მცხეთაში. კერპთა დამსხვრევა
ერთი თვის შემდეგ იგი მცხეთისკენ გამოჰყვა ხალხს, რომელიც იქ სავაჭროდ და მათი ღმერთის, არმაზის მოსალოცად მიდიოდა. იმ დღეს მცხეთაში მოსულები გაჩერდნენ მოგვთა უბნის გამოღმა, ხიდთან. იქიდან აკვირდებოდა წმ. ნინო მცხეთელ ცეცხლისმსახურებს. "და ტიროდა წმინდა ნინო წარწყმედასა მას ზედა მათსა, და იგლოვდა უცხოებასა თვისსა".
მცხეთაში მოსვლის მეორე დღეს ხალხი არმაზის დღესასწაულს ზეიმობდა. ეს იყო 6 აგვისტოს ("რამეთუ დღეჲ იყო მეექუსეი თთჱსაჲ მის, ოდეს-იგი ევმანუველ თაბორს მამისა ხატი აჩუენა თავთა მათ ცხოველთა და თავთა მათ მიცვალებულთა", ანუ ფერისცვალების დღეს). ქალაქში ისმოდა სადღესასწაულო საყვირის ხმა და ურიცხვი ხალხი გამოფენილიყო ქუჩებში. უცბად ხალხი აქეთ-იქით მიმოიფანტა და მიიმალა. გამოჩნდა ნანა დედოფალი, ნელა ჩაირა ქუჩა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა ხალხი სამალავებიდან და ქუჩა სამოსლებითა და მცენარეებით მოფინეს. ხალხმა დაიწყო მეფის ქება-დიდების შესხმა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა თვალისმომჭრელი შესახედაობია მეფე მირიანი. წმ. ნინო გაემართა არმაზის კერპის სანახავად. გარშემო მთები სავსე იყო ხალხითა და დროშებით. ნინომ მოასწრო არმაზციხეში შესვლა. დადგა ზღუდის ნაპრალთან და იქიდან უყურებდა, თუ როგორი შიში და ძრწოლა ჰქონდა მეფეს და მთელ ხალხს იმ კერპისა. არმაზის კერპი სპილენძისგან იყო შექმნილი, მას ტანზე ოქროს ჯაჭვის პერანგი ემოსა, თავზე ოქროს ჩაფხუტი ეხურა და ფრცხილის და ბივრიტის თვლებით შემკული ოქროსივე სამხრეები ეკეთა. კერპს ხელთ ეკავა გალესილი ხმალი, რომელიც მის ხელში ისე ბრწყინავდა და ტრიალებდა, თუ ვინმე შეეხებოდა, თავი სასიკვდილოდ ჰქონდა განწირული. არმაზის კერპის მარჯვნივ იდგა ოქროს კერპი, რომლის სახელიც იყო გაცი, ხოლო მარცხნივ - ვერცხლის კერპი, სახელად გა. ეს ორი კერპი არიან-ქართლიდან იყო მოტანილი აზოს მიერ, ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის დროს.
იხილა რა მტრისგან დაბნელებული ერი, რომელიც ცოცხლივ შთაენთქა ჯოჯოხეთს, წმინდა ნინო ატირდა, მცირედ მოშორდა იმ ადგილს და უფალს შეევედრა, გამოევლინა თავისი ძლიერება, რათა ხალხს ჭეშმარიტი ღმერთი ეცნო: "უფალო, მრავალი ძალით გეცრუებიან შენი მტრები, შენი დიდი სულგრძელობით ცდილობ იმათ გონს მოსვლას. ყოველივე წარმავალი მტვრად და ნაცრად აქციე, მაგრამ კაცს ნუ უარყოფ, რომელიც შეჰქმენ შენს ხატად და რომლისთვისაც სამებისაგან ერთს კაცური ბუნება შესძინე და მისთ მთელი ქვეყანა გადაარჩინე, წყალობით მოხედე ამათ მოდგმასაც, შერისხე სოფლის მპყრობელი, ბნელეთის მთავარი უჩინო სულები. მიჩვენე მე, უფალო ღმერთო მამისა და დედისა ჩემისაო, მხევალსა შენსა, რათა იხილონ ყოველთა კიდეთა ქვეყნისათა მაცხოვარება შენი,რათა ჩრდილოეთი სამხრეთთან ერთად ხარობდეს, რათა ყოველმა ერმა ხოლოდ შენ, ჭეშმარიტ ღმერთს თაყვანი გცეს შენი ძის იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც შვენის მადლობით დიდება უკუნისამდე.
მეფე-დედოფალი და ამალა მიუახლოვდნენ კერპებს და თაყვანი სცეს. უცბად მშვიდი ამინდი შეიცვალა, დაუბერა ქარმა, ატყდა ჭექა-ქუხილი. შეშინდა ხალხი. ყველა თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. მეფემ და დედოფალმაც შეაფარეს თავი სახლს. ამ დროს ცამ პირი გახსნა და წამოვიდა სეტყვა, უზარმაზარი ყინულის ლოდები დაეცა არმაზის მთას, სეტყვამ დალეწა კერპნი, წვიმამ და ქარმა კი კლდეთა ნაპრალებში ჩააბნია არმაზ-გაც-გაიმის ნამსხვრევები. საკვირველი ის იყო, რომ სეტყვა მხოლოდ არმაზის მთას და ქართველთა ღმერთებს ეცემოდა. მეორე დღეს გამოვიდნენ მირიანი და ყოველნი ქართველნი და ეძიებდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ ვერ პოვეს. ძალიან შეშინდნენ. ზოგი ამბობდა, ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი მტრობდა ჩვენს ღმერთს და მოაწია ის დელგმაო. სხვანი კი ამბობდნენ, რომელი ღმერთის ძალითაც თრდატ სომეხთა მეფე ღორად იქცა და მისივე ძალით ისევ კაცის სახე მიიღო, მან დაგვინგრია არმაზი, მხოლოდ იმ ღმერთს შეეძლო ჩვენი ღმერთის დამარცხებაო.
ამის შემდეგ ქება-დიდება ქრისტესი ქართლში აღარ ითქმოდა ფარულად, რამეთუ "მადლსა ღმრთისასა ეწყო მიფენად აღმოსავლეთს",
როგორც კი დაცხრა ქარი და სეტყვა, წმინდა ნინო გამოვიდა კლდის ნაპრალიდან და იპოვა ბივრიტის თვალი, რომელიც არმაზის კერპის სამხრეებს ამკობდა, აიღო და გაემართა იმ კლდის ბოლოს, სადაც ძველად ციხე მდგარა. იქვე იდგა მშვენიერი ბრინჯის ხე, მაღალი და რტომრავალი. წმინდანი მივიდა იმ ხის ქვეშ, გამოსახა ჯვრის ნიშანი და ექვსი დღე გაატარა ღვთის დიდებასა და მადლობაში, რომელმაც წყალობით მოხედა ერს და ეშმაკისაგან იხსნა იგი.
პირველი მოწაფეები
დედოფლის სეფექალმა შროშანამ ხესთან წმინდა ნინო დაინახა, მასთან ბერძნულად მეტყველი ქალი მიიყვანა და ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი გამოჰკითხა. წმინდანმა ყველაფერი მოუთხრო, ოღონდ დაფარა, რომ განთქმული ოჯახის შვილი იყო და თავის თავს "ტყვე" უწოდა. შროშანას შეეცოდა უცხოობაში მყოფი ქალი და სასახლეში გაყოლა შესთავაზა. შროშანას წასვლიდან სამი დღის შემდეგ წმინდანმა იქაურობა მიატოვა, მდინარე მტკვარზე გადავიდა და მიადგა მეფის ბაღს, სადაც ახლა სვეტიცხოვლის ტაძარია აღმართული.
ბაღის კართან ბაღის მცველის ერთი მცირე სახლი იყო. შიგ დახვდა ბაღის მცველის ცოლი, ანასტოსი, რომელმაც დანახვისთანავე, როგორც ნაცნობმა და მეგობარმა, ისე ჩაიკრა გულში, ფეხები დაბანა და ზეთი სცხო, გაუშალა ტრაპეზი, მიართვა ღვინო და აიძულებდა, ეჭამა და ესვა. წმინდა ნინომ ბაღის მცველის სახლში ცხრა თვე დაჰყო.
ანასტოსი და მისი ქმარი უშვილოები იყვნენ და ეს ძალიან აწუხებდათ.
წმინდა ნინოს ეჩვენა: მოვიდა კაცი ნათლისფერი და თქვა: შედი ამ ბაღში, ხეზე აშვებული ვაზია - ბაბილო, ნაძვთა ქვეშ. აიღე მიწა ამ ადგილიდან, შეაჭამე მაგათ და ეყოლებათ შვილი". წმინდა ნინომ ცოლ-ქმარს შეაჭამა მიწა, ილოცა მათთვის და უთხრა: "ძალითა ქრისტეს ძისა ღმრთისათა დაუსაბამოსათა, რომელი თანა-მოსაყდრე არს მამისა და სულისა წმინდისა და ხსნისათვის ჩუენისა განკაცნა, ჯუარს ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა და კუალად მოვალს დიდებითა განსჯად ცხოველთა და მკუდართა, მან მოგცეს გულის-ხმის ყოფა". და აუწყა ყოველი გზა ჭეშმარიტი. მაშინ ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფნეს მას ფარულად. მართლაც ეყოლათ მათ შვილები - მრავალი ძე და ასული.
მაყვლოვანში დასახლება.
მეფის ბაღის მცველის სახლში გატარებული ცხრა თვის შემდეგ წმინდა ნინომ განმარტოებით ცხოვრება მოისურვა. სამეფო ბაღის მახლობლად, კარვის მსგავსად გარდართხმულ მაყვლოვანში დასახლდა, მოაწყო იგი თავის სამყოფლად და საცხოვრებლად, დაასვენა იქ მის მიერ ვაზის ნახლევისაგან შეკრული ჯვარი, რომლის წინაც ხშირად მღვიძარებაში ათენებდა ღამეებს და ასევე დღეებს აღამებდა დაუცხრომელ ლოცვასა და ღვთისადმი ვედრებაში. წმ. ნინოს ასეთი მოღვაწეობით გაკვირვებულები იყვნენ მეფის მებაღის მეუღლე და მისი ცოლი და ემსახურებოდნენ მას. (IV საუკუნიდან მოყოლებული, მრავალჯერ დაარბიეს ქართული სალოცავები და მათ შორის სამთავროსა და წმინდა ნინოს სალოცავიც; მრავალჯერ სცადეს "მაყვლოვანის" ნიშის - მაყვლის ბუჩქის ამოძირკვაც, მაგრამ მისი ხელყოფა ვერ შესძლეს. გადმოცემის მიხედვით, კომუნისტური რეჟიმის მიერ ქრისტიანთა დევნულების ჟამს, წმინდა ნინოს სალოცავთან მაყვლის ბუჩქი რამდენიმეჯერ სრულად ამოძირკვეს და შიგ მჟავაც ჩაასხეს, მაგრამ მაინც ვერ მოსპეს, იგი განსაცვიფრებლად აღმოცენდებოდა ხოლმე, ხარობდა და დღემდე ახარებს და კურნავს უხილავად, წმინდა ნინოს ლოცვით, სრულიად საქართველოს).
ასეთ მოღვაწეობაში გაატარა წმინდა ნინომ მცხეთაში სამი წელი. იმ ხანებში ქართლის მეფე მირიანი და მისი ძმისწული, სპარსთა მეფე, შევიდნენ საბერძნეთში, მაგრამ ბერძენთა მეფე კონსტანტინემ ქრისტეს ძალით და ჯვრის წინამძღვრობით განდევნა ისინი და მათი მრავალი მოლაშქრე მოსრა.
მაყვლოვანში ყოფნისას წმინდა ნინო ხშირად მიდიოდა ურიათა უბანში, რადგან იცოდა მათი ენა, რომ გამოეძია უფლის კვართის ადგილ-სამყოფელი, რომლის შესახებაც იერუსალიმში ნიაფორისაგან ჰქონდა გაგონილი, რომ მცხეთელ ურიებს ჰქონდათ წაღებული.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი