მონასტერს მიუახლოვდნენ. ეპისკოპოსს ბერები გამოეგებნენ გალობით: "შევიწყნარეთ წყალობაი შენი, ღმერთო, შორის ერსა შენსა".
ვაჟივით თმაშეკვეცილი და მამაკაცივით ჩაცმული ევგენია და მისი საჭურისები ხალხს შეერივნენ და ეპისკოპოსს მონასტერში შეჰყვნენ. წმინდა ელიოზმა ეკლესიაში წირა, მმარხველთა ჩვეულებისამებრ დღის მეათე საათზე ცოტა წაიხემსა და მიეძინა დამაშვრალს. ძილში ჩვენება იხილა. ვიღაც კაცებს ელინური ქალღმერთის მსგავსი ქალის ძეგლი დაჰქონდათ ხელით და მსხვერპლშეწირვითა და თაყვანისცემით პატივს მიაგებდნენ. ეპისკოპოსს გული მოეწყლა წარმართი ხალხის დანახვაზე. ამ ქალღმერთს მიუტრიალდა და უთხრა:
- განა შეგფერის, კაცნი ღმერთივით რომ განგადიდებენ, ნუთუ შენც ღვთის ქმნილება არა ხარ? თაყვანისცემა ხომ მხოლოდ ღმერთს შვენის?!
ქალღმერთმა მყისვე დაუტევა მოთაყვანე კაცები და ეპისკოპოსს გაჰყვა უკან. თან ასე უთხრა:
- არ მოგეშვები, სანამ ჩემს შემოქმედთან და შემქმნელთან არ მიმიყვანებ და ჩემს თავს არ მიაბარებ მას.
გამოღვიძებული ეპისკოპოსი ამ ხილვაზე ფიქრობდა, რომ ევტროპი შევიდა და მოახსენა:
- მეუფეო! სამი ყმაწვილი გვეხალა. ძმები არიან. ერთსულოვნად ტოვებენ კერპთმსახურებას და სურთ, ამ მონასტრის ქრისტესმსახურთა რიცხვს შეერთონ. დღეს შენთან ერთად შემოვიდნენ სავანეში და ტირილით მთხოვდნენ, თქვენი უწმინდესობისათვის მეცნობებინა მათი არჩევანი.
ეპისკოპოსი სიხარულით ცას ეწია და წამოიძახა:
- გმადლობ, უფალო იესო ქრისტე, ასეთი სასიხარულო ამბის მოსმენის ღირსი რომ გამხადე!
მაშინვე ბრძანა სამივე ყმაწვილის მოყვანება. ისინიც შევიდნენ და ეპისკოპოსის წინაშე წარდგნენ. წმინდა ელიოზმა ჯერ ილოცა, მერე კი ევგენიას მიუტრიალდა და მამაშვილური სიყვარულით გაუბა საუბარი. ეკითხებოდა: რა გქვიათ, საიდანა ხართ, სადაა თქვენი სამშობლოო. ქალწულებრივი სიმორცხვე შეეტყო ევგენიას თავმდაბალ პასუხს:
- წარმოშობით დიდებული ქალაქიდან - რომიდან ვართ. ჩვენი სამშობლო რომია. ხორციელი ძმანი ვართ. ერთის სახელი პროტიოსია, მეორისა - იაკინთე, მე კი ევგენი მქვია.
ელიოზმა თბილად შეხედა ქალწულს და უთხრა:
- მართლაც რომ ევგენი ყოფილხარ, ევგენია! შენი სახელი შენი სულის თვისებებს ეხმიანება. კეთილშობილი და მამაცი სული გქონია, მართლაც მამაკაცური. გონებაში მტკიცედ გეპყრას შენი არჩევანი, დაძლიე ქალურ ბუნება, გამამაცდი და განმტკიცდი ქრისტეში. აკი მისთვის გარდაისახე მამაკაცად ქალადმყოფი, ღვთის სიყვარულმა შეგაცვლევინა ქალური იერსახე და სახელი. ნუ იფიქრებ, მამხილებს ანდა ჩემს ქალურ ბუნებას კიცხავსო, არც ის მაქვს გუნებაში, არჩევანი გადაგაფიქრებინო. მხოლოდ ის მინდა იცოდე, თუ როგორ ზრუნავს ღმერთი შენზე. უკვე ყველაფერი გამომიცხადა: ვინ ხარ, ჩემამდე როგორ მოხვიდოდი და ვინ მოგვყვებოდა. ჰოდა, ევგენია, შენს იერსახეზე არანაკლები კაცობა უნდა აჩვენო სულისა, რადგან ესეც გამანდო უფალმა, რომ მისთვის უმწიკვლო ჭურჭლად განმზადებულხარ, უბიწოდ რომ ინახავდი ქალწულებას ამქვეყნიურ საცთურთა უარმყოფელი.
შემდეგ პროტიოსსა და იაკინთეს მიუტრიალდა: - სახელად მონები გქვიათ, სულით კი თავისუფალნი ყოფილხართ, რადგან მიწიერს არაფერს დამონებია თქვენი სულები. ამად, მე კი არა, თავად უფალი იესო ქრისტე გეუბნებათ: "არღარა გეტყვ თქუენ მონად... ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად..." ნეტარნი ხართ ასე თავისუფალნი, უფრო მეტად ქრისტესთან თქვენი მეგობრობა და ერთობა განეტარებთ, რადგან ერთსულოვნად დაჰყაბულდით მისი უღლის ტვირთვას, ნეტარ ევგენიას ერთხელაც არ შეწინააღმდეგებიხართ, მასთან ერთად იწვით უფლის მსახურების სურვილით. როცა ევგენია ამ წუთისოფელს დაუტევებს, უფალი თქვენც იმავე გვირგვინებს დაგადგამთ და იმავე მისაგებელს მიგაგებთ, რაც მას განუმზადა.
ეპისკოპოსთან საუბარს მათ გარდა არავინ დასწრებია. ელიოზმა ევგენიას მამაკაცის სამოსში დარჩენა უბრძანა, მისი საიდუმლო რომ არ გამჟღავნებულიყო. ევგენიას და საჭურისებს მანამ არ დაუტევებიათ სავანე, სანამ ნათლის-ღებით არ განბანა ეპისკოპოსმა და ბერების რიცხვს არ შეჰმატა ისინი.
ახლა ისიც შევიტყოთ, რა მოხდა მას მერე, რაც ევგენია საჭურისებთან ერთად ეტლიდან ჩამოვიდა და მიიმალა. ვნახოთ, როგორ დარდობდნენ მასზე მშობლები.
ცარიელმა ეტლმა გზა განაგრძო. აი, უკვე მიუახლოვდა კიდეც სახლს. წინგამძღვარებულ მონებს ეჭვიც არაფრის აუღიათ. სახლის მსახურები ანთებული ჩირაღდნებით გამოეფინნენ ევგენიას მისაგებებლად, მაგრამ ეტლი ცარიელი დაუხვდათ. გაკვირვებისგან ელდა ეცათ. ევგენიას დედ-მამა და ძმებიც შიშმა მოიცვა. გარშემო მოთქმა-გოდება და ტირილის ხმა ისმოდა. მთელი ქალაქი შემოიარეს დაკარგული ქალიშვილის ძებნაში. ალექსანდრიის მოსახლეობა გაკვირდა. არავინ უწყოდა, რა მოუვიდა მმართველის ასულს. ყველა მხარეს ურიცხვი მონები დააგზავნეს ევგენიას მოსაკვლევად. მთელი ეგვიპტის ქვეყანა მოვლეს მსახურებმა, ყველანი გამოკითხეს, გზაზე თუ სახლებში: ვაჭრები, მიწათმოქმედები, მგზავრები. მაგრამ ასულის კვალსაც კი ვერ მიაგნეს. არავის სმენოდა იმ ძვირფას მარგალიტზე, რომელიც ღვთის მარჯვენას დაეფარა დრომდე თავის საუნჯეში.
მშობლები დღემუდამ ტიროდნენ ევგენიას, უნუგეშოდ იგლოვდნენ, უხმობდნენ სახედახოკილები, თავზე ნაცარს იყრიდნენ დარდისგან ღონემიხდილნი და გულშემოყრილნი.
- ევგენია, ჩვენო საყვარელო ასულო, - მოთქვამდნენ, - ნათელო ჩვენო, რად მიგვეფარე თვალთაგან? ნუგეშო ჩვენო, სად დაიმალე; იმედო ჩვენო, ნუთუ სიკვდილის კერძი გახდი?
ასე გლოვობდნენ მშობლები ასულს, ძმები დას ტიროდნენ, მონები და მხევლები ქალბატონზე ღვრიდნენ ცრემლებს. მთელი ქალაქი თანაუგრძნობდა თავისი კეთილი ბატონისა და მმართველის დარდს. იმედდაკარგულებმა ბოლოს გრძნეულებსა და ჯადოქრებსაც უხმეს, ურიცხვი მსხვერპლი შესწირეს კერპებს იმ იმედით, რომ რომელიმე ღმერთი მაინც აუწყებდა რაიმეს დაკარგულ ქალზულზე. მაგრამ ვერაფერი შეიტყვეს. დუმდნენ გრძნეულები და ჯადოქრები, არას ამბობდნენ უსულო კერპები. ბოლოს ალექსანდრიის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ლეგენდა შეთხზა მმართველის დასაწყნარებლად: თითქოსდა ღმერთები ისე მოიხიბლნენ ევგენიას სილამაზით, რომ ზეცაში აიტაცეს და თავიანთ კრებულს შეურთეს. დამწუხრებულმა მამამ ირწმუნა ეს ლეგენდა, ცოტა გულს მოეფონა და ძალისძალად სიხარულით შეცვალა გლოვა, მაშინვე მისი საყვარელი ასულის ოქროს ქანდაკება ჩამოასხმევინა და ალექსანდრიის საჩინო ადგილა წამომართა. ევგენია ახალ ქალღმერთად შერაცხეს და მისი სახალხო თაყვანისცემა დაიწყეს ახალი დღესასწაულებითა და მრვალრიცხოვანი მსხვერპლშეწირვით. ასე ცდილობდა მმართველი მწუხარება გაენელებინა. ევგენიას დედასა და ძმებს არ დაუჯერებიათ ეს ზღაპარი და უნუგეშო გლოვას არ წყვეტდნენ.
ამასობაში ნეტარი ასული ხსენებულ მონასტერში ცხოვრობდა მამაკაცის სახელითა და სამოსით შეფარული. ყველას კაცი ეგონა. მკაცრი ცხოვრების წესი ჰქონდა, გულითად მორჩილებაში და ღვთის მსახურებაში ლევდა დღეებს. ღვთის სიტყვის განსწავლაში ისე წარემატა, რომ ორ წელიწადში უკვე მთელი წმინდა წერილი ზეპირად იცოდა. ისე აღევსო სული მშვიდობით, რომ ყველანი ანგელოზად თვლიდნენ. არავინ უწყოდა, ქალი რომ იყო, ქრისტეს ძალა ჰფარავდა. მკაცრი ცხოვრებით ზრდასრულ კაცებსაც კი აკვირვებდა. მდაბალი საუბარი ჰქონდა, კეთილგანწყობილი, მშვიდი და სიტყვამცირე, ღვთის შიშითა და მზრუნველობით სავსე. ვერავინ ასწრებდა საეკლესიო მსახურებაზე მოსვლას და მასზე გვიან არავინ ტოვებდა ეკლესიას. ყველას რაღაცას უკეთებდა, ყველაზე ზრუნავდა: მწუხარეებს ნუგეშს სცემდა, მხიარულთან სიხარულს იყოფდა, მრისხანებით გაშმაგებულთ მისი ერთი სიტყვაც კი აშოშმინებდა, მისი სიმდაბლის შემყურე ქედმაღლები მალევე ივიწყებდნენ მედიდურობას.
გამოხდა ხანი. ღმერთმა სასწაულთმოქმედების ნიჭი მიჰმადლა ევგენიას. სნეულის მონახულებისას ავადმყოფობა სადღაც ქრებოდა. ორი საჭურისი - პროტიოსი და იაკინთეც სულ თან დაჰყვებოდნენ, მის ცხოვრებას ჰბაძავდნენ ერთგული მონები და მეგობრები.
ევგენიას მოქცევიდან სამი წელი გავიდა. ამ მონასტრის იღუმენი აღესრულა და შეკრებილმა ძმობამ ნეტარ ევგენიას ერთხმად სთხოვა, იღუმენი გამხდარიყო, მათ ხომ არ იცოდნენ მისი ქალობის ღვთივდაცული საიდუმლო. მის ბრძნულ, უბიწო და ღვთისსათნო მოღვაწებას ხედავდნენ, გაცილებით რომ აღემატებოდა ამ მონასტრის ბერების ცხოვრებას და ამიტომ დიდხანს ევედრებოდნენ და აიძულებდნენ, წინამძღვრობა მიეღო. ევგენიას ერთი მხრივ, იმის შიში ჰქონდა, როგორც ქალს კაცებზე აეღო წინამძღოლობა, უწესოდ და უკანონოდ მიაჩნდა, მეორე მხრივ კი ამდენი ბერის ხვეწნა-მუდარის არად ჩაგდება არ სურდა. ამიტომაც ასე გადაწყვიტა:
- ძმებო, გევედრებით, წმინდა სახარება მომიტანეთ. - სთხოვა.
სახარება მოართვეს. ევგენიამ განაგრძო:
- არჩევნის ჟამს ქრისტიანებს შეჰფერით, თავად უფალ იესო ქრისტეს დაეკითხონ. მოდი, ვნახოთ, რას ბრძანებს უფალი და მის ბრძანებას დავემორჩილოთ.
სახარება მთელი ძმობის თანდასწრებით გადაშალეს და შემდეგი სიტყვები წაიკითხეს: "რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფა, იყავნ თქუენდა მსახურ, და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფა, იყავნ თქუენდა მონა".
ევგენიამ თქვა:
- აი, ვემორჩილები ქრისტეს ბრძანებას და თქვენს თხოვნას. დაე, თქვენი სიყვარულის მონა და მსახური შევიქნე.
ძმობამ გაიხარა. ხელში აიღო მონასტრის წინამძღვრობა ევგენიდ სახელდებულმა ევგენიამ. თითქოს ტყვედ და მონად ექცა ყველას, დღენიადაგ შრომობდა, წყალი მოჰქონდა, შეშას ჩეხდა სენაკებს ასუფთავებდა და ყველას გულით ემსახურებოდა. სადგურად მეკარის სენაკი ირჩია, თავისი უპირატესობა რომ არ წარმოეჩინა. სულ მონასტრის საქმეებში ჩართული მაინც არასდროს ტოვებდა საეკლესიო მსახურებებს: ცისკარს, ჟამნობას, მწუხრს და განსაკუთრებულ დღეებში - წირვებს. წუთი, რომელიც ღვთის სადიდებლით არ იყო აღვსილი, უსარგებლოდ დაღუპულად მიაჩნდა. გულდასმით ზრუნავდა, ლოცვის გარეშე ერთი საათიც კი არ გასულიყო დღეში. ხელთ სულ საქმე ეპყრა, პირზე კი მოუკლებელი ლოცვა ეკერა. ღმერთმა არაწმინდა სულებზე ხელმწიფება მიანიჭა. კაცთაგან განაძებდა ეშმაკებს. სხვა სასწაულთმოქმედებაც ხელეწიფებოდა, მაგრამ მათი თხრობა შორს წაგვიყვანდა, ამიტომ გიამბობთ, როგორ იდევნა, როგორი იყო მისი შემდგომი ცხოვრება და აღსასრული.
ალექსანდრიაში ერთი ქალი ცხოვრობდა, სახელად მელანფრია, მდიდარი, მაგრამ კეთილ საქმეთაგან დაცლილი. ერთხელ ამ ქალბატონს ციებ-ცხელება შეეყარა და წელიწადზე მეტხანს იტანჯებოდა. მისი ადგილ-მამული ევგენიას მონასტრის შორიახლოს მდებარეობდა. ამბავი მიუვიდა, ამ მონასტრის ბერი ევგენი სნეულებებს კურნავსო. მიაშურა და მუხლებში ჩაუვარდა, განმკურნეო. ევგენიას შეეცოდა და წმინდა ზეთი სცხო. მელანფრიამ მაშინვე გადმოანთხია, გულმუცელში რაც კი მავნებელი ჰქონდა და გაჯანსაღებული ფეხით დაბრუნდა სახლში. ცოტა ხანში სამი ვერცხლის ჭურჭელი მოამზადა, ვერცხლით აავსო და უვერცხლო მკურნალს მადლიერების ნიშნად გაუგზავნა. ევგენიამ უკან მიუბრუნა საჩუქარი და თან დააბარა:
- ჩვენ ჩვენს ღმერთში გარდამეტებული კეთილით ვართ სავსე. საყვარელო მელანფრია, გირჩევ ეგ ფული გლახაკებსა და უპოვარებს დაახარჯო.
უკანმობრუნებულმა ძღვენმა ძალზე დაამწუხრა ქალი. მონასტერში ეახლა ევგენიას. რა ღონე აღარ იხმარა, როგორ აღარ ემუდარებოდა, არ გამაწბილო, უკან არ გამატანო საჩუქარიო. ბოლოს და ბოლოს ძლივსძლიობით დაიყოლია, ეკლესიის საჭურჭლეში ჩაეტანინებინა შესაწირი.
ამ დროიდან მელანფრიამ ევგენიასთან სიარულს უმატა. ბერისადმი ძლიერი გულისთქმით აღივსო. არ კი იცოდა, მამაკაცის სამოსქვეშ ქალი რომ იმალებოდა. ასეთი ყმაწვილი და ლამაზი როგორ იქნება, უბიწოდ ცხოვრობდესო - ფიქრობდა. თავის განკურნებასაც ევგენიას სიწმინდეს კი არ აბრალებდა, საექიმო ხელოვნების კარგი მცოდნე ეგონა. დღითიდღე სულ უფრო ემატებოდა ხორციელი ლტოლვა, ხელსაყრელ ადგილსა და დროს ეძიებდა სურვილის ასასრულებლად. ერთხელ თავის მამულში იმყოფებოდა მონასტრის მახლობლად. ყმაწვილი ბერისადმი უწმინდური გულისთქმით ანთებულმა თავი მოიავადმყოფა, მსახური გაუგზავნა და ათხოვნინა, მინახულე და ადრინდელივით მიშველეო.
ნეტარი ევგენია მართლაც მივიდა და საწოლთან მიუჯდა ხორციელი ვნებით შეეყრობილ ქალს. მელანფრიამ მისი სახე რომ დაინახა, უკვე ვეღარ დაფარა დიდი ხნის დამალული სიყვარული, ურცხვი ბაგეებით ამეტყველდა და მრუში სიტყვაკაზმულობა დაიწყო, ცდილობდა ბერი მოეხიბლა და ცოდვაზე დაეყოლიებინა, როგორც ოდესღაც პენტეფრის ცოლი - ეგვიპტელი მეძავი ცდილობდა იოსების შეცდენას.
- გაუსაძლის სურვილსა და სიყვარულს შევუპყრივარ, - ეუბნებოდა, - სულს ვერ დავიოკებ, სანამ მთელი ჩემი ავლა-დიდების ბატონ-პატრონად და ჩემს ქმრად არ გიხილავ. ასე ტყუილუბრალოდ რად იკლავ თავს უსარგებლო თავშეკავებით, ნებსით რად ღუპავ სიღატაკეში და ჭირ-ვარამში შენს სიყმაწვილის წლებს, ასე უმოწყალოდ რად იგვემ სხეულს და სახეს რად იჭკნობ? აი, შეხედე, უზარმაზარ მამულებს მოგცემ, ურიცხვ ოქრო-ვერცხლს, თვალმარგალიტს, ძვირფას შესამოსელს, უთვალავ მონებსა და მხევლებს! ბოლოს და ბოლოს მეც შენი ვიქნები - ქორფა, ლამაზი, ახალდაქვრივებული, თანაც უშვილო. ხომ ხედავ, მემკვიდრეც კი არა ჰყავს ჩემს ქონებას. შენ იბატონე ამ ყველაფერზე, გახდი ჩემი მფლობელი.
კიდევ ბევრი ილაპარაკა მელანფრიამ ევგენიას მოსახიბლად. ნეტარს მეძავის ურცხვობის შერცხვა და წარბშეჭმუხილმა მიუგო:
- დადუმდი, დედაკაცო, დადუმდი! ნურც ეცდები რაიმე მავნო უძველესი გველის შხამით. ვხედავ, თავი ეშმაკის სადგურად გაგიხდია. ღვთის მსახურებს მოეშვი, მაცდურო. შენს სიმდიდრეს დაე შენისთანა ვნებასაყოლილები დაეპატრონონ. ჩვენი სიმდიდრე კი ქრისტესთან უპოვარებაშია დაუნჯებული. ქორწინებაზე ამას გეტყვი: ფიქრადაც ნურასდროს გამევლოს ხორციელი სიამოვნებით ტკბობა. ოჰ, ნეტარო უბიწოებავ, არასდროს გაგცვლი ხრწნად სიკეთეებზე! ოჰ, წმინდა ქალწულებავ, არასდროს წაგბილწავ სიძვით! ოჰ, ქალწულო ღვთისმშობელო, შენ გესავ, შემეწიე, ჩემს აღთქმებს რომ არ ვუღალატო. ერთი ქორწინება მაქვს - ქრისტესადმი სიყვარული, ერთი სიმდიდრე გამაჩნია - ზეცაში გამზადებული საუნჯენი, ერთი მემკვიდრეობა - ჭეშმარიტების შეცნობა!
პირში მიახალა ეს სიტყვები ურცხვ დედაკაცს, წამოდგა და მონასტერს მიაშურა. სირცხვილნაჭამ მელანფრიას ბოღმა ახრჩობდა. ადგა, ქალაქში წავიდა, მმართველს ეახლა და უთხრა:
- ჩემი ადგილ-მამულის მახლობელ მონასტერში ერთი ქრისტიანი ყმაწვილკაცი ცხოვრობს. თავს მკურნალად ასაღებს. სახლში სამკურნალოდ მეახლა. მეც გავბრიყვდი და ჩემს მოსასვენებელში შემოვუშვი. ალბათ ერთი უნამუსო და უსირხცვილო ქალი ვეგონე. ცუდ საქმეზე დამიწყო დაყოლიება. ჯერ მაცდური სიტყვებით მხიბლავდა, მერე კი ძალაც იხმარა. რომ არ მეყვირა და ჩემს მხევალს არ შემოესწრო, ალბათ ნამუსსაც ამხდიდა ეს ნამუსდაკარგული, როგორც ბარბაროსი - ტყვე ქალს.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი