პანტოლეონმა ირწმუნა წმინდა ერმოლაოსის დამოძღვრა, გულით მიიღო, ვითარცა ჭეშმარიტება; სიხარულით ჩაუღრმავდა გონებით და წმინდა მამას ჰკითხა:
- ბევრჯერ მომისმენია ეს დედაჩემისგან და ხშირად მინახავს, როგორ ლოცულობდა და მოუხმობდა იმ ღმერთის სახელს, რომლის შესახებაც შენ მომიყევი.
ამის მერე პანტოლეონი ყოველდღე მიდიოდა წმინდა მამასთან და ტკბებოდა მისი ღვთივსულიერი საუბრებით, გაძლიერდებოდა ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნებაში. და როცა თავისი მასწავლებლის ევფროსინესაგან შინ ბრუნდებოდა, მანამდე არ შევიდოდა სახლში, ვიდრე არ მოინახულებდა ღირს ერმოლაოსს და არ მიიღებდა მის სულისმარგებელ დარიგებებს.
ერთხელ ისე მოხდა, რომ როცა მასწავლებლიდან ბრუნდებოდა, გზიდან გადაუხვია და დაინახა მკვდარი ბავშვი, რომლისთვისაც დიდ ექიდნეს ეკბინა. თვითონ ექიდნეც ბავშვის გვერდით იწვა. პანტელეონმა ეს რომ დაინახა, შეეშინდა, უკან დაიხია, მაგრამ მერე თავისთვის თქვა:
- ახლა მოვიდა დრო, გამოვცადო და დავრწმუნდე, თუ არის ჭეშმარიტება ის ყველაფერი, რასაც მამა ერმოლაოსი მიყვებოდა.
ჭაბუკმა თვალები ზეცისკენ აღაპყრო და წარმოთქვა:
- უფალო იესო ქრისტე, თუმცა მე ღირსი არა ვარ, რომ მოგიხმო, მაგრამ თუ გსურს შენი მონა გავხდე, გამოაჩინე შენი ძალა და ისე ჰქენი, რომ ეს ყრმა გაცოცხლდეს, ხოლო ექიდნე მოკვდეს.
თითქოს ჩაძინებულს გამოეღვიძაო, ყრმა მაშინვე ფეხზე წამოდგა, ხოლო ექიდნე ნაკუწებად გაიფანტა. მაშინ პანტოლეონმა იწამა ქრისტე, თავისი ხორციელი და სულიერი თვალები ზეცისკენ აღაპყრო, თვალცრემლიანმა, სიხარულით აკურთხა ღმერთი, რამეთუ მან გამოიყვანა იგი ბნელიდან და თავისი შემეცნების ნათლისკენ წაიყვანა. მაშინვე გაემართა ის წმინდა ხუცეს ერმოლაოსთან, დავარდა მის წმინდა ფერხთა წინ, და მონათვლა სთხოვა. მოუყვა, თუ როგორ გაცოცხლდა ყრმა იესო ქრისტეს სახელის ძალით, ხოლო მისი მომკვდინებელი გველი კი მოკვდა. წმინდა ერმოლაოსი შინიდან გამოვიდა და პანტოლეონს მკვდარი ექიდნეს სანახავად გაჰყვა და როცა ნახა, ადიდა ღმერთი მოხდენილი სასწაულისთვის, რომლითაც პანტოლეონმა უფალი შეიცნო. დაბრუნდნენ შინ. მან ჭაბუკს ნათელი სცა სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა, თავის შიდა, დაფარულ ოთახში აღასრულა საღმრთო ლიტურგია და ჭაბუკი აზიარა იესო ქრისტეს ხორცისა და სისხლის წმინდა საიდუმლოს.
ნათლისღების შემდეგ პანტოლეონი შვიდი დღე დარჩა მამა ერმოლაოსთან, ისმენდა მოძღვრის ბაგეთაგან ნათქვამ, ქრისტეს მადლით ავსებულ, ღვთაებრივ სიტყვებს: ვითარცა ცხოველმყოფელი წყლით დაალტობდა თავის სულს და ზედ უხვად აღმოაცენებდა სულიერ ნაყოფს. მერვე დღეს ის შინ დაბრუნდა, შვილის დაგვიანებით შეწუხებულმა მამამ ჰკითხა:
- ჩემო შვილო, ამდენი ხანი სად იყავი, შენ გამო ვწუხდი.
წმინდანმა უპასუხა:
- მასწავლებელთან ერთად მეფის სასახლეში ვიყავი. ვმკურნალობდით ერთ სნეულს, რომელიც მეფეს ძალიან უყვარს და არ მოვშორდით შვიდი დღე, ვიდრე მას ჯანმრთელობა არ დავუბრუნეთ.
ასე უთხრა წმინდანმა და არც იცრუა, არამედ შეფარულად, იგავის სახით მოუთხრო, რაც მის ცხოვრებაში მოხდა:
მასწავლებელში მან ხუცესი წმინდა ერმოლაოსი იგულისხმა, სამეფო პალატად კი ის შინაგანი (შიდა) ოთახი, სადაც საღმრთო ლიტურგიის საიდუმლო აღსრულდა, ხოლო ავადმყოფად იგულისხმა საკუთარი, ზეციური მეფისაგან შეყვარებული სული, რომელსაც შვიდი დღე სულიერად მკურნალობდა.
როცა მეორე დილით ის ევფროსინესთან მივიდა, მანაც ჰკითხა:
- ამდენი ხანი სად დაიკარგე?
- მამაჩემმა მამული მიყიდა და მის მისაღებად გამგზავნა, მე იქ ყველაფერს ყურადღებით ვათვალიერებდი, რადგან ის დიდ ფასად არის ნაყიდი.
ამას ის იგავით ამბობდა წმინდა ნათლისღების საიდუმლოებასა და თავის ნათლობაზე, და ქრისტიანული რწმენის სხვა საიდუმლოებებზე, რომელიც მან შეიცნო და თავის გასაოცარი ფასით ყოველგვარ სიმდიდრეს აღემატებოდა, რამეთუ ისინი ქრისტეს სისხლით იყო მოსყიდული. ეს რომ მოისმინა, ევფროსინეს სხვა არაფერი უკითხავს. საღმრთო მადლით ავსებული პანტოლეონი კი შინაგანად წმინდა რწმენის საგანძურს ატარებდა. ის ცდილობდა, საკუთარი მამა კერპთაყვანისცემის სიბნელიდან გამოეყვანა და ქრისტეს შემეცნების სინათლემდე მიეყვანა. ყოველდღიურად ბრძნულად, იგავებით და შეკითხვებით ესაუბრებოდა მას:
- მამა! რატომ არის, რომ ღმერთები, რომლებიც თავიდან ფეხზე მდგარი გააკეთეს, დღემდე ასე არიან და არასოდეს სხდებიან, ხოლო ისინი, რომლებიც დამსხდარი გააკეთეს, დღემდე სხედან და არასოდეს ამდგარან?
- მთლად გასაგები არ არის ჩემთვის შენი შეკითხვა, და არც კი ვიცი, რა გიპასუხო, - უთხრა მამამ.
წმინდანი კი მუდმივად სხვა ამგვარ შეკითხვებს დაუსვამდა მამას, და აიძულა ის დაეჭვებულიყო თავის ღმერთებში და ნელ-ნელა შეეცნო კერპთაყვანისცემის სიცრუე და ცდომილება; მამა უკვე ძველებურად აღარ სცემდა კერპებს თაყვანს, წავიდა ის დრო, როცა იგი ყოველდღიურად უამრავ მსხვერპლს შესწირავდა კერპებს და მოიდრეკდა მუხლს; მას უკვე არაფრად მიაჩნდა კერპები და აღარც მუხლს უდრეკდა. უცქერდა ამას პანტოლეონი და უხაროდა, რომ ეჭვი გაუჩინა მამას კერპებისადმი. პანტოლეონს არაერთხელ უნდოდა მამის კერპების დამსხვრევა, რომლებიც მრავლად იყო მათ სახლში, მაგრამ ახსოვდა ღვთის მცნება, რომ პატივი უნდა მივაგოთ მშობლებს და მის განრისხებას ერიდებოდა, ელოდა იმ დროს, როცა მამამისი შეიცნობდა ჭეშმარიტ ღმერთს და მოინდომებდა თავისი ხელი მათ დამსხვრევას.
ერთხელაც პანტოლეონს ბრმა მოუყვანეს, რომელიც განკურნებას ევედრებოდა:
- გთხოვ, გევედრები, დაბრმავებული და უძვირფასეს ნათლის ჭვრეტას მოკლებული; რაც კი ამ ქალაქში ექიმებია, მმკურნალობდნენ, მათგან სიკეთე ვერა ვნახე და მთელ ჩემს ქონებასთან ერთად, რაც მათ დავახარჯე, ის მცირეოდენი თვალისჩინიც კი დავკარგე, რომლითაც ბუნდოვნად ვხედა¬ვდი საგნებს. მე მათ უხვად ვასაჩუქრებდი, ბევრი დავახარჯე და კურნების ნაცვლად მათგან მხოლოდ ვნება მივიღე და დროც დავკარგე.
წმინდანმა ჰკითხა:
- თუ მთელი ქონება ექიმებს დაურიგე, და მათგან სიკეთე ვერა ნახე, მაშინ რით დამაჯილდოვებ მე, თუ განიკურნები და თვალი აგეხილება?
- ყველაფერს სიხარულით მოგცემ, რაც კი შემომრჩა, - უპასუხა ბრმამ.
წმინდანმა წარმოთქვა:
- მამა ნათლისა, ჭეშმარიტი ღმერთი ჩემ მიერ, თავისი უღირსი მონისა, მოგცემს შენ ჭვრეტის ნიჭს, რომლითაც იხილავ ნათელს. ხოლო რის მოცემასაც დამპირდი, წადი და დაურიგე გლახაკებს.
ეს რომ მამამისმა ევსტორგიმ მოისმინა, შვილს უთხრა:
- ჩემო ბიჭო, ისეთი საქმეს ნუ შეეჭიდები, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია, თორემ სასაცილო გახდები: მართლაც, განა შეგიძლია შენზე უკეთეს ექიმებზე მეტი გააკეთო, რომლებიც ამას მკურნალობდნენ და ვერაფერი უშველეს?
- იმ ექიმებიდან არც ერთმა არ იცოდა რა საშუალება გამოეყენებინა ამ შემთხვევაში, მაგრამ მე ვიცი, რადგან უზარმაზარი განსხვავებაა მათსა და ჩემს მასწავლებელს შორის, რომელმაც ეს წამალი მასწავლა.
მამამ იფიქრა, თავის მასწავლებელ ევფროსინეზე ამბობსო და შენიშნა:
- გამიგია, რომ შენი მასწავლებელი ევფროსინეც ცდილობდა მის განკურებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა;
- ცოტახანს მოიცადე, მამაჩემო და იხილავ ჩემი მკურნალობის ძალას, - უპასუხა პანტოლეონმა.
ამ სიტყვების წარმოთქმისას ის თვალებზე თითებით შეეხო ბრმას და თქვა:
- სახელითა უფლისა ჩემისა იესო ქრისტესითა, რომელიც ბრმებს თვალებს აუხილავდა, შენც, თვალთაგან იხილე ნათელი.
ბრმას მაშინვე თვალები აეხილა და მხედველობა დაუბრუნდა. იმავე წუთს პანტოლეონის მამამ, ევსტორგიმ და თვალახელილმა კაცმა ირწმუნეს ქრისტე; მერე უკვე ისინი ხუცესმა ერმოლაოსმა მონათლა და აღივსნენ უდიდესი სულიერი სიხარულით და ქრისტეს მადლითა და ძალით.
ევსტორგიმ თავის სახლში ყველა კერპი დაამსხვრია, რაშიც მისი ვაჟი, წმინდა პანტოლეონი ეხმარებოდა. მათ დალეწილი კერპები ღრმა ორმოში ჩამარხეს. ამის მერე ევსტორგიმ ცოტა ხანს იცოცხლა და წარდგა უფლის წინა¬შე. პანტოლეონი მამამისის უდიდესი ქონების ერთადერთი მემკვიდრე გახდა. მან მონები გაათავისუფლა და უხვად დაასაჩუქრა. ქონება გაჭირვებულებს, გლახაკებს, ქვრივ-ობლებს დაურიგა. ის შემოივლიდა ხოლმე საპყრობილეებს და მოინახულებდა ყველას, ვინც ბორკილდადებული იტანჯებოდა, ანუგეშებდა მათ მკურნალობით და მოწყალებას მისცემდა მას, ვისაც ეს სჭირდებოდა. ამგვარად, ის არა მხოლოდ წყლულთა მკურნალი იყო, არამედ ადამიანთა სიღარიბისაც. რამეთუ მისგან მცირეოდენ მოწყალებას ყველა იღებდა. ღარიბები მდიდრდებოდნენ მისი გულუხვობით; ხოლო მკურნალობაში მას ღვთის მადლი ეხმარებოდა. რამეთუ ზეცითგან მიეცა მას კურნების მადლი და ისიც უსასყიდლოდ ჰკურნავდა ყოველგვარი სნეულებებისგან, არა იმდენად სააფთიაქო საშუალებებით, რამდენადაც იესო ქრისტეს სახელის მოხმობით. მაშინ პანტოლეონი მართლაც რომ პანტელეიმონად გამოჩნდა, ანუ ყოვლადმოწყალედ. როგორც სახელით, ისე საქმით ყველას მოწყალებას მისცემდა და ხელცარიელს და უნუგეშოს თავისგან არავის გაუშვებდა, რამეთუ ნაკლულევანს საჩუქრით აავსებდა, ავადმყოფს კი უსასყიდლოდ კურნავდა. სხვა ექიმებს თავი ანებეს და მთელი ქალაქი მასთან მოვიდა ავადმყოფებით, რადგან პანტელეიმონივით სწრაფად და სავსებით სხვა ვერავინ კურნავდა, რომელიც წარმატებით მკურნალობდა ყველას და ამაში სასყიდელს არავის ართმევდა. მთელ ქალაქში ხმა გაუვარდა, როგორც ყოვლადმოწყალე და უვერცხლოდ მკურნალ ექიმს. სხვა ექიმები მას განიკითხავდნენ და დასცინოდნენ, პანტელეიმონის მიმართ საშინელი შურით და მტრობით აღივსნენ. ყველაფერი კი იმ დროიდან დაიწყო, როცა ზემოხსენებულ ბრმას თვალი აეხილა.
ეს ამბავი აი, ასე მოხდა:
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი