წმინდა მღვდელმთავარი იოანე (მაქსიმოვიჩი, +1966) - 19 ივნისი (2 ივლისი)
წმინდა მღვდელმთავარი იოანე (მაქსიმოვიჩი, +1966) - 19 ივნისი (2 ივლისი)
ეს ანგელოზებრივი ადამიანი 1896 წლის 4 ივნისს ხარკოვის გუბერნიის სოფელ ადამოვკაში, ბორის და გლაფირა მაქსიმოვიჩების ოჯახში იშვა.

ნათლობისას მთავარანგელოზ მიქაელის პატივად, მიხეილი უწოდეს.

ძალზე სუსტი ბავშვი იყო, ხშირად მოავადე, თუმცა, რაღაც უცნაური კანონზომიერებით, დაბადებითვე ძალზე რელიგიური, მშვიდი და მოსიყვარულე იყო.

ღამეებს ლოცვაში ატარებდა და ხატებს და წმინდა წიგნებს გულმოდგინედ აგროვებდა.

ყველაზე მეტად წმინდანთა ცხოვრების კითხვა უყვარდა, მათი მაგალითით სულდგმულობდა და ამ სიყვარულს ბავშვური თამაშისასაც არ დაუტევებდა, - სათამაშო კარისკაცებს ბერულად აქცევდა ხოლმე, ციხესიმაგრეებს კი - მონასტრებად.

"რაც თავი შევიცანი, - ბრძანებდა 1934 წელს ეპისკოპოსად კურთხევისას, - სიმართლისა და ჭეშმარიტებისთვის მსახურება მსურდაო!".

მათი მამულის სიახლოვეს მდებარე სვიატოგორსკის სავანემ მის ახალგაზრდა და წმინდა სულზე დიდად იმოქმედა და ღრმა აზროვნება და ცხოვრებისადმი სხვაგვარი დამოკიდებულება განუვითარა.

მაქსიმოვიჩებს მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ. მიხეილის წყალობით მისმა და-ძმამ ღრმად შეისწავლა ქვეყნის ისტორია.

11 წლის ყმაწვილი კადეტთა კორპუსში მიაბარეს. ერთხელ, როდესაც კადეტები პოლტავის ქუჩებში მწყობრად მიემართებოდნენ, ეკლესიას ჩაუარეს... მიშა ტაძრისკენ შებრუნდა და ჯვარი გამოისახა...

კადეტებმა მყის აბუჩად აიგდეს, უფროსებმა კი დასაჯეს. მაშინ დიდმა მთავარმა კონსტანტინემ იხსნა, რომლის ვაჟიც მიშასთან სწავლობდა, - თურმე, როდესაც ამ ახალგაზრდის საქციელის თაობაზე შეიტყო, აღტაცება ვერ დამალა და უფროსებთანაც უშუამდგომლა.

* * *

მიხეილის წმინდა და მართალმა ცხოვრებამ იმგვარად შეძრა მისი ფრანგი გუვერნანტი, მოკლე ხანში სულიერი თვალი აღეხილა, მოიქცა და მართლმადიდებლურად მოინათლა.

მიხეილი ფიქრობდა, რომ სამშობლოსთვის მეტი სარგებლის მოსატანად ან სამხედრო სამსახური უნდა აერჩია, ან - სახელმწიფო, ამიტომ ჯერ პეტროვსკის პოლტავის კადეტთა კორპუსში ჩაირიცხა, რომელიც 1914 წელს გაასრულა, 1918 წელს კი - ხარკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

ორივე სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრა, თუმცა, დროის გარკვეულ ნაწილს სასულიერო ლიტერატურის და წმინდანთა ცხოვრების შესწავლას ანდომებდა.

ხარკოვული პერიოდი მის პირველ ნაბიჯებად იქცა სულიერი სრულქმნილებისაკენ.

ხარკოვის ტაძრის საძვალეში განისვენებდა საკვირველმოქმედი მთავარეპისკოპოსის, მელეტის (ლეონტოვიჩის) წმინდა ნაწილები...

ახალგაზრდა მიხეილმა ძალზე შეიყვარა ეს წმინდანი და განიზრახა, ღამით თავადაც ეფხიზლა, დროთა მანძილზე კი მის გულში თანდათან მომწიფდა სურვილი, თავი მთლიანად უფლისთვის მიეძღვნა.

სწავლის პერიოდში წმინდანზე განსაკუთრებული გავლენა მთავარეპისკოპოსმა ანტონმა (ხრაპოვიცკიმ) მოახდინა, მის სულიერ მოძღვრად რომ იქცა, მალე კი, როგორც თავად იგონებდა, ტაძარი გაცილებით ახლობელი გახდა მისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი.

* * *

1916-17 წლების ტრაგედიამ კი საბოლოოდ დაარწმუნა ადამიანურ სისუსტეებსა და ყოველივე მიწიერის მსწრაფლწარმავლობაში.

1917 წლის რევოლუციის შემდგომ ოჯახი იძულებული შეიქნა, ბელგრადს გადასახლებულიყო, სადაც 1925 წელს ნეტარმა საღვთისმეტყველო ფაკულტეტი დაამთავრა.

ოჯახს იმხანად ისე გაუჭირდა, მიხეილი იძულებული იყო, ბელგრადის ქუჩებში გაზეთები გაეყიდა.

მაგრამ ამ დიდი სიდუხჭირის მიუხედავად, მაინც შეძლო ბელგრადის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლა, რის საზღაურსაც სწორედ გაზეთების გაყიდვით შოულობდა და მოხუც მშობლებსაც არჩენდა...

ამ მძიმე შრომის გამოისობით ლექციებზე აგვიანებდა, აუდიტორიაში ქუჩის მტვერში ამოგანგლული შედიოდა, ამოიღებდა მოჭმუჭნილ რვეულს და ფანქრის ნალევით, მსხვილი ასოებით იწერდა რაღაცას...

ხან დაღლილობის გამო ჩასთვლემდა კიდეც, მაგრამ გამოფხიზლებული წერას აგრძელებდა...

რაღა თქმა უნდა, ამ ჩანაწერთა შინაარსი ყველა მის თანაკურსელს აინტერესებდა, მაგრამ კითხვას ვერავინ უბედავდა, რადგან საკმაოდ ჩაკეტილი და ნაკლებკონტაქტური გახლდათ.

მართლაც საკვირველი სანახავი იყო დაღლილი, მტვერში ამოსვრილი, დაფლეთილ სამოსში გამოხვეული, სიტყვაძვირი სტუდენტი, ლექციაზე ხშირად რომ თვლემდა, თუმცა, ამის მიზეზზე ოდნავ მოგვიანებით გიამბობთ.

ბერად აღკვეცა

1926 წელს მიტროპოლიტმა ანტონმა (უწინ - ხარკოვის მღვდელმთავარმა) მიხეილი მილკოვის სავანეში ბერად აღკვეცა, მისი წმინდა წინაპრის, იოანე ტობოლელის (მაქსიმოვიჩის) პატივად იოანე უწოდა და მალე დიაკვნადაც დაასხა ხელი, იმავე წელს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე - ჩელიაბინსკელი ეპისკოპოსის, გაბრიელის ხელით მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.

იმ დღიდან ლოგინში აღარასოდეს ჩაწოლილა, რაც დიდი ხნის შემდგომ თავადაც დაამოწმა, - ღამეს ლოცვად მდგარი განლევდა და იატაკზე მჯდარი ან ხატების წინ თავდამხობილი მცირე ხნით თუ მიიძინებდა...

წირვას ყოველდღიურად აღავლენდა, დღეში საზრდელს ერთხელ იხმევდა და ამ წესს გარდაცვალებამდე აღასრულებდა.

* * *

1929-34 წლებში მამა იოანე ქალაქ ბიტოლში სერბულ სემინარიას ხელმძღვანელობდა. ბიტოლი წმინდა ნიკოლოზ სერბის (ველიმიროვიჩის) ეპარქიაში შედიოდა.

წმინდა მღვდელმთავარი ხშირად სტუმრობდა იქაურობას, მის თავკაცსაც დიდად აფასებდა და ამ სიტყვებით ახასიათებდა - თუ ცოცხალი წმინდანის ხილვა გსურთ, ბიტოლში მამა იოანე უნდა ინახულოთო.

მისი დიდი სათნოებების გამო მოსწავლეებმა მალე ძლიერ შეიყვარეს, ყოველ მათგანს მამობრივი სიყვარულით ეპყრობოდა, ღამღამობით თითოეულს აკითხავდა, მძინარეს ჯვარს გამოსახავდა და დალოცავდა ხოლმე.

სწორედ ამ დროისთვის გაირკვა მისი ძილიანობის მიზეზი.

როგორც ვთქვით, ღამით არ ეძინა - მოსწავლეებს რომ ჩამოუვლიდა, სენაკში განთიადამდე ლოცულობდა, დილით კი, ვითომც არაფერიაო, კვლავ გაკვეთილებს ატარებდა.

მამა იოანე მოსწავლეებმა ძალზე შეიყვარეს, ყოველგვარ პრობლემას, პირადს თუ საზოგადოს, გულისყურით აგვარებდა და ახალგაზრდათა ნებისმიერ კითხვას ლაკონიურად, ნათლად და ამომწურავად პასუხობდა, რადგან ღრმად განათლებული ადამიანი იყო...

საამდროოდ ადგილობრივ ბერძენთა და მაკედონელთა თხოვნით, ბერძნულ ენაზე იწყო წირვა.

ხშირად აკითხავდა საავადმყოფოებს და იმ ადამიანებს პოულობდა, ვისაც დახმარება სჭირდებოდა.

* * *

მამა იოანე ცდილობდა, ყოველი მოსწავლე ღვთისმსახურებაში ჩაერთო: - თუ მათგან ზოგი დღის სახარების საკითხავს გამოარჩევდა, სხვები - საღვთისმსახურო წიგნებს ეცნობოდნენ, მუდმივი სიფხიზლისკენ და ღვთისმსახურებისადმი განსაკუთრებული კრძალვისკენ მოუწოდებდა, რისი ცოცხალი მაგალითიც თავად გახლდათ..

დიდი მარხვის პირველ და ბოლო კვირას არაფერს იხმევდა, დიდ შაბათს, სრულიად ძალაგამოცლილი, სააღდგომო ლიტურგიის შემდგომ სასწაულებრივად აღორძინდებოდა, უდიდეს ენერგიას იძენდა და სახე ანგელოზებრივი სიხარულით უბრწყინდებოდა.

შანხაი

იოანეს დიდი მცდელობის მიუხედავად, მალე მისი წმინდა ცხოვრების და ასკეტური ღვაწლის ამბავმა რუსეთის ემიგრანტული ეკლესიის სინოდის ყურამდეც მიაღწია, რომელთაც მისი გამღვდელმთავრება ისურვეს.

თუმცა, არაფერი გახლდათ მისგან ისე შორეული და წარმოუდგენელი, როგორც ეს ჩანაფიქრი - თავიდან ეგონა, რომ შეეშალათ და სხვისი კურთხევა სურდათ, მაგრამ როგორც კი დარწმუნდა, რომ ხელდასხმას სწორედ მას უპირებდნენ, საკუთარ ფიზიკურ ნაკლზე მიუთითა: - ცალი ფეხი მოკლე მაქვს და ორთოპედიულ ფეხსაცმელს ვატარებ, ამასთან, მეტყველებაც მიჭირს, რადგან ქვედა ყბას ნორმალურად ვერ ვამოძრავებო, მაგრამ დაამშვიდეს: - მოსე წინასწარმეტყველსაც მსგავსი ნაკლი ჰქონდაო.

1943 წლის 28 მაისს ეპისკოპოსმა ანტონმა (ხრაპოვიცკიმ) სამღვდელმთავრო პატივით შემოსა და სამოღვაწეოდ შანხაიში წარგზავნა...

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ნეტარი იოანე მეუფე ანტონის ხელით ნაკურთხი უკანასკნელი მღვდელმთავარი აღმოჩნდა...

აი, რას წერდა თავის შემცვლელზე ეპისკოპოსი ანტონი შორეულ აღმოსავლეთში მთავარეპისკოპოს დიმიტრის: - ჩემს ადგილას, როგორც საკუთარ სულს და გულს, მეუფე იოანეს გიგზავნით.

ეს პატარა და უგულისხმიერესი ადამიანი, გარეგნულად - თითქმის ბავშვი, საქმით - ასკეტური სიმტკიცის და სიმკა¬ცრის მაგალითია ჩვენს სულიერად დაცლილ დროებაშიო...

* * *

შანხაიში მეუფე ნოემბრის მიწურულს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ჩაბრძანდა, სადაც დიდი, დაუსრულებელი ტაძარი და საკმაოდ მძიმე რეალობა დახვდა.

უპირველესად, საეკლესიო მთლიანობა აღადგინა და სერბებთან, ბერძნებთან და უკრაინელებთან დაამყარა კავშირი, შემდეგ კი ქალაქის მართლმადიდებლურ სასწავლებლებში რელიგიური განათლების გაღრმავებაზე იწყო ზრუნვა.

შანხაიში მეუფე ერთდროულად სხვადასხვა საქველმოქმედო და ფილანთროპიულ საზოგადოებას მეურვეობდა, რამდენადაც ხედავდა, რაოდენ დუხჭირი იყო საბჭოთა კა¬ვშირიდან დევნილი მისი სამწყსოს ყოველდღიურობა.

მეუფე არასოდეს სტუმრობდა მდიდრებს, სანაცვლოდ, მუდამ იქ ტრიალებდა, სადაც უჭირდათ.

შანხაის ქუჩებში თავად ეძებდა და აგროვებდა უპატრონო ბავშვებს, რომელთათვისაც თავშესაფარი შექმნა და ერთდროულად ასობით უპოვარს შეეწია. არსებობის მანძილზე ამ სახლმა 3500 ბავშვი გამოზარდა.

მღვდელმთავარი ცდილობდა, მათთან ხშირად ყოფილიყო და იტყოდა ხოლმე: - ობოლი პატარები დღესასწაულების წინ მძიმე სულიერ გამოცდას გადიან, რადგან ხედავენ, როგორ ემზადებიან ქრისტიანული ოჯახები ამ დღისთვის, როგორ ზრუნავენ მშობლები თავის პატარებზე, რასაც თავად მოკლებულნი არიანო; ამიტომაც ცდილობდა, მათთთვის დედობაც გაეწია და მამობაც - ბავშვებს საღამოებს უწყობდა, წარმოდგენებს უმართავდა დიდი ნაძ¬ვის ხის წინ, შემდეგ კი სასულე ინსტრუმენტებიც კი უყიდა.

* * *

მეუფე არავის ტოვებდა უყურადღებოდ - ხან ციხეებში მიდიოდა, წირავდა და პატიმრებს ანუგეშებდა, ხანაც - ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ინახულებდა ხოლმე სულიერად შეჭირვებულებს და შეპყრობილთ, აზიარებდა, ესაუბრებოდა, ისინი კი მშვიდად ისხდნენ, უსმენდნენ და მის სტუმრობას მუდამ მოუთმენლად ელოდნენ.

თუ ავადმყოფის მდგომარეობა კრიტიკული ხდებოდა, მღვდელმთავარი დღე-ღამის ნებისმიერ დროს აკითხავდა და მისთვის ლოცულობდა. უამრავი ადამიანი თავისუფლდებოდა სნეულებისაგან ამ წმინდა კაცის ლოცვით.

მატიანემ შემოგვინახა ასეთი შემთხვევაც: შუაღამისას, როცა გრიგალი და წვიმა წალეკვით ემუქრებოდა ქვეყანას, სატელეფონო კავშირი შეწყვეტილი იყო, საავადმყოფოს კარს მიადგა მღვდელმთავარი, შენობაში შევიდა და პირდაპირ მომაკვდავი ავადმყოფის პალატისკენ გაემართა, არადა, მის შესახებ თითქოს არაფერი უნდა სცოდნოდა...

სნეულის სასთუმალთან დილამდე ილოცა, რის შემდეგაც სნეული სწრაფად გამოჯანმრთელდა.

* * *

- მეუფე, შემეწიე, მიშველე, გადამარჩინე! - გულში დიდხანს ევედრებოდა ერთი სნეული ქალბატონი. ამ დროს პალატაში თავად მეუფე შებრძანდა და მიმართა:

- ლოცვაში ხელს რად მიშლი? ახლა ხომ ლიტურგია უნდა აღმესრულებინა?

ქალი აზიარა, აკურთხა და დაამშვიდა... სნეულს მყისვე ჩაეძინა, ხოლო როდესაც გამოეღვიძა, უკვე სავსებით ჯანმრთელი იყო...

მეუფე ძალზე იაფფასიანი ჩინური ქსოვილის სამოსით და მსუბუქი ფეხსაცმლით იარებოდა, რომელსაც გზად შემოყრილ ვინმე გლახაკს მისცემდა და სვლას ფეხშიშველი აგრძელებდა...

უნდა ითქვას, რომ წირვის დროსაც ფეხზე არაფერი ეცვა...

ასე იქცეოდა მაშინაც, როდესაც ევროპაში გაგზავნეს, სანამ ფეხი მინაზე არ გაიჭრა და ექიმებმა ამგვარად სიარული აუკრძალეს. ეს ამბავი კი ასე მოხდა: ერთხელ, შანხაიში მოღვაწეობისას, ფეხი იტკინა და საშინლად გაუსივდა. ექიმებმა კონსილიუმი მოიწვიეს - შიშობდნენ, განგრენა არ განვითარებოდა. სასწრაფოდ ჰოსპიტალში დაწოლა მოსთხოვეს, მაგრამ მღვდელმთავარი სასტიკ უარზე იყო. მაშინ რუსმა ექიმებმა სამრევლო საბჭოს შეატყობინეს, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას იხსნიდნენ.

ჯვართამაღლების წინა დღეს, დილით, თითქმის ძალით გაგზავნეს ჰოსპიტალში, დილის ექვს საათზე კი კოჭლობით მივიდა ტაძარში და მსახურება დაიწყო (ის ხომ ყოველდღე წირავდა).

საღამოჟამს გასიებული ფეხი ჩაუცხრა და ჭრილობის კვალიც აღარ დარჩა...

მისი ღვაწლის თავიდათავი ღვთის შიში იყო, რის ცხად მაგალითადაც ეს შემთხვევაც გამოდგება:

ერთხელ ქალბატონ მენშიკოვას ცოფიანმა ძაღლმა უკბინა...

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა კი გაიკეთა, მაგრამ, როგორც ჩანს, მკურნალობის კურსი მთლად სწორად ვერ წარიმართა და ქალი საშინელ დღეში აღმოჩნდა...

როგორც კი ეს ამბავი შეიტყო, მეუფემ ქალბატონი მაშინვე ინახულა და აზიარა, რის შემდეგაც სნეულს პირიდან დუჟი გადმოუვიდა და წმინდა ძღვენიც გადმოაყოლა...

მეუფემ წმინდა ნაწილები თავად მიიღო, ამის დანახვაზე კი იქ მყოფებმა ძლიერ შეიცხადეს:

- მეუფე, ეს რა ქმენით, ცოფი ხომ გადამდებია?!

- არაფერი მოხდება, ეს ხომ წმინდა ძღვენია!

და, რაღა თქმა უნდა, ასეც მოხდა...

* * *

ის, დიდი, მართალი უფლისგან ჭვრეტის მადლს ფლობდა, რაზეც ეს ამბავიც მეტყველებს:

"მეუფე ჰონგკონგში ორჯერ ჩამობრძანდა, - იგონებს ერთი მისი ნაცნობი ქალბატონი, - მართალია, იმ დროს არ ვიცნობდი, მაგრამ მაინც მივწერე ერთი ბავშვებიანი ქვრივისა და ჩემი სულიერი პრობლემების თაობაზე, თუმცა, პასუხი არ მიმიღია...

ამ ამბიდან ერთ წელიწადში მეუფე იოანე კვლავ ჩამობრძანდა... მის დასახვედრად უამრავი ხალხი გამოვიდა, მათ შორის მეც გახლდით...

უეცრად მომიბრუნდა და მეკითხება: - თქვენ მომწერეთ წერილი?! რამაც გამაოგნა, რადგან მეუფეს იმ დღემდე არასოდეს ვენახე...

წირვის შემდგომ იქადაგა, რომლის დროსაც მე და დედაჩემმა მის გარშემო საკვირველი ნათება ვიხილეთ, ანალოგიამდე უზარმაზარ სხივად რომ აღწევდა...

გაოგნებულმა ნანახი ერთ ქალბატონს გავუზიარე, რომელმაც დამიდასტურა, რომ მსგავსი რამ ბევრ მორწმუნეს განეცხადა... იგივე გაიმეორა ჩემმა მეუღლემაც...

* * *

ლუდმილა სადკოვსკაია ცხენოსნობით იყო გატაცებული. ერთ დღეს ცხენმა გადმოაგდო, თავი ქვას დაარტყა და გონება დაკარგა...

კონსილიუმმა დაასკვნა, რომ მისი მდგომარეობა უიმედო იყო და დილამდე ან გასტანდა, ან არა, რადგან პულსი აღარ ესინჯებოდა, თავი გატეხილი ჰქონდა და შეშუპებულ ტვინს დამსხვრეული ქალის ნაწილები აწვებოდა...

ოპერაციის შემთხვევაში გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, ხოლო თუ სასწაულით გადარჩებოდა, ან მხედველობა წაერთმეოდა, ან სმენა და მეტყველების უნარი...

ლუდმილას და ატირებული მივიდა ნეტარ მამასთან და სთხოვა, მისი დისთვის ელოცა.

მეუფე მის პალატაში შებრძანდა, იქაურობა ყველას დაატოვებინა, ორი საათის განმავლობაში გულმხურვალედ ილოცა, შემდეგ ექთანს სთხოვა, სნეულის მდგომარეობა შეემოწმებინა და... რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც მომაკვდავის გულისცემა გაიგონა...

ექიმი ოპერაციაზე დათანხმდა, მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ პროცესს მეუფე იოანე დაესწრებოდა.

ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა და დასრულებისთანავე პაციენტმა წყალი მოითხოვა...

* * *

იაპონელთა ოკუპაციის შემდეგ რუსული სათვისტომოს ორი ლიდერი სიცოცხლეს გამოასალმეს. მიუხედავად დიდი საფრთხისა, მეთაურობა მეუფე იოანემ იკისრა. ღამით სიარული იმ დროს ძალზე სახიფათო იყო და ყველა ერიდებოდა. მეუფე კი სნეულთა მონახულებას ნებისმიერ დროს ახერხებდა და, ღვთის წყალობით, არაფერი დაშავებია, - ღამით მოსიარულეს იაპონელები, თითქოსდა, ვერც ამჩნევენო...

ჩინეთის ხელისუფლებაში კომუნისტთა მოსვლის შემდეგ რუს ემიგრანტებს კვლავ მოუწიათ ქვეყნის დატოვება. ფილიპინების კუნძულ ტუბაბაოს ბანაკში 5000 კაცი იყო მოთავსებული.
მღვდელმთავარი ამერიკაში, კოლუმბიის შტატში ჩაბრძანდა, იქაურ ხელისუფლებას მოელაპარაკა და ნებართვაც მიიღო, ლტოლვილები იქ დაესახლებინა...

ისინი ტუბაბაოდან 27 თვის შემდეგ გადავიდნენ ამერიკაში და როგორც კი ეს მიწა დატოვეს, კუნძულს საშინელმა ტაიფუნმა გადაუარა, რომელსაც ამ დრომდე მეუფე იოანეს ლოცვა იფარავდა - ყოველ ღამით ბანაკს ოთხივ კუთხით ჯვარს გამოსახავდა ხოლმე და უფალს ავედრებდა...

დასავლეთ ევროპის ეპარქია

1962 წელს, კვლავაც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, მთავარეპისკოპოს იოანეს (მას ეს ხარისხი 1946 წელს უბოძეს) სინოდმა დასავლეთ ევროპის ეპარქია ჩააბარა.

აქ, ისევე, როგორც შანხაიში, დაუცხრომლად იღვწოდა და მხოლოდ თანამემამულეთ კი არა, ადგილობრივთაც სიყვარულით ემსახურებოდა. ამასთან, თავის იურისდიქციაში ადგილობრივი ჰოლანდიური და ფრანგული მართლმადიდებელი სამწყსოც მიიღო.

თუ უწინ ბერძნულ და ჩინურ ენებზე უწევდა წირვა, ევროპაში ფრანგულად და ჰოლანდიურადაც აღავლენდა ლიტურგიას.

მოგვიანებით კი, როცა ინგლისურენოვან გარემოში მოუწია ცხოვრებამ, ინგლისურადაც სწირავდა.

ამასთან, ადგილობრივ წმინდანთა ცხოვრებანი მოიძია, რომელთა სახელები არც ერთ მართლმადიდებლურ კალენდარში არ იყო შეტანილი და მართლმადიდებელთაგან კათოლიკეთა გამოყოფამდე მოღვაწეობდნენ, შემდეგ წმინდა სინოდის წინაშე წარადგინა, რომელმაც მათი ხსენება დააწესა.

ადამიანები ევროპაშიც მიეჩვივნენ მის "უცნაურობებს" - ფეხშიშველა სიარულს და სალოსობას. ამ წმინდა კაცს ლამის ყველა ევროპულ სასნეულეში იცნობდნენ.

იქაც განუწყვეტელ ლოცვას იყო მიცემული, სულერთი იყო, ამ დროს სად იმყოფებოდა, - ავტომობილში, გემზე, მატარებელში თუ სადმე სხვაგან, ღვთის სადიდებელს ხმამაღლა აღავლენდა ხოლმე.

ერთხელ, მარსელში ყოფნისას, გადაწყვიტა, პანაშვიდი იმ ადგილას აღესრულებინა, სადაც ხორვატმა ტერორისტებმა სერბეთის მეფე ალექსანდრე (+1934 წ.) მხეცურად გამოასალმეს სიცოცხლეს...

სამწუხაროდ, სამღვდელოთაგან, ცრუ სირცხვილის გამო, მსახურებას არავინ დაესწრო...

მეუფე იქ მარტო მივიდა, ტროტუარის მცირე ნაწილი ცოცხით მოგავა, ჩანთიდან საცეცხლური ამოიღო, სუფთა ადგილას კი - სამღვდელმთავრო "არწივი" (არწივისსახოვანი მცირე ხალიჩა, რომელზეც მღვდელმთავარი ლოცვისას დგება ხოლმე) დააფინა და ლოცვა იწყო.

მეუფე იოანეს სახელს დიდი პატივისცემით იხსენიებდნენ კათოლიკენიც.

აი, რა უთხრა ერთმა ახალგაზრდა კათოლიკე მღვდელმა თავის სულიერ შვილებს:

- გგონიათ, დღეს აღარც სასწაულები ხდება და აღარც წმინდანები არსებობენ?! ჩემს ნათქვამში ეჭვი გეპარებათ და ამის მტკიცებულებას მოითხოვთ? გადით პარიზის ქუჩებში და ფეხშიშველ წმინდანს, იოანე მაქსიმოვიჩს იხილავთ.

* * *

როგორც ვთქვით, მეუფეს ყველა ევროპულ კლინიკაში იცნობდნენ და დარწმუნებულნი იყვნენ, როდესაც იგი სნეულის სარეცელთან ლოცვას აღავლენდა, კურნებას უცილობლად მიიღებდნენ.

სულ ერთი იყო, ვისთვის ლოცულობდა: - მართლმადიდებლის, კათოლიკეს თუ სხვა აღმსარებლობის ადამიანისთვის, ყველამ უწყოდა, რომ მისი ლოცვა უფლის ტახტამდე აღწევდა.

პარიზის ერთ-ერთი ჰოსპიტლის მართლმადიდებელ პაციენტს ძალზე ეთაკილებოდა, როდესაც პალატაში ფეხშიშველი და ჩამოკონკილი მეუფე იოანე მიაკითხავდა ხოლმე.

ერთხელ პალატის მეზობელმა ფრანგმა ქალბატონმა უთხრა:

- რა ბედნიერი ბრძანდებით, ასეთი მოძღვარი რომ გყავთ! ჩემი და მარსელში ცხოვრობს. როგორც კი ბავშვები ავად შეიქნებიან, მაშინვე ქუჩაში გამოყრის ხოლმე, სადაც ფეხშიშველი ეპისკოპოსი იოანე დადის და შვილების დალოცვას სთხოვს, რის შემდეგაც ისინი მყისვე იკურნებიან... ჩვენ მას წმინდა იოანედ ვიხსენიებთ.

* * *

მეუფეს უამრავი ადამიანი სწერდა, ისიც ყველას პასუხობდა, ანუგეშებდა, არიგებდა... შემდეგ მიდიოდა და წერილებს საფოსტო ყუთში ყრიდა, საფოსტო ყუთს ჯვარს გადასახავდა ხოლმე და წერილებს ლოცვას გააყოლებდა.

თუმცა, ამხელა სითბოს მიუხედავად, თუ საქმე ეკლესიას და საღმრთო რჯულს ეხებოდა, საოცრად მკაცრი ხდებოდა, ღვთისმსახურთაგან შესაბამის ქმედებას ითხოვდა და არც საკურთხეველში თავისუფლად მოქცევას დაუშვებდა.

ღვთისმსახურება ბრწყინვალედ იცოდა და მყისვე გამოასწორებდა ხოლმე სხვათა დაშვებულ შეცდომებს.

სამწყსოსთან მკაცრი გახლდათ, ტუჩებშეღებილ ქალს ნებას არაფრით მისცემდა, ჯვარსა და ხატს მთხვეოდა, კვირას და დღესასწაულთა წინა დღეებში კი მეჯლისი თუ სხვაგვარი გართობანი დაუშვებლად მიაჩნდა.

მატიანემ შემოინახა, თუ როგორ ამხილა მეუფემ მრევლი "ჰელოუინის" მოწყობის გამო სწორედ იმ ღამეს, როდესაც ეკლესია წმინდა იოანე კრონშტანდტელის ხსენებას აღნიშნავდა.

მრევლის უდიდესმა ნაწილმა ღამისთევის მსახურებას ამ ღვთისმგმობ სანახაობაზე დასწრება არჩია.

წირვის დასრულებისთანავე ნეტარმა იმ დარბაზს მიაშურა, სადაც მხიარულების მონაწილენი შეკრებილიყვნენ...

მისი იქ გამოჩენა იმდენად მოულოდნელი იყო, ყველას თითქოს ენა ჩაუვარდა... მეუფემ მდუმარედ ჩამოუარა მაგიდებს და იქაურობა ისე დატოვა, სიტყვაც არ უთქვამს...

თუმცა, ამის საჭიროება აღარც არსებობდა: - ისე იმოქმედა ამ ამბავმა, ყველა გაშრა...

მომდევნო დღეს კი ტაძარში საღვთო მრისხანებით აღვსილმა მრევლს ქრისტიანულად ცხოვრებისკენ მოუწოდა.

თუმცა, მეუფემ რბილი და მოსიყვარულე ხასიათით უფრო დაამახსოვრა ყველას თავი, ვიდრე - სიმკაცრით. თუ მის ფოტოებს დააკვირდებით, ამას მყისვე შენიშნავთ.

მისი ეს თვისება განსაკუთრებულად ბავშვებთან ურთიერთობისას მჟღავნდებოდა. ჩვევად ჰქონდა, მსახურების შემდგომ სტიქაროსან ბიჭუნებთან ეხუმრა, მათგან ურჩთათვის კი - კვერთხი თავში მსუბუქად ჩაეკაკუნებინა.

ხან პატარებს ტოლ-სწორივით ეთამაშებოდა, ისინი კი, მეუფის სიმკაცრის მიუხედავად, სრულებით ენდობოდნენ და ერთგულებდნენ.

მეუფეს ხშირად იმ მიზეზით აკრიტიკებდნენ, რომ მსახურებებზე აგვიანებდა (ან სნეულთან იყო, ან მომაკვდავთან), წირვა-ლოცვა კი საკმაოდ გრძელი გამოსდიოდა, რადგან არანაირ შემოკლებას არ ცნობდა, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა.

ჩვევად ჰქონდა, ამა თუ იმ ადგილას მოულოდნელად, გაუფრთხილებლად გამოჩენილიყო, საავადმყოფოებს ხშირად ღამით აკითხავდა და ამას, ყველას გასაოცრად, დაუბრკოლებლად ახერხებდა.

დროდადრო მისი მსჯელობა თითქოს საღ აზრს იყო მოკლებული, თუმცა, მის მართებულობასა და ყველაფერში ღრმა სულიერი აზრის არსებობაში, მალე ყველა რწმუნდებოდა.

თუ რამე შეეშლებოდა, უყოყმანოდ აღიარებდა ხოლმე, ხოლო თუ მისი ცხოვრების წესი რეალობას არ ერგებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები გამოეფხიზლებინა და შეეხსენებინა, რომ ამქვეყნიურ სამსჯავროზე აღმატებული - ზეციური სამსჯავროა.

ეს წმინდა კაცი უმკაცრესად იცავდა ძველ სტილს, მართლმადიდებელ ეკუმენისტთა საქმიანობას კი უარყოფითად აფასებდა...

ჯერაც ახალგაზრდა ეპისკოპოსის კრიტიკულმა ესემ, რომელიც დეკანოზ სერგეი ბულგაკოვის "სოფიოლოგიას" მიეძღვნა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1936 წელს წმინდა სინოდის მიერ ამ ერესის დაგმობაში.

* * *

ნეტარი იოანეს ოთხწლიანი მღვდელმთავრობა ამერიკაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ძველებური მოშურნეობით გაგრძელდა. მისი სულის და ლოცვის ნაყოფი გახლდათ მამა სერაფიმე როუზის და წმინდა გერმანე ალასკელის ძმობა (რომელიც კალიფორნიაში დაარსდა).

იქ სან-ფრანცისკოს მრევლი ყველაზე მრავალრიცხოვანი გახლდათ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უზარმაზარი საკათედრო ტაძრის მშენებლობა, მრევლში არსებული უთანხმოების გამო, შეჩერდა, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით კი, არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად იქ მთავარეპისკოპოს იოანეს წარგზავნა გადაწყდა, თუმც კი მისმა მშვიდობიანმა მისიამ ბევრი გააღიზიანა.

ყოველივეს ისიც დაერთო, რომ მიტროპოლიტი ანასტასი, რომელიც რუსეთის ემიგრანტულ ეკლესიას წინამძღვრობდა, მოხუცდა და ძალზე დაუძლურდა, მის შემცვლელად ყველაზე რეალურ კანდიდატად მეუფე იოანე ესახებოდათ, თუმცა, მტრები, რომელთაც თავად სურდათ ეს პატივი, ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდნენ და არც აშკარა დაპირისპირებას თაკილობდნენ.

რას აღარ აბრალებდნენ: - რადგან წირვისას მიტროპოლიტ ანასტასის გარდა რუსეთის პატრიარქსაც იხსენიებდა (მასთან ერთად რამდენჯერმე წირა კიდეც), კომუნისტთა აგენტობა დასწამეს.

წირავდა ახალმესტილეებთანაც, რაც ემიგრანტული ეკლესიის ახალგაზრდა ფრთას არ მოსწონდა, "კანონის ქრისტიანობას" რომ აღიარებდა და არა "გულისას".

ამერიკის მრევლი უამრავ იურისდიქციაში იყო გაბნეული, მეუფე იოანე კი ქრისტეს იურისდიქციის მღვდელმთავარი გახლდათ და მისთვის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის სული ერთნაირად ძვირფასი იყო.

მოწინააღმდეგეებმა ისიც კი "მოახერხეს", რომ ღირსი იოანე სასამართლოში დაიბარეს, - ბრალს ეკლესიის ასაგებად განკუთვნილი თანხის გაფლანგვაში სდებდნენ...

მათმა თავხედობამ თვით არამართლმადიდებელი მოსამართლენიც კი განარისხა.

ამ ზედმეტად "მართლმადიდებელმა" მღვდელმთავრებმა მოგვიანებით ემიგრანტული ეკლესიის პირველი მეთაურის, მიტროპოლიტ ანტონ ხრაპოვეცკისეული "გამოსყიდვის დოგმატიც" კი მიიღეს (რომლის მიხედვითაც კაცობრიობის გამოსყიდვა ჯვარზე კი არა, გეთსიმანიის ბაღში აღსრულდა).

მოკლე ხანში კი განაცხადეს:

- სწორედ ჩვენ ვიცავთ ყველაზე შეუბღალავად მართლმადიდებლობასო.

1964 წელს, როდესაც საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ანასტასი გადადგა, მის მონაცვლეთა შორის კი მეუფე იოანეც იგულისხმეს.

კენჭისყრისას გაირკვა, რომ ხმები, ერთადერთი ხმის სხვაობით, თანაბრად გადანაწილდა. მაშინ მეუფემ იერარქთა შორის ყველაზე ახალგაზრდის კანდიდატურა წამოაყენა, რომელიც ერთხმად აირჩიეს, რამეთუ გულისხმაჰყვეს, რომ ყოველივე სულიწმიდის მადლით აღესრულებოდა.

გარდაცვალება

მოწინააღმდეგეებთან ერთად მეუფეს უამრავი მომხრე ჰყავდა, განსაკუთრებულად - მაღალი სულიერებით გამორჩეულ, ძველი თაობის მღვდელმთავრებთან მეგობრობდა, მაგრამ ამ დაპირისპირებამ მასზე იმოქმედა, მოახლოებულ აღსასრულს ხშირად ახსენებდა და თავისი ამქვეყნიდან განსვლის ჟამი და ადგილიც იწინასწარმეტყველა...

ერთ-ერთ ნაცნობ ქალბატონს გაუმხილა:

- მალე აღვესრულები, ივნისის ბოლოს... მაგრამ სან-ფრანცისკოში კი არა, სიეტლშიო...

გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე კი ადამიანს, რომლისთვისაც ილოცვიდა, უთხრა:

- ამიერიდან ხელზე ვეღარასოდეს მეამბორებიო.

1966 წლის 2 ივლისს წირა, შემდეგ საკურთხეველში 3 საათს ილოცა, ოთახში დაბრუნებული კი აღესრულა...

მისი გარდაცვალება თითქოს ვერავინ დაიჯერა, რადგან ეგონათ, რომ ეკლესიის ასეთი სვეტი არასოდეს წაიქცეოდა.

- აღარ მყავს სულიერი მამა და აღარც მეყოლება, - ამბობდა მისი სულიერი შვილი მღვდელი მარტინ ერლინგსი, - ყოველ შემთხვევაში, ისეთს ვეღარასდროს შევიძენ, შუაღამისას რომ დაგირეკავს და გეტყვის:

- წადი, დაიძინე, რისთვისაც ახლა ლოცულობ, მოგეცემაო!

მან, როგორც ღირსმა სერაფიმე საროველმა, სულიერ შვილებს დაუბარა:

- რომ გარდავიცვლები, ჩემს სამარესთან მოდით და როგორც ცოცხალს, ისე გამენდეთ, მოგისმენთ და შეგეწევითო!

ღირს მამას წესი მიტროპოლიტმა ფილარეტმა აუგო, მისი წმინდა სხეული ტაძარში 6 დღე იყო დასვენებული, თუმცა, სიცხის მიუხედავად, ხრწნის კვალიც არ დასტყობია, ხელი კი - რბილი ჰქონდა...

იქ მყოფთაგან თითქმის ყველა ქვითინებდა, მათ შორის ეპისკოპოსნიც, თუმცა, ტაძარი აღდგომისეული სიხარულით იყო აღვსილი და იქ მყოფთ ისეთი განცდა დაუფლებოდათ, თითქოს დაკრძალვას კი არა, ახალშერაცხილი წმინდანის ნაწილთა აღმოყვანებას ესწრებოდნენ.

წმინდა მღვდელმთავარი სან-ფრანცისკოს საკათედრო ტაძარში განისვენებს. მისი გარდაცვალების შემდგომ, ისევე, როგორც სიცოცხლეში, უთვალავი სასწაული აღესრულება, იქაურობას აუარება ხალხი მოილოცავს, რამეთუ უწყიან, რომ მეუფე - მსწრაფლშემსმენელი და საკვირველმოქმედია და, აღთქმისამებრ, ყველას სატკივარს შეისმენს და შეეწევა.

1994 წელს სპეციალურმა კომისიამ, რომელიც მის კანონიზაციას ამზადებდა, სამარის გახსნისას აღმოაჩინა, რომ მეუფე იოანეს სხეული უხრწნელი იყო...

იმავე წლის 2 ივლისს კი რუსულმა ემიგრანტულმა ეკლესიამ იგი წმინდანთა დასს შერთო.

რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კი მისი ცხოვრება 2008 წლის 24 ივნისს განდიდდა.

სასწაულები

წმინდა მღვდელმთავარი ერთხელ ჰონკონგის ტაძარში პარაკლისს აღასრულებდა, რაჟამსაც მორწმუნეებმა ნათლით მოსილი იხილეს.

ერთხელ, შვეიცარიაში, წირვისას, ერთმა მორწმუნემ, რომელიც მღვდლობისთვის ემზადებოდა, მეუფე არამიწიერი ნათლით მოსილი და ერთი ფუტის სიმაღლეზე მოლივლივე იხილა.

მოულოდნელი ზიარება

მეუფე იოანე ხშირად სტუმრობდა საპატიმროებს და პყრობილთათვის წირვასაც აღავლენდა.

ამ წმინდა კაცის ხილვა სულიერად სნეულთაც სიმშვიდეს ჰგვრიდა.

ერთხელ მეუფეს შანხაის რუსულ საავადმყოფოში უხმეს მომაკვდავის საზიარებლად. საავადმყოფოში მისვლისას სიცოცხლით სავსე, ოციოდე წლის ახალგაზრდა იხილა, გაწერის წინ აკორდეონს რომ ახმიანებდა... მიუახლოვდა და უთხრა:

- მინდა გაზიარო!

როდესაც გაოცებული თანმხლებნი დაეკითხნენ, - მომაკვდავთან რად არ იჩქარეთ და ამ სავსებით ჯანმრთელ ბიჭთან რად შეჩერდითო, უპასუხა: - ის ამაღამ მიიცვლება, მომაკვდავი კი მრავალ წელს იცოცხლებსო, რაც აღსრულდა კიდეც.

შუაღამის სტუმარი

შანხაიში სიმღერის მასწავლებელი, ანა პეტროვნა ლუშნიკოვა, მეუფეს დიქციის გაუმჯობესებას სწორ სუნთქვითი მოძრაობებით ასწავლიდა. ქალის წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოველი გაკვეთილის შემდეგ, ჰონორარად 20 დოლარს უტოვებდა ხოლმე.

ერთხელ, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, 1945 წელს, ანა მძიმედ დაიჭრა და თავი ფრანგულ ჰოსპიტალში ამოყო...

როგორც თავად იგონებდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ მეორე დილამდე ვერ გააწევდა და მედდებს სთხოვა, სიკვდილისწინა ზიარებისთვის მეუფე იოანე მოეყვანათ...

რაღა თქმა უნდა, მედდებმა ცივად იუარეს, - საგანგებო მდგომარეობის გამო ღამით ჰოსპიტლიდან ვერავინ გავალთო. თანაც იმ ღამეს ძლიერი შტორმი დაიწყო...

ანა კი ჯიუტად და განუწყვეტლივ უხმობდა მეუფეს...

უეცრად, 11 საათისთვის პალატაში წმინდა მღვდელმთავარი შემობრძანდა...

გაოგნებულმა ანამ თვალებს არ დაუჯერა და ჩაეკითხა, - მართლა თქვენ ხართ, თუ სიზმრად გხედავთო?!

სტუმარმა პასუხად გაუღიმა, დალოცა და აზიარა, რის შემდეგაც ქალი დამშვიდდა და ჩაეძინა.

მეორე დილით კი სავსებით გამოჯანმრთელდა, მაგრამ ღამეული სტუმრის ამბავი არავინ დაუჯერა, რადგან ჰოსპიტლის კარი მჭიდროდ ჩაერაზათ...

მის მონათხრობს მხოლოდ ერთი ადამიანი, ანას პალატის მეზობელი ამოწმებდა, მაგრამ მთავარი "სამხილი" და ნივთმტკიცება - სნეულის ბალიშქვეშ ამოდებული 20-დოლარიანი გახლდათ...

დეკანოზ სტეფანე პავლენკოს მოგონებიდან

- დედაჩემი მეუფე იოანესთან ბავშვობიდან მეგობრობდა და მისი ჩინეთში გამწესების შემდეგ ერთურთს წერილობით ეხმიანებოდნენ, თუმცა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათი მიმოწერა შეწყდა.

ათიოდე წლის ვიქნებოდი, საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მორიგი კრება რომ შედგა, რა დროსაც მღვდელმთავართ ამჟამინდელ ნიუ-ჯერსის შტატის სოფელ ჯაქსონში (უწინ - კასვილში) უნდა ეწირათ.

საიმდროოდ ქალაქ ვაილანდში, ჯაქსონიდან 70 მილში მდებარე ქალაქში ვცხოვრობდით...

მეუფისგან ლოცვა-კურთხევის მისაღებად დედამ მოძღვართან ერთად იქ გამგზავნა.

იმის გამო, რომ მეუფესთან მიმოწერა აღარ ჰქონდა, ჩვენ შესახებ მან არაფერი იცოდა.

დედას ვკითხე:

- როგორ უნდა მივხვდე, მღვდელმთავართაგან რომელია მეუფე იოანე-მეთქი, რაზეც მისთვის უჩვეულო იუმორით მიპასუხა:

- ეპისკოპოსი იოანე სწორედ ის იქნება, ვინც ყველაზე ნაკლებად ემგვანება მეუფესო, თან დააყოლა: - მხრებში მოხრილი უნდა იყოს, ფეხსაცმელი კი შიშველ ფეხებზე ექნება წამოცმული...

ტაძარში მისვლისთანავე თანამსახურებისთვის შევედი საკურთხეველში, სადაც იმ დრომდე არავის ვენახე. უეცრად მეუფე იოანე მომიახლოვდა, იქიდან გამომიყვანა (როგორც სჩვეოდა, საკურთხეველში არასოდეს საუბრობდა) და მეუბნება:

- გამარჯობა, სტიოპა! როგორ არის დედაშენი მარინკა, შენი ძმა და დები? - შემდეგ ღიმილითა და გაბრწყინებული თვალებით ჯიქურ ჩამაცქერდა და განაგრძო: - როგორ მიცანი?!

დავიმორცხვე, დედის სიტყვა გამახსენდა, რაღაც წავილუღლუღე...

მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ, წმინდა სამების სემინარიაში სწავლისასღა მივხვდი, ვისთან მქონდა საქმე და საიდან იცოდა მეუფემ ჩემი ოჯახის ამბავი...

მადლიერი სტუმარი

შანხაიში ერთი ესპანელი ფრანგულ საავადმყოფოში მოხვდა, რაღა თქმა უნდა, კათოლიკე მკურნალთა გარემოცვაში.

მისი მდგომარეობა იმდენად უიმედო იყო, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში რომ არავის შეეწუხებინა, შირმის მიღმა მიუჩინეს ადგილი.

სნეულის აღსასრულს წუთი-წუთზე ელოდნენ, მისი პალატიდან ზარის ხმა რომ გაისმა...

პალატაში შესულ მედდას საწოლზე წამომჯდარი, გაოცებული პაციენტი დახვდა, რომელმაც ჰკითხა:

- ვინ იყო ამ წუთას აქ, თავს რომელი მღვდელი მედგა... ვკვდებოდი, ის კი ჩემ გვერდით ლოცულობდა და ვიგრძენი, თუ როგორ დამიბრუნდა სიცოცხლე.…

მედდამ უპასუხა, რომ არავინ შეუნიშნავს.

ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ თავისი მხსნელის ძიებაში ესპანელმა ყველა კათოლიკური ეკლესია შემოიარა... ერთმა კათოლიკე მღვდელმა ურჩია, - რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარშიც შეიარე, სადაც არაჩვეულებრივი ადამიანი, მართლმადიდებელი ეპისკოპოსი მსახურობსო...

იმხანად ხსენებული ტაძრის ერთ-ერთ ეპისკოპოსს ბევრი საბჭოთა აგენტი სტუმრობდა ხოლმე, რის გამოც ახალგაზრდები მეუფე იოანეს საგანგებოდ ადევნებდნენ თვალყურს.

ერთხელ, საღამოს მსახურებისას, ყველამ იხილა, როგორ შემოვიდა ტაძარში ჩასხმული, ტანადი მამაკაცი ძვირფასი, ლურჯი პიჯაკით, ღილ-კილოში გაყრილი დიდი, წითელი ყვავილით...

ყველა აღელდა, რადგან კომუნისტთა აგენტად ჩათვალეს. მსახურების შემდეგ, ლოცვა-კურთხევის მისაღებად მეუფეს მიუახლოვდა, მრევლი რომ შემოხვეოდა და ცდილობდა, ხიფათის შემთხვევაში რიცხოვნობით მაინც დაეცვა, მაგრამ ეს ახოვანი უცნობი, ცოტა ხნის წინ ასე რომ ააღელვა ყველა, ნეტარ მამას მიუახლოვდა და კურთხევა მუხლებზე დამხობილმა გამოსთხოვა...

შემდეგ დანარჩენებს მიუბრუნდა და თქვა:

- როგორც იქნა, ის ადამიანი ვიპოვე, ჰოსპიტალში სულთმობრძავი სასწაულებრივად ამქვეყანას რომ დამაბრუნაო...

მეუფემ გაიღიმა, სტუმარი დალოცა და ჩვეული სიყვარულით გაისტუმრა. ეს უკანასკნელი კი ჰმადლობდა ნეტარს და მსოფლიო პატრიარქად იხსენიებდა.

* * *

ერთხელ მეუფეს მავანმა ქალბატონმა მიაკითხა და განსაცდელში მყოფი დისთვის შეწევნა ცრემლით გამოსთხოვა.

მის დას, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა, დიდი სტრესი გადაეტანა, გონება დაჰკარგვოდა და იქ რომ ვერაფერი ეშველათ, ბოლო იმედად მეუფე იოანეს გზა-კვალი ესწავლებინათ.

ნეტარმა ქალს მოუსმინა, მაგრამ პასუხი არ გაუცია, მხოლოდ დალოცა...

ქალი გაოცდა, შემდეგ კი იმათ საყვედურს მოჰყვა, ვინც ამ უგულო კაცთან მიგზავნა.

ერთ თვეში ქალმა მეუფეს ტაძარში მიაკითხა, რომ დის გამოჯანმრთელების ამბავი ემცნო და მადლობა ეთქვა.

ამ დროს მეუფე კმევას აღასრულებდა... ქალმა გაიფიქრა: "ხომ ხედავ, ჩემი და შენი ლოცვის გარეშეც მომჯობინდა", ხოლო როდესაც ნეტარი გაუსწორდა, შეჩერდა და უთხრა:

- მადლობა უფალს, რომ თქვენი და, ბარბარე გამოჯანმრთელდა!

ქალი გახევდა, სახეზე სირცხვილის ალმურმა გადაჰკრა, მზად იყო, მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა... თავისი უმადურობა და საყვედური გაახსენდა და მიხვდა, თუ ვისი ლოცვების მეოხებით განმრთელდა ის, ვისი სახელიც მეუფისთვის არც გაუმხელია...

ებრაელთა კურნება

შანხაის ებრაული ჰოსპიტლის მედდა იხსენებდა:

- აღდგომის შვიდეულში ნეტარი იოანე ჰოსპიტალში რამდენიმე რუსი მართლმადიდებლის სანუგეშებლად მობრძანდა.

ერთ-ერთ პალატაში იმ შირმასთან შეჩერდა, რომლის მიღმაც მხცოვანი, სულთმობრძავი ებრაელი მოეთავსებინათ...

ავადმყოფის მდგომარეობა უნუგეშო გახლდათ, ამიტომ ნათესავები მის გარდაცვალებას წუთი წუთზე ელოდნენ...

ნეტარმა იოანემ ჯვარი მისი შირმის თავზე აღმართა და ხმაჰყო:

- ქრისტე აღდგა!

სულთმობრძავი გონს მოვიდა და წყალი ითხოვა. მეუფემ მედდა მოძებნა და უთხრა:

- ავადმყოფი წყალს ითხოვს!

ამ ამბავმა მთელი ჰოსპიტალი შეძრა. მალე ეს ქალი სრულიად გამოჯანმრთელდა და გაეწერა.

* * *

რუსეთიდან ჩამოსულ ერთ ებრაელ მანდილოსანს ავადმყოფი ვაჟი ჰყავდა, რომელსაც ვერაფრით შველოდა. ვიღაცისგან შეიტყო რუსი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, იოანეს ამბავი, რომლის ლოცვითაც მრავალნი იკურნებოდნენ, ტაძარში მივიდა და მეუფეს მოკრძალებით სთხოვა, სნეულისთვის ელოცა, ებრაული წარმომავლობის დასამალად კი შვილი "მიშად" მოიხსენია.

ნეტარმა მისი შინაგანი მყის იხილა, მიუბრუნდა და უთხრა:

- ვილოცებ შენი მოშესთვის!

მალე ბავშვი გამოჯანმრთელდა.

* * *

1945 წელს, ღამის 12 საათზე, შანხაის ჰოსპიტლის კარზე ზარი ჩამორეკეს, მეუფე სწრაფად შებრძანდა დერეფანში და იმ დარბაზს მიაშურა, სადაც ექიმთა კონსილიუმი ტარდებოდა.

კონსილიუმის დასკვნით, ქალი იმ ღამით უნდა გარდაცვლილიყო...

სნეულს თავთით ძმა უჯდა, მეუფე რომ შევიდა, ხატი დააბრძანა და ლოცვა იწყო, გასრულების შემდგომ კი იკითხა, - სნეული ნაზიარებია, თუ არაო?

- არა, - უპასუხა ძმამ, - ტაძარში იშვიათად დავდივართ!

მეუფე წავიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ქალმა თვალები გაახილა და ძმას ჰკითხა:

- ვხედავდი, როგორ იდგა ჩემს საწოლთან მლოცველი ბერი, შემდეგ კი იკითხა, ნაზიარები ვიყავი თუ არა, ვუპასუხე, - არა-მეთქი... ჯვარი გარდამსახა და წავიდა...

- გსურს ეზიარო? - ჰკითხა ძმამ.

ქალი დათანხმდა.

ძმა მედდას დაეკითხა, რა იყო საჭირო ამისთვის. მედდამ უპასუხა, რომ ტაძარში დილით ადრე დარეკავდა, მაგრამ მანამდე თავად მობრძანდა მღვდელი და თქვა, რომ მეუფე იოანემ გამოგზავნა, ამასთან, ის პალატაც ზუსტად დაასახელა, სადაც სნეული იმყოფებოდა.

მღვდელმა ქალი აზიარა, ამ უკანასკნელმა წმინდა ძღვენი დიდი სიხარულით და მოწიწებით მიიღო და მალევე გამოჯანმრთელდა.

ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ სნეული ძმასთან ერთად ეწვია მეუფეს ტაძარში და დანახვისთანავე შესძახა:

- თქვენ იყავით ჩემთან ჰოსპიტალში!

მეუფე გაესაუბრა და დაარიგა:

- არ დაივიწყოთ უფალი, ტაძარში იარეთ და ილოცეთ!

წინასწარმეტყველება

ერთ ქალბატონს ძალიან აწუხებდა ფეხები. მსახურების შემდეგ მუდამ კიბის ქვედა საფეხურებზე იჯდა ხოლმე და მეუფის ტაძრიდან გამობრძანებას ელოდა. ერთხელ კი უთხრა:

- მაღალყოვლადუსამღვდელოესო, მალე მივიცვლები!

მეუფემ გაუღიმა და უპასუხა:

- არა, მე შენზე წინ წავალ!

ასეც მოხდა: იგი 1966 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა, რამდენიმე დღეში კი - ის ქალბატონი...

სიზმრად ნანახი ბერი

მხევალი ღვთისა ფოტინე იგონებს:

- რამდენიმე წლის წინ მეუღლე ამერიკაში გაემგზავრა, სადაც კონტრაქტით სამუშაო შესთავაზეს.

გამგზავრების წინ, მამათაგან კურთხევის გამოსათხოვად, რუსეთის მრავალი მონასტერი შემოვიარე.

თუმცა, პირველ დღეებში ძალიან გამიჭირდა, ერთთავად ვლოცულობდი და ვტიროდი.

და აი, ერთხელ, ძილში მომცრო ტანის ბერი გამომეცხადა... ერთად ვიდექით მშვენიერ ტაძარში, სადაც სნეულნი შემოდიოდნენ და იქაურობას ჯანგანმრთელებულნი ტოვებდნენ.

ბერმა მანუგეშა, - რამდენიმე დღეში ყველაფერი მოგვარდებაო.

ორი დღის შემდეგ მართლმადიდებლური ტაძრის მღვდელმსახურმა დამირეკა, სახლი გვიკურთხა და იმ მონასტერში, სადაც იღვწოდა, ბავშვებთან ერთად წაგვიყვანა...

იქ შესანიშნავი ადამიანები გავიცანით, მათგან ერთი ქალბატონი მსახურებაზე დასასწრებად დილაობით ეკლესიაში წაყვანას დაგვპირდა (პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის).

გარკვეული დროის შემდეგ ბანკმა სესხი დაგვიმტკიცა და ავტომობილის შეძენა შევძელით.

იმავე პერიოდში დისგან საჩუქრად მღვდელმთავარ იოანე მაქსიმოვიჩისადმი მიძღვნილი წიგნი მივიღე, რომლის გარეკანზე დაბეჭდილი ფოტოდან სწორედ ის ბერი შემომ¬ცქეროდა, სიზმარეულ ჩვენებაში რომ ვიხილე...

* * *

"ჟამნის" კითხვისას მეუფე ერთთავად ანალოგიაზე იყო ხოლმე მიყრდნობილი. ერთხელ, ლოცვისას, ტაძრის სიღრმეში მდგომმა დედა ქსენიამ წაიჩურჩულა:

- ღამღამობით არ სძინავს, ახლა კი - თვლემს!

მეუფე მოუტრიალდა და ჯიქურ შეხედა.

დარცხვენილმა ქსენიამ აღარ იცოდა, თავი სად წაეღო...

* * *

"ეს ამბავი მცირე ხნის წინ მოხდა.

მადლობა იმათ, ვინც მეუფე იოანეს ხატი გამომიგზავნა. ამ წმინდა კაცის ლოცვის ძალა საკუთარ თავზე მალევე გამოვცადე:

რამდენიმე თვის წინ საავადმყოფოში მძიმე მშობიარესთან ერთად მოვხვდი, რომელსაც მწვავე და განუწყვეტელი ტკივილები ტანჯავდა.

მალე ექიმებმა დააფიქსირეს, რომ ნაყოფის მდგომარეობა ძალზე დამძიმდა, - მისი სუნთქვა მინელდა და თითქმის აღარ ისმინებოდა...

პალატასთან ვიდექი და ის იყო, წმინდა იოანეს მხურვალედ ვთხოვე, დედისა და ჯერ დაუბადებელი პატარის გადარჩენისათვის ღვთის წინაშე ეშუამდგომლა, რომ ბავშვის გულისცემა დასტაბილურდა და მშობიარობამაც გართულებების გარეშე ჩაიარა.

გმადლობ, ღირსო მამაო, ჩვენდა შეწევნად ასე რომ ისწრაფვი!"

მხევალი ღვთისა ანა ბერკამი.

ვანკუვერი, კანადა, 1987 წლის 30 მარტი

* * *

ჩინეთიდან წამოსვლის შემდგომ მეუფე თავისი სამწყსოთი ფილიპინებზე დამკვიდრდა.

ერთხელ, საავადმყოფოში ყოფნისას, საიდანღაც საშინელი ყვირილი მოესმა. მედდამ უთხრა, რომ ეს უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტი იყო, გამუდმებით რომ ხმაურობდა და ამის გამო მისი იზოლირება მოუწიათ...

მედდის წინააღმდეგობის მიუხედავად, მეუფემ მაშინვე მისკენ გასწია, სნეულს შუბლზე ჯვარი დაადო და ლოცვა იწყო, შემდეგ აღსარება ჩაიბარა და აზიარა...

ქალმა ყვირილი შეწყვიტა, დამშვიდდა და მხოლოდ უხმოდღა კვნესოდა...

გარკვეული დროის შემდგომ, როდესაც მეუფე კვლავ ეწვია იქაურობას, ქალი თავად გამოეგება.

* * *

უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში 7 წლის გოგონა ავად გახდა - ღამით სიცხემ ისე აუწია, ტკივილისგან გაჰყვიროდა...

შუაღამისას საავადმყოფოში გააქანეს, სადაც ნაწლავების გადახლართვა დაუდგინდა.

სასწრაფოდ შეკრიბეს კონსილიუმი, რომელმაც მისი მდგომარეობა უიმედოდ ჩათვალა და დედამისს აუწყა, - ბავშვი ოპერაციას ვერ გადაიტანსო.

დედამ შვილის გადარჩენა და ოპერაციის გაკეთება ითხოვა, თავად კი იმ ღამესვე მეუფე იოანეს მიაკითხა.

ნეტარმა ქალი ტაძარში მიიყვანა, სამეუფო კარი განხსნა და საკურთხევლის წინ ლოცვა იწყო.

ქალი კი შვილს კანკელის წინ დამხობილი ავედრებდა უფალს.

კარგა ხნის შემდეგ, გამთენიისას, ნეტარი ქალს მიუახლოვდა, აკურთხა და უბრძანა, სასწრაფოდ შვილთან წასულიყო, რომელიც საღ-სალამათი ელოდა...

მისვლისთანავე ქირურგმა ახარა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, რაც ნამდვილი სასწაული იყო და მის პრაქტიკას მსგავსი შემთხვევა არ ახსოვდა...

* * *

"ჩემი ვაჟი შეპყრობილი იყო, - იგონებს სნეულის მამა, - ჯვარი, ხატი და ყოველგვარი სიწმინდე მოიძულა, წმინდა გამოსახულებებს საგულდაგულოდ აქუცმაცებდა და ამით დიდ სიხარულს განიცდიდა.

საკურნებლად ხშირად დამყავდა მეუფე იოანესთან, რომელიც დააჩოქებდა და ხან სახარებას დაადებდა თავზე, ხან - ჯვარს და ისე ლოცულობდა.…

ლოცვის შემდეგ ჩემი ვაჟი უცნაურად სევდიანდებოდა და ხან ტაძრიდანაც გარბოდა ხოლმე.

მეუფე მამშვიდებდა, - სასოს ნუ წარიკვეთთ, ვილოცებ და დროთა მანძილზე თქვენი ვაჟი განიკურნება, მანამ კი მკურნალობაც განაგრძეთო, თუმცა, რამდენიმე წელიწადი ისე გავიდა, არაფერი შეცვლილა...

ერთ დღეს, სახარების კითხვისას, ჩემმა ვაჟმა უეცრად მითხრა: - მინ ჰონში (შანხაიდან 39-40 კილომეტრის დაცილებით), სულით სნეულთა ჰოსპიტალში უნდა წამიყვანო, სადაც ღვთის სული ბნელეთის სულისგან განმწმენდს, შემდეგ კი უფლის წინაშე წარვდგებიო!

ორიოდ დღეში მივაკითხე და ვნახე, როგორ ირწეოდა მოუსვენრად საწოლზე ავადმყოფი, შემდეგ მოულოდნელად ყვირილს მოჰყვა და მთელი ხმით გაიძახოდა:

- არა, არ მომიახლოვდე, არ მინდიხარ! იმის გასაგებად, თუ ვისი ხილვა არ სურდა, დერეფანში გამოვედი, რომლის ფანჯრიდანაც ეზოში ჰოსპიტლისკენ მომავალი მეუფე იოანე ვიხილე...

რაც უფრო უახლოვდებოდა პალატას, მით აფთრდებოდა სნეული და გამეტებით გაჰყვიროდა: - არ მომიახლოვდე, მე შენ არ მინდიხარ, გამშორდიო!

შემდეგ თითქოს დამშვიდდა და ხმადაბლა იწყო ლოცვა.

ამ დროისათვის ნეტარი დერეფანში შემობრძანდა, სნეული საწოლიდან წამოხტა, ტირილით ჩაუვარდა მუხლებში და ავი სულისაგან გათავისუფლება სთხოვა.

მეუფემ თავზე ჯვარი გადასახა, ილოცა, შემდეგ მხრებში ხელი მოჰკიდა, წამოაყენა, პალატაში შეიყვანა, დააწვინა, კვლავ ილოცა, შემდეგ კი აზიარა.

მისი წასვლის შემდეგ სნეულმა შვებით აღმოთქვა: - როგორც იქნა, კურნება მივიღე, ახლა უფალი მიმიღებს!.. მამა, სასწრაფოდ წამიყვანე, რადგან შინ უნდა გარდავიცვალოო!

შინ მობრუნებული თავის ოთახში ყოველ ნივთს შეხაროდა, განსაკუთრებით - ხატებს... მათ წინაშე ლოცვად დადგა, შემდეგ სახარება აიღო...

მომდევნო დღეს მთხოვა:

- მოძღვარი მომიყვანე, რომ ვეზიარო, თორემ ამქვეყნიდან ისე გავალ, ვერ მოვასწრებო!

მობრძანდა მეუფე, კვლავ აზიარა, მისი გაცილების შემდგომ ოთახში შემობრუნებულს შვილი უცნაურად ნათელმოსილი დამხვდა, რამდენიმე წუთში კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს..."

* * *

1948 წელს, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საძმოს სასნეულოში მომაკვდავმა მეუფე იოანესთან დარეკვა ითხოვა, თუმცა, ტაიფუნის გამო სატელეფონო ხაზები დაზიანდა და მასთან დაკავშირება შეუძლებელი შეიქნა...

არ გასულა ნახევარი საათი, ნეტარმა საავადმყოფოს კარზე დააკაკუნა...

- ვინ ხართ? - ჰკითხეს,

- ეპისკოპოსი იოანე გახლავართ, მიხმობენ, მელიან, ვჭირდებიო, - იყო პასუხი.

* * *

"ლოს-ანჯელესში მცხოვრებ ჩემს დას, ქსენიას ხელი ძალიან ასტკივდა, - იგონებდა ანა ხოდირევა, - სნეულებამ დიდხანს გასტანა, ექიმებსაც მიმართა, ხალხურ სამკურნალწამლო საშუალებებსაც, თუმცა, უშედეგოდ...

ბოლოს გადაწყვიტა, სან-ფრანცისკოში მეუფე იოანესათვის მიეწერა.

გავიდა ხანი, ხელი მოურჩა და ტკივილიც ლამის მიავიწყდა...

იმხანად სან-ფრანცისკოში მოხვდა და გადაწყვიტა, იქაურ ტაძარში ღვთისმსახურებას დასწრებოდა.

ჯვარზე მთხვევისას მეუფემ შეხედა და ჰკითხა:

- ხელი როგორ გაქვთ?

საკვირველი ის გახლდათ, რომ მეუფეს ქსენია არასოდეს ენახა და, წესით, არც მისი ხელის ტკივილის ამბავი უნდა სცოდნოდა..."

* * *

"მე და ჩემი და ავტოავარიაში მოვყევით.

დას უამრავ ჭრილობასა და დაჟეჟილობასთან ერთად ნეკნები ჩაუტყდა, ფილტვი შეუვიწროვდა და საშინელი ტკივილები განუვითარდა.

მალე სახე ისე დაუსივდა, თვალების გახელა გაუჭირდა.

როდესაც მეუფე იოანემ მოგვაკითხა, თვალების გახელა ვერ შეძლო, შემდეგ იძულებული გახდა, ქუთუთო თითით აეწია და როდესაც სტუმარი დაინახა, ხელზე ემთხვია...

საუბარი არ შეეძლო, რადგან ყელზე ჭრილობა ჰქონდა, თვალების ჭრილიდან კი სიხარულის ცრემლი სდიოდა.

მას შემდეგ მეუფემ რამდენჯერმე მოგვინახულა, რის შემდეგაც ჩემმა დამ გამოკეთება იწყო.

ერთხელ პალატაში შემოსვლისთანავე მითხრა: - მუსია ახლა ძლიერ ცუდადააო. შემდეგ მის საწოლს მიუახლოვდა, ფანჯრიდან ფარდა გადასწია და ლოცვა იწყო...

ამ ხნის მანძილზე რამდენიმე ექიმი შემოვიდა, რომელთაც ვკითხე, ხომ არ ჯობდა, ჩემი დისშვილისთვის (რომელიც მაშინ კანადაში ცხოვრობდა და დედის ავადმყოფობის შესახებ არაფერი უწყოდა) ჩამოსვლა გვეთხოვა.

მათ მიპასუხეს, რომ დილამდე ან გასტანდა, ან - ვერა...

მაგრამ მეუფის ლოცვით მან დიდხანს იცოცხლა..."

ანა ს.

* * *

"სან-ფრანცისკოში ჩემი მეუღლე ავტოკატასტროფაში ისე დაიმსხვრა, წონასწორობის შენარჩუნება აღარ შეეძლო და ძლიერი ტკივილებით იტანჯებოდა.

საიმდროოდ მეუფე იოანეს დევნიდნენ.

გამოცდილი მქონდა ძალა მეუფის ლოცვისა, ამიტომ ვიფიქრე, შინ მომეწვია, რადგან დარწმუნებული გახლდით, რომ ჩემი მეუღლე გამოკეთდებოდა, მაგრამ ვერ გავბედე.

არ გასულა ორი დღე და მეუფემ ჩვენი სახლის კარი შემოაღო, ხუთიოდ წუთს გაჩერდა და თანმხლებითურთ წაბრძანდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ მეუღლე, რომელიც იმ დროს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო, სულ მალე გამოკეთდებოდა და ასეც მოხდა.

მოგვიანებით თანმხლებმა, რომელსაც მეუფე აეროპორტისკენ მიჰყავდა, მიამბო, როგორ შეაჩერა უეცრად მეუფემ და სთხოვა, ჩვენთან წამოეყვანა, ხოლო როდესაც შეეწინააღმდეგა და შეახსენა, რომ თვითმფრინავზე დაიგვიანებდნენ, მიუბრუნდა და უთხრა:

- მერე აგებთ კი პასუხს ადამიანის სიცოცხლეზე?!

როგორც გაირკვა, მეუფეს არც თვითმფრინავზე დაუგვიანია, რადგან იგი შეაყოვნეს..."

ლ. ლიუ

............................

ხატის წყარო: ИОАНН ШАНХАЙСКИЙ

.......................

აქვე წაიკითხეთ:

გადაეცი ხალხს, თუმცა მოვკვდი, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ

"ვიცი, ვიცი, წავიდეთ, ვილოცოთ"

ავადმყოფი იმწამსვე გონს მოვიდა

ნათლით მოსილი



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler