ძველი სტილით 30 აგვისტო წმინდა ილია მართლის გარდაცვალების დღეა. 1907 წელს, სწორედ ამ დღეს მოკლეს წიწამურთან დიდი ილია.
1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნებულიყო. ნაცნობ-ახლობლები არ ურჩევდნენ დაბრუნებას - აქ საშინელი მდგომარეობაა, აგერ, შენს მოურავს და მის ცოლს ყელი გამოსჭრეს ბანდიტებმა, მერე შენც მოგადგებიანო, მაგრამ ილიას რა გააჩერებდა უცხო მხარეში! "ამდენი ხანი არ ვყოფილვარ საქართველოში! ზაფხული თუ იქ არ გავატარე, ჩვენს ქვეყანას არ გადავხედე, ზამთარში აქ რა გამაძლებინებს?"
ილია იმედიანად ჩამოდის საქართველოში და მთელ ზაფხულს საგურამოში ატარებს. მხეცურად მოკლული მოურავის, მოსე მემარნიშვილის ნაცვლად, თავისი დის რეკომენდაციით, აჰყავს დიმიტრი ჯაში. ცდილობს, გაამშვენოს თავისი კარ-მიდამო, მაგრამ უგუნური ქართველები არ ცხრებიან, ცდილობენ, გული მოუკლან.
გამხეცებულმა ყაჩაღებმა ილიას საყვარელი ჯორი ტყეში დაიჭირეს, გაკოჭეს, უკანა ტანში მსხვილი პალო ისე შეუყარეს, რომ ნაწლავები დაუგლიჯეს. ამ საშინელმა ამბავმა ყველა აღაშფოთა.
21 აგვისტოს ჭავჭავაძეს ესტუმრა ძველი მეგობარი გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი. სწორედ მან შემოგვინახა ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი დღეების დოკუმენტური სანდო სურათი: "დაღონებული იყო, ემდუროდა სხეულის სისუსტეს და აწუხებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცუდი ამბები. მაგრამ არ უყვარდა მის შესახებ ლაპარაკი და ამჯობინებდა რასმე წაკითხვას ან ისეთ საგნებზე ლაპარაკს, რომელთაც შეეძლო დაევიწყებინათ არევ-დარეულობის სამწუხარო სურათები.
საზოგადოდ შევნიშნე ენერგიის სისუსტე და ის სიფიცხე, რომელიც სჩვევია მოხუცებულობას. აღარ ჰქონდა, როგორც შევამჩნიე, წინანდებური სიყვარული სხვასთან ყოფნისა და ლაპარაკისა. ხანდახან საღამოობით, დიდხანს იჯდა გაჩუმებული აივანზედ. მთელი ექვსი დღის განმავლობაში ჩემი უკანასკნელი ყოფნის დროს, მე არ მინახავს ღიმილი მის სახეზე.
ბოლო დროს ხშირად ხმარობდა სიტყვას "უმადურობას". როგორც ა. ლაისტის სიტყვებიდან ვრწმუნდებით, ილიას რაღაც ავის მომასწავლებლად უგრძნობდა ტანი, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა.
27 აგვისტო (ახალი სტილით 9 სექტემბერი)
1907 წლის 27 აგვისტოს ილია საქმეებზე მიემზავრება თბილისში. მოურავმა დიმიტრი ჯაშმა ფრთხილად და მორიდებულად შეჰკადრა:
- ილია გრეგორიჩ! საჭიროა, რომ მცხეთამდე ჩვენმა სამმა "სტრაჟნიკმა" გაგაცილოს.
ილიამ დაინახა ცხენზე ამხედრებული სამი შეიარაღებული "სტრაჟნიკი", რომლებიც ჯაშს წინასწარ გაემზადებინა მის გასაცილებლად, ერთგვარ დამცირებად იგრძნო ეს და დიმიტრის უთხრა:
- ილია ჭავჭავაძეს სამშობლოში დამცველები არ ესაჭიროებაო...
* * *
ილიას მუხანათური მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ მისმა ნათესავმა, ზაალ ჭავჭავაძემ, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე ასეთი ჩვენება მისცა:
"ილია მკვლელობის წინა კვირებში ძალიან ფრთხილი იყო, წინათ მისი სასეირნო ადგილი გახლდათ მისივე სახლის აივანი, რომელიც გადაჰყურებს არაგვის ხეობას. იქ მგოსანი მთელ საღამოებს ატარებდა ხოლმე. ბოლო დროს სულ აღკვეთა იმ აივანზე სეირნობა და ათასში ერთხელ თუ გავიდოდა. ვატყობდი, რაღაც არასასიამოვნო მომავლის მოლოდინში იყო, მაგრამ თქმით არას ამბობდა. ერთხელ მკითხა, იარაღი გაქვსო, და როცა ვუპასუხე არა-მეთქი, ჩაიცინა, ხუმრობით სთქვა, განა შენ სანადირო იარაღი არ უნდა გქონდესო და მაუზერის რევოლვერი გადმომცა. თუმცა, მგოსანს არა უთქვამს რა ჩემთვის, მაგრამ ვატყობდი, რომ რაღაც იცოდა".
ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ილიამ იცოდა "რაღაც", რადგან "ბოლშევიკები" მაინცდამაინც დიდად არ იწუხებდნენ თავს საკუთარი ბნელი განზრახვების დასამალად. თანაც, თბილისი მაშინაც პატარა ქალაქი იყო, შეუძლებელია, ილიას ყურამდე არ მიეღწია იმას, რაც ზაქარია ჭიჭინაძემ ერთი საშინელი შემთხვევის წყალობით შეიტყო.
მიხეილ გაჩეჩილაძე იგონებს: "რევაზოვის ქუჩაზე ზაქარია ჭიჭინაძის სახლში ვცხოვრობდი. ერთ საღამოს ღამის ორ საათზე ზაქარია ნაცემი და თავპირდამტვრეული მოვიდა. თავი ორ ალაგას ჰქონდა გატეხილი და სისხლი სდიოდა. ლაპარაკის თავი აღარ ჰქონდა. მთელი ღამე ბორგავდა და იტანჯებოდა.
მეორე დღეს, როცა ზაქარია ცოტათი მომჯობინდა, მიამბო შემდეგი: საბაშვილის ღვინის სარდაფში ვიყავი პურის საჭმელად. ჩემთვის ცალკე ვიჯექი. მოვითხოვე ხელადა ღვინო, პური, ყველი. იქვე, მეორე მაგიდაზე, ახალგაზრდა ყმაწვილები ისხდნენ. სუყველა მუშები. სოციალ-დემოკრატები. ყველა ჩემი ნაცნობი...
რაღაც თათბირი ჰქონდათ. ჩემამდის გარკვეული ხმა ლაპარაკისა არ მოდიოდა. ერთხანს ვიყავი ჩემთვის გაჩუმებული. მერე, გამიწყრა ღმერთი, მათი სადღეგრძელო დავლიე. იმათაც მიპასუხეს.
მერე კიდევ სადღეგრძელო დავლიე და, ახლა უკვე შეზარხოშებულმა, სოციალ-დემოკრატებს მათრახი გადავკარი. არა, ვინ მკითხავდა, რას დავეძებდი, მგლის თავზე სახარება ვის წაუკითხავს. ამაზე აიმრიზნენ, აყვირდნენ და უშვერი გინებით მიპასუხეს... მაგრამ მაინც თავის ალაგას ისხდნენ.
ვიფიქრე, ვერას გამიბედავენ. მოდი, ერთი, ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელოს დავლევ...
ავიღე სტაქანი ღვინით სავსე, მივუახლოვდი იმათ მაგიდას და დავიწყე ილია ჭავჭავაძის ქება-დიდება. აი, შე ხულიგანო, შე არამზადა! როგორ ბედავ შავრაზმელ ჭავჭავაძის ქებას, ის სიკვდილის ღირსია და მალე მოვუღებთ ბოლოსო. მომესიენ, მცემეს უზომოდ. უსათუოდ მომკლავდნენ, რომ საბაშვილის სარდაფის პატრონი არ ჩარეულიყო ჩვენს საქმეში. საბაშვილი ეხვეწებოდა მუშებს: აქ ნუ კლავთ კაცს, თორემ მე დავიღუპებიო. მართლაც საბაშვილის ხათრით დამანებეს თავი (საბაშვილის სარდაფში ხშირად იმართებოდა მუშების საიდუმლო კრებები). ფეხზე ადგომა არ შემეძლო. ამწიეს ისევ მუშებმა, ამომიყვანეს სარდაფიდან და ქუჩაში დამაგდეს. აქაც წიხლები მითავაზეს და მიმატოვეს.
რამდენიმე ხნის შემდეგ ამოვიდა საბაშვილი, მნახა, რომ ქუჩაში ვაგდივარ, ამიყვანა და ძლივ–ძლივობით სახლამდე მომიყვანა.
მითხრა: რა ღმერთი გაგიწყრა, რომ ჭავჭავაძის სადღეგრძელო დალიე. ჭავჭავაძე მაგათ ჭირივით ეზარებათ. სწორედ ჭავჭავაძის შესახებ ჰქონდათ ლაპარაკი, სანამ შენ მოხვიდოდი. ზაქრო! არ გამცე და ჭავჭავაძეს მოკვლას უპირებენ... ნამდვილად მოკლავენო. მადლობა ღმერთს, შენ გადარჩი. აპა, არ დამკლა და არსად არაფერი ილაპარაკო, თორემ ორივეს ანდერძს აგვიგებენო.
აი, შვილო, ახლა ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ჭავჭა¬ვაძეს მართლა მოკლავენ. მინდა ვაცნობო, მაგრამ დამიჯერებს?
ზაქარია ისე იყო შეშინებული, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ხელახლა მეხვეწებოდა, არსად არაფერი თქვა, თორემ ნამდვილად მომკლავენო.
ეს შემთხვევა არ უნდა მეთქვა შენთვის თავიდანვე, მაგრამ სხვანაირად იფიქრებდი და მაგიტომ გითხარიო. "აპა, შენ იცი, ჩემი სიცოცხლე შენს ხელშია", მევედრებოდა ზაქარია. სწორედ სამი კვირის შემდეგ ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ჩემს სტამბაში, სადაც ჟურნალი "ნიშადური" იბეჭდებოდა, მოვიდა დეპეშა რედაქციის სახელზე ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ. დეპეშა ხელმოუწერელი იყო".
* * *
მარშალ ალექსანდრე ორბელიანის მეუღლე, მარიამ ორბელიანი, რომელიც გამორჩეულად უყვარდა ილია ჭავჭავაძეს, იგონებს: "ილიამ საგურამოში საბედისწერო მოგზაურობის რამდენიმე დღის წინ საღამო ჩვენთან გაატარა. ძლიერ დაღვრემილი იყო. საგურამოში ცოლის წაყვანა არ უნდოდა, მაგრამ მან, შესაძლებელია, პირველად თავის სიცოცხლეში, ისეთი დაჟინებით მოითხოვა თავისი სურვილის შესრულება, რომ ილია მოლბა და დათანხმდა. მათი გამგზავრების წინა დღეს, თითქოს რაღაც წინათგრძნობის ძალით, მივედი მათთან გამოსათხოვებლად თბილისში, ანდრიას ქუჩაზე მდგარ ილიას საკუთარ სახლში. სასტუმრო ოთახში ოლღა თადეოზის ასული დამხვდა, ზეზე იდგა, აკანკალებული, აჩქარებით ქაღალდს შლიდა (ეს მისი ჩვეულებრივი გასართობი იყო). როცა შევედი, მომესალმა და განაგრძო თავისი საქმე, თან თვალცრემლიანმა მითხრა: "რომ იცოდეთ, რა ცუდი ქაღალდი ამოდის, საშინელ ამბებს მიწინასწარმეტყველებს! ვეხვეწები ილიას, გადასდოს წასვლა, რადგან ვიცი, უბედურება მოხდება, მაგრამ ის ყურსაც არ მიგდებს!.".
საწყალ ქალს ქაღალდის სრული რწმენა ჰქონდა, კვნესოდა, ტიროდა, ვეცადე, დამემშვიდებინა, მაგრამ ამაოდ!
ილია იჯდა საწერ მაგიდასთან თავის სამუშაო ოთახში, რომლის კარი ოდნავ გაღებული იყო. დამინახა და ჩემკენ გამოეშურა. ველაპარაკე მისი საბრალო მეუღლის შიშზე, მინდოდა, გადამედებინებინა მოგზაურობა, თუნდაც მარტო მისი გულისთვის, მაგრამ ამაოდ".
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
28 აგვისტო (ახალი სტილით 10 სექტემბერი)
სოფელ ბახვში, ფერშალ პროკოფი ბერეჟიანის ბინაში, 28 აგვისტოს თავი მოიყარეს გურიის სოციალ-დემოკრატებმა. თათბირში მონაწილეობდა 16-მდე კაცი: ერმილე და კალენიკე დოლიძეები, დიომიდე ბასილაიშვილი, კორნელი და ნიკო შავიშვილები, ილარიონ უჯმაჯურიძე, მარკოზ ჟღენტი, რაჟდენ ვადაჭკორია, მელქისედეკ მდინარაძე, ერმილე ანდღულაძე და ლადიკო ბერეჟიანი, აგრეთვე ორი უცნობი პირი (უცნობი ჩვენების მიმცემისათვის), რომლებიც ბათუმიდან იყვნენ ბახვში ჩასულნი. შეხვედრის შესახებ დაწვრილებით ჰყვება ვინმე გრეკოვი, რომელიც 1907 წლის შემოდგომაზე დააპატიმრეს ალექსი გიორგაძის გაძარცვის გამო. პატიმარი ციხეში გამოტყდა, რომ ესწრებოდა კრებას, რომელზეც ილიას მკვლელობაზე იმსჯელეს. ბახვის კრების თემა დაწვრილებით განიხილა პროფესორმა გურამ ყორანაშვილმა: "თავდაპირველად თავმჯდომარემ შეკრებილთ აუწყა გურიაში შექმნილი ვითარების შესახებ, შემდეგ განაცხადა, რომ თავადი ილია ჭავჭავაძე უნდა მოკვდინებულ იქნას. ერთ-ერთი იქ მყოფთაგანის შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა მოიკლას თავადი, თავმჯდომარემ უპასუხა: "მან ჩვენ გვიღალატა!" ამასთანავე, თავმჯდომარის ახსნა-განმარტებიდან შეიძლებოდა გამოტანა დასკვნისა, რომ თავად ჭავჭავაძის მკვლელობა ადრევე იყო გადაწყვეტილი "ცენტრალური კომიტეტის" მიერ და აქ კი კრებას მოხსენდა, მხოლოდ როგორც უკვე მიღებული დადგენილება.
თავმჯდომარის ასეთი განცხადების შემდეგ რაჟდენ ვადაჭკორიამ, ლადიკო ბერეჟიანმა და ილარიონ უჯმაჯურიძემ კრებას წარუდგინეს ექვსი, განაჩენის სისრულეში მოსაყვანად დანიშნული ტერორისტი: ბასილაიშვილი, ერმილე და კალენიკე დოლიძეები, მელქისედეკ მდინარაძე, ნიკო და კორნელი შავიშვილები და ვიღაც ლადიკო გაგუა. კენჭისყრით, თავად ჭავჭავაძეზე განაჩენის აღსრულება ერგოთ ერმილე და კალენიკე დოლიძეებს და ბასილაიშვილს, რის შემდეგაც კრება დაიშალა. დამნაშავე თავყრილობის ყველა მონაწილე ეკუთვნოდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. ამათგან ერმილე დოლიძე შეიარაღებული იყო "სმითისა და ვენსტონის" სისტემის რევოლვერით, ხოლო კალენიკე დოლიძე და ბასილაიშვილი - რევოლვერებითა და "ბერდანკებით"; ამასთანავე უკანასკნელის ხელთ არ¬სებული "ბერდანკა" ეკუთვნოდა ვიღაც ვანესა მახარაძეს. თვითონ პატრონი სახლისა, რომელშიც ეს თავყრილობა გაიმართა, ფერშალი ბერეჟიანი, კრებას არ ესწრებოდა, რადგან ავადმყოფი იწვა სახლის ერთ-ერთ კუთხეში.
განაჩენის აღმსრულებლები იმავე დღეს გაემგზავრნენ ბახვიდან. სამი დღის მერე კი დაირხა ხმები თავად ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ".
29 აგვისტო (ახ. სტილით 11 სექტემბერი)
29 აგვისტოს ილიამ საგურამოში გაგზავნა მის ხელში გაზრდილი და უაღრესად ერთგული მსახური, იაკობ ბითარაშვილი, რომელმაც მოურავი ჯაში და მოსამსახურენი გააფრთხილა, ხვალ, 30 აგვისტოს, ხუთშაბათს, სადილობის ჟამს ჩამოვა ილიაო. ეს ამბავი ყველამ შეიტყო, მათ შორის გიგოლა მოძღვრიშვილმა, რომელიც შეთქმულთა წევრი გახლდათ.
და აი, მოძღვრიშვილმა აცნობა მკვლელებს ილიას ჩამოსვლის სავარაუდო დრო. იმ ღამეს მათ თბილისში ნახეს თედო ლაბაური, ამოწყვეტის მუქარით დაითანხმეს, ეტლი იქ გაეჩერებინა, სადაც მოუნიშნავდნენ, ხოლო მკვლელობის შემდეგ პოლიციაში განეცხადებინა, რომ თავს შავგვრემანი ხალხი დაესხა, რომლებიც სომხებს ჰგავდნენ...
იმავე ღამით საგურამოში ჩამოდიან ვიღაც იმერელი, ვანო ინაშვილი და გიგლა ბერბიჭაშვილი. ისინი იოლად ნახულობენ ძებნაში მყოფ პავლე ფშავლიშვილს და მუქარით აიძულებენ, დათანხმდეს ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილეობას. ამის შემდეგ ეს ოთხეული წიწამურში ვინმე გიორგი ხიზანიშვილს მიადგა და განუცხადა: "სოციალურ-დემოკრატიულმა კომიტეტმა დაადგინა, მოიკლას ილია ჭავჭავაძე, იმისათვის, რომ იგი გლეხებს ავიწროვებსო". სოფელში მათ მთელი ღამე გაატარეს.
საბჭოთა სასამართლომ გიგლა ბერბიჭაშვილის პროცესზე ეჭვი შეიტანა ბახვის კრების უტყუარობაში და შემდგომ უარყო კიდეც იგი. გრეკოვი დააშინეს და აიძულეს, მესამე დაკითხვაზე გადაეთქვა წინა ორი ჩვენება, რომლებიც აბსოლუტური სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს, და განეცხადებინა, რაც აქამდე ვილაპარაკე, ყველაფერი ტყუილი იყოო.
ერთ-ერთი ტერორისტის, ერმილე დოლიძის ოჯახში აღმოაჩინეს ილიას ჩემოდანი, მისივე თეთრეულით. ეს უდავოდ მიუთითებს ბოლშევიკთა უნიჭო სიცრუეზე. მაგრამ საი¬დან მოხვდა დოლიძის ოჯახში ილიას ჩემოდანი? წიწამურში ხომ სულ სხვა მკვლელები ათენებდნენ ღამეს მსხვერპლის მოლოდინში? ფაქტია, ბახვიდან წამოსულებს ილიას მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღიათ. სავარაუდოა, რომ 29 აგვისტოს ღამით ისინი ჯერ კიდევ თბილისში იმყოფებოდნენ.
საქმე ის არის, რომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ილია გაენადგურებინათ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურადაც. ის უნდა მოეკლათ არა გურიიდან მოწვეულ წითელრაზმელ ტერორისტებს, რაც პოლიტიკური მკვლელობა იქნებოდა, არამედ საგურამოელ გლეხებს.
გლეხები მას მოკლავდნენ, როგორც მჩაგვრელ მებატონეს. იმავდროულად, ქალაქში გაიძარცვებოდა მისი ბინა, ანუ "გამოჩნდებოდა", რომ ქალაქიცა და სოფელიც ერთნაირად ერჩის ილიას.
გლეხების სახელით ეს ბინძური საქმე მიანდეს ვანო ინაშვილს, გიგლა ბერბიჭაშვილს, პავლე ფშავლიშვილს, გიორგი ხიზანიშვილს, მეეტლე თედო ლაბაურსა და გიგოლა მოძღვრიშვილს. ხიზანიშვილსა და ლაბაურს - ამოწყვეტის მუქარით.
30 აგვისტო (ახალი სტილით 12 სექტემბერი)
გათენდა თუ არა, გიორგი ხიზანიშვილის სახლიდან გავიდა ხუთი ცხენოსანი.
1) იმერელი ბიჭი, რომელიც სოციალ-დემოკრატთა კომიტეტის სახელით იყო გამოგზავნილი და რომლის ვინაობაც მხოლოდ ერთადერთმა, გიგლა ბერბიჭაშვილმა იცოდა. ეს იმერელი ბიჭი შემდეგში აღმოჩნდა სერგო ორჯონიკიძე, გამოჩენილი საბჭოთა ხელმძღვანელი მუშაკი.
2) ივანე ინაშვილი, სოციალ-დემოკრატი, წითელრაზმელი, სოფ. ახალსოფლისა და საგურამოს თემის ნამამასახლისარი.
3) პავლე ფშავლიშვილი, ილიას მამულის ყოფილი დარაჯი, მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი მეუღლის მკვლელი, გაყაჩაღებული წითელრაზმელი.
4) გიორგი ხიზანიშვილი, ფშავლიშვილის ნათესავი.
5) გიგლა ბერბიჭაშვილი, სოციალ–დემოკრატი.
ეს ხუთი მკვლელი დილიდანვე ჩასაფრდა წიწამურის ტყეში. რადგან იმერელი ბიჭი ადგილობრივი არ გახლდათ, ჩასაფრების ორგანიზება ივანე ინაშვილმა იკისრა. ის იძლეოდა ბრძანებებს, ვინ სად უნდა დამდგარიყო. გიორგი ხიზანიშვილი და პავლე ფშავლიშვილი მაღლა, ტყეში გაუშვა, ერთი საგურამოს, მეორე მცხეთის მხარეს. მათ დაბლა ჩასაფრებულთათვის ეტლის დანახვისას ნიშანი უნდა მიეცათ სტვენით.
თბილისიდან საგურამოსკენ ილია დაახლოებით 10-დან 11 საათამდე გამოემგზავრა. ოლღა იმ დილით ეხვეწა, საშიშია, ნუ წავალთო, მაგრამ ილიამ გადაწყვეტილება აღარ შეცვალა. ეტლში ჩადეს პატარა ჩემოდანი, პატარა ტიკჭორა ღვინით სავსე, ორი საზამთრო. ეტლში სხედან ილია და ოლღა, კოფოზე მსახური იაკობ ბითარაშვილი (ეს კაცი სასამართლო მასალებში მოხსენიებულია, როგორც ბითარაშვილი, პრესაში კი როგორც თარაშვილი) და მეეტლე თედო ლაბაური.
დიღმის გზაზე საშინელი ქარი ქროდა. ოლღას ქუდი წარსტაცა და შორს წაიღო. ოლღამ ქარისაგან დასაცავად თავშლით დაიფარა თავი.
ოლღას მოგონებიდან: "შუადღისას მივედით წიწამურთან. აქ გზის პირათ იყო გრილი წყარო, რომელიც ილიას ძალიან უყვარდა. ისე არ გავივლიდით, რომ იქ არ ჩამოვსულიყავით და არ შეგვესვენა. ამ საბედისწერო დღესაც ჩამოვხტით. ჩვენ წყალი დავლიეთ. ილია გადიოდ-გამოდიოდა მწვანე მოლზე. მე ისევ ეტლზე ამოველ. მეეტლემ ცხენებს წყალი დაალევინა, შეაბა კიდეც, ხოლო ილია კი აღელვებული, გაფითრებული, ისევ ბოლთასა სცემდა. ყველა ვგრძნობდით, რომ რაღაც დაუტეველ ბოღმას თუ გრძნობას შეეჭიდა ილია და ვერავინ ვუბედავდით მისი დუმილი დაგვერღვია. ორმოც წუთზე მეტი ილია გარინდებული გადიოდ-გამოდიოდა სახედატანჯული, კარგა ხნის მერე ამოვიდა და ბიჭს უბრძანა გარეკეო".
რა იყო ეს 40-წუთიანი ბოლთის ცემა და მღელვარება? ნუთუ წინაუგრძნო გულმა, ნუთუ, გონების თვალს წარმოუდგა სულ რამდენიმე მეტრში ჩასაფრებულ ორფეხა ცხოველ¬თა სისხლიანი ლაშები, ნუთუ ქარის ზუზუნს ამათი კბილთა ხრჭიალიც შეერწყა და ზედ აყრიდა აქანავებულ ფოთლოვან ტყეს?
თერთმეტის ნახევარზე საგურამოდან გამოვიდა ურიადნიკი ემეცი, რომელსაც თან ახლდა ორი სტრაჟნიკი. წინა საღამოს ურიადნიკს მოურავმა ჯაშმა სთხოვა, ხვალ დილით სტრაჟნიკები გამაყოლე, წიწამურში მივდივარ ღალის ასაღებადო. ურიადნიკ ემეცს მცხეთაში საქმე ჰქონია და ესეც სტრაჟნიკებთან ერთად წამოსულა. ჯაში მოგვიანებით გამოვიდა მამულიდან და სტრაჟნიკებს გზაში წამოეწია. მალე ილიას ეტლიც უნდა გამოჩნდეს,
სადილისთვის საგურამოში ამოსვლა დაიბარაო, - უთქვამს გზაში მოურავს ურიადნიკისათვის.
ან ამათ ეჩქარათ, ან ილია დაყოვნებულიყო სულ რაღაც 15 წუთი და დიდი ალბათობით, შესაძლოა, საუკუნის ეს ბოროტება აღარ შემდგარიყო. ზოგჯერ შემთხვევითობასაც შეუძლია ისტორიის ბორბლის წაღმა ან უკუღმა დატრიალება.
მიუახლოვდა თუ არა ეტლი დათქმულ ადგილს, თედო ლაბაურმა, როგორც წინასწარ იყო მკვლელთაგან გაფრთხილებული, ეტლი შეაჩერა. ტყიდან მაშინვე გამოცვივდა ხუთეული. პირველი ტყვია ილიას ესროლეს. მგოსანმა იარაღის ამოღება მოასწრო და ერთი შესძახა - "რას სჩადიხართ!", მაგრამ ტყვიამ შიგ გულში გაუარა და სამუდამოდ დაუხუჭა თვალი. შუბლი თოფის კონდახის ორჯერ დარტყმით ჩაუმტვრიეს.
ბერბიჭაშვილმა თოფის კონდახი ურტყა თავში ოლღას, რომელიც, თავგაჩეხილი, ეტლიდან გზის პირას გადავარდა. იაკობ ბითარაშვილმა რამდენჯერმე ესროლა მკვლელებს, ბერბიჭაშვილი ფეხში დაჭრა და არაგვის მხარეს ტყეს შეა¬ფარა თავი, მაგრამ მკვლელები გაეკიდნენ და იქვე ჩაცხრილეს.
კოფოზე ხელუხლებლად და არხეინად იჯდა მეეტლე თედო ლაბაური. ბითარაშვილის ჩაცხრილვის შემდეგ მკვლელები მობრუნდნენ. გაძარცვეს ეტლი, ჯიბეები ამოუქექეს უსულო ილიას, ოლღას ჩამოგლიჯეს მედალიონი, რომელშიც ილიას სხვადასხვა დროის სამი სურათი იდო და ბითარაშვილსაც კი გახადეს ფეხსაცმელი. წაიღეს ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა, მეეტლეს დაუბარეს, რა უნდა ეთქვა და თან დაემუქრნენ, თუ რამე წამოგცდება, ოჯახიანად ამოგწყვეტთო.
15 წუთში ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ ჯაში, ურიადნიკი ემეცი და ორი სტრაჟნიკი. ილიას სხეული ჯერ კიდევ არ იყო გაციებული. ტყიდან ტირილით გამოვარდა მეეტლე თედო და მოურავსა და თოფოსნებს შესჩივლა, რაც მოხდა. ოთხი ყაჩაღი დაგვესხა თავს (ხიზანიშვილი ტყეში დარჩა), ილიამ დამიძახა, გარეკე ცხენებიო, მეც ავაჩქარე, მაგრამ დამეწივნენ, ეტლი შეაჩერეს, მე ფერდში კონდახი ჩამცხეს და გადმომაგდესო.
ლაბაური ამ სისულელით გაიყიდა. მას იქვე უნახეს ზურგი და ფერდი, აღმოაჩინეს, რომ არსად კონდახის კვალი არ ეტყობოდა. ილიასა და იაკობის გვამები შემთხვევით გამომვლელ ურემზე დაასვენეს, სულთმბორძავი ოლღა ეტლში მოათავსეს და საგურამოს გზას გაუდგნენ.
ნახევრად უგონო ოლღა სახლში შეიყვანეს. იგი უგრძნობლად იწვა. რამდენიმე ხნის შემდეგ თვალები გაახილა და თქვა: "იქ კუთხეში ბამბა დევს, აიღეთ და მომწმინდეთ შუბლიდან სისხლი". შემდეგ იკითხა: "სად არის ილია?" ამის შემდეგ იმ დღეებში მისგან გონიერი სიტყვა აღარავის გაუგია. ჩამოიყვანეს თბილისში. დიდი დრო დასჭირდა მის გადარჩენას.
ილია ურმით მიასვენეს იმ სახლში, რომელიც სიბერის დღეთა მშვიდად გასატარებლად ააშენა. დაასვენეს მე-2 სართულზე, სადაც ცხედარი კი არა, საქართველოს გული ესვენა. ერმა ვერ გაიმეტა ჩვეულებრივ განსაშორებლად. მთელი 11 დღე საქართველო უკანასკნელი პატივის მისაგებებლად ემზადებოდა. იქნებ ამით გამოესყიდათ ის უმადურობა, რაზეც მოხუცი მგოსანი სიბერეში ჩიოდა და რაც მის სიცოცხლეში მისმა სამშობლომ მიუსართა. გამოფხიზლებული ერი სინდისის ქენჯნით და თვითგვემის სურვილით შეპყრობილიყო, გარდა სამშობლოს უარმყოფელთა იმ წრისა, რომელთაგან ერთი ბოლშევიკი, პეტერბურგში განაცხადებს, მეორე - მენშევიკი, თბილისში გაიმეორებს, - როცა ტყეს ჭრიან, ნაფოტები სცვივაო (პირველი იყო ვ. ჯუღელი, მეორე კი ნ. ჟორდანია) მაგრამ იმ დღეებში ესენი ვიღას დაკარგვოდნენ, საქართველო მიხვდა, რომ ილიას სახით მას ესროლეს.
მთელ საქართველში მოწმენდილ ცაზე ელვასავით გავრცელდა ილიას ტრაგიკული მკვლელობის ამბავი. მთელი საქართველო დასტიროდა წმინდა ილიას ცხედარს.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ილიას დაკრძალვა
გიგო მაღალაშვილის მოგონების მიხედვით
...მცხეთის გზაზე, საგურამოსაკენ მიქრის შავჩოხიან ქართველთ მხედართა რაზმი. შავჩოხიანებს წინ თეთრ ცხენზე მჯდომი, თეთრჩოხიანი ვაჟკაცი მიუძღვის. მხედრების შეშფოთებულ და შეწუხებულ სახეებს შურისძიების წყურვილი დასთამაშებს, არავინ ხმას არ იღებს, მაგრამ ოცდახუთივე ერთ რამეს ფიქრობს, ერთ რამეს განიცდის... ახ, ნეტავ შეიძლებოდეს, ნეტავ შეიძლებოდეს... ოცდახუთივე გაიმეტებდა სიცოცხლეს ილიას გულისათვის, თავს გაწირავდა....
დუმილს არავინ არღვევს, არც ამ სიტყვებს ამბობს ვინმე. მაგრამ ოცდახუთივე ამას ფიქრობს... ხმას არავინ იღებს, მხოლოდ მტკვრის ხმაური ისმის ხელმარჯვნივ, მტკვრის ხმაური, რომელიც ეგზომ უყვარდა ილიას. გუშინ მან თავის ეტლით ამ გზაზე გაიარა და ამ ხმაურს უსმენდა. რა იცოდა, თუ უკანასკნელად უსმენდა!
ხმას არავინ იღებს, მხოლოდ ხანდახან რაზმის მეთაური გიგო მაღალაშვილი კისერს უკან მოიბრუნებს და ოცდახუთი მხედრის გულისპასუხად ამოიგმინებს:
გვიანღა არის, გვიან...
აი წიწამური...
აქ მოჰკლეს ილია.
ოცდახუთივე ცხენიდან ჩამოხტება, ქუდს იხდის...
"აქ შეწყდა საყვარელი ილიას მაჯისცემა, ყველამ ერთად მოვიხარეთ მუხლი"...
ცხენოსანთა რაზმი საგურამოში შედის. ილიას ეზოში, რომელიც პოეტის შთაგონების სავანე იყო, რომელსაც მრავალი მხიარული დღე ახსოვს, ახლა გლოვის ზარი დგას.
აგერ ილიას ცხედარი. ილიას შუბლი...
რა ხელმა გაიმეტა ეს შუბლი ტყვიისათვის! ყველა ცრე¬მლს აფრქვევს.
ამ საერთო გლოვაში, მოწყენილ სახეებს შორის, მარმარილოს ქანდაკებასავით მოჩანს ეკატერინე გაბაშვილის მწუხარე სახე...
ბალდახინით მოასვენებენ თბილისისკენ ილიას ცხედარს. შავჩოხიანი მხედრები მდუმარედ მოსდევენ პროცესიას.
პროცესია წიწამურს რომ მიუახლოვდა, ხალხი აღელდა და წყევლა-კრულვას უთვლიდა ავაზაკებს, რომლებმაც ვერაგულად მოკლეს საუკეთესო შვილი საქართველოსი და დიდებული ადამიანი.
სამგლოვიარო პროცესია თბილისისაკენ მიდის. პროცესიას ჯვრის მონასტერთან მცხეთის საზოგადოება ერთვის, მერე დიღმისა. შავი, მგლოვიარე, შურისძიებით აღელვებული მდინარე თბილისს უახლოვდება.
უკანასკნელად შემოდის თბილისში ილია, დამწუხრებული ხალხის ნაკადი ერთვის და ერთვის პროცესიას. პოლიცია სადღაც მიმალულა, ხალხი თვითონ იცავს წესრიგს. პროცესიას ცნობილი მსახიობი ვალერიან გუნია ხელმძღვანელობს.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შენობიდან სიტყვა წარმოთქვა აკაკიმ... სამარისებურ სიჩუმეში გაისმოდა გრძნობამოწამლული, განადგურებული მოხუცი პოეტის ღაღადისი. ამის შემდეგ ილიას მიასვენებენ სიონის ტაძარში. სამგლოვიარო ზარის ხმა თანდათან ძლიერდებოდა. ხალხი უკანასკნელად ეთხოვებოდა საყვარელ პოეტსა და დიდ მოამაგეს.
მეორე დღეს დაიწყო დაკრძალვის შესრულების პროცესი.
გვირგვინები, ძაძები და გვირგვინები...
იმდენი გვირგვინი იყო, ჯერ ილიას ნეშტი სიონის ტაძრიდან არ გამოესვენებინათ, რომ პირველი გვირგვინის წამღებნი თითქმის მამადავითის მისადგომებთან იყვნენ მისულნი...
მაგრამ განა მარტო ის გვირგვინები?...
რამდენიმე გვირგვინი შეიკონა მას შემდეგ თბილისისა თუ საქართველოს ყველა კუთხის ბაღებში, რამდენი ვარდი დაიკრიფა ილიას ნატყვიარ შუბლზე დასასვენებლად...
ილიას სიკვდილიც კი დიდებული იყო.
ასეთი სიკვდილიც კი შეშურდათ მისთვის მტრებს.
მართლაც, შეიძლება ითქვას, რომ იგი იყო "სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი" და ჩვენ თვალწინ თავისი სიდიდის წყალობით მკვდრეთით აღმდგარი.
ამბროსი ხელაია: "სიტყვა წარმოთქმული ილია მართლის ცხედრის წინაშე!"
"ვკადნიერდები და ვბედავ ამ დიდებული ცხედრის წინაშე ვსთქვა ორიოდე სიტყვა.
დღეს მთელი საქართველო დასტირის დიდებული მამულის შვილის ცხედარს. დღეს საქართველომ დაჰკარგა უდიდესი მგოსანი, საუცხოვო და თავდადებული საზოგადო მოღვაწე, სიამაყე ლიტერატურისა. არა გვყავს ილია ჭავჭავაძე - მოჭირნახულე თავის ერისა. ის მოიკლა ბარბაროსების ბინძურის ხელით.
მაგრამ მოკვდა კი დიდებული ილია? "იქმენ მორწმუნე, ვიდრე სიკვდილადმდე და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაჲ " (გამოცხადება 2,10), - გვიბრძანებს ჩვენ უფალი მოციქული იოანნე ღვთისმეტყველის პირით და ამით გვისახავს იმას, თუ რანაირი უნდა ვიყოთ ჩვენ ამქვეყნად, რომ დავიმკვიდროთ საუკუნო გვირგვინი - გვირგვინი უკვდავებისა. ნეტარია ის, ვინც ამქვეყნად პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, სწამს და თავგანწირულად ემსახურება სიმართლეს, ამას ისახავს მოქმედებად - მოღვაწეობის საფუძვლად. "პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი" ამნაირის კაცისა (ფსალმუნი 115,6). ის უკვდავია მისი ნამოქმედარით, მისი ხსოვნა უკუნისამდე დარჩება მადლიერ ერში. ამისთანა კაცი სიკვდილის შემდეგაც თვისის ნამოქმედარ-ნაღვაწით მასწავლებელი და დამრიგებელია, რადგან, მოციქულის თქმით, ის სიკვდილის შემდეგაც მეტყველებს (ებრ. 11,4).
მაშასადამე, არ მომკვდარა ილიაც. ის ცოცხალია. ის მხოლოდ გარდაიცვალა სიკვდილისაგან ცხოვრებად. თუმცა დასდუმდნენ მჭევრმეტყველებით განთქმული ბაგენი, მაგრამ საქმენი მისნი მჭევრმეტყველურადვე ღაღადებენ და იღაღადებენ. ის თავისი ნაშრომ-ნაღვაწით უკვდავად დარჩება, სანამ ქართველი ერი იარსებებს. მეტიც: ქართველი ერიც რომ გადაგვარდეს, განადგურდეს უკუღმართ დრო-გარემოებათა გამო, მაშინაც არ იქნება დაკარგული დიდებულ მგოსან-მოღვაწის ხსოვნა, ვინაითგან საქართველოს ამ დიდებული შვილის ნაწარმოები ეკუთვნის არა მარტო ქართველ ერს, არამედ კაცობრიობას, რომლის ნაწილსაც შეადგენს ქართველობა.
განსვენებული დიდებულია თავისი მრავალმხრივი მოღ¬ვაწეობით სამშობლოს საკეთილდღეოდ. მისი ღვაწლის სიდიადე არის მიზეზი, რომ ასე მწარედ დასტირის მას მთე¬ლი საქართველო. მაგრამ, ქართველნო, არა დაუვიწყარი ილიაა საგლოვ-სატირალი, არამედ ბედისაგან განწირული ჩვენი სამშობლო, - მისი დამკარგავი. განა არა კმაროდა, რაც უკუღმართ დრო-ვითარებამ უბედურება დაგვატეხა თავზე, რომ ჩვენ თვითონ აუწერელი უბედურება არ მიგვემატებია?! მაგრამ დასაჯერებელი კია, ეს უმაგალითო ბარბაროსული მკვლელობა ჩაედინოს საქართველოს შვილს, იმ საქართველოსას, რომლის თავგანწირულად სამსახურში გაატარა განსვენებულმა მთელი 50 წელიწადი.
თუკი ეს ბრალი დაედო ქართველობას, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენი გახრწნილება, ზნეობრივად დაცემა, ველურობა, უკუღმართობა იქნება სატირალი. ამას უნდა ღრმად ჩავუფიქრდეთ, თუ გვინდა დავრჩეთ ქართველ ერად. განსვენებული კი ნეტარია. გზა გაკაფულია. ის უკანასკნელ წუთამდის ერთგულად ემსახურებოდა იმ იდეალებს, რომლებიც მან ამ ნახევარი საუკუნის წინათ აირჩია ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ერთის ნაბიჯითაც არ გადაუხვევია, არ უღალატნია მათთვის და ამისთვის, მიციქულის თქმისაებრ, მზა არს მისთვის "გვირგვინი ცხოვრებისა" (გამოცხადება 2,10), გვირგვინი უკვდავებისა.
დიდებულ გვამთაგან გარდაცვალებასაც კი აქვს ჩვენთვის რაიმე მნიშვნელობა, ისიც უთუოდ რამეს გვასწავლის. მივიჩნიოთ ეს ბარბაროსთაგან დაღვრილი სისხლი ჩვენს ეროვნულ ცოდვათა განსაწმედად, უკუღმართ გზიდან მოსაქცევად, მთლად საქართველოს შვილთა შესაერთებლად, განსამტკიცებლად.
შევფიცოთ ამ წინამდებარე ცხედარს, რომ ვიქნებით ნამდვილი აღმასრულებელნი იმ მცნებისა, რომელიც განსვენებულმა თვისის მოღვაწეობით გვიანდერძა ჩვენ. თუ ჩვენ გვექნება ერთობა ეროვნულ იდეალების მსახურებაში, მაშინ უეჭველია ჩვენმა სამშობლო მხარემ შეიძლება კიდევ წარმოშოს ილიასებრი დიდებული მოღვაწენი და მაშინ საბოლოოდ განიხარებს განსვენებულის დიდებული უკვდავი სული. იყოს უკანასკნელი მხვერპლი, სამშობლოს საკეთილდღეოდ და ჩვენთან ეროვნულ ცოდვათა სახსრად შეწირული ეროვნულ ტრაპეზზედ. სიდიადე ამ მსხვერპლისა თავდებია, რომ მომავალში ჩვენი უკუღმართობა, ჩვენი შეუგნებლობა მოსპობილ იქნება და ერთობლივის ძალით შევუდგებით პირნათლად სამსახურს სამშობლო მხარის აღორძინებისას. თუ ამნაირი ღვაწლი დაგვდო ჩვენ ამ მსხვერპლის სისხლმა, თუ ჩვენ შეგვაერთა მამულისათვის თავდადებით სამსახურში, - ეს იქნება უკანასკნელი, ჭეშმარიტად დიადი ღვაწლი დიდებულის ილიასი - მისი ხანგრძლივი შრომის სასურველი ნაყოფი და გვირგვინი. ჩვენის მხრითაც ეს იქნება ნამდვილი ვალის მოხდა, მისი ანდერძის აღსრულება და თან საუკეთესო პატივისცემაც განსვენებულის ხსოვნისა. ღმერთმან მოგვცეს ამის შეძლება.
საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, მამულისათვის თავდადებულო, დიდებულო მგოსანო, ილიავ!"
1907 წელი
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
იონა მეუნარგიას სიტყვა - ილიას დასაფლავებაზე
დაუვიწყარო მამულისშვილო ილიავ! შენი ჭირისუფალი განა მარტო ეს, აქ მოზღვავებული საზოგადოებაა, რომელიც სამი დღეა, შენს ცხედარს გარს ახვევია?
არა, შენი ჭირისუფალი მთელი შენი სატრფო ქვეყანაა, სამშობლო - კახეთიდამ დაწყებული შავ ზღვამდის. ამ ქვეყანაში ყველას უგემნია შენი ნაწერების სიტკბოება და ყველა სასოებით და სიამაყით იხსენებს შენს სახელს; ოჯახი სად დარჩა ამ ქვეყანაში, საცა ბავშვს შენი "აყვავებულა მდელო" არ ეკითხოს და მოზრდილს "მკრთალი ნათელი" და "ჩემო კარგო ქვეყანავ" არ ემღეროს?
შენის ქმნილებით დამტკბარმა, შენის მოკვლით გულ- ჩამწარებულმა საქართველოს შორეულმა ქალაქმა ფოთმა დაფნითა და ყვავილით შეამკო ცხედარი შენი და უკანასკნელი სალამი გიძღვნა შენ, დაუვიწყარო ილიავ, შენ, რომლის მარჯვენისა ქმნილებამ აღზარდა რაზმი საქართველოს მოზარდთა თაობათა და მწერალთა, შენ, რომელმაცა "კაცია-ადამიანი" სთქვი, "გლახის ნაამბობი" გვიამბე, თავდადებული შეგვაყვარე და "ნაოჭის მსგავსად შეკრული" შუბლი განდეგილისა დაგვიხატე ხელოვნურად.
შენ რომ ფეხი შემოდგი მწერლობაში, სთქვი, "მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდებიო" და მთელი შენი სიცოცხლე ამ მამულის აყვავებას ამსახურე და მამულის შვილების გულში აღაგზნე ყოველგვარი კეთილი აზრი და გრძნობა.
დღეს ყოველი ქართველი, თვით შენი მტერიც, შენი შეგირდია. ნეტავ გაგაგონა ის ძლიერი ღაღადი ჩვენის მწერლობისა, რომელიც შენმა მკვლელობამ ასტეხა, რომ დამტკბარიყავ იმ აზრით, რომ სამწერლო მემკვიდრეობა, შენგან დატოვებული, არც ისე მჩატეა, როგორც მტერსა ჰგონია.
შენ არ გვასწავლე ქართული ენა? შენ არ შეჰქმენ უკანასკნელად "სულთა სწრაფვა", "თვალთახედვის ისარი"? შენ შეგვაყვარე მამული და გვაჩვენე, როგორ უნდა სამშობლოს მტერთან ბრძოლა. "დიდ მუხასთან პატარა ია რომ ყვაოდეს, ვის რა უნდაო", გააგონე შენს მამულის მტრებს. სამეგრელოს ჩამოშორება რომ მოინდომეს საქართველოდამ, შენ სამეგრელოში მოდი, იქაურობა ნახე და სთქვი: "სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახეო" და მედგრად გამოესარჩლე დაჩაგრულ სამეგრელოს.
და აწ შენ დაგვშორდი, დაგვტოვე იმ დროს, როცა თვით მამულის წმინდათა-წმინდას შეეხო განუსჯელი თაობა და როცა შენს წინასწარმეტყველურ სიტყვას შეეძლო ეს თაობა გონს მოეყვანა.
ვინ იცის, ეგებ შეიძლებოდეს კაცს კაცობრიობა უყვარდეს მამულზე უფრო, მაგრამ მამული რომ არ უყვარდეს კაცს, სამშობლოს ენა არა სწამდეს, ამის სმენაც კი ეჩოთირება ჩვენს ყურს, რომელშიაც შენ 40 წელიწადი სულ ჩაგვძახოდი: ჩიტს თავისი ბუდე უყვარს, ნადირს თავისი კლდე და სორო, მთელ განათლებულ ქვეყანას თავისი მხარე და ენა და მხოლოდ ჩვენში გამოჰტყვრა პირველად ეს დაუჯერებელი: "ენა რა არის, მამული რას მიქვიანო".
ვიმედოვნებ, მოძღვარო, რომ ეს შეცდომა წარმავალია, რომ ჩვენნი ძმანნი და შვილნი, ვითარცა უძღებნი შვილნი, დაუბრუნდებიან სამშობლოს და მამული კვლავ დარჩება ყველათათვის საუკუნოდ თაყვანსაცემად ისე, როგორც საუკუნო არის იდეალები სიმართლისა, სიკეთისა და მშვენიერებისა, რომელთაც შენ მსახურებდი.
მშვიდობით, ჩვენო ენის კანონმდებელო, დიდო მამულისშვილო!
1907 წ. 9 სექტემბერი
შურისძიება ისტორიისა, იაკობ გოგებაშვილი ილიაზე
შეუდარებელი, უებრო შურისძიება იცის ისტორიამ. საუკეთესო ისტორიკოსები იმ აზრზე დგანან, რომ ქრისტიანობა პატარა, ადგილობრივ სარწმუნოებად დარჩებოდა, თუ რომ იესო ნაძირალა ებრაელებს ჯვარს არ ეცვათო. ამ უბედურებს ეგონათ, რაკი იესოს საზარელ სიკვდილს მივცემთ, მასაც საშინლად დავამცირებთ და მის სწავლასაც ამოვფხრით და გავაქრობთო. ნამდვილად კი სწორედ ამ საზარელმა სიკვდილმა, ამ ჯვარცმამ, გააღმერთა იესო, გახდა იგი საგნად უსაზღვრო თაყვანისცემისა, უმხურვალეს სიყვარულისა, მიანიჭა იმის სწავლას უძლეველი ძალა, მოჰფინა იგი კიდითი-კიდედ და ქრისტიანობა გარდააქცია მსოფლიო სარწმუნოებად; ჯვარცმულის ჯალათნი კი გააკრა კაცობრიობის თვალში სამარცხვინო ბოძზე უკუნითი უკუნისამდე.
სწორედ ესევე აცხადებდა (და უკვე ცხადდება) ჩვენს უნიჭიერესს პოეტსა და დიდ მამულიშვილზე, რომელსაც ეხლა გლოვობს უმაგალითო მგლოვიარობით მთელი ქართველობა, გარდა ბნელეთის ნაბიჭვრებისა. უსულ-გულო და უტვინო ორფეხა მხეცები ვერაგულად ჰკლავენ საშინელის სიკვდილით საუკეთესო შვილს საქართველოსას, რასაკვირველია, იმ განხრახვით და იმედით, რომ დაემცირებინათ მისი დიდებული სახელი მისი დიდი გავლენა ქართველობაზე. მაგრამ თავისისავე უგუნურის და წყეულის თვალებით იხილავენ სრულიად წინააღმდეგს ნაყოფს თავიანთ საზიზღარ მკვლელობისას. ამ ვერაგულის მოკვლის შემდეგ ილიას სახელი მოიცვის დიდებულ მოწამის შარავანდედით, ერთი ასად იმატებს ის ღრმა პატივისცემა, ის თაყვანება, რომლითაც ყოველი ჭკუათა მყოფელი ქართველი გამსჭვალული იყო მისადმი; ერთი ასად გაიზდება ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც იმის ქმნილებებს ჰქონდა და ქართველობა ამ მის ქმნილებებს დაეწაფება სრულის გაუმაძღარობით. რაც ილიას დიდებას აკლდა სიცოცხლის ჟამსა, მის მკვლელობის შემდეგ უკლებლად შეივსება და იგი იწყებს ბრწყინვას, როგორც უდიდესი მნათობი საქართველოსი. მოკლე ხნის განმავლობაში მთელს საქართველოში აღარ დარჩება არც ერთი ოჯახი, რომელსაც არ ამშვენებდეს ილიას სურათი, როგორც უძვირფასესის და სათაყვანო ხატისა.
დიდება ილიასი მით უფრო იმატებს, რაც უფრო ზედმიწევნით გაიცნობს ქართველობა ნამდვილს ილიას, შეიგნებს იმის დიდებულს და წმინდა ქართულს ენას, მისს მაღალს აზრებს, პროგრესიულს იდეალებს, მის დემოკრატიულს მიმართულებას, წმინდა ეთიკას სრულის ადამიანობისას, ამისათვის კი ყველაზე მეტად საჭიროა მოფენა კიდით-კიდედ მისი ქმნილებებისა, გავრცელება მისის თხზულებებისა მთელს ჩვენს ქვეყანაში.
ვინ უნდა იკისროს ეს დიდი საქმე? სათავად-აზნაურო ბანკმა და საქართველოს თავად-აზნაურობამ მათ ის პენსია, რომელსაც ილია იღებდა, უნდა წლითი-წლობით გადასდონ საგამომცემლო თანხად, იმის თხზულებების დასაბეჭდად, შეუკვეთონ ევროპის საუკეთესო მხატვრებს მათი დასურათება, ყოველი ქმნილება მისი, ჩინებულად დასურათებული, გამოსცენ ცალკე წიგნად, სულ მცირე ფასი დაადონ და მთელს საქართველოში მოჰფინონ.
ეს მოფენა ისეთს ნაყოფს გამოიღებს, რომელსაც ეხლა ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ. ილია იყო არა მარტო დიდი ნიჭის პატრონი, არამედ დიდად განვითარებული ინტელიგენტი, შემკული იშვიათის მხატრობითი ნიჭით და ნამდვილი ბრძენი. ამიტომ იმის ქმნილებათა მოფენა დიდ სარგებლობას მოუტანს ქართულს აზროვნებას და სიტყვიერებას.
როცა ქართველი გლეხობა გაიცნობს ილიას ნაწერებს, გადაიკითხავს იმის "კაცია-ადამიანს", "გლახის ნაამბობს", "კაკოს" თავგადასავალს, იმის "მუშას" და სხვა დემოკრატიულს ქმნილებას, იგი ცხადად დაინახავს, თუ რა დიდი მოციქული იყო ილია გლეხთა განთავისუფლებისა და აღორძინებისა. მაშინ იგლოვს იგი იმის სიკვდილს ბევრად უფრო მეტის მწუხარებით და ცრემლებით, ვიდრე ეხლა ჰგლოვობენ დაწინაურებულნი ნაწილნი ქართველი ერისა - ეს იქნება საუკეთესო შურისძიება, ღირსი ჩვენის დიდებულის მიცვალებულისა - ამასთან, ჩვენ უნდა მხნედ შევუდგეთ დიაგნოზს იმ საზოგადოებრივის სენისას, რომელმაც ისე მხეცურად იმსხვერპლა მგოსანი. ჩვენ უნდა უსათუოდ აღმოვაჩინოთ მხეცი მკვლელები და მათი ხელმძღვანელნი, თუ ჰყავდათ. არაფერს არ უნდა შევუშინდეთ, არაფერი არ უნდა დავმალოთ, რადგან დამალვით სენი კი არა რჩება, ძლიერდება, ხრწნის საზოგადოებრივს ორგანიზმს და სიკვდილს უმზადებს ერს.
1907 წ. 9 სექტემბერი
...........
მიხეილ წერეთელი, "წერილი ილიას მკვლელობაზე"
"ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო !
საქართველოს თავ-ლაფი დაასხეს! შერყვნეს და შელახეს მისი ღირსება, მისი თავ-მოყვარეობა! არც ერთი ფაქტი ჩვენის ცხოვრების უბედობის დამახასიათებელი ისეთი თავ-ზარდამცემი, ისეთი საზიზღარი, ისეთი სასირცხო არა ყოფილა საქართველოსათვის, როგორც ილია ჭავჭავაძის და მისი ოჯახის ამოწყვეტა. თავზარდამცემია ეს საშინელება, იმიტომ რომ ჩვენ მეორე ილია აღარ გვყავს და მგონი აღარც დაიბადოს გათახსირებულ ცხოვრებაში! საზიზღარია ეს მოვლენა, იმიტომ, რომ დიდებულ ადამიანს წარუტაცეს ავაზაკურად სიცოცხლე არა ყაჩაღებმა და ქურდებმა ანგარებით, არამედ, როგორც თვალ-ცხადათა სჩანს, ვითომცა და რომელიმე პრინციპის მქონე ჯგუფმა და ადამიანებმა, თავიანთ ვითომც და "იდეის" განსახორციელებლად და ილიას დასამცირებლად! სასირცხოა იგი მთელი საქართვე-ლოს ერისათვის იმიტომ, რომ ილია მოკვდა საქართველოს მიწა-წყალზედ, სწორედ იმ ადგილას, რომელსაც მან მთე¬ლი თავისი სიყვარულის ძალითა და დიადი ნიჭით დაწერილი ლექსი უძღვნა, - იმიტომ, რომ ილია მოკვდა შეიძლება ქართველის ხელითაც!
როგორ! ილია ჭავჭავაძე, რომელიც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში საქართველოსათვის შრომობდა, მღეროდა და სტიროდა, ილია, რომელსაც არც ერთი საქართველოს ჭირი არ გამოჰპარვია რომ არ აღენიშნა და ყოველთვის ბრძნული წამალი არ ენახა, ილია, რომელმაც მე-XIX საუკუნის რუსთაველი იყო საქართველოსა¬თვის, რომლის ენითაც ლაპარაკობს მთელი საქართველოს მწერლობა, მთელი საქართველოს უბრალო წერა-კითხვის მცოდნე ხალხიც კი, ილია, რომელიც საუკეთესო დამამშვიდებელი, ბრწყინვალე გვირგვინი იყო ჩვენ ისედაც ღარიბ კულტურისა, ეს ილია ჭავჭავაძე საქართველოშივე ქართველებმა მოჰკლეს?! ჰოი, უმადურნო, ბრმანო და საზიზღარნო! ნუთუ მართლა ჩაიდინეთ ასეთი დანაშაული, დანაშაული, რომლის მსგავსი მსოფლიო ისტორიას არ გაუგონია, დანაშაული, რომელიც მართლაც დაამტკიცებს მთელი ქართველობის მართლაცა და სრულ გადაშენებას?
სირცხვილი ჩვენთვის, ქართველებო, თუ მართლა გავხდით მოწამენი ასეთის ჩვენის დამცირებისა, ჩვენი სასაცილოდ აგდებისა ჩვენივე თავის მიერ, სირცხვილი ჩვენ დამცირებულსა და ფეხ ქვეშ გათელილ სამშობლოს, რომ ჩვენივე ხელით ტყვიებით დავხვრიტეთ ჩვენი უპირველესი ადამიანი, როგორც უბრალო დამნაშავე ან ქურდი! სირცხვილი მთელ საქართველოს, თუ მან ისეთნაირად დაჰკარგა ყოველივე სინდისი და გრძნობა, რომ ხმა არ ამოიღო, არ მოიწმინდა ასეთი საშინელი შეურაცხმყოფი ჩირქი, რომელიც მას წასცხეს თავიანთმავე უბედურ შვილებმა! მაშინ მართლაც მთელი საქართველო ყოფილა ავაზაკური სულისა და გულის, ცინიკური რწმენისა და დაბნელებული გონების პატრონი! რასაკვირველია, მაშინ იგი სირცხვილის სიწითლესაც ვეღარ იგრძნობს! მაგრამ თუ ჯერ ჩვენში სინდისი არ მომკვდარა, თუ კიდევ ცოტა რამ მაინც შეგვრჩენია ადამიანობისა, თუ საქართველოში ყოველი ქართველი ჯერ კიდევ არ გამხდარა სულ მხეცად უგუნურად და გარყვნილად.
ქართველებო! ნუ ვაპატიებთ ნურავის ასეთ საშინელ შეურაცხყოფასა და უბედურებას, ნუ მოვიჭრით თავს ქვეყანაში! უგუნურმა ხალხმა ქრისტე ჯვარს აცვა, იუდის შური ქრისტეს მეგობრებმა ვერ იძიეს, მაგრამ ეს მოხდა ოცი საუკუნის წინად! ნუ თუ ეხლა მთელი საქართველო უნდა შეიქმნეს იმ ადამიანის ჯვარმცმელი, რომელმაც სამოც წელზედ მეტი იმსახურა, ნუ თუ მთელი საქართველო იუდათ უნდა გადაიქცეს?
ქართველებო! ხელი ხმალს, მოვიდა ჟამი ნამდვილი თავის დაცვისა ყველა ოხერთაგან, ცინიკოსთაგან, უნამუსოთაგან, კაცის მკვლელ ავაზაკთაგან, ჩვენ შეურაცხმყოფელთაგან და თავლაფ-დამსხმელთაგან! ხელი ხმალს და საშინელი სასჯელი მათ, ვინც უკანასკნელად ლაფში ამოსვარა მთელი საქართველოს სახელი! სადღა გამოვყოთ თავი სირცხვილით? ვიღას რა ვუთხრათ, - ან ახლო, ან შორეულ მეზობლებს? ქართველებმა ილია ჭავჭავაძე მოჰკლეს! - იცით, რას ნიშნავს ეს საშინელი სირცხვილი? - ეს ნიშნავს: რუსებმა ტოლსტოი მოჰკლეს, გერმანელებმა ჰაინე მოჰკლეს, ინგლისელებმა - ბაირონი, ფრანგებმა - ვიქტორ ჰიუგო! აი, რას ნიშნავს ეს, ვინაიდან ჩვენი ჰაინეც, ჰიუგოც, ბაირონიც, ტოლსტოიც ილია იყო. მისი გონების შემოქმედება იყო ჩვენი ერთად ერთი დიდება, სინტეზი ჩვენი ლიტერატურისა; ილია იყო ჩვენი პუბლიცისტი, ბელლეტრისტი, პოეტი, - ყოველისფერი, - თითქმის მთელ ნახევარ საუკუნის განმავლობაში! მაგრამ ფრანგებს ჰიუგო არ მოუკლავსთ, გერმანელებს - ჰეინე, ინგლისელებს - ბაირონი, რუსები ტოლსტოის არ მოჰკვლენ, - ჩვენ კი მოვკალით ჩვენი ილია, - ამით სამუდამოდ დავისვით შუბლზედ მთელმა საქართველოს ერმა იუდობის ბეჭედი და დავსწყევლეთ ჩვენივე თავი უკუნითი უკუნისამდე!
ქართველებო! მხოლოდ საშინელი შურის ძიებით შეიძლება ამ იუდობის ბეჭდის ჩვენი შუბლიდან მორეცხა! ხელი ხმალს იკარ, ქართველო, დღეს დამტკიცდება შენი მოქალაქეობრივი ვაჟკაცობა, თუ დაიცავ შეურაცხყოფილსა და ლაფდასხმულ თავს მთელი შენი ახალი ისტორიისა და თავმოყვარობის წამბილწველთაგან!
მაგრამ თუ ჯერ კიდევ ისე არ დავცემულვართ ჩვენდა საბედნიეროდ, რომ ილიას სიკვდილი ჩვენი საკუთარი ხელიდან არ გამოსულა, თუ ქართული სინდისი ისე არ გამქრალა ჯერ, რომ ჩვენ არ ჩაგვიდენია ეს საშინელი დანაშაული ჩვენივე თავის წინაშე, - თუ ილია სკვითთა მსხვერპლია, ისე, როგორც ჰერცენშტაინი და იოლლოსი.
ქართველებო! ნურც მაშინ შევაწევთ მტერს ასეთ დანაშაულს, ხელი ხმალს მაშინაც და ავინაზღაუროთ ის საშინელი დანაკლისი, რომელმაც ილიას სიკვდილით ყველა ჩვენ უბედურებასთან შედარებით გაცილებით უფრო გაგვანადგურა! იყო შავი დრო, როდესაც სკვითი უგვანო წარდგა მძინარე დიმიტრი ყიფიანის წინაშე და "მირონცხებულ მოსუცსა" ავაზაკურად შეახო ხელი, და ნუ თუ ეხლაც, უარეს შავ დროს, ილიასაც შეახო სკვითმა თვისი უწმინდური ხელი?! …
ქართველებო! კმარა ამდენი მოთმინება! აღივსო მოთმინების ფიალა! ვინც უნდა იყოს მკვლელი, გარეული თუ შინაური, - დაჰკარ, ვაჟკაცო, გულცივად და შეუბრალებლად, ნათელი სინდისი გიძღოდეს წინ ამ სამართლიან შურის ძიების წმინდა საქმეში! დაჰკარ და გაუპე გული უწმინდურთა და უგვანოთა, რომელთაც დღეს სრულიად უმიზეზოდ გლოვის ზარით აამღერეს მთელი საქართველო, სამგლოვიარო შავი ზეწარი გადაჰხურეს მის ისედაც განადგურებულ, გადამწვარ, შეურაცხყოფილს და გაუპატიურებულ მიდამოებას! კმარა ამდენი სილაჩრე აზრითა, მოქალაქეობრივობითა და იარაღითა! კმარა ქალაჩუნობა და მონურად ქედის მოხრა ყველა შინაურსა და გარეშე წუნკალ მტერთა წინაშე!
ქართველებო! ვინც უნდა იყოს დამნაშავე, - გარეშე თუ შინაური, - ერთნაირი შურის ძიება მათ, სასტიკი, ულმობელი და ღირსეული! ამაზე მეტი რაღა უნდა დაგვმარ¬თონ, რაღას ვიცდით?! ქართველებო! შემოკრბით საქართველოს ყოველი კუთხიდან ჩვენ სატახტო ქალაქში, თბილისში, განურჩევლად სჯულისა, რწმენისა და ადგილისა! მართლმადიდებელნო, მაჰმადიანნო და კათოლიკენო, - ქართლ-კახელნო, გურულ-იმერ-მეგრელნო, აჭარა-ქობულეთელნო, მესხნო და ჯავახელნო, - ყველანი შემოკრბით რომ ჩვენს საერთო მამასა და მასწავლებელს, ასე ვერაგულად წართმეულს, უკანასკნელი გამოსალმების სიტყვა ვუთხრათ! შეიძლება აქაც ვიღონოთ ჩვენ მტერთა აღმოჩენა და მათი დასჯა საერთო ძალით! ეს ხომ ბუმბერაზული ომი არ არის, ერთი იმ ომთაგანი, რომელსაც წინად ვეწეოდით ხოლმე ურიცხვ მტერთა მოსაგერიებლად! ეს უბრალო თავის დაცვაა შეურაცხყოფისაგან, იმ ადამიანთაგან, რომელითაც მთელ საქართველოს ასეთი სასირცხვინო სილა გააწნეს საჯაროდ! გვიწვევენ? უნდათ ჩვენი გამოცდა? - მაშ ნუ დავლაჩრდებით ნურაფრით, შევიყარნეთ და იქნებ გავიგოთ, ვნახოთ, ვინ არიან და როგორნი ჩვენზედ უკანასკნელად მოსულნი მტერნი! ქართველებო! თუ მთლად ერთიანად არ დავცემულვართ, აღვასრულოთ ეს მცირედი საქმე და მტრის სასაცილოთ ნუ გავიხდით თავებს ამ საშინელი შეურაცხყოფის შემდეგ მაინც, თუ გინდ რომ ყველამ ვიხილოთ ჩვენი თავისვე მახვილით განგმირვა".
......................
ნოდარ დუმბაძე "დიდი ილია"
საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, შავ ხავერდზე პატარა, ფრჩხილისოდენა ტყვია დევს, ბერდანის ტყვია, რომელმაც 1907 წლის 30 აგვისტოს ჯერ ილია ჭავჭავაძის და მერე მთელი საქართველოს გულში გაიარა. და ახლა დევს ეს ტყვია მუზეუმში, როგორც შემზარავი სახსოვარი ერის ტკივილისა, განცვიფრებისა, სასოწარკვეთისა, აღშფოთებისა და მრისხანებისა.
ახლა ყველაფერი ეს ისტორიაა, - იტყვის ვინმე, მაგრამ შეიძლება ერისათვის ისტორიად იქცეს ენა მისი, ანბანი მისი, აზრი მისი, გონება მისი, და დროშა მისი?! განა შეიძლება წარსულად იქცნენ ჰომეროსი, დანტე, სერვანტესი, რუსთაველი, პუშკინი, ილია, ადამიანები, რომლებიც დროშასავით უძღვიან წინ თავიანთ ერებს დღიდან დაბადებისა და საუკუნიდან საუკუნეში უნათებენ გზას? ცხადია, არა.
ილია იქ დგას, მომავალ საუკუნეებში, და ყოველი წელი არათუ განშორებაა მასთან, არამედ მიახლოება.
ადამიანებს ბავშვობაში ვარსკვლავები ისეთი პატარები და ახლობელი გვეჩვენება, როგორადაც კიაფობენ და ჩანან ისინი ცის კაბადონზე. მხოლოდ შემდეგ, ბუნების კარს რომ შევაღებთ, ვხვდებით, თუ რაოდენ დიდია ყოველი მათგა¬ნი, რამხელა ენერგიას ინახავს, რა ვეებერთელა მაგნიტური ველი და რაოდენ დიდი მიზიდულობა გააჩნია თითოეულ მათგანს.
სწორედ ასეთი ვარსკვლავია ქართველი ერისთვის უკვდავი სახელი ილია ჭავჭავაძისა და მარადიულია სხივი გამომდინარე მისგან.
როგორც ყველა დიდი ერისკაცი და მამულიშვილი, ილიაც მთაწმინდას მიაბარა დამწუხრებულმა საქართველომ, მაგრამ მისი დიდება საფლავში არ ჩაეტია.
..........................
თეთრი ხარირემი
გლდანის იქით, ცხვარიჭამიას გზაზე პაწია სოფელია (ახლა უკვე ნასოფლარი) მამკოდა. 1907 წლის 24 დეკემბერს სამი მამკოდელი ძმაკაცი - ნიკოლა ბერიძე, ზაქარია აფციაური და ალექსი შერემეტოვი - სანადიროდ წასულა საგურამოსა და ზედაზნის შემოგარენში. საღამო ჟამი მდგარა. ზედაზნის მონასტრისაკენ მიმავალ მონადირეებს თეთრი ხარირემი შემოფეთებიათ. ნიკოლა ბერიძე დიდად გამოცდილი მონადირე ყოფილა და თვალის დახამხამების უმალ ესროლა თურმე ირემს. ორი ტყვიით დაუჭრია ირემი - წინ მხარში და უკან, ბარკალში. დაჭრილი ირემი ტყეში გაუჩინარებულა. ბნელოდა, ციოდა და მონადირეებს ირემი აღარ უძებნიათ. მონასტრისაკენ გაუწევიათ. იქ შეუფარებიათ თავი.
ლაზათიანად უვახშმიათ, მაგრამ ბერიძეს გუნება გაფუჭებია, სევდა და ნაღველი შემოსწოლია. რათა ხარ, კაცო მოწყენილიო, ჩასცივებია ბერიძეს ზედაზნელი ბერი იოანე, მაგრამ მონადირემ თავად არ უწყოდა დარდის მიზეზი.
ღამით სიზმარი უნახავს ნიკოლა ბერიძეს: ორი ანგელოზი მოსულა და უკითხავს მონადირისათვის ირემი დავკარგეთ და ხომ არ გინახავსო. შიშით თავზარდაცემულს გაუღვიძია ბერიძეს. ყველაფერი უამბნია ბერ იოანესათვის და შეხვეწნია, იოანე ზედაზნელს შეავედრე და ჩემთვის პატიება გამოსთხოვეო. ბერს აუსრულებია მონადირის სურვილი. ბერიძეს ხატისათვის სანთელი და ერთი მანეთი მიურთმევია. დილით კი ამხანაგებთან ერთად, დაჭრილი ირმის კვალს გაჰყოლია.
წიწამურის გზაზე, იქ სადაც ილია ჭავჭავაძე მოკლეს, მაშინ ქვის ჯვარი იდგა. დაჭრილი ირმის კვალს იმ ჯვართან მიუყვანია მონადირენი. სისხლიანი კვალი იქიდან ისევ უკან მონასტრისაკენ ბრუნდებოდა. მონადირენიც უკან გაჰყოლიან კვალს. ნახევარი გზაც არ ჰქონიათ გავლილი, რომ დაჭრილი თეთრი ხარირემი დაუნახავთ. სამჯერ ასულა ასე ირემი მონასტერში და უკან ჯვართან დაბრუნებულა. გაშმაგებული პირუტყვი რქებით ლეწავდა და ანგრევდა ყველაფერს, რაც წინ ეღობებოდა და გზას ისე მიიკვლევდა. ბოლოს, სისხლით დაცლილი და დაქანცული ჯვრის წინ დამხობილა, რქები მიწაში ჩაურჭვია და ისე დაულევია სული.
ეს ამბავი დაბეჭდილია 1909 წლის 2 თებერვალს მე-5 ნომერ "ივერიაში".
წერილს ხელს აწერს მონადირე ნიკოლა ივანეს ძე ბერიძე, რომელიც ამავე დროს საგურამოს და გლდანის სახელმწიფო ტყის მცველიც ყოფილა. მონადირის ნაამბობის სიმართლეს ბეჭდით ადასტურებს სოფელ მამკოდის ნაცვალი.
დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე
ილიას მკვლელობის "გამოძიება"
ილიას მკველელობასთან დაკავშირებით ოფიციალური სასამართლო პროცესი 3-ჯერ ჩატარდა.
პირველი და მეორე - მეფის რუსეთის დროს - 1907- 1908 და 1909 წლებში.
მესამე - საბჭოთა კავშირის არსებობის დროს - 1941 წელს.
სასამართლო პროცესის ჩატარებას აპირებდა მენშევიკების მთავრობაც, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის მონდომებით. რამიშვილმა დააპატიმრა ილიას მკვლელები - ფილიპე მახარაძე და გიგლა ბერბიჭაშვილი, მაგრამ ნოე ჟორდანიამ ისინი ციხიდან გააპარა. საკუთარი სახელმწიფო მანქანით წააყვანინა ვლადიკავკაზამდე. ამ გამაოგნებელ ინფორმაციას მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის შვილი გვაწვდის.
"როდესაც ნოე რამიშვილმა დააჭერინა ილიას მკვლელობის შეთქმულების მონაწილეები, ფილიპე მახარაძე და ბერბიჭაშვილი და მკვლელობის გამოსაძიებლად საკითხი წარუდგინა დამფუძნებელ კრებას, გამოიყო საგანგებო კომისია. ამ დროს კი ნოე ჟორდანიამ ფარულად გამოაშვებინა ციხის უფროსს დამნაშავეები და თავის მძღოლს თავისივე სახელმწიფო მანქანით ჩააყვანინა ვლადიკავკაზში".
მკვლელობის შემსრულებელთა დადგენის მიზნით ოპერატიული და შედარებით პატიოსანი გამოძიება პირველი და მეორე გახლდათ.
დადგენილ იქნა მკვლელობის ყველა მონაწილე.
1) ვინმე იმერელი
2) ივანე ინაშვილი
3) გიორგი (ლომა) ხიზანიშვილი
4) გიგოლა მოძღვრიშვილი
5) გიგლა ბერბიჭაშვილი
6) თედო ლაბაური
7) პავლე ფშავლიშვილი (აფციაური)
ამათგან, ვერ დაიჭირეს ორი - გიგლა ბერბიჭაშვილი და ვინმე იმერელი. ვინმე იმერელს მხოლოდ ბერბიჭაშვილი იცნობდა, თავისი საქმიანობით და არა გვარ-სახელით. როგორც ნოდარ გრიგალაშვილი წერს, ვინმე იმერელი იყო კომიტეტიდან მოვლენილი მკვლელი, მისი დაჭერა პარტიისათვის კატასტროფა იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში, ვერავინ იტყოდა, - გლეხებმა მოკლეს მებატონეო. ამიტომ ვინმე იმერელისა და ბერბიჭაშვილის, როგორც მისი ავანჩავანის მცოდნის, ბედი, წინასწარვე განსაზღვრული იყო. მკვლელობის შემდეგ ერთიცა და მეორეც ყალბი პასპორტებით ბაქოს გავლით სპარსეთში გაუშვეს.
იმერელი მხოლოდ 1909 წელს (მანამდე სხვა საქმეზე იყო დაჭერილი 1908 წლის ნოემბრიდან), ციხიდან გამოქცევის შემდეგ, სპარსეთში გადავიდა.
დანარჩენი ხუთიდან ერთი - ფშავლიშვილი, მეტეხის ციხიდან გაქცევის შემდეგ მდევარმა მოჰკლა. მოძღვრიშვილი განაჩენის აღსრულებამდე მოკვდა ციხეში.
სამი: თედო ლაბაური (მეეტლე), გიორგი ხიზანიშვილი, პავლე ინაშვილი ჩამოახრჩვეს 1909 წელს.
თბილისის გენერალ-გუბერნატორს სიკვდილმისჯილი მკვლელების შეწყნარების თხოვნით მიმართა თვით ილიას ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა: "მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა მათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა... მე თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი ამსოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულისა, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა - შეუნდო იმ უბედურ, გზააბნეულ მოყვასთ, რომელთაც თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია, ამჟამად თქვენგანაა დამოკიდებული მოიქცეთ ისე, რომ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელსაც ადამიანის სულს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთისოფელში - შეერთება ღმერთთან, რომელიც განიცადა ქრისტემ, როცა ჯვარზე განრთხმული, სიკვდილის ჟამს, ღვ-თიური სიყვარულის შუქით განათლებული, ევედრებოდა შემოქმედს შენდობას იმ მტრებისას, "რამეთუ არა იციან, რასა იქმან.
ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით "ლოცვა":
"მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმინდა,
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: "შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!"
ილიას სიკვდილის შემდეგ ოლღას აღარც საგურამოსკენ გახედვა სურდა და ვეღარც შინ ჩერდებოდა. ფიზიკურად მომჯობინებულა თუ არა, მთაწმინდაზე, ილიას საფლავთან ახლოს, წერა-კითხვის საზოგადოებას აქირავებინა ბინა და იქ გადასახლდა - ილიასთან ახლოს ვიქნებიო. მთელი უძრავ-მოძრავი ქონება კი, ილიას ანდერძისამებრ, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. ილიას მკვლელობის შემდეგ ოცი წელი იცოცხლა ოლღამ. ამბობენ, თითქმის ყოველდღე ადიოდა მთაწმინდაზე და ილიას საფლავზე წვებოდაო...
მაშინდელმა პოლიციამ ვერ დაიჭირა ორი მთავარი ბოროტმოქმედი - ვინმე იმერელი და გიგლა ბერბიჭაშვილი ზემოხსენებული მიზეზის გამო. ამიტომ პროკურორმა კი სთქვა, სასამართლო პროცესზე, რომ ამ მკვლელობის უკან უნდა იდგეს პარტია, რომელსაც პოლიტიკური მიზანი ჰქონდაო, პატიმრებმა აღიარეს, კომიტეტის დავალებით ვმოქმედებდითო, პრესაშიც ქვეყნდებოდა პუბლიკაციები, სადაც პირდაპირ ადებდნენ ხელს სოციალ-დემოკრატებს (ბოლშევიკების ფრაქციას), მაგრამ განცხადებაზე შორს პროკურორი და მით უფრო სასამართლო ვერ წავიდა.
მეფის სასამართლომ ვერ შეძლო შემკვეთისა და ორგანიზატორების დაპატიმრება, მაგრამ დააპატიმრა მკვლელები და ძიება წაიყვანა სწორი მიმართულებით, ანუ პროკურორის განცხადების სახით მაინც მიანიშნა იმ პარტიაზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მკვლელად წარმოისახა საზოგადოებრივმა აზრმა.
გიგლა ბერბიჭაშვილი დიდხანს იმალებოდა. 1921 წელს იგი რუსეთის მე-11 არმიაში იყო და იარაღით ხელში მონაწილეობდა საქართველოს საოკუპაციო ბრძოლებში. საბჭოთა ხელისუფლების წლებში კი, ფ. მახარაძის დახმარებით, ხან დუშეთის აღმასკომში მუშაობდა, ხან ქიზიყში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ იყო. სიბერეში ხშირად გაიძახოდა, - ილია მე მოვკალი და დიდი ჯილდო და საგანგებო პენსია მეკუთვნისო. გიგლა ბერბიჭაშვილს 1941 წელს ეწია სამართალი. ის თბილისში, უმაღლესი სასამართლოს დახურულ კარს მიღმა გაასამართლეს. მოხუცმა ბერბიჭაშვილმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა გამოძიებამ დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.
საბჭოთა პერიოდში ჩატარებული გამოძიებით ვითომ დაინტერესებული იყო სტალინი, ეს სასამართლოც არ იყო მოწადინებული სიმართლის გამოძიებით, მათ უნდოდათ ცალმხრივად დაებრალებინათ ილიას მკვლელობა მეფის "ოხრანკა" ჟანდარმერიისთვის!.. იოსებ ირემაშვილმა, რომილიც კარგად იცნობდა სტალინს (ერთად სწავლობდნენ გორის სასწავლებელსა და თბილისის სასულიერი სემინარიაში, შემდეგ კი მათი გზები გაიყო. ერთი წავიდა მენშევიკებში და მეორე ბოლშევიკი გახდა) გერმანიაში 1931 წელს გამოცემულ წიგნში "სტალინი და საქართველოს ტრაგედია", განაცხადა რომ ილიას მკვლელობის უკან სტალინი იდგა!
საუკუნე გავიდა და ილიას მკვლელობა კიდევ არ კარგავს აქტუალობას. დღემდე არ არსებობს ერთიანი პოზიცია ილიას მკვლელობის შესახებ. მკვლევრები დროდადრო ახალ-ახალ ვერსიას გვთავაზობენ, თუმცა გადაჭრით რაიმეს მტკიცება მაინც გაძნელებულია.
ისტორიკოს ვახტანგ გურულის თქმით, მკვლელობის მიზანი არ ყოფილა არც ძარცვა და არც უკმაყოფილო გლეხობის შურისძიება. მკვლელობა განხორციელდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის დაკვეთით, მკვლელობის ორგანიზება კი სერგო ორჯონიკიძესა და ფილიპე მახარაძეს დაევალათ. სწორედ მათ გადაიბირეს ყაჩაღობასა და ტერორში შემჩნეული გლეხების ჯგუფი, თუმცა ვახტანგ გურული ამტკიცებს, რომ მკვლელობა არა ამ ჯგუფმა, არამედ მახარაძე-ორჯონიკიძის მიერ დაქირავებულმა ტერორისტმა განახორციელა:
კილერმა იცოდა, ეტლს სად გააჩერებდნენ, ხოლო გიგლა ბერბიჭაშვილის ჯგუფმა კი არ იცოდა, რომ ტყეში მკვლელი იყო. სოციალ-დემოკრატებს უნდოდათ, 100%- იანი გარანტია, რომ ილია მოკვდებოდა. ხშირად ხდებოდა, რომ ფულს აიღებდნენ ნაძირალა მკვლელები, მაგრამ ბოლოს ჩაიჯიბავდნენ და გარბოდნენ. ამიტომ მათ იმედად საზღვარგარეთ მყოფი ლენინი და სხვები, მათ შორის, ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე, ვერ იქნებოდნენ".
ილიას სიკვდილი დააფიქსირა დუშეთის მაზრის ექიმმა იაშვილმა, რომელმაც გვამის გაკვეთის შედეგად დაადგინა:
"1. მკერდზე, მარჯვენა ძუძუსთან, შიგნით მოხვედრილი ტყვია გასულა უკან მარცხენა ხელის იღლიასთან. ამ ტყვიას დაუფლეთია გული და მარცხენა ფილტვი. 2. შუბლზე ოვალური ფორმის ჭრილობა ძვლამდე, სიღრმით 4 სანტიმეტრი. აქ ძვალი გამტვრეულია 1,5 ვერშოკზე. 3. მარჯვენა წარბზედაც ასეთივე ჭრილობა. პირველი ორი ჭრილობა სასიკვდილოა, მესამე - არა".
თუმცა მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ილია ჭავჭავაძის სხეულში ტყვია არა მკერდიდან, არამედ ზურგის მხრიდან შევიდა. ვახტანგ გურული ნატყვიარის ანალიზის საფუძველზე ასკვნის:
"შესვლის ადგილას ტყვიამ დატოვა წვრილი ხვრელი, დაახლოებით ნეკა თითის სიმსხო, ხოლო გამოსვლის ადგილს მკერდზე - ორი გოჯის სიდიდისა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გასროლა მოხდა ზურგის მხრიდან. ტყვია ვიწრო ხვრელს ტოვებს შესვლის ადგილზე, ხოლო სხეულიდან გამოსვლის ადგილს გამოგლეჯს".
ვახტანგ გურულის თქმით, ტყეში დამალულმა მკვლელმა ილიას ზურგში მაშინ ესროლა, როცა ბერბიჭაშვილი და სხვა ყაჩაღები ილიას ერთგული ლაქიის, იაკობ ბითარაშვილის დევნით იყვნენ დაკავებული. ამიტომ იყო, რომ ბერბიჭაშვილი სასამართლო პროცესზე ბოლომდე უარყოფდა ილიას მკვლელობას.
ამონარიდი სასამართლო სხდომის მასალებიდან: "შენ რას უყურებო? რო არ მიმხვდარიყვნენ, მეც ავიღე და ვისროლე ზევით. ეს მოხდა. მერე გადაცვივდნენ ტყეში. ხიზანიშვილმა დაავლო ხელი ჩემოდანს და მითხრა, ეს რა არისო. ვნახე კარობკა. კარობკაში იყო რაღაც ღილები და ბეჭდები. სათვალეებიც ავიღე და მივაწოდე. ინაშვილმა თქვა, არაფერი დაიკარგოსო. ყველაფერი გამომართვა".
ვახტანგ გურული მიიჩნევს, რომ ილიას მკვლელობა უფრო მასშტაბურად იყო გათვლილი რუსეთის სამეფოში და მისი მკვლელობა უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო რუსეთის სათათბიროსთვის, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის. გურულს ამის მიზეზად მოაქვს მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, 1906 წელს ილიას განცხადება რუსეთის სათათბიროში - მან მოითხოვა საქართველოს ავტონომია!
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გარდა, ილია ჭავჭავაძე ასევე მართლაც მიუღებელი იყო რუსეთის იმპერიისთვისაც. სწორედ ილია ჭავჭავაძის იდეებითა და ძალისხმევით ერთიანდება საქართველო, რომელიც რუსეთის იმპერიაში თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად იყო დაშლილი. პროფესორ ლევან გიგინეიშვილის თქმით, ილიას მეცადინეობას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ აღმოიფხვრა კუთხური და სოციალური დაქუცმაცებულობა, გავრცელდა განათლება და შეიქმნა ახალი იდენტობა.
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ისტორიკოსი და პროფესორი გურამ ყორანაშვილიც თვლის, რომ ილიას მკვლელობით დაინტერესებული იყო როგორც მაშინდელი სოციალ-დემოკრატიული პარტია, ასევე მეფის ხელისუფლება... ამიტომ ერთ-ერთი მათგანის გამორიცხვა გაუმართლებლად მიაჩნია, ამის შესახებ არის 2004 წელს გამოცემული მისი წიგნი "წიწამურის ტრაგედიის საიდუმლო". ამავე თვალსაზრისს ავითარებდა ცნობილი ისტორიკოსი და მკვლევარი, გივი ჟორდანია. ილია ორივე მხარეს ყელში ეჩხირებოდა თავისი სიდიდით... მისი ბრძოლა ავტონომიისა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისათვის არ აწყობდა არც მეფის ხელისუფლებას და არც ქართულ სოციალ-დემოკრატებს, ამიტომ ისინი კოორდინირებულად მოქმედებდნენ.
ილიას ძალისხმევითვე მოხერხდა მონარქის ჩანაცვლება მამულით, ანუ მამულის ერთგულებით, შეიქმნა სამოქალაქო სივრცე გაზეთებისა და თეატრის სახით.
ილია ჭავაჭავაძის ეს საქმიანობა გახდა მისი მკვლელობის ძირითადი მიზეზი. მწერალი, ლიტერატურისმცოდნე, ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი ნოდარ გრიგალაშვილი თავის ნაშრომში, "თანამდევი სული", ამბობს, რომ ილიას მთავარი ოპონენტების, სოციალ-დემოკრატების ამოცანა იყო საქართველოს რუსეთის იმპერიაში დარჩენა, ადამიანის სულიერი სამყაროს წაშლა და კერძო საკუთრების მოსპობა:
"ილია, თავისი დიდი ავტორიტეტით, იყო ბუნებრივი წინააღმდეგობა სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური მოღვაწეობის გზაზე. და ის, ფაქტობრივად, შესწირეს საქართველოს იდეას. ჯერ ილია მოკლეს და 1921 წელს თვით საქართველოს დამოუკიდებლობა დახვრიტეს".
აქამდე საზოგადოების უმეტესობა მკვლელობის ერთ-ერთ მონაწილედ სერგო ორჯონიკიძეს თვლიდა, თუმცა გაჩნდა ვერსია, რომ ვინმე "იმერელში" უნდა ვიგულისხმოთ ილიკო იმერლიშვილი და არა სერგო ორჯონიკიძე. ეს ვერსია ჯერ ნოდარ გრიგალაშვილმა შემდეგ კი თენგიზ სიმაშვილმა გაახმაურეს.
ცნობილია, რომ არაფორმალური დაკითხვებისას, მათ შორის, შალვა ნუცუბიძისა და თედო სახოკიას თანდასწრებით, ბერბიჭაშვილი "ვიღაც იმერელში" სწორედ სერგო ორჯონიკიძეს გულისხმობდა. ამასვე იმეორებდა ხოლმე მისი ქალიშვილიც (ცხადია, მამისგან გადმოცემული ცნობით) თავის ნაცნობთა შორის.
ილიას მკვლელობიდან 104 წლის შემდეგ ნოდარ გრიგალაშვილმა ახალი წყაროების მოძიებით დაადგინა, რომ "იმერელი" არა სერგო ორჯონიკიძე, არამედ ილიკო იმერლიშვილია, რომელიც მკვლელთა ბანდის მეთაური გახლდათ. "ის "ტყის ძმების" უფროსი იყო და ბოლშევიკებმა ილიას მკვლელობაც სწორედ მას დაავალეს. იმ დროს ჭავჭავაძის მკვლელობას ვერც იმერლიშვილი, ვერც ფილიპე მახარაძე და ვერც ერთი მაშინდელი ბოლშევიკი ვერ გადაწყვეტდა, ვერც იოსებ სტალინი"... ილიას სიკვდილის გადაწყვეტა აქაურ წვრილმანობას არ შეეძლო... კითხვაზე, ვინ იყვნენ მაშინდელი საქართველოს ბოლშევიკების მეთაურები, ვერ გიპასუხებთ, რადგან პარტია აისბერგის პრინციპით მოქმედებდა, იყო ხილული ნაწილი და იყო უხილავი ნაწილი... ჩვენ ვიცოდით, ვინ იყვნენ სოციალ-დემოკრატების ფრაქციის წევრები, მაგრამ არ ვიცოდით, ვინ იყო ცენტრალურ კომიტეტში... შეიძლება, ცეკას წევრი და ფრაქციის წევრი დუმაში ერთი და იგივე კაცი ყოფილიყო, მაგრამ ეს არ სცოდნოდა ფრაქციისავე წევრს... სამხარეო კომიტეტი რომ არ გაშიფრულიყო, მათ დაარქვეს ლიტერატურული ბიურო, რომელშიც შედიოდნენ: სტალინი, ფილიპე მახარაძე, მიხა ცხაკაია, მიხეილ ბოჭოიძე, სტეფანე შაუმიანი... მათ შორის, ცხაკაია, ყრილობის დამთავრების შემდეგ ჟენევაში დარჩა და როდესაც 10 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, მისმა დიასახლისმა ჰკითხა, საქართველოში მიდიხართ, არა, თქვენს სამშობლოშიო, რაზეც მან უპასუხა, არა, მე კოსმოსის ერთი წერტილიდან კოსმოსის მეორე წერტილში მივდივარო... ამათთვის ეს ქვეყანა კოსმოსის ერთი წერტილი იყო, ილიასთვის კი სამშობლო, და ამიტომაც მოჰკლეს ის", - ამბობს ნოდარ გრიგალაშვილი, რომლის მიერ გამოკვლეულ ილიას წუთისოფელში არაერთ ახალ ვერსიას აღმოაჩენთ და ილიკო იმერლიშვილის შესახებ მოძიებულ დეტალებსაც გაეცნობით.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა თენგიზ სიმაშვილმა, სულ ცოტა ხნის წინ საქართველო საისტორიო ცენტრალური არქივისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ფონდებში აღმოჩენილ მასალებზე დაყრდნობით გამოთქვა იგივე ჰიპოთეზა, რომ ილიას მკვლელობაში მოხსენიებული იმერელის მეტსახელით არა სერგო ორჯონიკიძე, ან სხვა პირი, არამედ ილიკო იმერლიშვილი არის სავარაუდებელი.
მკვლევრების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ილია ჭავჭავაძეს გიგლა ბერბიჭაშვილმა ესროლა, სიმაშვილი კი არ ეთანხმება და წერს, რომ ამის თაობაზე ეჭვს ბადებს არაერთი გარემოება. გიგლა ბერბიჭაშვილი ხშირად ამბობდა: "ილიას შუბლში მე მოვარტყი ბერდანის ტყვია". 1907 წლის 31 აგვისტოს დუშეთის მაზრის ექიმის ალექსანდრე იაშვილის გვამის გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ილიას ჰქონდა ერთი გამჭოლი ჭრილობა მკერდში, რამაც გამოიწვია გულის დაზიანება. ილია ჭავჭავაძეს შუბლზე არსებული ჭრილობა ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. ამ მასალების საფუძველზე თენგიზ სიმაშვილი ფიქრობს, რომ გიგლა ბერბიჭაშვილს ილიასათვის ტყვია არ უსვრია.
თენგიზ სიმაშვილი წერს: "გიგლა ბერბიჭაშვილი აშკარად ცრუობდა, როცა ლაპარაკობდა, რომ ილიას ტყვია შუბლში გავარტყიო. სინამდვილეში კი ილია ჭავჭავაძეს შუბლში ცეცხლსასროლი იარაღის კონდახი ჰქონდა ჩარტყმული და არა ტყვია მოხვედრილი. ამას დოკუმენტები ადასტურებს. ვვარაუდობ, რომ გიგლა ბერბიჭაშვილმა სულთმობრძავ ილიას ორჯერ ჩაარტყა კონდახი თავში. ილია ჭა-ვჭავაძის მკვლელობის გამოძიების მასალებიდან ჩანს, რომ მკვლელობის მომენტში წიწამურის ტრაგედიის ერთ-ერთი მონაწილე პავლე ფშავლიშვილი ილიას ეტლის გამოჩენისას ნიშნის მიმცემის ფუნქციას ასრულებდა. ის, როგორც ნიშნის მიმცემი, ილია ჭავჭავაძეს პირველი ვერ ესროდა. ილიკო იმერლიშვილის თანამედროვეების მოგონებებიდან და მისი "საგმირო" საქმეებიდან კარგად ჩანს, რომ ის პირველი ისროდა ტყვიას და სწორუპოვარი მსროლელი იყო. ვფიქრობ, რომ ეს მკვლელობაც მან ჩაიდინა".
ილიას მკვლელად ილიკო იმერლიშვილს პირველი ასახელებს ჭავჭავაძის მოურავის მეუღლე დარია ჯაში. მან საბჭოთა ხელისუფლების მიერ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილის, გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის გამოძიების წინა პერიოდში, 1941 წლის 6 ივნისს დაკითხვისას განაცხადა: "როგორც შემდეგ გავიგე, ილიას მკვლელობაში მონაწილეობდნენ ინაშვილი, ყოფილი მამასახლისი, იმერლიშვილი, რომელსაც კარგად იცნობდა დიმიტრი, ფშავლიშვილი გრიგოლა".
უახლესი საარქივო დოკუმენტები ადასტურებენ სოციალ-დემოკრატიული ბოლშევიკური ფრთის უშუალო მონაწილეობას წიწამურის ტრაგედიაში.
პროფესორი ნოდარ გრიგალაშვილი მნიშვნელოვან ფაქტად აფასებს თენგიზ სიმაშვილის მიერ მოპოვებულ ამ მასალებს: "ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიამაყოთ, რომ 104 წლის შემდეგ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა გახსნილია. ის, რასაც მე ადრე ვწერდი, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტურ ფაქტებს ვეყრდნობოდი, მაინც ვერსიად რჩებოდა, რადგან ხელთ არ მქონდა პირდაპირი საარქივო ჩანაწერი, სადაც სიტყვასიტყვით ეწერებოდა, რომ ილია ჭავჭავაძე მოკლა ილიკო იმერლიშვილმა. ისტორიკოსმა თენგიზ სიმაშვილმა არქივში ეს დოკუმენტი აღმოაჩინა. ამით ამ მიმართულებით კვლევას, ვფიქრობ, წერტილი დაესვა".
იხილეთ დასაწყისი
...........................
აქვე წაიკითხეთ:
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) (+1907) - 20 ივლისი (2 აგვისტო)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი