წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი XVIII. ამბავი ბერი ბენედიქტესი
გრიგოლი: - ჩემთან ერთად მონასტერში ცხოვრობდა წმინდა წერილში საკმაოდ განსწავლული ერთი ძმა.
ჩემზე უფროსი იყო და მარიგებდა ხოლმე. მის მონათხრობთაგან შევიტყვე, რომ კამპანის მხარეში, რომიდან 40 მილის დაშორებით ცხოვრობდა ბენედიქტე. ახალგაზრდა გახლდათ, მაგრამ მოხუცებული იყო ცხოვრებით და მკაცრად აღასრულებდა სამონაზვნო აღთქმებს. ტოტილას დროს იგი გუთებმა იპოვეს და კელიაში ამოწვა დაუპირეს, მაგრამ ცეცხლმა კელიის გარშემო ყველაფერი მოწვა, კელიას კი ვერაფერი დააკლო. გუთები უფრო გამძვინვარდნენ. მათ მახლობლად პურის გამოსაცხობად გახურებული ფურნე დაინახეს. ბერი კელიიდან გამოიყვანეს, შიგ ჩააგდეს და ჩაკეტეს. მაგრამ მეორე დღეს სრულიად უვნებელი იხილეს, სამოსიც კი არ შეტრუსვია. თავი XVIII. ამბავი ბერი ბენედიქტესი
პეტრე: - ეს მაგონებს სამი ყრმის სასწაულს, რომლებიც ცეცხლში ჩაყარეს და უვნებლად გადარჩნენ.
გრიგოლი: - ვფიქრობ, ეს სასწაული სხვანაირად მოხდა. სამი ყრმა ღუმელში ხელ-ფეხით შეკრული ჩააგდეს, მეორე დღეს კი მეფემ ისინი ღუმელში შეურყვნელი სამოსლით მოსიარულენი იხილა. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ცეცხლი სამოსს არ შეეხო, მაგრამ ბორკილები კი დაწვა. ასე რომ, ცეცხლის ალი ერთსა და იმავე დროს მოემსახურა მართალთ და განწირულნი რომ არ დატანჯულიყვნენ, თავისი მომწველი ძალა შეაჩერა.
თავი XIX. ამბავი მღვდელმოწამე ზენონ ვერონელის ტაძრისა
ძველის მსგავსი სასწაული ჩვენს დროშიც მოხდა, ოღონდ ცეცხლის საწინააღმდეგო სტიქიაზე. ამას წინათ ტრიბუნმა იოანემ ერთ სასწაულზე მომითხრო. ეს ამბავი შეეტყო გრაფ პრონულფისგან, რომელიც მეფე ათალარიხთან ერთად იყო იმ ადგილას, სადაც ეს საკვირველი მოვლენა მოხდა. ტრიბუნმა იოანემ სახელდობრ ასეთი რამ მომითხრო: დაახლოებით ხუთი წლის წინ მდინარე ტიბრი ადიდდა, ქალაქის კედლებს გადაუარა და დიდი ფართობი დაფარა. ქალაქ ვერონაშიც გადმოვიდა მდინარე ატაზი და წმინდა მღვდელმოწამე ზენონის ტაძრამდე მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის კარები ღია იყო, წყალი ტაძარში არ შესულა, ნელ-ნელა მოიმატა, ეკლესიის სარტყლამდე ააღწია, რომელიც თითქმის სახურავის ქვეშ იყო. ამგვარად წყალი კედელივით აღიმართა ეკლესიის კარების წინ და თითქოს გაქვავდა. ტაძარში ამ დროს ბევრი ხალხი იყო. წყალი ეკლესიას გარს ერტყა. გარეთ გამოსვლა შეუძლებელი გახდა. ტაძარში მყოფთ შიმშილით სიკვდილისა შეეშინდათ. მიდიოდნენ ეკლესიის კარებთან და დასალევად იღებდნენ წყალს, რომელიც შეჩერდა ეკლესიის ზღურბლთან, რათა ყველასთვის დაემოწმებინა სიწმინდე მოწამისა. წყალი მოსახმარად ვარგისი იყო, მაგრამ თითქოს წყალი არც ყოფილიყო - ტაძარი არ დატბორილა. ამიტომაც ვთქვი, რომ ეს სასწაული მსგავსია ცეცხლის ძველი სასწაულისა, რომელმაც მოწვა სამი ყრმის ბორკილნი, მაგრამ მათ ტანსაცმელს არ შეხებია. პეტრე: - საოცარია შენ მიერ მოთხრობილი წმინდა საქმეები და განსაცვიფრებელია ბუნებრივი ადამიანური უძლურებისთვის. მაგრამ იტალიაში ცოტა ხნის წინ მცხოვრებ კაცთა საკვირველი სათნოებების გამგონემ მინდა ვიცოდე, ნუთუ ეშმაკის საფრთხეები არ შეემთხვეოდათ და როგორ ძლევდენ ამას.
გრიგოლი: - მძიმე ბრძოლის გარეშე არ მიეცემა გამარჯვების გვირგვინი. ბოროტი სული მუდმივად ჩასაფრებულია ჩვენს ფიქრებს, სიტყვას და მოქმედებას, რომ რაღაც იპოვოს ჩვენში, მერე ბრალად წაგვიყენოს უმაღლესი მსაჯულის წინაშე. გიამბობ, ჩვენს მოსანადირებლად როგორ გვისაფრდება ბოროტი სული.
თავი XX. ამბავი სტეფანესი, ვალერიის მხარის პრესვიტერისა
ეს ამბავი ჩვენმა თანამედროვეებმა მომითხრეს. ვალერიის პროვინციაში ცხოვრობდა პრესვიტერი სტეფანე, კაცი ღვთის მოშიში, ახლო ნათესავი ჩვენი დიაკვნისა და იკონომოსის ბონიფაცისა. ერთხელ მოგზაურობიდან შინ დაბრუნებულმა სტეფანემ თავის მსახურს დაუფიქრებლად უთხრა: - მოდი, ეშმაკო, და ფეხზე გამხადეო. ამის თქმა იყო და მისი ჩექმების თასმებმა უჩვეულო ძალით და სისწრაფით იწყეს გახსნა. ეტყობა, ეშმაკი დაემორჩილა მის ბრძანებას. პრესვიტერი ძალზე შეშინდა და ხმამაღლა იწყო ძახილი: "განვედ, წყეულო, განვედ! ეს შენ კი არ გითხარი, არამედ ჩემს მსახურს". ამის თქმის მერე ეშმაკი მოშორდა და დარჩა თითქმის ბოლომდე გახსნილი თასმები. აქედან შეგვიძლია მივხვდეთ, რომ თუ ძველისძველი მტერი ასე ადევნებს თვალს ჩვენს გარეგნულ საქციელს, მაშინ რა მონდომებით დაუგებს მახეს სულს!პეტრე: - თითქოს მუდამ სადარაჯოზე იდგე, ეს ძალზე ძნელია და საშიში.
გრიგოლი: - არ იქნება ძნელი, თუ თავის დაცვას მივანდობთ უზენაეს მადლს, თანაც უნდა ვიფხიზლოთ მის საფარველქვეშ. როცა დავიწყებთ საკუთარი სულიდან ეშმაკის განდევნას, საღმრთო მადლმოსილებით ეშმაკი არა მარტო აღარ არის საშიში, არამედ თვითონ ეშინია ღვთისმოშიშ კაცთა.
თავი XXI. ამბავი ქალწულმონაზვნისა, თავისი ერთი სიტყვით რომ ათავისუფლებდა კაცს ბოროტი სულისგან
ეს ამბავი თვითმხილველისგან, წმინდა მამა ელეფთერისგან შევიტყვე. ქალაქ სპოლეტოში კეთილშობილი ველმოჟას ასული, ქალწული მხურვალე სურვილით აღიძრა, თავი ანგელოზებრივი ცხოვრებისთვის მიეძღვნა. მამამ სცადა შვილის შეჩერება, მაგრამ ქალიშვილი არ დაემორჩილა და მონაზვნად აღიკვეცა. ამის გამო მამამ მემკვიდრეობად მცირეოდენი მამულის მეექვსედიღა მისცა. ამ მონაზონთან დაიწყეს სიარული მისი მაგალითით მოხიბლულმა სხვა კეთილშობილმა ქალწულებმა, მათაც ყოვლისშემძლე ღმერთს მიუძღვნეს თავი. ერთხელ მამა ელეფთერი მივიდა მონაზონთან სასაუბროდ და დასამოძღვრად. იმ დროს, როცა ისინი ღვთის სიტყვაზე საუბრობდნენ, ეახლა მამის მიერ ნაანდერძევი მამულიდან გლეხი და საჩუქრები მიუძღვნა. გლეხს მაშინვე დაეცა ბოროტი სული, დასცა მიწაზე და ხრუტუნითა და ბღავილით საშინლად ტანჯავდა. მონაზონი წამოდგა და ეშმაკს მრისხანედ უბრძანა: "განვედ მისგან, წყეულო, დაუტევე იგი!" დემონმა ეშმაკეულის პირით უპასუხა: "მისგან რომ გამოვიდე, მაშინ რაში შევიდეო?" შორიახლოს ღორი მიწას ჩიჩქნიდა. "დაუტევე იგი და ამ ღორში შედიო", - უბრძანა მონაზონმა. ეშმაკი ასეც მოიქცა, მოკლა ღორი და გაშორდა იქაურობას. პეტრე: - მსურს გავიგო, შეიძლებოდა თუ არა ნება მიეცა არაწმინდა სულისთვის ღორში შესვლისა?
გრიგოლი: - ქრისტე-ჭეშმარიტების საქმიანობა ჩვენი საქციელის წესად უნდა იქცეს. ადამიანში შესულმა ეშმაკთა ლეგიონმა თვით ჩვენს მაცხოვარს მიმართა: "უკუეთუ განგუასხამ ჩვენ, მიბრძანე ჩვენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა" (მათე 8,31). მაცხოვარმა კაცისგან ლეგიონი განდევნა და ნება მისცა, შესულიყვნენ ღორებში და ისინი ზღვაში ჩაეხრჩოთ. აქედან ჩანს, რომ ბოროტ სულს ღვთის დაშვების გარეშე ღორებში შესვლის უფლებაც არა აქვს, მით უმეტეს არ შეუძლიათ, რაიმე ხელმწიფება ჰქონდეთ ადამიანზე. ასე რომ, ჩვენ ხალისით უნდა დავემორჩილოთ უფალს, ვისაც მათდა უნებურად ემორჩილებიან მოწინააღმდეგენი. ჩვენი სიმდაბლით რაც უფრო ახლო ვიქნებით ყოვლის შემოქმედთან, მით უფრო გავძლიერდებით ჩვენს მტრებზე. რა არის საკვირველი, თუ ღვთის რჩეულთ, ჯერ კიდევ ხორცში მყოფთ, შეუძლიათ ბევრი სასწაული მოახდინონ, მათი ძვლები თითქოს ცოცხალია მათ მიერვე მოხდენილი მრავალი სასწაულით.
თავი XXII. ამბავი ვალერიის დეკანოზისა, თავის საფლავზე რომ შეაჩერა ქურდი
ეს ამბავი წინამძღვარმა, ნეტარსახსენებელმა ვალენტინემ მომითხრო. ამ მხარეში ცხოვრობდა ერთი პატივცემული მღვდელმსახური, წმინდა მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდა. გარდაცვალების შემდეგ ტაძართან დაკრძალეს, ფარეხისკენ მიმავალ გზაზე. ერთხელ, როცა ღვთისმსახურნი ეკლესიაში ლოცვას აღავლენდნენ, ვიღაც კაცი საქურდლად ფარეხში შეიპარა, დასტაცა ცხვარს ხელი და სწრაფადვე გამობრუნდა. როცა მან ღვთის მონის საფლავს მიაღწია, უეცრად შედგა და ადგილიდან დაძვრა ვეღარ შეძლო. მან მხრიდან ცხვარი ჩამოსვა და მისი გაშვება მოინდომა, მაგრამ თოკი ვეღარ გახსნა და ასე დარჩა საცოდავი, რომელსაც ეშინოდა, არავინ დამინახოსო. დილით, როცა ღვთისმსახურება მორჩა და ეკლესიის მსახურნი ტაძრიდან გამოვიდნენ, მათ ვიღაც კაცი დაინახეს ცხვრით ხელში, ვერ მიხვდნენ, რა მოხდა. მაგრამ დამნაშავემ აღიარა დანაშაული. ყველა გააოცა სანახაობამ. მაშინვე მისთვის ლოცვას შეუდგნენ და ძლივს შეძლეს წმინდანის დაყოლიება, რომ ქურდს ნადავლის გარეშე მაინც შესძლებოდა წასვლა.პეტრე: - ჩანს, როდენი სიყვარულითაა აღსავსე ჩვენდამი ღმერთი, რომელიც ჩვენი გულისთვის ასეთ საკვირველ სასწაულებს აღასრულებს.
თავი XXIII. ამბავი პრენასტის მთის მონასტრის წინამძღვრისა და მისი პრესვიტერისა
გრიგოლი: - ქალაქ პრენასტის მახლობელ მთაზე მდებარეობს მონასტერი და წმინდა მოციქულ პეტრეს ტაძარი. ამ მონასტერში ცხოვრებისას ამ სასწაულთა თვითმხილველ მონაზონთაგან მსმენია: მონასტრის წინამძღოლი დიდად პატივცემული იყო. მასთან მყოფ ბერს თვითონ ხელმძღვანელობდა ღვთის სათნოდ ცხოვრებაში. როცა ბერი ღვთის შიშში განმტკიცდა, მისთვის მღვდლის ხარისხი გამოითხოვა. კურთხევის შემდეგ ამ ბერს ხილვა ჰქონდა, რომ მისი აღსასრულის ჟამი მოახლოვდა. სთხოვა წინამძღვარს, ნება მიეცა მისთვის, საფლავი გაემზადებინა. "მე შენზე ადრე მოვკვდები, - უთხრა წინამძღვარმა, - თუმცა წადი და სურვილისამებრ გაიმზადე საფლავიო". ბერი ასეც მოიქცა. რამდენიმე დღის შემდეგ სნეულებით გატანჯულმა მოხუცმა წინამძღვარმა პრესვიტერს უბრძანა, იგი თავისთვის გამზადებულ საფლავში დაემარხა. "იმ ქვეყანაში მალე გამოგყვები, საფლავი კი ორივეს ვერ დაიტევსო", - შეეწინააღმდეგა პრესვიტერი. "გააკეთე ისე, როგორც გეუბნები. შენი საფლავი ორივეს დაგვიტევსო". წინამძღვარი გარდაიცვალა და დაკრძალეს. პრესვიტერი მალე თანდათანობით ძალზე დასუსტდა და გარდაიცვალა. ძმებმა მისი ცხედარი ადრევე მომზადებულ საფლავთან მიასვენეს, გათხარეს. იქ ადგილი აღარ იყო - წინამძღვარს მთლიანად დაეკავებინა. ძმებმა არ იცოდნენ, რა ექნათ. ერთმა მათგანმა წამოიძახა: "მამაო, შენ ხომ თქვი, ეს საფლავი ორივეს დაგვიტევსო?" ანაზდად წინამძღვრის ცხედარი, რომელიც აქამდე გულაღმა იწვა, გვერდზე გადაბრუნდა და პრესვიტერს ადგილი გაუთავისუფლა. აღსრულდა მოძღვრის ნაწინასწარმეტყველები.გსურს შეიტყო, რა შეემთხვა იმ ეკლესიის დარაჯს, სადაც დაკრძალულია წმინდა პეტრეს ნაწილები?
პეტრე: - მსურს და მხურვალედ გევედრები, მომიყევი.
თავი XXIV. ამბავი თეოდორესი, რომის წმინდა პეტრეს ტაძრის დარაჯისა
გრიგოლი: - ჯერ კიდევ ცოცხლები არიან წმინდა პეტრეს ტაძრის დარაჯის, თეოდორეს მცნობნი. მათ თეოდორემ მოუყვა თავს გადახდენილი ამბავი. ერთხელ იგი ჩვეულებრივზე ადრე ადგა კარებთან დაკიდებული კანდელების გასაწმენდად. ხის კიბეზე იდგა კანდელის ქვეშ და წმენდდა. უეცრად მის უკან გაჩნდა თეთრსამოსიანი წმინდა მოციქული პეტრე და უთხრა: "მეგობარო! ასე ადრე რატომ ადექი?" და მოციქული გაქრა. თეოდორეს ისეთი შიში დაეცა, რომ რამდენიმე დღე საწოლიდან ვეღარ წამოდგა. განა აშკარად არ ჩანს, მოციქულს სურდა, ამ გამოცხადებით ეჩვენებინა, რომ ის ყოველთვის ხედავს მის პატივად აღვლენილ მსახურებას და მსახურებს და მაშინვე აჯილდოებს მათ. პეტრე: - ის კი არ მაკვირვებს, მოციქული რომ გამოეცხადა, არამედ ის, თუ რატომ შეემთხვა სნეულება ამის მნახველ, აქამდე ჯანმრთელ ძმას!
გრიგოლი: - რატომ გიკვირს? აკი წინასწარმეტყველმა დანიელმა აღწერა ცნობილი, დიდებული და საშინელი ხილვა და ათრთოლებულმა დაუმატა: "და მე დანიელ დავწევ და დავსუსტენ დღეთა" (დანიელ 8,27). ხორცს არ შეუძლია სულიერის დატევა, ამიტომაც, როცა სული კაცისა სხეულს გარეთ აღიტაცება ხილვად, მისი ხორციელი ჭურჭელი მოუძლურდება, რამეთუ არ შეუძლია დატევა ამ დიდებული ნიჭისა.
პეტრე: - შენმა სიტყვებმა გამიფანტა გაურკვევლობა.