იმ დღეს მრავალი სასწაული მოხდა.
როცა ცამდე ამაღლებული, მერე თავისით მიწამდე ჩამოშვებული "ჰაერთა ზედა საკვირველად დაკიდებული" სვეტის ამბავი შეიტყვეს, მთელი მცხეთა და გარემო სოფლების მოსახლენი დაიძრნენ არაგვისა და მტკვრის შესართავისკენ, მეფის ბაღისკენ, სადაც სასწაული ხდებოდა. პირველი, ვინც სვეტიცხოველთან მიახლებით განიკურნა, შობითგან ბრმა იყო. საცოდავი გოდებით შეეხო წმინდა სვეტს და კურნებას შესთხოვდა, უეცრად ნათელი გამოკრთა სვეტიდან და კაცს იმავე ჟამს თვალნი აეხილა.
უამრავი ხალხი მიაწყდა სვეტს, მათ შორის იყო ერთი ურია დედაკაცი, რომელსაც თავისი ოთხი წლის ვაჟი წმინდა სვეტისკენ მიჰყავდა. ხიდზე ჭყლეტაში მოჰყვა და ბავშვი მდინარეში გადაუვარდა. ატყდა ერთი ვაი-ვიში. საბრალო დედა საზარელი ხმით კიოდა. შემდეგ კი თვითონაც მდინარეში გადაეშვა და ამის თქმა მოასწრო: - "ჰოი, უცხო და საკვირველო სახილავო, მიითვალე უცხო სიკვდილი დედისა ძითურთ."
ადიდებული მდინარის წყლის ორმა ნაკადმა დედა-შვილი შეაერთა, თავზე ნათელი დაედგათ, რომელიც იცავდა მათ კლდეზე მიხეთქებისაგან. მდინარემ ისინი მეფის ბაღთან გამორიყა. როგორ გადარჩითო, - ეკითხებოდა ხალხი. ქალი ტირილით უყვებოდა: "წყალში რომ აღმოვჩნდით, საკვირველი ნათელი ვიხილე ცეცხლის სვეტის სახით, რომელიც იმ ბაღიდან გამოდიოდა, სადაც სვეტია აღმართული. ამ ნათლის სვეტმა მე და ჩემი შვილი შეგვაერთა და ის გულში ჩავიკარი. უვნებლად გამოვცურეთ. სვეტი, როგორც ნავს მესაჭე, ისე გვმართავდა. არც ღელვა შეგვეხებოდა და არც კლდესთან მიგვიშვებდა. გამოგვიყვანა აქ და ის ნათელი ისევ სვეტში შევიდა. "რამეთუ სვეტსა ამას ცეცხლისასა (სვეტიცხოველი ამ დროს "ცეცხლისა სახედ იყო შეცვალებული") შეერთებულ არს სვეტი იგი ნათლისა, წიაღმყვანებელი ჩვენი". ჭეშმარიტად დიდია ქრისტიანთა ღმერთი, რომელსაც უცხო დედაკაცი ქადაგებს. მეფე, დედოფალი და მთელი ერი ტიროდა ამ საკვირველების გამო. ხოლო ქალი წავიდა, მოეხვია სვეტს, ლოცულობდა, ეამბორებოდა და მხურვალე ცრემლებით ალტობდა. მან თვითონაც ირწმუნა და მთელი ოჯახიც მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.
მეორედ ყრმა სეფეწული მოიყვანეს, ამაზასპანი, რვა წლისა. საწოლით მოიტანა დედამისმა. სარწმუნოებით დადო საწოლი ნათლის სვეტის წინ. ევედრებოდა ნინოს: "მოხედე, დედოფალო, ამ ჩემს საწყალ ძეს, რომელიც სიკვდილის პირას არის მისული. როგორც მე მითხრეს, ღმერთი ღმერთთა და უფალი უფალთა ის არის, ვისაც შენ ემსახურები და ჩვენც გვიქადაგებ. გევედრები, განკურნოს წმინდა სვეტმა ჩემი ძე შენი სიტყვითა და ლოცვით.".
წმინდა ნინომ ხელი შეახო სვეტს, შემდეგ შეეხო ყრმას და უთხრა: - თუ გწამს, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, რომელიც მოვიდა ქვეყნის გადასარჩენად, განიკურნე და ამიერიდან დაიწყე მისი დიდება, რომლის ძალაც გაგკურნავს. მრწამსო, - უპასუხა ყრმამ და წამოდგა ყოველნაირად მრთელი.
იმ დროს, როცა მთელი ქალაქი სვეტიცხოვლისკენ მიემართებოდა, ერთი მცხეთელი ურიას სახლიდან გლოვის ხმა გამოდიოდა - მშობლები გარდაცვლილ შვილს დასტიროდნენ: "ვაიმე, შვილო საყვარელო, ყველა იხარებს ამ უცხო სახილველისგან და სურვილით ანთებულნი მის სანახავად მიდიან. შენ ვერ მოესწარი ამ სასწაულს და ჩვენი უსჯულოების გამო დააკლდი ამ სიხარულს. ჩვენც ცოცხლივ ჯოჯოხეთს მივეწივნეთ. აღდეგ მკვდრეთით, მხოლოდშობილო ჩვენო, და მივეახლოთ "უცხოდ გამოჩენილსა მას სვეტსა ნათლისასა". უეცრად ყრმა წამოდგა და მშობლებს სთხოვა, სასწრაფოდ მიეყვანათ იქ, "სადა არს ცეცხლის სვეთი, რომელმან ჯოჯოხეთის უფსკრულიდან აღმოიყვანა."
განცვიფრებულ მშობლებს სიტყვის თქმაც არ შეეძლოთ, მცირე ხნის შემდეგ, როდესაც გონს მოეგნენ, მოეხვივნენ შვილს და ჰკითხეს:
- შვილო, ჩვენო საყვარელო, სად იყავი და ვინ მოგანიჭა კვლავ სიცოცხლე?
ხოლო ყმაწვილი იმეორებდა: - ნათლის სვეტთან მიმიყვანეთ და ყველა შეიტყობს იმ საკვირველებას, რომელიც აღესრულა ჩემზე.
გახარებულმა მშობლებმა წაიყვანეს შვილი სამეფო ბაღში. იმ დროს იქ იყვნენ მეფე მირიანი, დედოფალი ნანა და მთელი ერი. მკვდრეთით აღმდგარი ყმაწვილის ხილვამ განაცვიფრა ხალხი, ყველა გარს შემოეხვია. ეკითხებოდნენ, როგორ გაცოცხლდიო. ყრმა ამბობდა, "როცა მოვკვდი, მოვიდნენ ჩემთან ეშმაკები და ჩამაგდეს ჯოჯოხეთის უფსკრულში, სადაც იყო ღრჭენა კბილთა და მატლი დაუძინებელი. მეც სხვებთან ერთად ვიტანჯებოდი მცირე ხანს. ანაზდად ნათელი გამობრწყინდა ჯოჯოხეთში, ციდან ჩვენამდე ჩამოეშვა სვეტი ნათლისა, რომლის თავზეც იჯდა ის, ვინც ჩვენმა წინაპრებმა ჯვარს აცვეს. მე ორი პირმშვენიერი არსება მომევლინა და ამ დროს, როგორც ქუხილის ხმა, ისე მოისმა სვეტიდან: - "ეგ ყრმა დაუბრუნეთ მის მშობლებს, რამეთუ მელმის გული ტკივნეულობისაგან მათისა". მომკიდეს ხელი ჭაბუკებმა და სხეულში დამაბრუნესო".
ამის შემდეგ ერთი ეშმაკეული კაცი მოიყვანეს, ჯაჭვებით შეკრული. როდესაც იგი სვეტთან მიიყვანეს, საზარელი ხმით იყვირა და მკვდარივით დაეცა. წმინდა ნინომ აიღო ჭურჭელი, სვეტის მცირეოდენი ნაწილი, დაასხა წყალი, მერე ეს წყალი აპკურა ეშმაკეულ კაცს და ისიც მაშინვე განკურნა. იგი მოეხვია ნათლის სვეტს, თაყვანისსცემდა და ეამბორებოდა მას. ამ სასწაულმა დიდი შიში მოჰგვარა მეფესა და ხალხს. უამრავი სასწაული ხდებოდა იმ დროს. ბრმებს თვალის ჩინი უბრუნდებოდათ, კეთროვნები კეთრისგან განიკურნებოდნენ, მიცვალებულნი მკვდრეთით აღდგებოდნენ, ყოველი უნუგეშო ნუგეშს პოვებდა. ამიტომ მეფემ საკვირველ სვეტს გარშემო შეუქმნა ხის საფარებელი, რათა ყველას ადვილად არ დაენახა. ეხებოდნენ სვეტის ძირსაც და იღებდნენ კურნებას. მირიან მეფემ დააჩქარა ეკლესიის მშენებლობა ბაღში და მალე კიდეც დაასრულა. სვეტიცხოვლის ტაძარს "წმინდა წმინდათა" ერქვა და შიშით იქ შესვლას ვერავინ ბედავდა.