მეფემ ბრძანა, ისინიც მასთან მიეყვანათ და სამივე ქრისტეს მსახურს უთხრა:
- ეს თქვენ განაყენეთ პანტოლეონი ჩვენი ღმერთებისგან?
- თვით იესო ქრისტე, ღმერთი ჩვენი, რომელსაც ღირსეულად ჩათვლის, იმას გამოიყვანს კერპთაყვანისცემის ბნელიდან თავის შემეცნების ნათლისკენ წაუძღვება - უპასუხეს მათ.
- თავი ანებეთ ბოროტი სიტყვების წარმოთქმას და პანტოლეონი კვლავ ღმერთებისკენ შემოაბრუნეთ, მაშინ თქვენ ის პირველი დანაშაული გეპატიებათ და ჩემგან იმგვარ პატივისცემას დაიმსახურებთ, რომ სამეფო კარზე ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდებით, - შესთავაზა მეფემ.
- ამას როგორ გავაკეთებთ, - მტკიცედ შეეწინააღმდეგნენ წმინდანები, - როცა ჩვენ თვითონ მზად ვართ მოვკვდეთ ჩვენი ქრისტე ღმერთისთვის? არც ჩვენ და არც ის არ უარვყოფთ ქრისტეს და მით უმეტეს, მსხვერპლს არ შევწირავთ, ყრუ და უსულო კერპებს.
ეს თქვეს და მათ გონება ღვთისაკენ მიმართეს, თვალები ზეცისკენ აღაპყრეს და ლოცვა დაიწყეს. ამ დროს მათ ზეცითგან მაცხოვარი გამოეცხადათ და ისე იძრა მიწა, რომ იქაურობა შეაქანა.
- ხედავთ ჩვენი ღმერთები თქვენზე განრისხდნენ და მიწა შეძრეს - უთხრა მეფემ.
- მართალი ხართ, - დაეთანხმნენ წმინდანები, - თქვენმა ღმერთებმა მიწა შეარყიეს, რამეთუ ჩვენი ღვთის ძალით, ისინი თავიანთი სადგომებიდან ჩამოვარდნენ და დაიმსხვრნენ.
როცა ისინი ამას ამბობდნენ, საკერპოდან მოირბინა მეფის შიკრიკმა და აუწყა, რომ ყველა კერპი მიწაზე ჩამოვარდა და მტვრად იქცაო. უგუნურმა მმართველმა ყველაფერ ამაში არა ღვთის ძალა, არამედ ქრისტიანთა ჯადოქრობა დაინახა და შესძახა:
- მართლაც, ამ მოგვებს თუ არ დავხოცავთ, ძალიან მალე მათ გამო მთელი ქალაქი დაიღუპება.
მეფის ბრძანებით, პანტელეიმონი საპყრობილეში წაიყვანეს, ხოლო მამა ერმოლაოსი, თავის ორ მეგობართან ერთად, დიდხანს სასტიკად აწამეს და ბოლოს სამივეს მახვილით თავები წარკვეთეს. წმინდა ერმოლაოსმა, წმინდა ერმინემ და წმინდა ერმოკრატემ დაასრულეს თავისი მოწამეობრივი ღვაწლი და ზეციურ დიდებაში, სამივენი ერთად წარდგნენ ღმრთის წინაშე.
ამ სამი წმინდა მოწამის მოკვდინების შემდეგ მეფემ ბრძანა, მასთან წმინდა პანტელეიმონი მიეყვანათ და მას ამგვარი სიტყვებით მიმართა:
- მრავალი მოვაქციე ქრისტესგან ჩვენი ღმერთებისკენ, მარტო შენ არ გსურს, რომ დამიჯერო. შენმა მასწავლებელმა ერმოლაოსმა თავის მეგობრებთან ერთად ჩვენს ღმერთებს თაყვანი სცა და მსხვერპლი შესწირა და მათ ჩემს სამეფო კარზე საპატიო წოდება მივანიჭე. შენც ასე მოიქეცი, რომ მათნაირი პატივი მიიღო.
მოწამემ სულიწმიდით იცოდა, რომ მოწამეები აღესრულნენ და მეფეს ჰკითხა:
- უთხარი მათ, რომ აქ შენთან მოვიდნენ და ვნახო ისინი.
- აქ აღარ არიან, - იცრუა მეფემ, - ვინაიდან ისინი დიდი სიმდიდრის მისაღებად სხვა ქალაქში გავაგზავნე.
- აი, ახლა შენი სურვილის საწინააღმდეგოდ ჭეშმარიტება აღმოთქვი, - აუხსნა წმინდა პანტელეიმონმა, - შენ ისინი აქედან გაუშვი, სიკვდილს სწიე და მოწამეები მართლაც გადავიდნენ ქრისტეს ზეციურ ქალაქში იმ სიმდიდრის მისაღებად, რომლის დარიც თვალს არ უნახავს.
მეფე ხედავდა, რომ მოწამე ვერანაირად მისდრიკა უწმინდურობისკენ, მისი სასტიკად ცემა ბრძანა, საშინლად დაუიარეს სხეული, ბოლოს კი წმინდა პანტელეიმონის მახვილით მოკვლა და ცხედრის დაწვა ბრძანა. ჯარისკაცებმა მოწამე თავის მოსაკვეთად ქალაქგარეთ წაიყვანეს.
წმინდანი მიდიოდა სიკვდილის შესახვედრად და დავითის ფსალმუნს გალობდა: - "მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაჱლმან, მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს. ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უსჯულოებაჲ მათი. უფალმან მართალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი. ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ იქცენ ყოველნი მოძალენი სიონისანი. იქმნედ იგინი, ვითარცა თივა ერდოთა რომელი-იგი ვიდრე მოფხურადმდე განჴმა, რომლისაგან არა აღივსო ჴელი თჳსი მომკალმან და არცა წიაღი, რომელი შეჰკრებნ მჭლეულებსა მისსა. და არა ჰრქუეს, რომელნი-იგი თანაწარვიდოდეს, ვითარმედ: კურთხევა უფლისაჲ თქუენ თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაჲთა" (ფსალმუნი 128).
მეომრებმა ქალაქგარეთ ერთი სტადიონის მანძილზე გაიყვანეს წმინდა პანტელეიმონი, მივიდნენ იმ ადგილას, სადაც უფლის ნებით მისი მონა უნდა აღსრულებულიყო. მეომრებმა წმინდა პანტელეიმონი ზეთისხილის ხეზე მიაბეს და მოსაკლავად მიუახლოვდნენ. ერთმა მათგანმა მახვილი მოუქნია, მაგრამ რკინა ცვილივით გადაიღუნა, ისე რომ, მოწამის სხეულს არც შეხებია, რადგან მას ლოცვა ჯერ არ დაემთავრებინა.
მეომრებმა შეძრწუნებულებმა წამოიძახეს:
- დიდია ქრისტიანთა ღმერთი!
დაემხნენ წმინდანის ფერხთით და სთხოვეს:
- გევედრებით, ღვთის მონავ! ილოცე ჩვენთვის, რათა მოგვეტევოს ცოდვები, რაც ჩვენ მეფის ბრძანებით შენ გაგიკეთეთ.
როცა წმინდანი ლოცულობდა, მოისმა ხმა ზეციდან, რომელმაც მოუხმო მას და დამტკიცდა, რომ სახელი გადაერქვა; ვინაიდან უფალმა პანტოლეონის ნაცვლად მას პანტელეიმონი დაუძახა და ცხადად აზიარა მადლს, რათა შეეწყალებინა ყველა, ვინც მას მიმართავს ყოველგვარ განსაცდელსა და მწუხარებისას, - და უფალმა მას ზეცისკენ მოუწოდა.
სიხარულით ავსებულმა წმინდანმა მეომრებს უბრძანა მისთვის თავი წარეკვეთათ; მათ ამის გაკეთება არ სურდათ, რადგან ეშინოდათ. მაშინ წმინდანმა მათ ამგვარი სიტყვებით მიმართა:
- თუ ამას არ შეასრულებთ, ჩემი ქრისტესგან წყალობას ვერ ეღირსებით.
მეომრები მიუახლოვდნენ მას, მთელი სხეული დაუკოცნეს, ბოლოს კი თავის წარკვეთა ერთ-ერთ მათგანს მიანდეს. მან თავი მოსჭრა წმინდა პანტელეიმონს და სისხლის ნაცვლად რძე წარმოუვიდა. ზეთისხილი კი იმავე წამს, ფესვიდან წვერამდე, ნაყოფით დაიფარა. იქ მყოფმა უამრავმა ხალხმა ეს რომ იხილა, ქრისტე იწამა.
მომხდარ სასწაულზე მეფეს შეატყობინეს. მისი ბრძანებით, ზეთისხილის ხე დაჩეხეს და წმინდანის ცხედართან ერთად დაწვეს.
როცა ცეცხლი ჩაქრა, მორწმუნეებმა წმინდანის სხეული სრულიად უვნებელი ფერფლიდან ამოიღეს და პატივით დაკრძალეს.
ლავრენტიმ, ვასამ და პროვიანემ, რომლებიც წმინდანს სახლში ემსახურებოდნენ, და მერეც შორიდან თვალს ადევნებდნენ მის წამებას, დაწერეს წმინდანის ცხოვრება, მარტვილობა და ნეტარი აღსასრული და წმინდა ეკლესიას გადასცეს მოსახსენიებლად მოწამისა, სიკეთისათვის წამკითხველისა და მსმენელისა, სადიდებელად ქრისტესა ღვთისა ჩვენისა, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
* * *
წმინდა პანტელეიმონს თავი 305 წლის 27 ივლისს წარკვეთეს.
უკვე IV საუკუნეში წმინდა პანტელეიმონის სახელზე პირველი ტაძრები აშენდა სებასტიაში და კონსტანტინოპოლში. თავის მოკვეთისას წარმოდენილი რძე და სისხლი X საუკუნამდე ინახებოდა და მორწმუნეებს ურიგებდნენ საკურნებლად.
წმინდანის სხეული მცირე ნაწილებად მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული. განსაკუთრებით ბევრი ათონის წმინდა მთაზეა. წმინდანის პატიოსანი თავი ათონზე წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მისივე სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.
ცოტა ხნის მერე ზეთისხილის ხის ფესვზე ახალი ყლორტი ამოიზარდა, როგორც სიმბოლო სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომისა. ერთმა ასი წლის რუსმა მონაზონმა ამ ხის ნაყოფის კურკა ჩაიტანა ათონზე და წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის ეზოში ჩარგო. კურკიდან დროთა განმავლობაში ზეთისხილის ხე გაიზარდა.
1868 წელს ხანძარმა გაანადგურა წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ნახევარი, დაიწვა უნიკალური ხელნაწერების ნაწილი. სხვებთან ერთად ცეცხლი ეკიდა საავადმყოფოს შენობას, რომლის სიახლოვესაც იყო დარგული ნიკომიდიური ზეთისხილის ხე, მაგრამ ცეცხლი არ მიჰკარებია, ფოთოლიც კი არ დასწვია. ამბობენ, რომ ამ ზეთისხილის ხის ნაყოფიც სასწაულმოქმედია და მრავალი მონაზონი თუ ერისკაცი, განუკურნიაო ათასგვარ სნეულებისგანო.
ლოცვა წმინდისა პანტელეიმონისი
ჵ, ყოვლად დიდებულო, ღმრთივ-გჳრგჳნოსანო, დიდო მოწამეო მკურნალო პანტელეიმონ, ანგელოზთა თანა შეერთებულო, მოციქულთა თანა პატივცემულო, მოწამეთა სრულებაო, მამათა დიდებაო, ქალწულთა შუენიერებაო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლშემწეო, თხოვათა აღმასრულებელო, და წყალობისა მომნიჭებელო.
ჵ, ყოვლად ბრწყინვალეო ქრისტეს დიდო მოწამეო, უქრთამო მკურნალო პანტელეიმონ. ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმინდისა შენისაჲთა განაბრწყინვე ღმრთივ-დაცული ერი ჩუენი, ყოვლად განათლებულითა ლოცვითა შენითა განანათლე უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნონი წესნი, მჴედართ მთავარნი, და ქალაქთ მთავარნი, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე ქრისტეს მოყუარე მჴედარნი, და კეთილის მყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდენ. ევედრე წმინდაო დიდო მოწამეო ქრისტესო შენგან შეყუარებულსა იესუს, რაჲთა მოგუანიჭოს მადლი და წყალობაჲ თჳსი აურაცხელი.
ჵ, ყოვლად ქებულო და პატივცემულო, წმინდაო დიდო მოწამეო, უვეცხლოო მკურნალო პანტელეიმონ, ღმრთივ-დიდებულითა საკჳრველებითა და ნიშებ-სასწაულითა შენითა, განათავისუფლენ ტყუენი, განჰკურნენ უძლურნი, გამოუჴსნენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განაძლიერენ ზღვათა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმინდისა სახელისა შენისანი ადიდენ და აღამაღლენ სულით და ჴორცით, რაჲთა სასუფეველსა დიდებასა და დიდად შუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს-ვიქმნნეთ ყოველნი. ანგელოზთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ, და შენთანა გჳრგჳნოსანნი ვაკურთხევდეთ შენსა გჳრგჳნოსან-მყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა, და შენ შორის მეტყუელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
წმიდა მკურნალი პანტელეიმონის ტროპარ-კონდაკი
ტროპარი
ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
კონდაკი
მიმსგავსებულ იქმენ ყოვლად მოწყალისა, და მოიღე მადლი კურნებათა ღვაწლით შემოსილო მოწამეო ქრისტეს ღვთისაო, ლოცვითა შენითა სულთა ჩვენთა სენნი განჰკურნენ და განდევნენ ეშმაკის საცთურნი ჩვენგან, რომელნი ვღაღადებთ: გვაცხოვნენ ჩვენ, უფალო.
წმინდა პანტელეიმონთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი