ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება და ჯვარი ვაზისა
წმ. ნინო ევედრებოდა ღვთისმშობელს, მისთვის ძალა და შესაძლებლობა მიეცა, რომ ენახა ქვეყანა, სადაც უფლის კვართი განისვენებდა. ერთხელ ღვთისმშობლის ხატის წინ მლოცველი წმინდა ნინო საღმრთო ძალით
ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. ყოვლადწმინდა მარიამი გამოეცხადა და აუწყა:
- აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი მხნედ და უშიშრად და ქართველ ერს უქადაგე ჭეშმარიტება.
– მე, უცხო და უსწავლელი ქალწული, როგორ შევძლებ ასეთი დიდი საქმის შესრულებას? – ჰკითხა ნინომ.
მაშინ ყოვლადწმინდა დედოფალმა კელიის გვერდით ამოსული ვაზის რტოებისაგან შექმნა ჯვარი, წმინდა ნინოს მიაწოდა და უთხრა:
– აიღე ეს ჯვარი! ამით სძლევ ეშმაკის ყველა მზაკვრობას და შენი ქადაგება წარმატებული იქნება. მე ვიქნები შენი შემწე, არ მიგატოვებ.
ხილვა რომ დასრულდა, ნინომ ხელში სასწაულებრივი ჯვარი იხილა და სიხარულის ცრემლებით ეამბორა (სიწმინდე ამჟამად თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. ყველას შეუძლია მივიდეს და ემთხვიოს მას.). ის მაშინვე თავის ბიძასთან, პატრიარქთან წავიდა და ყოველივე მოუთხრო. პატრიარქმა ნინოს ხილვის შესახებ რომ მოისმინა, გაკვირვებული ღმერთსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მადლობდა.
მალე ეფესოდან ერთი წარჩინებული ქალი მივიდა მაცხოვრის საფლავის მოსალოცად. როდესაც შინ დაბრუნება დააპირა, წმინდა ნინომ პატრიარქს სთხოვა, მისთვის გაეყოლებინა იქ, სადაც უფალმა მოუწოდა საქადაგებლად.
პატრიარქმა მოუხმო თავის დისწულს, დააყენა ის საკურთხევლის აღსავლის კართან, მხრებზე ხელები დაადო, ღმერთს შეავედრა და თქუა: "უფალო, ღმერთო საუკუნეთაო, ხელთა შენთა შევვედრებ ობოლსა ამას შვილსა დისა ჩემისასა, და წარვავლინებ შენი ღვთაებრიობის საქადაგებლად, ქადაგებად ღმრთეებისა შენისა, რათა ახაროს აღდგომა შენი; სადაც კი ინებებ მის წასვლას. იყავი, ქრისტე ღმერთო, ამისი მეგზური, ნავსაყუდელი, მოძღუარი და ენის მასწავლებელი, ვითარცა აქამდე იყავი მათთვის, რომელთაც ჰქონდათ შიში შენი".
"და შენ, ყოვლად წმი,დაო ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა შენდა შევედრებულთაო, რომელი ესე გამოირჩიე მსახურად დიდებისა შენისა, მარადის გარე-შეიცევ ოხათა შენთა საფარველითა და წარუძეღუ, სადა ჯერ-გიჩნს, რამეთუ ესერა ბრძანებისაებრ შენისა წარვავლინებ მინდობითა ურიცხვთათა წყალობათა შენთაითა."
წმინდა რიფსიმე და წმინდა გაიანე
მიიღო რა პატრიარქისაგან კურთხევა, ღირსი ნინო თავის სულიერ დედასაც გამოემშვიდობა და ეფესელ დედაკაცთან ერთად გზას გაუდგა. ეფესოში ჩასული შეხვდა ერთ წარჩინებულ ქალს, რიფსიმეს, "რომელსა სუროდა სარწმუნოებისათვის ქრისტესისა და წმინდისა ნათლისღებისა". წმინდა ნინომ უქადაგა მას ქრისტე ღმერთი და მანაც, ვითარცა ნაყოფიერმა ნიადაგმა, "შეიწყნარნა თესლნი იგი ნინოჲს სიტყვათანი" და ნათელს იღო. მასთან ერთად წმ. ნინოს "ხელსა ქუეშე" მოინათლნენ მისი დედა-მძუძე გაიანე და მთელი მათი სახლეული, ორმოცდაათი ადამიანი. ქრისტეს მოყვარე რიფსიმემ შეიყვარა ნინო და თავისთან დაიტოვა. წმინდა ნინო ორ წელიწადს დარჩა მათთან.
ამ დროს ქრისტიანთა სასტიკმა მდევნელმა დიოკლეტიანემ მშვენიერი რიფსიმეს ცოლად შერთვა მოინდომა, რისთვისაც რიფსიმემ, მისმა სახლეულმა და გაიანემ საბერძნეთი დატოვეს. მათთან ერთად წამოვიდა წმინდა ნინოც. ლტოლვილებმა სომხეთამდე მიაღწიეს და თავი სამეფო ბაღს შეაფარეს. დიოკლეტიანეს ბრძანებით, ისინი სომხეთის მეფემ, თრდატმა მოძებნა და სასტიკად აწამა. წმინდა ნინო კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მაშინ წმინდა ნინო დაიმალა ვარდის ეკალთა შორის, რომელიც ჯერ არ ჰყვაოდა. ამ დროს მან ჩვენება იხილა:
ზეციდან წმინდა სტეფანეს მსგავსი დიაკონის სახით ბრწყინვალე ოლარით მოსილი უფლის ანგელოზი ჩამოვიდა, ხელში სასაკმევლე ეჭირა, რომლის სურნელებაც ფარავდა მთელ ქვეყანიერებას. მასთან ერთად მრავლად იყვნენ ზეციური არსებანი და მათ შეუერთდნენ წმინდა ახალმოწამეთა სულები. წმინდა ნინომ შეღაღადა: უფალო, უფალო, რატომ დამტოვებ მე ასპიტთა და იქედნეთა შორის?" - მაშინ ნინოს ეუწყა, რომ მისი სულის სასუფეველში ღმერთთან მიყვანებაც ისევე მოხდებოდა იმ დროს, როცა მის გარშემო ეკლები სურნელოვან ვარდის ფურცლებად გადაიქცეოდნენ. "აღდეგ და ხვიდოდე აღმოსავლეთით, სადა იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკი ყოვლადვე, არ არიან".
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი