* არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) თავის ერისკაცობისდროინდელ ამბავს ჰყვება: "დიდმარხვაში, საიდუმლო სერობის წირვის შემდეგ, სვეტიცხოვლიდან სამთავროს მონასტერში ამოვედით ტრაპეზზე. კოშკიდან მამა გაბრიელის (ურგებაძე) ტირილი შემოგვესმა.
ერთ-ერთმა მონაზონმა გვითხრა: ვნების შვიდეულში მთელი კვირის განმავლობაში ყოველდღე ტირის, თითოეულ ჩვენგანს ავედრებს უფალს და შეწყალებას სთხოვსო. გულში ვთქვი: ნეტავ ოდესმე თუ მექნება ისეთი რწმენა, რომ ამხელა სულიერებას მივაღწიო-მეთქი.
* მამა გაბრიელი უფლის ჯვარცმაზე ისე ჰყვებოდა, თითქოს ახლა, ამ წუთში მის თვალწინ ხდებოდა ყველაფერი და თან ტიროდა. მას სურდა მორწმუნეებიც გაეხადა უფლის ვნების თანაზიარნი, ეუბნებოდა ხოლმე: "მიეხმარეთ, მიეხმარეთ იესოს, გოლგოთაზე ჯვარი მიაქვსო".
* წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებს: "დიდი პარასკევი. მზის გაქრობამ (დაბნელებამ) ცაზე და გულისა და გონებისა - დედამიწაზე, ეს დღე ყველაზე შავ და საშინელ ღამედ აქცია დროის დინების მთელ პროცესში".
* ნეტავი იმ ერს, რომელსაც მორწმუნე ხელისუფალი ჰყავს.
1800 წლის აღდგომის ღამეა. თბილისის სიონის ტაძარში კათალიკოსი ანტონი სწირავს. თანამწირველად არსენი თბილელი და მიხეილ ნინოწმინდელი ჰყავს. მობრძანდა მეფე გიორგი ცისკრის ლოცვის წინ. ჩვეულებისამებრ თვითონ აღანთო "სანთელი კელაპტარი ყვითლისა სანთლისა" სიონის ღვთისმშობლის ხატის წინაშე და უეცრად, ყველასთვის მოულოდნელად, ხმამაღლა შესძახა: "ღვთისმშობელო, ქრისტე აღსდგა" - "ესრეთი აქვნდა ტრფიალება ქრისტეს სიყვარულისა" მორწმუნე მეფეს. მისმა ხმამ თითქოს "ზეგარდმო მოღებულმან შეარყივნა გონება და სხეული იქვე მყოფთ. ეგონათ, თითქოს ღმერთის ხმა მოესმათო. "შეძრწუნებული ვითარცა საყვირის ხმითა, დღესაც ვძრწი და ვლმობიერობ დღესასწაულისათვის ქრისტეს ეკლესიისა, ესრეთ ბრწყინვალედ თვით მეფისაგან გარდახდილთა", - ბრძანებს გენერალ-მაიორი ზაქარია იოსელიანი, ბიძა პლატონ იოსელიანისა.
* მამა ვიტალი (სიდორენკო) დიდ პარასკევს საერთოდ არ საუბრობდა. ასე მიაგებდა პატივს უფლის ვნების დღეს. სულიერ შვილებს ასწავლიდა, რომ მთელი ვნების შვიდეული ტაძარში ეარათ, ამაოებისთვის არ ეზრუნათ, მხოლოდ სადილის მომზადების ნებას რთავდა. ამბობდა, ვნების შვიდეულის დღეებით იკურთხება მთელი წლის დღეებიო. დიდი ორშაბათით იკურთხება მთელი წლის ორშაბათი დღეები, დიდ სამშაბათით - სამშაბათები და ასე შემდეგო.
* სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო) კი ღირსსახსოვარ დღეებში და განსაკუთრებით უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღეს ისწრაფვოდა თავისი მოძღვრის საფლავთან, რათა პანაშვიდი გადაეხადა მისთვის და მასთან ერთად გაეზიარებინა აღდგომის დღესასწაულის სიხარული.
* მამა იოანეს (კრესტიანკინი) ცხოვრებიდან ყვებიან: "დასამახსოვრებელი იყო მამა იოანესთვის 1949 წლის აღდგომა. დღესასწაულის მოლოდინში ფიქრობდა, ამ დიდებული ღამის სიხარული თუ როგორ მოეტანა თითოეული ადამიანისთვის, როგორ შეეძრა მათი გულები, რომლებიც ჯერ კიდევ შორს იყვნენ ეკლესიიდგან. იდეა მომწიფდა: მან გადაწყვიტა სააღდგომო ლიტანიობა ილუმინაციით გაენათებინა. იმ ომისშემდგომ წლებში, გამოჩნდნენ მისი სულის მონათესავე ადამიანები, რომელთაც ომის გზები გამოიარეს. ეკლესიის გარშემო დატრიალდნენ ჯარისკაცები - პიროტექნიკოსები, რომლებიც კასრებს დგამდნენ, მავთულებს ჭიმავდნენ. მათმა სიყვარულმა და მონდომებამ ხორცი შეასხა ახალგაზრდა მღვდლის ჩანაფიქრს.
დაიწყო სააღდგომო ლიტურგია: "აღდგმასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა"... ეკლესიის კარებთან ბაირაღები აფრიალდა. ამ დროს ცაზე მაცხოვრის უწმინდესი გამოსახულება გამოჩნდა. ცა განათდა მრავალფერი ცეცხლით, ქრისტეს ხატება მოლიტანიე ხალხის თავს ზემოთ აღმაღლებული, აუწყებდა მის მკვდრეთით აღდგომას. ეს იმ დროში გამოწვევა იყო. ასეთ "კადნიერებას" არავის აპატიებდნენ, მამა იოანე თვითონაც არ ელოდა ასეთ ეფექტს. სხვათა სიხარულის გამოც უხაროდა! და ამ დროს მიხვდა, რომ მისი ბედი უკვე "გადაწყვეტილი" იყო. რამდენიმე თვის შემდეგ დაიჭირეს და ისიც, ისევე როგორც იმ დროის მღვდლების უმეტესობა, გოლგოთის გზას გაუყენეს.
ზოგიერთებს ჩვევად აქვთ, აღდგომა დღესაც კი საფლავებზე თავიანთ მიცვალებულებს დასტირიან. წმინდა კოზმა აითოლელი გვასწავლის, რომ არ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევიან "უწმინდურები და უღმერთოები, რომელთაც არა სწამთ აღდგომისა". "ზოგიერთი, ეშმაკის შთაგონებით, ამბობს, არავითარი აღდგომა არ არსებობს და არც არავის უნახავს მკვდრეთით აღმდგარნი (მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომისას რომ გაცოცხლდნენ, - კ.კ.). განა ყველა აქ მყოფი დაბადებამდე დედის მუცელში არ ვიყავით? ღმერთმა ისე, როგორც შესძლო და დედის მუცლიდან გამოგვიყვანა, ასევე აღგვადგენს (გამოგვიყვანს) დედამიწის მუცლიდან. როცა გვძინავს, განა მიცვალებულებს არ მივემსგავსებით? რა არის ძილი? პატარა სიკვდილია. სიკვდილი რაღაა? დიდი ჩაძინებაა. როგორც მიწაში ჩავარდნილი თესლი გაიხრწნება (დაიშლება) მაგრამ იქიდან წამოიზრდება ბალახი, ასევე ჩვენც, ხორცით მიწაში ჩაწოლისას განვიხრწნებით, მაგრამ აღვდგებით უფლის მეორედ მოსვლისას? ქრისტე რომ ჯერ კუბოში არ ჩასულიყო, ვერ გვიბოძებდა საუკუნო სიცოცხლესა და აღდგომას? გონება არ გვყოფნის, მივწვდეთ ყველაფერ ამას. ჩვენ ყველაფერი ღმერთმა მოგვცა.
* მამა პორფირე (ათონელი) ბრძანებს: "მილურსმნა, ჯვარზე ასვლა, უფალთან ერთად ჯვარცმა, ამაშია ყველაფერი... იდუმალია აღდგომა! საიდუმლოს ვდღესასწაულობთ... ნუ იფიქრებ, როცა იმ ქვეყანაზე წავალთ, გავიხარებთ, ღვთის ნეტარებას შევიგრძნობთ. ის აქვე უნდა შევიგრძნოთ. თუ ასე არ მოხდა, ქრისტესთან ერთად ჯვარს არ ვეცმევით, მასთან ერთად არ ვიქნებით სამოთხეში. სამოთხე არც მშვენიერი ხეებია და ლამაზი ყვავილები. იგი იდუმალი ნეტარებაა, რომელსაც შეიგრძნობენ ღმერთშემოსილი სულები".
* მღვდელმონაზონი ქრიზანტემოსი (ათონელი, +1981) მოგონებათა წიგნში, "შვილნი ნათლისანი", ყრმობასაც იხსენებს. "როცა მოახლოვდებოდა წმინდა დიდმარხვა, ჩვენ ყველიერის კვირიდანვე შეგვამზადებდნენ.
- ბავშვებო, ჩვენს წინ შვიდი მონაზონი - კვირა (შვიდეული) მოკვდება. ჩვენც მათ უნდა მივბაძოთ. ვიმარხულოთ და მხოლოდ შაბათ-კვირას შევჭამოთ ზეთიანი.
ბავშვური უბრალოებით ვეკითხებოდით: - დედიკო, ეს მონაზვნები ჯერ არ მომკვდარანო?
პირველი შვიდეულის პარასკევს თვითონვე გვეტყოდა: - დღეს პირველი მონაზონი მოკვდა, რომელიც მთელი სიცოცხლე მარხულობდა. ვიმარხულოთ ჩვენც, რომ მეუფე ქრისტესთან მივიდეთ. ის თავის წიაღში მიგვიღებს და სამოთხეში შეგვიყვანს, ისე როგორც აკურთხა და თან გაიყოლა ყრმები, როცა იერუსალიმში შედიოდა.
გვესმოდა ზარების რეკვა. ვხედავდით, რომ ამ დროს მღვდლებს თვალთაგან ცრემლი სდიოდათ, და ვკითხულობდით, - მღვდლები რატომ ტირიან, ან თქვენ რატომ სტირითო. გვპასუხობდნენ, - ბავშვებო, ახლა დიდი მარხვაა, როცა სიკვდილი მოუწევთ ექვს პატარა და ერთ დიდ მონაზონს. ეს უკანასკნელი დიდი შვიდეულის ბოლოს მოკვდება, და ღირს-გვყოფს, ვიხილოთ ჯვარზე ასული ჩვენი უფალი. ბრწყინვალე აღდგომის დღეს კი სუფთა სამოსს ჩავიცვამთ და ეკლესიაში წავალთ. შუაღამისას მღვდლები ხმამაღლა წარმოთქვამენ: "ქრისტე აღსდგა!" დარეკენ ზარებს და ტაძარი ელვასავით გაბრწყინდება უამრავი სანთლით. ბოლოს კი ყველა ვეზიარებით, დიდები და პატარები, ღვთისმსახურების მერე კი მღვდელი წითელ კვერცხს გვიბოძებს - ჯერ პატარებს, მერე კი უფრო და უფრო დიდებს.
- ჯერ პატარებს რატომ მოგვცემს კვერცხს?
- იმიტომ, რომ პატარებმა უნდა ისწავლონ ქრისტეს სიყვარული. ქრისტეს სიყვარულს კი მღვდლები გვასწავლიან. სადაც უნდა ვიყოთ, ფეხზე ვდგებით, როცა მღვდელი გვერდით ჩაგვივლის და თაყვანს ვცემთ. ის კი გვპასუხობს: "ქრისტესა ღმერთსა თაყვანის ვცემთ".
ასე ვსწავლობდით ქრისტეს სიყვარულს. ბევრი ბავშვი დადიოდა ტაძარში, ლოცულობდა და სწავლობდა სიწმინდის გზაზე შედგომას".
* დიდი სიფრთხილე მართებს ქრისტიანს, თვით ისეთ დიდ თანამედროვე მამას, როგორიც გახლდათ მამა იაკობ ევბეელი (ცელიკასი +1991). მას აღდგომის დღესაც არ ანებებდა თავს ეშმაკი. აღდგომის ღამეა, მოძღვარს არითმია და გულის ტკივილი აწუხებს, ფერმკრთალი სახე ოფლით დასცვარვია. ეყოფა ძალა ლიტურგიის აღსასრულებლად? ხელები უკანკალებს, ფეხზე ძლივს დგას, მტკიცედ ცდილობს, თავის ბუნებას სძლიოს. ღვთისმსახურება დასასრულს უახლოვდება. მამა იაკობი გამოვიდა საზიარებლად - "შიშითა ღვთისა და სარწმუნოებით მოვედით". ხელები აღარ ემორჩილება. მიასწრო მამა კირილემ და ბარძიმი გამოართვა. მოძღვარი საკურთხეველში შევიდა, სკამზე დაენარცხა. ცოტა ხნის შემდეგ ძალა მოიკრიბა, წამოდგა და წირვა ჩაამთავრა. წაიკითხა წმინდა იაონე ოქროპირის ცნობილი სიტყვაც: "ვინც ღვთისმოშიშია.." მისი საზეიმო, მხიარული ხმით, შედიოდა მლოცველთა გულებში მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე. ღვთისმსახურების მერე ერთმა ბატონმა ყურში წასჩურჩულა მამა იაკობს: - მამაო, რა კარგად წაიკითხეთ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვაო. რაზეც მამა იაკობმა ჩურჩულითვე უპასუხა:
- ვიცი, სატანა მაცდუნებდა, მაგრამ ვუთხარი: "თუ მართლაც კარგად წავიკითხე, მხოლოდ ჩემი უფლის გულისთვის".
* მამა პაისი ათონელსაც მოვუსმინოთ: "ამა სოფლის ხალხი ცდილობს ქრისტეშობის აზრს შემწვარი ღორის ხორცის დახმარებით ჩაწვდნენ, აღდგომისას გამომცხვარი კრავის (პასქის) დახმარებით, ყველიერის აზრს კი კანფეტის დახმარებით იგებენ. მაგრამ ჭეშმარიტი მონაზონი ყოველდღიურად განიცდის ღვთაებრივ მოვლენებს და მარადის უხარია. ყოველ კვირას ისე ცხოვრობს, როგორც ვნების შვიდეულში. ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს - ის განიცდის დიდ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, ანუ ქრისტეს ვნებებს. ყოველ კვირა დღეს კი პასექის სიხარულს განიცდიან, ანუ ქრისტეს აღდგომას. აუცილებელია, ვნების შვიდეულის მოსვლას დავუცადოთ, რომ ქრისტეს ვნებები გავიხსენოთ? ანდა ერისკაცების მსგავსად, ველოდოთ პასექის მოსვლას, გამომცხვარი კრავით (პასქით), რომ გავიგოთ, რას ნიშნავს "ქრისტე აღსდგა"? რა თქვა ქრისტემ? "იყვენით განმზადებულ"... მას შემდეგ, რაც უფალმა ეს სიტყვები წარმოთქვა, ყოველი კაცი და განსაკუთრებით მონაზონი მუდმივად გამზადებული უნდა იყოს. ის მუდმივად უნდა გამოიკვლევდეს და განიცდიდეს საღმრთო მოვლენებს...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი