ძველი სტილით 26 დეკემბერს (ახალი სტილით 6 იანვარს) მართლმადიდებელი ეკლესია ღირსმოწამე ევგენიას და მასთან ერთად მოწამეებს - პროტიოსს, იაკინთეს და კლავდიას იხსენებს.
ღირსმოწამე ევგენია წარმოშობით რომაელი იყო, მაგრამ ალექსანდრიაში ცხოვრობდა, სადაც მამამისი - ფილიპე იმპერატორმა კომოდმა (180-192) ეგვიპტის ეპარქად გაამწესა. ორი ვაჟი ჰყავდა ეგვიპტის მმართველს - ავიტი და სერგი და ერთადერთი ასული - ევგენია, კეთილკრძალული სულისა და მშვენიერი იერსახის ქალწული.
ფილიპე რომაული კანონებითა და წინაპართა წეს-ჩვეულებების თანახმად მართავდა ეგვიპტეს. სძულდა გრძნეულ-ჯადოქრები და სასტიკად სდევნიდა. არც ებრაელებს სწყალობდა, მათი სახელის ხსენებაც კი სძაგდა. ყველაზე ლმობიერად ქრისტიანებს ექცეოდა. მართალია, მეფის ბრძანებისამებრ ყველანი ალექსანდრიიდან გააძევა, მაგრამ ქალაქის შემოგარენში მშვიდობიანად დასახლებისა და ღვთისმსახურების ნება კი დართო. ფილიპე პატივს სცემდა ქრისტიანებს, ხედავდა, ბრძენი და წმინდა ცხოვრების წესისანი რომ იყვნენ. თავად კი ბერძნული ფილოსოფიით იყო გატაცებული. თავისი ასული ევგენიაც ამ ფილოსოფიაში განსწავლა. ბერძნული და ლათინური ენებიც კარგად შეასწავლა, ისე, რომ ქალწული თავისუფლად საუბრობდა ორივე ენაზე. ევგენიას ნათელი გონება ჰქონდა, არც სიბეჯითე აკლდა და ამიტომ ადვილად ითვისებდა ყველაფერს. რასაც ერთხელ მოისმენდა ან წაიკითხავდა, მყარად ახსოვდა, გულს ებეჭდებოდა, თითქოს სპილენძის დაფაზე ამოტვიფრესო. ტანწერწეტ და სახემშვენიერ ასულს აზრთა წყობის კეთილკრძალულება და ქალწულებრივი უმწიკვლოება კიდევ მეტ მიმზიდველობას მატებდა. ამიტომაც ერთმა სახელგანთქმულმა რომაელმა ჩინოსანმა აკვილინმა თავის ვაჟისთვის - აკვილიუსისთვის მოინდომა სარძლოდ. მშობლებმა ევგენიას ჰკითხეს, ყაბულსა ხარ თუ არა ამ კეთილშობილ ჭაბუკს გაჰყვე ცოლადო. ქალწულმა უპასუხა:
- ქმარი ცხოვრების წესის სიკეთით უნდა აირჩიო და არა წარმომავლობით, რადგან ცხოვრება მასთან მოგიწევს და არა მის საგვარეულოსთან.
სხვა კეთილშობილი და მდიდარი ჭაბუკებიც ითხოვდნენ მის ხელს, მაგრამ ევგენია სულ უარზე იდგა. იმიზეზებდა, მათი ცხოვრების წესი არ მომწონსო, სინამდვილეში კი ქორწინებას გაურბოდა ქალწულებრივი სიწმინდის მოყვარე. მარტო იმას ზრუნავდა - ქალწულად დარჩენილიყო.
ასე მზადდებოდა ეს უმშვენიერესი და უმწიკვლო ჭურჭელი ღვთაებრივი მირონის მისაღებად. მალე მის ქველ საქმეებს ჭეშმარიტი რწმენაც შეუდგა უკან და ევგენიაც წმინდად მიეახლა კეთილმსახურების წმინდა სათავეებს.
მისი ღვთისკენ მოქცევა ასე დაიწყო: შემთხვევით, უფრო სწორედ კი ღვთის განგებულებით პავლეს ეპისტოლენი მოხვდა ხელთ. ევგენიამ ყურადღებით წაიკითხა მოციქულის სწავლანი და გულისხმა-ყო. ქვეყნიერების შემოქმედი ერთი ჭეშმარიტი ღმერთი შეიცნო, მყის გაუნათდა გონება. აკი დიდი ხანია იწმინდებოდა და ემზადებოდა სული წმიდის მისაღებად. ქრისტეს მტკიცედ შეემსჭვალა გულით, მაგრამ ღიად აღიარებას ჯერ ვერ ბედავდა მშობლების შიშით.
ევგენიამ შეიტყო, რომ ქრისტიანები მეფის ბრძანებით ალექსანდრიიდან გაეძევებინათ და მის შემოგარენში სახლობდნენ. მშობლებს მახლობელ ადგილ-მამულში წასვლის ნებართვა სთხოვა, ცოტას დავისვენებ სოფლის სიმყუდროვეშიო. სინამდვილეში ქრისტიანთა გაცნობა და მათი სწავლების მოსმენა სურდა. სწორედ ამიტომ გამოიწყო ეს მოგზაურობა. მშობლებს ეჭვიც არ აუღიათ, რა ჰქონდა გულში მათ ქალიშვილს და გაუშვეს. მათი ეტლი ერთ-ერთ ქრისტიანულ დასახლებას რომ გაუსწორდა, ახლომდებარე მონასტრიდან ბერების გალობა შემოესმათ: ,,რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი კერპნი არიან, და ღმერთმან ჩუენმან ცანი შექმნა". ამ სიტყვების გაგონებაზე სულთ-ითქვნა ევგენიამ, შერცხვა მამის შეცდომილებისა. მერე თავის საჭურისებს, რომლებსაც ერთს მიუტრიალდა პროტიოსი ერქვა, მეორეს კი - იაკინთე,უთხრა:
- ერთად შეგვისწავლია მეცნიერებები, ერთად გავცნობივართ ფილოსოფოსთა თხზულებებს. რა თქმა უნდა, თქვენც ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ზღაპრებია, ჭეშმარიტების მსგავსებით ატყუებენ მხოლოდ მკითხველთ. არც ისაა ჩვენთვის უცნობი, თუ როგორ ყელყელაობენ ელინები თავიანთი სიბრძნით, თუმღაცა ბრძენთა ერთი ნაწილი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ღმერთი საერთოდ არ არსებობს, მეორენი კი ბევრ ღმერთს აღიარებენ, თანაც მათგან ზოგნი დიდად მიაჩნიათ, ზოგნი კი - მცირედ. ქრისტიანები კი ერთი სიტყვით ამარცხებენ ყველა მათგანს: ,,რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი კერპნი არიან", რადგანაც ამ ღმერთების რწმუნება ცხადი უგნურებაა, თანაც დამღუპველი. ქრისტიანთა სწავლება კი: ,,და ღმერთმან ჩუენმან ცანი შექმნა" - ღიად აღიარებს ერთ ღმერთს და ჩვენი საერთო უფლის შემეცნებამდე მივყავართ. ამ სიტყვებთანაა თანხმობაში პავლე მოციქულის სწავლანიც, მე რომ უკვე სამი დღეა ვკითხულობ. ეს სწავლანი ერთი ღმერთის მყოფობას გვიმტკიცებს. ამ მოციქულის სიტყვები მიწამებია, ასე ნამდვილი და სანდო, რადგანაც საქმეებზე აფუძნებს რწმენას. ამ ეპისტოლეებში მოციქულმა ცხონების გზა დაგვანახა, და თუკი მოინდომებთ, თქვენც შეგიძლიათ მისდიოთ მის მითითებებს. აწ მე აღარ მსურს, თქვენი ქალბატონი მერქვას, და მიწოდეთ და თანამსახური, რადგანაც ერთი უფალი და მამა გვივის - ღმერთი. მოდი ძმებივით ერთსულოვანნი და თანამოაზრენი ვიყოთ, და ერთად ვირჩიოთ ქრისტეს შედგომა. მსმენია, რომ ქრისტიანთა ეპისკოპოს ელიოზს აქ მონასტერი აუშენებია. ღმერთს უგალობენ ბერები ამ მონასტერში დღითა თუ ღამით. ეს სავანე ვინმე მღვდელ თეოდორესათვის ჩაუბარებია ეპისკოპოსს. მასზე ამბობენ, სასწაულთმოქმედიაო. მისი ლოცვა ბრმებს თვალს უხელს, ეშმაკებს განაძებს და ყოველგვარ სნეულებას კურნავსო. კიდევ იმასაც ამბობენ, რომ ქალს არავინ შეუშვებს მონასტერშიო. ამიტომ თმა შემკვეცეთ, მამაკაცის სამოსი ჩამაცვით და ღამით იქ მიმიყვანეთ. ასე მოვიქცეთ: ქალაქში დაბრუნება გვიან ღამისთვის გადავდოთ. ყველა მონა წინ წაუძღვეს ეტლს, თქვენ ორმა კი უკან მისდიეთ. მე ჩუმად ჩავალ ეტლიდან და სამივენი გავუჩინარდეთ. ეტლი შინ ცარიელი დაბრუნდება. ჩვენ კი ღვთის მონებს ვეახლებით.
ევგენიას სიტყვები და გადაწყვეტილება ორივე საჭურისს ეამა. ღამეც დადგა და ისე მოიქცნენ, როგორც მოითათბირეს. უკანა გზაზე რომ მოდიოდნენ, ევგენია უჩუმრად ჩაუშვეს ეტლიდან ისე, რომ არცერთ მონას არ შეუნიშნავს და ღამის სიბნელეში გაუჩინარდნენ. თვალს რომ მიეფარნენ, თავისი ქალბატონი მამაკაცის სამოსში გამოაწყვეს, თმა შეკვეცეს და მონასტრისაკენ გაეშურნენ. ჯერ სავანე კარგა მანძილზე იყო, რომ უცებ ილიოპოლის ეპისკოპოსი - ნეტარი ელიოზი დაინახეს. ეგვიპტეში ასეთი წესი ჰქონდათ: როცა ეპისკოპოსი მონასტრებსა და ეკლესიებში მიმოდიოდა, ხალხი გალობით მისდევდა უკან. ახლაც ათიათასიოდე კაცი ახლდა თან ეპისკოპოსს. ყველანი გალობდნენ: ,,გზა კეთილმსახურთა წრფელ იქმნა და განმზადებულ გზა კეთილმსახურთა".
ამ სიტყვების გაგონებაზე ევგენია თავის მეგობრებს მიუტრიალდა და უთხრა:
- ყური უგდეთ ამ საგალობლებს და მიხვდებით, თუ როგორ მიგვესადაგება ყოველი სიტყვა. როცა ჩვენ ჭეშმარიტ ღმერთზე ვსაუბრობდით, გალობა გვესმა: `ყოველნი ღმერთნი წარმართნი კერპნი არიან, და ღმერთმან ჩუენმან ცანი შექმნა". აწ კი, როცა ქრისტესკენ მიმავალ გზას დავადექით და კერპთმსახურებას ზურგი ვაქციეთ, აი, რამდენიმე ათასი კაცი გალობს ჩვენს დასახვედრად: ,,გზა კეთილმსახურთა წრფელ იქმნა და განმზადებულ გზა კეთილმსახურთა". მეჩვენება, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა, ღვთის განგებულებამ მოაწყო. მოდი, ვნახოთ, საით მიდის ეს ხალხი და თუკი იმ სავანისაკენ მიეშურებიან, რომელშიც ჩვენ მივდიოდით, შევუერდეთ და ერთად ვიაროთ, თითქოსდა მათი მეგობრები ვართ.
ასეც მოიქცნენ. გზად ერთ-ერთ კაცს ჰკითხეს:
- ეს ბერი ვინაა, ვირზე რომ ზის, ხალხი რომ არტყია გარს?
პასუხად მიიღეს, რომ ეს ეპისკოპოსი ელიოზია, სიყრმიდან ქრისტიანი და მონასტერში აღზრდილი. ჯერ კიდევ ყრმა იყო, მეზობელთან ცეცხლისთვის რომ აგზავნიდნენ, ტანსაცმელში იხვევდა ანთებულ ნაკვერცხლებს და ისე მიჰქონდა, სამოსი კი არ ეწოდაო. სიყრმეშიც კი ასე სათნო იყოო ღვთისთვის.
- რამდენიმე დღის უკან, - განაგრძობდა ეს კაცი, - ჩვენს ადგილებში ვინმე მოგვი ზარიოსი გამოჩნდა. ათასგვარი ეშმაკობითა და გრძნეულებით ხიბლავდა ხალხს. ეპისკოპოს ელიოზს ცრუპენტელას ეძახდა, თავისთავს კი ქრისტეს გამოგზავნილ კეთილ მწყემსს. შეიკრიბა ქრისტიანთა სიმრავლე. ადგნენ და ჩვენს მამას ეახლნენ. ,,აი, ზარიოსი ამტკიცებს, ქრისტეს წარმოგზავნილი ვარო", - უთხრეს, - ,,ამიტომ, ან ერთობაში მიიღე, ან განაგდე, თუკი ცრუობს. ჩვენ კი თქვენგან იმას გავყვებით,ვინც სიტყვიერ პაექრობაში ძლევას მოიპოვებს". დაგვთანხმდა წმინდა ეპისკოპოსი ზარიოსთან პაექრობაზე. ის ქრისტეს სასოებდა, ზარიოსს კი თავისი დემონების იმედი ჰქონდა. აი, კამათის დღეც დაინიშნა და ადგილიც შეირჩა - ილიოპოლის შუაგულში. მოგვი ჯადოსნური გრძნეულებით იყო აღჭურვილი, ეპისკოპოსი კი - ღვთივსულიერი სიტყვებით. მობრძანდა და ხალხის დალოცვის შემდეგ წარმოთქვა: ,,აწ უწყოდეთ სული ღმრთისაი". შემდეგ ზარიოსს მიუბრუნდა და სიტყვიერი პაექრობაც დაიწყო. მოგვი საკმაოდ გაწაფული ჩანდა თავის სიცრუეში, ქედმაღალი იყო და კადნიერსიტყვიანი. ჭეშმარიტების ძალა არ ჰქონდა ხელთ, ამიტომ ურცხვი მრავალსიტყვაობით ცდილობდა გამარჯვების მოპოვებას. წყნარმა და უბოროტო ეპიკოპოსმა ვერ შეძლო, პირი დაეყო მისთვის. ხალხი წუხდა, ხედავდა, რომ კამათში გამარჯვება ზარიოსს რჩებოდა. ელიოზმა ეს შენიშნა, ხალხი დააშოშმინა და თქვა: ,,ახლა სჯობს პავლე მოციქულს მივდიოთ, თავის მოწაფე ტიმოთეს ხომ ამგვარ მითითებას აძლევს: "უწამებთ ნუ სიტყვთა ლალვისაითა, არად სახმარად, განსადრეკელად მსმენელთა მათ". არავინ რომ არ იფიქროს, რომ მოციქული იმად დავიმოწმე, რომ შემეშინდა, ამიტომ მოდი, ასე მოვიქცეთ: ქალაქის შუაგულში დიდი კოცონი ავანთოთ. ორივენი ცეცხლში შევიდეთ, და რომელ ჩვენგანსაც ცეცხლი არას ავნებს, ის იქნება ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეო. ხალხს მოეწონა ეს წინადადება. მაშინვე გააჩაღეს დიდი კოცონი. ეპისკოპოსმა მოგვს ცეცხლში შესასვლელად უხმო. მან კი უპასუხა: ეს გამოცდა შენ შემოგვთვაზე, ამიტომაც პირველი შენ შედი ცეცხლში. ელიოზმა პირჯვარი გადაისახა, ხელები ცად აღაპყრო და შუაგულ კოცონში შევიდა. ნახევარი საათი იდგა ასე, ცეცხლის ალი გარს ერტყმოდა, მაგრამ თმის ღერიც არ დაზიანებია, არც სამოსს შეხებია ალი. ზარიოსსაც უხმობდა წმინდანი - ცეცხლში შემოდიო. მოგვი შეშინდა, გაქცევა დააპირა, მაგრამ ხალხმა დაიჭირა და ძალით შეაგდო ცეცხლში. მაშინვე წაეკიდა ალი ცრუმოციქულს და დაიწვებოდა კიდეც, ელიოზ ეპისკოპოსს რომ არ გადაერჩინა. ნახევრად დამწვარი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი გამოიღო ცეცხლიდან. ამ შემთხვევის შემდეგ თავლაფდასხმული მოგვი ილიოპოლიდან გააძევეს. ეპისკოპოსი კი სადაც არ უნდა წავიდეს, ხალხი ასე გალობით დაჰყვება უკან.
ნეტარი ევგენია სულგანაბული უსმენდა მონათხრობს, სულით ხარობდა, გაოცებას ვერ ფარავდა. ბოლოს ამ ამბის მომყოლს - ევტროპის ხვეწნა დაუწყო:
- გევედრები, ბატონო, წმინდა ეპისკოპოსს ჩვენზე მოახსენე: კერპთაყვანისმცემლობიდან ქრისტიანობაზე მოქცევა გვწყურია. ჩვენ ძმები ვართ, შევთანხმდით, გავქრისტიანებულიყავით და ერთურთისგან განუშორებლად ერთად გვეცხოვრა ამ მონასტერში.
- ჯერ ნურაფერს იტყვით, - დაარიგა ამ კაცმა, - სანამ ეპისკოპოსი მონასტერში არ შებრძანდება და ნამგზავრი ცოტას არ მოისვენებს. ხელსაყრელ დროს გამოვნახავ და მევე მოვახსენებ თქვენს სურვილს.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი