უამრავი ჩვენნაირი ერისკაცი მიდიოდა რჩევისთვის წმინდა მაკარი ოპტელთან. ღირს მამასთან სიახლოვეც კი ადამიანებს საკეთილოდ ცვლიდა. გვსურს, ერთი ერისკაცის მოგონება გაგაცნოთ.
"მე ერთი რუსი მემამულე ვარ. ღვთის წყალობით, დაოჯახებული. მე და ჩემმა მეუღლემ დროის შესაფერი განათლება მივიღეთ. ჩემი აწ განსვენებული დედის აღზრდის წყალობით კი გავუფრთხილდი სულში მბჟუტავ ღვთის შიშის ნაპერწკალს. ვერც სტუდენტურმა ცხოვრებამ, ვერც სამხედრო სამსახურმა და ვერც ქალაქის ათასნაირმა გასართობმა ვერ ჩამიქრო იგი, თუმცა ტაძარში იშვიათად დავდიოდი, არც დილა-საღამოს ლოცვები მახსოვდა, მიყვარდა თეატრი, მხიარულ საზოგადოებაში ტრიალი.
მაგრამ იყო წუთები, როცა სულში საოცარი მამხილებლობით ალაპარაკდებოდა ხოლმე სინდისი. მეც, გულშემუსვრილი, საკუთარი ცოდვების შემცნობი, მზერას მივაპყრობდი მას, ვისაც "არა ჰნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და სინანული".
შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს ბევრი ვიხეტიალე ქალაქში სხვადასხვა საქმეზე, რომლებიც არცთუ კარგად მიმდიოდა, და შინ ნირწამხდარი დავბრუნდი. მეუღლე შემეგება და მითხრა, რომ ჩვენთან რამდენიმე ახლობელი შეკრებილიყო. არ მესიამოვნა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, შევუერთდი მხიარულ კომპანიას. ყოფითი პრობლემებიდან თანდათან ანეკდოტებზე გადავედით. შუა მხიარულებაში შეგვატყობინეს, კართან ვიღაც ბერი დგას და მიღებას ითხოვსო. მცირე ყოყმანის მერე შემოვიპატიჟეთ. ოპტის უდაბნოს ბერდიაკონი მამა კ-ი აღმოჩნდა, რომელიც, მამების კურთხევით, შემოწირულობის მოსაგროვებლად ჩამოსულიყო დედაქალაქში. უკვე გვიანი იყო და ბერს ჩვენს ოჯახში დარჩენა შევთავაზეთ. დაგვთანხმდა. საუბარი განვაგრძეთ. ვცადეთ, ბერიც "ჩაგვეთრია", მაგრამ ის დუმდა და მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა, როცა რელიგიას შევეხეთ და მკაცრადაც შევკამათდით. დიდხანს საუბრობდა, თავმდაბლად და ძალზე უბრალოდ, მერე კი დაგვემშვიდობა და მისთვის გამოყოფილი ოთახისკენ გასწია დასასვენებლად.
ბერის ნათქვამმა დაამშვიდა ჩემი სტუმრები და სახლებში წავიდნენ. მე კი მისმა სიტყვებმა სინდისი გამომიღვიძა და მოსვენებას არ მაძლევდა. რაც ადრე უაზრობად მეჩვენებოდა, მას ახალახელილი სულიერი თვალით დიდი ფასი მიეცა. ცოდვასთან ბრძოლა არ დამიწყია, მაგრამ საკუთარი დაცემულობის შეგრძნება კი გამიჩნდა. ბერის წასვლის შემდეგ ცხოვრება ძველებურად გაგრძელდა, თუმცა სულის "სიმშვიდე" უკვე დამრღვეოდა.
მეორე წელსაც ვუმასპინძლეთ მამა
კ-ს. ასეთ ბერთან ურთიერთობის შემდეგ, ბუნებრივია, ოპტის უდაბნოსა და იქ მცხოვრები მამების მონახულების სურვილიც გაგვიჩნდა. განსაკუთრებით კი მამა მაკართან გვსურდა შეხვედრა, რომელზეც მამა კ-ი ბევრ საინტერესოს ჰყვებოდა.
როცა პირველად ვნახე მამა მაკარი, ისეთი არ მეჩვენა, როგორიც წარმომედგინა. ძალზე უბრალო, უაღრესად თავმდაბალი ბერი ჩანდა, ცოტას ლაპარაკობდა, ამასთან, ენაბრგვილი გახლდათ. ჩემი ცოლი კი, მიუხედავად არისტოკრატული მედიდურობისა, კეთილმოკრძალებასთან შეზავებულმა შიშმა მოიცვა და მთელი სულით მიეჯაჭვა მას.
აღსარება ვთქვით და ვეზიარეთ. მერე პეტერბურგში დავბრუნდით და ძველებური მხიარული ცხოვრება განვაგრძეთ. მაგრამ უცნაური რამ ხდებოდა! სინდისი გვამხელდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეკლესიის ზარების ხმა გვესმოდა. მორწმუნენი ტაძრისკენ იჩქაროდნენ, ჩვენ კი თეატრში ან მეჯლისზე მივდიოდით. მარხვის დარღვევასაც მივეჩვიეთ... მაგრამ ნელ-ნელა მივხვდით, ისე არ ვცხოვრობდით, როგორც მართლმადიდებელი ეკლესია ითხოვდა. შეწუხებულებს თვალწინ ღირსი მამა წარმოგვიდგებოდა თავისი მშვიდი სახითა და ტკბილი საუბრით.
მეორე შემოდგომას ისევ ვეწვიეთ ოპტის მონასტერს. მამა მაკარი უკვე შინაურულად შეგვხვდა. დაწვრილებით გამოგვკითხა, როგორ ვცხოვრობდით პეტერბურგში. იმ უხერხულობის გრძნობაზე მოვუყევი, თან რომ მდევდა გართობის დროს. მაშინ კი ისე გველაპარაკა, როგორც არასდროს უსაუბრია ჩვენთან:
"ყოველი კაცი იმისთვის არის შექმნილი, რომ იცოცხლოს და ღმერთი ადიდოს. ის კეთილად შეიქმნა, მაგრამ დროთა განმავლობაში ხორციელი ვნებებით გატაცებული ცოდვით დაეცა. თუმცა არასოდეს არის გვიან, პირველქმნილი მდგომარეობა დაიბრუნოს, მოინანიოს და ღვთის მცნებათა აღსრულება იწყოს - აი საიმედო გზა, რომელსაც მრავალმოწყალე უფლისკენ მივყავართ. ქრისტიანი მოვალეა, ყოველჟამს მიმართოს ღმერთს და თავისი სულიერი ყოფის გამოსწორებას დასაბამი დაუდოს. ნურავის შეაშფოთებს თავისი ცოდვილი მდგომარეობა. "არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს". რაც უფრო ცოდვილია კაცი, მეტია ღვთის შეწევნაც მისი ცოდვის ჭაობიდან ამოსაყვანად. მაგრამ ღვთის შეწევნა მაშინ მოქმედებს, როცა ცოდვილი გულშემუსვრილი ინანიებს, გამოსწორება სურს და საკუთარ თავში რომ ვერ პოულობს ცოდვისგან განდგომის ძალას, ღვთის შეწევნას ეძიებს. ღვთის გულმოწყალებაც აღესრულება მასზე, უფალს ხომ ცოდვილის სიკვდილი არ სურს, არამედ მოქცევა და სიცოცხლე. არც ერთი წამით არ უნდა გადავდოთ ჩვენი გამოსწორება. როცა სინდისის ხმა სინანულისკენ მოგვიწოდებს, მყის გულმოდგინედ უნდა შევავედროთ მფარველ ანგელოზს ჩვენი კაცობრივი ცხოვრება. დაე, დაგვიფაროს ხრწნადი დაცემისგან, დაე, შეგვეწიოს, რათა ვემსახუროთ ღმერთს შიშითა და კრძალვით".
მამა მაკარის ამ სიტყვებმა ერთიანად შეძრა ჩვენი არსება. განვლილი ცხოვრების მთელი უკეთურობა თვალწინ დამიდგა. გული ცრემლით ამევსო და გარეთ გადმოიფრქვა. დიახ, ჩვენ ვტიროდით და ტკბილი იყო ეს ცრემლი დიდი სინანულისა. მამა მაკარი წმინდა წერილის მოხმობითა და მამათა ნათქვამით გვანუგეშებდა. მერე კი გვირჩია, წმინდა ზიარება მიგვეღო.
აღსარებისა და ზიარებისთვის მზადებისას მამა მაკარი ყოველდღიურად მოდიოდა ჩვენთან მონასტრის სასტუმროში და სულიერად გვმოძღვრავდა, ჩვენ კი საკუთარ გულისთქმებს მოვუთხრობდით.
საუბარი მარხვასაც შეეხო. მეშინოდა მეღიარებინა, რომ მარხვას ხშირად ვარღვევდი, მეგონა, მკაცრად დამტუქსავდა. მამა მაკარმა თავმდაბლად შენიშნა, ეკლესიის დადგენილებები იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ, მისმა შვილებმა, მიუხედავად საზოგადოებრივი მდგომარეობისა და ცხოვრების პირობებისა, მკაცრად დავიცვათ ისინიო. იმდენად რბილად და ალერსით საუბრობდა, გავთამამდი და ვკითხე: თუ შეიძლება, როცა ამას საჭიროება მოითხოვს, მაგალითად, ვმგზავრობთ ან სტუმრად ვართ, ანდა სამარხვო საჭმელი ვერ ვიშოვეთ, სახსნილო მივიღოთ-მეთქი. გამიღიმა და მითხრა: "განა მე, მღვდელმონაზონს, შემიძლია იმის ნება დაგრთოთ, რაც წმინდა ეკლესიამ აკრძალა? ჩემი სიყვარულის გულისთვის გთხოვთ, მარხვა შეინახოთ". გადავწყვიტეთ, დავმორჩილებოდით. მართალია, თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, მივეჩვიეთ და მარხვა უკვე აღარ გვიმძიმს.
მამა მაკარს შევჩივლე:
- დროდადრო უეცრად მომეწონება ვინმე ქალიშვილი და რაღა დაგიმალოთ, ისე მივეჯაჭვები ხოლმე, მიჭირს კიდეც ცოლისგან ამის დამალვა, მას კი ეჭვიანობა ტანჯავს. თვით ტაძარში ლოცვისასაც მასზე ვფიქრობ. გაივლის დრო და ეს მოწონებაც ქრება, მავიწყდება კიდეც.
- ეჰ, - ღრმად ამოიოხრა მამა მაკარმა, - თქვენ, ერისკაცებს, არაფრად მიგაჩნიათ ასეთი ქარაფშუტობა, არადა მასში საშინელი ბოროტება იმალება, რომელიც სულიერ საგანძურს გვპარავს და უფსკრულისკენ მიგვაქანებს. მაცხოვარმა პირდაპირ გვითხრა: "ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქმად მას, მანვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა" (მათე 5,28). ხედავთ - თქვენ მხოლოდ სურვილით შეხედეთ, ცოდვა კი უკვე ჩადენილია, უფლის მცნება დარღვეულია. ცხოვრებისეული თვალსაზრისითაც, რამდენი მწარე წუთი, მწუხარება მოაქვს ამგვარ გატაცებას! როგორც ვხედავ, ოჯახურ გარემოში ცხოვრობთ, მშვიდად და ბედნიერად. გიყვართ ცოლი, მასაც უყვარხართ, ერთმანეთთან გულახდილები ხართ. მისი სახით კარგი მეგობარი გყავთ, რომელიც გულწრფელად იზიარებს თქვენს მწუხარებასაც და სიხარულსაც. მაგრამ როგორც კი თქვენს გულში ღალატის ფიქრი შეაღწევს, ეშმაკი ჩაეჭიდება მას და ისეთი ძალით წაგათრევთ, უკვე ძნელი იქნება, შეჩერდეთ და თქვენს წმინდა მოვალეობას დაუბრუნდეთ. დაცემამდე აღარაფერი დარჩა, დაეცემი და ყველაფერი დაიქცევა. თუUცოლი თქვენი ერთგულია, მეგობრის ნაცვლად მტრად შეგექმნებათ. სიყვარულის ნაცვლად მის მიმართ სიძულვილს იგრძნობთ, ნუგეშისცემის ნაცვლად მასში დაბრკოლებას დაინახავთ არაადამიანური ვნებების დაკმაყოფლების გზაზე... და ვერც კი შეამჩნევთ, როგორ იქცევით ურჯულო მტრად თქვენი რჯულიერი მეუღლისთვის. რა მწარე მომავალი აქვს ასეთ ცხოვრებას აქვე, მიწაზე! და რაღა ელის სიკვდილის შემდეგ!.. საშინელია ცოდვილისთვის "შევრდომაი ხელთა ღმრთისა ცხოველისათა!" (ებრ. 10,31).
- მასწავლეთ, მამაო, როგორ დავიცვა თავი ამ ვნებიანი გატაცებისგან, ამ მაცდუნებელი გულისთქმებისგან შინ თუ ტაძარში ლოცვისას, - ვთხოვე მოძღვარს.
- ყველა განსაცდელის დასაბამი სიამაყეა. კაცს ჰგონია ხოლმე, რომ ღვთისმოშიშად ცხოვრობს, სულაც არ ფიქრობს თავის ცოდვებზე და სხვებსაც კი განიკითხავს. ამ დროს ღმერთი დაუშვებს, მასზე ეშმაკმა იმოქმედოს თავისი მზაკვრობით. ყურადღებით ადევნეთ თვალყური თქვენს ცხოვრებას, შეამოწმეთ თქვენი სინდისი და თქვენდა უნებურად დარწმუნდებით, რომ ჯერ არც ერთი მცნება არ შეგისრულებიათ ისე, როგორც ქრისტიანს შეჰფერის. ამგვარად მსჯელობისას ნათლად დაინახავთ თქვენს სულიერ უძლურებას, რომელსაც ხორციელი დაცემა სდევს თან. ასეთ დაცემებს რომ გადაურჩე, სიმდაბლე უნდა შეიძინო. ხოლო რაც შეეხება ცოდვიან გულისთქმებს, შინ თუ ტაძარში რომ გაწუხებთ ლოცვისას, ნუ შეგაშფოთებთ ისინი, რადგან მტრისგანაა. შეეცადეთ, არ შეეხოთ მათ და მსწრაფლ ილტვოდეთ ღმრთისკენ ლოცვით: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".
მაგალითად გეტყვით: როცა მშობლები თავიანთ პატარებთან ერთად სასეირნოდ მიდიან, ბავშვებს, ჩვეულებისამებრ, წინ უშვებენ, თვალწინ რომ ჰყავდეთ. უეცრად საიდანღაც ძაღლი რომ გამოვარდეს და ბავშვებს ეცეს, პატარები როგორ მოიქცევიან? მაშინვე მშობლებისკენ გაიქცევიან ყვირილით: "დედა! მამა!" ბავშვური გულწრფელობითა და რწმენით მშობლებისგან ელიან შველას. თქვენც ასე მოიქეცით ამქვეყნიური წარმავალი ცხოვრების გზაზე - როცა მტერი ჩვენი ეშმაკი მზაკვრობას დაიწყებს, ნუ შეშფოთდებით და ნუ ეცდებით, თავი საკუთარი ძალებით დაიცვათ, არამედ ბავშვური უბრალოებით შეღაღადეთ ზეციერ მამას: "უფალო, მე შენი ქმნილება ვარ, შემიწყალე!"
საბოლოოდ კი გეტყვით, რომ, ჩემი ფიქრით, ძნელი იქნება თავი დაიცვათ საცდურისაგან, თუ დიდ ქალაქში იცხოვრებთ. როგორ გაუძლოს სულიერ ღვაწლში ჯერ კიდევ სუსტმა კაცმა თანამედროვე სამყაროს განსაცდელებს?! მაღალი საზოგადოება სხვადასხვა სარწმუნოების ხალხისგან შედგება. ნაწილი ქრისტიანებისა, თუმცა მართლმადიდებლები არიან, მაგრამ ძალზე დაშორდნენ ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას. ძნელია ებრძოლო ვნებებს, მაგრამ შეუდარებლად უფრო ძნელია, წინ აღუდგე გამუდმებულ საცდურს. დაბოლოს, ფუფუნება, მოდას აყოლა, ათასგვარი ცხოვრებისეული მოთხოვნილება - ეს ყველაფერი ისე ძვირია, რომელი სიმდიდრით შეძლებს კაცი ამ სურვილების დაკმაყოფილებას? აგერ, თვითონვე ამბობთ, ფულის საქმე ცუდად მიმდისო. როცა ქალაქიდან შორს, სოფელში იცხოვრებთ, ფინანსური მდგომარეობაც გამოგისწორდებათ. განა ეს ცოტაა? ადამიანის სულს, როგორც უკვდავ არსებას, ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია - ის ან უკეთესი ხდება, ანდა უარესი. წყნარი სოფლის ცხოვრება, ცხადია, ღვთის შეწევნით, სულიერ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.
მამა მაკარის საუბარი ღრმად მებეჭდებოდა მართალ სიტყვას მოწყურებულ სულში. არასოდეს მიგრძნია ისეთი ტკბილი სიმშვიდე, როგორიც ამ მადლმოსილ მოსაგრესთან საუბრისას. მთელი ჩემი გულისთქმები ერთი მიზნისკენ ისწრაფოდა - როგორმე დამეწყო მართლმადიდებელი ქრისტიანის შესაფერი ცხოვრება. მოძღვრის სიტყვებმა, როგორც ზეციურმა ცვარმა, დაალბო ჩემი გულის გამხმარი ნიადაგი. ვგრძნობდი, მასში როგორ აღორძინდებოდა თესლი სასოებისა, რომ არც ჩემთვის იყო დაგმანული გზა ხსნისა, გზა ნეტარი ცხოვრებისა, რომ აღარ ვიქნებოდი მხოლოდ სიტყვით ქრისტიანი".
(დასასრული შემდეგ ნომერში)