მოკრძალებული თხოვნა.
18.12.2015
მსოფლიოს დიდსა მოძღვარსა, სასწაულთმოქმედსა და მსწრაფლშემწესა, მირონ ლუკიის მთავარეპისკოპოსსა, წმიდასა ნიკოლოზს.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მოკრძალებული თხოვნა.
წმიდათა შორის საკვირველო, დიდო სასწაულთმოქმედო, მოწყალეო ჩვენო მამაო ნიკოლოზ, მე, მდაბალი მორჩილი შენი ილია მეორე, განგებითა და ნებითა ღვთისაითა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ჩემი ერისა ეკლესიის სახელით შეგივრდები და გევედრები:
უწინამძღვრე და მარადჟამს იყავი მფარველი საქართველოს წმიდა ეკლესიისა და ქართველი ხალხისა, რათა ერსა ჩვენსა აწ და მარადის ქრისტეს გზით ევლოს; მოგვმადლე სარწმუნოებაი ჭეშმარიტი და სიყვარული შეუორგულებელი. დაგვიცევ ხილულ და უხილავ მტერთაგან, უწმიდურ ზრახვათა და უკეთურ საქმეთაგან; გვიხსენ ღვთის გმობისა და უარყოფისაგან, ამპარტავნებისა, შურისა და დიდებისმოყვარებისგან, ურთიერთმტრობისა, განკითხვისა, ცილისწამებისა და ვერცხლისმოყვარებისაგან, სიცრუისა, სიძულვილისა, ანგარებისა და ცუდმეტყველებისაგან.
მოგვანიჭე განსცდაი ცოდვათა ჩვენთა, სიმდაბლე და მოთმინება, გული სახიერი და წრფელი, რათა ვიხილოთ უფალი და დაემკვიდროს იგი ჩვენ თანა, მოიღე წყალობა მწყალობელო: სოფელსა მშვიდობა მოჰფინე და კაცთა შორის სათნოება დანერგე; განაახლე და მოქმედჰყავ ეკლესია-მონასტრები ჩვენი სადიდებელად ღვთისა; განანათლენ, დაიფარე და დაიცევ ყოვლადსამღვდელონი, ბერ-მონაზონნი და მღვდელმთავარნი... ქართველნი განგვამრავლენ, მოგვიტევენ უსჯულოებანი ჩვენნი და შეგვკრიბენ ღვთის კალთის ქვეშ, რათა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემსი მხოლოდ.
წმიდაო მღვდელმთავარო და მსწრაფლშემწეო ნიკოლოზ, მხურვალითა გულითა შეგავედრებთ წარსულთა ჩვენთა წინაპართა: მეფეთა, დედოფალთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, მღვდელმთავართა, ბერ-მონაზონთა და ყოველთა სამღვდელო და სამონაზვნო წესით აღსრულებულთა, ერისმთავართა, მწერალთა, მეცნიერთა, აღმაშენებელთა ეკლესია - მონასტრებთა, მათ შინა მშრომელთა, მხედართა და მხედარმთავართა, ბრძოლის ველზე მომწყდართა, რწმენისა და მამულისთვის თავდადებულთა და საუკუნითგან გარდაცვალებულთა ქართველთა; მოიხილენ იგინი და ეყავ მეოხად წინაშე წმიდისა სამებისა, რათა წყალობითა ღმრთისაითა დაიმკვიდრონ სავანე მართალთა. ხოლო ჩვენ ყოველთათვის შესთხოვე შემოქმედსა, ქრისტიანული მშვიდობითი აღსასრული მოგვანიჭოს და ჟამსა განკითხვისასა გვიხსნას საუკუნო სიკვდილისაგან.
მსასოებელთა შენთა შემწეო, მომმადლე მე უღირსსაცა ძალა, რათა ყოველითა გულითა და გონებითა ჩემითა ვემსახურო უფალსა, ეკლესიასა და ერსა ჩემსა.
მუხლმოდრეკით გამოვითხოვ შენგან წმიდა ლოცვა-კურთხევას.
ჩვენთან არს ღმერთი!
მორჩილი და მარად მადიდებელი შენი
მდაბალი ილია მეორე.
წმიდა ნიკოლოზობა
09.05.1985 წ.