ნანა დედოფლის განკურნების შემდეგ, წმინდა ნინოს ნანას დედის ძმა, სპარსი მთავარი ხუარა განუკურნავს. წყაროებიდან ვიგებთ, რომ იგი ყოფილა მოგვი, რაც აქ შეიძლება ნიშნავდეს, როგორც ზოროასტრული რელიგიის მღვდელმსახურს, ასევე ამ რელიგიის რიგით მიმდევარს, მაზდეანს. იგი ბოროტი ძალისაგან ავად შეიქმნა, სასტიკად იტანჯებოდა და სიკვდილის პირამდე იყო მისული. შეევედრნენ წმინდა ნინოს ნანა დედოფალი და მეფე. მეფე მის საქმეს ცოტა ეჭვით უყურებდა, ამიტომაც უთხრა წმინდა ნინოს:
- მითხარი სიმართლე, ნინო, რომელი ღმერთის ძალით ახდენ სასწაულებს და კურნავ სნეულებს? იქნება ხარ არმაზის ასული ან ზადენის შვილი, რომელთაც შეავედრე თავი, როგორც უცხომ და იმათაც მოგანიჭეს კურნებათა ძალა, რათა ამით იცხოვრო უცხო ქვეყანაში, ამიტომ დიდებულნი არიან ისინი უკუნისამდე. იყავი ჩვენთან, როგორც ერთი ჩვენი შვილთაგანი და დაფასებული იქნები ამ ქალაქში, მაგრამ რომაელთა შემცდარ სჯულს ნუღარ იქადაგებ, რადგან უცხოა იგი ჩვენთვის. მე უკეთეს რჩევას მოგცემ და, თუ დამიჯერებ, დიდებას და პატივს დაიუნჯებ: აი, დიდი და საკვირველი ღმერთები, მზის მომფენნი და წვიმის უშურველად მომცემელნი, ქვეყნის ნაყოფით გამომზრდელნი - არმაზი და ზადენი - რომელთათვის არაფერია დაფარული, ასევე ჩვენი წინაპრების ღმერთები, გაცი და გაიმ ისინი უნდა სწამდეთ ადამიანებს. თუ ამ მთავარს განკურნავ, გაგამდიდრებ და მცხეთის მკვიდრ-მოქალაქეობას მოგცემ, დაგაყენებ არმაზის მსახურად.
მართალია, ქარითა და სეტყვით შეიმუსრა იგი, მაგრამ ის ადგილი უძლეველია. არმაზი და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი ყოველმხრივ ემტერებიან ერთმანეთს, არმაზმა ზღვა მიაქცია მასზე, იმან კი ასეთი საშინელება მოსწია არმაზს, როგორც ეს ქვეყნის მპყრობელთ აქვთ ჩვევად. შენთვის საკმარისი იყოს ეს ბრძანება".
წმინდა ნინომ პასუხად მიუგო მეფეს: "ქრისტეს სახელით და მისი დედის ვედრებით მოავლინოს შენზე ღმერთმა - ცისა და ქვეყნის შემოქმედმა, ყოველი დაბადებულის დამბადებელმა, თავისი მრავალმოწყალებისგან მადლის ერთი ნაპერწკალი, რათა შეიცნო სიმაღლე ცისა და ნათელი მზისა, ზღვის სიღრმე და სივრცე ქვეყნიერებისა. ეს არის იესო ქრისტე, რომლის სჯულსაც მე ვქადაგებ, რომელიც უდედოდ იშვა მამის ღვთაებისაგან, რომელიც გარდამოხდა ქვეყნად და ხორცნი შეისხნა, რათა ჩვენც შევიმოსოთ ღვთაებრივი ნათლით, ვინაიდან დამონებულნი ვიყავით ეშმაკს. რათა იცნო და გულისხმაჰყო ცის სიმაღლე და მზის ნათელი, ზღვის სიღრმე და ქვეყნის სივრცე. იცოდე, მეფევ, ვინ მოსავს ცას ღრუბლით და ქუხს ჰაერში, იძვრის ქვეყანა მისი სიმძაფრით, არის მეხთა ტეხა და მის კვალზე ცეცხლი აღეგზნება მისი გულისწყრომით. იცოდე, რომ ღმერთი არის ცაში. თავად ის უხილავია ყოველივე დაბადებულისგან, გარდა მისი ძისა, რომელიც მისგან გამოვიდა და ქვეყნად მოვიდა, როგორც კაცი, რომელმაც აღასრულა ყოველივე, რისთვისაც იყო მოსული და აღვიდა ზეცაში მამასთან და იხილა დაუსაბამო, რომელიც მაღლაა და მდაბალთა ხედავს.
ჰოი, მეფეო, მალე მიეახლები შენ ჭეშმარიტ ღმერთს, რომ შემდეგ ამ სიტკბოების ხმამაღლა მქადაგებელი გახდე. რადგან ამ ქალაქში არის ერთი სასწაული, ღვთის ძის სამოსელი აქაა და ელიას ხალენიც აქვე ყოფილა, და მრავალი სასწაულია, რომელსაც ღმერთი გამოაჩენს. ახლა შენს მთავარსაც განვკურნავ ქრისტეს სახელით და ჯვრით, რომელზეც ევნო იგი, ისე როგორც განიკურნა დედოფალი ნანა დიდი სენისაგან, რადგან რაც ვუთხარი, იმას აკეთებს იგი."
მიჰგვარეს ნინოს სპარსი მთავარი, მოვიდა დედოფალიც. ნინომ ის ნანა დედოფალთან და სიდონიასთან ერთად წაიყვანა სამეფო ბაღში, დააყენა სასწაულებრივი ნაძვის ქვეშ, ხელები აღმოსავლეთისკენ ააპყრობინა და სამჯერ ათქმევინა: "ვიჯმნი შენგან ეშმაკო და შევუდგები ქრისტესა, ძესა ღმრთისასა".
წმ. ნინო ერთი დღის განმავლობაში ლოცულობდა და ღმერთს თვალცრემლიანი შესთხოვდა სპარსის გამოჯანმრთელებას. მასთან ერთად ლოცულობდნენ ნანა დედოფალი და სიდონიაც. მაშინ გავიდა ბოროტი სული სპარსი მთავრის სხეულიდან და და დაემოწაფა ის და მთელი მისი სახლეულობა წმინდა ნინოს და ისიც ადიდებდა ღმერთს - მამას, ძესა და წმინდა სულს.
ზაფხულის ერთ დღეს, 323 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს, მეფე გავიდა სანადიროდ მუხრანის მხარეს. ამ დროს უჩინო მტერმა - ეშმაკმა, გულში ჩაუგდო კერპებისა და ცეცხლის სიყვარული. გაიხსენა მსახურება კერპებისა და ისურვა მახვილით ამოწყვეტა ყველა ქრისტიანისა. მეფემ უთხრა თავის ოთხ თანაშემწეს: ღირსნი ვართ, რომ ჩვენი ღმერთებისაგან ბოროტად დავისაჯოთ, რადგან მათ მონდომებით აღარ ვემსახურებით და მივუშვით ეშმაკეული ქრისტიანების სჯულის ქადაგება ჩვენს ქვეყანაში და ისინი ეშმაკის ძალით ახდენენ საკვირველებებს. ამიტომ განზრახული მაქვს, ამოვხოცოთ ჯვრის თაყვანისმცემლები და გავაძლიეროთ ჩვენი ღმერთების მსახურება ქართლში, ვამხილო ჩემი მეუღლე ნანა სჯულის შეცვლაში და მოვთხოვო სინანული და ჯვარცმულის სჯულის უარყოფა. თუ არ დამემორჩილება, დავივიწყებ მის სიყვარულს და სხვებთან ერთად მოვკლავ მასაც". თანაშემწეებმა მოუწონეს მეფეს განზრახვა, რადგან ეს საქმე მათ ისედაც ჰქონდათ გულში, უნდოდათ ეთქვათ მეფისათვის, მაგრამ ერიდებოდათ გაცხადება ამისა. მეფემ მოიარა მუხრანის სანახები და ავიდა თხოთის მაღალ მთაზე, რომ დაენახა კასპი და უფლისციხე, გავიდა მთის თხემზე. შუა სამხრობისას დაბნელდა მზე, და იქმნა როგორც ღამე, ბნელი, უკუნი. დაიპყრო სიბნელემ მოიცვა არემარე... სიბნელის გამო მეფის მხლებლები მიმოიფანტნენ, რომ გასაჭირს გასცლოდნენ. დარჩა მეფე მარტო, ცდილობდა გზა გაეგნო, მაგრამ ამაოდ.
შეშინებული და შეძრწუნებული დადგა ერთ ადგილზე, რადგან გადარჩენის იმედი გადაეწურა. მძიმე გასაჭირში გონს მოეგო და გულში ფიქრობდა: - ჩემს ღმერთებს შველასა ვთხოვ, მაგრამ მათგან სიკეთე ვერ მივიღე, იქნებ ჯვარმა და ჯვაცმულმა ღმერთმა, რომელსაც ჰქადაგებს ნინო და მისი სახელით ახდენს კურნებებს, შეძლოს ჩემი გასაჭირიდან ხსნა, რადგან ცოცხალი ჯოჯოხეთში ვიმყოფები. არ ვიცი მთელი ქვეყანა დაიქცა, თუ მხოლოდ ჩემთვის იქმნა ეს? თუ მხოლოდ ჩემთვისაა ეს გასაჭირი დაშვებული, ნინოს ღმერთო, განმინათლე ეს ბნელი და დამანახე ჩემი ქვეყანა და ვაღიარებ შენს სახელს, აღვმართავ ჯვრის ძელს და მას თაყვანს ვცემ, ავაშენებ სამლოცველო სახლს, დავემორჩილები ნინოს და მივიღებ რომაელთა სჯულს (ქრისტიანობას).
წარმოსთქვა თუ არა ეს სიტყვები, მაშინვე ინათა და გამობრწყინდა მზე. მირიან მეფე გადმოვიდა ცხენიდან, აღაპყრო ხელები ზეცისაკენ და თქვა: - "შენ ხარ ღმერთი ღმერთებისა და უფალი უფლებებისა, რომელსაც ქადაგებს ნინო, საქებელია შენი სახელი ყოველი დაბადებულისგან ცის ქვეშ და ქვეყანაზე, რამეთუ შენ მიხსენი ჭირისგან და განმინათლე ბნელი. აჰა, ვცნობ, რამეთუ გინდა ჩემი ხსნა, ლხენა და შენთან მიახლება. კურთხეულო უფალო, ამ ადგილას აღვმართავ ძელის ჯვარს, რომლითაც იდიდება შენი სახელი და მოიხსენიება ეს სასწაულებრივი საქმე უკუნისამდე".
დაიმახსოვრა მირიანმა ის ადგილი და გამოემართა მცხეთისკენ. გზადაგზა გაფანტული მხედრობაც შემოიკრიბა და მათაც ურჩევდა, რომ თაყვანი ეცათ ნინოს ღმერთისთვის.