დასაწყისი იხ. #13
მოციქული და მისი მოწაფენი სახარების საქადაგებლად უპირველესად ებრაელთა სინაგოგებში შედიოდნენ. მაკედონიის ქალაქ ფილიპიაში პავლემ და მისმა თანამგზავრებმა ძოწეულით მოვაჭრე ქალი ლუდია მოაქციეს, რომელიც მალე მთელი ოჯახით მოინათლა. მიუხედავად ბერძნების რელიგიური შემწყნარებლობისა, ჭეშმარიტი ღმერთის მქადაგებლებმა დევნა ამ ქალაქშიც განიცადეს, ამის მიზეზი კი ერთი მსახური ქალი გახდა. ბოროტი სულით შეპყრობილი მსახური მკითხაობდა და ამ გზით თავის ბატონს დიდძალ შემოსავალს აძლევდა. როცა ქალმა მოციქულები დაინახა, ყვირილით დაედევნა. პავლემ უფლის სახელით მისგან ბოროტი სული განდევნა და ქალმაც მკითხაობა შეწყვიტა. ამან დიდად გაანაწყენა მისი ბატონი - მას ხომ შემოსავლის წყარო მოაკლდა. განსაკუთრებით მოციქულები შეიძულა, რომელთაც რომის ქვეშევრდომებისთვის შეუფერებელი მოძღვრების გავრცელებაში ადანაშაულებდა. ქალაქის ხელისუფალთა ბრძანებით, პავლეს და შილას დაუნდობლად სცემეს და საპყრობილეში ჩაყარეს. შუაღამისას ისე ძლიერ იძრა მიწა, რომ ტყვეებს ბორკილები დასცვივდათ, ციხის კარი კი თავისით გაიღო. მძინარე მცველს გამოეღვიძა და გაღებული კარის დანახვაზე თავზარი დაეცა. იფიქრა, ტყვეები გაიქცნენო და შეშინებულმა თავის მოკვლა განიზრახა, მაგრამ ისევ პავლე მოციქულმა დაამშვიდა და აუხსნა, რაც მოხდა. ამ სასწაულის მხილველმა მცველმა ქრისტე ირწმუნა და მთელი ოჯახით მოინათლა.
მიწისძვრით შეშინებულმა ქალაქის მმართველებმა დილით საპყრობილეში კაცები გაგზავნეს პატიმრების გასათავისუფლებლად, მაგრამ პავლემ თავად უფროსების მისვლა მოითხოვა - დაბადებიდანვე რომის მოქალაქე იყო და იცოდა, რომ რომის მოქალაქეთა საპყრობილეში გაუსამართლებლად ჩასმა კანონით იკრძალებოდა. უფროსები მართლაც მივიდნენ, მოციქულებს ბოდიში მოუხადეს და გაუშვეს.
ფილიპიიდან პავლე ათენში ჩავიდა, რათა ექადაგა, რომ ქრისტეა ჭეშმარიტება, სიცოცხლე და სინათლე. ვერ ვიტყვით, რომ პავლე მოციქულის ქადაგებას ათენში დიდი წარმატება ხვდა წილად, რადგან ამ დიდი ფილოსოფიური ტრადიციების მქონე ქალაქის მცხოვრებნი მეტისმეტად ამაყობდნენ თავიანთი კაცობრივი სიბრძნით, ეს კი ღვთაებრივი მოძღვრების გულისყურით მოსმენაში ხელს უშლიდათ. ასე რომ, ამპარტავნება და ქედმაღლობა ადამიანს ჭეშმარიტების შესაცნობად მხედველობასთან ერთად სასმენელთაც უხშობს.
ათენიდან პავლე კორინთოში გადავიდა, სადაც ღვთისმოსავ ცოლ-ქმართან აკვილასა და პრისკილასთან ცხოვრობდა, მათთან ერთად ისიც ფიზიკურად შრომობდა - კარვებს აკეთებდა, შაბათობით კი სინაგოგაში ქადაგებდა, სადაც განსაკუთრებით მრავლად ჰყავდა მოწინააღმდეგე. მათ გაქვავებულ გულებს რომ წააწყდა, ლამის უსასოობის განცდა დაეუფლა, მაგრამ მძიმე ტვირთის ზიდვაში უფალი წამოეშველა - გამოეცხადა და ანუგეშა.
შემდგომ მოციქული მასპინძლებთან - აკვილასა და პრისკილასთან ერთად ეფესოში წავიდა, იქიდან კი იერუსალიმში გაემგზავრა და ნივთიერად შეჭირვებულ ქრისტიანებს მორწმუნეთა შორის შეგროვებული დახმარება ჩაუტანა, რაც იმ დიდ სიყვარულზე მეტყველებს, რომელიც სხვადასხვა მხარეში მცხოვრებ ქრისტიანებს აერთიანებდა.
54 თუ 55 წელს პავლემ მოციქულებრივი მისიით მესამედ იმოგზაურა და თან ლუკა, ტიტე და ტიმოთე წაიყვანა.
ორი წლის მანძილზე მოციქულმა მრავალი სასწაული მოახდინა: მისი ნივთების შეხებითაც კი იკურნებოდნენ სნეულნი და ბოროტ სულთაგან თავისუფლდებოდნენ.
ამასობაში მოციქულმა შეიტყო, რომ გალატელები ცრუ მოძღვრებმა აცდუნეს - ირწმუნეს, თითქოს სულის ცხოვნებისთვის მოსეს სჯულის დაცვა იყო აუცილებელი. პავლემ გალატელებს წერილი მისწერა, რომელშიც განმარტა, რომ გადარჩენა რჯულის გარეგნული დაცვით შეუძლებელია, ხსნას კი ადამიანის სულს ოდენ სიყვარულით მოქმედი რწმენა მოუტანს. ძველი აღთქმის ადამიანები მონები იყვნენ უფლისა, მას შემდეგ კი, რაც ქრისტემ სიკვდილი იგემა და კაცობრიობა ცოდვის ტყვეობიდან გამოიხსნა, ადამის მოდგმამ ღმრთის შვილობის პატივი მიიღო. მოციქული გალატელებს არწმუნებს, უპირველესად ქრისტეს მოძღვრების სული დაიცვან, რის შემდეგაც ებოძებათ მშვენიერი ნაყოფი სულისა.
მოციქულს კორინთოს ეკლესიის მდგომარეობაც აწუხებდა, რადგან იქ მორწმუნეთა ერთობას ბზარი გაუჩნდა და ქრისტიანები მოძღვართა მიხედვით დაიყვნენ. ერთნი ამბობდნენ, პავლესი ვართო, მეორენი - აპოლოსისო, სხვანი კიდევ - კეფასი ან ქრისტესიო.
მოციქულმა ეფესოდან წერილი კორინთელებსაც მისწერა - აუხსნა, როგორც ქრისტეს დაყოფა არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება მისი მორწმუნეების დაყოფაცო. განა თქვენთვის ჯვარს პავლე ეცვა ან ნათელი პავლეს სახელით მიიღეთო, - ეკითხება კორინთელებს და იქვე განმარტავს, რომ არც სულიწმინდისაგან ბოძებული ნიჭითა თუ ცოდნით მზვაობრობა შეიძლება, რადგან ღმრთის წყალობამ სიამაყე და თავმომწონეობა კი არა, ღმრთის სამსახურის სურვილი უნდა აღუძრას და გაუძლიეროს ადამიანს. საინტერესოა, რომ ცრუ მოძღვრებათაგან, რომელნიც იმ დროისათვის უკვე არსებობდნენ, ერთ-ერთი კორინთოშიც გავრცელებულა. ეს ცრუ სწავლება მიცვალებულთა აღდგომას უარყოფდა. ამიტომაც მოციქული ამ ეპისტოლეში აღდომაზე სწავლებასაც გადმოგვცემს. აქვეა განმარტებული ზიარებისა და ქორწინების საიდუმლოებანიც.
პავლე მოციქულმა იქაური ეკლესიის მმართველობა ტიმოთეს ჩააბარა, რომელსაც ხუცესთა ხელდასხმის უფლებაც მისცა, თვითონ კი ეფესო დატოვა. ტიმოთესადმი მიწერილ ეპისტოლეებში მოციქული დაწვრილებით გადმოსცემს, რა ევალება მწყემსს, რომელიც სამწყსოს ხსნის გზაზე უნდა წარუძღვეს.
მოციქულმა ამჯერადაც საბერძნეთს მიაშურა. მართალია, პავლეს მძიმე ჯაფასთან ერთად არც დევნა აკლდა, მაგრამ ნუგეშინისმცემელ სიხარულსაც ხშირად განიცდიდა, რომელსაც თანამოაზრეთა გულმოდგინება, მორწმუნეთა წარმატებანი ანიჭებდა.
პავლე მოციქულს განზრახული ჰქონდა, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში ჩასულიყო, იქაური ღატაკებისთვის სხვა ეკლესიებში შეგროვებული შესაწირავი ჩაეტანა, შემდგომ კი რომში წასულიყო. მაგრამ მოვლენები სხვაგვარად წარიმართა...
ტროადიდან წამოსულმა პავლემ გვერდი აუარა ეფესოს, რათა არ დაყოვნებულიყო და მის მახლობლად, ქალაქ მილეტში მივიდა. ხუცესები უკანასკნელი დარიგებების მისაცემად იხმო, რადგან იცოდა, ამქვეყნიურ ცხოვრებაში მათ ვეღარ იხილავდა. აფრთხილებდა, ფხიზლად ყოფილიყვნენ და არ ნდობოდნენ მგლებს, რომლებიც ფარას არ შეიწყალებდნენ და არც იმ ადამიანებს, რომლებიც მათ შორისვე გამოჩნდებოდნენ და სწავლების დამახინჯებას შეეცდებოდნენ.
მოწაფეები საყვარელ მოძღვარს ამბორითა და ცრემლით გამოეთხოვნენ და ხომალდამდე მიაცილეს. გზად მოციქული და მისი მოწაფენი სხვადასხვა კუნძულსა და ქალაქში ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდნენ. კესარიაში პავლე დიაკონ ფილიპეს სტუმრობდა. აქ მასთან ერთი წინასწარმეტყველი მივიდა, მისი სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიკრა და უწინასწარმეტყველა: სულიწმინდა ამბობს, იერუსალიმში იუდეველები ამ სარტყლის პატრონს ასე შეკრავენ და წარმართებს გადასცემენო. მორწმუნენი ცრემლებით შეევედრნენ პავლეს, იერუსალიმში წასვლა გადაეფიქრებინა, მაგრამ მან მტკიცედ განაცხადა: ,,ამას რას სჩადით? რად ტირით და მიურვებთ გულს? რადგან მე მზადა ვარ, არამცთუ შეკრულ ვიქნე, არამედ მოვკვდე კიდევაც იერუსალემს უფლის იესოს სახელისათვის" (საქმ. 21,13).
იერუსალიმში მოციქული მოხუცი მნასონის სახლში დაბინავდა და მეორე დღესვე ეწვია ეპისკოპოს იაკობს. მასთან ხუცესებსაც შეხვდა, რომელთაც არ დაუმალეს, რომ იერუსალიმში იგი განსაკუთრებით სძულდათ. ამ სიძულვილის ერთი-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ქრისტიანი იუდეველები იერუსალიმში ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდნენ კრების დადგენილებას - ისინი ვერ ურიგდებოდნენ იმ აზრს, რომ წარმართები მათი თანასწორნი ხდებონენ. ამ ძვალსა და რბილში გამჯდარი ამპარტავნების დასაძლევად უდიდესი სიყვარული იყო საჭირო, რაც ძალზე ცოტას თუ ჰქონდა.
მისდამი სიძულვილი ისე დიდი იყო, რომ მოციქულს ხალხი აუმხედრეს, ეუბნებოდნენ: ეს კაცი ჩვენს ტაძრებს ბილწავს, რადგან მასში ელინები შეჰყავსო. მოციქულს თავის გამართლების საშუალებაც არ მისცეს, ტაძარშივე შეიპყრეს და მოკვლა დაუპირეს, მაგრამ ხმაურზე ათასისთავი მოვიდა, რომელმაც მსხვერპლი შეშლილ ბრბოს გამოსტაცა. ამაოდ ცდილობდა რომაელი მოხელე, გაეგო, რისთვის მრისხანებდნენ პავლეზე - ყურისწამღებ ხმაურსა და ღრიანცელშო ვერაფერი გაარკვია, ამიტომ მისი შეკვრა და ციხეში წაყვანა ბრძანა. ბრბოც უკან დაედევნა და უფლის მოციქულის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა.
ციხის შესასვლელთან მოციქულმა ორიოდე სიტყვის თქმის უფლება ითხოვა. მან გაიხსენა, რომ ახალგაზრდობაში მოსეს სჯულს თვითონაც გულმოდგინედ აღასრულებდა და ვიდრე უფლისაგან გარდმოვლენილი სასწაული ჭეშმარიტების შესაცნობად სულიერ თვალს აუხელდა, ქრისტიანებს დაუნდობლად დევნიდა. გაიხსენა, იერუსალიმის ტაძარში ლოცვისას როგორ გამოეცხადა უფალი და უბრძანა, რადგან იუდეველები მის დამოწმებას არ მიიღებდნენ, წარმართებისთვის ექადაგა. წარმართების ხსენებამ დროებით დამშვიდებული ბრბო ხელახლა ააღელვა. ათასისთავი შეშინდა და ასეთი გამოსავალი ნახა - მეორე დღისთვის იუდეველ მღვდელმთავართა შეკრება ბრძანა, რათა პავლე სინედრიონს განესაჯა.
როგორც კი მოციქულმა სინედრიონზე რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა, მღვდელმთავარმა ანანიამ ბრძანა, მისთვის ტუჩებში ერტყათ. პავლემ დაინახა, რომ სინედრიონში ფარისევლებიც იყვნენ და განაცხადა, მეც ფარისეველი ვარ, ფარისევლის ვაჟი და მკვდართა აღდგომის სასოებისთვის მასამართლებენო. ამ განცხადებამ კრება ააღელვა, რადგან სინედრიონის წევრები სადუკეველებიც იყვნენ, მათ კი არც აღგომისა სჯეროდათ და არც მომავალი ცხოვრებისა. კრების მონაწილეთა შორის ისეთი ჩხუბი ატყდა, რომ ათასისთავს შეეშინდა, პავლე ცოცხლად არ დაგლიჯონო და მისი ციხეში გადაყვანა ბრძანა. საპატიმროში მოციქულს უფალი გამოეცხადა და უთხრა: ,,მხნედ იყავ, პავლე, ვინაიდან როგორც მიმოწმე იერუსალიმში, ისევე უნდა მიმოწმო რომშიც" (საქმ. 23,11.).
ამასობაში ორმოცზე მეტმა იუდეველმა დაიფიცა, რომ არც ჭამდნენ და არც სვამდნენ, ვიდრე პავლეს არ მოკლავდნენ. ამ გადაწყვეტილების შესახებ სადუკეველ მღვდელმთავრებსაც აცნობეს. მათ ჩაიფიქრეს, ვითომდა მისი საქმის განსასჯელად მოციქული სინედრიონზე გამოეძახებინათ და გზაში მოეკლათ. ამ გეგმის შესახებ პავლეს ერთ-ერთმა ნათესავმა შეიტყო და ათასისთავს აცნობა. ათასისთავმა მოციქული იმავე ღამეს მრავალრიცხოვანი მცველის თანხლებით კესარიაში, ოლქის რომაელ მმართველ ფელიქსთან წარგზავნა და წერილით შეატყობინა, ამ ადამიანს, რომელსაც იუდეველები რაღაც საკამათო შეხედულებებში სდებდნენ ბრალს, არც სიკვდილის და არც დატუსაღების ღირსად არ ვთვლი, ამიტომ განაჩენის გამოტანას შენ განდობო.
ასე აუსრულდა მოციქულს 61 წელს ნატვრა რომში ჩასვლისა, რომელსაც ჯერ კიდევ 58 წელს გამოთქვამდა რომაელთა მიმართ ეპისტოლეში. თუმცა რომში ტყვედ ჩავიდა, მაგრამ მისი ქადაგება მაინც თავისუფლად აღწევდა რომაელთა გულებში და წარმართული რომის სულიერ წყვდიადს სიყვარულითა და სასოებით განანათლებდა.
ორი წელი იცხოვრა პავლემ ამ ქალაქში თავისი წარსაგებელით და ყველას, ვინც კი სურვილს გამოხატავდა, ღმრთის სასუფეველს უქადაგებდა.
ასე მთავრდება ლუკა მახარებლის მიერ გადმოცემული ამბავი "მოციქულთა საქმეში". იმის თაობაზე კი, თუ როგორ გაიმართლა პავლემ თავი იმპერატორ ნერონის წინაშე, არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება. განთავისუფლების შემდეგ მოციქულმა რომი დატოვა და კვლავ სახარების საქადაგებლად გაემართა. მივიდა კუნძულ კრეტაზე, სადაც ეპისკოპოსად თავის მოწაფეს, ტიტეს, დაასხა ხელი. ფიქრობენ, რომ მოიარა ბრიტანეთი, ესპანეთი და დუნაის სანაპიროებიც, სადაც სლავური ტომები ცხოვრობდნენ. ამ მხარეში დაიწერა მისი წერილი ტიტესადმი და პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ.
64 წელს რომში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც ქალაქის დიდი ნაწილი გაანადგურა. მოგვითხრობენ, რომ იმპერატორი ხანძარს მაღალი კოშკიდან უყურებდა, ამ სანახაობით ტკბებოდა და თან ცეცხლწაკიდებულ ტროაზე ლექსებს მღეროდა. არსებობს მოსაზრება, თითქოს მსოფლიოს დედაქალაქს ცეცხლი თვითონ ნერონმა წაუკიდა, რათა გადამწვარის ნაცვლად ახალი, უფრო დიდებული ქალაქი აეშენებინა. უფრო სწორი კი ეს ვერსია უნდა იყოს: ხანძარი ქრისტიანობის მტრებმა გააჩინეს, რათა ყველაფერი ქრისტეს მიმდევართათვის გადაებრალებინათ და ხელისუფლებისთვის მათი დაუნდობელი დევნის მიზეზი მიეცათ.
ნერონმა მართლაც ქრისტიანები დაადანაშაულა, რის გამოც იმპერიის ყველა ოლქში მათი სასტიკი დევნა დაიწყო, რომელიც იმპერატორის სიკვდილამდე, მთელი ოთხი წელი გაგრძელდა. იგი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში პირველი დევნის სახელითაა ცნობილი. წამების ხერხები თვით წარმართული რომისთვისაც კი უჩვეულო იყო: ქრისტიანებს მხეცების ტყავში ახვევდნენ და ძაღლებს უგდებდნენ; ჯვარზე აკრავდნენ; სხეულზე ფისს უსვამდნენ, ბოძზე აბამდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. "ცოცხალი ჩირაღდნები" ნელა იწვოდნენ და ნერონის ბაღებს მთელი ღამე ანათებდნენ.
ქრისტიანების ტანჯვით თვით სასტიკ სანახაობებს ჩვეული წარმართებიც კი შეძრწუნებულნი იყვნენ.
ქრისტიანთა ამ სასტიკი დევნის დროს პეტრე და პავლე მოციქულები რომში ჩავიდნენ და სახარებას უშიშრად ქადაგებდნენ. ჭეშმარიტი სიტყვის ძალამ თვით იმპერატორის სასახლეშიც შეაღწია - პავლე მოციქულმა ნერონის ერთ-ერთი საყვარელი ცოლი ქრისტიანობაზე მოაქცია.
როგორც გადმოგვცემენ, ამ დროს რომში ცნობილი თვალთმაქცი სიმონ მოგვიც იმყოფებოდა, რომელიც პეტრე მოციქულმა ჯერ კიდევ სამარიაში ქადაგებისას ამხილა. მოგვს ქრისტიანები ჭირის დღესავით სძულდა, რადგან მათში საკუთარი მანკიერებების საპირისპირო ღირსებებს ხედავდა. სატანური ამპარტავნებით შეპყრობილი სიმონი თავს ხან ღმერთად, ხან კი სამყაროს შემქმნელ ღვთაებრივ ძალად აცხადებდა. ცრუ სასწაულებით მრავალი რომაელი აცდუნა და თვით იმპერატორ ნერონზეც დიდი ზეგავლენა მოიპოვა. ცხადია, მოგვმაც შეიტანა წვლილი იმაში, რომ იმპერატორი ქრისტიანების მიმართ გააფთრებული სიძულვილით განიმსჭვალა. ძველი მწერლები ვრცლად მოგვითხრობენ პეტრე მოციქულთან მის პაექრობაზე. სიმონი ამტკიცებდა, ღმერთი, რომელიც სამყაროს ბნელიდან დასახსნელად ზეციდან ჩამოვიდა, მე თვითონ ვარო. თავის ყოვლისშემძლეობაში რომაელების დასარწმუნებლად კი განაცხადა, ყველას თვალწინ ზეცაში ავმაღლდებიო.
დანიშნულ დღეს ამ "სასწაულის" სანახავად ზღვა ხალხი შეიკრიბა. მოციქულებიც იქ იყვნენ, მხურვალედ ლოცულობდნენ და უფალს წარმართების ცდომილებისგან დახსნას ევედრებოდნენ, სთხოვდნენ, დაემხო მტრული უწმინდური ძალა, სიმონ მოგვს რომ ეხმარებოდა.
მოგვმა ჰაერში აწევა მართლაც შეძლო, მაგრამ მალევე ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. ქედმაღალმა სიმონმა საჯაროდ შერცხვენა იუკადრისა და თავი მოიკლა.
ცრუმორწმუნე წარმართებმა მისი მარცხი მოციქულების იქ ყოფნას მიაწერეს და ქრისტიანთა დევნა კიდევ უფრო გააძლიერეს.
სიმონ მოგვის სიკვდილით გაღიზიანებულმა ნერონმა მოციქულების შეპყრობა ბრძანა, რათა ისინი სიკვდილით დაესაჯა. მოგვითხრობენ, როცა ქრისტიანების თხოვნითა და შეგონებით პეტრე მოციქული ქალაქს ტოვებდა, რომისკენ მომავალი უფალი შენიშნა და გაოცებულს აღმოხდა: "ვიდრე ხვალ, უფალო?" მაცხოვარმა მიუგო, რომში მივდივარ, რათა ხელმეორედ ვეცვა ჯვარსო. ამ გამოცხადებამ მიახვედრა პეტრე, რომ იგი ქალაქში უნდა დაბრუნებულიყო, რათა მოწამებრივი სიკვდილით განედიდებინა მაცხოვარი. მართლაც, უკან დაბრუნებული მოციქული შეიპყრეს და პავლე მოციქულის მსგავსად მამერტინის საპყრობილეში ჩასვეს, სადაც მათ ათი თვე დაყვეს. ამ ხნის განმავლობაში მოციქულებმა საპყრობილის მცველები მოაქციეს და მრავალი სასწაული აღასრულეს.
პეტრეს ჯერ ცოლი დაუსაჯეს. მოციქულმა მეუღლეს, რომელიც დასასჯელად მიჰყავდათ, გზა შემდეგი სიტყვებით დაულოცა: "გახსოვდეს უფალი!" თვითონ ჯვარს აცვეს, ოღონდ თავდაყირა - მისივე თხოვნით, რადგან თავს უფლის მსგავსად გაკვრის ღირსად არ თვლიდა. პავლე მოციქულს კი თავი მოჰკვეთეს, რადგან რომის მოქალაქის ჯვარცმა იკრძალებოდა. ეკლესიის ისტორიის მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი ერთ დღეს აღესრულნენ, ნაწილი კი თვლის, რომ პავლე მოციქული პეტრეს დასჯიდან ზუსტად ერთი წლის თავზე აღესრულა. ქრისტიანებს მათი გვამები რომის კატაკომბებში უნდა დაემარხათ.
მართალია, იერუსალიმის კრების შემდეგ პეტრე მოციქულის შესახებ "მოციქულთა საქმეში" აღარაფერია ნათქვამი, მაგრამ წმინდა გადმოცემები მოგვითხრობენ, რომ იგი აზიაში გაფანტულ ებრაელთა შორის ქადაგებდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ანტიოქიის ეკლესიას განაგებდა. პეტრე მოციქულმა ორი ეპისტოლე დაგვიტოვა, რომელთაგან ერთი მის მოწამებრივ აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე დაიწერა.
პეტრესა და პავლეს ეკლესიამ მოციქულთა თავნი უწოდა, რადგან ისინი ქრისტეს ეკლესიისთვის სხვა მოციქულებზე მეტად დაშვრნენ. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ პეტრე რომის ეპისკოპოსიც იყო, მაგრამ სარწმუნო ცნობები ამის თაობაზე არ მოგვეპოვება. პეტრე მოციქული მეტწილად იუდეველებს შორის ქადაგებდა, პავლე მოციქული კი წარმართებთან, რის გამოც მას წარმართთა მოციქულსაც უწოდებენ.
წმინდა ეკლესია თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს 29 ივნისს, ახალი სტილით 12 ივლისს იხსენიებს.