ღვთის ეს რჩეულნი ქრისტეს შობამდე ორი ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. აბრამი, თარას ძე, დაიბადა ქალდეველთა ქვეყანაში,
სადაც ძალიან იყო გავრცელებული კერპთმსახურება. ღმერთმა იგი გამოარჩია ჭეშმარიტ მორწმუნეთა მამად, წინაპრად იმ ერისა, რომლისგანაც უნდა დაბადებულიყო ქრისტე და უთხრა: "გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ და გყო შენ ნათესავად დიდად და გაკურთხო შენ".
აბრაამი, რომელიც ამ დროს 75 წლისა იყო, დაემორჩილა ზეციურ კურთხევას და თან მთელი თავისი სახლეულითა და ძმისწული ლოთით სამხრეთისკენ გაეშურა.
ქანაანში უფალი კვლავ გამოუჩნდა ნეტარს და ამცნო: "თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე", და ღვთის რჩეულმაც სამადლობელი მსხვერპლი აღავლინა (ქანაანს, დღევანდელ პალეს¬ტინას, ამის შემდგომ ეწოდა აღთქმული ქვეყანა).
ქანაანის ქვეყანაში ცხოვრების ჟამს აბრამი და მისი ძმისწული, ლოთი გამდიდრდნენ. მათ ისე მრავლად ჰყავდათ ცხვარ-ძროხა, რომ საძოვრები საქონელს ვერ იტევდა და მათი მწყემსები ერთურთში ხშირად ჩხუბობდნენ. უსიამოვნება თავიდან რომ აერიდებინათ, აბრამმა ძმისწულს შესთავაზა, გაყრილიყვნენ: ლოთი აღმოსავლეთით წავიდა და იორდანის ნაპირას, სოდომ-გომორთან ახლოს დაემკვიდრა, აბრამი კი, უფლის მინიშნებით, ქებრონში გადავიდა და მამრეს მუხასთან დასახლდა.
ბიძა-ძმისწულის განშორების შემდეგ დიდ ხანს არ გაუვლია, რომ სენაარის ქვეყნის მოკავშირე მეფეები თავს დაესხნენ სოდომის მეფეს, სძლიეს იგი, დაარბიეს და სხვებთან ერთად ლოთიც ტყვედ ჩაიგდეს. ეს რომ აბრამმა შეიტყო, შეკრიბა თავისი სამას თვრამეტი მოსამსახურე, მოიხმარა მეზობლად მცხოვრებნი და ყველა ტყვე და გატაცებული საქონელი გამოიხსნა.
გამარჯვებით მობრუნებულ უფლის რჩეულს სოდომის მეფე წინ მიეგება. სალიმის მეფე მელქისედეკიც, რომელიც იყო "მღვდელი ღმრთისა მაღლისა", პურითა და ღვინით შეეგება და აკურთხა იგი. აბრამმა ნადავლის მეათედი შესწირა მელქისედეკს, როგორც მღვდელს.
როცა აბრამი 99 წლისა იყო, ღმერთმა მას ყველა უწინდელი აღთქმა გაუმეორა და სახელი აბრამი - მამა დიდი - აბრაამად შეუცვალა, რაც ნიშნავს: მამა მრავალთა.
ერთი წლის შემდეგ უფალი სამი ანგელოზის სახით გამოეცხადა მამბრეს მუხასთან, კარვის კარებთან მჯდარ მამამთავარს. სტუმართმოყვარე აბრაამმა უცნობი მგზავრები რომ იხილა, "მირბიოდა შემთხუევად მათდა", თაყვანი სცა და მდაბლად იწვია შინ. მათაც მიიღეს მიწვევა და ტაბლას მიუსხდნენ.
შემდეგ ერთმა მათგანმა მასპინძლის ცოლი, სარა, მოიკითხა და თქვა: "შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას და ესუას ძე სარრას, ცოლსა შენსა". კარებთან მდგომ სარას, რომელსაც უკვე ოთხმოცდაათი წელი შესრულებოდა, გაეცინა, უფალმა კი აბრაამს უთხრა: "რად განიცინნა სარა თავსა შორის თჳსსა. ნუ შეუძლებელ არს ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ?" შემდეგ ღმერთმა აბრაამს უთხრა, რომ სოდომ-გომორის მცხოვრებთა ცოდვებმა შეაწუხა, შეუძლებელი გახდა მათი სიბილწის ატანა, და უნდა აღმოვხოცო ისინიო.
აბრაამი შეევედრა ღმერთს: თუ "სოდომთა ქალაქში" ორმოცდაათი მართალი აღმოჩნდა, გაანადგურებო მას? უფალმა მიუგო: თუ ორმოცდაათი მართალი ვპოვე "დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს ". შემდეგ ორმოცდახუთი მართლისათვის შეევედრა აბრაამი ღმერთს ქალაქის პატიებას.უფალმა ათი მართლისთვისაც აღუთქვა ქალაქს შეწყნარება.
საღამო ჟამს ორი ანგელოზი მიეახლა სოდომს. ქალაქის ბჭეებთან მჯდარი ლოთი მიეგება მათ, მიწამდე თაყვანი სცა და შინ ისტუმრა. ეს რომ სოდომელებმა შეიტყვეს, ყველანი, "ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე" გარს შემოერტყნენ მის სახლს და ღრიალებდნენ: "სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყვანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყვნეთ მათ".
ლოთი გამოვიდა "წინაშე კართა", გონდაკარგულ ბრბოს მიმართა: "ნუსადა, ძმანო, ნუ უკეთურობთ!" და თავისი ორი უბიწო ასული შესთავაზა მის ჭერს შემოვედრებული მგზავრების სანაცვლოდ, მაგრამ მომხდურები მაინც არ დაცხრნენ. მაშინ სტუმრებმა "განყვნეს ჴელნი", ლოთი შინ შეიყვანეს და კარები დახშეს, შემოჯარული უსჯულოები კი დაბრმავდნენ.
მეორე დღეს, განთიადისას, ანგელოზებმა ლოთს უბრძანეს, სახლეულითურთ განრიდებოდა უსჯულო ქალაქს, რომელსაც განადგურება ელოდა; მაგრამ რადგან უფლის რჩეული იგვიანებდა, თავად მოჰკიდეს მას ხელი, ცოლითა და ასულებითურთ გაიყვანეს სოდომიდან და უთხრეს: "განირინე თავი შენი და ნუ გარეუკუნ იხილავ".
ლოთის ცოლი, რომელმაც ვერ გაუძლო ცდუნებას და უკან მიიხედა, დაისაჯა - მარილის სვეტად იქცა.
მალე უფლის წინასწარმეტყველება ახდა: სიბერის ჟამს სარამ მუცლად-იღო და შვა ძე - ისააკი. საზღვარი არ ჰქონდა ასი წლის მამამთავრის სიხარულს, მაგრამ მას წინ დიდი გამოცდა ელოდა: უფალმა უბრძანა, მხოლოდშობილი ყრმა მისთვის შეეწირა ყოვლად დასაწველ მსხვერპლად. აბრაამის სარწმუნოება არ შერყეულა.
მესამე დღეს მიეახლა სამსხვერპლოდ მინიშნებულ ადგილს, შეშა ისააკს აჰკიდა, თავად კი ცეცხლი და მახვილი იპყრა ხელთ და მთის კალთებს აუყვა. ბოლოს აბრაამი შედგა; საკურთხეველი ააგო, ზედ შეშა დააწყო, შეშაზე შებოჭილი ისააკი დააწვინა და მახვილი აღმართა მის დასაკლავად, ამ დროს ზეგარდამო ესმა ხმა: "აბრაამ! აბრაამ!. ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა ზედა, ნუცა უყოფ მას ნურარას, რამეთუ აწ მიცნობიეს, ვითარმედ გეშინის შენ ღმრთისა და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს".
აბრაამმა მიმოიხედა, ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი იხილა, მიიყვანა და მადლიერებით აღსავსემ ისააკის ნაც¬ვლად ის შესწირა უფალს.
ღმერთმა თავისი ერთგული მონა ასე აკურთხა: "ვინაითგან ჰყავ სიტყუაჲ ესე და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს, კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრა¬ვლო თესლი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშა ზღჳსკიდისა და დაიმკჳდრნეს თესლმან შენმან ქალაქნი წინააღმდგომთანი და იკურთხეოდიან თესლისა მიმართ შენისა ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი, მით რომელ ისმინე ჴმისა ჩემისა".
ამის შემდეგ აბრაამმა კიდევ დიდხანს იცოცხლა. ცოლი - სარა, საკუთარი ხელით დაკრძალა ქებრონში, მამრეს მუხის სიახლოვეს, ქვაბულში, ისააკიც დააქორწინა, ბოლოს კი, 175 წლისა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მართალი მამამთავარი მეუღლის, სარას გვერდით მიაბარეს მიწას.
აქვე წაიკითხეთ:
მამრეს მუხა 27-28 საუკუნეს ითვლის
ცამდე ამოაღწია მათმა უსჯულოებამ
ძველი აღთქმის მართლები თავიანთი თავისუფალი ნებით სასოებდნენ უფალს
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი