წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი XVI. ზოგჯერ როგორ წინასწარმეტყველებენ მომაკვდავები? ამბავი მონაზვნებისა გერონტისა და მელიტისა და ყრმა არმენტარისა
გრიგოლი: - ზოგჯერ სულები თავიანთი სიფაქიზით რაიმეს განჭვრეტენ, ზოგჯერ სხეულიდან გამოსულნი მომავალს გამოცხადებით შეიტყობენ, ან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, საღმრთო აღფრთოვანებით, გონების უსხეულო თვალებით, ზეციურ საიდუმლოებებს ჭვრეტენ.
ის, რომ სული თავისი სიფაქიზით ზოგჯერ მომავალსაც შეიტყობს ხოლმე, ჩანს შემდეგი მოვლენიდან. ერთმა ადვოკატმა, რომელიც ორი წლის წინ ფერდის ავადმყოფობით გარდაიცვალა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თავის მონას უბრძანა, გამოსასვლელი ტანსაცმელი მომიმზადეო. ყრმამ იფიქრა, ბოდავსო და ბრძანება არ შეასრულა. მაშინ ავადმყოფი წამოდგა, ტანსაცმელი ჩაიცვა და თქვა: - აპიევის გზით ნეტარი ქრისტეს ეკლესიაში მივდივარო. მალე ავადმყოფობა გაუძლიერდა და გარდაიცვალა. გადაწყვიტეს, პრენესტინის გზით წაესვენებინათ და ნეტარი მოწამე იანუარიუსის ეკლესიის ახლოს დაეკრძალათ. მაგრამ მესაფლავეებს ეს გზა გრძლად მოეჩვენათ და უეცრად გადაწყვიტეს, აპიევის გზით წასულიყვნენ - არც იცოდნენ, რა თქვა განსვენებულმა სიკვდილის წინ, დაკრძალეს სწორედ იმ ეკლესიაში, რომელიც მან იწინასწარმეტყველა.
ვიცით, რომ ეს ერისკაცული საზრუნავით მოცული კაცი მიწიერი ანგარებითაც იყო შეპყრობილი, მაშ, რა ძალით შეძლო წინასწარმეტყველება? შესაძლოა სულმა თავისი სინატიფით განჭვრიტა ის, რაც მის სხეულს დაემართებოდა. თუ გარდაცვლილი გამოცხადებით როგორ შეიტყობს მომავალს, შეგვიძლია დავასკვნათ იმით, რაც ჩვენთან მონასტერში მოხდა.
ჩემს მონასტერში ათი წლის წინ ცხოვრობდა ერთი ძმა, სახელად გერონტი. ერთხელ, მძიმე სნეულმა, ღამის ხილვაში სპეტაკსახიანი ნათლის სამოსლით მოსილი კაცნი შენიშნა, რომლებიც ამავე მონასტერში ზეციდან ეშვებოდნენ. წარდგნენ ავადმყოფის საწოლთან და ერთმა მათგანმა თქვა: - ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ გრიგოლის მონასტრის ძმათაგან ბევრნი სამსახურში ავიყვანოთო, - მერე მეორეს მიუბრუნდა: - ჩაიწერე: მარკელი, ვალენტინიანე, აგნელა... სხვებიც ჩამოთვალა და დასძინა, - ესეც ჩაწერე, ჩვენ რომ გვიცქერსო. ამ ხილვით დარწმუნებულმა გერონტიმ დილით შეატყობინა ძმებს, ვინ უნდა მომკვდარიყო უახლოეს მომავალში. მეორე დღიდან ზემოხსენებული ძმები რიგრიგობით გარდაიცვალნენ. ბოლოს გერონტიც მოკვდა.
590 წელს, იმ სიკვდილიანობის ჟამს, რომელმაც ძლიერ დააცარიელა რომი, ქალაქ პორტის მონასტერში ცხოვრობდა ბერი მელიტი, რომელიც ჯერ კიდევ სიყმაწვილეში აღკვეცილიყო ბერად, მაგრამ საკვირველ უბრალოებას და თავმდაბლობას ფლობდა. თავისი ანგელოზის დღის მოახლოებისას იგივე სნეულება შეეყარა (რაც სხვა ამავე ქალაქელებს) და სიკვდილის პირას მივიდა. ამ ქალაქის ფრიად პატიოსანი ეპისკოპოსი ფელიქსი მივიდა ავადმყოფთან და სცადა მისი ნუგეში, მაგრამ მომაკვდავმა უპასუხა, რომ მისი ცხოვრების დინება უკვე შეჩერდა. მოუყვა, თუ როგორ გამოეცხადა მას ჭაბუკი ვინმე, წერილი მიუტანა და უთხრა: "გახსენი და წაიკითხე". ავადმყოფმა მასში ნახა საკუთარი და სხვების სახელები, რომლებიც იმ დროს აღდგომას მონათლა ზემოხსენებულმა ეპისკოპოსმა, ჩაწერილი იყო ოქროს ასოებით. ამ წერილმა მელიტი დაარწმუნა, რომ ისინი მალე გავიდოდნენ ამ ცხოვრებიდან. ასეც მოხდა. იგი იმავე დღეს გარდაიცვალა, მას მიჰყვნენ სხვებიც... აქედან აშკარაა, რომ ეს ღვთის მონა იმიტომ ხედავდა ოქროს ასოებით დაწერილ მათ სახელებს, რომ ისინი განათებულნი იყვნენ საუკუნო ბრწყინვალებით.
როგორც ამათ შეძლეს გამოცხადების მიერ მომავლის შეტყობა, ამგვარად, ზოგიერთ სხეულიდან განმავალ სულს შეუძლია ზეციური საიდუმლოებები შეიტყოს არა მარტო სიზმარში, არამედ ცხადშიც კი. ჩემი მონასტრის ბერს, ამონს, ერისკაცობაში ცოლად ჰყავდა ჩვენი ქალაქის ადვოკატის ვალერიანეს ღვიძლი და. მან ყველაფერი იცოდა, რაც ვალერიანეს სახლში ხდებოდა. მონასტერში ცხოვრებისას მიყვებოდა, რომ სიკვდილიანობისას, რომელმაც ძალზე დააცარიელა რომი, ვალერიანეს სახლში ცხოვრობდა ყრმა არმენტარი, უჩვეულო სიმდაბლითა და უბრალოებით მოსილი. როცა ადვოკატის სახლსაც გადაედო ჭირი, დასნეულდა ეს ყრმაც და სიკვდილის პირას მივიდა. ის უეცრად აღტაცებულ იქნა იქ მყოფთაგან და მერე დაუბრუნდა საკუთარ თავს, მოიხმო თავისი ბატონი და მოუყვა: "მე ვიყავი ზეცაში და იქ შევიტყვე, რომ შენი სახლიდან ესა და ეს მოკვდება, შენ კი ნუ გეშინია, ახლა არ მოკვდები. მართალს რომ ვამბობ, ამაში იმით დარწმუნდები, რომ მე მივიღე ნიჭი ყველა ენაზე საუბრისა. ხომ ცნობილია, რომ მე ბერძნული ენა არ ვიცი. ახლა კი ბერძნულად გაგესაუბრები". მაშინ ბატონმა დაუწყო მას ბერძნულად საუბარი და ისიც, იქ მყოფთა გასაკვირად, იმავე ენაზე პასუხობდა.
სახლში ცხოვრობდა ბულგარელი აფთიაქარი. ის მაშინვე მოიყვანეს ავადმყოფთან და მან ბულგარულად დაუწყო საუბარი. იტალიაში დაბადებული და გაზრდილი ყრმა ისე პასუხობდა ამ ენაზე, თითქოს წარმოშობით ბულგარელი ყოფილიყო. გაოცდნენ მსმენელნი, დარწმუნდნენ, რომ მას სხვა ენებზეც შეეძლო საუბარი. ორი დღის შემდეგ ყრმას სიკვდილის ნიშნები გამოაჩნდა. მესამე დღეს კი ღვთის უცნობი მსჯავრით საკუთარი ხელებისა და მხრების კბილებით გლეჯა დაიწყო და სული განუტევა. მისი სიკვდილის მერე ამ სოფლიდან გაყვანილ იქნა ყველა, ვიზეც იწინასწარმეტყველა.
პეტრე: - საშინელებაა, როცა ასეთი ნიჭის მიღების შემდეგ ამგვარი სასჯელით დაისჯები.
გრიგოლი: - ვინ შეიტყობს ღვთის დაფარულ განგებულებას? ღვთის განგებულებაში რისი გაგებაც არ შეგვიძლია, ვიდრე მათ გამოვიკვლევდეთ, უფრო მეტად უნდა გვაშინებდეს.
თავი XVII. ამბავი თეოფანე მმართველის სიკვდილისა
მინდა გიამბო ქალაქ ცენტუმცელის მმართველის, თეოფანეს ამბავი. იგი იყო კაცი მოწყალე, მოშურნე, კეთილი, სტუმართმოყვარე. ქვეყნის მართვისას მიწიერ და დროებით საქმეებს აღასრულებდა, მაგრამ როგორც მისი სიკვდილის მერე განცხადდა, ამ ღვაწლს უფრო მოვალეობის გამო ასრულებდა, ვიდრე ანგარიშსწორებით. მისი აღსასრულის მოახლოებისას ამინდი შეიცვალა და გაავდრდა - შეუძლებელი იყო კაცის დაკრძლავა. თეოფანეს ცოლი მწარედ ტიროდა და ჩიოდა: "რა უნდა ვქნა, როგორ დავკრძალავ, როცა ასეთი ავდრის გამო შინიდან გამოსვლა შეუძლებელია?" ავადმყოფმა უპასუხა: "ნუ ტირი, ცოლო, როგორც კი მოვკვდები, ნათელი დღე გამოვაო". ეს თქვა და განისვენა. სიკვდილს კი ამინდის გამოკეთება მოჰყვა. ამ სასწაულს თან სხვა სასწაულიც სდევდა. ნიკრისის ქარით დასიებული ხელ-ფეხი დაფარული ჰქონდა წყლულებით, რომელიც ყარდა იქიდან მომდინარე ჩირქით. მაგრამ როცა მიცვალებულს განსაბანად ტანისამოსი გახადეს, ხელებიც და ფეხებიც საღი აღმოაჩნდა. წაასვენეს სასაფლაოზე და დაკრძალეს. მისმა ქვრივმა მეოთხე დღეს საფლავის ქვის შეცვლა მოისურვა. როცა სხეულს მარმარილოს ფილა ააცალეს, საფლავიდან კეთილსურნელება ამოვარდა. ზოგიერთი (რწმენაში) განუმტკიცებელი საუბრისას (56-ე საუბარი სახარებაზე) ჩემმა ნათქვამმა დააეჭვა, მაგრამ ერთხელ ცნობილ კაცთა კრებულში ვიჯექი. ამ დროს ჩემთან პირად საქმეზე სწორედ ის ოსტატები მოვიდნენ, რომელთაც საფლავის ქვა გამოცვალეს. მაშინ ეკლესიის მსახურთა, ცნობილ კაცთა და ხალხის წინაშე მე მათ ამ სასწაულის შესახებ ვკითხე. დამიმოწმეს, - საფლავი მართლაც აივსო კეთილსურნელებითო.პეტრე: - უკვე საკმარისია. ვგონებ, დავიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა. ესე იგი, წმინდანთა სულები ზეცაში ბინადრობენ, მაშინ უეჭველია, რომ უბედურთა სულები ჯოჯოხეთის გარდა სხვაგან არსად არიან...
თავი XVIII. უნდა გვწამდეს
გრიგოლი: - თუ ღვთისმოშიშმა საუბარმა სრულიად დაგარწმუნა, მაშინ აუცილებელია მტკიცედ გწამდეს, რომ წარწყმედილთა სულები ჯოჯოხეთში არიან. საუკუნო სიმართლის სამსჯავროთი მართლანი განდიდდებიან, ასევე ცოდვილნიც იტანჯებიან. როგორც ნეტარება ანუგეშებს რჩეულთ, ასევე უნდა გვწამდეს, რომ განგდებულნი სიკვდილის დღიდან ცეცხლში იწვებიან. პეტრე: - როგორ წარმოვიდგინოთ, რომ მატერიალურ ცეცხლში შეიძლება იმყოფებოდეს უსხეულო არსება?
თავი XXIX. როგორ წარმოვიდგინოთ
გრიგოლი: - თუ არამატერიალური სული ცოცხალი კაცისა სხეულში იმყოფება, მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ მისი სიკვდილის შემდეგ არამატერიალური სული მოიცვას მატერიალურმა ცეცხლმა?პეტრე: - ცოცხალ არსებაში არამატერიალური სული იმიტომ არის, რომ იგი აცხოველებს მას.
გრიგოლი: - პეტრე, თუ არამატერიალურ სულს შეუძლია ყოფნა მასში, ვისაც ის აცოცხლებს, მაშინ დასჯის გულისთვის რატომ არ შეიძლება იყოს იქ, სადაც სიკვდილი მეფობს? ჩვენ ვამტკიცებთ, სული იმიტომ იმყოფება ცეცხლში, რომ ხედავდეს და გრძნობდეს ცეცხლს და იტანჯებოდეს. იგი იტანჯება სწორედ იმისგან, რომ ხედავს ამ ცეცხლს, შეიწვება სწორედ იმით, რომ ხედავს საკუთარ თავს ცეცხლმოკიდებულს და ამგვარად წვავს ხორციელი საგანი უსხეულო არსებას, როცა ხილული ცეცხლიდან გამოიფრქვევა ტკივილის მომტანი უხილავი სიცხე, რათა მატერიალური ცეცხლის მიერ უსხეულო გონება იწვოდეს, არამატერიალური ალით (სიცხით). სახარების საკითხავების მიერ შეიძლება დავასკვნათ, რომ სხეული არა მარტო ხედავს და დაითმენს ცეცხლს, არამედ გრძნობს კიდეც. როგორც ბრძანა თვით ჭეშმარიტებამ (იესომ), გარდაცვლილი მდიდარი ჩაგდებულ იქნა ჯოჯოხეთში. მდიდრის სული რომ ჯოჯოხეთში იყო, ამას გვიჩვენებს მისივე ნათქვამი, რომლითაც ის აბრაამს ევედრებოდა: "მოავლინე ლაზარე, რაითა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაი წყალსა და განმიგრილოს ენაი ჩემი, რამეთუ ვიტანჯები ალითა მით ცეცხლისათა" (ლუკა 16,24). ამგვარად, თუ თვით ჭეშმარიტება ამტკიცებს, ცოდვილ მდიდარს მიესაჯა ცეცხლში ტანჯვაო, მაშინ რომელი გონიერი დაიწყებს უარყოფას, ცოდვილთა სულნი ცეცხლში იმყოფებიანო?
პეტრე: - მართალია, გონებითა და ჭეშმარიტების მოწმობით, სული რწმენისკენ აღიძვრება, მაგრამ როგორც ჩაფიქრდება, კვლავ აგვიანებს მის დაჯერებას. მაშ, უსხეულო არსება როგორ შეიძლება მოიცვას და ტანჯოს მატერიალურმა ძალამ?
გრიგოლი: - სხეულშემოსილად თვლი თუ უსხეულოდ (ღვთისგან) განვარდნილ სულებს, რომლებიც ზეციურ დიდებას მოაკლდნენ?
პეტრე: - რომელი კეთილგონიერი კაცი უწოდებს სულებს მატერიალურს?
გრიგოლი: - გეენიის ცეცხლს შენ მატერიალურად მიიჩნევ თუ არამატერიალურად?
პეტრე: - არ მეეჭვება, რომ გეენის ცეცხლი მატერიალურია და მასში აუცილებლად დაიტანჯება სხეული.
გრიგოლი: - ჭეშმარიტად ბოლოს თვითონ ჭეშმარიტება ეტყვის განგდებულებს: "წარვედით... ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის" (მათე 25,41). ამგვარად, თუ უსხეულო ეშმაკსა და მის ანგელოზებს მატერიალურ ცეცხლში ტანჯვა მიესაჯათ, რატომ უნდა გვიკვირდეს, თუ სულებსაც, ჯერ კიდევ ადრე სხეულს შეერთებულთ, შეუძლიათ იგრძნონ მატერიალური ტანჯვა?
პეტრე: - ეს რომ ჭეშმარიტებაა, აშკარაა და გონებაც არ უნდა შეეჭვდეს ამ საგანზე.
გაგრძელება იქნება