-მამაო, როგორ ვიცხონოთ სული იმ სამყაროში, სადაც დღესდღეობით გვიწევს ცხოვრება, როგორ გავუხსნათ გულის კარები ღმერთს და როგორ შვეძლოთ მის წინაშე გულწრფელად ლოცვა-ვედრება?
-ამისთვის საჭიროა სულიერი ვარჯიში, ანუ სულიერი წვრთვნა, რომელთაგან უპირველესი საშუალებაა ლოცვა. როდესაც კაცი განუწყვეტლივ ლოცულობს, ეს უკვე ჩვევაში გადასდის და ბუნებრივი ხდება მისთვის. ასე, მაგ: როცა ხშირად ვიმეორებთ ლოცვის სიტყვებს, ამ დროს, მთელ ჩვენს არსებას მოიცავს ერთგვარი განცდა მადლისმიერი მდგომარეობისა, რაზედაც ხშირად საუბრობენ წმინდა მამები, ისინი, ვინც უკვე მოიხვეჭა გულისმიერი, განუწყვეტელი ლოცვის ძალა და მადლი. საერთოდ, როდესაც ადამიანი რაიმეს ხშირად იმეორებს, ეს მოქმედება მას ჩვევაში გადასდის და მისი ცხოვრების ნაწილი ხდება, ასეა ლოცვაც. ზოგიერთმა ჩვენთაგანმა თავდაპირველადვე მიიღო უფლისგან ე. წ. "უსასყიდლო" მადლი და ყოველი მათგანი, ვინც მიმართავდა უფალს გულისმიერი ლოცვით, ეს მდგომარეობა მისთვის მუდმივი ხდებოდა. შესაბამისად, ლოცვაც უკვე თავისთავად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აღევლინებოდა მის სულში. ეს ის მდგომარეობაა, რომელიც სულს იმ ენითგამოუთქმელ სიხარულსა და სიმშვიდეს ანიჭებს, რაც არაამქვეყნიურია, არამედ ზეციდან არის ნაბოძარი. ასე რომ, დროდადრო, ღვთის ამ მადლსა და წყალობას ხან ღებულობს კაცი, ხანაც კარგავს.
-მამაო, რას გვირჩევდით ლოცვის თაობაზე, რომელი ლოცვების აღვლენა გვმართებს, ან როგორ და რა ვითარებაში უნდა ვლოცულობდეთ?
-წმინდა მამები ბევრს საუბრობენ იესოს ლოცვის შესახებ. ისინი გვარიგებენ, რომ თითოეული მორწმუნე უნდა ცდილობდეს იესოს ლოცვის დაუფლებას და ხშირად იმეორებდეს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". თუ ამ ლოცვას მუდამდღე ხშირად აღვავლენთ, აუცილებლად შევიგრძნობთ გულში ცხოველსმყოფელ მადლს ღვთისას და მომავალში ისე გადავა ეს ლოცვა ჩვევაში, რომ უკვე ჩვენი ნების დაუკითხავად აღევლინება გულში. როდესაც იესოს ლოცვას წარმოვთქვამთ, უფალი წყალობასა და სულიწმიდის მადლს გვიგზავნის ზეციდან და კაცის გულიც არამიწიერ ნეტარებასა და სიხარულს განიცდის, ისეთს, რომ თავადაც უკვირს და გაფკვირვებია. ამ დროს ყველაფერს სიკეთის თვალით სჭვრეტ და ყოველი გარემოება გესათნოება, რასაც კი ხედავ და ეხები, ვინაიდან ყველაფერი შენთვის წმინდაა. მინდა გითხრათ, რომ ყოველივე ამას სულიწმიდის მადლი ქმნის, ის მადლი, რომელიც არც ჩვენს ნება-სურვილზეა დამოკიდებული და არც გუნება-განწყობაზე, ის თავისთავად, უწყვეტლივ მოქმედებს, როგორც ერთგავრი მექანიზმი... ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას, მის სულში კი ენითგამოუთქმელი მადლი და სიმშვიდე სუფევს, როგორიც გააჩნდა ღირს მამა სერაფიმე საროველს. ღირსი მამა განურჩევლად ყველას ამ სიტყვებით მიმართავდა: "სიხარულო ჩემო"... ასეთ დროს ადამიანი მასში მოქმედი განუწყვეტელი მადლით ხარობს და ორმაგად ბედნიერია, როდესაც მოყვასის გულშიც ხედავს იგივე ღვთიურ მადლისმიერებას და მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ დგას მის წინ: ბავშვი თუ მოხუცი, რამეთუ ეს მდგომარეობა მას ღვთაებრივ ენერგიასა და ენითგამოუთქმელ სიხარულს ანიჭებს. მამა ფადეი აღნიშნავდა, რომ ყველაფერი ჩვენი ფიქრებიდან მომდინარეობს, ვინაიდან ადამაინს არ ძალუძს გონების გულში დაყუდება და აზრების შეჩერება. მამაო მოგვიწოდებს, როგორც კი ნეგატიური აზრები შემოგვიტევენ, მსწრაფლ განვაგდოთ ისინი, რადგან თუ გულის სიღრმემდე ჩააღწევენ, ისინი ზემოქმედებას ახდენენ ჩვენს გრძნობებზე და მათგან თავის დაღწევა გაცილებით რთულია. მოძღვარი გვაფრთხილებს, რომ თუ ადამიანის ნება გულამდე დასმულ გრძნობებს შეერწყმის, ადამიანის თავისუფალი არჩევანი ფიქრებისა და გრძნობების ერთგვარ ნეგატიურ ნაზავს წარმოქმნის, რომელსაც ეთანხმება რა უკვე გულიც, კაცს ის მოქმედებაში მოჰყავს. შესაბამისად, ცოდვა უკვე მთლიანად მოიცავს ადამიანის არსებას, რომლის მოკვეთაც ძალზედ რთულია!
თეა ცაგურიშვილი