03.06.2005
უფლის მიერ ბოძებულ სიცოცხლეს მართლმადიდებელი ქრისტიანი ღვთის სადიდებლად განლევს, ღვთის სჯულს გამოიძიებს, ჩაიძირება წმიდა მამათა ცხოვრებასა და სწავლათა უკიდეგანო ზღვაში და ნეტარებს. მართლაცდა, განა არის რამე მასზე აღმატებული და ტკბილი?!
სპორტსმენი, რომელიც მიწიერი ჯილდოსთვის, მიწიერი წარმატებისთვის იბრძვის, ცდილობს იცხოვროს მობილიზებულმა, ამისთვის ბევრ მიწიერ სიამოვნებას თმობს, ბევრს ვარჯიშობს. მივბაძოთ მას ჩვენ, ქრისტიანებმა, ვისწავლოთ და მოვისყიდოთ, მოვიპოვოთ ღვთის სასუფეველი. წმიდა ილარიონის ქვემოთ მოყვანილი სიტყვები შეიძლება ზოგს მკაცრად მოეჩვენოს, მაგრამ ღირსი მამა ამას ხომ თავისი სულიერი გამოცდილებიდან გვეუბნება:
1836 წელს წმიდა ილარიონმა ათონზე, ივერონის მონასტერში დაცული ხელნაწერების კატალოგი შეადგინა და საქართველოში გამოგზავნა. ღირსი მამა ერთგან იმდროინდელ ქართველობას არიგებს, განაკრძალებს. თითქოს საამდროოდაც უთქვამსო, ისე მარად ახალია ღირსი მამის ნააზრევი:
"გავბედავ და ვიტყვი, ვინაიდგან მაიძულებს ნაწლევი სიყვარულისა მშობელისათვის ქვეყანისა: განამრავლეთ სწავლა საღმრთოისა წერილისა და ნუ პითაღორასა და ნურცა პლატონისა... მესმის, სწავლა განმრავლდა საქართველოს შინაო და უხარის სულსა ჩემსა, უკეთუ სახარებასა და ცნობასა ქრისტესსა. უკეთუ არა - ვაი, ჩემდა, უბადრუკსა, რომელსაც სიბრძნესა და საქებელი და უკუნითი უკუნისამდე. და გარეშე ამისა - ეშმაკისაგან არსა. ღვთისთვის სიბრძნესა შეუდგეს შიში ღვთისა და შიშსა ღვთისასა - ხსენება სიკვდილისა და სასჯელისა, და ამათსა ხსენებასა შეუდგეს მოღვაწება და სათნოება და სიყვარული ღვთისა. ხოლო სიბრძნესა ეშმაკისასა შეუდგეს უდებება, ნაყროვანება, შფოთი, მტერობა, სიძულვილი და სხვანი მრავალნი უკეთურებანი და უბადრუკება. ხოლო უკეთუ პირველსა სიბრძნესა იწურთით - სამგზის სანატრელ ხართ და ჩემ ცოდვილისთვისცა სახარულევან და ვსასოებ, რომ ლოცვითა თქმითა ღირს ვიქმნე მეცა ცოდვილი განრომად სასჯელსა მას მერმესა; ხოლო უკეთუ შემდგომსა - ვაი ჩემდა, უბადრუკსა..."