წმინდა კირილე და მეთოდე IX ს-ის 20-იან წლებში მაკედონიის ქალაქ თესალონიკში დაიბადნენ. ვაჟების მამა - ლეონი ბიზანტიის იმპერიის მხედართმთავარი იყო და მისი უფროსი ვაჟიც - მეთოდე 833 წლიდან სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა იმპერატორ თეოფილეს კარზე. 835-845 წლებში მეთოდეს არქონტის თანამდებობა ეკავა ერთ-ერთ სლავურ ოლქში, თუმცა მალე დატოვა სამხედრო სამსახური და მცირე აზიაში, ულუმბოს მონასტერში წავიდა.
კირილე (ერისკაცობაში - კონსტანტინე) ოჯახში უმცროსი ვაჟი იყო. მან განათლება კონსტანტინოპოლის მაგნაურის საიმპერატორო სკოლაში მიიღო, სადაც მისი მასწავლებელი კონსტანტინოპოლის მომავალი პატრიარქი ფოტიოსი გახლდათ. კირილემ შეისწავლა ანტიკური ლიტერატურა, რიტორიკა, გრამატიკა, დიალექტიკა, ასტრონომია და სხვა. როგორც წმინდანის ცხოვრების მემატიანე გვამცნობს, მან კარგად იცოდა ივრითი, სლავური, ბერძნული, ლათინური და არაბული ენები.
კირილემ უარი თქვა იმპერატორის კარის ყველა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, მაგნაურის სკოლის დამთავრების შემდეგ სასულიერო ხარისხი მიიღო და ბიბლიოთეკარად დაიწყო მუშაობა წმინდა სოფიის მონასტერში. კირილე ნახევარი წლის განმავლობაში ბოსფორის სანაპიროს ერთ-ერთ მონასტერში განმარტოვდა, შემდეგ კი დაბრუნდა და თავის სკოლაში ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. აქედან მოყოლებული, მას "კონსტანტინე-ფილოსოფოსი" უწოდეს.
IX ს-ის 50-იან წლებში კირილე დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ბულგარეთში, სირიაში. 860-861 წლებში იგი უფროს ძმასთან, მეთოდესთან ერთად ქრისტიანული მისიით გაგზავნეს ხაზარეთში. ხაზარეთში მქადაგებლებს რთული ვითარება დახვდათ: იუდეველთა და მუსლიმანთა არაერთი წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდათ. მიუხედავად ამისა, მათ ხაზართა გარკვეული ნაწილი მაინც აზიარეს ქრისტეს - ისტორიულ წყაროთა მოწმობით, 200 ხაზარი მონათლეს ქრისტიანად. წმინდა კირილე და მეთოდეს სახელს უკავშირდება აგრეთვე ხაზართაგან ბერძენი ტყვეების გათავისუფლება. ხაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ, 861 წელს, მეთოდე დადგენილ იქნა პოლიქრონის მონასტრის (მარმარილოს ზღვის აზიური სანაპირო, ქ. კიზიკის ახლოს) იღუმენად. კირილე კი დაბრუნდა კონსტანტინოპოლში და ქალაქის თორმეტი მოციქულის სახელობის ეკლესიაში განაგრძო მოღვაწეობა.
863 წელს ბიზანტიის იმპერატორმა მორავიის (თანამედროვე ჩეხეთის ტერიტორია) მთავრის, როსტისლავის თხოვნით ქრისტიანობის საქადაგებლად მორავიის დიდ სამთავროში გაგზავნა სლავური ენის მცოდნე კირილე და მეთოდე. ბერძნულ მისიას მორავიაში ღრმა სარწმუნოებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ჩეხ-მორავიელებს შორის ქრისტიანობა უკვე გავრცელებული იყო, მაგრამ მათ არ ჰქონდათ საეკლესიო ორგანიზაცია. ამ დროისთვის კი მორავიაში საკუთარი იურისდიქციის დამყარებას ცდილობდა ბავარიის გერმანული საეპისკოპოსო. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა წმინდა კირილესა და მეთოდეს მიერ მორავიაში ადგილობრივ მცხოვრებთათვის გასაგებ - სლავურ ენაზე ქადაგებას. გარდა ამისა, წმინდა ძმების სახელს უკავშირდება ქრისტიანული საღვთისმსახურო წიგნების სლავურ ენაზე თარგმნა. ესენია: სახარება-აპრაკოსი, სამოციქულო-აპრაკოსი, ფსალმუნნი და სხვა. სამწლიანი მისიონერული მოღვაწეობის შემდეგ კირილემ და მეთოდემ მორავიაში შეძლეს ღვთისმსახურების სლავურ ენაზე აღსრულების ტრადიციის დანერგვა, თუმცა ეს ფაქტი გახდა მიზეზი ლათინი სამღვდელოების მხრიდან მათი დევნისა. ამას თან დაერთო პოლიტიკური ვითარების გამწვავებაც. ლუდოვიკ გერმანელმა ომი დაიწყო მორავიის წინააღმდეგ და ძმები იძულებულნი გახდნენ, მორავიელ მოწაფეებთან ერთად დაეტოვებინათ სამთავროს ტერიტორია.
რამდენიმე თვის მანძილზე მისიონერები შეჩერდნენ პანონიაში (უნგრეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი). გერმანელ მთავართა და ზალცბურგის ეპისკოპატის ძალმომრეობის მიუხედავად, ისინი პანონიაშიც აგრძელებდნენ სლავურ ენაზე ქადაგებას. შედეგად, 867 წელს ვენეციის ადგილობრივმა კრებამ ბრალი დასდო ძმებს "სამენოვანი მსახურების" შესახებ საეკლესიო სამართლის დარღვევაში. არსებული წესის მიხედვით, ქრისტეს სიტყვის ქადაგება ნებადართული იყო ახალმოქცეულ ხალხთა ენაზე, საეკლესიო მსახურება კი მხოლოდ სამ - ბერძნულ, ლათინურ ან ებრაულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო. ვენეციის კრებამ განმანათლებლები გაასამართლა სლავურ ენაზე საღვთისმსახურო წიგნების თარგმნისთვისაც. თუმცა მალე კირილე და მეთოდე რომის პაპმა ადრიან II-მ შეიწყნარა.
განმანათლებლებმა რომში მიაბრძანეს ჯერ კიდევ ხაზარეთში ქრისტიანული მისიით ყოფნის დროს ქ. ხერსონესში სასწაულებრივად ნაპოვნი მღვდელოწამე კლიმენტი რომაელის წმინდა ნაწილები. მადლიერების ნიშნად პაპმა აღიარა კირილესა და მეთოდეს სლავური წიგნები და გადაწყვიტა, წმინდა პეტრეს ტაძარში აღესრულებინა სლავური ლიტურგია. სუსტი ჯანმრთელობის მქონე კირილე იმავე, 869 წლის 14 თებერვალს აღესრულა ქ. ბოზეში. მეთოდეს თხოვნით, იგი წმინდა კლიმენტის სახელზე აგებულ ბაზილიკაში დაკრძალეს.
869 წელს პაპმა ადრიანმა მეთოდე მორავიისა და პანონიის არქიეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა და ნება დართო, თავის ეპარქიაში ღვთისმსახურება სლავურ ენაზე ჩაეტარებინა, იმ პირობით, რომ სახარება და სამოციქულო ჯერ ლათინურ ენაზე წაეკითხა, შემდეგ კი სლავურად.
პანონიაში მეთოდე აქტიურად შეუდგა სლავური ღვთისმსახურების გავრცელებას. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 870 წელს იგი ზალცბურგის არქიეპისკოპოსთან დაიბარეს და მორავიასა და პანონიაში ლათინური ეკლესიის "უძველესი იერარქიული წესების დარღვევის" ბრალდებით საპყრობილეში ჩასვეს. 3 წლის შემდეგ, ახალი პაპის იოანე VIII-ის ბრძანებით, იგი გაათავისუფლეს. წმინდა მეთოდემ ახალი ძალით განაგრძო სლავურ ენაზე საღვთისმსახურო და მთარგმნელობითი მოღვაწეობა. 882-884 წლებში მან ბერძნულიდან სლავურად თარგმნა წმინდა წერილის კანონიკური წიგნების სრული ტექსტი. აგრეთვე ნომოკანონი (VI ს-ის კანონი, რომელიც პატრიარქ იოანე სქოლოსტიკოსს მიეკუთვნება) და ერთ-ერთი პატერიკი.
885 წლის 6 აპრილს წმინდა მეთოდე აღესრულა (გადმოცემის თანახმად, იგი დაკრძალულია ბელგრადში). მისი გარდაცვალების შემდეგ მისი მოწაფენი განდევნეს მორავიიდან. თუმცა წმინდა კირილესა და მეთოდეს ღვაწლმა ჭეშმარიტი ნაყოფი გამოიღო - აღმოსავლეთ ევროპის ერთა შორის საფუძველი ჩაეყარა ღვთისმსახურებას ადგილობრივ, ეროვნულ ენაზე და ეროვნული ეკლესიის ჩამოყალიბებას. მათ მიერ თარგმნილმა სლავურმა ბიბლიამ კი ფართო გავრცელება პოვა ქრისტიანულ სამყაროში.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კირილეს ხსენებას - 14 თებერვალს, წმინდა მეთოდეს ხსენებას კი 6 აპრილს აღნიშნავს. წმინდა ძმების ერთობლივი მოხსენიება ყოველი წლის 11 მაისს აღესრულება.
მოამზადა
ეთერ ბოკელავაძემ
ეთერ ბოკელავაძემ