ძლიერ განარისხა მმართველი მელანფრიას სიტყვებმა. მონასტერში მაშინვე მსახურები გაგზავნა. მათ მარტო ევგენია კი არა, მასთან ერთად მცხოვრები ბერებიც შეიპყრეს, ბორკილები დაადეს და დაატყვევეს. მონასტრის ბერებს ერთი ციხე ვერ იტევდა, ამიტომ სხვადასხვა დილეგებში გაანაწილეს. ეს ამბავი მალე მთელ ალექსანდრიას მოედო და გარშემო ქალაქებშიც გავრცელდა - ამის გამო ქრიტიანებმა ბევრი შეურაცხყოფა და ყვედრება დაითმინეს წარმართებისაგან. მელანფრიას მონაჭორის სიმართლეში ეჭვიც არავის შეუტანია. ეს ქალბტონი მეტად პატივცემული იყო, პატიოსანი და კეთილშობილი ქალის სახელი ჰქონდა.
ბერების სამსჯავროსა და სასჯელის დღეც დათქვეს. მმართველი მრავალგვარ სატანჯველს უმზადებდა სახელგატეხილებს. ზოგი მხეცებისთვის უნდა დაეჭმევინებინა, ზოგი დაეწვა, ზოგიც ხეზე ჩამოეკიდა, სხვებსაც მტანჯველი სიკვდილი ელოდათ.
დადგა სამსჯავროს დღე. მთელი ქალაქი შეიყარა, გარეშემო დაბნებიდანაც შემოიკრიბა ხალხი. ბრბოში ქრისტიანთა სიმრავლე შეიმჩნეოდა. მათში ბევრი მღვდელი და რამოდენიმე ეპისკოპოსიც ერია, ღვთის მონათა უდანაშაულო აღსასრულის საცქერლად მოსულიყვნენ. ქრისტიანებს სწამდათ, რომ ისინი ცრუშესმენით იყვნენ შეპყრობილნი. სურდათ, აღსასრულის შემდგომ მათი ნაწილები მოეგროვებინათ და პატიოსნად დაეფლათ. მმართველი ფილიპეც გამოჩნდა თავის ვაჟიშვილებთან ერთად და თავის ჩვეულ ადგილას დაბრძანდა. მაშინვე მოიყვანეს და სამსჯავროს შუაგულში დააყენეს ნეტარი ევგენიაც. ის არავის უცვნია. რკინის ბორილებასხმული ბერებიც შემოიყვანეს. მათ შორის ევგენიას საჭურისებიც იყვნენ. ხალხმა ერთხმად იხუვლა:
- დასაჯეთ ეს უპატიო უსჯულოები!
მმართველმა ბრძანა, გამოსაცდელად მასთან ახლოს წარედგინათ ევგენია, მის წინ სატანჯველი იარაღები დაეწყოთ და მრისხანე ჯალათებიც მომზადებულიყვნენ.
თავდახრილი იდგა წმინდა ევგენია სამსჯავროზე მამისა და ძმების წინ, სრულიად უდანაშაულო, მამაკაცის სამოსში შეფარული, თვალები ძირს დაეხარა, ეშინოდა, არავინ მიცნოსო. მმართველი მიუტრიალდა და უთხრა:
- გვითხარი, უსჯულო ქრისტიანო, განა ასე გასწავლათ თქვენმა ქრისტემ, სასირცხო საქმეები ჩაიდინეთო, უკეთური გულისთქმების დასაკმაყოფილებლად ცბიერად აცდუნეთო პატიოსანი ქალები? მითხარი, უნამუსო, როგორ გაბედე ბრწყინვალე ქალბატონის - მელანფრიას სახლში შესვლა მისი კეთილშობილი უბიწოების შესალახად? მაცდურად მკურნალად ასაღებდი თავს, მტერი და მოძალადე კი აღმოჩნდი. ახლა ღირსეულ სასჯელს მოიმკი შენი უსირცხვილო და თავხედური განზრახვისათვის და როგორი ბოროტიცა ხარ, ისეთივე ბოროტი სიკვდილით დაისჯები.
