სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II (+1918) - 27 ივნისი (10 ივლისი)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II (+1918) - 27 ივნისი (10 ივლისი)
წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II-მ სარწმუნოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ძნელი და რთული გზა განვლო "მე დავიბადე, - წერდა იგი, - ქ. ტფილისში, პაპაჩემის, დედის მხრივ, სვიმონ გორგასანიძის ოჯახში. ქართული ტრადიციის მიხედვით, ქალიშვილის პირველი მშობიარობა მშობლების ოჯახში ხდება. ქვეყნიერებას მოვევლინე 1855 წლის 10 ნოემბერს და მიწოდეს გიორგი... მეტრიკის მიხედვით, ვითვლები 1855 წლის 1-ლ იანვარს დაბადებულად. ეს ანაქრონიზმი აიხსნება იმ გარემოებით, რომ ჩემს მშობლებს უნდოდათ ჩავეწერეთ უფროსად, რათა წლებს არ შეეშალა ხელი სკოლაში ადრე მიბარებისათვის". საძაგლიშვილების საგვარეულო სოფელი იყო ქვემო ნიქოზი (გორის მაზრა), მაგრამ კირიონის მამა იერონიმე მოსეს ძე ჩრდილოეთ კავკასიაში დაიბადა. სწავლობდა ჯერ ვლადიკავკაზის, შემდეგ - თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის კურსდამთავრებული იერონიმე საძაგლიშვილი მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდლად, მოგვიანებით, ანანურის ტაძრის წინამძღვრად (ბლაღოჩინად) დანიშნეს. საეკლესიო მსახურების პარალელურად ის ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობასაც. დააარსა ანანურის სამრევლო სკოლა. ერთ-ერთი ცნობით, იერონიმე წერა-კითხვასა და ქართულ ენაში ამეცადინებდა პატარა ალექსანდრე ყაზბეგს. ანანურიდან იგი გადავიდა ფშავში. განაგებდა სამწყსოს ჩარგალში. აქ იგი მოღვაწეობდა კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით, როგორც მისიონერი. იერონიმე საძაგლიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველ მთიელთა, აგრეთვე ოსთა სარწმუნოებრივ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო გათვითცნობიერების საქმეში. აი, რას წერდა მოგვიანებით მამაზე წმინდა კირიონი: "ეს იყო გამორჩეული ნატურა, პოეტური ნიჭით მომადლებული, ღრმად განმსჭვალული პასუხისმგებლობის გრძნობით, გამრჯე, ცოცხალი ხასიათის ადამიანი... ის იყო ჩემი პირველი აღმზრდელი. თუ მე მივაღწიე წარმატებას მეცნიერებაში... თუკი რამ არსებობს ჩემში ძვირფასი, ქრისტიანული, ყოველივე ამით მე დავალებული ვარ მამაჩემისაგან, ჩემი ბუნებრივი ნიჭის განვითარების უზარმაზარი კეთილისმყოფელი გავლენისათვის".

კირიონის დედა - სალომე დავითის ასული გორგასანიძე ქალაქ თბილისში შეძლებულ ოჯახში აღიზარდა. მისი ოჯახი წარმოშობით რაჭიდან იყო. სალომე მოხდენილი, სათნო და მოსიყვარულე ბუნებისა ყოფილა. "იგი იყო წყარო ჩემი სულიერი სასოებისა, მასში იყო სიყვარული ჩემი... პირველი თესლი ღვთისმოშიშებისა დათესა ჩემში დედამ", - იგონებდა მღვდელმთავარი.

ოთხი წლის იყო გიორგი საძაგლიშვილი, როდესაც მის ოჯახს უბედურება დაატყდა თავს. მშობიარობას გადაყვა დედა - 21 წლის ქალი. იგი დასაფლავებულია ანანურში. მამამისს დააწვა ორი მცირეწლოვანი ობლის, გიორგისა და ახალშობილი ნიკოლოზის აღზრდის სიმძიმე. იერონიმეს საეკლესიო წრეებმა შესთავაზეს ბერად აღკვეცილიყო და მაღალ იერარქიას დაჰპირდნენ, მაგრამ მან შვილების გამო ეს წინადადება არ მიიღო.

სწავლა-განათლება


დაწყებითი განათლება კირიონმა მამის მიერ დაარსებულ ანანურის საეკლესიო სკოლაში მიიღო; 1862 წელს გორის სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა. ამ დროს უკვე გამოიკვეთა ყმაწვილის მამულიშვილური მისწრაფებები. მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი იგონებს, რომ გიორგი საძაგლიშვილთან ერთად მოიარა შიდა ქართლის თითქმის ყველა ისტორიული ადგილი, შემდეგ კი მოიხილეს მაღრანდვალეთის ქართული სიძველეები.

როგორც სასულიერო ოჯახში აღზრდილს, კირიონ II-ს, უფლება მიეცა, უფასოდ სწავლა-განათლება მიეღო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1876 წელს წარჩინებით დაამთავრა. ამის შემდეგ სახელმწიფოს ხარჯზე სასწავლებლად გაიგზავნა კიევის სასულიერო აკადემიაში, სადაც საღვთისმეტყველო საგნებთან ერთად სათანადო ცოდნა მიიღო მსოფლიო ისტორიაში, გეოგრაფიაში, არქეოლოგიაში და სხვა. აქვე მოხდა მისი მსოფლმხედველობრივი ფორმირება. იმ ხანად კიევის სამხედრო სასწავლებლის კურსანტი, შემდგომ კი ცნობილი ქართველი მწერალი დავით კლდიაშვილი თავის მემუარებში კარგად გადმოგვცემს კირიონ II-ის სულისკვეთებას: "იმ ოთახში, სადაც საძაგლიშვილი იმყოფებოდა, მუდამ ყვირილი და ჩხუბი იყო. თურმე სტუდენტებს საძაგლიშვილი ედავებოდა ქართული კულტურის შესახებ - მაღლა აყენებდა მას, რუს სტუდენტებს კი ეს არ სჯეროდათ და უარყოფდნენ".

წმინდა კირიონმა კიევის სასულიერო აკადემია 1880 წელს დაამთავრა დისერტაციის წარდგენით, რის გამოც მას ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიენიჭა. აკადემიის დამთავრების შემდეგ ერთხანს ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ მუშაობდა.

1883 წელს კირიონი, იმდროინდელი საქართველოს ეგზარქოსის გადაწყვეტილებით, საქართველოში დაბრუნდა და სხვადასხვა დროს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თელავის, გორის და ქუთაისის სასწავლებლებში. ერთხანს თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელშიც ასწავლიდა ქართული სიტყვიერების ისტორიას, რუსულ ენას და საღმრთო ისტორიას. გორში კირიონმა ცოლად შეირთო ანეტა თაბუნიშვილი, რომლისგანაც შეეძინა ერთადერთი ვაჟი - იორამი. ანეტა გორელი ხელოსნის ქალიშვილი გახლდათ. დამთავრებული ჰქონდა გორის ქალთა გიმნაზია და სილამაზითაც გამოირჩეოდა.

ყოვლად სამღვდელო კირიონი 1896 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაღოჩინად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად, სადაც როგორც ქართველმა, კარგად მცოდნემ თავისი ერისა და ხალხის სულიერის საჭიროებისა, დააარსა 19 სამრევლო სკოლა. ააშენებინა სკოლები აწერისხევში, ვანათში, თიანეთში; ყველა სკოლას შეუქმნა წიგნთსაცავები და ბიბლიოთეკები. ამავე პერიოდში ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში იგი აქვეყნებდა წერილებს, გამოკვლევებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირ-სიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით. კირიონ II იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი და აღწერა ლიახვის ხეობის ისტორიული ძეგლები. ეს აღწერილობა გამოაქვეყნა კიდეც 1898 წელს.

ბერად აღკვეცა

1896 წელს გიორგი საძაგლიშვილს დიდი უბედურება დაატყდა თავს. ცოლ-შვილი შავი ჭირის ეპიდემიით გარდაეცვალა. ისინი დაკრძალული არიან სოფელ ქვემო ნიქოზში, წმინდა გიორგის ეკლესიის შესასვლელი კარის წინ. ამ ტრაგედიის შემდეგ მან საერო სამსახურს თავი დაანება და ბერის მანტია ჩაიცვა. 1896 წლის 2 ნოემბერს თბილისის საეგზარქოსოს ჯვრის ეკლესიაში, ექვსფსალმუნების წაკითხვის შემდეგ, ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) იგი მონაზვნად აღკვეცა და სახელად კირიონი უწოდა. ამის შესახებ წმინდა კირიონი წერდა: "მოულოდნელმა დარტყმამ პირქვე დაამხო ჩემი საოჯახო ცხოვრება, დავკარგე ძე, ხოლო შემდეგ ცოლიც. განვიცადე რა საოჯახო ცხოვრებაში უდიდესი მარცხი, მე მივიღე ბერმონაზვნობა", ეს იყო გზა, რომელმაც მისი სულიერი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები უფლისა და საქართველოს სამსახურში ჩააყენა. იმ დღიდან მოყოლებული, მან საკუთარი თავი მთლიანად მიუძღვნა სამშობლოსა და ქართველი ხალხის ინტერესებისათვის ბრძოლის საქმეს. ამ დროს ის 41 წლის იყო.

ბერად აღკვეცილი კირიონი ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა, მალე არქიმანდრიტის ხარისხშიც აიყვანეს. ამ პერიოდში, ღვთისმსახურების გარდა, კირიონი სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა ქართლის სოფლებში. აგროვებდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, მეცნიერულად სწავლობდა ხალხის ზნე-ჩვეულებას, ეკლესია-მონასტრების სიძველეებს. ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობის დროს ქვათახევიდან ჩამოიტანა და თბილისის საეკლესიო მუზეუმს ჩააბარა 96 ხელნაწერი, მათ შორის XI საუკუნის სახარება, 1494 წელს გადაწერილი "დავითნი" და სხვა მრავალი საინტერესო ხელნაწერი.

კირიონ II-მ დიდი წვლილი შეიტანა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიძველეთა მუზეუმის ისტორიული საბუთების გამდიდრების საქმეში. იგი მიტოვებული ეკლესია-მონასტრების ნესტიანი სენაკებიდან, საოჯახო კოლექციებიდან მოპოვებულ მასალებს ყოველწლიურად უანგაროდ სწირავდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

ალავერდისა და გორის ეპისკოპოსი

1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად, რასაც ქართული საზოგადოებრიობა დიდი სიხარულით შეხვდა. როგორც პროფესორი სერგო ვარდოსანიძე აღნიშნავს, აშკარად იგრძნობოდა, რომ საზოგადოებას იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ დიდი სურვილი ჰქონდა, მისებრ დინჯი მრავალმხრივი განათლების ქართველი მღვდელმთავარი ეხილა, რომელიც იტვირთავდა დაჩაგრული ერისა და გაპარტახებულ-განადგურებული ეკლესიის აღდგენას; როცა საზოგადოება ეპისკოპოს კირიონის მოღვაწეობაზე ასეთ იმედებს ამყარებდა, ამის საფუძველს იძლეოდა კირიონის ეპისკოპოსობამდელი საქმიანობა. ილია ჭავჭავაძის "ივერია" დიდი ამბით გამოეხმაურა კირიონის ეპისკოპოსად კურთხევის ფაქტს. 22 აგვისტოს შაბათს შუადღისას საქართველოს ეგზარქოსის დარბაზში მოხდა სახელდება ეპის-კოპოსად არქიმანდრიტ კირიონისა, რომელიც უმაღლესის ბრძანებით დანიშნულ იქნა ალავერდის მღვდელმთავრად... "სრული იმედია, ყოვლადსამღვდელო კირიონი, კარგად ცნობილი საქართველოში, როგორც განმაახლებელი მრავალთა ნაშთთა ჩვენის ძველის ხუროთმოძღვრებისა და სასულიერო განათლების თანამგრძნობელი, შეძლებისდაგვარად იმოღვაწებს კახეთის სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ასპარეზზედ", - ("ივერია", 1898,81).

ეპისკოპოსად კურთხევისას არქიმანდრიტმა კირიონმა წარმოთქვა სიტყვა:

"მე სრულიადაც არ წარმოვიდგენდი ამ თვრამეტი წლის წინათ, როცა კურსი შევასრულე კიევის სასულიერო აკადემიაში, თუ ჩემთვის ასეთი ბედნიერი და დიდმნიშვნელოვანი დღე დადგებოდა… მე კურსის შესრულების შემდეგ დავიწყე სამსახური სასულიერო წოდების ახალ თაობის აღმზრდელის ასპარეზზედ. მას უკან ბევრ რასმეს ვფიქრობდი, ბევრ გეგმას ვაწყობდი ჩემის მომავლის მოღვაწეობისას, ბევრს ადგილს ვირჩევდი სამსახურისას, მაგრამ უფლის განგებულებამ დღეს ნაჩვენებ გზაზედ დამაყენა: სხვებსავით მეც ვფიქრობდი მომეპოვებინა მყუდროება და ბედნიერება ოჯახურს ცხოვრებაში, მაგრამ ბედმა აქაც მიმუხთლა. და ამის გამო სამსახური ეკლესიის მიმართ მონაზვნის წოდებაში ჩემთვის აუცილებელ-აუშორებელი შეიქმნა. სწორედ ოცი თვის წინათ ამავე ადგილს, სადაც ახლა ვდგევარ, ვიდექი მონაზონის უბრალო ტანსაცმელში და ვაძლევდი აღთქმას მონაზონური ცხოვრებისას… დიდი მადლობელი ვარ იმ ჩემი მოძღვრისა, რომელმაც ამ ჭეშმარიტ გზაზედ დამაყენა. დღეს უმაღლესის ბრძანებით უნდა ვიტვირთო მძიმე მოვალეობანი. მწყემსმთავრისა და ვიქნე ალავერდის ეპისკოპოსად - იმ ალავერდისა, სადაც მოღვაწეობდა, სადაც ქადაგებდა და სადაც განსვენებულ არს წმ. მამა იოსებ ალავერდელი. ალავერდის კათედრაზე მოღვაწეობდა მრავალი ღირსი მღვდელთმთავარი, რომელთ მის წიაღში იგემეს საუკუნო განსასვენებელი. ალავერდის ტაძარი ისეთი სიწმინდეა, რომელსაც დიდ პატივს სცემენ არათუ მხოლოდ მართლმადიდებელნი, არამედ არამართლმადიდებელნიც და თვით მთიანი დაღესტანის მკვიდრნიც. ლეკები და მაჰმადიანნიც კი, რომელთაც ჩვენი წინაპრები ხმლით ეომებოდნენ თვისთა სარწმუნოებრივ სიწმინდეთა დასაცველად და ბოლოს ქედი მოადრეკინეს თვისის სიწმინდის წინაშე. საღრმთო განგებამ მარგუნა სამსახური. ვმადლობ საღრმთო განგებას ამ ხვედრისათვის მით უმეტეს რომ ხელმძღვანელად მეყოლება ეკლესიის სასარგებლოდ მოღვაწეობის საქმეში გამოცდილი მღვდელთმთავარი… დასასრულ გთხოვთ წმინდანნო მღვდელთმთავარნო, წარმომადგენელნო ივერიის ეკლესიისნო, ილოცოთ ჩემთვის, რათა ქვეყნის მწყემსმთავრულის ლოცვის მეოხებით უფალმან მომცეს შეძლება, ძალა და სიბრძნე მისის ეკლესიის სასარგებლოდ მოღვაწეობისა".

ალავერდის ეპარქიაში ჩასვლისთანავე კირიონმა განაგრძო დაუცხრომელი საქმიანობა. ალავერდის დიდებული ტაძარი მოუვლელობისაგან განადგურების პირას იყო მისული. ტაძრის სახურავი გამოსაცვლელი იყო, გალავანი შესაკეთებელი. ეპისკოპოსმა კირიონმა შეადგენინა პროექტი და თავისი ხარჯებით დაიწყო ტაძრის შეკეთება. ამავე დროს ეპისკოპოსმა კირიონმა დაიწყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლა. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს გადასცა 68 ხელნაწერი. მათ შორის 1089 წელს გადაწერილი სახარება. ეპისკოპოს კირიონის სახით ქართულ ეკლესია-მონასტრებს და იქ დაცულ ძვირფას ხელნაწერებს ღირსეული დამცველი და პატრონი გამოუჩნდა. ამავე დროს კირიონმა ყურადღება მიაქცია XIX საუკუნის საქართველოში გავრცელებულ ერთ სამწუხარო ტენდენციას. 1811 წლის შემდეგ, როცა რუსეთის მთავრობამ საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და რუსული წირვა-ლოცვა დააწესა, ხალხი პროტესტის ნიშნად ეკლესიებს ტოვებდა. ამით სარგებლობდნენ სომხურ-გრიგორიანული ეკლესიის მესვეურები და უკანონოდ იკავებდნენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს. მათ ხელში ჩაიგდეს ქართული ეკლესიები თბილისში, გორში, თელავში, დუშეთში.

ეპისკოპოსმა კირიონმა ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი დასაბუთებული მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს და მოითხოვა სომხებისაგან უკანონოდ მიტაცებული ქართული ეკლესიების დაბრუნება.

1901 წელს კირიონი გორის ეპისკოპოსად დანიშნეს. გორში მოღვაწეობის პერიოდში მან ვანათში, ნიქოზსა და ახლომდებარე სოფლებში საკუთარი ხარჯით დააარსა სამრევლო სკოლები და ბიბლიოთეკა-სამკითხველოები.

ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა და დევნის დასაწყისი

რუსეთმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია XIX საუკუნის დასაწყისში გააუქმა. 1811 წელს საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის მოტივით, რუსეთის საეკლესიო სინოდმა საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II ქვეყნიდან გაიწვია. პატრიარქი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. იმავე წელს რუსეთის სინოდმა საქართველოს ეკლესიების მართვა-გამგეობის პროექტი შეიმუშავა და მსოფლიოს საეკლესიო კანონების უხეში დარღვევით ავტოკეფალია საერთოდ გააუქმა. ქვეყანა გუბერნიებად დაიყო, ხოლო საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს სტატუსამდე დაქვეითდა. 1917 წლამდე საქართველოს სასულიერო ცხოვრებას, რუსეთის სინოდის მიერ დანიშნული ეგზარქოსი მართავდა. ეკლესიების კედ¬ლები თეთრად შეიღება და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აიკრძალა. მთლიანად შეათეთრეს სვეტიცხოვლის, ალავერდის, სამთავისის უნიკალური ქართული ფრესკები. დაიწყეს ქართული ტაძრების გადაკეთება რუსულ ყაიდაზე. ბევრ ეკლესიას რუსულ ყაიდაზე შეუცვალეს გუმბათები. ექსპანსიის ერთ-ერთი სახეობა ქართული ეკლესიების სახელების რუსული წმინდანების სახელით შეცვლა იყო.

შემცირდა ეპარქიების რაოდენობა, აღმოსავლეთ საქართველოში დარჩა მხოლოდ ერთი ეპარქია და მას ქართლ-კახეთის, ანუ საქართველოს ეპარქია უწოდეს. დასავლეთ საქარ-თველოში კი არსებობდა იმერეთის, გურია-სამეგრელოს, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა სოხუმის ეპარქია. რუსეთმა საქართველოს არა მარტო პოლიტიკური, არამედ სულიერი, ანუ ეკლესიური მონობის უღელიც დაადგა.

საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლა XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო. კირიონ II ამ მოძრაობის სულისჩამდგმელი იყო. მის გარშემო გაერთიანდნენ ეპისკოპოსები ლეონიდე და ანტონი, დეკანოზები კალისტრატე ცინცაძე, ნიკიტა თალაკვაძე, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია. სასულიერო პირებს აქტიურ მხარდაჭერას უცხადებდნენ საზოგადო მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი. შეიძლება ითქვას, რომ კირიონი იყო ის პიროვნება, რომელიც იმ პერიოდში სასულიერო პირებს შორის ავტოკეფალიისთვის ბრძოლას ხელმძღვანელობდა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას კი ერისკაცებში ილია ჭავჭავაძე მეთაურობდა.

ავტოკეფალიის მოთხოვნა მეფის რუსეთის მოხელეთა დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. საიდუმლო სამსახურმა კირიონ II-ზე თვალთვალი დააწესა. საეგზარქოსომ კი მისი საქართველოდან გადაყვანა მოითხოვა. კირიონის დევნაში დიდი როლი ითამაშა საეგზარქოსოს სასწავლო ოლქის მზრუნველმა და საღვთო სჯულის პედაგოგმა ივანე ვოსტორგოვმა. მისი რეკომენდაციით, 1902 წელს კირიონი გაათავისუფლეს გორის ეპისკოპოსობიდან, აუკრძალეს საკუთარ სამშობლოში მოღვაწეობა და რუსეთში, კერძოდ, კი კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში გადაიყვანეს.

რუსეთის ეპარქიებში

1903 წელს წმინდა მღვდელმთავარს კამენეც-პოდოლსკის ეპარქიიდან ხერსონში გზავნიან, ერთი წლის შემდეგ კი - ორიოლის ეპარქიაში.

მშობლიურ გარემოს მოწყვეტილი კირიონ II გულს არ იტეხდა და, სიშორის მიუხედავად, გაათკეცებით ემსახურებოდა თავის ქვეყანას. დევნილობამ ვერ ჩაუკლა კირიონ II-ს ბრძოლის ჟინი, სულიერად ვერ გატეხა და უცხო მხარეში გადახვეწილი საქართველოში დარჩენილ მეგობრებს ამხნევებდა.

კირიონს სამართავად ორლოვის ეპარქია ჩააბარეს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ბრძოლას ის რუსეთშიც განაგრძობდა. მას საქართველოში დარჩენილ თანამოაზრეებთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. 1905 წელს კირიონის მომხრეებმა საქართველოში საეკლესიო კრება ჩაატარეს, რომელზეც ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი განიხილებოდა. კრების შემდეგ, ქართველმა სამღვდელოებამ გოლოვინის პროსპექტზე მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყო. საქართველოს იმჟამინდელი ეგზარქოსის ალექსის მოთხოვნით, მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა მსვლელობა დაარბია. კაზაკებმა ღვთისმსახურები მათრახების ცემით გარეკეს და ხატები დაამსხვრიეს.

მშვიდობიანი მსვლელობის დარბევით მეფის ხელისუფლებამ უკუშედეგი მიიღო. საქართველოს საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფმა, ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, მეფისნაცვალს ავტოკეფალიის საკითხის ოფიციალურად განხილვა მოსთხოვა. მთავრობა იძულებული გახდა, მოთხოვნისთვის ანგარიში გაეწია. 1906 წლის იანვარში, ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, პეტერბურგში, რუსეთის საეკლესიო სინოდის ორი სხდომა გაიმართა. სხდომას ორიოლის ეპისკოპოსი კირიონი და იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე ესწრებოდნენ.

კირიონმა სხდომაზე ორი მოხსენება წაიკითხა. მოხსენებაში მან საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე ვრცლად ისაუბრა და ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. კირიონს მოუსმინეს, მაგრამ სინოდმა ქართველი სამღვდელოების მოთხოვნა უარყო. იმ პერიოდში ავტოკეფალიის აღიარება ფაქტობრივად საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასი იყო.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე აღნიშნავს: "სხდომაზე განსაკუთრებით აქტიურობდნენ ეპისკოპოსი კირიონი და ლეონიდე, რომლებმაც მოიყვანეს არაერთი ფაქტი იმის შესახებ, თუ როგორ დევნიდნენ ავტოკეფალიის მოთხოვნის გამო რუსი ეგზარქოსები ქართულ სამღვდელოებას. სხვათა შორის, ქართველ¬თა ინტერესების საწინააღმდეგო გამოსვლებიდან ყველაზე მკაცრი გამოსვლა ისევ ქართველს ეკუთვნოდა. რენეგატმა ეპისკოპოსმა დიმიტრი აბაშიძემ ასე მიმართა რუსეთის სინოდის წევრებს: "დაიჭირეთ ეპისკოპოსი კირიონი და ლეონიდე და საქართველოში საქართველოს ავტოკეფალია აღარავის გაახსენდებაო".

სოხუმში

1906 წელს კირიონი ორიოლიდან სოხუმის ეპარქიაში გადაიყვანეს. იმავე წელს ავტოკეფალიის მოთხოვნაზე უარის თქმის სანაცვლოდ, მას საქართველოს ეგზარქოსის თანამდებობა შესთავაზეს. კირიონი გარიგებაზე არ წავიდა. პირიქით, სოხუმში მან რუსეთის იმპერიის იმ პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელიც აფხაზეთის საქართველოდან ჩამოშორებას ითვალისწინებდა. რუსეთის წმინდა სინოდმა სოხუმის ცალკე ეპარქია 1885 წელს, სპეციალურად პოლიტიკური მიზნებისთვის შექმნეს. სოხუმის ეპარქია, პირველ რიგში აფხაზეთის გარუსების საქმეს ემსახურებოდა. კირიონი ერთადერთი ქართველი იყო, რომელიც იმ პერიოდში სოხუმის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

აფხაზეთის ეპარქიაში წმინდა კირიონის მოღვაწეობის ხანმოკლე პერიოდი შეადგენს მთელ ეპოქას აფხაზეთის საეკლესიო ცხოვრებაში. ცხუმელმა ეპისკოპოსმა იმთავითვე უარყო რუსი მღვდელმთავრების მიერ დანერგილი იძულებითი "გაქრისტიანების", მონათლულთა ყალბი სიების შედგენის (ჯილდოსა და უფრო სარფიანი ახალი თანამდებობის მისაღებად) მანკიერი პრაქტიკა და მთელი ყურადღება მრევლთან შეხვედრებზე, ქადაგებებზე, ახალი სამრევლოების გახსნაზე, ეკლესიების აღდგენა-მშენებლობაზე გადაიტანა. სოხუმში წმ. ნინოს სახელობის ახალი ქართული ეკლესია უნდა აეგოთ. შავიზღვისპირეთში რკინიგზის გაყვანა, როგორც კირიონი თვლიდა, აფხაზეთის უცხოური კოლონიზაციის ახალ ტალღას გამოიწვევდა, რომელთანაც გამკლავებას იქაური ქართველები ვერ შეძლებდნენ. ამიტომ იგი ჩქარობდა სოხუმში ორი შეუპოვარი სიმაგრე ქართველი ეროვნებისა - ეკლესია და სკოლა აეშენებინა. აფხაზებმა დიდი პატივით მიიღეს ქართველი მღვდელმთავარი. ცხუმელი ეპისკოპოსის ერთ-ერთი მთავარი დამსახურება ის იყო, რომ მან ყველა ეროვნების მრევლს - ქართველებს, რუსებს, ბერძნებს - საკუთარ ენაზე ღვთისმსახურების შესაძლებლობა შეუქმნა. რათა ასეთივე შესაძლებლობა აფხაზებსაც ჰქონოდათ, კირიონმა ჩამოაყალიბა კომისია, რომელიც ინტენსიურად აფხაზურ ენაზე მუშაობდა საეკლესიო ლიტერატურის თარგმნაზე. ეროვნული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა ეპარქიის ახალი დაყოფა შედარებით მცირე საბლაღოჩინო ოლქებად, რის შესახებაც გადაწყვეტილება ეპარქიის სამღვდელოების ყრილობამ მიიღო. ცხუმელი ეპისკოპოსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საკადრო პოლიტიკას განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე აფხაზურ სამრევლოებს შეეხებოდა. აფხაზურ სამრევლოებში იგი ეროვნებით აფხაზს ან აფხაზურენოვან ქართველს გზავნიდა. შესაბამის გადაწყვეტილებას კირიონი აფხაზურ ინტელიგენციასთან მოთათბირებისა და აფხაზური კომისიის (რომელიც კანდიდატის აფხაზური ენის ცოდნის დონეს ამოწმებდა) დასკვნის საფუძველზე იღებდა. კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა ეპისკოპოს კირიონს ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსის მიმართ, რომელიც უზარმაზარ სახსრებს ფლობდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამისიონერო და საქველმოქმედო საქმიანობას ხშირად თავს არიდებდა.

კირიონი აფხაზი ხალხის ინტერესების დამცველად და მათი რუსიფიკაციის წინააღმდეგ გამოდიოდა. ბუნებრივია, მისი ასეთი პოლიტიკა რუსული ეკლესიისა და რუსი მოხელეების გაღიზიანებას იწვევდა. აფხაზთა გაქართველების ბრალდებით, იგი სოხუმს მოაცილეს და 1907 წელს კოვნოს ეპარქიაში გადაიყვანეს. მომდევნო 10 წელი კირიონმა საქართველოდან შორს გაატარა. გადასახლებული მღვდელმთავარი 1907 წლის ნოემბერში მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს წერდა: "ნეტავი საზოგადო საქმეს ეშველოს რამე და მე ვითომ სულაც არ ვყოფილვარ ქვეყანაზედ".

1907 წლის სექტემბერში, როცა ქართველი ხალხი ეთხოვებოდა ილია ჭავჭავაძეს, კირიონს საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მისცეს. მან მხოლოდ სამძიმრის დეპეშის გამოგზავნა მოახერხა კოვნოდან.

ეპისკოპოსის წოდების ჩამორთმევა და ბინძური ცილისწამება

1908 წელს კირიონს ეპისკოპოსის წოდება ჩამოართვეს, დაითხოვეს და გაგზავნეს ხარკოვის ახლოს, კურიაჟის მონასტერში, რადგან ამავე წლის მაისში, როგორც ცნობილია, ანტიქრისტიანული პარტიის ერთ-ერთმა აქტივისტმა, გვარად ნამორაძემ, მოკლა საქართველოს ეგზარქოსი ნიკონი. ამის შემდეგ დაიწყო ინტრიგები, პროვოკაციები და შანტაჟი კირიონის წინააღმდეგ. რუსეთის ეკლესიის მმართველმა აპარატმა ცილისმწამებლური ეჭვი კირიონზე მიიტანა, ვითომდა ამ ლიკვიდაციის ერთ-ერთ მთავარ მონაწილეზე, თითქოს კირიონი ამ პერიოდში საქართველოში ყოფილიყოს და გადაცმულს მონაწილეობა მიეღოს ტერაქტში. ამ "დანაშაულის" შესაბამისად, რუსეთის ეკლესიის უწმინდესმა სინოდმა თბილისში საგანგებო მისიით სპეციალურად გაგზავნა თავისი წარმომადგენელი, რათა შეეკრიბა მასზე კომპრომატები, თუმცა, რუსეთის მღვდელმსახურებმა კარგად იცოდნენ, რომ იმ დღეებში კირიონი მონასტერში იყო და საეკლესიო ლიტურგიაშიც მონაწილეობდა. ბოლოს, მართალია, ამის არანაირი ფაქტი და სამხილი არ ჰქონდათ, მაგრამ ბრალად ის დასდეს, თითქოს იგი იცნობდა იმ დანაშაულებრივ ჯგუფს, ვინც მოკლა ეგზარქოსი. როდესაც ცილისწამების შესახებ პრესის წარმომადგენლები სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ევგენი გეგეჭკორს შეეკითხნენ, უპასუხა: "ეს ველური და შეუსაბამო ბრალდებაა. ბრწყინვალე პიროვნება ეპისკოპოსის კირიონისა მის მტერთ მოსვენებას არ აძლევს, მის სახელს რომ ჩირქი მოსცხონ, საშუალებას არ ზოგავენ. ეპისკოპოსი კირიონი ქართველ სამღვდელოებაში თვალსაჩინო პიროვნებაა, ერთი საუკეთესო მებრძოლთაგანია ავტოკეფალიისათვის, რასაც სინოდშიც (1906 წ.) გაბედულად იცავდა; ყველა ამას მთავრობა ვერ დასთმობდა და დევნა გამოუცხადა"...

კირიონის დევნის ამბავი რუსეთიდან უცხოეთში გაიტანა ოლივერ უორდროპმა, რომელსაც 1909 წლის 2 აპრილს წერილი გაუგზავნა ალექსანდრე ცაგარელმა: "კირიონი გაგზავნეს ხარკოვიდან ერთ მონასტერში - ტამბოვის გუბერნიაში საცხოვრებლად, ცოტა ავად არის, მაგრამ მოსკოვში საავადმყოფოში არ დაარჩინეს, ძალათ წაიყვანა პოლიციამ რკინიგზით მონასტერში". ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც შექმნეს, რომელმაც დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კირიონის განთავისუფლების მოთხოვნით. ბელგიიდან ადამიანის უფლებების დაცვის თავმჯდომარემ ჟორჟ ლორანმა ბრიუსელიდან 1909 წლის 20 მარტს სახელმწიფო სათათბიროს თავჯდომარეს ნიკოლოზ ხომიაკოვს სთხოვა, დაეცვა ეპისკოპოსი კირიონი დევნა-შევიწროებისაგან. ვერც საზღვარგარეთის და ვერც შინაურმა გამოსარჩლებამ შეუმსუბუქა ეპისკოპოს კირიონს თავისი მძიმე მდგომარეობა. დეკანოზ ი. ვოსტორგოვის სიტყვები: "ეპისკოპოს კირიონს ჩავახრჩობ და მთელ საქართველოს სისხლით მოვრწყავო", რუსეთის თვითმპყრობელ მთავრობას სურდა სისრულეში მოეყვანა.

მიუხედავად მძიმე პირობებისა, კირიონს მომავლის რწმენა არ დაუკარგავს. მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს წერდა: "ჩემი აქ ყოფნა ხომ მეტად მძიმეა, მაგრამ მით უფრო დამიმძიმდება, როდესაც გულსაკლავი და არასანუგეშო ამბები მომივა სამშობლოდან.…მომავალი ჩვენს ხელშია, კეთილსინდისიერი შრომაა მისი დამაგვირგვინებელი. წინ ფიანდაზის მაგივრად, მართალია, ეკლიანი გზა გვიდევს, მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია".

რუსეთის სინოდმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად კირიონი კურიოჟის მონასტრიდან სანაქსარის მონასტერში უნდა გადაეყვანათ. 1909 წელს ავადმყოფი კირიონი, ყოველგვარი იურიდიული პროცედურისა და სასამართლოს გარეშე, ჟანდარმების თანხლებით, ტამბოვის გუბერნიის სანაქსარის უდაბნოში გადაასახლეს, ცივ და ნოტიო სენაკში გამოკეტეს და სათვალთვალოდ გადაცმული პოლიციელები მიუჩინეს. ამ რეპრესიებს წმინდა მღვდელმთავარი უდრტვინველად იტანდა. მან კარგად იცოდა, თუ რას აკეთებდა და შეგნებულად წავიდა მოწამეობის გზაზე.

სანაქსარში ცხოვრების პირობები ძალიან მძიმე და აუტანელი იყო. როგორც წმ. კირიონის თანმხლები, არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი იგონებს: "საძინებელი ყინულით იყო დაფარული, სადაც მეუფე კირიონს სამოსი დავუგე". იქ ზამთარში საშინელი სუსხი და ყინვა, გაზაფხულსა და ზაფხულში ჭაობების აშმორებული და მყრალი სუნი, გაუთავებელი ნალექი, წვიმა და აუარებელი კოღო იყო. ამას თან ერთვოდა საკვების ნაკლებობა, ანტისანიტარია, გაუსაძლისი კომუნალური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობა. მაგრამ მთავარი დისკომფორტის მიზეზი კირიონისთვის იყო, რომ მას აქ საგანგებოდ, პერსონალურად მიუჩინეს იღუმენი ავგუსტინი, რომელიც მის ყოველ ნაბიჯს თვალყურს ადევნებდა. ცხოვრების ასეთმა დამაკნინებელმა პირობებმა, ფსიქოლოგიურმა წნეხმა და ზეწოლამ საგრძნობლად შეურყია კირიონს ჯანმრთელობა, მაგრამ მისი მოშურნეობა, ასკეტური ცხოვრებისკენ სწრაფვა, ღმერთისადმი სასოება და აქტიური, სულიერი ბუნება ყველა მდგომარეობაში გამოსავლის ძიებაში იყო და ამჯერადაც, როგორც სხვა დროს, ღვთის შეწევნით, ლოცვასა და შრომაში ჰპოვა მან ხსნა. ამასთან, იგი მაინც დაუზარლად განაგრძობდა ინტენსიურ წერით მუშაობას.

თბილისის სასამართლო პალატის გამოძიების შედეგები გადაეცა კავკასიის მთავარმართებელ გრაფ ვორონცოვ-დაშნაკოვს და წმინდა სინოდს. დადასტურდა, რომ საქართველოს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში არავითარი ბრალი არ მიუძღვის საქართველოს სასულიერო სპექტრს და არც კირიონს, წმინდა მღვდელმთავარი გაათავისუფლეს სანქსარის მონასტრიდან და ხერსონში გაგზავნეს (იქ მას კვლავ პოლიცია მეთვალყურეობდა 1915 წლამდე).

1914 წელს კირიონ II-მ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს მიმართვა გაუგზავნა და სთხოვა გაეთავისუფლებინათ იგი მკაცრი მეთვალყურეობისაგან და სამშობლოში დაბრუნების ნება მიეცათ.
1914 წელს სტუდენტ მაქსიმე ბერძნიშვილს (შემდგომში ცნობილი ისტორიკოსი), ხერსონში მოუნახულებია მეუფე კირიონი. კითხვაზე - გადასახლებაში თუ აგრძელებდა მოღვაწეობას მეცნიერების სფეროში, დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, როგორც მაქსიმე ბერძენიშვილი გადმოგვცემს, "ხალისით გაბრწყინდა სახე მოხუცებული ეპისკოპოსისა. ეტყობა, რომ ეს მწერლობა ერთადერთი ნუგეში და გამართობელი რამ არის ექსორიაქმნილი ქართველისათვის".

იმპერატორისადმი გაგზავნილი თხოვნის საფუძველზე კირიონს მხოლოდ მკაცრი მეთვალყურეობა მოუხსნეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს, დააბრუნეს ისევ მღვდელმთავრის პატივში და პოლოცკისა და ვიტებსკის ეპარქიის მმართველობა ჩააბარეს, სადაც 1917 წლის შუა ხანამდე მოღვაწეობდა.

მშობლიურ გარემოს მოწყვეტილი კირიონი გაორკეცებით ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას.

ავტოკეფალიის აღდგენა და პირველი პატრიარქი

1917 წლის მარტში სვეტიცხოვლის ტაძარში გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის 106 წლის წინ გაუქმებული ავტოკეფალიის აღდგენა. თავისი ცხოვრების ამ უმთავრესი მიზნის განხორციელებას ეპისკოპოსი კირიონი რუსეთში შეხვდა. ქართული საზოგადოების მოთხოვნით, ზაფხულში იგი სამშობლოში დაბრუნდა. არაგვის ხეობაში ხალხის საყვარელ, 62 წლის მღვდელმთავარს 120 ცხენოსანი შეეგება და დიდი პატივით მიაცილა თბილისამდე, სადაც მისი დაბრუნების აღსანიშნავად საზეიმო შეხვედრა გაიმართა.

1917 წლის სექტემბერში მოწვეული იქნა სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია დიდი მამულიშვილი და ღირსეული მღვდელმთავარი - ეპისკოპოსი კირიონი. კურთხევა 1-ელ ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა. უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ასე მიმართა სამშობლოს: "სამშობლო საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებისასა განწმენდილო! შენთვის დაწული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენსკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა..."

მაგრამ ქართული ეკლესიის გამარჯვებას რუსეთი იოლად არ შეგუებია. თუმცა მოვლენებში პირდაპირი ჩარევის ძალა აღარ გააჩნდა, მაგრამ მოსყიდული ქართველების ხელით მდგომარეობის არევა მანამდეც და მერეც არაერთხელ მოახერხა. ასე მოხდა ამჯერადაც. როცა კურთხევის დამთავრების შემდეგ კათოლიკოსი კირიონი საყდრის კარისაკენ გაემართა, მას ბარათით აცნობეს, რომ ტაძრის ეზოში დაქირავებული მკვლელი ელოდა. ამის მიუხედავად, კირიონ II ნელი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისკენ. ამ დროს მას ათიოდე შეიარაღებული პირის თანხლებით ყარამან კიკნაველიძე მიუახლოვდა, ქედი მოიხარა კათოლიკოსის წინაშე და მიმართა: "მომეცით ხელი, თქვენო უწმინდესობავ! აბა, ვინმემ გაბედოს თქვენზე იარაღის აღმართვა". ტაძრიდან კირიონ II თვალებანთებული ჩოხოსნებით გარშემორტყმული გამოვიდა.

ქართველმა საზოგადოებამ და თავად კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა ეს ფაქტი უბრალო ინციდენტად მიიჩნიეს, თუმცა მალევე ცხადი გახდა, რომ ქართული ეკლესიისა და მისი მწყემსმთავრის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. სულ ნახევარი წელი იყო ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობლად უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II. ამ ხანში მოხდა ქართველთა საუკუნოვანი ოცნების ახდენა - ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ საბჭოს: "თქვენ, რჩეულნო ივერიისანო, უნდა იხსნათ სამშობლო განსაცდელისაგან, თქვენ უნდა მიიყვანოთ ნავთსაყუდელსა მყუდროსა და დაამყაროთ მასში ძმობა, მშვიდობა, წესიერება და ბედნიერება. თქვენი ერთობა, ერთსულოვნება და დროის ვარამის განმჭვრეტელობა წინდი არის იმისა, რომ ვითარმედ "აღდგებიან მკუდარნი", საქართველო განცხოველდება და ქართველი ერი კვლავ აღბეჭდავს მატიანეთა შინა კაცობრიობისა საქმეთა თვისთა საგმიროთა".

საზარელი მკვლელობა

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების აღსანიშნავად, 1918 წლის 2 ივნისს, წირვის შემდეგ, სიონისა და ქაშვეთის ტაძრებიდან სამღვდელოება ლიტანიობით გაემართა თავისუფლების მოედნისკენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ აქ სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. "აღარ ვართ მონა, არამედ აზნაურ", - ასე დაიწყო თავისი სიტყვა უწმინდესმა და უნეტარესმა და ქართველ ხალხს თავისუფლება მიულოცა. სამი კვირის შემდეგ კათოლიკოსი სოფელ მარტყოფს გაემგზავრა საპატრიარქო რეზიდენციაში, თან ბიბლიოთეკიდან სამუშაო მასალები წაიღო. მეორე დილით საძინებელ ოთახში იგი ტყვიით განგმირული იპოვეს. მაშინვე დაიწყო გამოძიება, გაჩნდა უამრავი ეჭვი, მაგრამ მკვლელობა ისე კარგად იყო ორგანიზებული, რომ სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა. კვალის დასაფარავად მკვლელებმა თვითონვე შეთხზეს და გაავრცელეს მკვლელობის ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები. ხელისუფლების დაბნეულობამ ხელები გაუხსნა მკვლელობის თაოსნებს.

ცოტა ხანში კათოლიკოსის ბედი გაიზიარა კირიონ II-ის რამდენიმე ერთგულმა თანამოაზრემაც: მოწამლეს ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი, მცხეთაში მოკლეს არქიმანდრიტი მირიანი, საკუთარ სახლთან ტყვიამ იმსხვერპლა მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე.

უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოსის მკვლელობამ აღაშფოთა მთელი საქართველო. საზოგადოებამ ავის მომასწავებელი ანალოგია დაინახა ათიოდ წლის წინ წიწამურთან მომხდარ ილია ჭავჭავაძის საზარელ მკვლელობასთან. მაგრამ იმდროინდელი საქართველოს არეულმა და გამწვავებულმა მდგომარეობამ გამძაფრებული გრძნობები მალევე დააცხრო, ხოლო როცა საქართველო საბჭოთა რუსეთის ჯარებით აივსო, მარტყოფში დატრიალებული ტრაგედია დავიწყებას მიეცა.

როგორც ერთმა მაშინდელმა საზოგადო მოღვაწემ თქვა: "საუკუნეებში წარხდომილმა უნეტარესმა კათალიკოზმა საფლავში ჩაიტანა მარტყოფის ტრაგედიის ახსნა, მისი სასიკვდილო იარაზე მიკრული ხელი კი ჰფარავს უღრმეს მწუხარებასთან ერთად მივარდნილი მონასტრის საიდუმლოებასაც". მოწამებრივი სიკვდილით აღსრულებული კათოლიკოს-პა¬ტრიარქი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა 2002 წელს წმინდანთა დასში აღავლინა. მისი ხსენების დღედ 10 ივლისი (ძვ. სტილით 27 ივნისი) დადგინდა.


შედგენილია სერგო ვარდოსანიძის "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II-ის", ჯემალ გამახარიას "წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II (საძაგლიშვილი) და აფხაზეთი-ის", გიორგი ტიგინაშვილის "უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II და ქართული საზოგადოების" მიხედვით.
.............................

აქვე წაიკითხეთ:

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას შესწირა სიცოცხლე

მოგონებები წმინდა კირიონ მეორესა და მამა ზაქარია საძაგლიშვილზე

უნეტარესი კათოლიკოსი რევოლვერის ტყვიით იყო მოკლული

ოთახი, სადაც პატრიარქი კირიონ II მოკლული ნახეს

"რადა თრთიან ვერხვის ფოთლები?"





ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი ისე იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე გახლდათ. ერთხანს ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat