წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი XXX. ამბავი რომში მართლმადიდებელთა მიერ არიოზელთა კუთვნილი ტაძრის კურთხევისა
(გაგრძელება)
გრიგოლი: - ლიტურგიის დასრულების შემდეგ ტაძრიდან მალე გამოვედით. იმავე ღამეს ეკლესიის სახურავიდან კაკუნი მოისმა, თითქოს ზევით ვიღაც დარბოდა. მეორე ღამეს ხმაური გაძლიერდა და ბოლოს ისეთი ჭახანი გაისმა, თითქოს ტაძარი საცაა დაიქცევაო. უეცრად სიმშვიდე ჩამოვარდა და მეტად აღარ განმეორებულა ჯანყი ძველთაძველი მტრისა. მან ამ საშინელი ხმაურით აჩვენა, რომ თავისი ნების საწინააღმდეგოდ მიატოვა ადგილი, რომელსაც დიდხანს ფლობდა.რამდენიმე დღის შემდეგ ჰაერი უაღრესად გამჭვირვალე იყო. უცებ ციდან ჩამოეშვა ღრუბელი და იმავე ეკლესიის საკურთხეველს დაადგა სახედ საფარველისა. ტაძარი კეთილსურნელებით აივსო. კარები ღია იყო, მაგრამ შიგ შესვლას ვერავინ ბედავდა. მღვდელი, დარაჯი და ლიტურგიაზე მოსული ხალხი ხედავდნენ გამოცხადებას, იყნოსავდნენ კეთილსურნელებას, მაგრამ ვერ გაკადნიერდნენ, ტაძარში შესულიყვნენ. მეორე დღეს ტაძარში ჩამქრალი კანდელები აენთო ზეციდან ჩამოვარდნილი ცეცხლით. რამდენიმე დღის შემდეგ, ლიტურგიის მერე, დარაჯმა კანდელები ჩააქრო და გარეთ გამოვიდა. მცირე ხნის მერე ტაძარში შებრუნებულს კანდელები ანთებული დახვდა. იფიქრა, დამვიწყებიაო, ყველა ლამპარი ჩააქრო და ტაძარი საგულდაგულოდ დაკეტა. სამი საათის მერე ლამპრები კვლავ ლიცლიცებდნენ. ამ ნათელმა ცხადად აჩვენა, რომ ტაძარი სიბნელიდან სინათლეში (ანუ არიოზელებიდან მართლმადიდებელთა ხელში) გადავიდა.
პეტრე: - ეს საკვირველი სასწაული მოწმობს, რომ თუმცა დიდ განსაცდელებში ვცხოვრობთ, ჩვენს შემოქმედს ბოლომდე არ მივუტოვებივართ.
გრიგოლი: - მსურდა, მხოლოდ იტალიური ამბები მომეთხრო, მაგრამ არიოზელთა სამხილებლად ესპანურსაც გიამბობ, იქიდან კი აფრიკის გავლით დავუბრუნდეთ იტალიას.
პეტრე: - სიხარულით გამოგყვები და სიხარულითვე დავბრუნდები უკან.
თავი XXXI. ამბავი მეფის ძისა, მამამ რომ მოკლა კათოლიკე (საყოველთაო) სარწმუნოების გამო
გრიგოლი: - ესპანეთიდან ჩამოსულთა მონათხრობიდან შევიტყვე, რომ ცოტა ხნის წინ ჰერმინიგილდი, ვიზიგუთების მეფის ლუვიგილდის ვაჟი, არიანული სარწმუნოებიდან კათოლიკე (საყოველთაო, მართლმადიდებელ) სარწმუნოებაზე მოექცა პატივცემული იტალიელი ეპისკოპოსის ლეანდრეს ქადაგებით, რომელთანაც მე მცირე ხნის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. არიოზელი მამა საჩუქრების დაპირებით და დასჯის შიშით ცდილობდა, შვილი ერესისთვის დაებრუნებინა. მაგრამ შვილმა მტკიცედ განუცხადა, არასოდეს მივატოვებ ერთხელ შეცნობილ ჭეშმარიტ სარწმუნოებასო. განრისხებულმა მამამ ჩამოართვა მეფობის უფლება, საუფლისწულო მამულები, მაგრამ როცა ამანაც ვერ შეარყია შვილის სულიერი სიმტკიცე, მამამ დაატუსაღა, კისერსა და ხელებზე ბორკილები დაადო და მცველები მიუყენა. საპყრობილეში უფლისწულმა გაიაზრა მიწიერი მეფობის არარაობა და სულიერი ძალა ზეციური სასუფევლისკენ მიმართა. ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე ლოცვების აღვლენით ნუგეშობდა, არად აგდებდა სოფლის წარმავალ დიდებას...აღდგომის დღესასწაული დგებოდა. უწმინდურმა მამამ ამ მშვიდ, მყუდრო ღამეში შვილთან არიოზელი ეპისკოპოსი შეგზავნა. თუ ეზიარებოდა, მამის კეთილგანწყობას დაიბრუნებდა. ღმერთს მინდობილმა ახალგაზრდამ ამხილა არიოზელი ეპისკოპოსი, მისი უწმინდურება და გააგდო. გარეგნულად კი შებორკილი იყო, მაგრამ სულით განმტკიცებული უმაღლეს საფეხურზე რჩებოდა. ეპისკოპოსის მონაყოლმა არიოზელი მამა განარისხა, პირადი მცველები გაგზავნა საპყრობილეში და მოუდრეკელი ღვთის აღმსარებლის მოკვლა უბრძანა. ჯალათებმა უფლისწულს თავი მოჰკვეთეს.
ჭაბუკის განსადიდებლად უფალმა ბევრი სასწაული მოახდინა. შუაღამის სიჩუმეში მეფისა და მოწამის სხეულიდან (ჭეშმარიტად მეფისა და, მით უმეტეს, მოწამისა) ფსალმუნთა გალობა ისმოდა. ამბობდნენ, იმავე ღამეს სხეულიდან ანთებული ლამპრები იხილესო. მამამ შეინანა თავისი საქციელი. შეიცნო, რომელი იყო ჭეშმარიტი კათოლიკე სარწმუნოება, მაგრამ ქვეშევრდომთა შიშით ვერ გაბედა მისი მიღება.
როცა დასნეულებულს სიკვდილის ჟამი დაუდგა, ეპისკოპოს ლეანდრეს, რომელსაც მანამდე დევნიდა, ერესში დარჩენილი თავისი ვაჟი რექარდი ჩააბარა და სთხოვა, მოექცია. დაიბარა ეს ანდერძად და მოკვდა. მისი სიკვდილის შემდეგ მეფე რექარდმა მიჰბაძა მოწამე ძმას, მოიქცა არიოზული ერესის ბოროტებისგან და შემდგომში თავის სამეფოში სამხედრო წოდებას არ აძლევდა უწმინდურ ერეტიკოსებს. მეფემ მთელი ვიზიგუთთა ერი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია.
ამ მოვლენაში საყურადღებოა ის, რომ ეს არ მოხდებოდა, მეფე ჰერმინიგილდი ჭეშმარიტებისთვის რომ არ მომკვდარიყო, რამეთუ დაწერილია: "უკეთუ არა მარცვალი იფქლისაი დავარდეს ქვეყანასა და მოკვდეს, იგი მარტოი ხოლო ეგოს, ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს".
ვიზიგუთების ერიდან მოკვდა ერთი, რომ მრავალნი გაცოცხლებულიყვნენ.
თავი XXXII. ამბავი არიოზელებისგან ენამოჭრილი ეპისკოპოსებისა, თავისუფლად რომ მეტყველებდნენ
იუსტინიანე ავგუსტუსის მეფობის ჟამს, როცა აფრიკაში კათოლიკე სარწმუნოებას ძალზე დევნიდნენ ვანდალი არიოზები, ზოგიერთი ეპისკოპოსი მტკიცედ იცავდა ჭეშმარიტებას, რისთვისაც სამსჯავროში მიიყვანეს. მეფემ მათი რწმენა და სიმტკიცე დაპირებებითა და საჩუქრებით რომ ვერ მოდრიკა, წამებით სცადა მათი შერყევა. უბრძანა ეპისკოპოსებს, დადუმებულიყვნენ, მაგრამ მათ არ სურდათ უზენაესის წინაშე დადუმება, რომ დუმილი თანხმობად არ გამოჩენილიყო. განრისხებულმა მეფემ მათ ენა ამოჰკვეთა. მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ! ბევრი მამა მოწმობს, რომ ისინი უენოდაც ადრინდებურად იცავდნენ ჭეშმარიტებას.პეტრე: - საკვირველი და განსაცვიფრებელია ეს საქმე.
გრიგოლი: - დაუსაბამო მამის მხოლოდშობილ ძეზე დაწერილია: "პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი" (იოანე 1,1), ხოლო მის ძალაზე ნათქვამია: "ყოველივე მის მიერ შეიქმნა". და რაღა გასაკვირია, თუ თვითონ სიტყვამ, ენათა შემოქმედმა, იმეტყველა მათში ენის გარეშეც?
პეტრე: - სამართლიანია შენი შენიშვნა.
გრიგოლი: - ეს ეპისკოპოსები მაშინ სამშობლოდან გააძევეს და მათ კონსტანტინოპოლს მიაშურეს. სწორედ იმხანად იმპერატორმა იქ ეკლესიის საქმეებზე გამგზავნა. იქ ვნახე ერთი მოხუცებული ეპისკოპოსი, რომელიც მოწმობდა, რომ მან ნახა, ეპისკოპოსთა ბაგეები უენოდ როგორ მეტყველებდნენ. ისინი გახსნიდნენ ბაგეებს, ხმამაღლა იტყოდნენ, "ხედავთ, ჩვენ ვლაპარაკობთ, თუმცა ენა არ გვაქვს". მალე ერთ-ერთი მათგანი ფუფუნებამ გაიტაცა და დაკარგა ეს სასწაულებრივი ნიჭი. ამგვარად განსაჯა ყოვლისშემძლე ღმერთმა, რომ კაცს, რომელმაც არ იზრუნა ხორციელი თავშეკავებისთვის, ხორციელი ენის გარეშე ლაპარაკი არ შესძლებოდა.
თავი XXXIII. ამბავი ღვთის მონა ელეფთერისა
ქალაქ სპოლეტოს მახლობლად მდებარე წმინდა მარკოზ მახარებლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი ელეფთერი დიდხანს ცხოვრობდა ჩემთან ქალაქის მონასტერში, მაგრამ თავის სავანეში გარდაიცვალა. მისი მოწაფეები ჰყვებოდნენ, ლოცვით მკვდარი აღადგინაო. ისეთ სიმაღლესა და გულის შემუსვრილებას ფლობდა, რომ მის თვალთაგან წარმოდენილ ცრემლებს დიდი ძალა ჰქონდა ღვთის წინაშე. ახლა მხოლოდ ერთ სასწაულს მოგიყვები, რომელიც ელეფთერმა ჩემ წინაშე გულწრფელად აღიარა.ერთხელ, მოგზაურობისას, შემოაღამდა და ღამის გასათევად დედათა მონასტერს მიადგა. ამ მონასტერში ჰყავდათ მცირეწლოვანი ყრმა, რომელსაც ყოველღამ ბოროტი სული ტანჯავდა. მონაზვნებმა ღვთის მონას სთხოვეს, ეს ყრმა ამაღამ შენთან იყოსო. ელეფთერი სიამოვნებით დათანხმდა. დილით მონაზვნებმა ჰკითხეს, - ბავშვს ხომ არაფერი ჩაუდენიაო. არაფერიო, - მიუგო გაოცებულმა ბერმა. მაშინ მათ აუხნეს ამ ყრმის მდგომარეობა და ევედრნენ, შენთან წაიყვანე, თორემ მაგის წამების ყურება აღარ შეგვიძლიაო. ბერი დათანხმდა. ყრმამ საკმაო ხანი დაჰყო მონასტერში და ბოროტი სული არ მიჰკარებია. მამა ელეფთერს უხაროდა, - გადავარჩინეო. "აი, ძმებო, - ეუბნებოდა მონასტრის ბერებს, - იქ ეშმაკი დასცინოდა დედებს, მაგრამ როცა ყრმა ღვთის მონებთან მოვიდა, ეშმაკი მასთან მოსვლას ვეღარ ბედავდა". ამის თქმა იყო და ძმების თვალწინ ეშმაკი კვლავ ეცა ყრმას და ტანჯვა დაუწყო. ბერი ატირდა. დიდხანს ეცადნენ ძმები მის დამშვიდებას. ბოლოს მამა ელეფთერმა თქვა: - დამიჯერეთ, ძმებო, ვერც ერთი თქვენგანი პურს ვერ შეჭამს, ვიდრე ეს ყრმა არ გათავისუფლდება ეშმაკისგანო და ძმებთან ერთად ლოცვა დაიწყო. მანამ ლოცულობდნენ, სანამ ყრმა ეშმაკისგან არ გამოიხსნეს.
პეტრე: - ვფიქრობ, რომ მცირეოდენი სიამაყე იმალებოდა ბერის სულში და ამიტომაც ყოვლისშემძლე ღმერთმა კეთილ ინება და სასწაულის თანამონაწილედ მისი მოწაფეებიც აქცია.
გრიგოლი: - დიახ, მან ვერ შეძლო მარტოს ეტვირთა ეს მნიშვნელოვანი სასწაული და ძმებს გაუნაწილა.
ერთხელ, მონასტერში ყოფნისას, ხშირი ავადმყოფობის გამო დავუძლურდი. ალბათ მოვკვდებოდი კიდეც, ძმებს საკვებით რომ არ გავეძლიერებინე. აღდგომის დღესასწაულის წინ, დიდ შაბათს, როცა ყველა და თვით მცირეწლოვანი ყრმებიც მარხულობენ, მე მარხვა ვერ შევინახე და ამ მწუხარებამ სნეულებაზე მეტად დამასუსტა. მაგრამ ჩემმა მწუხარე სულმა მალე პოვა ნუგეში. სამლოცველოში ჩუმად მოვიწვიე ელეფთერი, რომ ელოცა და ყოვლისშემძლე ღვთისთვის ჩემთვის ძალა გამოეთხოვა, რათა ამ დღეს მარხვა შემძლებოდა. ბერმა ცრემლდენით მცირე ხანს ილოცა და წავიდა. მაგრამ როცა მაკურთხა, მუცელი ისე გამიმყარდა, რომ საბოლოოდ გამიქრა გულისთქმები ჭამასა და სნეულებაზე. გამიკვირდა, მე ხომ ვიცოდი, ვინ ვიყავი და ვინ გავხდი. საღამოს კი ისე მოვძლიერდი, რომ თუ მოვისურვებდი, შემეძლო მარხვის გაგრძელება შემდგომაც. თუმცა მე მოწმე არ ვყოფილვარ იმისა, რასაც ამ მამაზე ამბობდნენ, მაგრამ ის, რაც საკუთარ თავზე განვიცადე, - ყველაფერი ჭეშმარიტებაა.
გაგრძელება იქნება