ასე ბრძანებდა განრისხებული მმართველი. ნეტარმა ევგენიამ კი მშვიდად უპასუხა:
- უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც მე ვემსახურები, სიწმინდეს გვასწავლის და უბიწოების დამახვისათვის საუკუნო ცხოვრებას გვპირდება. ჩვენ ამწამსვე შეგვიძლია გიჩვენოთ, რომ მელანფრია ტყუილუბრალოდ გვდებს ბრალს, მაგრამ სჯობს ჩვენ ვევნოთ, ჩვენი თმენის ნაყოფი არ დავკარგოთ, ვიდრე ამ ქალბატონს შეემთხვეს რაიმე ცუდი, დამარცხებულსა და მხილებულს. თუმცა, თუკი შენ შენი მეფეების სახელით შემომფიცავ, რომ ამ ცრუშემწამებელს ბოროტს არ შეამთხვევ, მაშინ ახლავე დავკითხავ მას და დაინახავ, რომ ამ ცოდვაში ცრუდ მდებს ბრალს და თავად აღმოჩნდება ბრალეული.
მართველმა ფიცი დადო და დაჰპირდა, სათხოვარი შეესრულებინა. მაშინ ევგენია მელანფრიას მიუტრიალდა და უთხრა:
- მელანფრია, შენივე სახელი გიმოწმებს გულშავობასა და გონებადაბნელებას. აკი მრავალფერი ტანჯვა განუმზადე ქრისტიანებს შენი ცრუ შესმენით. მოდი, დაჟინებით მოითხოვე, გვაწამონ, დაგვწვან, გვგვემონ! მაგრამ მინდა დაგარწმუნო, რომ ისეთი მონები როდი ჰყავს ქრისტეს, შენ რომ წარმოაჩენ. მოდი იმ მხევალს უხმე, შენ რომ ამბობ, ჩვენი ცოდვის თვითმხილველიაო, რათა მისი ბაგეებიდან იმხილოს ტყუილი და ჭეშმარიტება გაცხადდეს.
მაგრამ მოხმობილმა მხევალმა ტყუილს ტყუილი დაურთო, თავისი ქალბატონისთვის რომ ეამებინა. აბა, როგორ გაბედავდა, მისი საწინააღმდეგო რამ ეთქვა.
- მე ვიცი, - ამბობდა ეს ქალი, - რომ ეს უსირცხვილო ჭაბუკი ხშირად დადის უბირ ქალებთან. თავხედია, ჩემი შეცდენაც ბევრჯერ უცდია. ბოლოს კი ჩემს ქალბატონზე თავდასხმაც იკადრა. დღის პირველ საათზე შევედი მის საწოლ ოთახში. ჯერ მკურნალივით ებაასებოდა, მის ჯანმრთელობაზე მზრუნველს ჰგავდა, მერე ურცხვი საუბარი გაუბა და ბოლოს მისი ნამუსის ახდაც კი სცადა, და ალბათ აღასრულებდა კიდეც თავის უსჯულო საქმეს, სხვა მხევლებისათვის რომ არ მეხმო და ჩვენი ქალბატონი ამ მექალთანეს ხელიდან არ გვეხსნა.
მსაჯულმა ეს სხვა მხევლებიც მოაყვანინა, მაგრამ მათაც თავის ქალბატონს დაუკრეს კვერი და ბერი ევგენის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. მაშინ მმართველი გამძვინვარდა და შესძახა:
- აბა, ახლა რითღა იმართლებ თავს, უნამუსო, როცა ამდენი მოწმე გამარცხებს და ამხილებს შენს უსჯულოებას?
- ახლა უკვე დროა, ვთქვა, - უპასუხა წმინდა ევგენიამ, - რადგან დუმილის ჟამი დასრულდა. დადგა დრო, თავისუფლად ვაღიაროთ ჭეშმარიტება, რათა ჩვენზე აღმდგარი ტყუილი არ ვაზეიმოთ და წარმართებს შორის ქრისტიანებზე ცუდი ჭორების გავრცელება შევაჩეროთ. ღმერთია მოწამე, სიკვდილამდე მინდოდა ჩემი საიდუმლოს შენახვა, საშინელ სამსჯავროზე ამით ვამხილებდი ჩვენზე შეთხზულ სიცრუეს და ჩემს უბიწოებას მას დავუმტკიცებდი, ვისი სიყვარულისთვისაც ეს უბიწოება შემინახავს. მაგრამ ახლა კი მომიწევს, ფარდა ავხადო იმ საიდუმლოს, რასაც ასე გულდასმით ვმალავდი, რათა უსჯულოებამ უმანკოებაზე არ იზეიმოს და წარმართულმა უპატიოსნობამ არ შებღალოს კეთილმსახური და კრძალული ქრისტიანული ცხოვრება, მისი დასაცინი არ გახდეს. ჩემს საიდუმლოს ქედმაღლობის დასაკმაყოფილებლად როდი გავცემ, არა, იესო ქრისტეს სახელის სადიდებლად, რადგან ასეთია მისი წმინდა სახელის ძალა - ღვთის შიშში მცხოვრები დედაკაცები მამაკაცთა ღირსებას იხვეჭენ, ერთი სქესისანი რწმენით ვერ სჯობნიან მეორე სქესისას. როგორც ქრისტიანთა მოძღვარი, პავლე მოციქული ამბობს: "არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუს მიერ." აი, მეც, ქრისტე რადგან ვიწამე, რადგან მთელი სულითა და გულით შევიყვარე, რადგან მასზე დავდე მთელი ჩემი სასოება, ცხოვრების წესითა და გარეგნობით კაცად გარდასახვა მოვინდომე, რათა ასე შემენახა ჩემი ქალწულება ერთი, უწმინდესი და უხრწნელი სიძისათვის.
ამის თქმაზე ზემო სამოსი გადაიპო და წმინდა და უბიწო ქალწულებრივი სხეულის ნაწილი გაიშიშვლა. მმართველის წინ დედაკაცი იდგა. მაშინ ევგენიამ უთხრა:
- ბატონო ჩემო, შენ ჩემი ხორციელი მამა ხარ, კლავდია - ჩემი დედა, აქ მსხდომი ავიტი და სერგი კი ჩემი ძმები არიან. შენი ასული ვარ, ევგენია. ეს სოფელი და მთელი მისი სიტკბოება ქრისტეს სიყვარულისათვის უარმიყვია. აი, ჩემი საჭურისები - პროტიოსი და იაკინთე. ერთად მივიღეთ ქრისტეს სწავლება. უფალმა მომმადლა მთელს ჩემს ვნებებსა და გულსითქმებზე ძლევა და ურყევად მწამს, რომ ბოლომდე ასე უბიწოდ შემინახავს.
სიტყვის დამთავრებაც არ დასცალდა. მამამ და ძმებმა მაშინვე იცნეს. კარგად რომ დააკვირდნენ მისი სახის ნაკვთებს, დარწმუნდნენ, ნამდვილად ევგენიააო, ენითუთქმელი სიხარულით აღვსილნი წამოცვივდნენ და აცრემლებულები მიეჭრნენ დაკარგულს. ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, სიხარულის ცრემლებს ღვრიდნენ, რომ მათი თვალისჩინი იპოვეს, რომლის გარეშე მზესაც კი ბრწყინვალება დაეკარგა მათთვის. მაშინვე დედამის კლავდიასთან აფრინეს მაცნე. ისიც მყისვე იქ გაჩნდა. სიხარულით თავბრუდასხმული ეფერებოდა ასულს, როგორც მკვდრეთით აღმდგარს, ისე უცქერდა. სახტადდარჩენილი ხალხი იძახდა:
- ერთია ქრისტე, ერთია ჭეშმარიტი ღმერთი, ღმერთი ქრისტიანთა!
აქ თავმოყრილმა ქრისტიანთა სიმრავლემ, მღვდლებთან და ეპისკოპოსებთან ერთად მოწამეთა დასაფვლელად რომ შეკრებილიყვნენ, გალობა იწყეს:
"ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი!"
მშობლებმა და ძმებმა ოქროქსოვილი სამოსი, ძვირფასი სამკაულები მოატანინეს და ძალით შემოსეს წმინდა ევგენია. მაღალ ტახტრევანზე დააბრძანეს, რათა ყველას ეხილა მათი უგზოუკვლოდ დაკარგული და კვლავ ნაპოვნი ასული და მათთან ერთად ეხარა. მყისვე აჰყარეს ბორკილები დატყვევებულ ბერებს, მოესიყვარულნენ და ქრისტეს ჭეშმარიტ მონებად შერაცხეს.
მელანფრიას შიშის ზარი დაეცა. სირცხვილით თავლაფდასხმული ჯერ სამსჯავროს ადგილს არც კი გასცილებოდა, რომ ზეციდან ცეცხლი გარდამოხდა, მის სახლს დაეცა და ნაცარტუტად აქცია, დაიწვა მთელი მისი სიმდიდრე და ძვირფასეულობა, კვალიც არაფრის დარჩენილა.
დიდი სიხარული ეწვიათ ალექსანდრიისა და მთელი ეგვიპტის ქრისტიანებს, მით უფრო, რომ მართველმა ფილიპემაც ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, ცოლ-შვილითა და მთელი სახლეულით მოინათლა. მაშინ უამრავმა წარმართმა მიიღო წმინდა ნათლის-ღება და ქრისტეს ეკლესიაშიც მშვიდობამ დაისადგურა.
ამ ამბიდან დიდი დრო არ გასულა, რომ მმართველმა ფილიპემ მეფეებს - სევერსა და ანტონინეს ეპისტოლე მისწერა. ამ ეპისტოლეში იგი იმპერატორებს არწმუნებდა, რომ რომაული სახელმწიფოსათვის სასარგებლო სრულიადაც არაა ქრისტიანების ქალაქებიდან გაძევება, ისინი ხალხის საკეთილდღეოდ უფრო გვჭირდებაო. მეფეებმა მართლაც ყურად-იღეს მისი რჩევა და ქრისტიანებმა თავიანთი ადგილები, მიწები, ტაძრები და ღირსება დაიბრუნეს ეგვიპტის ყველა ქალაქში, მშვიდობით ისარგებლეს და ქრისტიანული კეთილმსახურება ააყვავეს.
მაგრამ მტრის შური სიწმინდის თანამდევია, ცოდვა კი ყოველთვის - კეთილმსახურების მტერი. ასე მოხდა ახლაც. ალექსანდრიის ზოგიერთი წარჩინებულ კერპთმსახურს ემძიმებოდა იმის ცქერა, ქრისტიანთა რიცხვი დღითი-დღე როგორ იზრდებოდა, ხოლო წარმართობა სუსტდებოდა. მამა-სატანას ჩაგონებით მეფეებთან გაეშურნენ, რათა მმართველი ფილიპესათვის ცილი დაეწამებინათ.
- მთელი ცხრა წელი ფილიპე ჩინებულად უძღვებოდა ეგვიპტის ქვეყანას, - ეუბნებოდნენ ისინი მეფეებს, - მკაცრად იცავდა მეფის კანონებს. მაგრამ არც ვიცით, ახლა რა მოუვიდა, ძლიერ გამოიცვალა. მამა-პაპათა სარწმუნოება დაუტევა და იუდეველებისგან ჯვარცმულს ათაყვანებს მთელს ხალხს (როგორც ამტკიცებენ). სადღაა უწინდელი პატივი და მორჩილება თქვენი სამეფო კანონებისა, ყველანი უპატიო ქრისტიანებს გვანაცვალა. ჩვენი ღმერთების ტაძარში თუ შევა ქრისტიანი, ღმერთებს გმობს. ხეები ხართო, უგრძნობელი ქვები და უსულო კერპებიო - დასძახის.
ორივე მეფე თავიანთი სიტყვების სიმართლეში დაარწმუნეს და ისინიც ძალზე განურისხდნენ ფილიპეს. ადგნენ და ასეთი ეპისტოლე მისწერეს:
- ჩვენამდე დადგენილმა ღვთაებრივმა მეფემ უწყოდა შენი სიქველე და მამაპაპეული რომაელი ღმერთებისადმი შენი მსახურება. ამიტომ ლიტონ მმართველად კი არ დაუდგენიხარ, არამედ მთელი ეგვიპტის მეფედ და დაუკანონებია, რომ სიკვდილამდე შეუცვლელად გემართა ეს ქვეყანა. ჩვენც ხელუხლებლად გინახავდით ამ პატივს, სანამ ჩვენი ღმერთების მეგობარი და მსახური იყავ. მაგრამ აწ გვესმა, რომ ღმერთებიც დაგიტევებია და ჩვენდამი განწყობაც შეგიცვლია. ამიტომაც ვბრძანებთ: თუ რომაელი ღმერთების უწინდებურ თაყვანისცემას დაუბრუნდები, მაშინ შეგიძლია ძველებურად განაგრძო პატივითა და დიდებით ტკბობა, მაგრამ თუკი ისევ შენსაზე იდგები, ახლავე დატოვე თანამდებობა და ადგილ-მამულებზეც უარი თქვი.
მეფეთა უსტარი ფილიპეს მიართვეს. მან ჯერ თავი მოიავადმყოფა, რომ მთელი ავლა-დიდების გაყიდვა მოესწრო. მერე კი მათში აღებული მთელი ფული გასცა: ნაწილი ეკლესიებს შესწირა, ნაწილი კი გლახაკებს დაურიგა. ენაწყლიანი კაცი იყო მმართველი. თავისი სიტყვით ბევრი წარჩინებული ელინი დაარწმუნა და გააქრისტიანა, რწმენაში სულმოკლეები და მერყევნი კი განამტკიცა და გააძლიერა.
ქონების დახარჯვისთანავე დატოვა თავისი ტახტი ფილიპემ. ალექსანდრიის ქრისტიანებმა ეპისკოპოსად აირჩიეს იგი.
დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი