წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი XIV. ამბავი ღვთის მონა ისააკისა
გაგრძელება
ერთ საღამოს ისააკმა მოწაფეებს უბრძანა, მონასტრის ბაღში რამდენიმე ბარი დატოვეთო. იმავე ღამეს, ლოცვის შემდეგ ძმებს დაავალა: - ჩვენს მუშებს შეჭამანდი მოუხარშეთ. ცისკრისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოსო. დილით ბაღში ძმებს იმდენი მომუშავე დახვდათ, რამდენი ბარიც ჰქონდათ დატოვებული. ქურდები იყვნენ. ბაღში შესვლისთანავე მათი სურვილები ღვთის მოქმედებით შეიცვალა: ბარები იპოვეს, აიღეს და ბაღი მთლიანად დაამუშავეს. "გამარჯვება, ძმებო! მეტად გაისარჯეთ და დასვენების დროა", - მიმართა მათ ისააკმა და საჭმელი შესთავაზა. როცა მუშები დანაყრდნენ, წმინდანმა მათ უთხრა: "ბოროტებას ნუ ჩაიდენთ, ნუ იქურდებთ. როცა რაიმე მოგინდებათ, ბაღის კართან მოდით, მშვიდად ითხოვეთ და კურთხევით მიიღეთო". შემდეგ კი ბრძანა, მათთვის რაც შეიძლება მეტი ხილი მიეცათ. ამგვარად, ბაღში სავნოდ მოსულები უვნებლადაც დაბრუნდნენ და უხვადაც დაჯილდოვდნენ გაწეული შრომისთვის.
ისააკთან მოწყალებისთვის ვიღაც ჩამოძონძილი უცხოქვეყნელები მოვიდნენ და წმინდანს ევედრნენ, სამოსი მოგვეციო, ის მდუმარედ უსმენდა მათ. მერე ერთ-ერთი მოწაფე იხმო და საიდუმლოდ უბრძანა: "წადი ამა და ამ ტყეში. ამა და ამ ადგილას, მუხის ფუღუროში ტანსაცმელს იპოვი და მოიტანეო". მოწაფე ასეც მოიქცა. ღვთის კაცმა ეს ტანსაცმელი მათხოვრებს გადასცა. შეხედეს და იცნეს - ტყეში დატოვებული მათი სამოსი იყო. შერცხვათ.
ერთხელ მავანმა ლოცვა სთხოვა წმინდანს და მონის ხელით სანოვაგით სავსე ორი კალათი გაუგზავნა. მონამ ერთი კალათი გზაში დამალა, მეორე კი ღვთის კაცს მიუტანა და გამომგზავნელის თხოვნა გადასცა. ღვთის კაცმა სიყვარულით და მადლიერებით მიიღო ძღვენი, მაგრამ მონას უთხრა: - ფრთხილად აიღე ის კალათი, გზაში რომ დამალე, მასში გველი შეძვრაო. მონა ძალზე აღელდა. ერთი მხრივ გაუხარდა, რომ სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ შეწუხდა კიდეც. სირცხვილი დაითმინა, როგორც მაცხოვნებელი სასჯელი. უკანდაბრუნებულმა კალათი აიღო წყნარად, მშვიდად, შიგ გველი დახვდა. ამგვარად, ეს წმინდანი თავშეკავების სათნოებას, მოძაგებას ყოველივე სწრაფწარმავლისა, წინასწარმეტყველების მადლით უერთებდა ლოცვისადმი უჩვეულო გულმოდგინებას. თუმცა გარეგნულად უცნაურად იქცეოდა. ხანდახან ისე მხიარულობდა, ვერ დაიჯერებდი, თუ უდიდეს სათნოებებს ფლობდა.
პეტრე: - ეს რას ნიშნავს? საკუთარი სურვილით მხიარულობდა, ანდა მისი სული, უდიდეს სათნოებათა მფლობელი, უნებურად აღფრთოვანდებოდა ხოლმე ზოგჯერ ჭეშმარიტი სიხარულით?
გრიგოლი: - დიდია, პეტრე, აღმშენებლობა ყოვლისშემძლე ღმერთისა. უმეტესად ღმერთი მათ, რომელთაც უმაღლეს სიკეთეებს აძლევს, მოაკლებს უმდაბლეს სიკეთეს, რათა იღვაწონ იმის შესავსებად, რაც აკლიათ, ჰქონდეთ რაიმე ნაკლი, რომელსაც შეებრძოლებიან, არ გაამპარტავნდნენ, როცა ძლიერ მტერს სძლევენ, რადგან მათ ჯერ კიდევ ჰყავთ სუსტი მტრები. ნუ იამაყებენ იმით, რაც აქვთ და რაც თავისი შრომით არ შეუძენიათ. დაე, ისწავლონ, რომ უძლურნი არიან თავად... ასე საკვირველად ერთი და იგივე სული სათნოებებშიც მტკიცდება და სისუსტეებისგანაც იტანჯება, რადგან ერთი მხრივ საკუთარ თავს კეთილადშენებულად ხედავს, მეორე მხრივ ჭვრეტს აღუშენებლობას და უკმაყოფილოა იმით, რომ ვერ მოიპოვა დაკლებული სიკეთეები, სიმდაბლით შეინახავს იმას, რაც უკვე აქვს. ადამიანები თუ ხედავენ ძმათა სიამაყის გამო დაცემას, უფრო ძლიერ განმტკიცდებიან სიმდაბლეში. უმნიშვნელო ნაკლულოვანება, როგორც მცველი სიმდაბლისა, შეინახავს მას უმაღლესი მონაპოვრისთვის.
პეტრე: - დამაკმაყოფილა ამ ახსნამ.
თავი XV
ამბავი ღვთის მონებისა ევტიქისა და ფლორენცისა
გრიგოლი: - მოგითხრობთ იმავე მხარის დეკანოზის, პატივცემულ სანკტულის მონათხრობთაგან. მისი ნათქვამის ჭეშმარიტებაში არ შეეჭვდები, ვინაიდან იცი მისი ღვთისმოშიშება და სამართლიანობა. ამბავი ღვთის მონებისა ევტიქისა და ფლორენცისა
იმავე დროს ნურსიის მხარეში ორი ბერი ცხოვრობდა, ევტიქი და ფლორენცი. ევტიქი გამოირჩეოდა სულიერი მოშურნეობით და სათნოებებისადმი მხურვალე სიყვარულით. ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოექცია სიტყვით. ღვთივსასურველი ცხოვრების გზაზე ფლორენცი უბრალო ცხოვრებას მისდევდა, მისი მთავარი საქმიანობა ლოცვა იყო.
მათ მეზობელ მონასტერში წინამძღვარი გარდაიცვალა. ძმობამ მის ადგილას ევტიქის დანიშვნა მოინდომა. ევტიქი დათანხმდა და რამდენიმე წელი უძღვებოდა მონასტერს, ხელმძღვანელობდა მოწაფეთა სულიერ ცხოვრებას. არ უნდოდა, მისი ადრინდელი კელია დაცარიელებულიყო, იქ ღვთისმოშიში ფლორენცი დაასახლა. ერთხელ ფლორენცი დაემხო ღვთის წინაშე და შესთხოვა, რაიმეთი შემეწიე, რომ ჩემს სენაკში სიმყუდროვეში ვიჯდეო. დაამთავრა ლოცვა, გამოვიდა გარეთ და დაინახა კელიის კარებთან მიწაზე დამხობილი დათვი. ის სიმხეცის არანაირ ნიშანს არ ამჟღავნებდა, თითქოს ცხადად მიანიშნებდა, რომ ღვთის კაცთან დასამორჩილებლად მოსულიყო. წმინდანი მიხვდა ამას. კელიას ოთხი თუ ხუთი ცხვარი ჰყავდა, რომელსაც არავინ მწყემსავდა. "წადი და ცხვარი საძოვარზე გარეკე, - უთხრა წმინდანმა დათვს, - ექვს საათზე კი მათთან ერთად დაბრუნდი". მას მერე სისხლისმსმელი მხეცი ცხვრებს აძოვებდა. მარხვის დღეებში ღვთის კაცი დათვს ცხვრების მოყვანას ცხრა საათისთვის უბრძანებდა ხოლმე. დათვიც ემორჩილებოდა.
ამ სასწაულის ამბავი შორს გავარდა. მაგრამ კაცთა მოდგმის ძლევამოსილი მტერი ცდილობს, ბოროტთ დამღუპველი შური აღუძრას. ღირსი ევტიქის ოთხ მოწაფეს შეშურდა ფლორენცისა, რომელიც განმარტოებით მცხოვრები ისეთ სასწაულებს ახდენდა, რაც მათ მასწავლებელს ევტიქის არ შეეძლო. საიდუმლოდ მოითათბირეს და დათვის მოკვლა გადაწყვიტეს. ერთხელ დათვი არ დაბრუნდა. შეწუხებული ფლორენცი მეორე დღეს წავიდა დათვისა და ცხვრების მოსაძებნად. დათვი მინდორზე მოკლული ეგდო. გულმოდგინე გამოძიების მერე ყველაფერი შეიტყო. წმინდანი ატირდა, უფრო მეტად მონასტრის ძმების ბოროტებას დასტიროდა, ვიდრე დათვის სიკვდილს. ღვთისმოშიშმა ევტიქიმ იხმო ფლორენცი და მისი დამშვიდება სცადა. ღრმად დამწუხრებულმა ღვთის კაცმა ევტიქის თანდასწრებით ლოცვასავით წარმოთქვა: "დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ყველას თვალწინ ამ ცხოვრებაშივე მიაგებს ბოროტებს სამაგიეროს, მათ ხომ მოკლეს დათვი, რომელსაც მათთვის არაფერი უვნია". ამ სიტყვებს დაუყოვნებლივ მოჰყვა საღმრთო შურისძიებაც. ოთხივე ბერს კეთრი შეეყარა და ასე დაიხოცნენ. ფლორენცი შეაძრწუნა თავისივე ნათქვამმა. მთელი ცხოვრება ტიროდა, რომ ღმერთს შეენდო, საკუთარ თავს სასტიკსა და ძმათამკვლელს ეძახდა. ვფიქრობ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა ეს იმიტომ დაუშვა, რათა ფლორნცისთვის, ამ უაღრესად უბრალო კაცისთვის, დაენახვებინა, რომ ძლიერი მწუხარების ჟამსაც არ უნდა განვიკითხოთ სხვები.
პეტრე: - ნუთუ ასეთი მძიმეა განკითხვის ცოდვა, როცა მას მრისხანებისას წარმოვთქვამთ?
გრიგოლი: - ჯერ კიდევ პავლე მოციქულმა თქვა: ცილისმწამებელნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენო (1 კორ. 6,10). ამიტომაც განსაჯე, რამდენად მძიმეა ცოდვა, რომელიც ღვთის სასუფეველს განაშორებს.
პეტრე: - მაშინ როგორ იქნება, თუ ვინმე ენის დაუოკებლობის გამო მოყვასს განიკითხავს?
გრიგოლი: - თუ საშინელი მსაჯული განგვიკითხავს ყოველი უქმი სიტყვისთვის, იფიქრე რამდენად განგვსჯის მავნე სიტყვისთვის? ამიტომაც თუ ყოველ უქმ სიტყვას სასჯელი ეკუთვნის, მით უმეტეს განიკითხება ბოღმით ნათქვამი.
პეტრე: - გეთანხმებით.
გრიგოლი: - როცა ფლორენცის სახელი განიდიდა, ერთი დიაკონი, მისგან ლოცვა რომ გამოეთხოვა, შორიდან გამოემგზავრა მასთან. წმინდანის კელიას რომ მიუახლოვდა, კელიის გარშემო ურიცხვი გველი დაინახა. შეშინებულმა დაიძახა: "ილოცე ჩემთვის, ღვთის კაცო!" ცა მოწმენდილი იყო. ფლორენცი გამოვიდა, თვალები და ხელნი ზე აღაპყრო და უფალს ქვეწარმავალთა განადგურება შესთხოვა. წმინდანის ლოცვით დაეცა მეხი იმ ადგილს და გველები მოსრა. ეს რომ წმინდანმა დაინახა, უფალს შეჰღაღადა: "უფალო! შენ ამოხოცე ქვეწარმავალნი, მაგრამ ვინ განწმენდს მათგან აქაურობას?" მაშინვე წმინდანის ლოცვით უამრავი ჩიტი მოფრინდა, სათითაოდ აიღეს ქვეწარმავალნი და შორს წაიღეს. ამგვარად, სრულიად გაიწმინდა მიდამო.
პეტრე: - რამდენად მოსაგრე, სათნოებებით აღსავსე და დიდებული უნდა ყოფილიყო ეს წმინდა კაცი, რომლის ლოცვაც ასე მალე შეისმინა ყოვლისშემძლე ღმერთმა.
გრიგოლი: - ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე დიდი ძალა აქვს კაცის სიწმინდეს და გულის უბრალოებას. მხოლოდ იმისთვის, რომ მისმა მონებმა, რომელთაც მიწიერ საზრუნავებზე უარი უთქვამთ, არ იციან, რა არის უქმადმეტყველება და არ დაუშვებენ თავიანთი სახლის არევას ანდა შებილწვას. მათ ლოცვებს ყველაზე უპირატესად შეისმენს შემოქმედი, რომელსაც რაღაც ზომით შეძლებისდაგვარად ემსგავსებიან სიწმინდითა და სულის უბრალოებით. ჩვენ კი ბევრს უქმვმეტყველებთ, ხშირად საზიანოდაც. ამიტომაც ჩვენი სიტყვები ასე შორსაა ყოვლისშემძლე ღვთისგან და ახლოსაა ამქვეყნიურ სამყაროსთან. ესაიამ სამართლიანად განიკითხა საკუთარი თავი და შეინანა, როცა უფლის მხედრობა დაინახა: "ჰოი, უბადრუკს, მე, რამეთუ შეკდემულ ვარ, რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდათა ბაგეთა მქონებელი საშუალ ერისა, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელისა, მკვიდრ ვარ მე" (ესაია 6,5) და ამით ახსნა, რატომ ჰქონდა არაწმინდა ბაგენი...
გაგრძელება იქნება