წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სასწაულები
წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სასწაულები
"მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე" (1 მეფეთა 2:30) - ბრძანა წმინდათა შორის საკვირველმა უფალმა. წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონმა სიცოცხლეშივე სიტყვით და საქმით განადიდა უფალი, და იგი ათასგზის მეტად განდიდდა და განდიდდება უფლისა მიერ როგორც ზეცაში, ისე მიწაზე!

გიამბობთ წმინდა პანტელეიმონის მიერ მოხდენილ სასწაულებზე, რომელიც მოთხრობილია ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ბერების მიერ XIX საუკუნის ბოლოს გამოცემულ წიგნში, გაგაცნობთ თანამედროვე სასწაულებსაც
.
1744 წლის ივლისის ქრისობულოსი (ბრძანება)

მოლდავეთის ვოევოდა (ვოევოდა საერო და სამხედრო ხელისუფლებას ითავსებს, - კ.კ.) იოანე იოანეს ძე ნიკოლაი მოწმობდა, რომ იმავე წელს იასაში (მოლდავეთის ძველი დედაქალაქი) საშინელი ჭირი მძვინვარებდა და ხალხი, როგორც თავთავი მომკელის ნამგლით, ზეციური სასჯელის მახვილით იხოცებოდა. როცა იქ მიაბრძანეს წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის პატიოსანი თავი, მოედანზე წყალი აკურთხეს და პარაკლისი გადაიხადეს, უამრავი სასწაული გადმოიღვარა (ასე წერია ქრისობულოსში); ჭირი შეწყდა. თვით ვოევოდაც განიკურნა. ამ მოვლენის გასახსენებლად და ზეციური მკურნალისადმი კეთილმოკრძალებული მადლიერების ნიშნად, მთავარმა ათონზე მდებარე წმინდა პანტელეიმონის მონასტერს შესაწირავთან ერთად ეს სიგელიც უბოძა.

* * *

ამ ამბიდან რამდენიმე წლის მერე, 1750 წელს, წმინდა პანტელეიმონის თავი, ადგილობრივთა თხოვნით, კვლავ მოლდავეთში მიაბრძანეს, და იქ ღვთისმოსავ ქრისტიანთა რწმენით, წმინდა პანტელეიმონის წმინდა ნაწილიდან კვლავ ურიცხვი სასწაული აღესრულა. ამის შესახებ მოწმობს თავად იოანე კონსტანტინოვის შედგენილი ქრისობულოსი. იქ ის სასწაულებს არ ჩამოთვლის, მხოლოდ ადასტურებს, რომ საკუთარ თავზე გამოსცადა ღვთის სათნომყოფლის სასწაული. და რომ მთელ მის სათავადო მიწაზე წმინდა პანტელეიმონის პატიოსანი თავიდან სასწაულები წყაროებად წარმოდინდა.

* * *

წმინდა პანტელეიმონის მიერ მოხდენილი სასწაულების ამბავი მთელ მოლდავეთ-ვლახეთში გავრცელდა. ყველა კუთხეში იცოდნენ მათ შესახებ და ერთმანეთს კრძალვით უყვებოდნენ. მაგრამ მხცოვანი ქრისტიანების დიდმოწამის მიმართ სიყვარული ამით არ შეწყვეტილა - მათ მოისურვეს, რომ ამბორეყოთ წმინდანის კურნებისმომნიჭებელი წმინდა და პატიოსანი თავისთვის და იგი მათი თხოვნით, 1750 წელს კვლავ ჩააბრძანეს მოლდავეთ-ვლახეთში. იქ დიდმოწამე პანტელეიმონმა მისთვის უფლის მიერ მიცემული მადლით უამრავი სასწაული მოიმოქმედა და განდიდდა მართლმადიდებელთა შორის, რომლებიც ასე გულმოდგინებითა და რწმენით ეძიებდნენ მისგან მადლმოსილ შეწევნასა და მფარველობას. მოწმობს რა იმ ურიცხვ სასწაულზე, რომლებიც იმ დროს აღასრულა წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონმა, ვოევოდა იოანე გრიგოლის ძე გიკამ, ნიშნად თავისი ქვეშევრდომობისა და საკუთარი პატივისცემისა, 1754 ქრისობულით ათონის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერს უფლება მისცა, სახელმწიფო სალაროდან ყოველწლიური პენსია მიეღო.

* * *

მას შემდეგ, რაც 1735 წელს ათონზე ძველი რუსული სავანე, წმინდა პანტელეიმონის მონასტერი, ბერძნების ხელში გადავიდა, მათ მოაკლდათ მუდმივი დახმარება რუსეთიდან, ამის გამო და უფრო მეტად იმის გამო, რომ მონასტერი ჯერ კიდევ არ იყო კინოვიური და ყველა თავის ჭკუაზე ცხოვრობდა, ამ ყველაფერმა სავანე გააპარტახა. ასე რომ, პროტატმა (კინოტი), ანუ ათონის სინოდმა კონსტანტინოპოლის პატრიარქ კალენიკეს მიმართა თხოვნით, რათა მონასტერი მთლიანად დაეხურა და მისი ადგილ-მამული გაეყიდა. მაგრამ, საღმრთო განგებულებამ, წმინდა პანტელეიმონის ლოცვით საქმე სხვანაირად მოაწყო; პროტატის წინადადებამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ პატრიარქმა დიდი ყურადღება მიაქცია ასეთი ძველი და სახელოვანი მონასტრის დაცემის მიზეზებს. საღმრთო კეთილგანგებულებით და პატრიარქის ნებით, გადაწყდა ზღვის პირას აეგოთ დიდი შენობა, აღედგინათ წმინდა პანტელეიმონის მონასტერი და იქ კინოვიური ცხოვრების წესი დაედგინათ. ამ კეთილი განზრახვის განსახორციელებლად პატრიარქმა კონსტანტინოპოლში დაიბარა თავისი ასკეტური ცხოვრებით ცნობილი ქსენოფონტის სკიტის მოძღვარი, ბერდიდი საბა, რომელსაც პატრიარქმა თავისი ნება აუწყა და მონასტრის აღდგენაში სრულ თანადგომას და დახმარებას დაჰპირდა. მამა საბა ოთხი წელი აგროვებდა შემოწირულობას კონსტანტინოპოლში, მაგრამ შეგროვილი თანხა მაინც არ იყო საკმარისი ახალი მონასტრის მშენებლობის დასაწყებად. თუმცა მამა საბას იმედი ჰქონდა, რომ დაკლებულ თანხას დაპირებისამებრ პატრიარქი შეავსებდა, მაგრამ მაშინ დაწყებული რუსეთ-თურქეთის ომის გამო, მას დახმარებაზე კატეგორიული უარი უთხრეს.

კონსტანტინოპოლის ეკლესიისგან ამგვარი პასუხი რომ მოისმინა და შეწევნაც არსაიდან იყო, მამა საბა ძალზე დამწუხრდა. აი, მაშინ უკვე წმინდა პანტელეიმონი მონაწილეობდა მშენებლობის საქმეში და რუსიკის ახალ იღუმენს, საბას, დაეხმარა მონასტრის აღდგენაში.
ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე პორტას მთავარი დრაგომანი (თარჯიმანი) თავადი სკარლატ კალიმახი ავად გახდა; მას სნეულება ისე გაურთულდა, რომ მიუხედავად ყველანაირი სამედიცინო ჩარევისა, არათუ შემცირდა, უფრო და უფრო გაძლიერდა და ბოლოს, ექიმებმა მისი მდგომარეობა უიმედოდ მიიჩნიეს. ავადმყოფი უკვე სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა... ოჯახისა და თავადის ახლობელთათვის, ამ უმძიმეს ჟამს, როცა დარწმუნდნენ, რომ სნეულს ვერაფერს შველოდნენ მიწიერი ექიმებით, მიწიერი წამლებით, მათ მამა საბას სთხოვეს, რომ შევედრებოდა წმინდა პანტელეიმონს მათთვის ძვირფასი ადამიანის გადარჩენას. მხცოვანი მამა სიყვარულით დათანხმდა მათი სურვილის შესრულებას, ამასთან მოსთხოვა, რომ ისინიც მხურვალედ შევედრებოდნენ წმინდა დიდმოწამეს. ყველა გულწრფელად დათანხმდა ამ მოთხოვნის შესრულებას და მხურვალე ლოცვა აღავლინეს წმინდა პანტელეიმონის მიმართ. ხოლო სნეულმა თავადმა საზეიმოდ განაცხადა, რომ თუ დიდმოწამე პანტელეიმონი გაათავისუფლებდა ამ სასიკვდილო სნეულებისგან, მაშინ იგი იქნებოდა ქტიტორი (მშენებელი) ათონზე წმინდა პანტელეიმონის მონასტრისა. მაშინ მამა საბა შეუდგა ლოცვას, გადაიხადა პარაკლისი და წყალი აკურთხა... მხურვალედ ლოცულობდნენ იქ მყოფნი და ევედრებოდნენ წმინდა დიდმოწამეს! პარაკლისის დასრულების შემდეგ იღუმენმა საბამ ავადმყოფს ნაკურთხი წყალი ასხურა და მკურნალობის ნაცვლად ამ ნაკურთხ წყალში მოდუღებული ათონური ბალახების ნაყენი შეასვა. მეორე დღეს თავადი სკარლატი სრულიად გამოჯანმრთელდა.

ღვთის სასწაულით განკურნებულმა თავადმა წმინდად აღასრულა თავისი აღთქმა და მონასტრის აღსადგენად ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მას მერე რაც მან კანონით დაწესებული დროის მანძილზე თარჯიმნად იმსახურა, სულთნის ნებით, მოლდავეთის ტახტზე ავიდა, მისი დახმარებით ზღვის პირას მონასტერი აშენდა, რომელიც შემდგომში გაფართოვდა რუსი ქველმოქმედის თანხებით.

თავად კალიმახის კურნების გარდა, მამა საბას კონსტანტინოპოლში ყოფნისას, წმინდა პანტელეიმონმა სხვა კიდევ მრავალი სასწაული მოახდინა. ამ სასწაულების ამბავი შორს, აღმოსავლეთით გავრცელდა და მერე ათონზე მყოფ მამა საბას მრავალმა მორწმუნემ თხოვნით მიმართა, წმინდა პანტელეიმონის წმინდა ნაწილები კვლავ ჩაებრძანებინა კონსტანტინოპოლში. იღუმენი საბა პატივს სცემდა კონსტანტინოპოლის ქრისტიანებს გულწრფელი მოშურნეობისთვის და დედაქალაქში ათონის მთიდან წმინდა პანტელეიმონის პატიოსანი თავი ჩააბრძანა. მორწმუნეთა თხოვნით, გადაიხადეს წყლის კურთხევის პარაკლისი. ნაკურთხი წყალი ასხურეს მლოცველებს და წმინდა პანტელეიმონისაგან შეწევნის მომლოდინეთ. მამა საბა მათ ნაკურთხ წყალს ასმევდა და ყოველდღიურად მრავლდებოდა წმინდა პანტელეიმონის წმინდა ნაწილთაგან მომხდარი სასწაულები. იმდენად, რომ ბოლოს, მამა საბას ძალა აღარ ეყო ყველას თხოვნა შეესრულებინა, რომელთაც სურდათ, მათ ოჯახში მიებრძანებინათ წმინდა პანტელეიმონის წმინდა ნაწილები. მაგრამ ქრისტეს მოწამემ, როგორც უვერცხლოდ მკურნალმა, უხვად დააჯილდოვა გულმოდგინენი - ისინი, ვინც შორიდან ევედრებოდა მას და ისინიც, რომლებსაც მხოლოდ მის წმინდა ნაწილებთან სურდათ ლოცვა, იგი თითოეულ მათგანს დაეხმარა. მისი სასწაულმოქმედი ძალით სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილი ადამიანები იკურნებოდნენ. ბრ¬მებს თვალი აეხილათ, კეთროვნები განიწმინდნენ, ეშმაკები განიდევნებოდა. ეს ამბები ხალხში გავრცელდა და იღუმენ საბას უკვე საფრთხე დაემუქრა, მას სიკვდილით ემუქრებოდნენ ქრისტიანობის მტრები, მაჰმადიანები, რომლებმაც ვერ დაითმინეს მართლმადიდებლობის ეს ზეიმი, როგორც ცხადი მხილება მათი ბოროტზნეობისა. მაგრამ წმინდა პანტელეიმონის მფარველობითა და სასწაულით მხცოვანი მამა გადაურჩა გაბოროტებულ შურის მაძიებლებს.

* * *

იმავე დროს სულთნის მთავარ ექიმს, რწმენით კათოლიკეს, ერთადერთი ქალიშვილი საშინელი ეშმაკით ჰყავდა შეპყრობილი; ხოლო ცნობილია, რომ საექიმო მეცნიერებამ ამგვარი ტიპის ავადმყოფობის სამკურნალოდ წამალი არ იცის. ძალზე დამწუხრებული ექიმი ამბობდა, რომ არაფერს დაზოგავდა თავისი ქალიშვილის განსაკურნებლად, მაგრამ ვერავინ ნახა, ვინც მის დახმარებას შეძლებდა. მას შემდეგ, რაც მამა საბა ჩამოვიდა კონსტანტინოპოლში და მთელ ქალაქში გავრცელდა ხმა წმინდა პანტელეიმონის მიერ მომხდარ სასწაულებსა და კურნებებზე, ეშმაკეულის მამამაც შეიტყო ამ მადლმოსილ ძალაზე,. რომელიც წმინდა დიდმოწამის პატიოსანი თავიდან მოედინებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეკუთვნოდა, გადაწყვიტა, მამა საბა მიეწვია შინ და წმინდა ნაწილების მიბრძანება ეთხოვა; ბერდიდმა უარი არ უთხრა. ავადმყოფს პარაკლისი გადაუხადა, ნება მისცა, კედელზე ჯაჭვებით მიბმულ გოგონას წმინდა ნაწილისთვის ეამბორა, და მამამისის დაჟინებული თხოვნით, იმ სახლში დარჩა, რათა უფრო გაეძლიერებინა ლოცვა წმინდა პანტელეიმონის მიმართ; კიდობანში ჩასვენებული წმინდა ნაწილები კი დიდ სინზე დადო და იმ ოთახში დატოვა, სადაც ავადმყოფი კედელს იყო მიჯაჭვული.

მეორე დღეს, როცა იღუმენი და ავადმყოფის ახლობლები ოთახში შევიდნენ, ყველას გასაოცრად და წმინდა პანტელეიმონის სადიდებლად, საკვირველი სასწაული იხილეს: სინი, რომელზეც წმინდა მოწამის პატიოსანი თავი იყო დასვენებული, სავსე გახლდათ მირონით, რომელიც წმინდა ნაწილთაგან მოედინებოდა, ხოლო ეშმაკეული გოგონა სრულიად გამოჯანმრთელებული დახვდათ. ექიმის ოჯახმა ერთხმად განადიდა მოწყალე ღმერთი და დიდმოწამე პანტელეიმონი; ხოლო მამა საბამ დიდად ინუგეშა ამ კათოლიკური ოჯახის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთებით; ხოლო მირონი კი განკურნებულ გოგონას დაუტოვა, რადგან სწორედ მის გამო, მისსავე ოთახში ინება წმინდა დიდმოწამემ მისი გარდამოდინება.

* * *
იღუმენ საბას სიცოცხლეში რუსულ მონასტერში იმყოფებოდა ერთი დაქირავებული ექიმი, რომელსაც განზრახული ჰქონდა, აქ სამუდამოდ დარჩენილიყო და ღვთისთვის ემსახურა მონაზვნური სქემით შემოსილს; მაგრამ მცირე ხანს ცხოვრების მერე მას მონაზონთათვის ჩვეული განსაცდელი შეემთხვა, რომლის დროსაც გამოიცდება კაცის ნება და შეიცნობა, რამდენად მტკიცეა მისი განზრახვა და რაოდენ ჭეშმარიტი სიყვარულით უყვარს უფალი. ეშმაკმა მოისურვა ექიმი არჩეული გზისაგან ჩამოეცილებინა და შთააგონა, რომ შეიძლება ერშიც სათნო ეყო ღმერთს და იქაც გააკეთო კეთილი საქმეებიო. ამასთან, ის საკმაოდ კარგად ცხოვრობდა და არ დაითმენდა შეჭირვებას, რაც აუცილებელია მონაზვნური ცხოვრებისას. ბოროტი სულისთვის ძნელი არ იყო გამოუცდელი კაცის მზაკვრულად შთაგონება და ცდუნება კარგი საბაბით: ძნელი არ იყო, მით უმეტეს მაშინ, როცა ექიმს, რომელსაც თავისი ხელობით ქალაქში უზრუნველი ცხოვრება შეეძლო, მას საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა ჰქონდა მოგროვილი. მან თავის შემონაზვნების განზრახვა უსაფუძვლოდ მიიჩნია და გადაწყვიტა, ერში სათნო ყოფოდა ღმერთს, და საკუთარი თავისთვის არაფერი მოეკლო. მან ასეთი ფიქრი ცოდვად არ მიიღო, ამიტომაც მივიდა იღუმენთან და უთხრა, მონაზვნობა გადავიფიქრეო და მონასტრიდან წასვლა მეორე დილისთვის გადადო. მაგრამ, როგორც ჩანს, მისი "ნათელი განსჯა", როგორც ის უწოდებდა, ღვთისთვის სათნო არ იყო, რომელიც მუდამ მოწყალედ ზრუნავს ჩვენი ცხონებისათვის. სავანის ძმებმა რომ შეიტყვეს, კეთილი ექიმი წასვლას აპირებსო, მეორე დღეს მივიდნენ დასამშვიდობებლად და გასაცილებლად; მაგრამ ისინი შეაძრწუნა იმან, რაც მის კელიაში იხილეს, ექიმს სხეული ისე დასიებოდა, რომ ადამიანის სახე დაჰკარგვოდა, ძნელი იყო ხილვაც კი ამ საცოდავი კაცისა! თმა და გრძელი წვერი ერთიანად დასცვენოდა, ხოლო სხეუ¬ლი ისე ჰქონდა დასიებული, რომ გაჭირდებოდა მისი კარში გაყვანა. თავის თავს აღარ ჰგავდა, ხმითღა იცნეს ექიმი, რომელიც გუშინ სრულიად ჯანმრთელი ნახეს.

საცოდავმა კაცმა გულწრფელად შეინანა შეცდომა და ჩურჩულით სთხოვა მოსულებს, აეღოთ ფული, ქონება იღუმენისთვის წაეღოთ და ეთხოვათ, რომ მასთან მისულიყო ცოდვათაგან განხსნის ლოცვების წასაკითხად, რადგან გრძნობდა აღსასრულის მოახლოებას.

იღუმენი მაშინვე მივიდა ავადმყოფთან და თან წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის პატიოსანი თავი მიაბრძანა. ბერდიდმა წყალი აკურთხა და ასხურა სნეულს, წმინდა პანტელეიმონის პატიოსანი თავით ჯვარი გამოსახა და შემდეგ, როცა მომაკვდავმა შემუსვრილი გულით შენდობა სთხოვა იღუმენსა და ძმებს ადრინდელი შეცოდებისთვის, ამ დროს, ყველას გასაკვირად, შესიება ჩაცხრა, მალე გაქრა კიდეც. განკურნებულმა ექიმმა სიღრმით გულისად მადლობა შესწირა მკურნალს და გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, რომ სამუდამოდ დარჩებოდა წმინდა პანტელეიმონის მონასტერში; თან იღუმენს სთხოვა და დაარწმუნა, რომ სასწრაფოდ მონაზვნად აღეკვეცა. ექიმმა, შემდგომში უკვე სქემმონაზონმა ფილოთეოსმა, განკურნებიდან ხუთი წელი იცხოვრა მონასტერში და მერე გადასახლდა საუკუნო სასუფეველში.

* * *

სწორედ მაშინ, როცა წმინდა პანტელეიმონის მონასტრის იღუმენი მამა საბა იყო, სავანეში ცხოვრობდა ერთი აზარია. მიუხედავად გარეგნული შრომისმოყვარეობისა და გულმოდგინებისა, ის მაინც ყოყმანობდა, ემსახურა თუ არა ღვთისთვის მონაზვნის ხარისხში და ამიტომაც ხშირად შეემთხვეოდა ეშმაკისაგან განსაცდელები, რომლითაც ბოროტი ცდილობდა, დასახული გზიდან გადაეყვანა და ერში ოჯახურ ცხოვრებას დაბრუნებოდა.

აზარია მონასტერში მისვლის დღიდან გულმოდგინედ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას - მუშებს საჭმელს უმზადებდა, ისე მარჯვეობდა, რომ სამზარეულოში სამ კაცს სცვლიდა. მაგრამ კაცთა მოდგმის მტერმა, ეშმაკმა, რომელიც ვითარცა ლომი მყვირალი, დაძრწის, რომ ვინმეს პირი ჰკიდოს, შეამჩნია ბერში მოშურნეობა და ცხონებისადმი ზრუნვა, ძლიერ ესხმოდა თავს და გულისთქმებით გაიტაცებდა, რომ კვლავ ერში დაბრუნებულიყო. აზარიამ ადრეც მიატოვა ათონის მთა დიდ ლავრაში ცხოვრებისას. მაგრამ მერე შეინანა და მამა საბას სთხოვა მიღება. ახლაც წასვლა უნდოდა - თითქოსდა ერში ახლობლებისთვის დატოვებულ სხვის სამ შვილზე უნდა ეზრუნა. ეს გულისთქმა წლების მანძილზე გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს მისი დახმარება აღარ სჭირდებოდათ. და აი, მიუხედავად იღუმენის და მოძღვრის დარიგებებისა, გადაწყვიტა, სავანე დაეტოვებინა და კეთილი საბაბის საფარით დანაშაულებრივ მიზნებს მალავდა. როგორც კი კარიბჭიდან გამოვიდა, მონასტრის წინ მდებარე ზღვის ნაცვლად გადაშლილი ველი დაინახა, რამაც ძალზე გააკვირვა. უცებ თვალი მოჰკრა, რომ ათონის მთიდან 30 კილომეტრში მდებარე სიკის ნახევარკუნძულიდან ამ ველზე მისკენ სამი არაბი მოაჭენებდა ცხენებს. მხედრები თვალის დახამხამებაში მიუახლოვდნენ. ამან დიდად განაცვიფრა აზარია. ამ დროს დაინახა, რომ მონასტრის კარიბჭიდან გამოვიდა 18 წლის ჭაბუკი წკეპლით ხელში და იმ არაბებისკენ წავიდა, ვითარცა ხელმწიფების მქონე (მსგავსად სახლის პატრონისა, რომელიც წინ აღუდგება შემოპარულ ქურდებს) და მათ წკეპლით ცემა დაუწყო, თან ეუბნებოდა:

- რა გინდათ აქ, ძენო წარწყმედისანო? განა ცოტაა გეენიაში ცოდვილნი, სადაც თქვენ თვითონ ხართ ჩაგდებულნი, გინდათ, ბაკიდან მომტაცოთ ჩემი შეძენილი ცხვარი? თქვენი ადგილი აქ არ არის, წაეთრიეთ!

ცემისა და ამ სიტყვების თქმის შემდეგ არაბები გაქრნენ. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ ვინ იყვნენ ის არაბები და ვინ იყო მათი განმდევნელი ჭაბუკი. დემონები აზარიას უკვე თავის ნადავლად თვლიდნენ, და ალბათ უკვე საბოლოოდ დაღუპავდნენ, რომ არა წმინდა პანტელეიმონი, არა მარტო სახელით ყოვლადმოწყალე, რომელიც მუდამ შეეწევა, ვინც მას დახმარებას სთხოვს, მატერიალურად შეჭირვებულებს და სნეულებს, როგორც ხორცით, ისე სულით. ხედავდა წმინდა დიდმოწამე მონაზვნის განზრახვას - სავანე დაეტოვებინა და მისთვის მტკივნეული იყო, როგორც თვითონ თქვა, მისი შენაძენი ბოროტ ძალებს ჩაეგდოთ ხელში; ბერისათვის გადამწყვეტ წუთებში გამოჩნდა და ეშმაკები განდევნა. შემ¬დეგ წმინდა პანტელეიმონი მოუბრუნდა აზარიას და უთხრა:

- შენ კი, დამპალო ბერო, მოსვენებას რატომ არ მაძლევ, მუდმივად რატომ მაშფოთებ?

და დასჯის ნიშნად ის წკეპლა, რომლითაც ეშმაკები განდევნა, მარჯვენა მხარზე გადაჰკრა. რის გამოც დამნაშავეს ხელამდე შეახმა სხეულის მთელი მარჯვენა მხარე. შემდგომში აზარია ყავარჯნებითაც კი ძლივს მოძრაობდა, როცა ჯდებოდა, ანდა წვებოდა, სხვების დაუხმარებლად წამოდგომა აღარ შეეძლო. ამ სასწაულით წმინდა პანტელეიმონმა გონს მოიყვანა გონებაარეული აზარია და მან საბოლოოდ გადაწყვიტა მონასტერში დარჩენა. შემდგომში ის მონასტრის მეკარედ დანიშნეს და 1836 წელს გარდაიცვალა.

* * *

XIX საუკუნის ოციან წლებში ათონზე საშინელი ხანძარი გაჩნდა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა წმინდა პანტელეიმონის მონასტერს. გასაოცარია ის სასწაული, რომლითაც წმინ¬და დიდმოწამემ ეს ხანძარი შეაჩერა! ხანძარი იმით დაიწყო, რომ მონასტრიდან ერთი კვირის სავალზე ბუჩქნარი და მოგროვილი თივა დაწვეს. უეცრად ამოვარდა ძლიერი ქარი და ცეცხლი დიდ მანძილზე გაავრცელა; ცეცხლი მთელ ტყეს მოედო და მალე მონასტერს გარს შემოერტყა. ძმებმა ყველა ღონე იხმარეს ხანძრის გავრცელების შესაჩერებლად, მაგრამ მან ისეთი ძალა მოიკრიბა, რომ უკვე შეუძლებელი იყო რამის გაკეთება. ამ საერთო საფრთხის დროს ერთი მღვდელმონაზონი სახელად კირილე შევიდა ეკლესიაში, დაეცა წმინდა პანტელეიმონის ხატის წინ და აცრემლებულმა დიდმოწამეს მონასტრის ხანძრისგან დაცვა და ცეცხლის ჩაქრობა შეევედრა. და - რაოდენ სწრაფად შეისმენს ყოვლადმოწყალე სასწაულმოქმედი მისადმი თბილი რწმენით აღვლენილ ლოცვას! - მონაზონმა ლოცვის დასრულება ვერ მოასწრო, რომ ცაზე შავი ღრუბელი გამოჩნდა, რომელიც სწრაფად გაიშალა ჰორიზონტზე, ამ გამძვინვარებული ცეცხლის თავზე და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. თქეში ერთი საათი გაგრძელდა. ხანძარი ჩაქრა, ძველებური სიმშვიდე ჩამოვარდა. იქ მყოფი ათამდე კაცი, ბერები, ერისკაცები და არა მარტო ქრისტიანები, თურქებიც, განცვიფრებულნი დატოვა ამ უდიდესი სასწაულმა, რომელიც მათ თვალწინ მოხდა.

* * *

1830 წელს საშინელმა ეპიდემიამ ლამის დააცარიელა მთელი მოლდავეთი, განსაკუთრებით მისი უმთავრესი ქალაქი იასა. არანაირი საშუალება არ იყო, თავი დაეხსნათ ამ უბედურებისაგან და შეეჩერებინათ სიკვდილიანობის გავრცელების არეალი. მაშინ ღვთისმოსავმა იასელებმა გაიხსენეს ის ურიცხვი სასწაული, რაც მათ მხარეში მოეხდინა წმინდა პანტელეიმონს და გადაწყვიტეს, ამ სერთო უბედურების ჟამს მისთვის ლოცვით მიემართათ. მათი დიდი თხოვნით, წმინდა პანტელეიმონის მონასტრიდან იასაში ჩააბრძანეს წმინდა დიდმოწამის პატიოსანი თავი. დედაქალაქის მთელი მოსახლეობა, დიდიან-პატარიანად შეიკრიბა სიწმინდის დასახვედრად, მათ ითხოვეს, რომ ქალაქის მთავარ მოედანზე წყლის კურთხევის მსახურება შეესრულებინათ და ამისთვის რამდენიმე წყლით სავსე პატარა კასრი მოამზადეს. წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონმა საზღაურის გარეშე არ დატოვა იასას მოქალაქეთა ამგვარი ღვთისმოშიში გულმოდგინება. როგორც კი წყლის კურთხევის შემდეგ მოსახლეებმა ნაკურთხი წყალი გაინაწილეს და თითოეულმა საკუთარ სახლში შეიტანა, ქოლერაც შეწყდა. ეს მნიშვნელოვანი ამბავი 1830 წელს მოხდა, მაშინ წმინდა პანტელეიმონის მონასტერში იღუმენი გახლდათ მამა გერასიმე, სწორედ მან ჩააბრძანა სიწმინდე მოლდავეთში და წყალიც მანვე აკურთხა.

* * *

1830 წელს წმინდა პანტელეიმონის მონასტრის კუთვნილი ნავი, რომელსაც ბერძენი მამა ნ-ი მეთაურობდა, ერთი კვირით გაემგზავრა კალამარიისკენ - იქიდან მონასტრის მშენებლობისთვის დაფები უნდა ჩამოეტანათ. თავიდან ზომიერი ზურგის ქარი უბერავდა და ნავიც მშვიდად მიცურავდა; უეცრად ამინდი შეიცვალა, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და ბერებს ზღვაში დანთქმით ემუქრებოდა, მით უმეტეს, რომ უკვე ჩამობნელდა და სქელმა ნისლმა უახლოესი კუნძულები და მაკედონიის ნაპირი თვალთაგან სავსებით დაფარა. სიკვდილი გარდაუვალი ჩანდა. ამ საშინელ წუთებში მამა ნ-მ გადარჩენის სხვა საშუალება ვერ დაინახა, გარდა ერთისა, მან ნავზე მყოფ ძმებს ურჩია, შეწევნისთვის მხურვალე, გულწრფელი ლოცვით მონასტრის მფარველ წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონისთვის მიემართათ და ღვთის სათნომყოფელმაც არ დააყოვნა მათზე თავისი ჩვეული წყალობა გამოეჩინა და ეს საკვირველად მოახდინა. ლოცვის დროს ბერმა დაინახა, რომ მონაზონ ლოცმანთან ერთად ვიღაც ახალგაზრდა კაცი საჭეს მართავდა. ეს ჭაბუკი იმგვარადვე იყო შემოსილი, როგორადაც სამონასტრო სამუშაოებზე მუშაობენ მონაზვნები. გაოცებულმა ბერმა გადაწყვიტა, გაეგო, ვინ იყო ეს უეცრად გამოცხადებული ყმაწვილი. ხელი ჰკიდა ნავის გასწვრივ გაყოლებულ თოკს, ნავის კიჩოდან საჭემდე კი მიაღწია, მაგრამ იქ ჩამომჯდარი ლოცმანის გარდა ვერავინ ნახა, რომელსაც საჭე ეპყრა ხელთ. ხოლო როგორც კი ბერდიდმა მესაჭეს უთხრა, უცნობი ყმაწვილი ვნახე საჭესთანო, ამ დროს ორივემ ეს ყმაწვილი ნავის კიჩოსთან დაინახეს სხვებთან ერთად მდგარი. სიხარულის თრთოლამ აიტანა ორივე! კაპიტანმა მესაჭე დატოვა და კიჩოსთან გადავიდა, რათა ამ უეცრად გამოცხადებული ჭაბუკისთვის ეკითხა, ვინ იყო და აქ საიდან გაჩნდა. მაგრამ კიჩოსთან მისულმა თავისდა გასაოცრად ჭაბუკი ძმათა შორის ვერ ნახა, მოიხედა უკან, საჭისკენ და ჰოი, საოცრება! ეს ყმაწვილი კვლავ საჭესთან იჯდა და ნავს მართავდა. ამ დროს ამის თვითმხილველი სხვა მამებიც შეიქნენ. ამის მერე მამა ნ-მა დაივიწყა საფრთხე და შესძახა:

- გავმხნევდეთ, ძმებო! ჩვენთან დიდმოწამე პანტელეიმონია! ის თვითონ მართავს ჩვენს ნავს და ჩვენ გადავრჩით!

ყველამ ერთობით დაიწყო ლოცვა. განადიდეს თავიანთი მსწრაფლშემწე წმინდა პანტელეიმონი, რომელიც ამ უბედურების ჟამს მათ გადასარჩენად გამოცხადდა. ვიდრე ისინი ლოცვით ადიდებდნენ თავიანთ მფარველს, გამძვინვარებული ქარიშხალი დაცხრა, გაჩერდა, დაუბერა ზურგის ქარმა და ძმებმა მალე მიაღწიეს დანიშნულების ადგილას. იქ მათ ყველას უამბეს თავიანთ საკვირველ გადარჩენაზე, თუ როგორ გამოეცხადა მათი სავანის მფარველი წმინდა პანტელეიმონი, გაშლილ ზღვაში შესულ, ნავზე მსხდომ, სა¬ფრთხეში ჩავარდნილ ბერებს.

ეს უბრალო, უბოროტო და სახარებისეული სიყვარულით აღსავსე მამა ნ-ი წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა ზღვაში ნავის დანთქმისაგან. ეს მოხდა 1849 წელს. კაიუტაში მდებარე წმინდა პანტელეიმონის ხატი სველი იხილეს და თითქოს ოფლის მსხვილი წვეთები მოგორავდა ხატზე და ქვევით დამაგრებულ ხატებს ეცემოდა, რომლებიც დასტურად ამ სასწაულისა, ყველა მშრალი იყო; ოთახშიც არანაირი სინესტე არ იყო; ბერდიდმა ეს ნიშანი მიიღო, როგორც უშუალო გამოხატულება და დასტური იმისა, თუ რაოდენ ზრუნავდა წმინდა პანტელეიმონი გემის გადარჩენისთვის. ბერდიდმა ეს წმინდა სითხე ბამბით მოაგროვა და შემდგომში გულმოდგინე ქრისტიანებს გაუნაწილა. ამის გარდა, ის კიდევ ორჯერ შეიქნა წმინდა დიდმოწამეს ხილვის ღირსი: ჯერ 1836 წელს, როცა წმინდა დიდმოწამემ კარეესიდან გამოგზავნილი შიკრიკი ხილული სახით მოაცილა მონასტრამდე: ამ დროს მონასტრის კარიბჭესთან იდგა და რაღაცაზე ესაუბრებოდა მეკარეს. როცა მან დაინახა მონას-ტერში მოსული შიკრიკი, თანამგზავრთან ერთად, რომელიც უარს ამბობდა შეთავაზებულ დასვენებასა და გამასპინძლებაზე, შიკრიკს პური მისცა თანამგზავრისთვის გადასაცემად, როგორც წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის კურთხევა, როგორც ეს ყოველთვის ხდება ამ სავანეში. მაგრამ მან ის ვერსად ვეღარ იპოვა.

მეორედ კი, 1863 წელს. წმინდანმა ბერდიდს კელიის კარზე დაუკაკუნა და მონაზონთა წესისამებრ ლოცვა წართქვა, როცა კარი გააღო, ქრისტეს მოწამემ მას გაყოლა უბრძანა (ეს მოხდა დღისით, როცა ძმებს ღამისთევის შემდეგ ეძინათ, გაიყვანა მონასტრის მოედანზე, თვითონ შეჯდა თეთრ ცხენზე, ტაძარს გარშემო შემოუარა (რომელიც მისი სახელობისაა), მერე ბერდიდს უბრძანა, წასულიყო და ძმებისთვის სადილი მოემზადებინა. ამ დროს მას მზარეულის მორჩილება ჰქონდა. მთელი ამ ხნის მანძილზე ბერდიდი მას ისე უცქერდა, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს (რადგან ასე მალავს მას საღმრთო მადლი) და მხოლოდ მაშინ, როცა უჩინო შეიქნა, მიხვდა, რომ მას წმინდა პანტელეიმონი გამოეცხადა - მზრუნველი და პატრონი ამ მონასტრისა. ენითაუწერელი სიხარულის ცრემლებით დაუსველდა ბერდიდს სახე და საღმრთო მადლით აღელვებული დიდხანს ვერ მშვიდდებოდა. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ორივე შემთხვევაში წმინდა დიდმოწამის გამოცხადება სავანისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დროს მოხდა და მიანიშნებდა საქმეების კეთილ ცვლილებას, რაც მალევე მოხდა კიდეც და სავანის სასარგებლოდ გადაწყდა იმდროინდელი დამწუხრებული ძმების სანუგეშოდ.

* * *

კონსტანტინოპოლის პატრიარქის ლოგოთეტის (კანცლერის, პირველი მდივნის) და საშინლად იყო ავად და ქალაქის საუკეთესო ექიმებმა ერთხმად დაასკვნეს, რომ მისი გამოჯანმრთელების იმედი აღარ არსებობდა; ამ დროს წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის იღუმენი გერასიმე მონასტრის საქმეებზე კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა; მას თან ჰქონდა წმინდა პანტელეიმონის წმინდა ნაწილი. ლოგოფეტმა სასწრაფოდ მიიწვია შინ მამა იღუმენი და სთხოვა, წმინდა პანტელეიმონის პარაკლისი გადაეხადა, რამეთუ იცოდა იმ უამრავი სასწაულის შესახებ, რომელიც წმინდა მოწამემ კონსტანტინოპოლში აღასრულა. მამა გერმანე დათანხმდა მის კეთილმოკრძალებულ სურვილს და წყლისკურთხევის მსახურება აღასრულა, ავადმყოფს ასხურა და მერე შეასვა ნაკურთხი წყალი; ავადმყოფმა იმწამსვე იგრძნო შვება და სამი დღის შემდეგ სავსებით გამოჯანმრთელდა.

ეს 1831 წელს მოხდა.

* * *

იმ მრავალრიცხოვან ეშმაკეულთაგან, რომელიც წმინდა პანტელეიმონმა განკურნა, გახლდათ ვაჭარი სალონიკის ოლქის სოფელ პულიგიროდან, ის ოცდაათი წლის მანძილზე მადლიერების ნიშნად ხშირად სტუმრობდა პანტელეიმონის მონასტერს და სახალხოდ ჰყვებოდა, თუ როგორ განკურნა იგი წმინდა დიდმოწამემ. ის საშინელ ეშმაკს ჰყავდა შეპყრობილი და იტანჯებოდა. 1832 წელს იგი ახლობლებმა ათონზე ჩაიყვანეს იქაური სიწმინდეების თაყვანისსაცემად. პანტელეიმონის მონასტერში მიიყვანეს, სადაც, ახლობლების თხოვნით, წმინდა პანტელეიმონის პარაკლისი გადაიხადეს და ეშმაკეული მაშინვე განიკურნა.

ცნობილია ასევე, რომ სხვადასხვა დროს ათონზე ჯგუფ-ჯგუფად ჩამოსული მომლოცველი ბულგარელები ხშირად ითხოვდნენ წმინდა პანტელეიმონისადმი სამადლობელო პარაკლისის გადახდას, ჰყვებოდნენ მათ თავს, ან თავიანთ ოჯახებში წმინდა დიდმოწამის მიერ მოხდენილ სასწაულებზე, რის სახსოვრადაც წმინდანის ხატზე სხვადასხვა სამკაულს ტოვებდნენ, რომლებიც დღემდე რჩება ერთადერთ ნიშნად ამ სასწაულებისა; სამწუხაროდ, ეს სასწაულები თავის დროზე არავინ ჩაიწერა და მათი დეტალები უცნობი დარჩა.

* * *

სავანის ერთ-ერთი მამა, სახელად ილარიონი, იერუსალიმის პატრიარქის, ათანასეს მეურვეობით გაიზარდა და მისი გარდაცვალების შემდეგ, უკვე ბერდიაკვნის ხარისხით, თესალონიკის მიტროპოლიაში გადავიდა მიტროპოლიტ მელეტის ხელქვეშ. აქ მას მუნი გაუჩნდა, დროთა განმავლობაში გაურთულდა და ხელის საშინელ დაავადებად გადაექცა - ხელები ერთიანად დაუწყლულდა, დაუსივდა, დაუსკდა, ჩირქნარევი სისხლი სდიოდა. თავიდან დაავადებას ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ როცა გაურთულდა, ყველაფერი სცადა მის მოსარჩენად. მაგრამ, მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა და სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებისა, შვება ვერაფერმა მოჰგვარა.

მამა ილარიონი უკვე განმარტოებული, მეუდაბნოე ცხოვრებისკენ ისწრაფოდა, ამიტომაც გადაწყვიტა, ათონის წმინდა მთაზე გამგზავრებულიყო და წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მივიდა. სნეული, თავისი გაფუჭებული ხელებით, ძალზე შესაბრალი გახლდათ. შევიდა საკრებულო ტაძარში და მხურვალე, გულწრფელი ლოცვით მიმართა ზეციურ მკურნალს, წმინდა პანტელეიმონს. როცა მიეახლა საამბორებლად მის პატიოსან თავს, უეცრად იგრძნო გასაოცარი კეთილსურნელება, რომელიც წმინდა ნაწილთაგან იფრქვეოდა და ტკივილის შემსუბუქება. კელიაში დაბრუნებისას მამა ილარიონმა ხელებზე საფენები გადაიხსნა და ნახა, რომ შესივებები დასცხრომოდა, მთელ სიგრძეზე გაჩენილი წყლულების ნაპრალები გადასწორებულიყო. ამის მერე, მალევე იარები შეუხორცდა, ტკივილიც სწრაფად გაუქრა და სრულიად გამოჯანმრთელდა. ეს მოხდა 1832 წელს. დაინახა რა მის მიმართ წმინდა პანტელეიმონის მიერ გამოჩენილი წყალობა, მამა ილარიონი სამუდამოდ დარჩა წმინდა დიდმოწამის სახელობის მონასტერში; შემდგომში ის დიდ სქემაში აღიკვეცა და დიდი ხნის განმავლობაში განამშვენებდა სავანის საძმოს. იგი 1886 წლის 30 ივნისს გარდაიცვალა.

მას შემდეგ, რაც მამა ილარიონი რუსულ მონასტერში დასახლდა, წმინდა პანტელეიმონის მიმართ დიდი ხნის და მხურვალე ლოცვის შემდეგ დიდმოწამემ ღირსჰყო იგი, ძილის დროს გამოცხადებოდა. ამ დროს ქრისტეს მოწამემ მის წინაშე განამჟღავნა მთელი სისავსე სახარებისეული სი¬ყვარულისა, შეაგონა, რომ მოყვასის კეთილდღეობისთვის ლოცვისას მასში არ შეერია არანაირი კაცთმოთნეობა, პატივმოყვარეობა და ვნებები.

შემდგომში, როცა მონასტერს მატერიალურად ძალზე გაუჭირდა, საკვები და სხვა ყველაფერი შემოაკლდათ, მამა ილარიონი ასევე დიდხანს და შეუჩერებლად ევედრებოდა წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონს, რათა თავისი მონასტერი დახმარების გარეშე არ დაეტოვებინა. წმინდა პანტელეიმონი კვლავ ძილში გამოეცხადა ბერს, მამა ილარიონმა წმინდანს მონასტრის დახმარება შესთხოვა; წმინდა დიდმოწამემ ჯერ იმაზე დამოძღვრა, რაც პირადად მას ეხებოდა - ეს იყო კინოვიის ტიპიკონის მკაცრად დაცვა, და შემდეგ კი უთხრა:

- ამ სავანეზე ვზრუნავდი, ვზრუნავ და მუდამ ვიზრუნებ!

* * *

ეს დაპირება წმინდა დიდმოწამემ 1836 წელსაც დაადასტურა. მაშინ მონასტერს მიწები წაართვეს, ძმების შესანახი ფული არ ჰქონდათ და დიდ გაჭირვებაში იყვნენ. ამ დროს წმინდა პანტელეიმონმა ცხადში რამდენიმე ვერსის მანძილზე გააცილა ერთი მონაზონი. მღვდელ-მონაზონი სერგი (ვესნინი) "მთაწმინდელის წერილებში" ამ მოვლენას შემდეგნაირად აღწერს:
"კარეესში (წმინდა პანტელეიმონის მონასტრიდან ორი საათის სავალზე) მდებარეობს ათონის წმინდა მთის სინოდი (კინოტი), რომელიც შედგება ათონის ოცი მონასტრიდან გამოგზავნილი ოცი მონაზონისგან. მათ ანტიპროსოპებს ეძახიან. ისინი მუდმივად ცხოვრობენ კარეესში, თავიანთი მონასტრის მეტიოქიონში, და თავიანთ იღუმენს სინოდის გადაწყვეტილებებს ატყობინებენ. მათ შორის არის ჩვენი მონასტრის რწმუნებულიც. ერთხელაც მას მონასტრისთვის სასწრაფოდ რაღაც ამბავი უნდა შეეტყობინებინა და იქ ერთი მონაზონი გააგზავნა და წერილი გაატანა. ზამთრის წყნარი საღამოა, ბინდი ჩამოწვა ათონის მთაზე. შიკრიკმა გზა იცოდა და ამის იმედით საღამოს გაემგზავრა. მაგრამ ახალმა თოვლმა ბილიკები დაფარა და გზა აურია. არაქათი გამოეცალა და გზის მოძებნის თავი აღარ ჰქონდა. უეცრად ვიღაც ახალგაზრდა წამოეწია, ურთიერთმისალმების შემდეგ ჭაბუკმა შიკრიკს ჰკითხა:

- საით გაგიწევია, მამაო?

- რუსულ მონასტერში, - უპასუხა ბერმა, - მაგრამ გზა ამერია და ქსიროპოტამში (მეზობელი მონასტერი) მივდივარ.

- მაშინ ერთად წავიდეთ, ქსიროპოტამში მიმეჩქარება, გზაც ვიცი, - შესთავაზა ყმაწვილმა.

ბერს ძალზე გაუხარდა მეგზურის გამოჩენა. ყმაწვილმა დაუმატა:

- არ ჩამომრჩე, ჩემს ნაკვალევს გამოყევი, თორემ შეიძლება გადაიჩეხო: გზა ახალი გაკეთებულია, ძნელი სავალია და თოვლით არის დაფარული.

უცნობი წინ სწრაფად მიდიოდა; დაღლილი ბერი მას ხშირად ჩამორჩებოდა და თოვლს მიაპობდა. უცნობი ისე მსუბუქად მიაბიჯებდა, რომ თოვლში მისი ნაკვალევიც კი არ ჩანდა. ამან ძალზე განაცვიფრა შიკრიკი. ქსიროპოტამამდე ჩუმად იარეს.

- აი, შენი გზა, - უთხრა ჭაბუკმა და მიუთითა რუსული მონასტრისკენ მიმავალ თოვლში გაკვალულ ბილიკზე, - წადი ღვთით, მე მოგეწევი.

- იქ რა გინდა? - ჰკითხა ბერმა თანამგზავრს.

- მეგობრები უნდა ვნახო, - თქვა ჭაბუკმა და შეხედა ქსეროპოტამის მონასტრის კარიბჭის თავზე გამოსახულ ორმოცი მოწამის ხატს, რომელთაც ქრისტე გვირგვინებს ადგამდა თავზე, თაყვანი სცა მათ წმინდა გამოსახულებას, შემუსვრილი სახით, ჯვარი გამოისახა და შიგნით შევიდა.

მოხუცმა მონაზონმა მონასტრამდე მისვლა ვერ მოასწრო, რომ უცნობი თანამგზავრი წამოეწია და კვლავ ერთად გაუდგნენ გზას, გაუსწორნენ რუსიკის პორტალს, მონაზონმა სიხარულით გამოისახა ჯვარი და თაყვანისცა იქვე მდგარ წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის ხატს; მაგრამ ჭაბუკი მდუმარედ შეჩერდა. მონაზონმა გაოცებულმა შენიშნა, რომ მისმა თანამგზავრმა თაყვანი არ სცა წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის ხატს და არც ჯვარი გამოისახა მაშინ, როცა ასე ეთაყვანა ქსეროპოტამის მონასტრის გალავანზე გამოსახულ სხვა ხატს. ამან გააოცა მონაზონი. მონასტერში შეიპატიჟა თანამგზავრი, - დაისვენე, ტრაპეზით მოძლიერდი, ღამე სავანეში გაათიეო. მაგრამ ჭაბუკმა იუარა, - აუცილებელი არ არისო.

- ყოველ შემთხვევაში, აქ დამიცადე და პურს გამოგიტან მონასტრიდან წმინდა პანტელეიმონისაგან კურთხევის ნიშნად.

ჭაბუკი დათახმდა. როცა მონაზონი დაბრუნდა და პური გამოუტანა, ის მას არ შეეხო და უთხრა:

- წადი და უთხარი იღუმენსა და ძმებს, ჯავრს ნუ მიეცემიან, სასო არ წარიკვეთონ, რამეთუ ამ მონასტერზე ვზრუნავ.

ამ სიტყვების წარმოთქმასთან ერთად ჭაბუკმა სავანისკენ მიუთითა, მონაზონმა მის ხელს თვალი გააყოლა და როცა უკან მობრუნდა, თანამგზავრი უკვე უჩინო შეიქნა. შიშმა და სიხარულმა შეიპყრო ბერდიდი: გაოცებულმა მოუთხრო მოწუწუნე იღუმენსა და ძმებს უცნობი ჭაბუკის გამოცხადებაზე, მასთან მანუგეშებელ საუბარზე, და მის დაპირებაზე; ამან გამოაცოცხლა სასოწარკვეთილი საძმო. ამ ამბის შემდეგ, 1839 წელს, რამდენიმე რუსი მოვიდა და შეუერთდა თავიანთ მშობლიურ რუსულ მონასტერს და მის საძმოს. დრომ, კეთილსასურველმა გარემოებებმა, რაც მთავარია, მონასტრის საძმოს მკაცრმა მონაზვნურმა ცხოვრებამ სავანეში შეუმჩნევლად უამრავი რუსი მომლოცველი მოიზიდა, რომელნიც ეძიებდნენ ზეციური სამშობლოსკენ მიმავალ ძნელ, მაგრამ სწორი მეუდაბნოე ცხოვრების გზას.

* * *

შემოდგომა-ზამთარში ხმელთაშუა ზღვა ხშირად ძალზე ბობოქრობს. ამ ქარიშხლებისა და გრიგალების დროს გემები ჩვეულებისამებრ უბეებში, ყურეებში იმალებიან, ან სადაც თავშესაფარს ნახავენ. დაახლოებით ოცდაათი წლის წინ ასეთ ქარიშხალში მოხვდა რუსული პანტელეიმონის მონასტრის ხომალდი, რომელიც მარმარილოს ზღვისკენ მიემართებოდა. სულ მცირე ხანში ქარიშხალმა დაამსხვრია სანაოსნო მოწყობილობა და დაფლითა იალქანი, გადატეხა ანძა. გამძვინვარებულმა ტალღებმა გემი გაიტაცა და ორიოდ საათში 100 ვერსზე წაიღო! ტალღები გემბანზე გა¬დადიოდნენ, მაღლა შეისროდნენ გემს, მერე უფსკრულში ნთქავდნენ. ხომალდზე მყოფი ძმები არათუ თავს ვერაფრით შველოდნენ, გემბანზე გადაადგილებაც კი არ შეეძლოთ. გარდაუვალი იყო სიკვდილი. ძმები ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და ღვთის ნებას მიენდნენ, ყოველწუთს ელოდნენ სიკვდილს, რომ აბობოქრებული ტალღებით ხომალდი ზღვაში დაინთქმებოდა, ან მეჩეჩზე დაიმსხვრეოდა, ანდა ქარი ნაპირზე კლდეებზე მიამსხვრევდა. ამგვარად, ქარის ნებაზე მიშვებული უმართავი ნავი ვინ იცის, საით მიჰქონდა აბობოქრებულ ზღვას. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მისული ძმები გემბანზე იწვნენ, ზოგი კიჩოს იყო ჩაჭიდებული.

ამგვარი, საერთო უბედურების ჟამს ძალზე ფასეულია გადარჩენის უმცირესი იმედიც კი, მაგრამ ამ იმედს ვინ მისცემდა სასიკვდილოდ განწირულებს! ამ დროს მათ ვინ დაეხმარებოდა, ადამიანური სიბრძნე წინ ვერ აღუდგებოდა ბუნების მრისხანე ძალებს. მხოლოდ ლოცვას, გულწრფელსა და ცრემლნარევს, შეეძლო ერთგვარი ნუგეში მიეცა მათთვის ამ საშინელ წუთებში, მით უმეტეს, რომ მხოლოდ ზეციურ შეწევნას შეეძლო დაეცხრო ტალღები და მენავენი დაღუპვისაგან გადაერჩინა. ძმები მალე მიხვდნენ ყველაფერ ამას, და მხურვალედ შეევედრნენ სიცოცხლის მომცემელ ღმერთს; შეევედრნენ თავიანთ მფარველს, წმინდა პანტელეიმონსაც, რომ მალიად შესწეოდა მათ და გადაერჩინა უცილობელი სიკვდილის ხახისაგან. ყოველთვის მსწრაფლშემწე წმინდა პანტელეიმონი აქაც გამოეცხადათ. მან სწრაფადვე გამოაჩინა დიდი წყალობა და სიკვდილის პირს მისულებს დაეხმარა, რადგან წინაუსწრო მათ ლოცვას, უკვე დიდი ხანი იყო, რაც გემი მყუდრო ნავსაყუდლისკენ წაეყვანა. არანაირი იმედი აღარ შერჩათ გადარჩენისა. უცებ ერთ-ერთმა წამოდგომა მოახერხა და დაინახა, რომ მათ წინ ნაცნობი ნაპირი გადაშლილიყო... მალევე თვალი მოჰკრეს მთელ ხმელთაშუა ზღვაში ხელსაყრელ უბეს... მან ხელი მოჰკიდა საჭეს და გემი ნაპირისკენ მიმართა, ისიც თითქოს აღკაზმული ზურგის ქარს მიჰყავდა და მალევე მიადგა ნაპირს. ღუზა ჩაუშვეს. უბეში მათ სხვა გემებიც ნახეს, რომლებიც ქარიშხალს დამალვოდნენ. ყველა გაოცებული იყო, როგორ გადაურჩა ასეთი პატარა გემი ამგვარ საშინელ ქარიშხალსო. ძმებმა ყველა დაზიანებული ნაწილი შეაკეთეს და მონასტერში დაბრუნდნენ, აქ შეიტყვეს, რომ მათი გამგზავრების შემდეგ, როცა ქარიშხალი ამოვარდა, მთელი საძმო ეკლესიაში შეიკრიბა და ერთად შეევედრნენ წმინდა დიდმოწამე და სასწაულმოქმედ პანტელეიმონს და მას ზღვაში განსაცდელში მყოფი მონაზვნების გადარჩენა სთხოვეს. ძნელია იმ ღრმა კეთილკრძალული მადლიერების გრძნობის აღწერა წმინდა პანტელეიმონის მიმართ, რომლითაც მისი მეოხებით სიკვდილს გადარჩენილ მონაზვნებს აუვსო გული...


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023

2019 წლის 3 აპრილს ძილში ვიხილე წმიდა მამა გაბრიელ სალოსი.

20.02.2023
"ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას და ყოველსა დღესა აკურთხევდით მას" (ფს.45,6; 71,15).
19.12.2022

ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა 1956 წელს.
23.10.2022
VII მსოფლიო კრების (787 წ.) IV სხდომაზე ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად
28.08.2022
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია, დაიპყრო ეგვიპტე,
21.08.2022
წმ. სპირიდონ ტრიმითუტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმითუტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმითუტი, კვიპროსი).
18.08.2022
ამ ფოტოზე ათონის მთის მწვერვალზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარია გადაღებული.
07.08.2022
ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შემდეგ თურქებმა ზოგიერთი ღვთის ტაძარი მეჩეთად გადააქციეს. მეჩეთად გადაკეთდა წმინდა პანტელეიმონის ტაძარი თესალონიკში.
07.08.2022
ქიუს-ქიუნჯუკი, ბერძნულად ქრისოტერამოსი, ადგილია კონსტანტინოპოლის ყურესთან, დღევანდელ სტამბოლის აზიურ ნაწილში.
07.08.2022
სულთანმა მურათმა (XIV ს.) ბაღდადის დალაშქვრა გადაწყვიტა და ხმელეთის გზით ნიკომიდიას ჩაუარა; როცა ქალაქს მიუახლოვდა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat