30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:
- ადამიანი როცა სულის მაცხოვნებელ გზას შეუდგება, არა აქვს მნიშვნელობა მღვდელი იქნება, მონაზონი თუ ერისკაცი ის სულიერ ბრძოლაში ერთვება. სამი რამ ებრძვის ადამიანს, პირველ რიგში რაც ყველაზე მასთან ახლოსაა, საკუთარი დაცემული ბუნება, ვინაიდან ჩვენ მემკვიდრეობით ვატარებთ ვნებებს და ვიმყოფებით ვნებიან მდგომარეობაში, მეორე ეს არის ამასოფლის სული, წუთისოფლის სული, რომელიც მხოლოდ ცდილობს თვალები აგვიხილოს და არ დავფიქრდეთ, გავერთოდ ყოფით ცხოვრებაში, მესამე ეს არის ბოროტი სული, რომელსაც ვიდრე მეორედ მოსვლამდე თავისუფლება აქვს მინიჭებული, რათა გამოვიცადოთ. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, ბოროტი სული არის ერთგვარი გრდემლი, რომელზეც მჭედელი ჭედავს ძვირფას იარაღს, ძვირფას ნივთს, ასევე იჭედება თითოეული ჩვენთაგანის სული.
ბრძოლები თავდაპირველად მოდის მავნე ჩვევებიდან. მავნე ჩვევები რაც შეგვიძენია შემდეგ ამის წინააღმდეგ გვიხდება ბრძოლა. ამას უნდა სულიერი შრომა, რომელიც ტკივილებთან არის დაკავშირებული. მეორე ეს არის ამასოფლის სული, რომელიც ცდილობს გაგვართოს, არ მოგცეს საკუთარი თავის შეცნობის, საკუთარ თავში ჩაღრმავების საშუალება, მესამე კიდევ ბოროტი სული, რომელიც მრავალი განსაცდელით, ხილულითაც თუ უხილავითაც ცდილობს, თავი გაგვანებებინოს ამ ჩვენს წმინდა განზრახვაზე და ხელი აგვაღებიოს წმიდნა განზრახვაზე, რასაც სულის ცხონება ჰქვია. უფალი გვეუბნება: რომელსა უნდოდეს შემოდგომად ჩემდა, უარყავ თავი თვისი, აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მეო.
რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი, ის ცხონდება და რომელმან მოუფრთხილდეს საკუთარ სულს, ის წარიწყმიდავს საკუთარ სულს. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა უნდა იტვირთოს ჯვარი ქრისტესი. ღმერთთან ყოფნა იწყება აქვე და როდესაც ამას გადავწყვეტთ, უნდა ვიტვირთოთ ეს განსაცდელების ჯვარი ანუ დავითმინოთ და მოვიძულოთ ჩვენი მავნე ჩვევები და ისინი შრომით გამოვასწოროთ. არ უნდა გაგვიტაცოს ამ სოფლის სიამეებმა, ვნებებმა. ამ სოფელმა თვალები არ უნდა აგვიხვიოს, არ უნდა დაგვაბრმავოს. მესამეა - ეშმაკისგან აღძრული გასნაცდელები უნდა დავითმინოთ და შევეწინააღმდეგოთ ქრისტეს ჯვრის სასოებით. უფალმა პირველმა გაიარა ეს გზა, ღმერთი განკაცდა იმისათვის, რათა ადამიანი განეღმრთო. უდანაშაულო ყოვლადწმინდა არსება, ღმერთი მოკვდა იმისათვის, რათა დამნაშავე, შეცოდებული ადამიანი არ დასჯილიყო. ჩვენი სასჯელი საკუთარ მხრებზე იტვირთა. ქრისტეს იმედით უნდა დავუპირისპირდეთ ამ სამ რამეს, ქრისტეს იმედით უნდა მოვითმინოთ და ქრისტეს სასოებით ვატაროთ ქრისტეს ჯვარი. წმინდა მამები გვეუბნებიან, ქრისტემ ჯვარი აიღო ჩვენთვის, ხოლო ჩვენც უნდა ავიღოთ ჯვარი მის სადიდებლად და ჩვენი სულის საცხოვნებლად.
მას არ სჭირდებოდა არაფერი, მხოლოდ ჩვენ რომ ვეცხოვნებინეთ, დაითმინა ჯვარზე საშინელი სიკვდილი. ადამიანი ცხონებას საკუთარი ღვაწლით ვერ მიაღწევს, ვერ იტვირთავს, თუ არა ქრისტე - თუ მას ქრისტე არ დაეხმარება. თუ მას არ ექნება ქრისტეს სასოება და მისი ჯვრის სასოება. ჯვარი არის დამმარცხებელი ბოროტისა, ვინაიდან ქრისტემ ჯვრით დაამარცხა ეშმაკი. ჩვენ გვყავს სამი მტერი, საკუთარი დაცემული ბუნება, ეს წუთისოფელი და ეშმაკი. მაგრამ ჩვენ გვყავს ასევე უდიდესი მფარველი, პირველ რიგში თვით ღმერთი, განკაცებული უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც წინ მიგვიძღვება ჯვრით ხელში, შემდეგ ასიათასობით წმინდანთა ლაშქარი, რომლებმაც ეს ვიწრო გზა განვლეს, დაამარცხეს ეშმაკი და დღეს ნეტარებენ ჩვენს მაცხოვართან ერთად. წინაღობების არ უნდა შეგვეშინდეს, ჩვენ ეშმაკი ვერ დაგვამარცხებს, იქნება წინაღობა, იქნება დაცემა, მაგრამ ჩვენ უძლურნი ვართ. ღმერთი არის ძლიერი, ღმერთია ყოვალდმოწყალე. ღმერთია ყოვლადძლიერი არსება, რომელსაც წინ ვერაფერი აღუდგება. ვერც აქ და ვერც იქ. ვინც გადაწყვეტს ღმერთის შვილი იყოს, ის გასნაცდელს იტვირთავს, მაგრამ მას ვერ დაამარცხებს. პავლე მოციქული გვეუბნება, რომელი უყვარდეს ღმერთსა საყვარელი შვილი სტანჯვის და სწავლის ფრიადო. ანუ საყვარელ შვილს ღმერთი ტანჯვით განსწავლის. ტანჯვა გამოწვეულია ჩვენი ვნებებისაგან, ამაწუთისოფლისაგან და ბოროტი სულისაგან. ვინც ამას დაითმენს ქრისტეს სიყვარულით და სასოებით, ის გამარჯვებას მიაღწევს. ვინც ბოლომდე უერთგულებს ქრისტეს დამარცხება შეუძლებელია. წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს, ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულები. გამარჯვება გარდაუვალია, ეშმაკი შემუსვრილია და ეშმაკი დაცემულია. ეშმაკის დამცემი და შემმუსვრელი ყოვლადძლიერი ღმერთია, რომელსაც თითოეული ადამიანი უნდა შევუდგეთ.
-სულიერი ბრძოლის საპირისპიროდ რა უნდა გავაკეთოთ?
-მაგალითად გვაწუხებს, მრავლამეტყველების ცოდვა. ამის გამოსწორება ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ როცა ადამიანი ცდილობს, აღსარებას აბარებს, ხშირად ეზიარება და ცდილობს მოიშროს ეს ვნება, ადრე თუ გვიან ამ ვნებას აუცილებლად მოიშორებს. მაგალითად ადამიანს უყვარს გართობა, ერთ ადგილას ვერ ჩერდება და ასეთ განსაცდელშია, ამის აღკვეთა უნდა დაიწყოს მოთმინებით. თუ ძალიან გაუჭირდა და ცოდვით დაეცემა, არაუშავს, უფალი ჩვენს სურვილს, ნებელობას აფასებს და ამის გამო შეგვეწევა. ჩვენი ძალებით ვნებებს ვერ დავამარცხებთ. ვერც ეშმაკისგან მოწეულ განსაცდელს გადავლახავთ. ეს ხდება ღვთის შეწევნით.. უფალს როგორ უნდა ვთხოვოთ შეწევნა? რა თქმა უნდა ლოცვაში. ლოცვა არის ღმერთთან ლაპარაკი, ადამიანის განმაძლიერებელი. ლოცვა სათნოებათა დედოფალიაო - წმინდა მამები გავსწავლიან. საჭირო არ არის მაღალფარდოვანი ლოცვების თქმა, მაგალითად, შემიძლია ჩემი სიტყვებით მივმართო უფალს. უფალო შემეწიე, მიჭირს ერთ ადგილზე დგომა, მაგალითად, მიჭირს მსახურებაზე ტაძარში ყოფნა. შემეწიე უფალო, რომ გადავლახო ეს სირთულე და გავჩერდე შენი სახელის სადიდებლად. ხომ ხედავ ჩემს სისუსტეებს და გთხოვ დამეხმარე, რომ გამოვსწორდე. ესეც საკმარისია, უფალი ასეთ ლოცვასაც შეიწირავს. მთავარია ჩვენი გულწრფელობა და გულწრფელად აღვლენილი ლოცვა.
ისევ იოანე ოქროპირს დავუბრუნდები: არ მიკვირს, როდესაც ადამიანები სცოდავენ, ცოდვაში ვარდებიან, მაგრამ მე ის მაკვირვებს, რომ მათ აღარ უნდათ შემდეგ წამოდგომა. აღარ უნდათ ცოდვის მიტოვება. ღმერთს უნდა დავანახოთ ჩვენი ნება, ხოლო შემდეგ ყოველივეს ღმერთი იქმს. მთავარია ღმერთის სასოება. ღმერთს სასოებით უნდა მივმართოთ და მასზე დავამყაროთ სასოება და არა ჩვენს საკუთარ ძალებზე, სულიერ თუ ხორციელ ძალებზე. ამით უნდა შევეწინააღმდეგოთ ცოდვას. უფალი წყალობას მოიღებს და განგვათავისუფლებს ჩვენი ცოდვებისაგან.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ.