სლავი ხალხების ეთნიკური ერთობა და თანამედროვე თავისებურებანი ხანგრძლივი და რთული ისტორიული პროცესის შედეგია. მეცნიერთა აზრით, ეს პროცესი ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულის დამდეგიდან იწყება.
დაახლოებით VII საუკუნისთვის სლავები სამ შტოდ გაიყვნენ: სამხრეთ სლავებად (სერბები, ხორვატები, სლოვენები, ბულგარელები, მაკედონელები), აღმოსავლეთ სლავებად (რუსები, უკრაინელები და ბელორუსები) და დასავლეთ სლავებად (პოლონელები, მაზურები, ჩეხები, სლოვაკები, ობოტრიტები). ამ დაყოფაზე დიდი მნიშვნელობა იქონია გუთებისა და გეპიდების ლაშქრობებმა.
V-VI საუკუნეებიდან სლავები სულ უფრო ხშირად იხსენიებიან ისტორიულ ქრონიკებში. მათი ზოგი ტომი დასახლდა ილირიასა და ძველი საბერძნეთის ნაწილში, ზოგი, მოედო გერმანიას, დასახლდნენ ბალტიისპირეთში, ელბის (ლაბის) ჩრდილოეთ მხარეში, ახლანდელი გოლშტინიისა და მეკლენბურგის ნაწილში, განეფინნენ დუნაის ნაპირებზე - ბავარიიდან და ტიროლიდან დაწყებული შავ ზღვამდე. საბერძნეთში ძველთაგანვე მკვიდრობდა მრავალი სლავი, რომლებიც დროთა განმავლობაში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეერივნენ. იმპერატორებმა ჰერაკლემ და მავრიკიოსმა სლავები მიიწვიეს ზოგიერთ ოლქში, სადაც მოსახლეობა ეპიდემიამ თითქმის გაწყვიტა. მათ დაიკავეს თრაკია, მაკედონია, თესალია, პელოპონესი, ილირია, დალმაცია და მდინარე სავასა და ადრიატიკის ზღვას შორის მდებარე ტერიტორიები.
თავდაპირველად მშვიდობიანი ახალმოშენეები და ხარკის თვინიერი გადამხდელნი, ხელისუფლებაზე დამოკიდებული სლავები იმპერიის დასუსტებასთან ერთად თანდათანობით მის მრისხანე და სახიფათო მეზობლებად გადაიქცნენ. VII საუკუნეში დუნაის დინების ქვემო ნაწილზე მდებარე მიწაზე წარმოიქმნა, სამხრეთ სლავების სახელმწიფო ბულგარეთის სამეფო და მალე თანდათან განივრცო-გაძლიერდა. იგი იმპერიის ჩრდილო ნაწილის მყუდროებას არღვევდა და კონსტანტინოპოლსაც არაერთხელ დაემუქრა. პელოპონესი სრულად დაიკავეს სლავებმა ავარებთან ერთად. ილირიაში მცხოვრები სერბები და ხორვატები გამოეყვნენ ბიზანტიას და IX საუკუნის დასაწყისში ნაწილობრივ ფრანკთა ბატონობის ქვეშ მოექცნენ. პანონიაში, სადაც კარლოს დიდმა შემუსრა ავარების ბატონობა, აგრეთვე ბოჰემიაში - დუნაის მარცხენა ნაპირზე - IX საუკუნეში გაძლიერდა მორავიელებისა და ჩეხების სლავური ტომი. მათი ენა ძალზე ჰგავდა დნეპრის, ბუგის, ვისლის, დვინის, დესნის, ოკის, ვოლგისა და ტბა ილმენის ნაპირებზე მცხოვრები სლავების ენებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უზარმაზარ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებულნი და ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა არც ჰქონიათ.
გუბერნატორი მეთოდე და ფილოსოფოსი კონსტანტინე
ცოტა რამ არის ცნობილი სლავების სარწმუნოებისა და ადათების შესახებ, რაც მრავალრიცხოვან სლავურ ტომებს ერთნაირი არ ექნებოდათ. ბევრი რამ მათ ადგილობრივ მცხოვრებთაგანაც გადაიღეს. მაგალითად, გერმანელებისა და სკანდინავიელთა გარემოცვაში მყოფი ბალტიისპირეთის სლავები დიდხანს კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ მათი გაქრისტიანებაც ხდებოდა, როგორც, მაგალითად, ანსგარის დროს, მაგრამ განათლებამ მაინც დიდი დაგვიანებით შეაღწია მათთან.
სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში, საბერძნეთის ახლოს მცხოვრებ სლავებს ძალიან ადრე მიეცათ საშუალება, გასცნობოდნენ ქრისტიანობას. პირველი საუკუნეებიდანვე იხსენიებიან სკვითების ეპისკოპოსები, რომლებიც დუნაიზე, ქალაქ ტომში ცხოვრობდნენ. X საუკუნეში სკვითიის ეპარქია კონსტანტინოპოლის პატრიარქს ეკუთვნოდა. მთელი ის მხარე, დუნაის გაყოლებაზე, მჭიდროდ იყო დასახლებული სლავებით.
ძველი საბერძნეთის ოლქებში მცხოვრებმა სლავებმა იოლად შეითვისეს ბერძნული ტრადიციები და მათგანვე მიიღეს სარწმუნოება. ჰერაკლეს მიერ ილირიაში მოხმობილი სერბები და ხორვატები ჯერ კიდევ VII საუკუნეში მონათლეს რომაელმა მღვდლებმა; მათ თავიანთი არქიეპისკოპოსიც ჰყავდათ ჯერ თესალონიკში, შემდეგ სპოლეტოში. მართალია, მათ ქრისტიანები ერქვათ, მაგრამ წარმართულ ტრა¬დიციებსა და ცრურწმენებს მაინც მისდევდნენ. დასავლელ სლავებთან დროდადრო ლათინი მისიონერები მოღვაწეობდნენ. მაგალითად, 845 წელს რეგენსბურგში თოთხმეტი ჩეხი ბელადი მოინათლა და ამ დროიდან ბოჰემია (ან ჩეხეთი) რეგენსბურგსიქეთ ეპარქიად ითვლებოდა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩეხებმა რაიმე ისწავლეს ქრისტიანული სარწმუნოების შესახებ.
