სულმა კაცისამ შეიმეცნა ღმერთი
სიყრმიდანვე უყვარდა ჩემს სულს იმაზე ფიქრი, თუ როგორ ამაღლდა უფალი ზეცად, ღრუბლებში და როგორ უცქერდნენ ამ ამაღლებას ღვთისმშობელი და წმინდა მოციქულნი.
მაგრამ როცა დავკარგე მადლი ღვთისა (სიყმაწვილის წლებში), სული ჩემი გაველურდა, დაატყვევა ცოდვებმა და უკვე იშვიათად ვიგონებდი უფლის ამაღლებას. მერეღა შეიცნო სულმა ჩემმა თვისი ცოდვები, დავღონდი ძლიერ, რომ უფალი შეურაცხვყავი და დავკარგე კადნიერება ღვთისა და ღვთისმშობლისადმი. მომძაგდა ცოდვა და გადავწყვიტე მონასტერში წავსულიყავი და ღვთისთვის გული მომელბო, რათა შეენდო ცოდვები. სამხედრო სამსახურის დასრულების მერე მონასტერში წავედი. მალევე გულისთქმებმა კვლავ სოფლისკენ, ქორწინებისკენ მიბიძგეს. მაგრამ მტკიცედ ვთქვი გულში: "მოვკვდები აქ ჩემი ცოდვებისთვის" და ვიწყე ძლიერი ლოცვა, რათა უფალს ეპატიებინა ეს ურიცხვი ცოდვები.
ერთხანს თავს სასოწარკვეთის სული დამესხა: მეჩვენებოდა, რომ ღმერთმა უარმყო და აღარ უნდა მქონოდა ცხონების იმედი, სულში აშკარად ვხედავდი საუკუნო წარწყმედას, ვგრძნობდი, რომ ღმერთი უმოწყალოა, შეუბრალებელი. ერთ საათს თუ მეტხანს გაგრძელდა ეს. ისეთი გამტანჯველი და მძიმეა ეს სული სასოწარკვეთისა, საშინელებაა მისი გახსენებაც კი. სულს არ ძალუძს მისი დიდხანს დათმენა. ამ წუთებში შეიძლება ყველაფერი საუკუნოდ დაიღუპოს. მოწყალე უფალმა დაუშვა, რომ ბოროტების სულს ამგვარი ბრძოლა გაემართა ჩემს სულთან.
გავიდა მცირე ხანი. წავედი ეკლესიაში მწუხრის ლოცვაზე, შევხედე მაცხოვრის ხატს და ვთქვი: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი".
ამ სიტყვების თქმა იყო და ხატის ადგილას ცოცხალი უფალი დავინახე და სულიწმინდის მადლმა ამივსო სული და სხეული. აი ასე, სულიწმინდით შევიცანი, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი და უკვე მეტკბილებოდა და მსურდა მისთვის ტანჯვა.
* მას შემდეგ, რაც უფალი შევიცანი, სული ჩემი მისკენ ისწრაფვის და მასზე მეტად არაფერი მახარებს ამქვეყნად. ღმერთია ჩემი სიხარული, ძალი ჩემი, სიბრძნე ჩემი, სიდიდრე ჩემი.
* ღმერთო, განგვანათლე სულითა შენითა წმინდითა, რათა ყველა მივხვდეთ შენს სიყვარულს. უფალმა ავაზაკისა და უძღები შვილის მაგალითით გვაჩვენა, თუ როგორი სიყვარულით მიდის მონანული ცოდვილის შესახვედრად. ნათქვამია, უძღები შვილი, "ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა მისსა და ამბორს უყოფდა მას". კი არ გაკიცხა, არამედ ზვარაკი ჭამებული დაუკლა და სიხარული და განცხრომა ბრძანა. ამგვარია სიყვარული და მოწყალება ღვთისა. მაგრამ ცოდვილს იგი უმოწყალო ჰგონია, რადგან ამ კაცის სულში მადლი არ არის.
* ჩვენთან, ათონზე, წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში, ერთი მორჩილი ღვთისადმი განუწყვეტელ ლოცვას მიეჩვია, რათა უფალს ეპატიებინა მისთვის ცოდვები. დაიწყო განსჯა ღვთის სასუფეველზე და ფიქრობდა: "ვცხონდები, თუ გულმოდგინედ შევთხოვ ღმერთს ცოდვების პატიებას, მაგრამ სამოთხეში თუ ვერ ვიხილავ ჩემს მშობლებს, ვიწუხებ. რაღა იქნება ჩემთვის სამოთხე, თუ იქ ვიდარდებ ახლობლებზე, რომლებიც შესაძლოა ჯოჯოხეთში იყვნენ?"
ეს ცოდვილი მორჩილი ზეციურ სასუფეველზე ფიქრობდა: "როგორც დედამიწაზე ვერ გაგამხიარულებს დღესასწაული, თუ შენს გვერდით არ არიან მშობლები ან ახლობლები, ასე იქნება სამოთხეშიც".
ასე ფიქრობდა ნახევარი წელიწადი. ერთ დღეს, მწუხარებისას, მორჩილმა თვალი ჰკიდა მაცხოვრის ხატს და მცირედი ამოთქვა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი" და უცებ ხატი ცოცხალ მაცხოვრად გადაიქცა. მორჩილს სხეული და სული გამოუთქმელი სიტკბოებით აევსო და მისმა სულმა სულიწმინდით შეიცნო უფალი ჩვენი, მშვენიერება და სიმდაბლე გამოუთქმელი და მიხვდა, რომ ღვთის სიყვარულისგან კაცს არ შეუძლია ახსოვდეს ვინმე. მას შემდეგ სული მისი იწვის უფლის სიყვარულით.
* დიდება, უფალო, შენს გულმოწყალებას! შენ შეაცნობინებ სულს, თუ როგორ გიყვარს ქმნილება შენი, და სულიც შეიცნობს თავის მეუფესა და შემოქმედს.
უფალმა ადამიანის სულს საკმარისი შემეცნება მისცა ღვთისა, სულმა შეიყვარა შემოქმედი თავისი და გაიხარა. "მოწყალეა ჩვენი უფალი" და ამ საზღვართან ჩერდება ფიქრი.
სული კმაყოფილია მეუფით. ის აძლევს სიმშვიდეს და მიწასაც კი ღვთისგან რული მორევია (ანუ იმყოფება ღმერთში). მხოლოდ ერთი, უფალი უყვარს სულს და შემოქმედის გარდა სხვა ვერავისში პოვებს შვებას. მაგრამ ხანდახან დაიღვრება ცრემლად - ასეთი მოწყალე უფალი რატომ შეურაცხვყავიო.
* ცოდვილ სულს უფალმა სინანულად მოუწოდა, ისიც მოიქცა უფლისკენ. მან მოწყალედ მიიღო იგი და თავი გამოუცხადა.
და სულმა კაცისამ შეიმეცნა ღმერთი, ღმერთი მოწყალე და უხვი და უტკბესი, და შეიყვარა იგი, და სიყვარულის მხურვალებისგან ხარბად, გულმოდგინედ ისწრაფვის და შეუძლია დაივიწყოს იგი, რამეთუ ეს სიმხურვალე ღვთისადმი სიყვარულისა არ აძლევს სულს ღვთის დავიწყების ნებას, არც ღამით, არც დღისით, არც ერთი წამით.
და თუ შემცირდება სულში მადლი, მაშინ არ ვიცი, რას მიემსგავსება მწუხარება სულისა: ჰოი, როგორ სთხოვს იგი ღმერთს კვლავ იმავე მადლს, რომელიც იგემა.
* მიკვირს, რომ უფალმა არ დამივიწყა მე, დაცემული ქმნილება. ზოგიერთს სასო წარუკვეთია და ფიქრობს, უფალი ცოდვებს არ მაპატიებსო. მტრისგანაა ასეთი ფიქრი. უფალი იმდენად მოწყალეა, რომ ჩვენ მისი მიწვდომა არ შეგვიძლია. ვისი სულიც ღვთისა და სულიწმინდის სიყვარულით აივსო, იცის, როგორ უყვარს უფალს ადამიანი. და როცა სული დაკარგავს ამ სიყვარულს, მაშინ წუხს და მოწყენილია, გონებას არ შეუძლია რაიმეზე შეჩერდეს - მხოლოდ ღმერთს ეძებს.
* ერთმა დიაკონმა მიამბო: "გამომეცხადა სატანა და მითხრა: "მე მიყვარს ამაყები, ისინი მე მეკუთვნიან. შენ ამაყი ხარ და წაგიყვანო". მაგრამ მე სატანას ვუპასუხე: - მე ყველაზე ცუდი ვარ-მეთქი და სატანა უხილავი შეიქმნა.
მეც გამოვცადე ამგვარი რამ, როცა ეშმაკები გამომეცხადნენ. ცოტათი შემეშინდა, მაგრამ ვთქვი: "უფალო, ხედავ, რომ ეშმაკები ლოცვის საშუალებას არ მაძლევენ. ჩამაგონე, რა გავაკეთო, რომ ეშმაკები გამშორდნენ".
და უფალმა მითხრა სულსა შინა ჩემსა: "ამაყი სულები ყოველთვის იტანჯებიან ეშმაკისგან". ვუთხარი: "უფალო, ჩამაგონე, როგორ უნდა ვიფიქრო, რომ სული ჩემი დამდაბლდეს". სულში პასუხი მომესმა: "შენი გონება მუდამ ჯოჯოხეთში გყავდეს და სასო არ წარიკვეთო".
მას შემდეგ ასე ვიქცეოდი, სულმა ჩემმა უფალში სიმშვიდე პოვა.
* სული ჩემი ღვთისგან სწავლობს სიმდაბლეს, მიუწვდომლად გონებისთვის. იგი გამომეცხადა და სული ჩემი სიყვარულით დაატკბო, მერე მიეფარა ჩემგან. მას შემდეგ მისკენ დღედაღამ მივისწრაფვი. მან, მოწყალემ და მწყემსმა კეთილმა, მომიძია ცხოვარი თვისი, უკვე მგელთაგან დაფლეთილი, და განაძევა ისინი.
იცის სულმა ჩემმა, როგორია წყალობა უფლისა ცოდვილისადმი და ჭეშმარიტებას ვწერ ღვთის პირის წინაშე, რომ ჩვენ, ცოდვილნი, ვცხონდებით, არც ერთი სული არ დაიღუპება, თუ შევინანებთ.
მიმართე სულით უფალს და უთხარი: "უფალო, შემინდე" და ნუ იფიქრებ, რომ უფალი არ გაპატიებს: მის მოწყალებას არ შეუძლია არ გაპატიოს. იგი მაშინვე შეუნდობს და განწმენდს. სულიწმინდა ამგვარად ასწავლის ეკლესიაში.
ღმერთი სიყვარულია. "განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი", - ამბობს წმინდა წერილი (ფს. 33). სულმა ჩემმა იგემა უფლის ეს სახიერება და სული ჩემი დაუცხრომლად მიისწრაფვის ღვთისკენ, დღე და ღამე დავიწყებ წერას ღვთის სიყვარულზე, ვერ ვძღები, რამეთუ დაატყვევა სული ჩემი ყოვლისმპყრობელ ღმერთზე მოგონებებმა.
* სულიწმინდიდან მოედინება სიყვარული, და ამ სიყვარულის გარეშე არავის ძალუძს სათანადოდ გულისხმაყოს ღმერთი. სულიწმინდით შეიცნობა ღვთის ჩვენდამი სიყვარული, რომელსაც უფალი თავის მონებზე გადმოღვრის, რათა მათ ხალხისთვის ილოცონ. მე ეს არ მეცოდინებოდა, მადლს რომ არ ესწავლებინა. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ დიდად მადლმოსილი ვარ ანდა ხიბლში ვიმყოფები. არა. მე მხოლოდ მადლი შევიცანი სრულყოფილებით, ცხოვრებით კი ყველაზე უკანასკნელ, უბირ კაცზე უარესად ვცხოვრობ.
მე - სქემმონაზონი ვარ, მაგრამ უღირსი ამ წოდებისა. მხოლოდ ცხონების სურვილი მაქვს, მოღვაწება კი არანაირი. მაგრამ უფალმა მახილვინა გემო მისი სულიწმინდის მადლისა, რომელიც კაცის სულს ასწავლის ღვთის გზათა შემეცნებას, რომელსაც ზეციურ სასუფეველში შეჰყავს იგი.
* ვწუხვარ, რომ უდებად ვცხოვრობ, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ვიცი, რომ ჭკუანაკლული, უვიცი და ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალს ასეთებიც უყვარს, ამიტომაც ვცდილობ, სული ჩემი ღმერთს ვამსახურო.
ჰოი, მოწყალება ღვთისა! ასეთი ამაზრზენი და ბილწი კაცი უფალს ასე ძლიერ ვუყვარვარ. მაგრამ ის თვითონ სიყვარულია, ყველა ასე უყვარს და მოწყალედ უხმობს თავისკენ: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ". ამ სულიწმინდისმიერ სიმშვიდეს თავმდაბალი სული სინანულის გამო მიიღებს.
ჩვენ ახლა ბოლო (ჟამის, - კ.კ.) მონაზვნები ვართ.
ახლაც არიან მოღვაწენი, რომლებიც უფალმა იმით დაიფარა, რომ ცხად სასწაულებს არ სჩადიან, მაგრამ მათ სულებში ყოველდღიურად აღესრულება საკვირველი სასწაულები. ოღონდ ადამიანებს არ შეუძლიათ მათი დანახვა. აი სასწაული: როცა სული სიამაყისკენ მიიდრიკება, ბნელი მოიცავს და სასოწარკვეთილებაში ჩავარდება. ხოლო როცა დამდაბლდება, მოვა სიხარული და გულშემუსვრილება და სინათლე.
ვინც არ მოსაგრეობს, ვინც არაწმინდად ინანიებს, მან ეს არ იცის, ის ვერ შეიგრძნობს მადლს. მაგრამ ღმერთმა მოწყალედ მისცა მათ სინანული და სინანულის მიერ უკლებლივ ყველა გადარჩება.
ათონის მთა. წმინდა პანტელეიმონის მონასტერი
* ვისაც მადლი აქვს, მტერს მათთან შექების გულისთქმები მოაქვს. ხოლო როცა სული მათი მოიხიბლება, მაშინ ამ მადლს დაკარგავს. და ესმის სულს, რომ მადლი შორდება, თავიდან ვერ ხვდება, რომ ეს სიამაყის გამო ხდება და მხოლოდ დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ ისწავლის თავმდაბლობას.
* როცა მე მადლს ვკარგავ, ძალზე ვმწუხარებ სულით და ვამბობ: ურჩობით რატომ დავკარგე უფალი? ჰოი, როდის გაძღება კვლავ სული ჩემი უფლის სიყვარულით? კვლავ როდის გაიხარებს ის უფლის მიერ? კვლავ როდის გამხიარულდება ჩემი გული და აღივსება საღმრთო სიბრძნით, რომ შემიყვაროს მეც (უფალმა) ისე, როგორც შეიყვარა დავით წინასწარმეტყველი მისი სიმდაბლის გამო ანდა მოსე, იმისთვის, რომ ერთგული იყო იგი ღვთის სახლისა? (შედრ: ებრ. 3,5).
* უფალს უსაზღვროდ ვუყვარვართ. ეს ვიცი წმინდა წერილით და პირადი გამოცდილებით. სული ჩემი სცოდავს დღედაღამ გულისთქმებით, მაგრამ როგორც კი ვიტყვი ხოლმე: "მაპატიე, უფალო, რამეთუ ძალზე უძლური ვარ და მომმადლე მე მშვიდობა შენი, რომელსაც აძლევ შენს მონებს", - მაშინვე სულს სიმშვიდე ეუფლება.
* უფალმა თქვა: "ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი" და გავიფიქრე: ხან დავეყუდები, ხანაც ადამიანებს შორის მშვიდობას ჩამოვაგდებ-მეთქი და დავსახლდი ერთი ნერვებაშლილი ძმის, სქემმონაზვნის სიახლოვეს... ვესაუბრებოდი ხოლმე მას, ვარწმუნებდი, ყველასთან მშვიდობიანად ყოფილიყო და ყველასთვის მიეტევებინა. მცირე ხანს დაითმინა, მაგრამ მერე ისე აღდგა ჩემს წინააღმდეგ, რომ კელიაც დავუტევე და ძლივსღა გამოვასწარი. დიდხანს ვტიროდი ღვთის წინაშე, რომ მშვიდობა არ მომანიჭა. და მივხვდი, რომ უნდა ეძებო ღვთის ნება და ისე იცხოვრო, როგორც სურს უფალს და საკუთარ თავს ღვაწლი არ უნდა გამოუგონო. ამაში ბევრჯერ შევცდი. ვკითხულობ (მამათა ნაწერებს, - კ.კ.) - თითქოს კარგი იქნება, ასე მოვიქცე, მაგრამ საქმე სხვანაირად გამოდის.
ძნელია მოძღვრის გარეშე ცხოვრება. გამოუცდელი სული ღვთის ნებას ვერ ხვდება და მრავალ მწუხარებას გადაიტანს, ვიდრე სიმდაბლეს არ ისწავლის.
* როცა გზის დასაწყისში ახალგაზრდა მორჩილი ვიყავი, ვუთხარი მოძღვარს, - მრუშობის გულისთქმა შემოვიდა ჩემში-მეთქი. მიპასუხა: "აღარასოდეს შემოუშვაო". მას შემდეგ 45 წელი გავიდა და ერთხელაც აღარ მიმიღია მრუშობის გულისთქმა, არავისზე არ განვრისხებულვარ, რამეთუ ჩემს სულს ახსოვს უფლისმიერი სიყვარული და სიტკბოება სულისა წმინდისა და ვივიწყებ წყენას.
* 15 წლის წინ მამა იღუმენი (არქიმანდრიტი მიხეილი) მამა ს-ს მონასტრის ხომალდზე გზავნიდა სამორჩილო საქმეზე. ის უარობდა: - არ წავალო. იღუმენმა ჰკითხა, "სად გინდა წასვლა?" მამა ს-მ - "ხეებს მოვჭრიო". მართლაც წავიდა. მალე ხემ ქვეშ მოიყოლა. დიდხანს იწვა საავადმყოფოში და ნანობდა თავის ურჩობას.
მეც ერთხელ ჩემი ნებით სამორჩილო საქმე გამოვითხოვე. იკონომოსი ვიყავი და დასაყუდებლად ძველ რუსიკში მოვისურვე წასვლა. იქ ყოველთვის მარხულობდნენ, მთელი შვიდეულის განმავლობაში, შაბათ-კვირის გარდა, უზეთო საკვებს იღებდნენ, და მარხვის გამო მათთან ცოტა ხალხი დადიოდა. ფონდარიკი (მესტუმრე) გახლდათ მამა სერაპიონი, რომელიც მარტო პურსა და წყალს იხმევდა. მის შემდეგ ფონდარიკი გახდა მამა ონისიფორე, მან მრავალი ადამიანი მიიზიდა თავისი სიმდაბლით, უბრალოებით და ქადაგების ნიჭით. თუნდაც ხმა არ ამოეღო, მისი შემხედვარე გამოსწორდებოდი. მასთან დიდხანს ვიცხოვრე.
სქემმონაზონი საბინი შვიდი წელი არ დაწოლილა საწოლზე. მამა დოროთეოსი ყველაფერში სამაგალითო მონაზონი იყო. სქემმონაზონ ანატოლის სინანულის ნიჭი ჰქონდა. მითხრა: მრავალი წლის მანძილზე არ ვიცოდი, მადლი როგორ მოქმედებდა, ახლა ვიციო. მან ეს მადლი ტრაპეზარობისას მიიღო.
იქვე ცხოვრობდა სქემმონაზონი მამა ისრაელი. ღვთისმშობელი უნახავს. რუსეთში ცხოვრებისას დადიოდა ღირს სერაფიმე საროველთან. მამა ისრაელი იმ სახლში ცხოვრობდა, რომლის წინ ახლა ბოსტნებია, იქ ადრე სათიბი იყო. ერთხელ მასთან წავედი. ფარდულთან იჯდა, ამწვანებული მუხის ქვეშ. ტანმაღალი გახლდათ, გამხდარი. სკვნილს მარცვლავდა. მე ახალგაზრდა მონაზონი ვიყავი, მივუახლოვდი. მდაბლად მუხლი მოვუყარე - მაკურთხე, მამაო-მეთქი. ალერსიანად მითხრა: "ღმერთმა გაკურთხოს, შვილო ქრისტესო". მამაო, თქვენ აქ მარტო ცხოვრობთ, გონიერ ლოცვას კარგად თუ მოიღვაწებთ-მეთქი, ვკითხე. სულელებს ლოცვა არა აქვთ, ჩვენ კი აქ სულელები ვართო. შემრცხვა, მეტი ვეღარაფერი შევეკითხე, მაგრამ მისი სიტყვის შინაარსს ვერ ჩავწვდი. შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენ სულელები ვართ, ვინაიდან უფლისადმი სათანადო მსახურება არ შეგვიძლია.
მამა ისრაილის გარდა, ჩვენს მონასტერში კიდევ ორი მონაზონი ცხოვრობდა, რომლებიც მამა სერაფიმესთან დადიოდნენ - მამა საბინი და მამა სერაფიმე. ისინი ტამბოველები იყვნენ.
ამ მოღვაწეებთან მოვისურვე წასვლა. იკონომოსობა დავუტევე და იღუმენისგან კურთხევა ძალით გამოვითხოვე. მაგრამ უფალს არ უნდოდა, იქ მეცხოვრა. წელიწადნახევრის შემდეგ კვლავ ძველ მორჩილებაზე დამაბრუნეს, რადგან მშენებლობის გამოცდილება მქონდა. თვითნებობისთვის დამსაჯა უფალმა, რუსიკში გავცივდი და აქამდე მუდმივად თავი მტკივა.
უფლის ნება იღუმენის მიერ უნდა შეიტყო და თვითონ არ უნდა დაიჟინო.
* ღვთის სიყვარული გაძლიერებს, რომ მთელი ღამე ლოცვაში გაატარო. და აი, მე უძლური თავის ტკივილით დავსუსტდი და უნდა დამესვენა. თავის ტკივილი იმისთვის მომეცა, რომ დავიჟინე, იკონომოსობას თავი ვანებე და უდაბნოში წავედი, რათა მეტი დრო მქონოდა ლოცვისთვის. მაგრამ უფალს უნდოდა, მონასტერში იკონომოსი ვყოფილიყავი.
ჯერ მშენებლად მაყენებდნენ, ხოლო ერთხელ მთავარ ეკონომისტად, მაგრამ უარი ვუთხარი და ამის გამოც დამსაჯა ღმერთმა. ამის მერე მივხვდი, რომ ყველა თავის ადგილზეა საჭირო და ხარისხის მიუხედავად, ყველა ცხონდება.
* როცა მონასტრის მამათა კრებამ მამა სერაპიონის ნაცვლად იკონომოსად დამადგინა, კელიაში მისვლისას ლოცვა დავიწყე: "უფალო, შენ ჩამაბარე საზრუნავი ჩვენი დიდი სავანისა, მოვლისა, მომეხმარე, ამ საქმეს მოვერიო".
და სულში პასუხი მომესმა: "გახსოვდეს სულიწმინდის მადლი და ეცადე მის მოპოვებას".
* სული ჩემი მწუხარებს. სნეულების გამო ღვთისმსახურება აღარ შემიძლია. თავის ტკივილი მტანჯავს, მაგრამ ის მადლი, რომელიც დაძლევს ავადმყოფობას, ჩემთან არ არის. როცა დიდი მადლი გეწვევა, სულს (უფლისთვის) ტანჯვა უნდა. ამგვარად ჰქონდათ მოწამეებს დიდი მადლი და მათი სხეული სულთან ერთად ხარობდა, როცა მათ საყვარელი უფლისთვის ტანჯავდნენ. ვისაც ეს მადლი გამოუცდია, მან იცის ამის შესახებ, ჩვენ კი სნეულება უნდა დავითმინოთ.
ავადმყოფობა და სიღარიბე ადამიანს ამდაბლებს. ავადმყოფ მამას ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი. მან კი, სნეულებისგან გამწარებულმა, იატაკს ქუდი დაახეთქა. ავადმყოფობისთვის ღმერთს მადლობა შესწირე, თორემ ცუდად მოკვდები. აი, ახლა აღგკვეცენ სქემაში, მოვა შენზე მადლი და დაგამშვიდებს მწუხარებისას-მეთქი, - ვუთხარი.
როცა სქემაში შემოსეს, მეორე დღეს მისალოცად მივედი და ვკითხე: "როგორ ხარ?" გახარებულმა მიპასუხა: "როგორც წმინდა ნათლისღებისას, ისე ღმერთმა ახლაც თავისი მადლი მომცა მე, მუქთახორასო".
ის უკვე ადვილად დაითმენდა სნეულებას და დიდად დამშვიდებული აღესრულა, რამეთუ სულიწმინდის სიტკბოება აღემატება სოფლის მთელ შვება-განცხრომას.
* უფალი ცოდვილებს სულიწმინდის მადლს აძლევს და ამიტომაც მტკიცეა ჩვენი რწმენა. რით გადავუხდით უფალს მადლობას იმ სიყვარულსთვის, რომელსაც ყოველდღე და ყოველ საათს ვგრძნობთ? ერთხელ ახალგაზრდა სქემმონაზონს ვკითხე, - ხომ არ დაკარგე ის მადლი, რომელიც ბერს სქემაში შემოსვისას მიეცემა-მეთქი. მან კი სქემაში მას შემდეგ თორმეტი დღე გაატარა. მიპასუხა: "თუმცა სნეული ვარ, მაგრამ მესმის სულში ღვთის ხმიანობაო".
გავიდა კიდევ ერთი დღე და მას ამ საგანზე კითხვა გავუმეორე. მხიარულად მიპასუხა: "დიდება ღმერთს, ვგრძნობ ღვთის მოწყალებასო".
* გამომიცდია - როცა ჩემმა სულმა თავმდაბლობა დაკარგა, გავღიზიანდი, მაგრამ ჩემს სულს ქრისტეს თავმდაბლობა ახსოვდა და მწყუროდა იგი. ვევედრე ღმერთს, რომ შეენდო ჩემთვის, გავეწმინდე სიამაყის სულისგან და მოეცა სიმშვიდე. როცა ჩემმა სულმა ცოდვები მოიძაგა, მაშინ სულიწმინდამ მოუკლებელი ლოცვა და სიყვარული მასწავლა. ვიცოდი, რამდენად უყვარს უფალს თავისი ხალხი, განსაკუთრებით გარდაცვლილნი, და მათთვის ყოველ ღამე ცრემლებს ვღვრიდი. მწყინს, რომ ადამიანები კარგავენ ასეთ მოწყალე უფალს. ერთხელ მოძღვარს ვუთხარი, მეცოდებიან ჯოჯოხეთში ტანჯულნი, ყოველ ღამე მათთვის ვტირი და სული ისე მეტანჯება, რომ თვით ეშმაკებიც კი მებრალებიან-მეთქი.
მოძღვარმა მითხრა, - ეს ლოცვა ღვთის მადლისგან არისო.
სილუან ათონელის წიგნის "მონათხრობი განცდილზე,
ზოგიერთ შეხვედრასა და მოსაგრეებთან საუბრებზე" მიხედვით
ზოგიერთ შეხვედრასა და მოსაგრეებთან საუბრებზე" მიხედვით