ოჯახი მშვენიერ ადგილას ცხოვრობდა - ლავრენტის მონასტრის სიახლოვეს, რომლის წინამძღვარი არქიმანდრიტი თეოფანე სულიერად გამოჰკვებავდა მათ. ამან იმოქმედა ყრმის სულზე.
დედამისი ამბობდა, - გული მიგრძნობს, ეს ბავშვი არაჩვეულებრივი ადამიანი გამოვაო. ხუთი წლის მიშას დედა გარდაეცვალა.
ოჯახმა საცხოვრებელი შეიცვალა. სკოლის დამთავრების მერე, 12 წლის ბიჭი ბუღალტრად მოეწყო, რასაც ჩინებულად უძღვებოდა. თუმცა მიხეილი თავისი სამყაროთი ცხოვრობდა, ბევრს კითხულობდა. უყვარდა მუსიკა, ჩინებულად უკრავდა ვიოლინოზე.
24 წლისამ, მამის გარდაცვალების შემდეგ, სამსახური დატოვა და სოფელში დასახლდა. ერთხელ ქურდებმა წიწიბურა მოჰპარეს. მიშა მათ დიდხანს შეაგონებდა წმინდა წერილის სიტყვებით. შედეგად ქურდები მუხლებზე დაეცნენ მის წინაშე და გულწრფელად შენდობა ითხოვეს.
ნათესავებმა მისი დაქორწინება სცადეს, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. ერთხელ მიქაელ პლოშჩანის მონასტერში წავიდა მოსალოცად და იქ დარჩა, ძმებს წერილით აცნობა, რომ უარი თქვა თავის წილ მემკვიდრეობაზე და მშობლების საფლავზე ათას მანეთად ეკვდრის აშენება სთხოვა.
იმ დროს პლოშჩანის მონასტერში ცხოვრობდა დიდი მამის, პაისის (ველიჩკოვსკი) მოწაფე, მამა ათანასე, სწორედ მას დაემორჩილა მიხეილი. მამა ათანასეს ძველ ასკეტ მამათა ნაშრომების წმინდა პაისისეული ბევრი თარგმანი ჰქონდა. ეს წიგნები შემდგომში გამოიცა, ოღონდ სლავურიდან რუსულად ნათარგმნი.
პლოშჩანის უდაბნოში მორჩილმა მიხეილმა შეისწავლა საეკლესიო ტიპიკონი და სანოტო გალობა. 1815 წელს ბერად აღკვეცეს მაკარის სახელით. ათი წლის მერე მამა ათანასე გარდაიცვალა, ხოლო მამა მაკარი სევის დედათა მონასტრის მოძღვრად დანიშნეს.
გაუჭირდა მოძღვრის გარეშე ცხოვრება. მაგრამ ერთხელ მის მონასტერში თავისი სულიერი შვილების სანახავად მამა ლევი (ნაგოლკინი) მივიდა. სწორედ მასში პოვა მამა მაკარიმ სულიერი მოძღვარი. თუმცა მამა ლეონიდე მამა მაკარის სულიერ მეგობრად თვლიდა, მაგრამ დაუთმო მის თხოვნას და ისე ექცეოდა, როგორც მოწაფეს.
თავიდან მიმოწერით ურთიერთობდნენ, მერე კი მამა მაკარი ოპტის უდაბნში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სკიტში გადავიდა.
მამა ლეონიდე უჩვეულო ადამიანი იყო. იგი მუდმივად ასრულებდა იესოს ლოცვას, ჰქონდა დაფარულმცოდნეობის და კურნების მადლი. ამაო დიდებისგან თავის დასაცავად სალოსობდა კიდეც. ვერ დაითმენდა თავდაჯერებაზე გულგრილობას, მზაკვრობას. მამა მაკარი გარდაცვალებამდე არ განშორებია. ორივემ ერთად გამოზარდა უდიდესი დაფარულმცოდნელი და სასწაულმოქმედი მამა წმინდა ამბროსი.
თუ მამა ლევი პირდაპირი ხასიათის იყო, მამა მაკარი უფრო რბილი გახლდათ. წმინდა ლევის მიცვალების შემდეგ სულიერი მამობის ღვაწლი მას დააწვა.
მამა მაკარი შუა ტანისა იყო, ნაყვავილარი, ულამაზო სახე ჰქონდა, ნათელი და სიმდაბლით აღსავსე მზერა, ძალზე მოძრავი და ცოცხალი გახლდათ. არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა. ცოტათი ენაბრგვილობდა და საუბრისას ჰაერი არ ჰყოფნიდა.
მას შემდეგ, რაც სკიტის წინამძღვრად დადგინეს, დილიდან საღამომდე იღვწოდა მონასტრის სულიერი აღორძინებისთვის. უამრავი ერისკაციც მიდიოდა მასთან და სულიერად განახლდებოდა. ყველას სიყვარულით უსმენდა: ზოგს შეაგონებდა, ზოგსაც - სასოწარკვეთის უფსკრულიდან აღმოიყვანდა.
თავისი გარდაცვალება ერთი წლით ადრე იწინასწრმეტყველა. ერთ სნეულ ქალბატონს უთხრა: "ახლა გამოჯანმრთელდები, მაგრამ ერთად მოვკვდებითო". ქალი 23 აგვისტოს გარდაიცვალა, მამა მაკარი კი - 30 აგვისტოს. უეცრად ავად შეიქმნა და ერთი კვირის შემდეგ წარვიდა უფლისა მიმართ. ასეთია ამბავი ამ უდიდესი მამისა.
სასწაულები
უძლურთა და ეშმაკეულთა განკურნება. სულიერ რჩევათა გარდა, მორწმუნეებს წმინდა მაკარი თავის კელიაში ვლადიმირის ხატის წინ ანთებული კანდელის ზეთსაც აძლევდა და მრავალ კურნებას ჰპოვებდნენ.
ერთი ეშმაკეული ქალი სკიტის მიმავალ ბილიკზე იჯდა და ამბობდა: "ნეტავ მალე მოკვდება ეს მაკარი? მთელი სოფელი აამღვრია... ვაი მე!"
ეს დედაკაცი მოძღვართან ქმარმა მოიყვანა, მამა მაკარის მიცემულმა ზეთმა ის ეშმაკეულობიდან განკურნა.
შემდგომში დედაკაცმა იმშობიარა, ახალშობილი დღედაღამ ტიროდა. მოიყვანეს მამა მაკარისთან, მოძღვარმა ბავშვი დალოცა და პატარა მაშინვე დამშვიდდა.
მოხდა ერთი ღირსშესანიშნავი შემთხვევაც: ერთ წარჩინებულს ავსული სტანჯავდა. მოიწვიეს ექიმები, ჯერ შინ მკურნალობდნენ, შემდეგ - საზღვარგარეთ, წყლებზე გაგზავნეს. არაფერი ეშველა. ავადმყოფს აშკარა ნიშნები ჰქონდა ეშმაკეულობისა.
შეტევები დიდ საეკლესიო დღესასწაულებს ემთხვეოდა, კრუნჩხვები სიწმინდეებთან მიახლოებისთანავე (ჯვარი, სახარება, ნათლისღების წყალი) ძლიერდებოდა. ავადმყოფს დამოუკიდებლად არ შეეძლო სინანულისა და ზიარების წმინდა საიდუმლოებებს შეერთებოდა.
მიუხედავად ამისა, მის ნათესავებს არ სურდათ, ერიდებოდათ სნეულებისთვის თავისი სახელი დაერქმიათ. ბოლოს, ერთმა მეგობარმა სნეული ოპტის მონასტერში მიიყვანა, რათა მოძღვრისთვის მასზე რჩევა ეკითხა.
მოკლედ, დაბინავდნენ მონასტრის სავანეში. მეგობარმა მამა მაკარისთან ჩუმად კაცი გაგზავნა და მოსვლა სთხოვა, ავადმყოფს კი არაფერი უთხრა.
მიუხედავად ამისა, ავადმყოფს შფოთვა დაეტყო, საცაა ეშმაკეულობის შეტევა გაუმეორდებოდა. გაიძახოდა: "მაკარი მოდის, მაკარი მოდისო!"
როგორც კი მამა მაკარი შევიდა სასტუმრო ოთახში, აქამდე მშვიდი ავადმყოფი გაცოფდა. გავარდა მოძღვრისკენ და თან ლანღავდა. ვიდრე შეაჩერებდნენ, მოასწრო და მამა მაკარის სილა გააწნა.
ღირსი მამა მის წინააღმდეგ (უფრო სწორად, კაცში ჩამჯდარი ეშმაკის წინააღმდეგ) უდიდესი იარაღი გამოიყენა: ქრისტეს მცნებისაებრ, მაშინვე მეორე ლოყა მიუშვირა.
სიმდაბლით მომწვარმა ეშმაკმა მაშინვე დატოვა საცოდავი. კაცი გრძნობადაკარგული დაეცა მამა მაკარის ფერხთით. დიდხანს იწვა ასე, შემდეგ კი სრულიად ჯანმრთელი წამოდგა. არ ახსოვდა ის საქციელი, რომლის დროსაც ღვთის დაშვებით, იგი მხოლოდ იარაღი იყო.
დაფარულთმცნობელი
"1846 წლის მარტში, - იხსენებს ცნობილი რუსი ფილოსოფოსის ივან კირეევსკის მეუღლე, - მაკარი დოლბინში გვესტუმრა. ჩემმა ქმარმა პირველად ჩააბარა მას აღსარება. იმავე წლის ოქტომბერში ქმარმა მითხრა: "მამა მაკარს წერილი მივწერე, ბევრი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეკითხვა დავუსვი. უთუოდ გაუჭირდება ჩემთვის პასუხის გაცემაო".
ამ საუბრიდან ერთ საათსაც არ გაევლო, რომ ფოსტით მამა მაკარის ორი წერილი მივიღეთ. "ეს რას ნიშნავს, მამა მაკარს ჩემთვის წერილი არასოდეს მოუწერია", - თქვა ჩემმა ქმარმა.
წერილს კითხვისას სახე თანდათან ეცვლებოდა. მერე მითხრა: "საკვირველია, საოცარია! ეს რა არის? წერილში, სულ ახლახან რომ გავუგზავნე, ყველა იმ კითხვაზეა გაცემული პასუხი".
უხრწნელი სხეული. მამა ანატოლი (პოტაპოვი) მამა მაკარის საფლავის გვერდით დაკრძალეს (მამა მაკარის გარდაცვალებიდან 62 წლის მერე). როცა მიწას თხრიდნენ, ღირსი მაკარის საფლავი ჩაიქცა, კუბო გაიხსნა და წმინდა მამის სხეული უხრწნელად შენახული იხილეს.
დარიგებანი
მოწყალების თვისება არის ყოველი ქმნილებისადმი სიყვარულით ანთებული და მისთვის კეთილისმსურველი გული. მოწყალება, მხოლოდ რაიმეს გაცემა კი არ არის, არამედ ის თანაგრძნობაცაა, როცა ვხედავთ რაიმეთი გატანჯულ ადამიანს, შეგვიძლია მისი დახმარება და ვეხმარებით".
"ჩვენი ცხონებისათვის მარტო რწმენა არ არის საკმარისი, საქმეებიც საჭიროა. პავლე მოციქულის სიტყვები: "საქმითა სჯულისათა, არა განმართლდეს ყოველი ხორციელი", - ეხება ძველაღთქმისეულ მცნებებს. სწავლება იმისა, რომ განმართლება (ცხონება) საქმეების გარეშე, მხოლოდ რწმენით მოიპოვება - არის ლუთერანული, არა მართლმადიდებლური. ცდება ის, ვისაც რწმენის დროსაც კი თავისი საქმეების იმედი აქვს. ცხონებას ჩვენი მაცხოვრის დამსახურებანი გვიბოძებენ!
"იმისთვის, რომ ჩვენი გული ღვთის მცნებებისაებრ გამოვასწოროთ, უნდა ვთხოვოთ უფალს შეწევნა - უმისოდ არაფრის ქმნა არ შეგვიძლია".
"გამოსწორების მსურველი, მაგრამ ვნებებისგან ძლეული, მიიღებს ამ გამოცდას, რათა დაიმდაბლოს თავი და თუნდაც უნებურად, ამით მიიზიდოს ღვთის მადლი".
ვნებების სუსხის გამო გაჩენილი შფოთი და სასოწარკვეთა ნიშანია სულიერი სიამაყისა. არ უნდა გავახაროთ მტერი შფოთითა და სასოწარკვეთით, არამედ ამოვიდეთ სიმდაბლის სიღრმიდან, დავინახოთ საკუთარი უძლურება, წარმოვიდგნოთ თავი უფლის წინაშე და შევწიროთ სინანული. სჯობს მუდამ ვინანიებდეთ, ვიდრე სასოწარკვეთით ვმდაბლდებოდეთ; სინანულითა და სიმდაბლითა მიიზიდავთ ღვთის მადლს და შეწევნას მისას".
"ცხოვრებისეული ღელვისას, ადამიანებთან ურთიერთობით ანუ ღვთის მცნებათა აღსრულებით, საშუალება გვეძლევა, ჩვენი სულისთვის ვიზრუნოთ. აბა, მათ როგორ აღვასრულებთ, თუ ადამიანებთან ურთიერთობა არ გვექნება?"
"უფლის სწავლება და თვითონ მისი ცხოვრება არის სიმშვიდე და სიმდაბლე, რომლის სწავლაც მისგანვე გვემცნო. ჩვენი უბედურების მიზეზი სიამაყეა, ყველა სიკეთის შუამდგომელი - სიმდალე".
"როგორ შეიძლება გულისშემუსვრილების წუთიერი გრძნობა ღვთის სიყვარულად ჩავთვალოთ? გონება ამით იდუმლად მიიტაცება და შეიძენს მედიდურობასა და სიამაყეს, და სხვა ყველაფერს მოაკლდება, სიმდაბლის ადგილი იქ არ არის.
ღმერთმა გიჩვენათ, რომ მისი მადლი ჩვენთან არის და წაგვართვა, რათა თავი არ ავიმაღლოთ; თუმცა მთლიანად არ მოგვაკლო და დაჰფარა ჩვენგან, რათა სიმდაბლით შეუვრდეთ მას. უფალს ნებავს, რომ ზოგჯერ დაუშვას ჩვენზე განგრძობილი ბნელი, სიცივე და სულიერი სიმძიმე, რათა საკუთარი თავი ყველაზე უარეს და უკანასკნელ ადამიანად ჩავთვალოთ, საკუთარი თავი ნუგეშისცემის ღირსად არ მივიჩნიოთ და არც ვეძებოთ ის; სწორედ ეს არის სრულყოფილი, თავმდაბლური მინდობა მაცხოვრისადმი.
ის წამების გზებით მიდიოდა და თვით ზეციური მამისადმი თავის ლოცვაში წარმოთქვა: "შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკვდილამდე" (მათე 16, 38), მაგრამ მიენდო მის ნებას და ჩვენც გვიბრძანა, ჯვარცმის გზით გვევლო და არა სიხარულისა.
როცა ფიქრობთ, სანუგეშო გრძნობებში ღვთის სიყვარული იპოვოთ, ეძებთ არა ღმერთს, არამედ საკუთარ თავს, საკუთარ ნუგეშინისცემას, ტანჯვის გზას კი თავს არიდებთ და სულიერი ნუგეშის გარეშე თავი დაღუპული გგონიათ. პირიქით კია, სულიერი ნუგეშის უქონლობა დაგვამდალებს..."
"იმაზე სწუხხარ, რომ ვერ აღასრულებ ღვთის მცნებებს და გეშინია, შენი ცხოვრება მხოლოდ სურვილებში თუ ჩაივლის, არ გეცოდინება, როგორი აღსასრული გექნება; ისააკ ასური ამბობს: "ჯილდო მცნებათა აღსრულების გამო კი არა, სიმდაბლისთვის მიენიჭება..."
"სათნოებათა აღსრულებისას თითოეული მათგანი სიმდაბლით განამყარე, რომელსაც ამბა დოროთე "დუღაბს" უწოდებს: ისევე, როგორც სახლის შენებისას ქვა ან აგური ერთმანეთზე ეწყობა, დუღაბით მტკიცედ შეიკვრის, ხოლო უდუღაბოდ ჩამოიქცევა, ასევე სათნოებები სიმდაბლის გარეშე სიკეთეს არ მოიტანენ".
"ჩვენი გამოუსწორებლობის და დაცემის მიზეზი მხოლოდ გულგრილობა კი არ არის, არამედ უფრო თავმაღლობაა... თავმაღლობის გამო ვეცემით და ვერ აღვასრულებთ სათნოებათა საქმეებს".
"წმინდა მამათა წიგნების კითხვა საჭიროა და სასარგებლოა ღვთის ნების შესაცნობად. წმინდა მამები კთხულობდნენ ჩვენთვის ბოძებულ წმინდა წერილში ღვთის სიტყვას, ასრულებდნენ მას და მოღვაწე ცხოვრებით მაგალითს გვაძლევდნენ თავიანთ სწავლებებში.
როცა მათ არ კითხულობთ, არ იცით სულიერი ცხოვრების და ბრძოლის შესახებ და ფიქრობთ, რომ ღვთის სიტყვას წაიკითხავთ, შეძლებთ მათ ასრულებას და თავს არ იმდაბლებთ. ხოლო წმინდა მამათა კითხვისას შეიცნობთ (ღვთისკენ სავალ) გზას ღვთის მცნებებს, ცდილობთ მათ ასრულებას, მაგრამ მათ საზომს ვერ მიღწეული, შეიცნობ საკუთარ უძლურებას, მდაბლდები და იღებ ღვთის წყალობას, რომელიც განსაკუთრებით თავმდაბლებზე გარდამოევლინება".
"ღვთის მართლმსაჯულებამ აქვე რომ განწმინდოს ადამიანი ცოდვათაგან, კაცთა მიერ, ვითარცა იარაღისგან, მოუვლენს გარეგნულ მწუხარებებს გონს მოსაყვანად და იმის შესამეცნებლად, რომ ჩვენ, ღვთის წინაშე შემცოდენი, უფრო მეტი სასჯელის ღირსნი ვართ და მათი დათმენით განვიწმინდებით.
არ უნდა გამოვიკვლიოთ მიზეზები, სამართლიანად და ტყუილად ხომ არ შეგვაწუხებენ (გვაწყენინებენ) კაცნი. როცა შევცოდავთ ღვთის წინაშე, ეს არის მნიშვნელოვანი საბაბი, განმაღვიძებელი ღვთის განგებულებისა, რომელიც ჩვენზე მწუხარებათა ქარიშხალს აღძრავს".
"მონანული ქრისტიანის ვალია, მადლობდეს მის აქვე დამსჯელ ღმერთს, რათა მომავალ საუკუნეში სამუდამოდ არ დაისაჯოს. ამიტომაც, ჩვენს მაწყინართ არა მარტო ამ მცნებების გამო კი არ უნდა მივუტევოთ: "გიყვარდეთ მტერნი თქვენი" (მათე 5,44) და "მიუტევეთ და მოგეტევებათ" (მათე 6,14), არამედ სანაცვლოდ (წყენისა) მათ ჩვენი კეთილისქმნით მივაგოთ, რამეთუ ამით მიერ ღირსი შევიქმნებით საკუთარ ცოდვათა მიტევებისა".
"ეკლესიისა და მოციქულთა მცნებათა მიხედვით პატივი უნდა მიაგოთ მღვდლებს, ვითარცა საკურთხევლისა და ღვთის საიდუმლოთა მსახურებს, რამეთუ მათ გარეშე შეუძლებელია ცხონება, და თქვენი ძალისაებრ, უნდა დაეხმაროთ მათ საჭიროებისას; "რომელნი საკურთხეველსა წინაშე დგანედ, საკურთხევლისგან ნაწილი განიღიან (1 კორ. 9,13). შეცოდებისას მათი განსჯა საერთოდაც არ არის თქვენი საქმე: ცხვრები მწყემსს არ ასმართლებენ, როგორიც არ უნდა იყოს ის. მღვდლის განკითხვა ნიშნავს, რომ თვითონ ქრისტე განიკითხო. ფრთხილად ამისგან."
ვინც პირობას დებს, სასძლო გახდეს და მერე დაუტევებს ამ განზრახვას, ვერ მიიღებს ბედნიერ მომავალს (ბედს)".
წმინდა მაკარის წერილებიდან
დიდება ღმერთს, რომელმაც ჯანმრთელად დაგიცვათ თქვენ უცხო მხარეში. დაე, დაიფაროს მან თქვენი სულიერი ჯანმრთელობა, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენისა და დოგმატების ერთგულებაში, რომელიც თვითონ უფალმა დაამყარა შვიდი მსოფლიო კრების შვიდ სვეტზე, სადაც სულიწმიდა მოქმედებდა დოგმატების რჯულისდებაში, რადგან თქვენ საცდურთა დედაქალაქში იმყოფებით, სხვადასხვა რწმენის საწინააღმდეგო აზრების, თვით ურწმუნოებისა და თავისუფლად აზროვნების გარემოცვაში, სადაც ყველას არ ძალუძს წინაღუდგეს მტრის ძლიერ თავდასხმებს.
მაგრამ გული მარწმუნებს, რომ ღვთის შეწევნით, თქვენ ვერ შეგარყევენ, მტკიცედ იდგებით მშობლიური, მართლმადიდებელი რწმენის საფუძველზე და დაიმარხავთ ამ უძვირფასეს მარგალიტს თქვენს გულებში, რისთვისაც ვევედრები ყოვლადმოწყალე უფალს, თქვენც გთხოვთ, რომ იმავე სიმდაბლით შეევედროთ ღმერთს.
საკუთარი თავის იმედი არ უნდა გქონდეთ, რომ შეგიძლიათ საკუთარი ძალით და გონებით თავის დაცვა. უფალი იყოს შემწე და მფარველი თქვენი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა - მეოხმა ჩვენმა, დაგიფაროთ თავისი საფარველით და შუამდგომლობით.
* * *
შენი წერილიდან ვხედავ, რომ მიხვდი საკუთარ შეცდომას, თითქოს სიამაყე გაკლდეს, აღმოაჩინე შენში ჩაბუდებული ამპარტავნება, რომლის გამოც საკუთარ დამსახურებათა იმედი გქონდა და სხვებს ამცირებდი. დიდება ღმერთს, რომ აგეხილა თვალი და დამდაბლდი, მდაბალს კი ღმერთი არ უგულებელყოფს.
კითხულობ, - როგორი უნდა წარვსდგე ღვთის წინაშეო. თავად რას ფიქრობ, ნუთუ როგორც მართალი? ჩვენ გულში უნდა შევიცნოთ საკუთარი თავი ცოდვილად და დავიმდაბლოთ თავი. რა თქმა უნდა, "გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს" (ფს. 50,19).
განა შევძლებთ ჩვენი მოჩვენებითი სიმართლით რამე დავიმსახუროთ, თუ ღვთის გულმოწყალება არ შეგვიწყალებს და თუ მისი ჯვარზე ვნება და გამოსყიდვა კაცთა მოდგმისა, არ განგვამართლებს.
წმინდანები... ყველა ქმნილებაზე უარესად თვლიდნენ თავსა და მით უფრო სათნო ეყვნენ ღმერთს. შენს თავს მოწეული, მთელი ამ დროის მწუხარებანი უნდა მიიღო, როგორც ღვთისგან შენი რწმენის გამოსაცდელად ანდა სასჯელად გამოგზავნილი. შენ კი მწერ, რომ მთელი ეს ხანი მწუხარებდი და დრტვინავდი, რომ ამ განსაცდელებმა ზნე გაგიფუჭეს. მწუხარებას კი არ უნდა დააბრალო, არამედ საკუთარ თავს, და საკუთარ სულმოკლეობას, რომლის მერეც იბადება სიმდაბლე.
* * *
ღვთის გულმოწყალებით ჩვენთვის მოცემული სინანული არის სულიერი კურნება. შენ ცოდვის ისარმა მოგწყლა და ამით მკურნალობა (სინანულით) სცადე. ღვთის მოწყალება გიცავს და შენ გეკუთვნის მაცხოვრის სიტყვები: "აჰა, ჯანმრთელი იქმენ, ნუღარა სცოდავ!" დიდება ღმერთს, განგიღვიძა სინდისი, სნეულების სიმძიმე იგრძენი და კურნებას ეძიებ.
ამის მიზეზი გარეთ კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ჩვენს შიგნით. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი წერს: "სადაც მოხდა დაცემა, იქ წინაუსწრო სიამაყემ".
ამაზე უკვე გესაუბრე, ასე რომ, გაიხსენე შენი უძლურება და რაც შეგიძლია, გულში სიმდაბლე დაიმარხე.
დამდაბლებულ და შემუსვრილ გულს კი ღმერთი არ უგულებელყოფს და თავის შეწევნას მიმადლებს. მტერი სასოწარკვეთილი შეგაწუხებს, შენ კი სიმდაბლით შეუვრდი კეთილსაიმედოსა და გამოუთქმელად მოწყალე ღმერთს. სანუგეშოდ გთავაზობ, რომ ქრისტეშობამდე დღეში ხუთჯერ მუხლი მოიდრიკო მაცხოვრისა და ხუთჯერ ღვთისმშობლის მიმართ "გიხაროდენთან" ერთად.
* * *
აქვე წაიკითხეთ:
რწმენა იკარგება დაეჭვებისგან, კეთილმოკრძალება - კადნიერებისგან
კამათი ჭეშმარიტებას კი არ ემსახურება, არამედ მსმენელთა განადგურებას