გერმანული ტომები, საქსები და ბავარიელები, რომლებიც კარლოს დიდს ებრძოდნენ, დასახმარებლად სლავებს უხმობდნენ. კარლოსი კი მათ გაქრისტიანებას ცდილობდა, რადგან ასე უფრო იოლად დაიმორჩილებდა, მაგრამ საქმე წარუმატებელი აღმოჩნდა: გაუგებარ ენაზე ნაქადაგები სარწმუნოება, როგორც უცხოთა მმართველობის იარაღი, სლავებმა არ მიიღეს. ორ ძმას, კირილესა (ერისკაცობაში კონსტანტინე) და მეთოდეს ხვდა წილად, გამხდარიყვნენ ღვთის ნების აღმსრულებელნი, სლავები მოეხმოთ გადარჩენისკენ და მათში კეთილისმყოფელი განათლების საწყისები შეეტანათ. ეს IX საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა.
კონსტანტინე და მეთოდე თესალონიკში დაიბადნენ. მაკედონია, სადაც ეს ქალაქი მდებარეობს, სლავებით მჭიდროდ იყო დასახლებული, ამიტომაც სავარაუდოა, რომ მათ ბავშვობაშივე შეისწავლეს სლავური ენა. მათ მამას, ლეონს, ქალაქის ერთ-ერთ წარჩინებულს, ჰყავდა შვიდი შვილი, უფროსი იყო მეთოდე, ხოლო უმცროსი - კონსტანტინე.
მეთოდემ ერისკაცობაში მოიხადა სამხედრო სამსახური. ის მამის კვალს, პოლიტიკურ მოღვაწეობას, გაჰყვა. მეთოდე ათი წლის განმავლობაში გახლდათ ბიზანტიის საზღვართან მდებარე სლავური სამთავროს მმართველი. შემდეგ გადადგა თანამდებობიდან და ცხოვრება სასულიერო გზით წარმართა. წმინდა მეთოდემ პატარა მონასტერში, პოლიხრონში იღუმენის ხარისხი მიიღო.
კონსტანტინე, რომელიც ბავშვობიდან გამოირჩეოდა საოცარი ნიჭიერებითა და ცოდნისადმი სიყვარულით, მცირეწლოვანი მიქაელ III-ის აღმზრდელის თხოვნით კონსტანტინოპოლში გაგზავნეს, სადაც მომავალ იმპერატორთან ერთად იზრდებოდა.
კონსტანტინოპოლის ზნეობრივი ყოფა იმხანად უმძიმესი იყო, მაგრამ მეცნიერებები წარმატებით ვითარდებოდა. ღვთისმოსავ კონსტანტინეს არ იტაცებდა სახიფათო საცდურები და მყარად მიჰყვებოდა მართალ გზას. სარგებლობდა ცნობილი ფოტიოსის გაკვეთილებით, შეისწავლა ბერძნული, ლათინური და ასურული ენები, იმდროინდელ მეცნიერებათაგან განსაკუთრებით შეიყვარა ფილოსოფია. მეტსახელად "ფილოსოფოსიც" შეარქვეს. ახალგაზრდა კონსტანტინემ უარი თქვა ქორწინებასა და პატივზე, რომელიც სამეფო კარზე ელოდა, რადგან სურდა, სიცოცხლე ღმერთისთვის მიეძღვნა. ის ერთხანს აღმოსავლეთში კარგად ცნობილ წმინდა სოფიის ტაძრის ბიბლიოთეკარი გახლდათ. შემდეგ ფარულად გაეცალა იქაურობას და მონაზვნად აღიკვეცა, თუმცა მეგობართა დაჟინებული თხოვნით, კონსტანტინოპოლში დაბრუნდა და ფილოსოფიას ასწავლიდა.
კონსტანტინე ფილოსოფოსმა სახელი მალევე გაითქვა დედაქალაქში. ერთხელ, იმპერატორთან მისულმა სარკინოზთა ემირის ელჩებმა ქრისტიანობის შეურაცხყოფა დაიწყეს. იმპერატორმა გადაწყვიტა, ბაღდადში სწავლული გაეგზავნა მათთან საპაექროდ და აირჩია კონსტანტინე, რომელიც მაშინ 24 წლის იყო. ახალგაზრდა ფილოსოფოსი ბაღდადში გაემგზავრა და ჩინებულად გაართვა თავი დავალებას. დაბრუნებული დასახლდა ოლიმპოს მთაზე თავის ძმასთან - მეთოდესთან ერთად.
კავკასიელი ხაზარების განმანათლებელი ძმები.
858 წელს იმპერატორს ეწვივნენ კავკასიელთა ტომის, ხაზარების, ელჩები, რომლებიც ახლანდელი რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომთაბარეობდნენ. ელჩები სარწმუნოების საკითხებში გარკვევას ცდილობდნენ და იმპერატორს ეუბნებოდნენ: "ჩვენ გვაშფოთებენ ებრაელები და სარკინოზები - ყველა თავის რჯულს ადიდებს. გამოგვიგზავნე განსწავლული ადამიანები, რომლებიც გვეტყვიან, თუ რომელი სარწმუნოება არის უმჯობესი".
ისევ მიმართეს კონსტანტინე ფილოსოფოსს, რომელმაც ხალისით მიიღო ხაზარებთან წასვლის დავალება და მეთოდეც დაარწმუნა, გაჰყოლოდა. ძმები თავდაპირველად დროებით დასახლდნენ ძველ ბერძნულ ქალაქ ქერსონესში, ყირიმის ნახევარკუნძულზე. შეისწავლეს ხაზართა ენა, ასევე ზედმიწევნით გამოიკვლიეს ებრაული წიგნები, რათა წარმატებით ეპაექრათ ებრაელებსა და სამარიტელებთან, რომლებსაც ხაზართა მიწაზე უნდა შეხვედროდნენ. ძველი გადმოცემის თანახმად, იქ გაიცნეს ერთი რუსი, თუ სლავი, რომელსაც რუსულ ენაზე გადათარგმნილი სახარება და ფსალმუნნი ჰქონდა; კონსტანტინემაც ამ წიგნების საშუალებით შეისწავლა რუსული ენა.
ქერსონესში ყოფნისას მათ მნიშვნელოვანი მისიის შესრულება ხვდათ წილად. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ ტრაიანეს დროს იქ აღესრულა მოციქულთა მოწაფე, რომის ეპისკოპოსი კლიმენტი, რომელიც შავ ზღვაში დაახრჩვეს. ხალხის გადმოცემით, საუკუნეთა განმავლობაში, ყოველ წელიწადს, მისი სიკვდილის დღეს, ზღვა უკან იხევდა და მორწმუნეებს საშუალება ეძლეოდათ, ეხილათ მღვდელმთავრის ნაწილები. კონსტანტინემ და მეთოდემ წმინდა ნაწილების აღმოყვანება მოისურვეს. მათი თხოვნით, ქერსონესის ეპისკოპოსმა გიორგიმ საზეიმო ლოცვა აღავლინა იმ ადგილის მახლობლად, სადაც ფსკერზე ჩაძირული კლიმენტის ნეშტი ესვენა. უცებ ზეციდან ნათელი გამობრწყინდა და წმინდა ნაწილები ზედაპირზე ამოტივტივდა. ისინი ზღვიდან ამოასვენეს და პატივით გადააბრძანეს ტაძარში.
ხაზართა მოქცევა.
ხაზართა ენა შეისწავლეს თუ არა, კონსტანტინე და მეთოდე საქადაგებლად წავიდნენ. მათი შრომა წარმატებული აღმოჩნდა - ბევრი მოაქციეს, თავად ხანიც კი მოინათლა. კონსტანტინემ პაექრობა გამართა სწავლულ ებრაელებთან, სამარიტელებთან, მაჰმადიანებთან, რომელთაც მჭევრმეტყველურად და ბრძნულად დაუმტკიცა ჭეშმარიტი სარწმუნოების უპირატესობა მათ სწავლებებთან შედარებით. ეს საუბრები ჩაიწერა მეთოდემ. ხანმა, კმაყოფილმა, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება პოვა, მოისურვა მქადაგებელთა გულუხვად დასაჩუქრება, მაგრამ მათ ძღვენზე უარი თქვეს და ხაზართა ტყვეობაში მყოფი ყველა ბერძნის გათავისუფლება სთხოვეს. შემდეგ უკან დაბრუნდნენ და გზად კიდევ ერთ, სუროჟის (აზოვის) ზღვის მახლობლად მცხოვრებ წარმართულ ტომს უქადაგეს ქრისტიანობა.
ხაზარეთში ქადაგების შემდეგ კონსტანტინე დედაქალაქში დარჩა, წმინდა მოციქულთა ტაძართან დასახლდა და ლოცვასა და ცოდნის შეძენას მიეცა. წმინდა მეთოდე კი ულუმბოს ახლოს მდებარე პოლიხრონის მონასტრის იღუმენად აირჩიეს.
სლავებში თანდათანობით მომწიფდა სურვილი, მიეღოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება; და მათ დახმარებისათვის ბიზანტიას მიმართეს.
ბულგარეთში, იმპერიასთან ხშირი ურთიერთობის წყალობით, დიდი ხნის წინ შეაღწია ქრისტიანული რწმენის სხივებმა. მით უფრო, რომ ამ ქვეყანაში სლავებს უკვე დახვდათ ბერძენთაგან მოქცეული, გაქრისტიანებული ხალხი. VIII საუკუნის დასასრულს, ბულგარელმა თავადმა ნათელ იღო კონსტანტინოპოლში, ხოლო IX საუკუნის დასაწყისში ბულგარელი თავადი ბოიანი მოწამებრივად აღესრულა სარწმუნოებისთვის, მანამდე კი მთელი ქვეყნის ახლო მომავალში მოქცევა იწინასწარმეტყველა.
გთხოვთ, იზრუნოთ ჩვენს გადასარჩენად. 862 წელს მო¬რავიის (დღევანდელი აღმოსავლეთი ჩეხეთი, დასავლეთი სლოვაკეთი და დასავლეთი უნგრეთი) პრინცმა, როსტისლავმა, სვიატოპოლკმა და აგრეთვე პანონიის თავადმა კო¬ცელამ ბიზანტიის იმპერატორ მიქაელ III-ს სთხოვეს: "ჩვენი ქვეყანა მონათლულია და ერს ქრისტეს რჯულის დაცვა სურს, მაგრამ არ გვყავს მასწავლებლები, რომლებიც განგვიმარტავდნენ სარწმუნოებასა და წმინდა წიგნებს ჩვენს მშობლიურ ენაზე. გთხოვთ, იზრუნო ჩვენს გადასარჩენად და გამოგვიგზავნო ეპისკოპოსი და მასწავლებელი; ჩვენ ვიცით, რომ თქვენგან აღწევს კეთილი რჯული სხვა ქვეყნებში".
მორავიის სლავურენოვანი მოსახლეობა ეკლესიის სწავლებებს უკვე იცნობდა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოდან (დღევანდელი გერმანია და ავსტრია) მოსულ მისიონერთა დახმარებით. მაგრამ როსტისლავი შეშფოთებული იყო გერმანელი ტომების პოლიტიკური და საეკლესიო გავლენით; ის იმედოვნებდა, რომ კონსტანტინოპოლთან რელიგიური კავშირი დაეხმარებოდა თავის ერს პოლიტიკური და რელიგიური ავტონომიის შენარჩუნებაში.
ღმერთს შეევედრე, ის შეგაგონებს. გახარებულმა იმპერატორმა და პატრიარქმა უხმეს თესალონიკელ ძმებს და სლავებთან წასვლა შესთავაზეს. კონსტანტინე ხალისით დაეთანხმა, მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობდა. წმინდა საქმის წარმატებით დასაგვირგვინებლად მან განიზრახა, სლავებისთვის ღვთის სიტყვა წერილობით მიეწოდებინა. ამიტომ ჰკითხა იმპერატორს:
- ამ ხალხებს აქვთ დამწერლობა?
- ჩემი მამა-პაპა ეძებდა მას, მაგრამ ვერაფერს მიაგნო, - მიუგო მან.- როგორ მოვიქცეთ?
- მარტო ზეპირი ქადაგება ქვიშაზე ნაწერის ტოლფასია. თუ ანბანის შედგენას დავიწყებ, მეშინია, ერეტიკოსობა არ დამაბრალონ, - უთხრა ფილოსოფოსმა.
- ღმერთს შეევედრე და ის შეგაგონებს! - ასეთი იყო იმპერატორის რჩევა.
კონსტანტინემ წმინდა საქმის აღსასრულებლად მზადება ლოცვითა და ორმოცდღიანი მარხვით დაიწყო. მას ღრმად სწამდა სარწმუნოების უკეთ შეცნობისთვის დამწერლობის აუცილებლობა და სლავური ანბანის შედგენაზე დაიწყო მუშაობა. მას ეხმარებოდნენ მეთოდე და რამდენიმე მოწაფე, რომლებიც თან უნდა გაჰყოლოდნენ. როგორც კი ანბანი შექმნა, კონსტანტინემ სლავურ ენაზე ყოველდღიურ საკითხავებად გადათარგმნა ფრაგმენტები სახარებიდან და სამოციქულოდან. ზოგი მემატიანე გადმოგვცემს, რომ სლავურ ენაზე დაწერილი პირველი სიტყვები იყო იოანეს სახარების საწყისი მუხლი: "პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი".
ამ უდიდეს შრომას სიხარულით მიესალმა კონსტანტინოპოლის მთელი სასულიერო დასი. იმპერატორის დასწრებით ჩატარდა სამადლობელი პარაკლისი... 863 წელს კონსტანტინე, მეთოდე და რამდენიმე მათი მოწაფე გაემგზავრნენ სლავური მიწებისკენ და ფასდაუდებელი საჩუქარი - მშობლიურ ენაზე გადათარგმნილი საღვთო წერილი - წაუღეს. ზოგი ვარაუდით, გამგზავრების წინ კონსტანტინე ეპისკოპოსად აკურთხეს. დამშვიდობებისას იმპერატორმა მას მთავარ როსტისლავთან წერილი გაატანა. ძმები გზას გაუდგნენ. მათ განვლეს ბულგარეთი, სადაც იქადაგეს, და ისე ჩავიდნენ მორავიაში. ველეგრადში მათ სიხარულით შეეგება მთავარი თავისი ხალხით. ძმები დადიოდნენ სხვადასხვა მხარეში, ასწავლიდნენ, ქადაგებდნენ, განმარტავდნენ ღვთის სიტყვას, ამეცადინებდნენ ბავშვებს, შემოიღეს სლავურ ენაზე ღვთისმსახურება. დაუღალავად შრომობდნენ და მოკლე ხანში სლავურად თარგმნეს ფსალმუნნი, ჟამნი, კურთხევანი, კონდაკი, დამასკელის ოქტოიხი და ძველი და ახალი აღთქმის საკითხავთა კრებული.
პაპმა ნიკოლოზმა სლავთა განმანათლებელი ძმები რომში იხმო. ოთხ წელიწადზე მეტხანს იღვწოდნენ წმინდა მქადაგებლები ხალხის გასანათლებლად და მათი შრომა ამაო არ ყოფილა - უამრავმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე. მთავარმა კოცელამ წერა-კითხვა შეისწავლა და კონსტანტინეს ორმოცდაათი ყმაწვილის განათლება მიანდო. ღვთის სიტყვა მთელ ქვეყანას განეფინა...
ამით დიდად უკმაყოფილონი დარჩნენ გერმანელი და ლათინი ეპისკოპოსები, რომელთა ხანგრძლივ გარჯას პანონიასა და მორავიაში მცირედი წინსვლა თუ მოჰყვა. ეს ბუნებრივიც იყო, მათ ხომ საკუთარი ინტერესები და პაპის მმართველობის დამკვიდრება უფრო აწუხებდათ, ვიდრე ხალხის ჭეშმარიტად განათლება. ისინი ღვთისმსახურებას უცხო ენაზე აღასრულებდნენ, წმინდა წერილს არ განმარტავდნენ, ითხოვდნენ მხოლოდ ზერელე, სხვათა დასანახავად მოქცევას და არა ქრისტიანული რჯულის დაცვას. მაგალითად, ზემოხსენებულ ეპისკოპოსთა ოლქებში ნებადართული იყო მრავალცოლიანობა და წარმართული მსხვერპლშეწირვა.
თესალონიკელი მახარებლების მისვლის შემდგომ ლათინმა ეპისკოპოსებმა საერთოდ დაკარგეს გავლენა ხალხზე, რომელმაც მაშინვე აქცია ზურგი მათ და მიაშურა სიყვარულითა და სიბრძნით დამმოძღვრავ მოღვაწეებს. შურით გაავებული ეპისკოპოსები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ კონსტანტინესა და მეთოდესთვის ჩირქი მოეცხოთ: უწოდებდნენ არიანელებს, ერეტიკოსებს, ხალხში გაავრცელეს აზრი, თითქოს ღვთის სიტყვა უნდა იკითხებოდეს მხოლოდ იმ სამ ენაზე, რითაც შესრულდა წარწერა მაცხოვრის ჯვარცმაზე მიმაგრებულ დაფაზე, ხოლო ის, ვინც სხვაგვარად მოიქცეოდა, ერეტიკოსი იყო. ბოლოს, მქადაგებლებს პაპ ნიკოლოზთან უჩივლეს.
ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ფოტიოსმა დაადანაშაულა პაპი ბულგარეთში არამართებული ქცევისთვის, აგრეთვე, ამხილა რომის ეკლესიის ყველა გადახრა ძველი მართლმადიდებლობიდან. ძალაუფლებისმოყვარე პაპი შეაშფოთა ცნობამ, რომ აქამდე რომს დაქვემდებარებულ კიდევ ერთ ქვეყანაში გაისმა ბერძნული ლიტურგია, ახლა უკვე სლავურ ენაზე, და მახარებლები რომში მიიწვია. კონსტანტინე და მეთოდე, უეჭველია, არ სცნობდნენ რომის მღვდელმთავრის უზენაესობას, როგორც ეს დასავლეთში აღიარეს, მაგრამ რაკი ეკლესია ყოველთვის პატივს მიაგებდა პაპს, როგორც პირველს თანასწორთა შორის, თანაც მხოლოდ მას შეეძლო, ბოლო მოეღო თავისი ქვეშევრდომი ლათინი ეპისკოპოსების ხრიკებისთვის მორავიაში, ძმები ხალისით გაემგზავრნენ და წაასვენეს წმინდა კლიმენტის ნაწილები, აგრეთვე წაიღეს სლავურ ენაზე გადათარგმნილი წმინდა წიგნები.
ამასობაში პაპი ნიკოლოზი გარდაიცვალა. ადრიანემ, რომელიც აღმოსავლეთთან შერიგებით იყო დაინტერესებული, გადაწყვიტა, ისინი უდიდესი პატივით მიეღო. როგორც კი შეიტყო, რომ რომს უახლოვდებოდნენ და წმინდა კლიმენტის ნაწილებს მოასვენებდნენ, თავად გაეშურა მათ შესახვედრად და ქალაქგარეთ შეეგება სასულიერო პირებისა და დიდძალი ხალხის თანხლებით - ყველას ანთებული სანთლები ეჭირა. პაპმა კონსტანტინესა და მეთოდეს მოწიწებით ჩამოართვა მოწამის ნაწილები და წმინდა კლიმენტის ტაძარში დაასვენა, ხოლო სლავურად თარგმნილი წიგნები რომის უძველესი ბაზილიკის - სანტა მარია მაჯორეს ტრაპეზზე აკურთხა.
კონსტანტინემ, თავისი და თავისი ძმის სახელით, შეადგინა სარწმუნოების აღსარება, სადაც აღიარა ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს დოგმატები და უარყო რომის მიერ შეტანილი სიახლეები. იგი შემდეგი სიტყვებით მთავრდება: "ამგვარად, აღვიარებ მე ჩემს მრწამსს მეთოდესთან - ჩემს ძმასა და ღვთის სამსახურში მარადიულ თანაშემწესთან ერთად. ამ მრწამსშია ხსნა და სასოება! და ჩვენ, ორივე, მას გადავცემთ ჩვენს მოწაფეებს, რათა ამ რწმენით გადარჩნენ".
პაპი კმაყოფილებით შეხვდა ამ მრწამსს, დაგმო ისინი, ვინც სლავური ენის გამოყენებას ებრძოდა და ბრძანა, აღესრულებინათ ღვთისმსახურება ორივე - ლათინურ და სლავურ ენებზე წმინდა პეტრესა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის, როგორც სლავურ მიწებზე პირველი მახარებლის, ტაძრებში. პაპმა მეთოდეს ხელი დაასხა პრესვიტერად და თავის ორ ეპისკოპოსს უბრძანა, მახარებელთა რამდენიმე მოწაფე მღვდლისა და დიაკონის ხარისხში აეყვანათ.
კონსტანტინე აღკვეცა კირილეს სახელით.
რომში ჩასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ კონსტანტინე მძიმედ დასნეულდა - გამუდმებულმა ჯაფამ დიდი ხანია შეურყია ჯანმრთელობა. როდესაც იგრძნო, რომ მალე გარდაიცვლებოდა, სქემაში აღიკვეცა კირილეს სახელით და მშვიდად შეუდგა სიკვდილისთვის მზადებას. დაახლოებით ორი თვე იავადმყოფა. მართალ მამას სიკვდილისა არ ეშინოდა, მას მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა - მისი აღსრულების შემდეგ არ შეწყვეტილიყო დაწყებული საგანმანათლებლო საქმიანობა სლავებთან. იგი დაჟინებით ევედრებოდა ძმას, არ მიეტოვებინა ეს წმინდა საქმე, სიკვდილის წინ კი ასე დაუბარა:
"ძმაო, მე და შენ თითქოს უღელში შებმული ორი ხარი ვართ ერთი სავარგულის მოსახნავად. აი, მე ადრე დავასრულე სამუშაო დღე და ხნულზე დავეცი. ვიცი, რომ ნატრობ ოლიმპოს მთაზე განმარტოებას, მაგრამ გევედრები, ნუ მიატოვებ ჩვენს საქმეს. ამით სათნო-ეყოფი ღმერთს". შემდეგ თვალები ზეცად აღაპყრო და ილოცა თავის მიერვე მოქცეული ხალხებისთვის. დასასრულს ნეტარმა მასწავლებელმა დალოცა ყველა დამსწრე და უფალს 42 წლის ასაკში მიაბარა სული. ეს მოხდა 869 წლის 14 თებერვალს.
პაპმა და რომის სასულიერო დასმა საზეიმო პანაშვიდი გადაუხადეს მიცვალებულს. მეთოდეს სურდა, დედის ანდერძის თანახმად, საყვარელი ძმის ცხედარი სამშობლოში გადაესვენებინა, მაგრამ სასულიერო პირებმა პაპს სთხოვეს, ეს არ დაეშვა. ნეტარი კირილე დაკრძალეს წმინდა კლიმენტის ეკლესიაში, წმინდა ნაწილებთან ახლოს, რომელიც მან ზღვის ფსკერიდან აღმოიყვანა. უამრავმა ადამიანმა, საერო თუ სასულიერო პირმა, გააცილა სლავთა უდიდესი მასწავლებლის ცხედარი განსასვენებლამდე. მისი ნეშტი დღესაც რომში, წმინდა კლიმენტის ტაძარშია დასვენებული.
მეთოდე - პანონიის მღვდელმთავარი.
დრო გადიოდა... თითქმის ორი წელი სრულდებოდა, რაც სლავებს მასწავლებლები აღარ ჰყავდათ. მთავარმა კოცელამ რომში ელჩები გაგზავნა და პაპს სთხოვა, მეთოდე გამოეშვა. ადრიანეს პასუხი ასეთი იყო: "არა მარტო შენ, არამედ მთელ სლავურ ქვეყნებს ვუგზავნი ღვთისა და წმინდა პეტრე მოციქულისგან მოვლინებულ მასწავლებელს".
პაპის დიდი სურვილი იყო, რომ სლავთა მოქცევა მისი, ანუ რომის დამსახურებად ჩათვლილიყო და არა საბერძნეთის. მან მეთოდე გაუშვა და სლავ მთავრებს მისწერა: "სიხარულით შევიტყვეთ, რომ უფალმა შთაგაგონათ სურვილი, გეძებნათ ღმერთი და მანვე გიჩვენათ, რომ მისდამი სამსახური არა ოდენ რწმენით, არამედ კეთილი საქმეებითაც გმართებთ, რამეთუ "სარწმუნოებაჲ თვინიერ საქმეთაჲსა მკუდარ არს" (იაკ. 2,20). თქვენ ითხოვეთ მასწავლებლები, საბერძნეთის იმპერატორმა კი ჩვენ შეგვატყობინა და თქვენთან გამოაგზავნა ნეტარი კონსტანტინე ფილოსოფოსი ძმასთან ერთად. ახლა ჩვენ უკან გიბრუნებთ ჩვენს შვილს, მეთოდეს, როგორც გონიერებითა და მართლმორწმუნეობით სრულყოფილ მამას, რათა მან გაგანათლოთ ღვთის შეწევნით კონსტანტინე ფილოსოფოსის მიერ თქვენს მშობლიურ ენაზე გადათარგმნილი საეკლესიო წიგნებით. თუკი ვინმე სხვაც შეძლებს წმინდა წიგნების თქვენს ენაზე ღირსეულად და მართლმორწმუნეობით თარგმნას, რათა იოლად შეძლოთ ღვთის მცნებათა შეცნობა, დაე, ეს საქმე წმინდა და კურთხეული იყოს ღვთისა და ჩვენი კათოლიკე, სამოციქულო ეკლესიის მიერ! დაე, აღსრულდეს სიტყვები წერილისა: "აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი" (ფსალმ. 66,3) და თუ ვინმე გაკადნიერდება და ეცდება ჭეშმარიტების გზიდან თქვენს გადაცდენას, დაგმობს თქვენს წიგნებსა და ენას, იგი ცრუმასწავლებლად მიიჩნიეთ". მაგრამ პაპი მაშინაც ითხოვდა, რომ ღვთისმსახურებისას სახარება თავდაპირველად ლათინურად, შემდეგ კი სლავურად წაეკითხათ და ამ ბრძანების დამრღვევს ეკლესიიდან განკვეთით ემუქრებოდა.
მეთოდე პანონიის ეპისკოპოსად დაადგინეს. მან ერთგულად შეასრულა ძმის უკანასკნელი თხოვნა - მთელი ცხოვრება და შრომა სლავებს მიუძღვნა. მეთოდე ასწავლიდა ყმაწვილებს, თარგმნიდა საეკლესიო წიგნებს, ადგენდა სლავ მღვდლებს; უდიდეს ყურადღებას აქცევდა, რომ საეკლესიო მსახურება ხალხისთვის გასაგები ყოფილიყო. ერსაც უხაროდა ღვთის სიტყვის გაგონება მშობლიურ ენაზე - ლათინთა მსახურება და მღვდლები კი საერთოდ მიივიწყა. ამან კიდევ უფრო გააბოროტა მეთოდეს მტრები, განსაკუთრებით ზალცბურგის ეპისკოპოსი, რომელიც სლავთა მასწავლებლების გამოჩენამდე მთელ ამ მხარეს თავის სამფლობელოდ თვლიდა. ახლა კი ხედავდა, დღითი დღე როგორ სუსტდებოდა მისი გავლენა. მალე გერმანელ ეპისკოპოსებს ძალის მოკრების საშუალება მიეცათ და ამით ისარგებლეს კიდეც.
მეთოდეს გადასახლება და პატიმრობა შვაბიაში.
როსტისლავი (846-870 წწ.) თავგამოდებით იცავდა დიდი მორავიის სამთავროს დამოუკიდებლობას იმპერატორ ლუდოვიკო გერმანელისგან (843-876 წწ.), რომელიც მის დაპყრობას ცდილობდა, მაგრამ მისი მცდელობები დიდხანს წარუმატებლად მთავრდებოდა. მეზობელი სლავები, სერბები და ჩეხები ეხმარებოდნენ როსტისლავს, რომელიც მალე ღალატის მსხვერპლი გახდა. მისმა ძმისწულმა სვიატოპოლკმა, ნიტრის მთავარმა, ფარული კავშირი გააბა გერმანელებთან და გადასცა როსტისლავი. მას იმპერატორის ბრძანებით თვალები დასთხარეს და სიცოცხლის ბოლომდე მონასტერში გამოკეტეს. გერმანელები სლავურ მიწას დაეპატრონნენ. (აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ 11 მაისს არის ხსენება მოციქულთა სწორ წმინდა როსტისლავ დიდმორავიელისა. ხოლო ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია მას 15 ოქტომბერს მოიხსენიებს).
ამით ისარგებლეს იქაურმა ეპისკოპოსებმა, მეთოდეს სამსჯავროზე უხმეს და სიკვდილით დაემუქრნენ. მეთოდემ მტკიცედ დაიცვა თავისი უფლება, ექადაგა ღვთის სიტყვა, ბოლოს კი ეპისკოპოსებს მიმართა: "თუმცა, როგორც გნებავთ, ისე მომექეცით. მე არაფრით ვჯობივარ მათ, ვისაც სიმართლის თქმისთვის მოწამებრივი სიკვდილი ერგო". ეპისკოპოსებმა მაინც მიაღწიეს მეთოდეს შვაბიაში გადასახლებას.
ეს პატიმრობა ორ წელიწადს გაგრძელდა, თუმცა არაერთხელ მოითხოვა მისი გათავისუფლება პაპმა, რომელსაც მაინცდამაინც არ სიამოვნებდა სლავური ღვთისმსახურების გავრცელება, მაგრამ უფრო მეტად აღიზიანებდა ზალცბურგის ეპისკოპოსის თავნებობა - იგი ხომ ერთპიროვნულად განაგებდა საეკლესიო საქმეებს პაპისადმი დაქვემდებარებულ ქვეყანაში. ბოლოს უკვე ადრიანეს მემკვიდრე, იოანე VIII ეკლესიიდან განკვეთით დაემუქრა ურჩ ეპისკოპოსებს და აუკრძალა მღვდელმოქმედება, სანამ მეთოდეს არ გაათავისუფლებდნენ. მხოლოდ მაშინ გამოუშვეს საპყრობილიდან მახარებელი, რომელიც, როგორც პანონიის ეპისკოპოსი, თავის ეპარქიას დაუბრუნდა.
ეპარქიაში დაბრუნება.
ეპისკოპოსი მეთოდე ორწლიანი გადასახლების შემდეგ თავის ეპარქიას დაუბრუნდა. ამ პერიოდისთვის ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სხვაგვარად წარიმართა. ხალხი ვერ ეგუებოდა გერმანელთა ქვეშევრდომობას. ხოლო სვიატოპოლკმა (870-894 წწ.), რომელმაც თავისი ღალატის სანაცვლოდ მოსალოდნელი გასამრჯელო ვერ მიიღო, ამჯერად უკვე გერმანელები გაყიდა. იგი სათავეში ჩაუდგა სლავებს და გერმანელებთან სისხლიანი ომი წამოიწყო, რაც დიდი მორავიის დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.
როგორც კი მორავიელებმა შეიტყვეს მეზობელ პანონიის მხარეში მეთოდეს დაბრუნების ამბავი, დაიწყეს ლათინი მღვდლების გაყრა და პაპს სთხოვეს მისი დადგინება მორავიის არქიეპისკოპოსად. იოანე VIII-მ ეს სურვილი შეუსრულა, მეთოდე რომში მიიწვია, საიდანაც იგი მორავიის მწყემსმთავრად დაბრუნდა.
მეთოდეს მოღვაწეობის წყალობით სლავური ღვთისმსახურება მორავიისა და პანონიის ფარგლებს გასცდა. მორავიელ სვიატოპოლკს დაუნათესავდა ჩეხეთის მთავარი ბორივოი. მალე ის და მისი მეუღლე ლუდმილა მეთოდემ მონათლა. თავადის მაგალითს ბევრმა მიჰბაძა და ამ ქვეყანაშიც გაისმა ხალხისთვის ესოდენ სასურველი ღვთისმსახურება სლავურ ენაზე. მეთოდეს მოწაფეებმა ღვთის სიტყვა პოლონეთშიც იქადაგეს და იქაც მრავალი გაქრისტიანდა.
VIII საუკუნეში ბიზანტიამ თითქმის დაკარგა თავისი გავლენა ადრიატიკის ნაპირებზე. ილირიისა და დალმაციის სლავებმა თავი საბერძნეთისგან დამოუკიდებლად მიიჩნიეს; ხორვატიასა და კარინტიის საგრაფოს ნაწილს საფრანგეთი დაეპატრონა. ამ მხარის ეკლესიები რომს ემორჩილებოდნენ და იქიდან იღებდნენ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს, მაგრამ ცოტა რამ იცოდნენ ქრისტიანობის შესახებ.
დაახლოებით IX საუკუნის შუა წლებისთვის ხორვატებმა მოიშორეს ფრანკების უღელი. სარკინოზთაგან ხშირი თავ-დასხმებით შეწუხებულ დალმაციას დაეხმარა ბერძენი იმპერატორი ბასილი მაკედონიელი, რომელმაც გაათავისუფლა არაბების მიერ ალყაშემორტყმული რაგუზა და ბარი. ამან გაზარდა საბერძნეთის იმპერიის მნიშვნელობა ადრიატიკის მთელ სანაპირო მხარეში. თანაც ილირიის სლავებში ხმა დაირხა, რომ მათი მონათესავე ტომები მშობლიურ ენაზე აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას და კითხულობდნენ საბერძნეთიდან მათთვის ჩამოტანილ საღვთო წერილს. თვითონ კირილემ და მეთოდემ მოინახულეს ეს მხარე, როდესაც რომში მიემგზავრებოდნენ და უქადაგეს დალმაციის სლავებს ცხოველმყოფელი სიტყვა.
878 წელს დალმაციამ უარი თქვა პაპის ქვეშევრდომობაზე და აღმოსავლეთის ეკლესიას შეუერთდა, იგივე გააკეთა ხორვატიამაც. სერბებმა კონსტანტინოპოლში მიავლინეს ელჩები და მღვდლების გამოგზავნა ითხოვეს.
რუსები - ახალი სლავური ერი, ქრისტიანულ განათლებას აღმოსავლური ეკლესიის დახმარებით ეზიარა. დაახლოებით 866 წელს კიევის მთავრების, ასკოლდისა და დირის, წინამძღოლობით რუსთა რაზმების გამოჩენამ თავზარი დასცა კონსტანტინოპოლს, სადაც ერთი კიეველი ვაჭრის დაჩაგვრის გამო მათ საშინელი რბევა მოაწყვეს დედაქალაქის მისადგომებთან და მის თავისუფლებას დაემუქრნენ. შეშინებულმა ხალხმა ლოცვა დაიწყო. პატრიარქმა ფოტიოსმა ჯვრით მსვლელობა მოაწყო და პარაკლისის შემდგომ ზღვაში ჩაუშვა კალთა ღვთისმშობლის საფარველისა, რომელიც ვლაქერნის ტაძარში ინახებოდა. უეცრად ამოვარდნილმა ქარიშხალმა რუსების ხომალდები მიმოფანტა.
ეს უბედურება თავდამსხმელთათვის გადარჩენის დასაწყისი აღმოჩნდა. ღვთის ძალის ამგვარი გამოვლინებით გაოგნებულმა ასკოლდმა და დირმა, კიევში დაბრუნდნენ თუ არა, კონსტანტინოპოლს ქრისტიანი მასწავლებლების გამოგზავნა სთხოვეს. პატრიარქმაც მიავლინა ბერძენი ეპისკოპოსი, რომელმაც კიდევ უფრო კეთილად განაწყო მთავრები ქრისტიანული სარწმუნოებისადმი. მთავრებთან ერთად ბევრი მოინათლა და სარწმუნოებამ იწყო დამკვიდრება კიევში, რომელიც რუსული ქალაქების დედად ითვლება. რუსეთი მიჩნეული იქნა კონსტანტინოპოლის საეკლესიო ოლქის კუთვნილ ერთ-ერთ ეპარქიად. საბერძნეთსა და ბულგარეთთან ხშირი ურთიერთობის წყალობით კიევის ქრისტიანებისთვის მალე გახდა ცნობილი წმინდა წიგნები და ბერძნული საეკლესიო ტრადიციები. ასევე დამკვიდრდა მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურებაც.
გერმანელი ეპისკოპოსების მტრობა წმინდა მეთოდეს მიმართ.
ამ ყოველივემ, რა თქმა უნდა, პაპი შეაშფოთა. IX საუკუნის II ნახევარში ის-ის იყო, იკვეთებოდა უზარმაზარი სლავური სამყარო. ზოგი სლავური ერი ერთობ გაძლიერდა, სხვები თავისი ისტორიული არსებობის გარიჟრაჟზე იყვნენ. მათ ყოფას საფუძვლად დაედო ქრისტიანობა, ოღონდ არა რომიდან წამოსული მკვდარი ფორმალობა და მისდამი მონობის სიმბოლო, არამედ ცოცხალი ძალა - წინსვლისა და სულიერი თავისუფლების საწინდარი. პაპი ხედავდა, თუ მახლობლად როგორ ყალიბდებოდა მისგან დამოუკიდებელი ახალი დიდი სამყარო. რომის მღვდელმთავარს ესმოდა, რომ ყველაფერი უნდა ეღონა, რათა ამ უზარმაზარი სივრცის ნაწილზე მაინც მოეპოვებინა მმართველობის შესაძლებლობა. გარკვეულწილად მან ეს მოახერხა კიდეც.
პაპი გერმანელი ეპისკოპოსებისგან გამუდმებით იღებდა საჩივრებს მეთოდეზე, რომელსაც, მათი აზრით, მორავია რომის ტახტის დაქვემდებარებიდან გამოჰყავდა, ამკვიდრებდა სლავურად ღვთისმსახურებასა და ავრცელებდა სლავურ წიგნებს. რომის მღვდელმთავრისთვის ძნელი იყო გადაჭრით მოქმედება - იგი ხან კრძალავდა ლიტურგიას "ბარბაროსთა" ენაზე, როგორც თავად უწოდებდა სლავურს, ხანაც ნებას რთავდა, რადგან ეშინოდა, მორავია საერთოდ არ მიერთებოდა კონსტანტინოპოლის ოლქს. ლათინი ეპისკოპოსები დაჟინებით ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ შეხედულება, რომ წმინდა წერილის კითხვა რომელიმე ენაზე, გარდა ლათინურისა, ბერძნულისა და ებრაულისა, ცოდვა იყო. ამ ეგრეთწოდებული "პილატეს მიმდევრების" ანუ სამენოვნების მომხრეთა უგუნური თვალსაზრისი მაინც გავრცელდა, მიუხედავად იმისა, რომ პაპმა იგი დაგმო. ლათინი ეპისკოპოსების მიზანი იყო ახალმოქცეულ ქვეყნებში სარწმუნოების შეცვლილი სიმბოლო შეეტანათ, მაგრამ მეთოდე მტკიცედ იცავდა ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსს. პაპი მას ვერ გაკიცხავდა, რადგანაც თავადაც პატივს მიაგებდა ძველ სიმბოლოს და ამასთან ბულგარეთის ამბებიც ახსოვდა. ეს ყოველივე იძულებულს ხდიდა, მეთოდე დაენდო და მფარველობაც კი გაეწია მისთვის.
როდესაც ამ მხრივ ვერაფერს გახდნენ, ლათინი ეპისკოპოსები შეეცადნენ აღმოსავლეთის იმპერატორის ამხედრებას მეთოდეს წინააღმდეგ. მას რომის მხარდაჭერა დააბრალეს, მაგრამ აქაც არაფერი გამოუვიდათ. პირიქით - იმპერატორმა იხმო მეთოდე, პატივით მიიღო იგი, ხოლო მის მიერ ჩამოტანილი სლავურად ნათარგმნი წიგნები კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბულგარელებისთვის გამოიყენა. სახიფათო მგზავრობის შემდეგ მეთოდე დაბრუნდა თავის ეპარქიაში და უწინდელი მოშურნეობით განაგრძო საქმე, რისი გაკეთებაც მისმა ძმამ ვერ მოასწრო - თავისი მოწაფეების დახმარებით დაასრულა ბიბლიის თარგმნა (მაკაბელთა წიგნების გარდა). თუ კონკრეტულად სლავურ ენათაგან რომელზე იქნა გადათარგმნილი წმინდა წიგნები, ამის შესახებ მეცნიერები დღესაც დავობენ.
მეთოდემ თავისი უდიდესი შრომა დაასრულა დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღეს, რომელსაც უდიდეს პატივს მიაგებდა და მის სახელზე საზეიმოდაც აღასრულა სამადლობელი პარაკლისი.
წმინდა მეთოდეს მიცვალება.
მეთოდეს დევნა არ შეუწყვეტიათ გერმანელ ეპისკოპოსებს, რომელთაც მოახერხეს მთავარ სვიატოპოლკის კეთილგანწყობის მოპოვება. მისი განსაკუთრებული ნდობა დაიმსახურა ცბიერმა და უზნეო გერმანელმა ვიჰინგმა. მან მიაღწია ნიტრას ეპისკოპოსობას და მეთოდესთან, როგორც არქიეპისკოპოსთან, ვიკარიუსის თანამდებობაზე დანიშვნას. თუმცა ვერც ამან ჩააცხრო მისი სიძულვილი. ბოლოს მან და რამდენიმე გერმანელმა ეპისკოპოსმა იმდენს მიაღწიეს, რომ მეთოდეს წინააღმდეგ განაწყეს პაპი, რომელმაც აკრძალა სლავურად ლიტურგიის ჩატარება და ამ ენაზე მხოლოდ ქადაგების ნება დართო. მეთოდე პირადად გაემგზავრა რომში, მაგრამ ვერაფერს გახდა - პაპის გადაწყვეტილებით სახარება ლათინურად ან ბერძნულად უნდა წაკითხულიყო.
რომიდან დაბრუნების შემდეგ მეთოდემ კიდევ ხუთ წელიწადს იღვაწა მორავიაში და 885 წელს, თექვსმეტწლიანი მღვდელმთავრობის შემდეგ, უფალს მიაბარა სული.
წმინდა კირილესა და მეთოდეს მიერ ჩაგდებული არ დაღუპულა - მან ფესვი გაიდგა, აღმოცენდა და ნაყოფიც უხვად გამოიღო.
ასეთი იყო კირილესა და მეთოდეს ღირსეული მემკვიდრეების კეთილისმყოფელი მოღვაწეობა. მათი ღვაწლითა და შრომით გავრცელდა სარწმუნოება და განათლება.
შედგენილია ა.ნ. ბახმეტევას წიგნის, "თხრობანი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიიდან I-XI საუკუნეების" მიხედვით. თარგმანი ნინო ბელთაძისა
ხატის წყარო
...
აქვე წაიკითხეთ:
წმინდა შვიდი მოციქულთა სწორი: კირილე, მეთოდე, კლიმენტი, ნაუმი, საბა, გორაზდი და ანგელარი (IX-X) - 27 ივლისი (9 აგვისტო)
სლავთა განმანათლებლები - წმინდა კირილე და მეთოდე
წმინდა კირილე და მეთოდე - სლავთა განმანათლებლები
* * *
ამავე დღეს იხსენიება თავადის ასულ ოლგას მიერ აშენებული კიევის წმინდა სოფიას სახელობის პირველი ტაძრის კურთხევა (+960)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი