დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი (+64) და პავლესი (+67) - 29 ივნისი (12 ივლისი)
დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი (+64) და პავლესი (+67) - 29 ივნისი (12 ივლისი)
მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა, - გვეუბნება წმინდა მოციქული პავლე. მაგალითი და საქმე უფრო მოქმედებს ადამიანებზე, ვიდრე შეგონება და დარიგება. ამიტომაც დააწესა ეკლესიამ მოხსენიება წმინდანთა და ხშირად გვახსენებს მათ ცხოვრებასა და საქმეებს. პეტრეს თვითონ ქრისტემ უწოდა კლდე. მართლაც, მას ჰქონდა სარწმუნოება მტკიცე და შეურყეველი, ვითარცა კლდე. პავლე იყო ზღვა სიყვარულისა, რაზეც მეტყველებს მისი წერილები. სწორედ ამ ორ სათნოებაზეა დამყარებული ქრისტეს სჯული და ეკლესია. ჭეშმარიტ ქრისტიანს შეურყეველი სარწმუნოება და სრული სიყვარული უნდა ჰქონდეს. მათი ცხოვრება გაუთავებელი შრომა, ჭირი და განსაცდელი იყო. ისინი იყვნენ ვითარცა კრავნი მგელთა შორის, მაგრამ ჭირსა და განსაცდელს არად მიიჩნევდნენ. პეტრე სარწმუნოებით ყოველ წამს მოაქცევდა და აცოცხლებდა ცოდვისგან მკვდარ ადამიანებს, ხოლო პავლე თავისი სიყვარულით მათ განანათლებდა და ანუგეშებდა. ამქვეყნად დევნილნი და შევიწროებულნი ნუგეშს სარწმუნოებასა და სიყვარულში პოვებდნენ.

მაინც ვინ იყვნენ ისინი, ვინც მთელი ქვეყნის დამორჩილება შეძლო? უბრალო, საწყალი, ღარიბი ებრაელები, რომელთაც განუქარვებელი სახსოვარი დატოვეს. იოანე ოქროპირი ამბობს, წარმოიდგინეთ ღარიბი კაცი, რომელიც ქალაქიდან გამოვიდა და გზას დაადგა. მას ცალ ხელში ჯოხი უჭირავს, მეორეში - პარკი 2-3 წიგნით; რომ მივიდეთ და ვკითხოთ, ვინ ხარ და სად მიდიხარო, გვიპასუხებს: მე მქვია პეტრე, რომის ასაღებად და დასამორჩილებლად მივდივარო. როდესაც ამ პასუხს მოისმენ, იფიქრებ, სიზმარშია ან ჭკუაზე არ არისო, რადგან როგორ შეუძლია ულაშქროსა და უიარაღო კაცს მსოფლიოს მბრძანებელი ქალაქის აღება. მაგრამ მისი ლაშქარი და იარაღი იესო ქრისტეს სახელი და სახარებაა.

მართლაც, გაივლის მცირე დრო და პეტრე და პავლე, უბრალო მეთევზენი, მრისხანე რომს სიტყვით დაიმორჩილებენ და ისიც მუხლმოდრეკილი თაყვანს სცემს მათგან ქადაგებულ ჯვარცმულ იესოს. აი, რა ძალა აქვს ქრისტეს სახელსა და მის ზეცით მოვლინებულ ჭეშმარიტ სჯულს. პავლე მოციქულივით არც ერთ საღვთო მწერალს არ აღუწერია და განუმარტავს ქრისტიანული სიყვარული: ყოველი ხალხის ენა რომ ვიცოდეთ და თვით ანგელოზების ლაპარაკიც გვესმოდეს, თუ სიყვარული არა გვაქვს, არარას გვარგებს; წინასწარმეტყველნი რომ ვიყოთ და ყოველი საიდუმლო და მეცნიერება ვიცოდეთ, სარწმუნოებაც ისეთი გვქონდეს, რომ მთას ვუბრძანოთ და იგი თავისი ადგილიდან გადადგეს, თუ სიყვარული არა გვაქვს, არარაი ვართ; დაბოლოს, ყოველი ჩვენი მონაგები რომ გლახაკებს დავურიგოთ და სხეული დასაწვავად მივცეთ, მაგრამ სიყვარული არ გვქონდეს, არარაი სარგებელ არსო. უეჭველია, თვით პავლეს ჰქონდა ამგვარი სიყვარული, თორემ ამ სახით მას ვერ აღწერდა.

შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი

წმინდა მოციქული პეტრე, უფროსი ძმა ანდრია მოციქულისა, უფლის ხმობამდე გალილეის ზღვასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზე იყო. სახელად ადრე სვიმონი ერქვა. პეტრე მოწოდებისთანავე შეუდგა უფალს. მალე თვით უფალმა მოინახულა პეტრეს სახლი და მხურვალებისაგან განკურნა მისი სიდედრი. ჰქონდა რა უდიდესი რწმენა და ერთგულება, პეტრე, ერთი მხოლოდ ქრისტეს მოწაფეთაგან, გაკადნიერდება, სთხოვოს უფალს: "უფალო, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა". უფლის სიტყვისამებრ იგი ნავიდან წყალზე გადმოვიდა და როგორც ხმელეთზე, ისე გაეშურა მისკენ. მაგრამ როგორც კი შეეჭვდა ღვთიურ შეწევნაში, დანთქმა იწყო. "უფალო, მიხსენ მე!" - შესძახა პეტრემ. ღვთიურმა მოძღვარმაც არ დაახანა, მეყსეულად განართხო ხელი და კვლავ უკან, ნავში, აიყვანა (მათე 14.28-32; იკოსი 3). მაგრამ არა მარტო ქარბორბალასა და ქარისაგან იხსნა უფალმა, არამედ მცირედმორწმუნეობისგანაც, ეტყოდა რა "მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი" (ლუკა 22, 32) (კონდაკი 4).

თაბორის მთაზე პეტრე იაკობსა და იოანესთან ერთად გახდა მოწმე უფლის ღვთიური დიდებისა. დაინახა უფალი იესო ქრისტე ფერისცვალებით და ესმა ხმა მამაღმერთისა - "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ". პეტრემ განიხარა და წამოიძახა, "კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ" (მარკოზი 9.2-7; იკოსი 5). ამაზე მოგონება მის ერთ-ერთ ეპისტოლეშია შემორჩენილი (2 პეტრე 1.17-19).

მოახლოვდა ჟამი მაცხოვრის მხსნელი ვნებებისა. იერუსალიმისკენ მიმავალი დაეკითხა იგი თავის მოწაფეებს, - "თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?" პეტრემ, მოციქულთა შორის პირველმა, მიუგო: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი", რისთვისაც უფლისაგან უდიდესი შექება დაიმსახურა: "ნეტარ ხარ შენ, სვიმონ ბარ იონა" ("იონა" ქართულად მტრედს ნიშნავს, "ბარ" კი ძეს, ხოლო მტრედი სულიწმიდის სახეა, ანუ პეტრეს მადლმოსილების გამო სულიწმიდის ძე, შვილობილი უწოდა)... "შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16.15-18; იკოსი 1.7). პეტრესეულმა აღმსარებლობამ გამოძახილი პოვა მოციქულთა სადღესასწაულო საკითხავებში "ქრისტემან შენ პირველი გამოგაჩინა, პეტრე, და საფუძველად სარწმუნოებასა გვირგვინოსან-გყო შენ".

მოწაფეთაგან მხოლოდ ერთი, პეტრე, გამოექომაგა უფალს გეთსიმანიის ბაღში. აღმოიხადა მახვილი და ერთ იქ მოსულთაგანს მოჰკვეთა ყური, მაგრამ მაცხოვარმა თვით თავისი სიკვდილის წინაც კი იზრუნა და განკურნა ყურმოჭრილი.

შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არასოდეს უარგყოფ შენ

გეთსიმანიის გზაზე უთხრა იესომ მოწაფეებს, რომ ამ ღამეს მის მიმართ ყველანი დაბრკოლდებოდნენ. ამასთან, აღუთქვა, რომ აღდგომის შემდეგ წარუძღვებოდა მათ გალილეისკენ. პეტრემ მიუგო იესოს, - ყველა რომ შეცდეს შენ გამო, მე არასოდეს შევცდებიო. ამაზე მაცხოვარმა უპასუხა: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე. მაგრამ პეტრე უფრო დაჟინებით ამბობდა: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არასოდეს უარგყოფ შენ. ამასვე ამბობდა ყველა მოწაფე.

იმ დროს, როცა ჩვენი უფალი შებორკილი იდგა ანასა და კაიაფას წინაშე, მღვდელმთავრების ეზოში, მოხდა მეტად სამწუხარო ამბავი: საყვარელი მოწაფე, სულ ცოტა ხნის წინ რომ არწმუნებდა იესოს მისადმი ურყევ თავდადებაში, ყველაზე ნაკლებად რომ აშინებდა დაბრკოლება, ყველა სხვა დანარჩენზე მეტად დაბრკოლდა, - პეტრემ სამჯერ უარყო თავისი მოძღვარი და მასწავლებელი... მისი მეგობრის, იოანეს თხოვნით, შეუშვეს პეტრე მღვდელმთავრების ეზოში. შესვლისას მეკარე დედაკაცის კითხვაზე, - განა შენც ამ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარო, უკვე წამოსცდა გმობისა და უარყოფის სიტყვები, - დედაკაცო, არ ვიცნობ მას. არ ვიცი, რას ამბობ. სიცივისაგან აღძრული მოციქული შეეცადა, შეუმჩნეველი ყოფილიყო, გაერია მსახურთა ბრბოში და იჯდა ცეცხლთან ახლოს. როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა, - ესეც იესო ნაზარეველთან იყოო. ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო. ცოტა ხნის შემდეგ, ასე, ერთი საათის შემდეგ, იქ მდგომნიც მივიდნენ და უთხრეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენც ერთი მათგანი ხარ, რადგანაც შენივე კილო გამხილებს. გეტყობა, გალილეველი უნდა იყოო. ასევე მღვდელმთავრის ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ვისაც ყური ჩამოათალა პეტრემ, უთხრა მას: განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში? პეტრე მოციქული მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს, და სწორედ ამ დროს იყივლა მამალმა. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

პეტრე მოციქულის მოწაფე წმ. კლიმენტი გვიყვება, რომ პეტრე მთელი სიცოცხლის მანძილზე, შუაღამისას, მამლის ყივილზე, დგებოდა მუხლებზე, იღვრებოდა ცრემლად, ინანებდა თავის უარყოფას და ითხოვდა პატიებას, რაც მას უფლისაგან მიეცა მისი აღდგომისთანავე. გადმოცემის თანახმად, ხშირი და მწარე ტირილის გამო, პეტრეს თვალები ჰქონდა ჩაწითლებული.

მას შემდეგ, რაც მოციქულებმა ელეონის მთაზე იესო ქრისტეს ამაღლება იხილეს, შეპირებული ნუგეშისმცემლის - სულიწმიდის მოსვლას სასოებით მოელოდნენ. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ სიონის მთაზე და განუწყვეტლივ ლოცულობდნენ ოთახში, რომელსაც ზოგიერთი სწორედ იმ ადგილად მიიჩნევს, რომელშიც მაცხოვარმა ჯვარზე გაკვრის წინ საიდუმლო სერობა გამართა. აქ იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზილოტი და იაკობის ძმა იუდა. აქვე იყო და იმ ქალებთან ერთად, რომელნიც უფალს ემსახურებოდნენ, მუდმივად ლოცულობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც. დაახლოებით 120 ადამიანი. ასე მცირერიცხოვანი იყო მაშინ ქრისტეს ეკლესია, რომელიც შემდგომში მთელ დედამიწაზე უნდა გავრცელებულიყო.

ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეა), დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღვთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. ამ სასწაულის დროს იერუსალიმში უამრავი ხალხი იყო ჩასული სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც ებრაელები, ასევე სხვა რჯულის მაღიარებელნიც; ციდან წამოსულმა უცნაურმა ხმამ ისინი იმ სახლთან შეკრიბა, რომელშიც მოციქულებს მოეყარათ თავი და თავიანთ ენაზე მოისმინეს ქადაგება, რადგან მოციქულები უკვე სხვადასხვა ენაზე მეტყველებდნენ. ზოგიერთებს, რომელთაც უცხო ენებზე წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობა არ ესმოდათ, ეგონათ, რომ მოციქულები მთვრალნი იყვნენ და იცინოდნენ.

მაშინ წარმოდგა პეტრე და სახალხოდ პირველად დაამოწმა, რომ იესო ნაზარეველი, რომელიც მათ ჯვარზე გააკრეს და მოკლეს, აღდგა, ამაღლდა და მარჯვენით მამისა დაჯდა. მოციქულის სიტყვებმა ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მსმენელებს გული მოულბათ. შეიცნეს საკუთარი შეცოდება წინაშე ღვთისა და შეშფოთებულებმა იკითხეს, როგორ გამოესყიდათ იგი. პეტრემ მათ სინანულისა და იესო ქრისტეს სახელით ნათლისღებისაკენ მოუწოდა.

როგორც ვხედავთ, უფალმა მოწაფეებს, ენების ცოდნასთან ერთად, სიბრძნე, ძალა და სულის სიმტკიცე მიანიჭა, აღსრულდა მისი დაპირება იმის თაობაზე, რომ მიეცემოდათ, რაც უნდა ეთქვათ, რადგან სინამდვილეში არა ისინი, არამედ სული მამისა ილაპარაკებდა. იმ დღეს სამი ათასმა კაცმა ირწმუნა ქრისტე და მისი სახელით მოინათლა.

ასე დაიწყეს მოციქულებმა უფლის სიტყვის ქადაგება იერუსალიმში და ამგვარად იწყო ქრისტეს ეკლესიამ ქვეყანაზე დაფუძნება.

მორწმუნეთა რიცხვის გაზრდას და პირველი ეკლესიის გაფართოებას დიდად შეუწყო ხელი სასწაულებმა, რომელთაც ღმრთეებრივი მოძღვრის სახელით მისი მოწაფენი აღასრულებდნენ.

პეტრეს სიტყვა სოლომონის ტაძარში

ადიოდნენ პეტრე და იოანე მოციქულები ტაძარში სალოცავად მეცხრე ჟამს. ტაძრის კართან იყო დაბადებიდან ხეიბარი კაცი, რომელიც ტაძარში შემსვლელთაგან დახმარებას ითხოვდა. დაინახა თუ არა პეტრე და იოანე დახმარება სთხოვა მათაც. მიმართა მას პეტრე მოციქულმა, შეეხედა მათთვის. დახმარების მომლოდინე ხეიბარი მიაცქერდა მათ, პეტრემ კი უთხრა: "ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით ადექი და გაიარე!" ამ დროს მარჯვენაზე ჩასჭიდა მას ხელი პეტრე მოციქულმა და წამოაყენა. მეყსეულად განიკურნა ხეიბრის ფეხები. იგი მაშინვე წამოხტა და მოციქულებთან ერთად შევიდა ტაძარში.

ტაძარში შესული განკურნებული ხეიბარი ყველამ იცნო. ხედავდნენ თუ როგორ ადიდებდა იგი ღმერთს და ამ ყოველივეს გამო ტაძარში მყოფი ხალხი შიშმა შეიპყრო. რადგანაც განკურნებული ხეიბარი პეტრეს და იოანეს აედევნა, გაოგნებული ხალხი მათ სოლომონის სტოასთან მიაწყდა. ამ დროს პეტრე მოციქულმა მიმართა ხალხს: "ისრაელიანო კაცებო, რად გიკვირთ ეს? ან რატომ მოგვჩერებიხართ ასე, თითქოს ჩვენი საკუთარი ძალით და სიწმინდით დავაწყებინეთ მას სიარული? აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა, განადიდა თავისი მსახუ¬რი იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა მან გადაწყვიტა მისი გათავისუფლება. თქვენ უარყავით წმინდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი მოემადლებინა თქვენთვის. სიცოცხლის წინამძღვარი მოკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ. ეს კაცი, რომელსაც თქვენ ხედავთ და იცნობთ, განამტკიცა მისი სახელის რწმენამ. ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ, როგორც თქვენმა მთავრებმა, უმეცრებით ჩაიდინეთ ეს. ხოლო ღმერთმა როგორც წინასწარ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასე აღესრულა კიდეც. მაშ, მოი¬ნანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები... ყველა წინასწარმეტყველი, სამუელიდან და მას აქეთ, ვინც კი ლაპარაკობდა ღმერთის სახელით, წინასწარ იუწყებოდა ამ დღეებზე. თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თქვენს მამებს, როცა უთხრა აბრაამს: შენს შთამომავლობაში იკურთხება ქვეყნიერების ყოველი მოდგმა! როცა ღმერთმა აღადგინა თავისი მსახური, პირველად თქვენ მოგივლინათ საკურთხებლად, რათა მოიქცეს თითოეული თავისი უკეთურებებისგან" (საქ.3. 11-26).

პეტრე და იოანე მოციქულების სინედრიონის წინაშე

პეტრე და იოანე ხალხს ელაპარაკებოდნენ სოლომონის სტოაში. მათთან მივიდნენ მღვდლები, ტაძრის უფროსი და სადუკეველები. განრისხებულები იყვნენ იმის გამო, რომ მოციქულები ხალხს ასწავლიდნენ და უქადაგებდნენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. დაადგნენ მოციქულებს თავზე, დაადეს ხელები და დაცვას ჩააბარეს მეორე დღემდე, რადგან უკვე საღამო ხანი იყო. ხალხის რაოდენობამ კი, რომლებმაც ირწმუნეს მოციქულთა სიტყვები, ხუთი ათასს მიაღწია.

მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ უხუცესები და მწიგნობრები, მღვდელმთავრები ანა და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე და სხვები. შუაში ჩააყენეს მოციქულები და ჰკითხეს, - ვისი სახელით ჩაიდინეთ სასწაულიო. განა დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც პეტრემ სიკვდილის შიშით თავისი ღმრთეებრივი მასწავლებელი უარყო, მაგრამ ახლა მას სიმტკიცე და სიმამაცე სულიწმიდამ შთააგონა და მთავართ უშიშრად უპასუხა: "რაკი დღეს პასუხს გვთხოვენ სნეული კაცისადმი ქველმოქმედების გამო, რითაც განიკურნა იგი, დე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და ისრაელის მთელმა ხალხმა, რომ იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, მის მიერ დგას იგი მრთელი თქვენ წინაშე" (საქმ. 4,9-10).

მართალია, მოციქულთა პასუხმა მღვდელმთავარნი აღაშფოთა, მაგრამ მათ სასწაულის არც დაფარვა და არც უარყოფა შეეძლოთ, რადგან იგი მთელი ხალხის წინაშე მოხდა. მთავარნი იძულებულნი გახდნენ, ისინი გაეშვათ - შეეშინდათ ხალხის მღელვარებისა, რომელიც კოჭლის სასწაულებრივი განკურნების გამო ღმერთს ადიდებდა.

გათავისუფლებული მოციქულები მივიდნენ თავისიანებთან და უამბეს, რაც მათ მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უთხრეს. შემდეგ ყველამ ერთსულოვნად აღავლინა ლოცვა უფლისადმი. შესთხოვდნენ ღმერთს, რომ ეწყალობა მათთვის ძალა, რათა მთელი სიმტკიცით ელაპარაკათ მისი სიტყვა. ლოცვის შემდეგ შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილები იყვნენ და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და განცხადებულად იტყოდნენ უფლის სიტყვას.

* * *

მოგვიანებით სადუკეველებმა მოციქულები ისევ დაიჭირეს და საპყრობილეში ჩასვეს, მაგრამ ღამით საპყრობილის კარი ანგელოზმა გააღო და მოციქულებს უთხრა, რომ ცხოველი სიტყვა ხალხისთვის ტაძარში ექადაგათ.

დილით შეიკრიბა სინედრიონი (უმაღლესი საბჭო ან მთავარი სამსჯავრო), რომელშიც მღვდლებიდან და იერუსალიმის სახელოვანი ადამიანებიდან ამორჩეული 70 კაცი შედიოდა. მათ ტყვეების მოყვანა ბრძანეს, მაგრამ გაგზავნილები ხელცარიელნი დაბრუნდნენ და სინედრიონს მოახსენეს, რომ თუმცა საპყრობილის კარს ბოქლომი ედო და მცველებიც იქვე იდგნენ, ტყვეები ტაძარში იყვნენ და ხალხს ასწავლიდნენ.

მღვდელმთავრებმა მოციქულები ტაძრიდან მოაყვანინეს და შეახსენეს, რომ იესოს შესახებ ქადაგება აკრძალული ჰქონდათ. მათ უშიშრად უპასუხეს, რომ ღვთის მორჩილება უფრო ჰმართებდათ, ვიდრე კაცისა. განრისხებულმა მღვდელმთავრებმა მოციქულთა დახოცვა ბრძანეს, მაგრამ მათ მოულოდნელად გამოუჩნდა დამცველი - რჯულის ბრძენი და განსწავლული მასწავლებლის, გამალიელის სახით, რომელიც ფარისეველთა სექტის წარმომადგენელი იყო. მან ჯერ მოციქულები გააყვანინა, ხოლო შემდეგ სინედრიონის წევრებს მიმართა, რომ არ იყო საჭირო მოციქულთა წინააღმდეგ ზომების მიღება, რადგან თუ ეს საქმე ადამიანებისგან იყო, იგი დაემხობოდა, ხოლო თუ ღვთისაგან, მაშინ ღმერთს ხელს ვერ შეუშლიდნენ და ვაითუ უფლის მოწინააღმდეგეებად ქცეულიყვნენ.

სინედრიონის წევრებმა გამალიელს დაუჯერეს, თუმცა მოციქულებს სასტიკად სცემეს, ქრისტეზე საუბარი კიდევ ერთხელ აუკრძალეს და გაუშვეს. მათი სული სიყვარულით იყო აღსავსე, რადგან საყვარელი მასწავლებლის სახელისთვის ტანჯვისა და წამების ღირსნი შეიქნენ.

ქრისტიანთა მდევნელი სავლეს სულიერი ფერისცვალება და წმინდა პავლეს მოციქულად სახელდება

"საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო!.." მართლაც საოცარია, როგორ გამოარჩევს ხოლმე ღმერთი თავის რჩეულ ჭურჭელს სრულიად არაქრისტიანულ გარემოში. უფალი თავისი სასწაულით მისსავე მდევნელსა და დაუძინებელ მტერს სულიერ ფერისცვალებას განაცდევინებს და ერთგულ მსახურად გაიხდის. ქრისტიანულ სამყაროში პირველმა პავლე მოციქულმა იცვალა ასე "ფერი".

მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ იერუსალიმში ქრისტეს მორწმუნეთა დევნა დღითი დღე ძლიერდებოდა. განსაკუთრებული შემართებით მოქმედებდა ახალგაზრდა სავლე. იგი იყო რაბინი ფარისეველთა სექტისა, რომლებსაც სხვებზე მეტად სძულდათ ქრისტეს სწავლება და მაცხოვარს მოსეს რჯულის დამარღვეველად მიიჩნევდნენ. სავლეს გულწრფელად სჯეროდა, რომ მისი მოვალეობა იყო, იესო ნაზარეველს მთელი არსებით აღდგომოდა წინ. იგი დაჯილდოებული იყო გონიერებით, ურყევი ნებისყოფით, მგზნებარე და შეუპოვარი სულით. მან ყველა ეს ნიჭი ქრისტეს სწავლების წინააღმდეგ გამოიყენა და მისი ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ მდევნელად მოგვევლინა. სავლე იჭრებოდა სახლებში, ატყვევებდა მორწმუნეებს, ასამართლებდა და საპყრობილეში ამწყვდევდა, აწამებდა მათ და აიძულებდა, დაეგმოთ ქრისტე. სამსჯავროზე ხმას აძლევდა მორწმუნეების დახოცვას.

იგი იწონებდა მთავარდიაკონ სტეფანეს წამებას და მის ქვით ჩამქოლავთა სამოსსაც კი დარაჯობდა. ქრისტიანთა დევნის ჟინით შეპყრობილმა, იუდეველთა მღვდელმთავარს სთხოვა, წერილები მიეწერა დამასკოს სინაგოგებისთვის, რათა იქაც ჰქონოდა უფლება იესოს მიმდევართა შეპყრობისა და იერუსალიმში მოყვანისა. მართლაც დაადგა სავლე დამასკოს გზას, მაგრამ ქალაქამდე ვერ მიაღწია, რადგან, ღვთის წყალობით, მასში სასწაულებრივი ფერისცვალება მოხდა.

დამასკოს რომ მიუახლოვდა, სავლე ღვთიურმა ნათელმა მოიცვა. ყველა მისი მხლებელი ცხენებიდან ჩამოცვივდა, სავლეს კი ხმა ესმა: "საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება წიხლვა დეზისა". სავლე დაეკითხა: "ვინ ხარ შენ, უფალო?" ხმამ უპასუხა: "მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი. მაგრამ წამოდექი და ფეხზე დადექი, ვინაიდან იმისთვის მოგევლინე, რომ დაგადგინო მსახურად და იმის მოწმედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ" (საქმე. 26,14-16). სავლეს მხლებლებს ხმა კი ესმოდათ, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩ ევდნენ. ღვთიური ნათებისგან სავლე დაბრმავდა და უფლის მითითებით გაეშურა დამასკოსკენ, სადაც სამოცდაათ მოციქულთაგან ერთ-ერთი - ანანია ცხოვრობდა.

ანანიას გამოცხადებით ემცნო: "ადექი და მიდი იმ უბანში, რომელსაც მართალი ჰქვია, და მოძებნე იუდეველთა ტაძარში კაცი, სახელად სავლე..." ამასობაში ღვთიური ნათლით დაბრმავებული სავლე ხელით შეიყვანეს ტაძარში, სადაც სამი დღე-ღამე ისე დაყო, საჭმელიც არ გახსენებია, განუწყვეტლივ ლოცულობდა. ბოლოს, უფლის ბრძანებისამებრ, მივიდა მასთან ანანია, თვალებზე ხელი შეახო და ქრისტეს სახელით მხედველობა დაუბრუნა. სავლე მოინათლა და სახელად პავლე ეწოდა. იგი სინაგოგებში შედიოდა და გაბედულად ქადაგებდა, რომ იესო ქრისტე ძე ღმრთისა იყო. გაცოფებულმა ებრაელებმა მისი მოკვლა გადაწყვიტეს, მაგრამ მოწაფეებმა სავლე ღამით კალათით ჩამოუშვეს სახლიდან და ქალაქიდან გააპარეს. რამდენიმე ხანი არაბეთში დაყო, ხოლო სამი წლის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდა და ქრისტეს მოწაფეებთან შეერთება მოინდომა, მაგრამ მათ ახსოვდათ, როგორ დევნიდა იგი მორწმუნეებს. ბოლოს, ერთ-ერთმა მოწაფემ, ბარნაბამ, რომელიც დიდი ხანია იცნობდა სავლეს (ფიქრობენ, რომ ისინი გამალიელის მოწაფენი ერთდროულად იყვნენ), ყველას უამბო მისი სასწაულებრივი მოქცევის ამბავი. იერუსალიმელი იუდეველები ვერ ურიგდებოდნენ იმას, რომ ქრისტეს მორწმუნეთა ყველაზე მეტად მოძულე თვითონ იყო ჯვარცმული ღმერთის მიმდევარი და ამიტომაც განსაკუთრებით შეიძულეს. მაშინ სავლეს თვით უფალმა უბრძანა, იერუსალიმს გაშორებოდა და ღმრთის სიტყვა წარმართთა შორის ექადაგა.

მაცხოვრის მიმართ მადლიერებისა და სიყვარულის გრძნობამ, რომლითაც სავსე იყო პავლედ წოდებული სავლეს გული, მასში მოღვაწეობის ისეთი მძაფრი სურვილი აღძრა, როგორსაც ვერანაირი მიწიერი მიზნები ვერ აღძრავენ, რადგან ყოველივე მიწიერი წარმავალია. ვინც ღმერთს გულწრფელად ემსახურება, მისთვის დიდი და მცირე საქმე არ არსებობს. იგი მოვალეა, უფლისაგან მოცემული ძალით ემსახუროს ღმერთსა და მოყვასს. სახიერი და კაცთმოყვარე უფალი კი ჩვენს ყოველ ძალისხმევას აკურთხებს და ჩვენს თუნდაც მცირეოდენ გარჯას მოწყალედ მიიღებს.

უფლის სასწაულით ასე იცვალა ფერი სავლემ და ქრისტიანთა მდევნელის ნაცვლად მოციქულის სახელი დაიმკვიდრა. მაცხოვრის მიმართ მადლიერებამ და სიყვარულმა მას მოღვაწეობის ისეთი მძაფრი სურვილი აღუძრა, როგორსაც ვერავითარი მიწიერი მიზნები ვერ გაუჩენდა, რადგან ყოველივე მიწიერი წარმავალია. ფერისცვალებით მიღებული ძალითა და მადლით მოციქული ღირსეულად ემსახურა ღმერთსა და მოყვასს.

პეტრე მოციქულის მოღვაწეობის დასაწყისი

პეტრემ იესოს მოძღვრების ქადაგებით მრავალი ქალაქი მოიარა და მაცხოვრის სახელით სასწაულებიც ჩაიდინა. ქალაქ ლოოდში განკურნა 8 წელიწადს სარეცელს მიჯაჭვული კაცი, ხოლო იონიის ზღვისპირა ქალაქში მკვდრეთით აღადგინა ქალი, სახელად ტაბითა.

როცა იგი ჯერ კიდევ იონიაში ცხოვრობდა მეტყავე სიმონთან და ასწავლიდა ცხონების გზას, ზემო სართულში ექვსი საათის ლოცვისას უეცრად ძლიერი შიმშილი იგრძნო. ამ დროს დაინახა, ზეციდან ჩამოეშვა ჭურჭელი კუთხეებგაკვანძული ხელსახოცით, რომელიც უწმინდურად მიჩნეული, საჭმელად უვარგისი სხვადასხვა ცხოველით, ქვემძრომითა და ფრინველით იყო სავსე. ამავე დროს ჩაესმა: "ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე!" პეტრემ იუარა, რადგან მას უწმინდური რამ არასოდეს ეჭამა. პასუხად მიიღო: "რაც უფალმა წმინდად აღიარა, იმას უწმინდურად ნუ ჩათვლი". ეს სამგზის განმეორდა. ამასობაში პეტრემ გაიგონა, რომ ქვემოთ ვიღაც კითხულობდა - კესარიაში მცხოვრები რომაელი ასისთავის კორნილეოსის წარმოგზავნილი ორი მსახური და ერთი მეომარი მოსულიყვნენ. ეს კორნილეოსი წარმართთაგან იმით გამოირჩეოდა, რომ ერთ ღმერთს ეთაყვანებოდა და გულმოწყალებითა და ქველმოქმედებით იყო ცნობილი. ამიტომაც გადმოვიდა მასზე უფლის წყალობა: ანგელოზმა ამცნო, რომ სულის მაცხოვნებელ გზას პეტრე ასწავლიდა. როდესაც მისულებმა მოციქულს მისი ჩვენების შესახებ უამბეს, იგი მიხვდა, რასაც ნიშნავდა სასწაული, რომელიც იხილა: სულის გადამრჩენელი მოძღვრება იესო ქრისტესი წარმართებისთვისაც უნდა ექადაგა, რადგან ისინიც ისეთივე შვილები იყვნენ უფლისა, როგორიც იუდეველები.

პეტრე კორნილეოსის სახლში შევიდა. მასპინძელი მას ფეხებში ჩაუვარდა. "ადექი, - უთხრა პეტრემ, - მეც ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც შენ". ასისთავთან მისი ნათესავები და მეგობრები შეკრებილიყვნენ. მოციქულმა მათ მიმართა: "თქვენ იცით, რომ იუდეველებს უცხო ტომის შვილებთან ურთიერთობა ეკრძალებათ, მაგრამ ღმერთმა განმიცხადა, რომ უწმინდურად აღარავინ ჩავთვალო. მითხარით, რა საქმეზე მიხმეთ?" როდესაც კორნილეოსმა დაწვრილებით უამბო, რაც იხილა, პეტრემ წამოიძახა: "ღმერთს ყველა ესათნოება, ვისაც კი მისი შიში აქვს და სამართლიანად იქცევა". ამის შემდეგ მან დაიწყო ქადაგება იესო ქრისტეზე, რომელმაც სიკვდილი იგემა, რათა ადამის მოდგმა მისი ტყვეობისაგან ეხსნა. ამ დროს მსმენელზე სულიწმიდა გადმოვიდა, მათ მყისვე ენების ცოდნა შეიძინეს და სიხარულით აღვსილნი ღმერთს ადიდებდნენ. ამის მხილველი იქ მყოფი ებრაელები გაოცებულნი დარჩნენ სულიწმიდის წარმართებზე გადმოსვლით. პეტრემ ყველა მონათლა და ახალმოქცეულთა დასამოძღვრად რამდენიმე დღე დარჩა.

წარმართებმა ღვთის სიტყვა სხვაგანაც მოისმინეს, კერძოდ, ზოგიერთმა კვიპროსელმა და კვირინელმა მორწმუნემ სახარება ანტიოქიაში მცხოვრებ ელინებსაც უქადაგა. იერუსალიმის ეკლესიამ იქ ბარნაბა წარგზავნა, რომელიც ფრიად გახარებული დარჩა, როცა დარწმუნდა, როგორი კეთილისმყოფელი გავლენა მოეხდინა იესოს მოძღვრებას ანტიოქიელებზე. შემდეგ ტარსიდან პავლეც ჩამოვიდა. მოციქულებმა ანტიოქიაში მთელი წელი დაყვეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ქრისტიანები ანტიოქიელებს ეწოდათ, რითაც ისინი, როგორც ეს წმინდა წერილიდან ვიცით, ფრიად ამაყობდნენ და ამ სახელისათვის შესაფერისი ღირსებით ცხოვრებას გულმოდგინედ ცდილობდნენ.

იუდეველები მრისხანებას ვერ ფარავდნენ, როცა ხედავდნენ, რა სწრაფად ვრცელდებოდა იესოს მოძღვრება. ამიტომ იუდეის მეფემ, ჰეროდე აგრიპამ, ბეთლემელი ჩვილების ამომწყვეტი ჰეროდეს შვილიშვილმა, ხალხის გულის მოსაგებად ერთ-ერთი მოციქულთაგანის, იოანე ღვთისმეტყველის ძმის, იაკობ ზებედეს ძის შეპყრობა ბრძანა. ცრუ მოწმეც მალე მოძებნა და იაკობს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მოციქულმა განაჩენი აუღელვებლად მოისმინა და კვლავ მშვიდად დაამოწმა, რომ ჯვარცმული ღმერთის მიმდევარი იყო. მისმა სიმშვიდემ და სიმამაცემ თვით ცრუ მოწმეც კი ისე აღაფრთოვანა, რომ ქრისტეს სჯულზე მოიქცა. როდესაც იაკობი დასასჯელად წაიყვანეს, იგი მას მუხლებში ჩაუვარდა და პატიება სთხოვა. წმინდა მოციქულმაც შეუნდო. მაშინ ცრუ მოწმემ საჯაროდ აღიარა იესო ქრისტე და იაკობთან ერთად სიკვდილით დაისაჯა ისე, რომ წმინდა ნათლობის მიღება ვერ მოასწრო. მაგრამ ეკლესიამ ქრისტეს სახელისთვის წამება ნათლისღების ტოლფასად ჩათვალა და წამებას სისხლით ნათლობა უწოდა.

ებრაელებმა იაკობის დასჯას მხარი რომ დაუჭირეს, ჰეროდემ პეტრეც დაიჭირა და საპყრობილეში შეაგდო, მაგრამ რადგან პასექი ახლოვდებოდა, დასჯა გადადო. სიკვდილით დასჯის წინა ღამეს ერთ-ერთი მოწაფის, იოანე მარკოზის დედის, მარიამის სახლში შეკრებილი მორწმუნენი მხურვალედ ლოცულობდნენ; თვითონ პეტრეს კი, ბორკილებგაყრილს, მშვიდად ეძინა ორ მეომარს შორის, ორიც კარს დარაჯობდა. შუაღამისას საპყრობილე უეცრად უცხო ნათელმა გაანათა, უფლის ანგელოზმა პეტრე გააღვიძა და გაყოლა უბრძანა. ბორკილები თავისით დასცვივდა მოცი¬ქულს ხელებიდან, რკინის კარიც თავისით გაიღო და პეტრე საპყრობილიდან ისე გავიდა, რომ მცველებს არაფერი გაუგიათ. როცა იგი მარიამთან მივიდა, მლოცველმა მორწმუნეებმა თვალებს არ დაუჯერეს და ღმერთი ადიდეს.

პეტრემ იერუსალიმი დატოვა და სხვა ადგილებში დაიწყო ქადაგება, იგი ადამიანებს ცოდვათა მონანიებისა და ნათლობისაკენ მოუწოდებდა. განრისხებულმა ჰეროდემ პეტრეს მცველები სიკვდილით დასაჯა. მალე იგი იმპერატორის პატივსაცემად გასამართი ზეიმის ჩასატარებლად კესარიას გაემგზავრა. აქ მან სიმდიდრით განთქმული ქალაქების - ტვიროსისა და სიდონის ელჩების თავისი შესაძლებლობით გაკვირვება მოინდომა და ნადიმად მიწვეულებს მდიდრულ ტახტზე ვერცხლის ქსოვილის სამოსით დახვდა, რომელიც ისე ბრწყინავდა, რომ მნახველებს თვალს სჭრიდა. როცა ჰეროდემ საუბარი დაიწო, კარისკაცები ლამის ყველა სიტყვას აწყვეტინებდნენ შეძახილებით: "ღმერთი ლაპარაკობს და არა ადამიანი". ამგვარი ამპარტავნობისათვის ჰეროდე მკაცრად დაისაჯა - ანგელოზმა ისე მძიმე სენი შეჰყარა, რომ მსახურებმა ხელით გაიყვანეს, ხოლო ხუთი დღის შემდეგ მატლებისგან შეჭმული საშინელი წამებით გარდაიცვალა.

საპყრობილიდან სასწაულებრივი გათავისუფლებისა და იერუსალიმიდან წასვლის შემდეგ პეტრეს ღვაწლზე უკვე არა "საქმე მოციქულთა", არამედ საეკლესიო და ისტორიული გადმოცემანი მოგვითხრობენ.

წმინდა პავლეს მოციქულებრივი ღვაწლი

პავლე მოციქულის სიყრმის მეგობარი გახლდათ იესოს 70 უახლოეს მოწაფეთაგანი ბარნაბა. ძველი მეგობრები ქრისტეს სიყვარულმა კვლავ გააერთიანა. ისინი ერთად ქადაგებდნენ ანტიოქიაში, სადაც მოწაფეებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები.

პავლე და ბარნაბა ანტიოქიიდან იერუსალიმს გაგზავნეს და თან გაჭირვებული მოძმეებისთვის შემწეობა გაატანეს. მათ იქ ერთხანს დაყვეს, შემდეგ ანტიოქიაში დაბრუნდნენ და თან წაიყვანეს ჭაბუკი მოწაფე, ბარნაბას ნათესავი იოანე მარკოზი. ღვთის მადლით, ანტიოქიის ეკლესია სწრაფად იზრდებოდა და თავის წევრებად მრავალ ღვთისსათნო ადამიანს მიითვლიდა. წმინდა წერილში დასახელებულნი არიან წინასწარმეტყველნი და მასწავლებლები: ბარნაბა, სავლე, სიმონი (რომელსაც ნიგერსაც ეძახდნენ), ლუციუს კვირინელი, მანაილი. ერთხელ, ღვთისმსახურების დროს, სულიწმიდამ წინასწარმეტყველთა პირით უბრძანა ბარნაბასა და სავლეს, მომზადებულიყვნენ განსაკუთრებული მისიის შესასრულებლად. მაშინ ძმობამ, ლოცვისა და მარხვის შემდგომ, ხელნი დაასხა მათ და სახარების საქადაგებლად სხვა ქვეყნებში მიავლინა.

აქ მითითებულია ძველ ეკლესიაში დაცული მმართველობის წესი: ბარნაბა და სავლე თავად სულიწმიდამ გამოარჩია, მაგრამ მათ მაინც ეკლესიისგან მიიღეს ხელდასხმა, რაც ნიშნავს კურთხევასაც და დადგინებასაც. ამასთან, ისინი თავიანთი საქმის აღსასრულებლად ლოცვითა და მარხვით ემზადებოდნენ.

სულიწმიდით შთაგონებული ბარნაბა და სავლე გზას გაუდგნენ. მათ თან გაჰყვა და ემსახურებოდა იოანე მარკოზი.

პირველად ბარნაბას სამშობლოში, კუნძულ კვიპროსზე იქადაგეს. მოციქულები კვიპროსიდან გაემგზავრნენ მცირე აზიაში. იოანე მარკოზმა მალე მიატოვა ისინი; სავარაუდოდ, მას სირთულეების და ხიფათის შეეშინდა. წმინდა მოციქულები კი მზად იყვნენ, ყოველივე დაეთმინათ უფლის სიტყვისთვის. ისინი ყოველ ქალაქში თავდაპირველად სინაგოგებში ქადაგებდნენ, თუ იუდეველები არ შეიწყნარებდნენ ქრისტეს სწავლებას, მაშინ მიმართავდნენ წარმართებს. პისიდიის ანტიოქიაში ამ უკანასკნელთაგან მრავალმა მოუსმინა მათ და ირწმუნა, მაგრამ იუდეველებმა მოციქულებს დევნა მაინც დაუწყეს და ამ მხარიდან გააძევეს.

პისიდიის ანტიოქიიდან დევნილი მოციქულები იკონიაში მივიდნენ, სადაც მრავალი წარმართი და ელინი მოაქციეს; იქ საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდნენ, გულმოდგინედ ქადაგებდნენ და ღვთის ძალით აღასრულებდნენ ნიშებსა და სასწაულებს. მაგრამ აქაც იუდეველებმა არ მოასვენეს, მთელი ქალაქი აღაშფოთეს და მოციქულების ქვებით ჩაქოლვა განიზრახეს. მაშინ მათ ლიკაონიის სხვა ქალაქებს - ლისტრას და დერბეს - მიაშურეს.

არსებობს გადმოცემა, რომ იკონიაში ყოფნის დროს პავლე მოციქულმა გააქრისტიანა წარმართი ასული, სახელად თეკლა. ქალწულმა მთელი გულით ირწმუნა და უარი განაცხადა ქორწინებაზე წარმართთან, რომელზეც დაწინდული იყო. ამის გამო საკუთარი ოჯახი გადაიმტერა - მას თავად დედამ დასდო ბრალი სამსჯავროზე, რის შედეგადაც ქალწულს ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. უფალმა სასწაულებრივად იხსნა იგი და თეკლამაც მთელი სიცოცხლე ღვთის სამსახურს მიუძღვნა. იგი თავდაუზოგავად ქადაგებდა სახარებას, არად აგდებდა ნებისმიერ მუქარასა და დევნას. ანტიოქიაში მას მეორედ მიუსაჯეს სიკვდილი და ამჯერადაც იხსნა უფლის ძალამ. თეკლა ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა სელევკიის მახლობლად. მან ქადაგებითა და თავისი წმინდა ცხოვრების მაგალითით მრავალი წარმართი გააქრისტიანა.

ეკლესია მას პირველმოწამესა და მოციქულთა სწორს უწოდებს და პატივს მიაგებს 24 სექტემბერს.

მოციქულები რამდენიმე ხანს დარჩნენ ლისტრაში და მოძღვრავდნენ ხალხს, მაგრამ ანტიოქიიდან იქაც მივიდნენ მათი მოძულე იუდეველები, დაუწყეს ლანძღვა და ცილისწამება. მათ ზუსტად ისინი მიემხრნენ, რომლებიც ცოტა ხნის წინ მოციქულებს აღმერთებდნენ - ქვებიც კი დაუშინეს მათ. შემდეგ მოსახლეობამ ცოცხალ-მკვდარი პავლე ქალაქგარეთ გაათრია, მაგრამ უფალმა ჯანმრთელობა დაუბრუნა მოციქულს, რომელიც მეორე დღეს ბარნაბასთან ერთად დერბეში წავიდა.

იქ მოციქულებმა საკმაოდ ბევრი მოწაფე შეიძინეს. არ შეუშინდნენ მტრების რისხვას და ისევ ლისტრაში, იკონიასა და პისიდიის ანტიოქიაში დაბრუნდნენ, რათა თავიანთი დარიგებებით განემტკიცებინათ ახალმოქცეულების რწმენა. თითოეულ ეკლესიაში მოციქულები ხელს ასხამდნენ პრესვიტერებს, რომლებსაც უნდა ეზრუნათ მორწმუნეებზე, დაემოძღვრათ ისინი და აღესრულებინათ ღვთისმსახურება. შემდეგ მარხვითა და ლოცვით ავედრებდნენ უფალს მის ახალმოქცეულ შვილებს და საქადაგებლად სხვაგან მიდიოდნენ... თავიანთი ღვთაებრივი მოძღვრის მაგალითს ჰბაძავდნენ, თავს არ ზოგავდნენ, მიჰყვებოდნენ მის დარიგებებს, დადიოდნენ ქალაქებსა და დაბებში და ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, ეწეოდნენ ქველმოქმედებას, ეხმარებოდნენ სნეულებსა და ტანჯულებს. თავი მთლიანად წმინდა საქმეს მიუძღვნეს - ცხოვრობდნენ ღვთის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ და არა საკუთარი თავისთვის.

პერგესა და ატალიაში ყოფნის შემდეგ პავლე და ბარნაბა დაბრუნდნენ სირიის ანტიოქიაში. როცა მოძმეებს უამბეს, თუ როგორ აკურთხა უფალმა მათი შრომა, ყველამ გულით გაიხარა. მოციქულების ეს მოგზაურობა ერთ წელიწადს გაგრძელდა.

იერუსალიმის კრება

პავლე და ბარნაბა დიდხანს ცხოვრობდნენ ანტიოქიაში და გულწრფელად უხაროდათ, რომ უფალმა კერპთაყვანისმცემლებსაც მოუხმო და გადარჩენის გზა აჩვენა. მალე წარმართთა თაობაზე მორწმუნეთა შორის დავა ატყდა. იუდეიდან მოსული ზოგი მოძმე ამტკიცებდა, რომ ისინი ვერ გადარჩებოდნენ, თუ ჯერ მოსეს რჯულის წესს არ შეიწყნარებდნენ. პავლე და ბარნაბა ედავებოდნენ მათ, რადგან ესმოდათ, რომ მოსეს რჯულის წესები ქრისტეს ახალი რჯულის წინასახეს წარმოადგენდა, მის მისაღებად მომზადებას ემსახურებოდა და ახლა კი თავისი მნიშვნელობა დაკარგა. რჯულის წესების მიზანი იყო იუდეველთა გამიჯვნა სხვა ერებისგან და ამით ებრაელთა დაცვა კერპთაყვანისცემლობისგან; მაგრამ ახლა, როდესაც უფალმა წარმართებსაც მოუხმო გადარჩენისკენ, ასეთი განცალკევება საჭირო აღარ იყო. სიმშვიდისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად ანტიოქიის ეკლესიამ გადაწყვიტა, სხვა მოციქულებთან და მოძმეებთან ამ საკითხზე სათათბიროდ იერუსალიმში გაეგზავნა პავლე და ბარნაბა. პავლეს თან გაჰყვა მისი ახალგაზრდა მოწაფე, ელინთაგან მოქცეული ტიტე. გზად ისინი ყველა მორწმუნეს უამბობდნენ წარმართთა მოქცევის ამბავს.

იერუსალიმშიც არ ცხრებოდა კამათი კერპთაყვანისმცემელთა თაობაზე. ფარისეველთაგან მოქცეულნი ამტკიცებდნენ, რომ გაქრისტიანებულ წარმართებს უეჭველად მართებდათ მოსეს რჯულის ყველა წესის დაცვა, რასაც გადარჩენის აუცილებელ პირობად მიიჩნევდნენ. ამ საკითხზე სათათბიროდ შეიკრიბნენ მოციქულები და პრესვიტერები. ქრისტესშობიდან 50-ე წელს შედგა კრება, რომელსაც უძღვებოდა იერუსალიმის ეპისკოპოსი იაკობი. პეტრე წამოდგა და შეკრებილებს შეახსენა, რომ ღმერთმა პირველად მას უბრძანა, ექადაგა წარმართებისთვის და ისინი არაფრით განუსხვავებია იუდეველებისგან; მათაც გარდამოუვლინა სულიწმიდა და რწმენით განწმინდა მათი გულები. დასასრულ კი თქვა, რომ ყველას ცხონება მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს მადლით იყო შესაძლებელი. პავლემ და ბარნაბამ კრებას უამბეს იმ ნიშებსა და სასწაულებზე, რასაც უფალი მათი საშუალებით ახდენდა წარმართთა შორის. იაკობი თავად მკაცრად იცავდა რჯულს, მაგრამ მიემხრო თვალსაზრისს, რომ წარმართობიდან მოქცეულების დატვირთვა იუდეური წესებით არ იყო საჭირო - ის მათთვის მაინც არაფერს ნიშნავდა. ოღონდ მოეთხოვებოდათ ქრისტეს რჯულის აღსრულება, წმინდად და მართლად ცხოვრება - არ უნდა მიეგოთ სხვებისთვის ის, რასაც თავისთვის არ ისურვებდნენ.

ბოლოს, ყველა შეთანხმდა და იერუსალიმის ეკლესიის სახელით დაიწერა წერილი-მიმართვა სირიაში, ანტიოქიასა და კილიკიაში მცხოვრები გაქრისტიანებული წარმართებისადმი. ამ წერილში მათ ძმები უწოდეს, დადგენილება გააცნეს, აღიარებულ იქნა, რომ იუდეველებსა და წარმართობისაგან მოქცეულებს შორის სხვაობა არ არსებობს - ისინი ურთიერთისადმი სიყვარულით შეაკავშირა ერთადერთი მაცხოვრის რწმენამ, რომლის მიერაც მორწმუნეები ღვთის შვილნი ხდებიან. იუდეველთათვის, რომლებიც ასე დიდხანს თვლიდნენ თავს ღვთის ერთადერთ რჩეულ ერად, იოლი არ ყოფილა წარმართებთან თანასწორობის აღიარება. ეს შემდგომშიც ხშირად აღაშფოთებდა მათ. სიტყვები, "ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა", ჩართეს შემდგომ იმ კრებების დადგენილებებშიც, რომლებსაც, იერუსალიმის კრების მსგავსად, სადავო საკითხების გადასაჭრელად და ეკლესიაში შექმნილ სხვადასხვა გარემოებათა გამო იწვევდნენ. მაგრამ, მიუხედავად კრების დადგენილებისა, იუდეველ ქრისტიანებს გაუჭირდათ, თავიანთ შეგნებაში სრულად დაეძლიათ ადრინდელი განწყობა წარმართებისადმი.

* * *

იერუსალიმის კრების შემდეგ პავლემ შესთავაზა ბარნაბას, წასულიყვნენ და მოენახულებინათ ძმები ყველა იმ ქალაქში, სადაც იქადაგეს უფლის სიტყვა. მაგრამ მათ შორის მოხდა უთანხმოება და ბარნაბა მარკოზთან ერთად წავიდა კვიპროსისკენ. ხოლო პავლე სილასთან ერთად გაემგზავრა სირიასა და კილიკიაში.

პავლე მოციქულს ლუსტრაში ქადაგებისას ერთი ახალგაზრდა კაცი, სახელად ტიმოთე, დაემოწაფა, რომელიც შემდგომ მისი ერთგული თანამგზავრი და მეგობარი გახდა. როცა პავლემ უფლისაგან საბერძნეთში, მაკედონიაში, წასვლის ბრძანება მიიღო, სილასა და ტიმოთეს გარდა თან გაჰყვა ლუკა მახარებელიც, ავტორი ერთ-ერთი სახარებისა და მოციქულთა საქმისა, წარმოშობით ანტიოქიელი ბერძენი. აქედან მოყოლებული, იგი მოძღვარს აღარ განშორებია.

მოციქული და მისი მოწაფენი სახარების საქადაგებლად უპირველესად ებრაელთა სინაგოგებში შედიოდნენ. მაკედონიის ქალაქ ფილიპიაში პავლემ და მისმა თანამგზავრებმა ძოწეულით მოვაჭრე ქალი ლუდია მოაქციეს, რომელიც მალე მთელი ოჯახით მოინათლა. მიუხედავად ბერძნების რელიგიური შემწყნარებლობისა, ჭეშმარიტი ღმერთის მქადაგებლებმა დევნა ამ ქალაქშიც განიცადეს, ამის მიზეზი კი ერთი მსახური ქალი გახდა. ბოროტი სულით შეპყრობილი მსახური მკითხაობდა და ამ გზით თავის ბატონს დიდძალ შემოსავალს აძლევდა. როცა ქალმა მოციქულები დაინახა, ყვირილით დაედევნა. პავლემ უფლის სახელით მისგან ბოროტი სული განდევნა და ქალმაც მკითხაობა შეწყვიტა. ამან დიდად გაანაწყენა მისი ბატონი - მას ხომ შემოსავლის წყარო მოაკლდა. განსაკუთრებით მოციქულები შეიძულა, რომელთაც რომის ქვეშევრდომებისთვის შეუფერებელი მოძღვრების გავრცელებაში ადანაშაულებდა. ქალაქის ხელისუფალთა ბრძანებით, პავლეს და სილას დაუნდობლად სცემეს და საპყრობილეში ჩაყარეს. შუაღამისას ისე ძლიერ იძრა მიწა, რომ ტყვეებს ბორკილები დასცვივდათ, ციხის კარი კი თავისით გაიღო. მძინარე მცველს გამოეღვიძა და გაღებული კარის დანახვაზე თავზარი დაეცა. იფიქრა, ტყვეები გაიქცნენო და შეშინებულმა თავის მოკვლა განიზრახა, მაგრამ ისევ პავლე მოციქულმა დაამშვიდა და აუხსნა, რაც მოხდა. ამ სასწაულის მხილველმა მცველმა ქრისტე ირწმუნა და მთელი ოჯახით მოინათლა.

მიწისძვრით შეშინებულმა ქალაქის მმართველებმა დილით საპყრობილეში კაცები გაგზავნეს პატიმრების გასათავისუფლებლად, მაგრამ პავლემ თავად უფროსების მისვლა მოითხოვა - დაბადებიდანვე რომის მოქალაქე იყო და იცოდა, რომ რომის მოქალაქეთა საპყრობილეში გაუსამართლებლად ჩასმა კანონით იკრძალებოდა. უფროსები მართლაც მივიდნენ, მოციქულებს ბოდიში მოუხადეს და გაუშვეს.

ფილიპიიდან პავლე ათენში ჩავიდა, რათა ექადაგა, რომ ქრისტეა ჭეშმარიტება, სიცოცხლე და სინათლე. ვერ ვიტყვით, რომ პავლე მოციქულის ქადაგებას ათენში დიდი წარმატება ხვდა წილად, რადგან ამ დიდი ფილოსოფიური ტრადიციების მქონე ქალაქის მცხოვრებნი მეტისმეტად ამაყობდნენ თავიანთი კაცობრივი სიბრძნით, ეს კი ღვთაებრივი მოძღვრების გულისყურით მოსმენაში ხელს უშლიდათ. ასე რომ, ამპარტავნობა და ქედმაღლობა ადამიანს ჭეშმარიტების შესაცნობად მხედველობასთან ერთად სასმენელთაც უხშობს.

ათენიდან პავლე კორინთოში გადავიდა, სადაც ღვთისმოსავ ცოლ-ქმართან - აკვილასა და პრისკილასთან ცხოვრობდა, მათთან ერთად ისიც ფიზიკურად შრომობდა - კარვებს აკეთებდა, შაბათობით კი სინაგოგაში ქადაგებდა, სადაც განსაკუთრებით მრავლად ჰყავდა მოწინააღმდეგე. მათ გაქვავებულ გულებს რომ წააწყდა, ლამის უსასოობის განცდა დაეუფლა, მაგრამ მძიმე ტვირთის ზიდვაში უფალი წამოეშველა - გამოეცხადა და ანუგეშა.

შემდგომ მოციქული მასპინძლებთან - აკვილასა და პრისკილასთან ერთად ეფესოში წავიდა, იქიდან კი იერუსალიმში გაემგზავრა და ნივთიერად შეჭირვებულ ქრისტიანებს მორწმუნეთა შორის შეგროვებული დახმარება ჩაუტანა, რაც იმ დიდ სიყვარულზე მეტყველებს, რომელიც სხვადასხვა მხარეში მცხოვრებ ქრისტიანებს აერთიანებდა.

54 თუ 55 წელს პავლემ მოციქულებრივი მისიით მესამედ იმოგზაურა და თან ლუკა, ტიტე და ტიმოთე წაიყვანა.

ორი წლის მანძილზე მოციქულმა მრავალი სასწაული მოახდინა: მისი ნივთების შეხებითაც კი იკურნებოდნენ სნეულნი და ბოროტ სულთაგან თავისუფლდებოდნენ.

ამასობაში მოციქულმა შეიტყო, რომ გალატელები ცრუ მოძღვრებმა აცდუნეს - ირწმუნეს, თითქოს სულის ცხონებისთვის მოსეს სჯულის დაცვა იყო აუცილებელი. პავლემ გალატელებს წერილი მისწერა, რომელშიც განმარტა, რომ გადარჩენა რჯულის გარეგნული დაცვით შეუძლებელია, ხსნას კი ადამიანის სულს ოდენ სიყვარულით მოქმედი რწმენა მოუტანს. ძველი აღთქმის ადამიანები მონები იყვნენ უფლისა, მას შემდეგ კი, რაც ქრისტემ სიკვდილი იგემა და კაცობრიობა ცოდვის ტყვეობიდან გამოიხსნა, ადამის მოდგმამ ღვთის შვილობის პატივი მიიღო. მოციქული გალატელებს არწმუნებს, უპირველესად ქრისტეს მოძღვრების სული დაიცვან, რის შემდეგაც ებოძებათ მშვენიერი ნაყოფი სულისა.

მოციქულს კორინთოს ეკლესიის მდგომარეობაც აწუხებდა, რადგან იქ მორწმუნეთა ერთობას ბზარი გაუჩნდა და ქრისტიანები მოძღვართა მიხედვით დაიყვნენ. ერთნი ამბობდნენ, პავლესი ვართო, მეორენი - აპოლოსისო, სხვანი კიდევ - კეფასი ან ქრისტესიო.

მოციქულმა ეფესოდან წერილი კორინთელებსაც მისწერა - აუხსნა, როგორც ქრისტეს დაყოფა არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება მისი მორწმუნეების დაყოფაცო. განა თქვენთვის ჯვარს პავლე ეცვა ან ნათელი პავლეს სახელით მიიღეთო, - ეკითხება კორინთელებს და იქვე განმარტავს, რომ არც სულიწმიდისაგან ბოძებული ნიჭითა თუ ცოდნით მზვაობრობა შეიძლება, რადგან ღმრთის წყალობამ სიამაყე და თავმომწონეობა კი არა, ღვთის სამსახურის სურვილი უნდა აღუძრას და გაუძლიეროს ადამიანს. საინტერესოა, რომ ცრუ მოძღვრებათაგან, რომელნიც იმ დროისათვის უკვე არსებობდნენ, ერთ-ერთი კორინთოშიც გავრცელებულა. ეს ცრუ სწავლება მიცვალებულთა აღდგომას უარყოფდა. ამიტომაც მოციქული ამ ეპისტოლეში აღდომაზე სწავლებასაც გადმოგვცემს. აქვეა განმარტებული ზიარებისა და ქორწინების საიდუმლოებანიც.

პავლე მოციქულმა იქაური ეკლესიის მმართველობა ტიმოთეს ჩააბარა, რომელსაც ხუცესთა ხელდასხმის უფლებაც მისცა, თვითონ კი ეფესო დატოვა. ტიმოთესადმი მიწერილ ეპისტოლეებში მოციქული დაწვრილებით გადმოსცემს, რა ევალება მწყემსს, რომელიც სამწყსოს ხსნის გზაზე უნდა წარუძღვეს.

მოციქულმა ამჯერადაც საბერძნეთს მიაშურა. მართალია, პავლეს მძიმე ჯაფასთან ერთად არც დევნა აკლდა, მაგრამ ნუგეშინისმცემელ სიხარულსაც ხშირად განიცდიდა, რომელსაც თანამოაზრეთა გულმოდგინება, მორწმუნეთა წარმატებანი ანიჭებდა.

პავლე მოციქულს განზრახული ჰქონდა, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში ჩასულიყო, იქაური ღატაკებისთვის სხვა ეკლესიებში შეგროვებული შესაწირავი ჩაეტანა, შემდგომ კი რომში წასულიყო. მაგრამ მოვლენები სხვაგვარად წარიმართა...

დევნა პავლე მოციქულისა

პავლე მოციქულს სურდა, საბერძნეთიდან იერუსალიმში უმოკლესი გზით წასულიყო, მაგრამ გაიგო, რომ მის წინააღმდეგ ავი განეზრახათ, ამიტომ გეზი შეიცვალა და მცირე აზიაში გადავიდა. ტროადაში მოციქულმა სასწაული მოახდინა - უფალმა მისი ლოცვით სიცოცხლე დაუბრუნა ჭაბუკს, რომელიც იმ სახლის ზემო სართულიდან ჩამოვარდნილიყო, სადაც მორწმუნენი მოციქულის მოსასმენად შეიკრიბნენ.

ტროადიდან წამოსულმა პავლემ გვერდი აუარა ეფესოს, რათა არ დაყოვნებულიყო და მის მახლობლად, ქალაქ მილეტში მივიდა. ხუცესები უკანასკნელი დარიგებების მისაცემად იხმო, რადგან იცოდა, ამქვეყნიურ ცხოვრებაში მათ ვეღარ იხილავდა. აფრთხილებდა, ფხიზლად ყოფილიყვნენ და არ ნდობოდნენ მგლებს, რომლებიც ფარას არ შეიწყალებდნენ და არც იმ ადამიანებს, რომლებიც მათ შორისვე გამოჩნდებოდნენ და სწავლების დამახინჯებას შეეცდებოდნენ.

მოწაფეები საყვარელ მოძღვარს ამბორითა და ცრემლით გამოეთხოვნენ და ხომალდამდე მიაცილეს. გზად მოციქული და მისი მოწაფენი სხვადასხვა კუნძულსა და ქალაქში ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდნენ. კესარიაში პავლე დიაკონ ფილიპეს სტუმრობდა. აქ მასთან ერთი წინასწარმეტყველი მივიდა, მისი სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიკრა და უწინასწარმეტყველა: სულიწმიდა ამბობს, იერუსალიმში იუდეველები ამ სარტყლის პატრონს ასე შეკრავენ და წარმართებს გადასცემენო. მორწმუნენი ცრემლებით შეევედრნენ პავლეს, იერუსალიმში წასვლა გადაეფიქრებინა, მაგრამ მან მტკიცედ განაცხადა: "ამას რას სჩადით? რად ტირით და მიურვებთ გულს? რადგან მე მზადა ვარ, არამცთუ შეკრულ ვიქნე, არამედ მოვკვდე კიდევაც იერუსალემს უფლის იესოს სახელისათვის" (საქმ. 21,13).

იერუსალიმში მოციქული მოხუცი მნასონის სახლში დაბინავდა და მეორე დღესვე ეწვია იაკობ მოციქულს, უფალ იესოს ხორციელ ძმას, რომელიც იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი იყო. ხუცებსაც შეხვდა, რომელთაც არ დაუმალეს, რომ იერუსალიმში იგი განსაკუთრებით სძულდათ. ამ სიძულვილის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ქრისტიანი იუდეველები იერუსალიმში ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდნენ კრების დადგენილებას - ვერ ურიგდებოდნენ იმ აზრს, რომ წარმართები მათი თანასწორნი ხდებონენ. ამ ძვალსა და რბილში გამჯდარი ამპარტავნობის დასაძლევად უდიდესი სიყვარული იყო საჭირო, რაც ძალზე ცოტას თუ ჰქონდა.

მისდამი სიძულვილი ისე დიდი იყო, რომ მოციქულს ხალხი აუმხედრეს, ეუბნებოდნენ: ეს კაცი ჩვენს ტაძრებს ბილწავს, რადგან მასში ელინები შეჰყავსო. მოციქულს თავის გამართლების საშუალებაც არ მისცეს, ტაძარშივე შეიპყრეს და მოკვლა დაუპირეს, მაგრამ ხმაურზე ათასისთავი მოვიდა, რომელმაც მსხვერპლი შეშლილ ბრბოს გამოსტაცა. ამაოდ ცდილობდა რომაელი მოხელე, გაეგო, რისთვის მრისხანებდნენ პავლეზე - ყურისწამღებ ხმაურსა და ღრიანცელში ვერაფერი გაარკვია, ამიტომ მისი შეკვრა და ციხეში წაყვანა ბრძანა. ბრბოც უკან დაედევნა და უფლის მოციქულის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა.

ციხის შესასვლელთან მოციქულმა ორიოდე სიტყვის თქმის უფლება ითხოვა. მან გაიხსენა, რომ ახალგაზრდობაში მოსეს სჯულს თვითონაც გულმოდგინედ აღასრულებდა და ვიდრე უფლისაგან გარდმოვლენილი სასწაული ჭეშმარიტების შესაცნობად სულიერ თვალს აუხელდა, ქრისტიანებს დაუნდობლად დევნიდა. გაიხსენა, იერუსალიმის ტაძარში ლოცვისას როგორ გამოეცხადა უფალი და უბრძანა, რადგან იუდეველები მის დამოწმებას არ მიიღებდნენ, წარმართებისთვის ექადაგა. წარმართების ხსენებამ დროებით დამშვიდებული ბრბო ხელახლა ააღელვა. ათასისთავი შეშინდა და ასეთი გამოსავალი ნახა - მეორე დღისთვის იუდეველ მღვდელმთავართა შეკრება ბრძანა, რათა პავლე სინედრიონს განესაჯა.

როგორც კი მოციქულმა სინედრიონზე რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა, მღვდელმთავარმა ანანიამ ბრძანა, მისთვის ტუჩებში ერტყათ. პავლემ დაინახა, რომ სინედრიონში ფარისევლებიც იყვნენ და განაცხადა, მეც ფარისეველი ვარ, ფარისევლის ვაჟი და მკვდართა აღდგომის სასოებისთვის მასამართლებენო. ამ განცხადებამ კრება ააღელვა, რადგან სინედრიონის წევრები სადუკეველებიც იყვნენ, მათ კი არც აღგომისა სჯეროდათ და არც მომავალი ცხოვრებისა. კრების მონაწილეთა შორის ისეთი ჩხუბი ატყდა, რომ ათასისთავს შეეშინდა, პავლე ცოცხლად არ დაგლიჯონო და მისი ციხეში გადაყვანა ბრძანა. საპატიმროში მოციქულს უფალი გამოეცხადა და უთხრა: "მხნედ იყავ, პავლე, ვინაიდან როგორც მიმოწმე იერუსალიმში, ისევე უნდა მიმოწმო რომშიც" (საქმ. 23,11.).

ამასობაში, ორმოცზე მეტმა იუდეველმა დაიფიცა, რომ პირში ხემსს არ ჩაიდებდნენ, ვიდრე პავლეს არ მოკლავდნენ. ამ გადაწყვეტილების შესახებ სადუკეველ მღვდელმთავრებსაც აცნობეს. მათ ჩაიფიქრეს, ვითომდა მისი საქმის განსასჯელად მოციქული სინედრიონზე გამოეძახებინათ და გზაში მოეკლათ. ამ გეგმის შესახებ პავლეს ერთ-ერთმა ნათესავმა შეიტყო და ათასისთავს აცნობა. ათასისთავმა მოციქული იმავე ღამეს მრავალრიცხოვანი მცველის თანხლებით კესარიაში, ოლქის რომაელ მმართველ ფელიქსთან წარგზავნა და წერილით შეატყობინა, - ამ ადამიანს, რომელსაც იუდეველები რაღაც საკამათო შეხედულებებში სდებდნენ ბრალს, არც სიკვდილის და არც დატუსაღების ღირსად არ ვთვლი, ამიტომ განაჩენის გამოტანას შენ განდობო.

ასე აუსრულდა მოციქულს 61 წელს ნატვრა რომში ჩასვლისა, რომელსაც ჯერ კიდევ 58 წელს გამოთქვამდა რომაელთა მიმართ ეპისტოლეში. თუმცა რომში ტყვედ ჩავიდა, მაგრამ მისი ქადაგება მაინც თავისუფლად აღწევდა რომაელთა გულებში და წარმართული რომის სულიერ წყვდიადს სიყვარულითა და სასოებით განანათლებდა.

ორი წელი იცხოვრა პავლემ ამ ქალაქში თავისი წარსაგებლით და ყველას, ვინც კი ისურვებდა, ღვთის სასუფეველს უქადაგებდა.

ასე მთავრდება ლუკა მახარებლის მიერ გადმოცემული ამბავი "მოციქულთა საქმეში". იმის თაობაზე კი, თუ როგორ გაიმართლა პავლემ თავი იმპერატორ ნერონის წინაშე, არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება. გათავისუფლების შემდეგ მოციქულმა რომი დატოვა და კვლავ სახარების საქადაგებლად გაემართა. მივიდა კუნძულ კრეტაზე, სადაც ეპისკოპოსად თავის მოწაფეს, ტიტეს, დაასხა ხელი. ფიქრობენ, რომ მოიარა ბრიტანეთი, ესპანეთი და დუნაის სანაპიროებიც, სადაც სლავური ტომები ცხოვრობდნენ. ამ მხარეში დაიწერა მისი წერილი ტიტესადმი და პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ.

ამასობაში იუდეველებმა იერუსალიმში ქრისტეს მორწმუნეთა დევნა გააძლიერეს.

64 წელს რომში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც ქალაქის დიდი ნაწილი გაანადგურა. მოგვითხრობენ, რომ იმპერატორი ხანძარს მაღალი კოშკიდან უყურებდა, ამ სანახაობით ტკბებოდა და თან ცეცხლწაკიდებულ ტროაზე ლექსებს მღეროდა. არსებობს მოსაზრება, თითქოს მსოფლიოს დედაქალაქს ცეცხლი თვითონ ნერონმა წაუკიდა, რათა გადამწვარის ნაცვლად ახალი, უფრო დიდებული ქალაქი აეშენებინა. უფრო სწორი კი ეს ვერსია უნდა იყოს: ხანძარი ქრისტიანობის მტრებმა გააჩინეს, რათა ყველაფერი ქრისტეს მიმდევართათვის გადაებრალებინათ და ხელისუფლებისთვის მათი დაუნდობელი დევნის მიზეზი მიეცათ.

ნერონმა მართლაც ქრისტიანები დაადანაშაულა, რის გამოც იმპერიის ყველა ოლქში მათი სასტიკი დევნა დაიწყო, რომელიც იმპერატორის სიკვდილამდე, მთელი ოთხი წელი გაგრძელდა. იგი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში პირველი დევნის სახელითაა ცნობილი. წამების ხერხები თვით წარმართული რომისთვისაც კი უჩვეულო იყო: ქრისტიანებს მხეცების ტყავში ახვევდნენ და ძაღლებს უგდებდნენ; ჯვარზე აკრავდნენ; სხეულზე ფისს უსვამდნენ, ბოძზე აბამდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. "ცოცხალი ჩირაღდნები" ნელა იწვოდნენ და ნერონის ბაღებს მთელი ღამე ანათებდნენ.

ქრისტიანების ტანჯვით თვით სასტიკ სანახაობებს ჩვეული წარმართებიც კი შეძრწუნებულნი იყვნენ.

ქრისტიანთა ამ სასტიკი დევნის დროს პეტრე და პავლე მოციქულები რომში ჩავიდნენ და სახარებას უშიშრად ქადაგებდნენ. ჭეშმარიტი სიტყვის ძალამ თვით იმპერატორის სასახლეშიც შეაღწია - პავლე მოციქულმა ნერონის ერთ-ერთი საყვარელი ცოლი ქრისტიანობაზე მოაქცია.

როგორც გადმოგვცემენ, ამ დროს რომში ცნობილი თვალთმაქცი სიმონ მოგვიც იმყოფებოდა, რომელიც პეტრე მოციქულმა ჯერ კიდევ სამარიაში ქადაგებისას ამხილა. მოგვს ქრისტიანები ჭირის დღესავით სძულდა, რადგან მათში საკუთარი მანკიერებების საპირისპირო ღირსებებს ხედავდა. სატანური ამპარტავნობით შეპყრობილი სიმონი თავს ხან ღმერთად, ხან კი სამყაროს შემქმნელ ღვთაებრივ ძალად აცხადებდა. ცრუ სასწაულებით მრავალი რომაელი აცდუნა და თვით იმპერატორ ნერონზეც დიდი ზეგავლენა მოიპოვა. ცხადია, მოგვმაც შეიტანა წვლილი იმაში, რომ იმპერატორი ქრისტიანების მიმართ გააფთრებული სიძულვილით განიმსჭვალა. ძველი მწერლები ვრცლად მოგვითხრობენ პეტრე მოციქულთან მის პაექრობაზე. სიმონი ამტკიცებდა, ღმერთი, რომელიც სამყაროს ბნელიდან დასახსნელად ზეციდან ჩამოვიდა, მე თვითონ ვარო. თავის ყოვლისშემძლეობაში რომაელების დასარწმუნებლად კი განაცხადა, ყველას თვალწინ ზეცაში ავმაღლდებიო.

დანიშნულ დღეს ამ "სასწაულის" სანახავად ზღვა ხალხი შეიკრიბა. მოციქულებიც იქ იყვნენ, მხურვალედ ლოცულობდნენ და უფალს წარმართების ცდომილებისგან დახსნას ევედრებოდნენ, სთხოვდნენ, დაემხო მტრული უწმინდური ძალა, სიმონ მოგვს რომ ეხმარებოდა.

მოგვმა ჰაერში აწევა მართლაც შეძლო, მაგრამ მალევე ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. ქედმაღალმა სიმონმა საჯაროდ შერცხვენა იუკადრისა და თავი მოიკლა.

ცრუმორწმუნე წარმართებმა მისი მარცხი მოციქულების იქ ყოფნას მიაწერეს და ქრისტიანთა დევნა კიდევ უფრო გააძლიერეს.

სიმონ მოგვის სიკვდილით გაღიზიანებულმა ნერონმა მოციქულების შეპყრობა ბრძანა, რათა ისინი სიკვდილით დაესაჯა. მოგვითხრობენ, როცა ქრისტიანების თხოვნითა და შეგონებით პეტრე მოციქული ქალაქს ტოვებდა, რომისკენ მომავალი უფალი შენიშნა და გაოცებულს აღმოხდა: "ვიდრე ხვალ, უფალო?" მაცხოვარმა მიუგო, რომში მივდივარ, რათა ხელმეორედ ვეცვა ჯვარსო. ამ გამოცხადებამ მიახვედრა პეტრე, რომ იგი ქალაქში უნდა დაბრუნებულიყო, რათა მოწამებრივი სიკვდილით განედიდებინა მაცხოვარი. მართლაც, უკან დაბრუნებული მოციქული შეიპყრეს და პავლე მოციქულის მსგავსად, მამერტინის საპყრობილეში ჩასვეს, სადაც მათ ათი თვე დაყვეს. ამ ხნის განმავლობაში მოციქულებმა საპყრობილის მცველები მოაქციეს და მრავალი სასწაული აღასრულეს.

პეტრეს ჯერ ცოლი დაუსაჯეს. მოციქულმა მეუღლეს, რომელიც დასასჯელად მიჰყავდათ, გზა შემდეგი სიტყვებით დაულოცა: "გახსოვდეს უფალი!" თვითონ ჯვარს აცვეს, ოღონდ თავდაყირა - მისივე თხოვნით, რადგან თავს უფლის მსგავსად გაკვრის ღირსად არ თვლიდა. პავლე მოციქულს კი თავი მოჰკვეთეს, რადგან რომის მოქალაქის ჯვარცმა იკრძალებოდა.

თავთა მოციქულთას თაყვნისცემის ადგილნი

მოციქულთა თავნი წმინდა პეტრე და წმინდა პავლე, მართლაც უაღრესად მასშტაბური ფიგურები არიან ქრისტიანობის ისტორიაში და შემთხვევითი არ არის, რომ ეკლესიამ მათ მოღვაწეობას და დიდ ძალისხმევას ქრისტიანობის მთელ მსოფლიოში გავრცელებაში სწორი და ადეკვატური შეფასება მისცა და უწოდა მოციქულთა თავები, არა მათი რაიმე იერარქიული სუბორდინაციული მეტობის საზომით, არამედ ღვაწლის მიხედვით, რომელიც განუზომლად დიდია დედა ეკლესიის წინაშე და, აქედან გამომდინარე, მსოფლიო ეკლესია მათ წინაშე ქედს იდრეკს და შესაბამის თაყვანისცემას აღავლენს.

ეკლესიის ისტორიის მკვლევართაგან ნაწილს მიაჩნია, რომ ისინი ერთ დღეს აღესრულნენ, ნაწილი თვლის, რომ პავლე მოციქული პეტრეს დასჯიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ აღესრულა. ვარაუდობენ, რომ ქრისტიანებმა მათი გვამები რომის კატაკომბებში დამარხეს.

მართალია, იერუსალიმის კრების შემდეგ პეტრე მოციქულის შესახებ "საქმეში" არაფერია მოთხრობილი, მაგრამ წმინდა გადმოცემებით ვიცით, რომ იგი აზიაში გაფანტულ ებრაელთა შორის ქადაგებდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ანტიოქიის ეკლესიას განაგებდა. პეტრე მოციქულმა ორი ეპისტოლე დაგვიტოვა, რომელთაგან ერთი მოწამებრივ აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა.

პეტრესა და პავლეს ეკლესიის მიერ თავნი მოციქულნი ეწოდათ, რადგან ისინი ქრისტეს ეკლესიისთვის ყველაზე მეტად დაშვრნენ. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ პეტრე რომის ეპისკოპოსიც იყო, მაგრამ სარწმუნო ცნობები ამის თაობაზე არ მოგვეპოვება. პეტრე მოციქული უფრო იუდეველებთან ქადაგებდა, პავლე კი წარმართებთან, რის გამოც მას წარმართების მოციქულსაც უწოდებენ.

დღესდღეობით პეტრესა და პავლეს დაკრძალვის ადგილი იდენტიფიცირებულია და მომლოცველები ეთაყვანებიან ამ ადგილებს.

წმინდა პეტრეს ტაძარი ვატიკანში აშენებულია პეტრე მოციქულის სავარაუდო საფლავზე. ქრისტიანული გადმოცემით, კონსტანტინეს უძველესი რომაული ბაზილიკა იდგა პეტრე მოციქულის სამარხზე. შემდგომში აქვე ააშენეს ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარი. 1939-1949 წლებში ტაძრის ქვეშ არქეოლოგებმა იპოვეს უძველესი რომაული სასაფლაოს ნაშთები. 1952 წელს გამოქვეყნდა დაწვრილებითი ანგარიში, რომელიც მოწმობდა, რომ სასაფლაოს ერთ-ერთი საფლავი თაყვანისცემის ობიექტი იყო უკვე I-II საუკუნეებიდან. შემდეგ სასაფლაოს იკვლევდა იტალიელი არქეოლოგი მარგარიტა გუადრუჩი. 1964 წელს გამოიცა მისი წიგნი "წმინდა პეტრეს ვატიკანის ბაზილიკის სააღმსარებლოს ქვეშ არსებული რელიკვიები", რომელშიც ლაპარაკია, რომ ამ სამარხის პეტრე მოციქულის დაკრძალვის ადგილთან იდენტობის ალბათობა ძალიან დიდია. არქეოლოგიური გამოკვლევების შთაბეჭდილებებით აღსავსე პაპმა პავლე VI-მ 1968 წელს გამოაცხადა, მოციქულის საფლავი ნაპოვნიაო.

პეტრე მოციქულის სამარხი მდებარეობს წმინდა პეტრეს სახელობის ტაძრის ცენტრალურ გუმბათქვეშ, იატაკის ქვემოთ. ქვის კედელში დატანებული სარკმლის საშუალებით შეიძლება დავინახოთ იესო ქრისტეს დიდებული მოწაფის წმინდა ნაწილები.

ახლახან, ვატიკანის არქეოლოგებმა რომის სიდიდით მეორე ტაძრის წმინდა პავლე მოციქულის ბაზილიკის გათხრებისას აღმოაჩინეს ქვის აკლდამასთან მისასვლელი, რომელშიც შესაძლებელია (დღეისთვის უკვე არავის ეეჭვება) ლეგენდარული მოციქული იყოს დაკრძალული. თვითონ სარკოფაგს ათარიღებენ ახ.წ.. 390 წლით. უძველესი დროიდან ივარაუდებოდა, რომ სადღაც ამ ადგილებში განისვენებენ წმინდა პავლე მოციქულის წმინდა ნაწილები, რომელსაც ეფარა ტაძრის საკურთხევლის ტრაპეზი. ტაძრის თანამედროვე ნაგებობა აშენდა 1823 წელს ძველი, IV საუკუნის ტაძრის ადგილზე, რომელიც იდგა იმ ტაძრის ადგილას, რომელიც პავლე მოციქულის საფლავზე იდგა. მრავალი რეკონსტრუქცია-აშენების შედეგად მოციქულის საფლავი თანამედროვე იატაკის დონიდან 130 სანტიმეტრით ქვევით აღმოჩნდა. გათხრები 2002 წელს დაიწყო და 2008 წლის დასაწყისში დამთავრდა. ბოლო სამი წლის მანძილზე არქეოლოგებისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა ტაძრის ტრაპეზის ქვეშ ორი უზარმაზარი მარმარილოს ფილა. როგორც იქნა, მათი ამოღება შეძლეს. პირველად, 1700 წლის შემდეგ სარკოფაგმა დღის სინათლე იხილა, რომლის სახურავის წარწერა გვამცნობს "პავლე მოციქული მოწამე". თვითონ სარკოფაგზე მოჩანს ხვრელები, რომელშიც ძველ მომლოცველებს შეეძლოთ ქსოვილის ნაჭრები შეეყოთ, რათა სიწმინდეს შეხებოდნენ.
დღეს რომის ეს უდიდესი სიწმინდეები ყველა მნახველისთვის გახსნილია და თუ რომში მოხვდებით, აუცილებლად თაყვანი ეცით ორი უდიდესი ადამიანის, ორი მოციქულის, მოციქულთა თავთა წმინდა ნაწილებს.

ტროპარი

თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ, მნათობნი ყოვლისა სოფლისანი: პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღვარი წარმართთა, რაითა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობაი ცოდვათა.

მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი

მტკიცენი და ღმრთისმეტყუელნი ქადაგნი და თავნი მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი მიითვალენ უფროის ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო, რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი.
....................................................

ხატის წყარო

....................................................

აქვე წაიკითხეთ:

მაინც ვინ იყვნენ ისინი, ვინც მთელი ქვეყნის დამორჩილება შეძლო?

მაინც ვინ იყვნენ ისინი, ვინც მთელი ქვეყნის დამორჩილება შეძლო?

პეტრე მოციქულის ჩრდილიც კი კურნავდა სნეულთ

პეტრე და პავლე - სარწმუნოების ორი ბოძი - ორი დიამეტრულად განსხვავებული ხასიათი

"პეტრეს თვით ქრისტემან უწოდა კლდე, პავლე იყო ზღვა სიყვარულისა"

წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვები

შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი

ასე იცვალა ფერი სავლემ და ქრისტიანთა მდევნელის ნაცვლად მოციქულის სახელი დაიმკვიდრა

პავლეს ფერისცვალება

მაინც ვინ იყვნენ ისინი, ვინც მთელი ქვეყნის დამორჩილება შეძლეს? - თავნი მოციქულნი - პეტრე და პავლე

წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელის (ქიქოძე) სიტყვა პეტრე-პავლობის დღესა

სულხან-საბა ორბელიანი - სწავლა წმიდათა მოციქულთა დღესასწაულისა.

ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი

თბილისის მოციქულთა თავთა წმ.პეტრე-პავლეს ეკლესია


ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ

დაუჯდომელი საგალობელი წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat