გავიდა დრო და მის ადგილზე რომიდან სხვა მმართველი დაადგინეს, სახელად ტერენტი. მას ფილიპეს მოკვლა სურდა, მაგრამ ხალხის ეშინოდა, ხედავდა, სიცოცხლესაც რომ არ იშურებდნენ თავისი ეპისკოპოსისთვის. ამიტომ საიდუმლოდ დაიქირავა მკვლელები. ჯალათები წმინდანთან შეიპარნენ. მარტო ლოცულობდა ეპისკოპოსი. მკვლელებმა ხმლებით დაჭრეს ფილიპე და მიიმალნენ. ეს ამბავი მყისვე მოედო ქალაქს. მოთქმა-გოდება და შფოთი ატყდა. ტერენტი შეშინდა, ხალხმა მზაკვრობა არ გამიგოსო და მაშინვე მოაძებნინა მკვლელები, შეაბორკილა, თითქოსდა მძიმე სატანჯველს და სიკვდილით დასჯას უპირებდა. ნეტარმა ეპისკოპოსმა კი სამი დღე იცოცხლა და მოწამეობრივად აღესრულა. წელი და სამი თვე იმღვდელმთავრა ფილიპემ, ის ქალაქში, თავისივე აგებულ ეკლესიაში დაკრძალეს. იზიუმად წოდებულ ადგილას.
მმართველმა მკვლელები ცოტა ხანს ციხეში ამყოფა, მერე კი, თავისუფლება აჩუქა, ვითომცდა მეფის ბრძანებით. მაშინ კი ყველა მიხვდა, რომ ეპისკოპოსი მისი დაკვეთით მოკლეს.
მამის აღსასრულის შემდეგ წმინდა ევგენიამ ქრისტიანი ქალწულები შემოიკრიბა და მათთან ერთად ღვთისმსახურებაში აგრძელებდა უმწიკვლო ცხოვრებას. დედამისმა კლავდიამ დიდი თავშესაფარი ააშენა და თავი მწირებისა და სნეულების მსახურებას მიუძღვნა. ცოტა ხანში ის თავის სამშობლოში, რომში დაბრუნდა, ორივე ვაჟი და ნეტარი ევგენიაც იქ წაიყვანა და თავის მამულში დასახლდა. რომმა კეთილგანწყობით მიიღო ავიტიც და სერგიც. ერთი კართაგენის მმართველად დანიშნეს, მეორე კი - აფრიკაში მეფისნაცვალად.
წმინდა ევგენია რომში განაგრძობდა ცხოვრებას. ფარულად ქადაგებდა ქრისტიანობას და წარჩინებულ დიდებულთა ასულებს ქალწულების შენახვას ურჩევდა. ამ დროს რომში ერთი ქალწული ცხოვრობდა, სამეფო გვარისა, ობოლი, სახელად ბასილა. შეურაწყოფა სრუწლოვნებამდე თავის ბიძას - ელინს ჰყავდა მიბარებული. ვასილა ერთ სიმამაცითა და კეთილშობილებით გამორჩეულ ჭაბუკზე დაეწინდათ მეფეებს - ამ ჭაბუკს პომპეუსი ერქვა. ქორწილი რამდენიმე წლით გადაიდო, რადგან ბასილა ჯერ ძალზე ყმაწვილი იყო. ვასილას ბევრჯერ სმენოდა ქრისტეს სახელი, ევგენიაზეც ბევრი რამ გაეგო. მისი კეთილკრძალული და ქალწულებრივი ცხოვრება ხიბლავდა, მისი ძალით აღსრულებული სასწაულები. აი, აენთო უბიწო ქალწულის სული. უფალი საიდუმლო გზებით უხმობდა ზეციურ სასუფეველში. ორი რამის სურვილი კლავდა: ქრისტეს შესახებ ყველაფერი დანამდვილებით შეეტყო და ნეტარი ევგენია გაეცნო. თავად ვერ გაებედა ნეტართან სასაუბროდ მისვლა, ეშინოდა, საქმრომ არ გამიგოსო, თანაც იმ დროს რომში სასტიკად სდევნიდნენ ქრისტიანებს. ამიტომ ბასილამ ერთგული მსახური გაუგზავნა ევგენიას და ათხოვნინა, წერილობით მაინც გამარკვიეო ქრისტიანობაში, მასწავლე, როგორ ვიწამო იგიო.
ამ უწყებამ დიდად გაახარა წმინდა ევგენია. დედას და საჭურისებს მოეთათბირა. გადაწყვიტეს, წერილი ისე ვერ განსწავლისო ბასილას, როგორც პირით გამომავალი სიტყვა, ამიტომ საჭურისები შეამზადა, და ვასილას საჩუქრად გაუგზავნა. თან წერილი გაატანა:
- საყვარელო დაო ბასილა, აი, საჩუქრად გიძღვნი ჩემს ორ სანდო მონას, პროტიოსსა და იაკინთეს, ჩემთან ყრმობიდან შეზრდილებს. ცოცხალ ეპისტოლედ გამოგდგომოდნენ.
ბასილამ სიხარულით შეიწყნარა საჭურისები. გარეგნულად მონების მსგავსნი საქმით ქრისტეს მოციქულები იყვნენ. დღედაღამ ესაუბრებოდნენ ბასილას და მალე განსწავლეს ქრისტიანობაში. სმენადქცეული ქალწული სიხარულითა და ლმობიერებით აყურადებდა მათი პირიდან გამომავალ ღვთაებრივ სიტყვას. ამ სიტყვამ მთელი გულით არწმუნა ქრისტიანთა ერთი ღმერთი, ქვეყნიერების შემოქმედი. რომის პაპს, ნეტარ კორნილიუსსაც აცნობეს ბასილას მოქცევა. იგი მალულად მივიდა და წმინდა სამების სახელით მონათლა ქალწული. ამის შემდეგ ბიძამისი ელინიც გაქრისტიანდა. ასე, რომ ახლა ბასილას უკვე გაუადვილდა ევგენიასთან შეხვედრა. მისი სულისსარგო საუბრებით ტკბობას აღარავინ უშლიდა. ბასილას ბიძის ხელშეწყობით ევგენია ყოველ ღამე უშიშრად სტუმრობდა მათთან.
ბევრი დედაკაცი შეუერთეს ქრისტესმოყვარეთა გუნდს წმინდა ევგენიამ და ნეტარმა კლავდიამ. რომის ყველა ქვრივი კლავდიას სახლში ეძებდა თავშესაფარს, ქალწულები კი ევგენიასთან იკრიბებოდნენ სულისა და ხორცის განსასვენებლად. ყოველ შაბათს რომის წმინდა პაპი კორნელიუსი ფსალმუნებსა და ლოცვებს აგზავნიდა კლავდიასთან, რათა ქალებს მთელი ღამე ელოცათ და ღმერთი ედიდებინათ, დილით კი, მამლის ყივილზე, თავად ეახლებოდა ხოლმე, კათაკმევლებს ნათლავდა, წირავდა და ყველა ქალს აზიარებდა.
როცა ტახტზე უსჯულო მეფეები ვალერიანი და გალიენი ავიდნენ, ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა. მეფეებმა ქრისტიანთა ყველა მასწავლებლის მოსრვა ბრძანეს და უპირველესად წმინდა პაპ კორნელიუსს დაუწყეს ძებნა.
ამ დროს წმინდა ევგენია წმინდა ვასილას შეხვდა და აუწყა:
- უფალმა მამცნო, რომ მალე შენი ქალწულებისათვის მოწამეობრივ გვირგვინს მიიღებ.
- მეც ღირს-მქმნა უფალმა და მაუწყა, რომ შენც ორმაგ გვირგვინს მოიხვეჭ, ერთს - იმ ჭირთათმენისათვის, რაც ალექსანდრიაში შეგემთხვა, მეორეს კი - იმ სისხლისათვის, რომელსაც ქრისტესთვის დასთხევ ტანჯულებაში.
მაშინ წმინდა ევგენიამ ცად აღაპყრო ხელები და ილოცა:
- უფალო იესო ქრისტე, ძეო მაღლისაო, ჩვენი ცხონებისათვის განკაცებულო, შობილო ყოვლაწმინდა ქალწულისაგან, გვედრი, ჩემთვის ჩაბარებული ყველა ქალწული უხრწნელად მიიყვანე შენი დიდების უკვდავ სასუფეველში.
შემდეგ მათთან მსხდომ ქრისტეს ქალწულთა სიმრავლეს მიუტრიალდა და შეგონება დაუწყო:
- რთველიც დროც მოიწია, როცა ვაზს მტევნებს აჭრიან და ღვინოდ მიართმევენ სამეფო სუფრას. ამქვეყნად ყველა ძლიერ სამეფოს და მაღალ ჩინს ამ მტევანთა სისხლი ამშვენებს. ასე თქვენც, ჩემო ნასხლევნო, ჩემი გულის მტევნებო, უფლისათვის განემზადეთ. ქალწულება ღმერთთან გვაახლოვებს, ქალწულება ანგელოზებს გვამსგავსებს, საუკუნო ცხოვრების დედაა, სიწმინდის მეგობარი, უსაფრთხო ბილიკია ცად აღმყვანებელი, სხვას არას ვეცადოთ, სხვას არა ვზრუნავდეთ, გარდა ერთისა - უხრწნელ ქალწულებაში დავრჩეთ. მაგრამ უფრო სასიქადულოა, თუკი სულსაც დავდებთ მისთვის. აბა რა ყრია ამსოფლიურ ამაო, მაცდურ სიტკბოებაში. გამოჩნდება და დროებით სიხარულს გვგვრის, გაქრება და - საუკუნო ტანჯვას გვიქადის. მცირე ხნით გვაცინებს, რათა სამუდამო ცრემლთადენით დაგვსეროს. ბედნიერ ცხოვრებას გვპირდება ამა სოფელში, რათა მომავალში საუკუნო სატანჯველს მიგვცეს. საყვარელო ქალწულებო, აქამომდე ერთად გვიღვაწია ქალწულებრივ ღვაწლში, ყურთ იღეთ ეს ყოველივე და როგორც დაგიწყიათ, ისე განაგრძეთ უფლის სიყვარულში ცხოვრება. დროებითი გლოვის დღეები დგება, რათა მხიარულება შეძლოთ მარადისობაში. აი, სულიწმიდას ვაბარებ თქვენს თავებს და მწამს, რომ წმინდად და უბიწოდ დაგკრძალავთ. ნუღა ეცდებით ჩემი ხორციელი სახის ხილვას, სულიერი თვალებით ჭვრიტეთ ჩემი საქმენი და ნაბიჯები.
წმინდა ევგენიამ ქალწულები დამოძღვრა, სათითაოდ ეამბორა თითოეულს, დაამშვიდა მტირალნი. მერე ბასილასთან ერთად ლოცვად მიიქცა. აღასრულეს თუ არა ლოცვა, ერთმანეთს გადაეხვივნენ ქალწულები და დაშორდნენ.
იმავე დღეს წმინდა ბასილას ერთ-ერთი მხევალი თავისი ქალბატონის საქმროს - პომპეუსს ეახლა და უთხრა:
- ბატონო ჩემო, ვიცი, რომ მეფეები ჩემს ქალბატონს შეპირდნენ ცოლად. და აი, მეექვსე წელი მიდის, მის მოწიფულობას ელოდები დასაქორწინებლად. მოვედი, რომ გაუწყო - აღარ მოგიწევს მასთან ქორწინება, მისი ბიძა და მეურვე გაქრისტიანდა და თავად ბასილაც მთელი სულით ამ სარწმუნოებას მიემსჭვალა. განა მარტო შენ მოგიძაგა, მთელი ქვეყნიერებაც არად მიაჩნია. ევგენიას გამოგზავნილი ორი საჭურისი ჰყავს სახლში. ამ მონებს აღმერთებს ჩემი ქალბატონი. ბატონებივით ემსახურება, ყოველდღე ფეხებს უკოცნის, თითქოს უკვდავი ღმერთები იყვნენ: სწორედ ეს საჭურისები ასწავლიან ქრისტიანულ გრძნეულებას.
პომპეუსმა რისხვისაგან თავი კინაღამ დაკარგა. ადგილიდან წამოხტა და ბასილას მეურვე ელინთან მივიდა.
- დაქორწინება გადავწყვიტე ამ დღეებში, - უთხრა, - ამიტომ, ნება მომეცი, ჩემი საცოლე მოვინახულო, ის ხომ უძლეველმა მეფეებმა მიძღვნეს მეუღლედ.
მეურვე მაშინვე მიხვდა, შეუტყვიაო ჩვენი გაქრიტიანება, და უპასუხა:
- სანამ პატარა და უგნური იყო ბასილა, მანამ ვმეურვეობდი, თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი, შესაფერი აღზრდაც მივეცი. ახლა კი უკვე მოიწიფა, გონიც მოეცა. თავისი გვარის შესაფერად თავისუფლება სურს, არ უნდა, ვინმეს ემორჩილებოდეს. ამიტომ მე ვეღარ ვაიძულებ შენთან შეხვედრას. ეს მის თანხმობაზეა დამოკიდებული.
ცეცხლზე ნავთი დაუსხა ამ სიტყვებმა პომპეუსს. ვასილას საცხოვრებელში მივიდა და კარზე დაუკაკუნა, მეკარე ქალებს უბრძანა, თქვენს ქალბატონს ჩემი მოსვლა აუწყეთო.
ბასილამ საქმროს მოსვლა რომ შეიტყო, ბრძანა, არ შემოეშვათ.
- ჭაბუკს არ შეჰფერის ქალწულთან განმარტოებული საუბარი. ქალწულისათვისაც საძრახისია ვაჟის პირისახის ჭვრეტა. თანაც არც მისი მოსვლის განზრახვა ვიცი.
სირცხვილნაჭამი პომპეუსი უკან გაბრუნდა. მეფეებთან ჩივილი გადაწყვიტა და რამდენიმე დიდებული იახლა. ფეხებში ჩაუვარდა იმპერატორებს ბასილაზე და ევგენიაზე გაბოროტებული ჭაბუკი და უთხრა:
- უბრწყინვალესო მეფენო, დაეხმარეთ თქვენს რომაელებს, ამ ქალაქიდან გააძევეთ ახალი ღმერთის სარწმუნოება, რომელსაც ევგენია ქადაგებს. ესენი თავს ქრისტიანებს უწოდებენ და ძველთაგანვე ვნებენ ადამიანებს. ჩვენს კანონებს ფეხქვეშ თელავენ, ჩვენი ღმერთები სძაგთ, ამაო კერპებს ეძახიან. თავად ბუნების კანონსაც ამახინჯებენ, საცოლეს საქმროსთან ქორწინებას უშლიან. თუკი არავინ იქორწინებს, საიდან იშვებიან კაცნი, და თუკი არავინ დაიბადება, მაშ ვისზეღა იმეფებთ? რით შექმნით ლაშქრებს და რომაელი ხალხის ძალას? ვინღა გაიმარჯვებს მტერზე? როგორღა იარსებებს ჩვენი სამშობლო, როგორღა მოეწყობა კაცის ცხოვრება?
ასე ჩიოდა პომპეუსი და თან იცრემლებოდა. იმდენი ქნა, რომ მეფე გალიენმა და დიდებულებმა შეიწყალეს და ამგვარი ბრძანება გამოსცეს - ბასილა ან თავის საქმროს უნდა გაჰყოლოდა ცოლად, ანდა ხმლით თავის მოკვეთა ელოდა. ევგენიაზეც ბრძანეს, ღმერთებს შესწიროს მსხვერპლი, თუ არა და, ტანჯვით მოაკვდინეთო. ამასთანავე მეფე ბრძანებდა, ყველა ქრისტიანი და ქრისტიანთა მფარველებიც სიკვდილით დასაჯეთო.
წმინდა ბასილას მეფის ბრძანება ამცნეს. ხმამაღლა და უშიშრად უპასუხა ქალწულმა:
- ჩემი სასიძო მეფეთა მეფე ქრისტეა, ძე ღვთისა. მის გარდა არავის შევერთვები. ამსოფლიური საქმროს სახელის გაგონებაც კი არ მსურს.
ვასილას ხმლით მოჰკვეთეს თავი. ორი წმინდა საჭურისი - პროტიოსი და იაკინთეც აიყვანეს, ძალით წაათრიეს საკერპო ტაძარში საძაგელი ღმერთი დიოსისათვის მსხვერპლის შესაწირად. საჭურისებმა ფეხი შედგეს თუ არა ტაძარში, კერპი მათ ფეხებთან დაეცა და დაიმსხვრა. ქალაქის თავმა ნიკიტიუსმა მაშინვე ბრძანა, თავები დაეყრევინებინათ მათთვის. ეგონა, ჯადოქრობით გაანადგურეს ღმერთი დიოსიო. წმინდა ევგენია კი თავისთან იხმო და წვრილად დაუწყო გამოკითხვა ამ გრძნეულების შესახებ. წმინდანმა კი ბრძნულად მოუთხრო ერთ ჭეშმარიტ ღმერთზე, რომლის სახელის ხსენებაზე დემონებიც კი ძრწიან და კერპებთან ერთად ძირს ეცემიანო. მმართველმა ყურიც არ ათხოვა მის სიტყვებს და ევგენია დიანას ტაძარში წააყვანინა მხვერპლის შესაწირად. წმინდანმა ფეხის შედგმაც კი ვერ მოასწრო, ნაგებობა მთლიანად ჩამოიქცა და თავის კერპებიანად დაინგრა. ეს ამბავი მეფეს შეატყობინეს. მან კი ბრძანა, ყელზე ქვაშებმული გადაგდეთ მდინარე ტიბროსშიო. ბრძანება მყისვე შეასრულეს, მაგრამ ქვა წმინდანის ყელს შემოეხსნა, ევგენია კი თითქოს ხმელეთზე დადისო, ისე გაიარა წყალზე და ნაპირზე გამოვიდა. ისევ შეიპყრეს ქალწული. ახლა გახურებულ ღუმელში შეაგდეს. ღუმელი უცაბედად გაგრილდა და ევგენიას არაფერი ევნო. შემდეგ ღრმა და ბნელ თხილში ჩააგდეს, ათი დღე შიმშილით კლავდნენ, მაგრამ ღვთიური მადლის სხივი არ ტოვებდა წმინდანს და საზრდოს ზეციდან უგზავნიდა. თხრილში თავად უფალი გამოეცხადა და უთხრა:
- მე შენი მაცხოვარი ვარ, ასე რომ შემიყვარე და აქამომდე დაგიცვია ეს სიყვარული მთელი სულითა და გულით ჩემზე მომსჭვალულს, მე ისა ვარ, ვის გამოც ამ სატანჯველს დაითმენ. უდიდესი დიდებით შეგამკობ და ენითუთქმელი სიხარულით აღგავსებ. ნიშანს გიდებ - სწორედ იმ დღეს მიგიღებ ჩემს ზეციურ სამფლობელოში, როს ამქვეყნად მოვივლინე ქალწულის წმინდა საშოდან.
უფლის ხილვამ გაამხიარულა წმინდა ქალწულის გული. სიხარულით ელოდებოდა იმ დღეს, როცა მისი სული ხორცს დაშორდებოდა. სწორედ ქრისტეშობის დღეს მიუგზავნეს მას ჯალათი, რომელმაც ხმლით განგმირა მარტვილი.
ასე დაასრულა თავისი დროებითი სიცოცხლე და ამქვეყნიური ტანჯვა წმინდა ღირსმა ქალწულმა ევგენიამ და საუკუნო ნეტარ ცხოვრებაში გადასახლდა. მისმა ნეტარმა დედამ სახლეულის შემწეობით მოიპოვა მისი წმინდა და პატიოსანი გვამი და საგვარეულო ადგილ-მამულში დაკრძალა რომის შორიახლოს, სადაც თავად წმინდა ევგენიას ბევრი მორწმუნე მიუბარებია მიწისათვის.
ერთხელ, როცა დედა შვილის კუბოს დასტიროდა, ბრწყინვალე დიდებით მოცული წმინდა ევგენია ქალწულთა სიმრავლესთან ერთად გამოეცხადა და უთხრა:
- იხარებდე და გამხიარულდი, დედაჩემო, ქრისტემ წმინდანთა სიხარულს შემრთო, მამაჩემი კი პატრიარქთა რიცხვს შეჰმატა. კვირა დღეს შენც მიგიღებს საუკუნო სიხარულში. დაუბარე შენს ვაჟებს, ჩემს ძმებს, ბოლომდე შეინარჩუნონ ნათლისღებისას მიღებული ქრისტიანის წოდება, რათა მარტო ხორცით კი არა, სულითაც ჩემს ძმებად დარჩნენ და მთელი ჩვენი საგვარეულო კეთილ ძღვნად მივართვათ უფალს.
ამ საუბრისას წმინდა ანგელოსთა სიმრავლის ხმები ესმა კლავდიას, ისინი გალობდნენ, და ადიდებდნენ მამას, ძეს და სულიწმიდას, ერთარსება სამებას, რომელსაც ჩვენ ცოდვილთაგანაც შვენის დიდება და თაყვანისცემა უკუნისამდე. ამინ.
იხილეთ დასაწყისი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი