***
წმინდა ისიდორე ამბობდა: "ბევრი ფიქრობს, ადამიანს სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება მაშინ უჭირს, როცა მის ბედნიერებას უბედურება ენაცვლებაო. მე კი მგონია, მორჩილების შენარჩუნება მაშინ არის ძნელი, როცა უბედობაში მყოფს უეცრად ბედნიერება გეწვევა". ***
ერთმა ვერცხლისმოყვარე კაცმა ვიღაცას უთხრა: "გისურვებ, იღბლის წვეთი გქონოდეს, ვიდრე ჭკუით სავსე კასრიო". ბრძენი კი შეეპასუხა: "მე ჭკუის წვეთი მირჩევნია იღბლის ზღვასო". ***
ბედნიერების საძებრად ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით მიდიან და მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობენ. ბედნიერება კი ჩვენშია, ჩვენს გულში, სადაც თითქმის არასდროს ვიხედებით. ***
ზოგიერთ ადამიანს, როცა ხედავს მოძღვარს, რომლის ცხოვრებაც და საქციელიც მისი მდგომარეობის მნიშვნელობას არ შეესაბამება, ზოგჯერ ეჭვი ეპარება - შეიწირება კი ამ მოძღვრის მიერ აღვლენილი ღვთისმსახურება? ასეთთა დასამშვიდებლად და სანუგეშოდ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს მოვიყვანთ: "მღვდელი მხოლოდ ბაგეებს ამოძრავებს, ყველაფერ დანარჩენს კი უფალი აკეთებს". სრული ჭეშმარიტებაა! მთესველი თესლს ხშირად უსუფთაო ხელით თესავს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ღვთის წყალობით, ველ-მინდვრები ყანებით იფარება.