც გამოეცხადა წმინდა პანტელეიმონი და უთხრა:

- როდემდე დაიტოვებ მიწას და არ დააბრუნებ, საიდანაც აიღე?

და მას რაღაც მახვილით დაუწყო ცემა. შეშინებული თურქი წამოხტა, აიღო მიწა და მიუხედავად ღამისა, იოანეს მიადგა:

- აიღე ეს მიწა, ამისგან მოსვენება არა მაქვს!

ხაბაზს ამ მიწის აღება არ უნდოდა, თურქი წმინდა პანტელეიმონის საფლავთან მიიყვანა და უთხრა, იმ ადგილას დაეყარა, საიდანაც აიღო. ამ ბრძანების ასრულების შემდეგ თურქი უკვე მშვიდად ცხოვრობდა.
..................



ათონელი ბერები ჰყვებიან...
პირველი მოგზაურობისას, 1864 წელს, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის მონასტერში მივედით, წმინდანის თაყვანისსაცემად და მის საფლავთან სომეხი მომლოცველები დაგვხვდნენ. ძნელი იყო, არ გაოცებულიყავი წმინდა პანტელეიმონის მიმართ მათი გულმოდგინებით, კრძალვითა და რწმენით; ზოგიერთები სვამდნენ წმინდა ჭის წყალს, სხვები ზედ ისხამდენ, ისველებდნენ თავს, ზოგიერთი დაჩოქილი იდგა წმინდანის საფლავთან, ეამბორებოდა მას და ღვთის სათნომყოფლის წმინდა ხატს და თავიანთ შვილებსაც ათაყვანებდა წმინდანის საფლავს. ანდა შეჰღაღადებდნენ წმინდანს და კუბოს ადებდნენ რაცა სტკიოდათ: თავს, თვალს, ყურებს, ხელებს და სნეულებათგან განკურნებას ეძიებდნენ, სანთლებს ანთებდნენ და თვით მონასტერში შემოსასვლელ კარს ეამბორებოდნენ. და რაც ყველაზე გასაოცარია, ერთ ქალს მიწა აეღო წმინდანის საფლავიდან და როგორც ზეთს, ისე იცხებდა თვალებზე. გვაოცებდა ამგვარი შესანიშნავი და მართლმადიდებლისთვისაც კი შესაშური გულმოდგინება, ერთ-ერთმა ჩემმა თანამგზავრმა ქალს ჰკითხა:

- საიდან ხართ?

- შორიდან ჩამოვედით, კონსტანტინოპოლის სიახლოვეს ვცხოვრობთ, - უპასუხა მან.

- აქ რატომ ჩამოხვედით, თქვენ ხომ ჩვენი რწმენისა არა ხართ?

- მერე რა, ჩვენ პატივს ვცემთ წმინდა პანტელეიმონს და მასთან განსაკურნებლად მოვდივართ. მან მე 1862 წელს განმკურნა: ოცი წელი მტკიოდა თვალები და ბოლოს სულ დავბრმავდი; მაგრამ, როცა აქ მოვედი, წმინდანს შევევედრე და წმინდა ჭის წყლით თვალები დავიბანე, ასევე წმინდანის საფლავის მიწა თვალებზე ვიცხე, მაშინვე განვიკურნე. ამიტომ აქ მესამედაც მოვედი... აგერ ის ქალი, - და სხვაზე მიუთითა, - ცოტა ხნის წინ განიკურნა.

ბავშვიანი ქალი, რომელზეც მიგვითითეს, ჩვენთან მოვი¬და და საკუთარი კურნების შესახებ მოგვითხრო:

- მკერდზე უკურნებელი სნეულება - კიბო, გამიჩნდა. აქ მოვედი, ჭის წმინდა წყლით დავიზილე და განვიკურნე. ბევრი ჩვენიანი მოდის აქ და მრავალგვარი სნეულებისგან იკურნებიან.

ტაძრიდან კეთილმოკრძალების გრძნობით გამოვედი, და შევიტყვეთ, რომ დილით კიდევ დიდი ჯგუფი მოსულა მომლოცველი სომხებისა. ეკლესიის დარაჯს ვკითხეთ, თუ ვინმე იწერს წმინდა პანტელეიმონის სასწაულებსო.

- აქ ამის ტრადიცია არა გვაქვს, - გვიპასუხა მან მშვიდად, - მათ ყველას ვინ ჩაიწერს? ის თითქმის ყოველდღიურად ხდება და თანაც იმდენი, რომ ჩაწერას ვინ მოასწრებს.

ჩვენ ვთხოვეთ იქ დიდხანს მცხოვრებ თვითმხილველს, რომ ყოველ შემთხვევაში რომელიმე სასწაულზე მაინც მოეთხრო, მაგრამ მან ცნობისმოყვარეობა ვერ დაგვიკმაყოფილა. სასწაულებრივი მოვლენები ყოველდღე ხდება მის თვალწინ; მან აღიარა, რომ სასწაულებზე ეკითხება განკურნებულებს მხოლოდ მაშინ, როცა თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს და უწევს, იყოს მოწმე სასწაულისა, ანდა როცა თვითონ ჰყვებიან საკუთარ განკურნებასა და სიხარულის პირველ წუთებზე; მაგრამ ესეც კი არ რჩება მის მეხსიერებაში. შევწუხდით, რომ ასე გულგრილად უცქერიან სასწაულებს, მივმართეთ მიტროპოლიტის რეზიდენციას, მაგრამ მათაც ვერ დაგვაკმაყოფილეს პასუხით, მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ სასწაულები მუდმივად ხდება და არავის მოსვლია აზრად მათი ჩაწერა. "ყოველ შემთხვევაში, - მივმართეთ მათ, - არ შეიძლება მომავალში მაინც მიაქციოთ მეტი ყურადღება და ჩაიწეროთ სასწაულები?" ისინი დაგვპირდნენ, რომ უკვე დღეიდან გახსნიდნენ ჟურნალს რეზიდენციაში, მონასტერში კი ჩანაწერების წიგნს; თვალს ყურადღებით მიადევნებდნენ ამ სასწაულებს და ჩაიწერდნენ. გამომგზავრებისას სანუგეშოდ შევიტყვეთ, რომ მიტროპოლიაში უკვე შეუკვეთია ჩანაწერების წიგნი. 1867 წელს ვნახეთ, რომ წიგნში სასწაულების შესახებ უკვე ჩაუწერიათ და ჩაწერა გრძელდება. ღმერთი შეეწიოთ ამ წმინდა საქმეში!

* * *

ნიკომიდიელ სომეხს, იაკუს ოღლუს ძე კარაბატს, დამბლა დაეცა და ექვსი თვე სრულიად გაუნძრევლად იწვა და იტანჯებოდა. წამლებმა ვერაფერი არგო და მისმა მკურნალმა ექიმმა მათ შემდგომ გამოყენებაზე უარი თქვა. ტანჯვის ექვსი თვის შემდეგ მან ძილში ნახა, ახალგაზრდა, მშვენიერი გარეგნობის კაცი, რომელმაც უთხრა:

- წადი იმ ეკლესიაში, - ადგილი მიუთითა, - ჩადი დაბლა, სადაც ჭა არის: დალიე წყალი და განიკურნები.

მან ძილში ნანახი ჭეშმარიტ ჩვენებად მიიღო და ახლობლებს სთხოვა, წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში წაეყვანათ. განკურნების სურვილი მაშინვე აუსრულდა. ეს მოხდა 1864 წელს, უკვე ჩვენი იქიდან წამოსვლის მერე. მონასტერში უპირველეს ყოვლისა, პარაკლისი შეუკვეთეს, შემდეგ წმინდა ჭის წყალი ითხოვეს, დაალევინეს ავადმყოფს და შვება იგრძნო, მან წმინდა დიდმოწამის საფლავის მიწა ითხოვა. შინ დაბრუნებულმა ეს მიწა, როგორც მაკურნებელი მალამო, ისე წაისვა გაქვავებული სხეულის ნაწილებზე და ორი დღის შემდეგ სავსებით განიკურნა.

* * *

1865 წელს რომის კათოლიკური სარწმუნოების მიმდევარი დედაკაცი განიკურნა სნეულებისგან. მას ფეხი წაერთვა: არათუ ვერ ამოძრავებდა, ფეხი უშლიდა კიდეც. და როცა ქალს სადმე წასვლა უხდებოდა და ყავარჯნებს მოიმარჯვებდა, მანამდე თავის გამხმარ ფეხს თოკით იბამდა და თან მიათრევდა; ასე იტანჯებოდა სამი თუ ოთხი წელიწადი. შეიტყო წმინდა პანტელეიმონის სასწაულების შესახებ, ჩამოვიდა ნიკომიდიაში და თბომავლით მონასტრისკენ გაემგზავრა. როცა მონასტერში მივიდა, კიბეზე ჩასვლა მოინდომა, რათა მიახლებოდა წმინდა დიდმოწამის საფლავს და მაკურნებელ ჭას, მაგრამ ვერ შეძლო. მისი წვალება რომ დაინახა, კეთილკრძალულმა მნათემ, ქრისტო პიჩინდირასმა ქალი ზურგით ჩაიყვანა წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის კუბოსთან, აიღო საფლავის მიწა და ქალს მისცა. ქალმა წმინდა დიდმკურნალისადმი ლოცვა ვედრება დაიწყო და თან მიწით თავის მტკივან ფეხს იზელდა. ასე გაგრძელდა ნახევარი საათი. უეცრად ქალმა სიცოცხლე იგრძნო გამხმარ ფეხში. გაოცებისა და სიხარულისგან იკივლა და მოუხმო მნათეს. უთხრა, რომ ფეხში სიცოცხლე დაუბრუნდა და ამოძრავება შეუძლია. შემდეგ თვითონვე ამოვიდა ქვის მაღალსაფეხურებიან კიბეზე და განადიდებდა თავის უანგარო მკურნალს.

* * *

კათოლიკე აროფ აღა კონსტანტინოპოლელს, მონღელ აღას, შინ ოჯახის ერთ-ერთი წევრი ავად ჰყავდა. იცოდა რა წმინდა პანტელეიმონის სასწაულების შესახებ, დიდმოწამეს შორიდან შესთხოვა შეწევნა; მალე მისი ავადმყოფი გამოჯანმრთელდა. როგორც კი მან თავი კარგად იგრძნო, აროფ აღამ ის მაშინვე ნიკომიდიაში წაიყვანა. მადლობა შესწირეს წმინდა დიდმოწამეს და იქ მყოფებს თავიანთი განკურნების ამბავს მოუყვნენ. ამასთან, ეკლესიას ოლარი შესწირეს. ეს მოხდა 1867 წლის 2 ივლისს.

* * *

წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეს, 1867 წელს, ღვთისმსახურების შემდეგ მიტროპოლიაში სინოდის და საპატიო მოქალაქეთა შეკრებაზე მოვიდა ერთი ადვოკატი, რომელმაც საკუთარ განკურნებაზე საჯაროდ მოჰყვა.

- გუშინ საღამოს, - თქვა მან, - როცა მონასტერში მოვდიოდი, აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი თვალებში, რომლისაგანაც უკვე მრავალი წელია, ვიტანჯები. გაჭირვებით მოვაღწიე აქამდე, მაგრამ შევევედრე წმინდა დიდმოწამეს, მისი წმინდა ჭის წყლით თვალები დავიბანე და მაშინვე ვიგრძენი შვება. ახლა, ამდენი წლის ავადმყოფობის შემდეგ, თავისუფლად ვხედავ. თავი მოვალედ ჩავთვალე, წმინდა პანტელეიმონის სადიდებლად განსაკუთრებული სიხარულით მეუწყებინა ამის შესახებ ამ წმინდა კრებულისათვის. ნიკომიდიაში დღესასწაულზე ჩასულებმა ყველაფერი ეს ჩვენ პირადად მოვისმინეთ.
.............................
სურათზე: წმინდა პანტელეიმონის მონასტერი ნიკომიდიაში (დღევანდელი იზმითი, თურქეთი)


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023

2019 წლის 3 აპრილს ძილში ვიხილე წმიდა მამა გაბრიელ სალოსი.

20.02.2023
"ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას და ყოველსა დღესა აკურთხევდით მას" (ფს.45,6; 71,15).
19.12.2022

ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა 1956 წელს.
23.10.2022
VII მსოფლიო კრების (787 წ.) IV სხდომაზე ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად
28.08.2022
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია, დაიპყრო ეგვიპტე,
21.08.2022
წმ. სპირიდონ ტრიმითუტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმითუტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმითუტი, კვიპროსი).
18.08.2022
ამ ფოტოზე ათონის მთის მწვერვალზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარია გადაღებული.
07.08.2022
ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შემდეგ თურქებმა ზოგიერთი ღვთის ტაძარი მეჩეთად გადააქციეს. მეჩეთად გადაკეთდა წმინდა პანტელეიმონის ტაძარი თესალონიკში.
07.08.2022
ქიუს-ქიუნჯუკი, ბერძნულად ქრისოტერამოსი, ადგილია კონსტანტინოპოლის ყურესთან, დღევანდელ სტამბოლის აზიურ ნაწილში.
07.08.2022
"მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე" (1 მეფეთა 2:30) - ბრძანა წმინდათა შორის საკვირველმა უფალმა. წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონმა სიცოცხლეშივე სიტყვით და საქმით განადიდა უფალი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat