ამგვარი სასწაული რომ იხილეს, მრავალმა იქ მყოფმა ირწმუნა ქრისტე; კერპების მსახური ქურუმები კბილებს აღრჭენდნენ ღვთის წმინდანზე და მეფე მაქსიმიანეს მიმართეს:
- ის თუ ცოცხალი დარჩება, მაშინ ღმერთების მსხვერპლშეწირვა შეწყდება და ქრისტიანების დასაცინი გავხდებით; ჰოი, მეფეო, მოკალი იგი! რაც შეიძლება სწრაფად.
მაშინ მეფემ პანტოლეონს უთხრა:
- ღმერთებს მსხვერპლი შესწირე პანტოლეონ, რათა უაზროდ არ დაიღუპო; შენ ხომ იცი, რამდენი ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ უარყვეს ჩვენი ღმერთები და არ შეასრულეს ჩემი ბრძანება. განა არ იცი, რა სასტიკად ეწამა მოხუცი ანთიმოზი?
- ქრისტესთვის წამებულნი არ დაიღუპნენ, - უპასუხა მას წმინდანმა, - არამედ საუკუნო ცხოვრება პოვეს. და თუ ანთიმოზს, მოხუცს და სხეულით უძლურს შეეძლო სასტიკი წამება დაეთმინა ჩვენი უფლისთვის, მით უმეტეს მე, ახალგაზრდა და სხეულით ძლიერმა, უშიშრად უნდა დავითმინო ყველა ტანჯვა, რომელსაც შენ მომაწევ, რამეთუ მე თუ ქრისტესთვის არ მოვკვდები, სიცოცხლეს ამაოდ ჩავთვლი, ხოლო თუ მოვკვდები - შენაძენად.
მეფემ ბრძანა, გაშიშვლებული წმინდანი საწამებელ ძელზე ჩამოეკიდებინათ, მისი სხეული ჭანგებით გაერანდათ, და ნეკნები ანთებული სანთლებით მოეწვათ. მან კი ეს ტანჯვა დაითმინა, თვალები ზეცისკენ აღაპყრო და წარმოთქვა:
- უფალო იესო ქრისტე! წარდექი ჩემ წინაშე და მომეცი მოთმინება, რათა ტანჯვა ბოლომდე დავითმინო.
და გამოეცხადა მას უფალი ხუცეს ერმოლაოსის სახით და გაამხნევა:
- ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ.
ამ დროს ჯალათებს ხელები გაუშეშდათ, დაუსუსტდათ, სატანჯველი იარაღები და სანთლები ხელიდან გაუცვივდათ. ეს რომ მეფემ დაინახა, ბრძანა, წმინდანი ჩამოეხსნათ და როცა მიუყვანეს, ჰკითხა:
- რა არის შენი ჯადოქრობის ძალა, რომ მსახურები დამიუძლურდნენ და სანთლებიც ჩაქრა?
მოწამემ ასე უპასუხა:
- ჩემი ჯადოქრობა ქრისტეა, რომლის ყოვლისშემძლე ძალა ყველაფერს მოიმოქმედებს.
მეფე შეეწინააღმდეგა:
- მაშინ რას იზამ, თუ უფრო მეტად გაწამებ?!
- დიდ სატანჯველში უფრო დიდ ძალას გამოაჩენს ჩემი ქრისტე, რათა შენ შეგარცხვინო. ხოლო მე მის გამო უფრო მძიმე სატანჯველის დათმენით ქრისტესგან უფრო მეტ საზღაურს მივიღებ.
მაშინ მეფემ ბრძანა, მოწამე მდუღარე ზეთიან ქვაბში ჩაეგდოთ.
როცა ზეთი ადუღდა და მოწამე ქვაბთან მიიყვანეს, მან თვალები აღაპყრო და ამგვარად ილოცა: - "შეისმინე, ღმერთო, ჴმისა ჩემისა, გევედრებოდი რაჲ მე შენდამი, შიშისაგან მტერისა იჴსენ სული ჩემი. დამიფარე მე ამბოხისაგან უკეთურთასა და სიმრავლისაგან მოქმედთა სიცრუჲსა¬თა" (ფსალმ. 63:2-3).
როცა იგი წმინდა დავითის სიტყვებს წარმოთქვამდა, მას კვლავ გამოეცხადა უფალი ერმოლაოსის სახით, მოჰკიდა ხელი მოწამეს და მასთან ერთად ქვაბში ჩავიდა. მაშინვე ცეცხლი ჩაქრა და ზეთი გაცივდა, წმინდანი კი ფსალმუნის სიტყვებს გალობდა: "მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვყავ და უფალმან ისმინა ჩემი; მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდე და ესმეს ჴმისა ჩემისა" (ფსალმ. 54:17-18). იქ მყოფნი ჰკვირობდნენ სასწაულს, მეფემ წამოიძახა:
- ეს რა არის? ცეცხლი ჩაქრა, ზეთი გაცივდა, ბოლოს და ბოლოს, როგორ ვაწამოთ ეს ჯადოქარი?
იქ მყოფთ ურჩიეს:
- დაე, ზღვის სიღრმეში ჩააგდონ, ის ხომ მთელ ზღვას ვერ მოაჯადოებს და მაშინვე დაიღუპება.
ჯალათმა ბრძანა, ასე მოქცეულიყვნენ.
მსახურებმა ხელი სტაცეს მოწამეს, ზღვასთან მიიყვანეს, დასვეს ნავზე, ყელზე ლოდი ჩამოჰკიდეს; ნაპირიდან შორს გავიდნენ და წმინდანი ზღვაში ჩააგდეს, თვითონ კი უკან დაბრუნდნენ. როცა წმინდანი ზღვაში ჩააგდეს, მას კვლავ გამოეცხადა ქრისტე, ისევე როგორც ადრე, ერმოლაოსის სახით და წმინდანის ყელზე მობმული ქვა ფოთოლივით ამსუბუქდა, ისე რომ, წმინდა პანტელეიმონი ქვიანად წყლის ზედაპირზე დადგა და არ იძირებოდა. და მასაც, როგორც ერთ დროს პეტრე მოციქულს, ხელი უპყრო ქრისტემ და წყალზე, როგორც ხმელზე ფეხით გამოიარა; წმინდანი ღვთის დიდებით და გალობით ნაპირზე გამოვიდა და წარდგა მეფის წინაშე.
მაქსიმიანე დიდად განაცვიფრა ამ სასწაულმა და წამოიძახა:
- რაშია შენი ჯადოქრობის ძალა, პანტოლეონ, რომ მას ზღვაც კი ემორჩილება?
- ზღვაც ემორჩილება თავის მეუფეს და მის ნებას ასრულებს, - აუხსნა წმინდანმა.
- როგორ, შენ ზღვის მეუფე ხარ? - ჰკითხა მეფემ.
- არა მე, - უპასუხა წმინდანმა, - არამედ ჩემი ქრისტე, შემოქმედი ყოველთა ხილულ და უხილავ ქმნილებათა. ის მეუფებს როგორც ცაზე და მიწაზე, ასევე ზღვაზეც: "ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ" (ფსალ. 76:20).
ამის მერე ჯალათმა ბრძანა, მხეცების ცირკი მოეწყოთ, რათა მოწამე მათთვის დასაგლეჯად მიეგდოთ. მთელი ქალაქი შეიკრიბა ამ სანახაობაზე, ყველას სურდა ენახა, თუ როგორ გაგლეჯდნენ მშვენიერ უდანაშაულო ჭაბუკს. მივიდა იქ მეფეც; მოიყვანეს მოწამე. მეფემ მხეცებზე მიუთითა და უთხრა:
- ისინი შენთვის არიან გამზადებულნი; ასე რომ, მისმინე, გაუფრთხილდი შენს სიჭაბუკეს, დაინდე შენი სხეულის სილამაზე, მსხვერპლი შესწირე ღმერთებს, თორემ მხეცების კბილებით დაგლეჯილი საშინელი სიკვდილით მოკვდები.
წმინდანმა უთხრა:
- მირჩევნია, მხეცებმა დამგლიჯონ, ვიდრე ამგვარ მზაკვრულ რჩევასა და ბრძანებას დავყვე.
მაშინ ის მხეცებს მიუგდეს. უფალი აქაც ხუცეს ერმოლაოსის სახით გამოეცხადა წმინდანს და დაუკუმა პირები მხეცებს და მშვიდნი და ცხვრებივით მორჩილნი გახადა, ისინი წინ გაუგორდნენ წმინდანს და ფეხები აულოკეს. წმინდა პანტელეიმონი მათ ეფერებოდა, და თითოეული მხეცი ცდილობდა წმინდა პანტელეიმონის ხელი მასაც შეხებოდა, და ამისთვის ერთმანეთს განზე გასწევდნენ. ამის მხილველმა გაოცებულმა ხალხმა ერთხმად შესძახა:
- დიდია ქრისტიანთა ღმერთი! დაე, გაუშვით ეს უდანაშაულო და მართალი ყმაწვილი!
განრისხებულმა მეფემ ჯარისკაცებს უბრძანა, მახვილი ეშიშვლათ და ყველა დაეხოცათ, ვინც ქრისტეს ადიდებდა. მაშინ ბევრმა ადამიანმა იწამა ქრისტესი, რისთვისაც ისინი დახოცეს. მეფის ბრძანებით დახოცეს ყველა მხეცი. ეს რომ წმინდანმა დაინახა, შესძახა:
- დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომ არამხოლოდ ადამიანები, მხეცებიც ეწამებიან შენთვის!
წავიდა მეფე არენიდან დამწუხრებული და განრისხებული, წმინდა პანტელეიმონი კვლავ საპყრობილეში ჩააგდეს.
დახოცილი ხალხის ცხედრები ახლობლებმა წაასვენეს და დაკრძალეს, მხეცების ლეში კი ფრინველებსა და ძაღლებს დაუტოვეს შესაჭმელად. მაგრამ მოხდა უდიდესი სასწაული, მხეცების ლეში მრავალი დღის მანძილზე ეყარა და მას არათუ ძაღლები და ფრინველები არ მიჰკარებიან, მეტიც - ლეშებს ხრწნის სუნი არ ასდიოდა. ეს რომ მეფემ შეიტყო, მისი ბრძანებით მხეცების ლეში ღრმა ორმოში ჩამარხეს. წმინდანის საწამებლად კი ბრძანა, მოემზადებინათ წამახულსოლებიანი საშინელი ბორბალი. როცა წმინდანი ბორბალს მიაკრეს და დატრიალება დაიწყეს, რაღაც უხილავმა ძალამ ნაწილებად გაფანტა და მრავალი იქვე მყოფი სასიკვდილოდ დაჭრა. წმინდა პანტელეიმონი კი ბორბლიდან მთელი და უვნებელი ჩამოვიდა. ამგვარი სასწაულის ხილვამ შიშისაგან თავზარი დასცა ყველას, რომლითაც ღმერთი განდიდდა თავისი წმინდანის მიერ.
მეფე ძალზე განცვიფრდა და ჰკითხა მოწამეს:
- ვინ გასწავლა ასე დიდი ჯადოქრული საქმეების კეთება?
- ჯადოქრობა კი არა, ჭეშმარიტი ქრისტიანული ღვთისმოსაობა ვისწავლე წმინდა კაცის, ხუცეს ერმოლაოსის მიერ, - უთხრა მოწამემ.
- სად არის შენი მასწავლებელი ერმოლაოსი, - ჰკითხა მეფემ, მისი ნახვა გვინდა.
წმინდანი სულით მიხვდა, რომ მოახლოვდა ერმოლაოსის მოწამეობის ჟამი და მეფეს უპასუხა:
- თუკი მიბრძანებ, წავალ და მოგიყვან.
წმინდა პანტელეიმონი თავის მტანჯველ სამ მეომართან ერთად ხუცეს ერმოლაოსის დასაძახებლად გაუშვეს.
როცა ხუცესის სახლთან მივიდნენ, მოძღვარმა ჰკითხა:
- რისთვის მოხვედი, ჩემო შვილო?
- უფალო და მამაო, მეფე გიხმობს.
- დროულად მოხვედი ჩემს დასაძახებლად, - უთხრა მოძღვარმა, - რამეთუ დადგა ჩემი მოწამეობისა და სიკვდილის ჟამი; წუხელ გამომეცხადა უფალი და მაუწყა: "ერმოლაოს, ჩემი მონის, პანტელეიმონის მსგავსად, მოგიწევს, დიდად იტანჯო ჩემთვის".
მოძღვარი სიხარულით გაჰყვა წმინდა პანტელეიმონს და წარდგა მეფის წინაშე. მეფემ ხუცესი რომ დაინახა, სახელი ჰკითხა. წმინდა ერმოლაოსმა თავისი სახელი უთხრა, არც საკუთარი რწმენა დამალა და ხმამაღლა აღიარა, რომ ქრისტიანი იყო. მეფემ კვლავ ჰკითხა:
- გვერდით თუ ვინმე გყავს შენი სარწმუნოებისა?
მამა ერმოლაოსმა უთხრა:
- მყავს ორი თანამსახური, ქრისტეს ჭეშმარიტი მონები - ერმინე და ერმოკრატე.
დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი