წმინდა ლეონიდე (ლევი)
წინასწარმცნობელი. "ყრმობიდანვე მინდოდა მონასტერში წასვლა, - ჰყვება მონაზონი თ., - 1837 წელს, როცა თორმეტი წლისა ვიყავი, დედას ვთხოვე, კიევში დედათა მონასტერში დავეტოვებინე, სადაც გზად შევიარეთ.
დამპირდა, როცა თხუთმეტი წლის გახდები, ბორისოვოს უდაბნოში (მონასტერში) მიგიყვანო. მაგრამ ამის მერე ის მალე გარდაიცვალა. მამას კი, ვიდრე 35 წლის არ გავხდებოდი, ჩემი მონასტერში გაშვება არ უნდოდა, რაც ძალზე მაწუხებდა. 1840 წელს თხუთმეტი წლის გავხდი. ვშიშობდი, ჩემი ბედი ჩემი სურვილის წინააღმდეგ არ გადაეწყვიტათ, ამიტომაც შინიდან გაპარვა მსურდა. მაგრამ დეიდაჩემმა, რომელთანაც ახლოს ვიყავი, მამაჩემი დაითანხმა, ოპტის უდაბნოში მამა ლეონიდესთან წავსულიყავით და მას გადაეწყვიტა ჩემი ბედი. მამა ლეონიდემ ჩვენ, სრულიად უცნობ ადამიანებს, სახელებით მოგვმართა და გვითხრა, დიდი ხანია ველოდები თქვენს სტუმრობასო. ასეთმა მოულოდნელმა შეხვედრამ ყველა ჩიხში შეგვიყვანა, არ ვიცოდით, რით გვეპასუხა. მერე სათითაოდ შევედით მასთან კელიაში. მამა ლეონიდე, მდგომარეობისდა მიხედვით, ყველას გვეუბნებოდა წარსულს, აწმყოს და მომავალს. მე მასთან ყველაზე ბოლოს შემიშვეს. შესვლის წინ საოცრად მეშინოდა, მისი კელიიდან კი დიდად ნუგეშინისცემული გამოვედი. მან მაკურთხა, პირდაპირ ბორისოვოს უდაბნოში წავსულიყავი. მისი ლოცვის წყალობით მამაჩემს ხელი აღარ შეუშლია, თუმცა საარსებო ფულიც არ მოუცია (იმდროინდელი მონასტერი რუსეთში იდიორითმული იყო უმეტესწილად და მასში საკუთარი სახსრებით ცხოვრობდნენ). როცა მამა ლეონიდეს ჩემზე ჰკითხეს, ასე როგორ იცხოვრებსო, მან უპასუხა: - იქ საუკეთესოდ იქნებაო. მისი სიტყვები ზედმიწევნით ასრულდა. მამაჩემმა 1841 წელს თვითონვე მიმიყვანა ბორისოვოს უდაბნოში, სადაც დღემდე ვცხოვრობ". 1839 წელს მამა ლეონიდესთან ერთი გოგონა მივიდა, დიდებულთა წრიდან და კურთხევა სთხოვა მონასტერში წასვლაზე. მან უთხრა: "ერთი წელი დაიცადე და მერე ჩვენთან მოდიო". გოგონა დამწუხრებული წავიდა, რადგან ეშინოდა ამ ერთ წელში მის სურვილს წინ რაიმე არ აღსდგომოდა. მან სიზმარში ორჯერ ნახა მამა ლეონიდე, რომელმაც ორჯერვე პურის ნატეხი მისცა, პირველად უმარილო, მეორედ მარილიანი და უთხრა: "ნუ ჯავრობ, ხომ გითხარი, მონასტერში წახვალ-მეთქი. ოღონდ ჯერ მე შემომიარე". ერთი წლის მერე გოგონა ოპტის მონასტერში მივიდა. როგორც კი მამა ლეონიდემ დაინახა, სიტყვა არ ათქმევინა, იმწამსვე უთხრა: "რაო, წუხდი და ჯავრობდი? მე ხომ პურის ნატეხი მოგეცი, შენ კი შეჭამე. ახლა დამშვიდდები". მან გოგონა მონასტერში წასვლაზე აკურთხა.
ერთ ვაჭრის ცოლს ქმრის სიკვდილის შემდეგ ქალიშვილი დარჩა, რომლის გათხოვებაც უნდოდა და კურთხევისთვის მამა ლეონიდესთან გაემართა. მან - გოგონა აქ მომიყვანე, მისთვის კარგი სასიძო მყავს შერჩეულიო. დედა ასეც მოიქცა, მან აკურთხა, გოგონა ბელევის დედათა მონასტერში წაეყვანა, სადაც ის აღესრულა კიდეც.
წმინდა ლევ ოპტელის დარიგებები. "რწმენა იკარგება დაეჭვებისგან, კეთილმოკრძალება - კადნიერებისგან, ხოლო დამოძღვრა ცნობისმოყვარეობის გამო არის უმოქმედო (უნაყოფო)".
"ჩადი გონებით ჯოჯოხეთში. იქ წმინდა წერილის სარკის დახმარებით იხილე ხორცთმოთნენი. ნუთუ მოისურვებ ცოდვის წამიერი სიტკბოებისთვის იქ ყოფნას? გახსოვდეს, რომ მოკვდავი ხარ".
"როგორ გათბება გაყინული სული? ღვთის სიტყვით, ლოცვით, ღვთისადმი მდაბალი მადლიერი გრძნობებით აღსავსე გულით, ყოველგვარი, არა მარტო გარეგნული, არამედ შინაგანი ცვლილებით".
"მედიდურობა სათნოებათა ქმნისას ღვთივსაწინააღმდეგოა".
"საკუთარი თავის მიმართ უყურადღებო არასოდეს შეიქნება ღირსი მადლის წვევისა".
"ღმერთი არ უგულებელყოფს ლოცვებს. მაგრამ სურვილებს ზოგჯერ მხოლოდ იმიტომ არ აღასრულებს, რომ თავის ღვთაებრივი განზრახვით ყველაფერი უკეთესად აღაშენოს. რა იქნებოდა, თუ ღმერთი - ყოვლისმხედველი - სრულიად აღასრულებდა ჩვენს სურვილებს? ვფიქრობ, თუმცა არ ვამტკიცებ, რომ მაშინ ყველა მიწაზე დაბადებული მოვწყდებოდით".
ამონარიდები მამა ლევის წერილებიდან. ცუდი საზოგადოებისგან განშორებაზე: "რამდენჯერ შეიძლება ითქვას: "განეშორე შფოთს, ამაო ადამიანებს! საკუთარი ნება და მოშურნეობა ღვთის სათნოყოფისთვის და საუკუნო საგანთა შეძენისთვის გამოიყენე. ყოველივე დროებითი იცვლება, საუკუნო კი საუკუნოდ რჩება. კეთილ ფიქრებს განფანტვის საშუალებას ნუ მისცემ. იქ ყოველივე ამაოა, სადაც სული ცხოვნებისთვის არ დაიმოძღვრება და ღვთის შიშით არ გაბრწყინდება. სიმშვიდის ანგელოზმა მშვიდობის ფიქრებით მოგიზღუდოს გული..."
ბილწ გულისთქმებზე: "მივიღე თქვენი წერილი, მიხსნით, რომ ლოცვისას ხშირად სიბილწის გულისთქმები მოგდით, რის გამოც სულმოკლეობთ. ამგვარ შემთხვევაში, ლოცვისას გონების განფანტვისას, წმინდა მამები გვირჩევენ, რომ არ შევცბუნდეთ, არამედ დავიმდაბლოთ თავი და შევინანოთ, მაშინღა ვპოვებთ სიმშვიდეს, რაშიც წმინდა იოანე კიბისაღმწერელი განგვაძლიერებს, გვასწავლის რა მე-4 საფეხურში, "ეცადე, რომ ყოველთვის ერთად შეკრიბო განფანტული ფიქრები. ღმერთი პასუხს არ მოგთხოვს იმის გამო, რომ ვერ შეეძლო ლოცვისას სხვა ფიქრები არ მოგსვლოდა. გონებაგანფანტული სასოს ნუ წარიკვეთ, ყოველთვის მოიკრიბე განფანტული ფიქრები. გონების მარადიული განუფანტველობა მხოლოდ ანგელოზთათვის არის ბუნებრივი (შესაძლებელი)".
"მონაზვნობის მსურველს გულითადად გისურებთ ღვთის კურთხევას და მშვიდობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მონაზვნობის სურვილი გაქვთ, ეს კეთილი სურვილია, მაგრამ მის აღსასრულებლად უნდა ევედროთ ღმერთს და არ იყოთ ლერწამივით, რომელიც ორივე მხარეს იხრება. უფალს ძალუძს, მეორე ნათლისღება გიბოძოთ, ანუ ანგელოზებრივი სქემა შეიმოსოთ. პირველ რიგში წერილი გამოგიგზავნეთ. იმედია, მიიღეთ. ამით გაბარებთ ღვთის საფარველს, ვიქნები მარადის თქვენი ცხონების მოსურნე, უღირსი თქვენთვის ღვთისადმი მლოცველი, დიდად ცოდვილი.
ღირსი მაკარი (ივანოვი)
მამა მაკარი (ივანოვი) 1788 წლის 20 ნოემბერს დაიბადა ორლოველი აზნაურის, ნიკოლოზ და ელისაბედ ივანოვების ოჯახში. მას სახელად მიხეილი უწოდეს, წმინდა მიხეილ ტვერელის პატივსაცემად. ოჯახი მშვენიერ ადგილას ცხოვრობდა - ლავრენტის მონასტრის სიახლოვეს, რომლის წინამძღვარი არქიმანდრიტი თეოფანე სულიერად გამოჰკვებავდა მათ. ამან იმოქმედა ყრმის სულზე. დედამისი ამბობდა: - გული მიგრძნობს, ეს ბავშვი არაჩვეულებრივი ადამიანი გამოვაო. ხუთი წლის მიშას დედა გარდაეცვალა. ოჯახმა საცხოვრებელი შეიცვალა. სკოლის დამთავრების მერე 12 წლის ბიჭი ბუღალტრად მოეწყო, რასაც ჩინებულად უძღვებოდა. თუმცა მიხეილი თავისი სამყაროთი ცხოვრობდა, ბევრს კითხულობდა. უყვარდა მუსიკა, ჩინებულად უკრავდა ვიოლინოზე. 24 წლისამ, მამის სიკვდილის მერე, სამსახური დატოვა და სოფელში დასახლდა. ერთხელ ქურდებმა მას წიწიბურა მოჰპარეს. მიშა მათ დიდხანს შეაგონებდა წმინდა წერილის სიტყვებით. შედეგად ქურდები მუხლებზე დაეცნენ მის წინაშე და გულწრფელად შენდობა ითხოვეს. ნათესავებმა მისი დაქორწინება სცადეს, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. ერთხელ მიხეილ პლოშჩანის მონასტერში წავიდა მოსალოცად და იქ დარჩა, ძმებს წერილით აცნობა - უარი თქვა თავის წილ მემკვიდრეობაზე და მშობლების საფლავზე ათას მანეთად ეკვდერის აშენება სთხოვა. იმ დროს პლოშჩანის მონასტერში ცხოვრობდა დიდი მამის, პაისის (ველიჩკოვსკი) მოწაფე მამა ათანასე, სწორედ მას დაემორჩილა მიხეილი. მამა ათანასეს ძველ ასკეტ მამათა ნაშრომების წმინდა პაისისეული ბევრი თარგმანი ჰქონდა. ეს წიგნები შემდგომში გამოიცა, ოღონდ სლავურიდან რუსულად ნათარგმნი.
პლოშჩანის უდაბნოში მორჩილმა მიხეილმა შეისწავლა საეკლესიო ტიპიკონი და სანოტო გალობა. 1815 წელს ბერად აღკვეცეს მაკარის სახელით. ათი წლის მერე მამა ათანასე გარდაიცვალა, ხოლო მამა მაკარი სევის დედათა მონასტრის მოძღვრად დანიშნეს.
გაუჭირდა მოძღვრის გარეშე ცხოვრება. მაგრამ ერთხელ მის მონასტერში თავისი სულიერი შვილების სანახავად მამა ლევი (ნაგოლკინი) მივიდა. სწორედ მასში პოვა მამა მაკარმა სულიერი მოძღვარი. თუმცა მამა ლეონიდე მამა მაკარს სულიერ მეგობრად თვლიდა, მაგრამ დაუთმო მის თხოვნას და ისე ექცეოდა, როგორც მოწაფეს. თავიდან მიმოწერით ურთიერთობდნენ, მერე კი მამა მაკარი ოპტის უდაბნოში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სკიტში გადავიდა.
მამა ლეონიდე უჩვეულო ადამიანი იყო. იგი მუდმივად ასრულებდა იესოს ლოცვას, ჰქონდა დაფარულმცოდნეობის და კურნების მადლი. ამაო დიდებისგან თავის დასაცველად ცოტათი სალოსობდა კიდეც. ვერ დაითმენდა თავდაჯერებას, გულგრილობას, მზაკვრობას. მამა მაკარი გარდაცვალებამდე არ განშორებია. ორივემ ერთად გამოზარდა უდიდესი დაფარულმცოდნელი და სასწაულმოქმედი მამა წმინდა ამბროსი.
თუ მამა ლევი პირდაპირი ხასიათის იყო, მამა მაკარი უფრო რბილი გახლდათ. წმინდა ლევის სიკვდილის შემდეგ სულიერი მამობის ღვაწლი მას დააწვა.
მამა მაკარი შუა ტანისა იყო, ნაყვავილარი, ულამაზო სახე ჰქონდა, ნათელი და სიმდაბლით აღსავსე მზერა, ძალზე მოძრავი და ცოცხალი იყო. არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა. ცოტათი ენაბრგვილი გახლდათ და საუბრისას ჰაერი არ ჰყოფნიდა.
მას მერე, რაც სკიტის წინამძღვრად დაადგინეს, დილიდან საღამომდე იღვწოდა მონასტრის სულიერი აღორძინებისთვის. უამრავი ერისკაციც მიდიოდა მასთან და სულიერად განახლდებოდა. ყველას სიყვარულით უსმენდა: ზოგს შეაგონებდა, ზოგსაც სასოწარკვეთის უფსკრულიდან ამოიყვანდა.
თავისი გარდაცვალება ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა. ერთ სნეულ ქალბატონს უთხრა: "ახლა გამოჯანმრთელდები, მაგრამ ერთად მოვკვდებითო". ქალი 23 აგვისტოს გარდაიცვალა, მამა მაკარი - 30 აგვისტოს. უეცრად ავად გახდა და ერთი კვირის შემდეგ, 7 სექტემბერს წარვიდა უფლისა მიმართ. ასეთია ამბავი ამ უდიდესი მამისა.
სასწაულები. უძლურთა და ეშმაკეულთა განკურნება. სულიერ რჩევათა გარდა მორწმუნეებს წმინდა მაკარი თავის კელიაში ვლადიმირის ხატის წინ ანთებული კანდელის ზეთსაც აძლევდა და მრავალ კურნებას პოვებდნენ. ერთი ეშმაკეული ქალი სკიტის მიმავალ ბილიკზე იჯდა და ამბობდა: "ნეტავ მალე მოკვდება ეს მაკარი? მთელი სოფელი აამღვრია... ვაი მე!" ეს დედაკაცი მოძღვართან ქმარმა მოიყვანა, მამა მაკარის მიცემულმა ზეთმა ის ეშმაკეულობიდან განკურნა. შემდგომში დედაკაცმა იმშობიარა, ახალშობილი დღედაღამ ტიროდა. მოიყვანეს მამა მაკართან, მოძღვარმა ბავშვი დალოცა და პატარა მაშინვე დამშვიდდა.
მოხდა ერთი ღირსშესანიშნავი შემთხვევაც. განათლებული საზოგადოების ერთ წარმომადგენელს ეშმაკეულობის შეტევები ემართებოდა. მოიწვიეს ექიმები, ჯერ შინ მკურნალობდნენ, მერე საზღვარგარეთ, წყლებზე გაგზავნეს. არაფერი ეშველა. ავადმყოფს აშკარა ნიშნები ჰქონდა ეშმაკეულობისა. შეტევები დიდ საეკლესიო დღესასწაულებს ემთხვეოდა, კრუნჩხვები ძლიერდებოდა წმინდა საგნებთან (ჯვარი, სახარება, ნათლისღების წყალი) შეხებისას, ავადმყოფს დამოუკიდებლად არ შეეძლო სინანულისა და ზიარების წმინდა საიდუმლოებებს შეერთებოდა. მიუხედავად ამისა, მის ნათესავებს არ სურდათ, ერიდებოდათ სნეულებისთვის თავისი სახელი დაერქმიათ. ბოლოს ერთმა მეგობარმა სნეული ოპტის მონასტერში მიიყვანა, რათა მოძღვრისთვის მასზე რჩევა ეკითხა. მოკლედ, დაბინავდნენ მონასტრის სავანეში. მეგობარმა მამა მაკართან ჩუმად კაცი გაგზავნა და მოსვლა სთხოვა, ავადმყოფს კი არაფერი უთხრა. მიუხედავად ამისა, ავადმყოფს შფოთი დაეტყო, საცაა ეშმაკეულობის შეტევა გაუმეორდებოდა. გაიძახოდა: "მაკარი მოდის, მაკარი მოდის!" როგორც კი მამა მაკარი შევიდა სასტუმრო ოთახში, აქამდე მშვიდი ავადმყოფი გაცოფდა. გავარდა მოძღვრისკენ და თან ლანღავდა. ვიდრე შეაჩერებდნენ, მან მოასწრო და მამა მაკარს სილა გააწნა. ღირსმა მამამ მის წინააღმდეგ (უფრო სწორად, კაცში ჩამჯდარი ეშმაკის წინააღმდეგ) უდიდესი იარაღი გამოიყენა: ქრისტეს მცნებისაებრ, მაშინვე მეორე ლოყა მიუშვირა. სიმდაბლით მომწვარმა ეშმაკმა დატოვა საცოდავი. კაცი გრძნობადაკარგული დაეცა მამა მაკარის ფერხთით. დიდხანს იწვა ასე, მერე კი სრულიად ჯანმრთელი წამოდგა. არ ახსოვდა ის საქციელი, რომლის დროსაც, ღვთის დაშვებით, იგი მხოლოდ იარაღი იყო.