-სიყვარული ჭეშმარიტია, როცა მას არ აქვს ეგოისტური წინაპირობები, ანუ ის თავდადებული და თავგანწირულია! სწორედ ასეთი სიყვარული დაგვანახა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, და, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ლოცვა, როცა ასეთი სიყვარული გვაქვს ან ვესწრაფით მას. ასეთი სიყვარულის გარეშე ლოცვა მხოლოდ ფორმალური წეს-ჩვეულებაა და მას არასოდეს შეისმენს უფალი. მეორეს მხრივ, ლოცვითი მოშურნეობის გარეშე, ასეთი სიყვარულის მოპოვება შეუძლებელია, თითქოს აქ იკვრება ჯადოსნური წრე, მაგრამ უფალმა, განჭვრიტა რა ჩვენი არასრულყოფილება, მოგვცა ამ წრის გასაღები, - მოგვივლინა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელმაც გვიჩვენა მაგალითი სრულყოფილი სიყვარულისა, რაც აუცილებელია ლოცვისათვის!
და თუკი ჩვენ გულში მუდმივად უფლის სახელის მოწოდებით, მთელი ჩვენი ძალისხმევით შევეცდებით მივაღწიოთ ამ სიყვარულს, მაშინ ჩვენი არასრულყოფილი სიყვარულიც კი გახდება ჩვენი ლოცვის საფუძველი და უფალი შეისმენს ჩვენს ლოცვას! მაგრამ მხოლოდ სიყვარული, უფლისადმი სრული მინდობის გარეშე და ქრისტეს სრულყოფილი იმედის გარეშე, არ არის საკმარისი ლოცვისათვის. არიან ადამიანები, რომელთაც თავდავიწყებით უყვართ სხვა ადამიანები და ამ სიყვარულისათვის თავგანწირულ გმირობებს სჩადიან, მაგრამ არ სჯერათ უფლისა და მისი ქმედებისა, არ სასოებენ ქრისტეზე. როგორი ამაღლებულიც არ უნდა იყოს მათი სიყვარული, ის მიწიერია და ის მათ არ აახლოვებს უფალთან, შესაბამისად, მათ ლოცვა არ შეუძლიათ! მხოლოდ უფლის უსაზღვრო რწმენის, ქრისტეს სრულყოფილი იმედისა და უფლისა და ადამიანებისადმი თავდაუზოგავი სიყვარულით მიიღწევა ჭეშმარიტი ლოცვა - გულწრფელი და უშუალო საუბარი უფალთან!