წელს, 2 ივლისს, 40 წელი სრულდება დიდი მღვდელმთავრის, მთავარეპისკოპოს იოანე მაქსიმოვიჩის გარდაცვალებიდან. გვსურს მოგითხროთ მისი ცხოვრების შესახებ და ამით, ჩვენდა წილად, ერთი პატარა ხიდი გავდოთ მართლმადიდებელ რუსეთამდე მისასვლელად.
1896 წლის 4 ივნისს ბორის და გლაფირა მაქსიმოვიჩებს ვაჟი შეეძინათ. მთავარანგელოზის პატივად მიხეილი უწოდეს. არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, მშვიდი, მოსიყვარულე. გაურბოდა ხმაურიან ბავშვურ თამაშობებს, უფრო უყვარდა განმარტოება და უფალსა და ღვთის სჯულზე ფიქრი. "რაც თავი შევიცანი, - ამბობდა 1934 წელს ეპისკოპოსად კურთხევისას, - მსურდა მემსახურა სიმართლისა და ჭეშმარიტებისთვის". მაქსიმოვიჩებს მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ და მიშას საყვარელი წიგნები წმინდა მამათა ცხოვრება გახლდათ. მისი წყალობით მისმა და-ძმებმა კარგად შეისწავლეს სამშობლოს ისტორია.
11 წლის ყმაწვილი კადეტთა კორპუსში მიაბარეს. ერთხელ კადეტები მწყობრად, მარშით მიდიოდნენ პოლტავის ქუჩებში. ეკლესიას რომ ჩაუარეს, მიშა შებრუნდა ტაძრისკენ და ჯვარი გამოისახა. კადეტებმა სასაცილოდ აიგდეს, უფროსებმა კი დასაჯეს. მაშინ დიდმა მთავარმა კონსტანტინემ უშველა - მისი ვაჟი მიშასთან ერთად სწავლობდა. როცა შეიტყო მაქსიმოვიჩის საქციელი, აღტაცებას ვერ მალავდა თურმე და უფროსებთანაც უშუამდგომლა.
1914 წელს მიშა ხარკოვის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. საერო მეცნიერების შესწავლასთან ერთად გულმოდგინებით ეცნობოდა მამათა სწავლებებს. შუაღამისას წამოდგომა და განგრძობით ლოცვა ბავშვობიდანვე შეჰყვარებოდა და ახლაც, მოწიფულობის ჟამს, მთელი არსებით ცდილობდა, წმინდანებს დამსგავსებოდა. ამასობაში 1917 წლის რევოლუცია მოხდა. სამშობლოსა და მეფის ერთგული მიშა, როგორც შეეძლო, წინ აღუდგა გარშემომყოფთა რევოლუციურ სულისკვეთებას. 1921 წელს მისი ოჯახი ბელგრადში გადასახლდა, სადაც ვაჟები უნივერსიტეტში მოეწყვნენ. მიხეილმა 1925 წელს დაამთავრა საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. 1926 წელს მიტროპოლიტმა ანტონმა (რომელიც ადრე ხარკოვის ეპისკოპოსი გახლდათ) ბერად აღკვეცა, იოანე უწოდა და დიაკვნადაც დაასხა ხელი, იმავე წლის 21 ნოემბერს კი მღვდელმონაზვნის ხარისხში აიყვანა. დაიწყო მამა იოანეს ბერული ღვაწლი. დიდი ხნის შემდეგ თვითონვე გამოტყდა, რომ მას შემდეგ, რაც ბერად შედგა, არასოდეს დაწოლილა ლოგინში, ღამეს ლოცვაში ათენებდა და მხოლოდ ორიოდე საათს თუ მიიძინებდა იატაკზე მჯდომარე ანდა ხატების წინ დამხობილი. 1929-34 წლებში მამა იოანე ქალაქ ბიტოლში სერბულ სემინარიას ხელმძღვანელობდა. ბიტოლი წმინდა ნიკოლოზ (ველიმიროვიჩის) ეპარქიაში შედიოდა. წმინდა მღვდელმთავარი ხშირად სტუმრობდა სემინარიას, დიდად აფასებდა მის ხელმძღვანელს. ხშირად ასე არიგებდა მოსწავლეებს, - ბავშვებო, დაუჯერეთ მამა იოანეს, ის ანგელოზია ღვთისა, ადამიანის სხეულით მოსილიო.
მოსწავლეებსაც შეუყვარდათ მამა იოანე, ის მათთვის ყველა ქრისტიანული სათნოების განსახიერება იყო, მისი მარხვა, ლოცვა და მღვიძარება არ იფარებოდა სემინარისტთა თვალთაგან. მამა იოანე ისე ახლობელი შეიქმნა მათთვის, როგორც უფროსი ძმა. არ იყო კონფლიქტი, მას რომ არ ჩაეცხრო, არ იყო კითხვა, პასუხი რომ არ გაეცა - სრული, კომპეტენტური. დღედაღამ ლოცულობდა მოსწავლეებისთვის. ყოველ ღამე დაგვტრიალებდა, ზოგს ბალიშს უსწორებდა, ზოგს საბანს. საძინებელ ოთახში შემოსვლა-გასვლისას ყოველთვის ჯვარს გამოგვსახავდა და გვაკურთხებდაო, - ჰყვებოდა ერთი მოსწავლეთაგანი. მამა იოანე ცდილობდა, მოსწავლეები ღვთისმსახურებაში ჩაერთო. ნაწილი თუ დღის სახარების საკითხავს გამოარჩევდა, სხვები საღვთისმსახურო წიგნებს ეცნობოდნენ. მოძღვარი მოუწოდებდა მათ, ყოველთვის "ეფხიზლათ", განსაკუთრებით კრძალვით შესდგომოდნენ ღვთისმსახურებას. ამის მაგალითს თავად აჩვენებდა. დიდი მარხვის პირველ და ბოლო კვირას არ ჭამდა არაფერს, დიდ შაბათს სრულიად ძალაგამოცლილი, სააღდგომო ლიტურგიის შემდეგ აღორძინდებოდა, უდიდეს ენერგიას იძენდა და ანგელოზის სიხარულით უბრწყინდებოდა სახე.
მამა იოანეს სულიერი სიმაღლე არ გამოჰპარვია რუსეთის ემიგრანტული ეკლესიის სინოდის წევრებს და გადაწყვიტეს მისი ეპისკოპოსობა. თავიდან ეგონა, სხვაში შევეშალე და შეცდომით უნდათ ჩემი კურთხევაო, მაგრამ როცა დარწმუნდა, სწორედ მას უპირებდნენ ეპისკოპოსობას - თავის ფიზიკურ ნაკლზე მიუთითა - ცალი ფეხი მოკლე ჰქონდა და ორთოპედიული ფეხსაცმელი ეცვა. ვერც გამართულად საუბრობდა, ქვედა ყბას სათანადოდ ვერ ამოძრავებდა, მაგრამ სინოდში მიუგეს, - ამნაირი ნაკლი მოსე წინასწარმეტყველსაც ჰქონდაო. მამა იოანეს ეპისკოპოსად ხელი დაასხეს 1934 წლის 28 მაისს, ჩინეთში გაგზავნეს და შანხაის ეპარქია ჩააბარეს.
შანხაიში ახალი ეპისკოპოსი ნოემბრის მიწურულს ჩავიდა. ქალაქში საბჭოთა ხელისუფლებას გამოქცეული უამრავი ლტოლვილი ცხოვრობდა. შიმშილი, გაჭირვება, უსახლკარობა უცხო მხარეში - ამ განსაცდელების ჟამს მართლაც რომ ნუგეში იყო ხალხისთვის მეუფე იოანეს გამოჩენა. მღვდელმთავარი მრავალი ფილანთროპული და საქველმოქმედო საზოგადოების წევრი გახდა, დიდად იღვწოდა და ცდილობდა შეემსუბუქებინა ხალხისთვის მძიმე ხვედრი. არასოდეს მიდიოდა მდიდრებთან ჩაიზე. სამაგიეროდ, ნახავდით ყველგან და ყოველთვის, თუკი ეს ადამიანებს სჭირდებოდათ. მეუფე თვითონ ეძებდა და აგროვებდა შანხაის ქუჩებში უპატრონო ბავშვებს. მათთვის თავშესაფარიც კი შექმნა, სადაც ერთდროულად ასობით უპოვარს შეეძლო ეცხოვრა. არსებობის მანძილზე ამ სახლმა 3500 ბავშვი გამოზარდა. გაზრდა ერთია და აღზრდა - სხვა. მღვდელმთავარი ცდილობდა, მათთან ხშირად ყოფილიყო. ამბობდა: მძიმე სულიერ გამოცდას გადიან ობოლი ბავშვები დღესასწაულების წინ, ქრისტეშობის თუ აღდგომის წინა დღეს. ხედავენ, რომ ყველა ქრისტიანული ოჯახი ემზადება დღესასწაულისთვის, მშობლები ზრუნავენ თავიანთ შვილებზე, რასაც ესენი მოკლებულნი არიანო. ამიტომაც მეუფე იოანე ცდილობდა, მათი დედაც ყოფილიყო და მამაც. ბავშვებს საღამოებს უწყობდა, წარმოდგენებს უმართავდა დიდი ნაძვის ხის წინ, სასულე ინსტრუმენტებიც კი შეუძინა.
მრავალმხრივი იყო მეუფე იოანეს ღვაწლი: ხან ციხეებში მიდიოდა, აღასრულებდა საღმრთო ლიტურგიას, ანუგეშებდა პატიმრებს, ხანაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მოინახულებდა სულიერად შეჭირვებულებს და ეშმაკეულებს, აზიარებდა, ესაუბრებოდა. ისინი მშვიდად ისხდნენ და უსმენდნენ მღვდელმთავარს, რომლის სტუმრობასაც დიდი ამბით ელოდნენ. თუ ავადმყოფის მდგომარეობა კრიტიკული ხდებოდა, მაშინ მღვდელმთავარი დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიდიოდა და ლოცულობდა სნეულისთვის. უამრავი ადამიანი იკურნებოდა მისი წმინდა ლოცვით. ჰყვებიან ასეთ შემთხვევასაც: შუაღამისას, როცა გრიგალი და წვიმა წალეკვით ემუქრებოდა ქვეყანას, სატელეფონო კავშირი შეწყვეტილი იყო, საავადმყოფოს კარს მოადგა მღვდელმთავარი, შენობაში შევიდა და პირდაპირ მომაკვდავი ავადმყოფის პალატისკენ გასწია. არადა მისი არსებობის შესახებ თითქოს არაფერი უნდა სცოდნოდა. მის სასთუმალთან დილამდე ილოცა და ავადმყოფი გამოჯანმრთელდა. "მეუფევ, შემეწიე, მიშველე, გადამარჩინე", - დიდხანს ლოცულობდა გულში ერთი ავადმყოფი ქალბატონი. ამ დროს პალატაში შევიდა მეუფე იოანე და მიმართა: რატომ მიშლი ლოცვას? ახლა ხომ ლიტურგია უნდა აღმესრულებინაო. ქალი აზიარა, აკურთხა და დაამშვიდა. საცოდავს ჩაეძინა. ამის შემდეგ გამოჯანმრთელდა.
მღვდელმთავარს ყველაზე იაფფასიანი ჩინური ქსოვილის ტანსაცმელი ემოსა და მსუბუქი ფეხსაცმელი ეცვა, ყოველთვის უწინდოდ. მასაც გზად შემოყრილ ვინმე გლახაკს მისცემდა და ფეხშიშველი დადიოდა. ასე იქცეოდა შემდგომში ევროპაშიც, სანამ ფეხი მინაზე არ გაიჭრა და ექიმებმა არ აუკრძალეს ამგვარად სიარული. მისი თავმდაბლობა, დიდი სარწმუნოება განაცვიფრებდა მრევლს. ერთ დედაკაცს ცოფიანმა ძაღლმა უკბინა. სიკვდილის პირას მდგარი მეუფე იოანემ მოინახულა და აზიარა. ქალი უარესად გახდა და წმინდა ნაწილები ამოაგდო. მღვდელმთავარმა შეაგროვა და თვითონ მიიღო. რას აკეთებთ, მეუფეო, ცოფი ხომ გადამდებიაო, - შეშფოთდა მრევლი. მან მიუგო: არაფერი არ მოხდება, ეს წმინდა ძღვენიაო.
იაპონელთა ოკუპაციის შემდეგ რუსული სათვისტომოს ორი ლიდერი მოკლეს. მიუხედავად დიდი საფრთხისა, მეთაურობა მეუფე იოანემ იკისრა. ღამით სიარული ძალზე სახიფათო იყო და ყველა ერიდებოდა, მეუფე კი კვლავ განაგრძობდა შუაღამისას ავადმყოფების მონახულებას. საკვირველი იყო, რომ იაპონელები მას არაფერს ეუბნებოდნენ. ჩინეთის ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ რუს ემიგრანტებს ქვეყნიდან გაქცევა მოუხდათ. ფილიპინების კუნძულ ტუბაბაოს ბანაკში 5000 კაცი იყო მოთავსებული. მღვდელმთავარი ჩავიდა ამერიკაში, კოლუმბიის შტატში, მოელაპარაკა იქაურ ხელისუფლებას და ნებართვაც მიიღო ლტოლვილების დასახლებისა. ტუბაბაოდან 27 თვის შემდეგ გადასახლდნენ ამერიკაში და დატოვეს თუ არა კუნძული, საშინელმა ტაიფუნმა გადაუარა იქაურობას. მანამდე კი მეუფე იოანეს ლოცვა იფარავდა ლტოლვილებს, ის ყოველ ღამე ოთხივ მხარეს ჯვარს სახავდა ბანაკს.
1951 წელს მთავარეპისკოპოს იოანეს (მას ეს ხარისხი 1946 წელს უბოძეს) სინოდმა დასავლეთ ევროპის ეპარქია ჩააბარა. აქ, ისევე როგორც შანხაიში, დაუცხრომლად შრომობდა, ემსახურებოდა როგორც რუსებს, ისევე ადგილობრივ მკვიდრთ. მან თავის იურისდიქციაში მიიღო ადგილობრივი ჰოლანდიური და ფრანგული მართლმადიდებელი სამწყსო. საღმრთო ლიტურგიას ატარებდა ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე, როგორც ადრე ბერძნულად და ჩინურად ლოცულობდა, შემდგომში კი, როცა ინგლისურენოვან გარემოში მოხვდა, ინგლისურად სწირავდა. მეუფე იოანემ მოიძია იმ ადგილობრივ წმინდანთა ისტორიები, რომელთა სახელები არც ერთ მართლმადიდებლურ კალენდარში არ იყო შეტანილი (ეს წმინდანები მართლმადიდებელთაგან კათოლიკეთა გამოყოფამდე მოღვაწეობდნენ), წარადგინა წმინდა სინოდის წინაშე და მათი ხსენება დააწესეს. ხალხი აქაც მიეჩვია მის "უცნაურობებს", ფეხშიშველა სიარულს. ლამის მთელი ევროპის საავადმყოფოებში ცნობდნენ ამ წმინდა კაცს. აქაც, როგორც ჩინეთში, განუწყვეტლივ ლოცულობდა, გემზე, მატარებელში, მანქანაში ხმამაღლა კითხულობდა ჟამნებს. ერთხელ, მარსელში ყოფნისას, გადაწყვიტა, პანაშვიდი გადაეხადა იმ ადგილას, სადაც ხორვატმა ტერორისტებმა მხეცურად მოკლეს სერბეთის მეფე ალექსანდრე (+1934). სამღვდელოთაგან ცრუ სირცხვილის გამო არავინ დაუდგა გვერდით მსახურებისას. მეუფე მარტო წავიდა, ცოცხით მოგავა ტროტუარის მცირე ნაწილი, გახსნა ჩემოდანი, ამოიღო საცეცხლური, მოწმენდილ ადგილას დადო მღვდელმთავრის "არწივი" (არწივისსახოვანი მცირე ხალიჩა, რომელზეც მღვდელმთავარი დგებდა ლოცვისას) და ლოცვა დაიწყო.
მეუფე იოანეს სახელს დიდი პატივისცემით იხსენიებდნენ კათოლიკენიც. ერთი კათოლიკე მღვდელი ეუბნებოდა თავის ახალგაზრდა სულიერ შვილებს: - თქვენ ამბობთ, დღეს აღარ ხდება სასწაულები და არ არიან წმინდანებიო. არ გჯერათ ჩემი და ნათქვამის დამტკიცებას ითხოვთ. რად გინდათ ჩემგან თეორიული დასაბუთება, როცა დღეს პარიზის ქუჩებში ფეხშიშველი დადის წმინდა იოანეო.
უამრავი ადამიანი სწერდა წერილს მღვდელმთავარს, ისიც ყველას პასუხობდა, ანუგეშებდა, არიგებდა. შემდეგ მიდიოდა და წერილებს საფოსტო ყუთში ყრიდა. ამის გაკეთებას სხვას არ "ანდობდა". საფოსტო ყუთს გადასახავდა ჯვარს და წერილებს ლოცვას გააყოლებდა.
ხომ ასეთი თბილი, რბილი და მოყვარული გახლდათ, მაგრამ თუ საქმე ეკლესიას და საღმრთო რჯულს ეხებოდა, საოცრად მკაცრი იყო. ის ღვთისმსახურთაგან შესაფერის მოქცევას ითხოვდა, არ აძლევდა საკურთხეველში თავისუფლად მოქცევის ნებას. ღვთისმსახურება კარგად იცოდა და მაშინვე გამოასწორებდა სხვათა დაშვებულ შეცდომებს. მკაცრი იყო მრევლის მიმართ, ტუჩებშეღებილ ქალს ნებას არ აძლევდა, ჯვარსა და ხატს მთხვეოდა. დაუშვებლად მიაჩნდა ბალები და სხვა გასართობი თავშეყრა კვირისა და დღესასწაულთა წინა დღეს.
მკითხველმა უკვე იცის, თუ როგორ ამხილა მან მრევლი "ჰელოუინის" საღამოს მოწყობის გამო, როცა ეკლესიაში წმინდა იოანე კრონშტადტელის ხსენებას აღნიშნავდნენ. მეუფე იოანე მკაცრი დამცველი იყო ძველი სტილისა, ახალმესტილეთაგან. მისთვის საეჭვო იყო მართლმადიდებელ ეკუმენისტთა საქმიანობაც. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ეპისკოპოსის კრიტიკულმა ესემ დეკანოზ სერგეი ბულგაკოვის "სოფიოლოგიაზე" მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1936 წელს წმინდა სინოდის მიერ ამ ერესის დაგმობაში.
მიუხედავად გარეგნული სიმკაცრისა, სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან. ტაძრის სამღვდელოება შეცბუნებული უყურებდა მღვდელმთავარს, როცა ის წირვისას პატარა ბავშვებს ეთამაშებოდა. ჩვევად ჰქონდა, ლიტურგიის შემდეგ საკურთხეველში მომსახურე ვაჟებს ეხუმრებოდა ხოლმე, ხოლო ურჩებს თავზე კვერთხს უკაკუნებდა, რა თქმა უნდა, მსუბუქად. მეუფე იოანე პირველ რიგში სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა და თუ არღვევდა მიღებულ ქცევის წესებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები გამოფხიზლებულიყვნენ სულიერი ინერტულობისგან, ახსენებდა მათ, რომ არის ამ სოფელზე აღმატებული სამყარო.
1962 წელს, ევროპელი ქრისტიანების გულის დასაწყვეტად, წმინდა სინოდმა მთავარეპისკოპოსი იოანე ამერიკაში გადაიყვანა და სან-ფრანცისკოს ეპარქია ჩააბარა. სან-ფრანცისკოს ტაძარში, ისევე როგორც შანხაიში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს შებრძანდა. ნაყოფიერი იყო მისი ოთხწლიანი მღვდელმთავრობა ამერიკაში. მისი სულის და ლოცვის ნაყოფი გახლდათ მამა სერაფიმ როუზისა და წმინდა გერმანე ალასკელის ძმობა (რომელიც კალიფორნიაში დაარსდა). სან-ფრანცისკოს მრევლი ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო მთელ ამერიკაში, აშენებდნენ დიდ საკათედრო ტაძარს, მაგრამ მრევლში უთანხმოების გამო მშენებლობა შეჩერდა. ამ შფოთის ჩასაცხრობად სინოდმა საჭიროდ ჩათვალა მთავარეპისკოპოს იოანეს გაგზავნა. მისმა მშვიდობიანმა მისიამ ბევრი გააღიზიანა. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მიტროპოლიტი ანასტასი, რომელიც რუსეთის ემიგრანტულ ეკლესიას წინამძღვრობდა, მოხუცებული და ძალზე დაუძლურებული იყო. მის შემცვლელად მეუფე იოანე ესახებოდათ, ამიტომ სხვანი, ვისაც ეკლესიის მეთაურობა სურდა, ყველანაირად წინ აღუდგებოდნენ მეუფე იოანეს. რაღას არ აბრალებდნენ - კომუნისტების აგენტობას, რადგან წირვისას მიტროპოლიტ ანასტასისთან ერთად რუსეთის პატრიარქსაც იხსენიებდა, რამდენჯერმე სწირა კიდეც რუსეთის პატრიარქის წარმომადგენლებთან ერთად. სწირავდა ახალმესტილეებთან ერთადაც. ეს არ მოსწონდა ემიგრანტული ეკლესიის ახალგაზრდა ფრთას, რომელიც "კანონის ქრისტიანობას" აღიარებდა და არა "გულის ქრისტიანობას". ამერიკაში უამრავ იურისდიქციაში იყო გაბნეული მრევლი, თვითონ კი ქრისტეს იურისდიქციის მღვდელმთავარი გახლდათ და მისთვის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის სული ძვირფასი იყო. მოწინააღმდეგეებმა ისიც კი მოახერხეს, რომ ღირსი იოანე სასამართლოში დაიბარეს - ეკლესიის ასაშენებელი ფულის გაფლანგვას აბრალებდნენ. ამ თავხედობამ თვით არამართლმადიდებელი მოსამართლეებიც კი განარისხა. ამ მართლმადიდებლობაზე გადამკვდარმა მღვდელმთავრებმა შემდეგ ემიგრანტული ეკლესიის პირველი მეთაურის, მიტროპოლიტ ანტონი ხრაპოვეცკისეული "გამოსყიდვის დოგმატიც" მიიღეს (რომლის მიხედვითაც კაცობრიობის გამოსყიდვა არა ჯვარზე, არამედ გეთსიმანიის ბაღში მოხდა). ამ დაჯგუფებამ შემდგომში გამოაცხადა, მარტო ჩვენ ვართ მართლმადიდებლობის ყველაზე უბიწოდ დამცველნიო.
1964 წელს მიტროპოლიტი ანასტასი გადადგა. მთავარეპისკოპოსი იოანე იყო რეალური კანდიდატი ამ ადგილზე, მაგრამ ეკლესიის მეთაურობა მან ეპისკოპოს ფილარეტს დაუთმო.
მოწინააღმდეგეებთან ერთად უამრავი მომხრე ჰყავდა მეუფე იოანეს, განსაკუთრებით მეგობრობდა ძველი თაობის მღვდელმთავრებთან, რომლებიც მაღალი სულიერებით გამოირჩეოდნენ, მაგრამ ამ დაპირისპირებამ იმოქმედა მღვდელმთავარზე. უკვე ხშირად ახსენებდა სიკვდილს. მალე მოვკვდები, ივნისის ბოლოს. სან-ფრანცისკოში კი არა, სიეტლშიო, - უთხრა ერთხელ სულიერ შვილს. 1966 წლის 2 ივლისი იდგა. იმ დღესაც სწირა, წირვის შემდეგ კი საკურთხეველში ილოცა სამი საათი. დაბრუნდა თავის ოთახში და აღესრულა, წავიდა მისი სული ღმერთთან. "აღარა მყავს სულიერი მამა და აღარც მეყოლება, - ამბობდა მისი სულიერი შვილი მღვდელი მარტინ ერლინგსი, - ყოველ შემთხვევაში, ამგვარი, რომელიც შუაღამისას დაგირეკავს და გეტყვის: წადი, დაიძინე, რაზეც ახლა ლოცულობ, შეგისრულდებაო. წმინდა მღვდელმთავარი სან-ფრანცისკოს საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. უამრავი მლოცველი მიდის სათხოვრით და წმინდა მღვდელმთავარიც უსრულებს. გარდაცვალების შემდეგ გამოსცხადებია თავის ერთგულ სულიერ შვილს და უთქვამს: - გადაეცი ხალხს, თუმცა მოვკვდი, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი