დაუახლოვდი მათ, ვისაც უყვარს ღმერთი და აქვს ღვთის შიში
რა არის კეთილმოკრძალება. კეთილმოკრძალება ღვთის შიშია, შინაგანი სიმდაბლე და სულიერი სიფაქიზეა.
მოკრძალებული კაცი შეიძლება მორცხვი იყოს, მაგრამ ეს სიმორცხვე მის გულში თაფლს აწვეთებს, იგი მის სიცოცხლეს, ტანჯვის ნაცვლად, სიხარულად აქცევს. კეთილმოკრძალებული ადამიანის საქციელი ნატიფია და ფაქიზი. ის ცხადად გრძნობს ღვთის, ანგელოზებისა და წმინდანების და თავისი მფარველი ანგელოზის იქვე ყოფნას. მუდამ იმის ფიქრშია, რომ მისი სხეული სულიწმინდის ტაძარია და ცხოვრობს უბრალოდ, წმინდად და განწმენდილად. კეთილმოკრძალებული კაცი ყველგან თავმდაბლად და ყურადღებით იქცევა, ცხადად გრძნობს ყოველგვარ სიწმინდეს. მაგალითად, გაფაციცებულია, რომ ხატებს ზურგი არ შეაქციოს; იქ, სადაც სხედან, დივანზე ან სკამზე, სახარება, სულიერი წიგნი ან რაიმე სიწმინდე არ დადოს. როცა ხატს ხედავს, გული მხურვალებით აევსება, თვალები აუცრემლდება. სადმე თუ ნახავს ქრისტეს სახელს დაწერილს, კეთილმოკრძალებით ეამბორება მას და შინაგანად სული დაუტკბება. მიწაზე დაგდებული გაზეთის ნაგლეჯს თუ დაინახავს, სადაც ქრისტეს სახელი ანდა "ყოვლადწმინდა სამების ტაძარი" წერია, მოაგროვებს ნაკუწებს, კეთილმოკრძალებით ეამბორება და წუხს, რატომ გადაყარესო. - მამაო, ესე იგი, ღვთისმოშიშება სხვაა, კეთილმოკრძალება კი სხვა?
- ღვთისმოშიშება - სუნამოა, კეთილმოკრძალება კი გუნდრუკი. ჩემთვის ის უდიდესი სათნოებაა, ვინაიდან კეთილმოკრძალებული კაცი ღვთის მადლს მიიზიდავს, ღვთის მადლის მატარებელი ხდება, ბუნებრივად იმყოფება მასში. შემდგომ მადლი მას გასცემს და ყველანი კეთილგაწყობილნი არიან მის მიმართ და კეთილმოკრძალებით ექცევიან, იმ დროს, როცა ურცხვი კაცი ქალების და ბავშვების ზიზღსაც კი იწვევს.
კეთილმოკრძალება გადამდებია. მამები ამბობენ, კეთილმოკრძალება რომ მოვიპოვოთ, ურთიერთობა უნდა გვქონდეს ისეთ ადამიანებთან, რომელთაც ეს სიამოვნება აქვთ და დავუკვირდეთ, როგორ ცხოვრობენ ისინი. პაისი დიდს როცა ჰკითხეს, როგორ მოვიპოვოთ ღვთის შიშიო, უპასუხა: "დაუახლოვდი მათ, ვისაც უყვარს ღმერთი და აქვს ღვთის შიში, რათა შენც მოიპოვო ღვთაებრივი შიში". ეს იმას კი არ ნიშნავს, დაუკვირდე, სხვები როგორ იქცევიან და შენც გარეგნულად გაიმეორო, არამედ უნდა შეიგრძნო შინაგანი მოქმედების აზრი. რადგან ასეთ შემთხვევაში კეთილმოკრძალება კი არ იქნება, არამედ ცრუდმოკრძალება. კეთილმოკრძალება ღვთის მადლია კაცის შიგნით, რა თქმა უნდა, თუ მასში არის შინაგანი სიმდაბლე და ამისი განწყობა. თუ კაცი კეთილმოკრძალებას არ ფლობს, მას არაფერი აქვს. კეთილმოკრძალებული კი, თუნდაც უსწავლელი იყოს, ყველა სიწმინდეს წმინდად უყურებს ან ისე, როგორიცაა სინამდვილეში...
ყოველ სულიერ საქმეს კეთილმოკრძალება და გული სჭირდება. ყოველივე, რაც კეთილმოკრძალებით კეთდება, განწმენდილია.
გარეგნული კეთილმოკრძალება. არიან მხოლოდ გარეგნულად კეთილმოკრძალებულნი. ასეთი გულგარეთ იტყვის: "რადგან ტაძარში უნდა წავიდე, სუფთად, ფაქიზად ჩავიცვამ. იქ სირბილი არ შეიძლება, თავი უნდა დავხარო და ჯვარი ამგვარად გამოვისახო!" ასეთი რწმენაში მერყევი ხალხი შეიძლება მთელი მსახურება ფეხზე იდგეს. მოქმედებები მხოლოდ გარეგნულად არ უნდა შესრულდეს. როცა კეთილმოკრძალებით სკუფიას იხდი ტაძარში შესვლისას - ეს ერთია, ხოლო სხვაა, როცა თავის გასაგრილებლად იხდი. კეთილმოკრძალება ჩანს იმაშიც, როგორ ვეზიარებით, როგორ ვიღებთ სეფისკვერს და სხვა... თუ კაცი დიდად ისახავს ჯვარს, მაგრამ ამას თავმდაბლად აკეთებს, სხვებს არ აბრკოლებს. მაგრამ თუ ფიქრობს, რომ სხვები უცქერიან და განუწყვეტლივ ისახავს ჯვარს, ხალხი მას დასცინებს - ერისკაცული სულიც კი არ იღებს ამას. ნამდვილი კეთილმოკრძალება თვალნათლივ ჩანს. ნამდვილი კეთილმოკრძალების გარეშე "კეთილსახოვნად" მოქცევა უსახურობად გადაიქცევა.
"ნუ მისცემთ ძაღლებს სიწმინდეს". როცა ხალხი ავადმყოფების სამოსს გაძლევთ წმინდა ნაწილებზე საკურთხებლად დასადებლად, ყურადღებით დააკვირდით, რომ მხოლოდ მაისური იყოს და არა ქვედა საცვალი. სხვა რამე არ გამოდგება - ეს უკრძალველობაა. მზეს ვერ გააჭუჭყიანებ, ასევე ღმერთსაც ვერ გააშავებ. ამგვარი უკრძალველობით არაწმინდა სული გვეუფლება.
ადრე, როცა ვინმე ავად ხდებოდა, ხალხი თავისი სახატის კანდელიდან ზეთს იღებდა, იცხებდა და იკურნებოდა. ახლა კანდელი მხოლოდ ფორმალურად, გასანათებლად ანთია, კანდელის გარეცხვისას შიგ ჩასხმულ ზეთს ნიჟარაში ღვრიან. ერთ დიასახლისს ვკითხე, - წყალი სად მიდის-მეთქი და კანალიზაციაშიო. როცა შვილები ავად გყავს, კანდელის ზეთს ჯვრის სახით სცხებ, ხოლო როცა კარგად არიან, ზეთს კანალიზაციას ატან. ამის შემდეგ როგორ პოვებ განმართლებას და როგორ მოვა შენს სახლზე ღვთის კურთხევა?
დღევანდელ სახლებში არ არის ადგილი, სადაც ნაკურთხ ნივთს შეინახავენ, მაგალითად, ქაღალდი, რომელშიც სეფისკვერია გახვეული. მახსოვს, ჩვენ სახლში კანალიზაციაში ჭურჭლის ნარეცხ წყალსაც კი არ ვუშვებდით, სხვა ადგილას ვასხამდით, ვინაიდან, როცა ჭამის წინ და მერეც ვლოცულობთ, ნამცეცებიც იკურთხება. ყველაფერი ეს დაიკარგა, ამიტომაც მიდის საღვთო მადლი და ადამიანები ეშმაკეულდებიან.
ვეცადოთ, ყველაფერს ყურადღებით მოვეპყროთ. კარგი იქნება, თუ წმინდა ზიარების ან სეფისკვერის მიღების და ზეთისცხების შემდეგ ხელს სპირტიანი ბამბით გავიწმენდთ და მერე დავწვავთ. როცა საკურთხეველს ვასუფთავებთ, ყველაფერი, რაც დასუფთავების შემდეგ გროვდება, ზღვაში უნდა გადავყაროთ ან წმინდა ადგილას დავწვათ, ვინაიდან იატაკზე შეიძლება სეფისკვერის ნამცეცი ანუ უფლის სხეულის უმცირესი ნაწილი იყოს დავარდნილი. რა თქმა უნდა, თუ იატაკზე წმინდა სხეულის მცირე ნაწილი ეცემა, ამით ქრისტე არ ითრგუნება, მაშინ ჩვენგანვე გავა ღვთაებრივი მადლი.
- მამაო, ერთმა ქალბატონმა გვთხოვა, წმინდა არსენის ხატი დაგვეწერა მისი სასტუმრო ოთახისთვის.
- რაო, იქ მხოლოდ ხატები იქნება? ანდა ამ ოთახში სიგარეტს არავინ მოსწევს? დაე, ეს ხატი სხვა ოთახში, კიოტში სხვა ხატებთან ერთად დააბრძანოს და იქ ილოცოს. ერთ სახლში სახატე კიბის ქვეშ მოეწყოთ, სხვაგან კი სახლის პატრონს კანალიზაციის მილის წინ გაეკეთებინა სახატე. როგორ მოიფიქრე ასეთ ადგილას სახატის მოწყობა-მეთქი. ასე მომწონსო. თანაც სახლში ჩრდილოეთით იყო ეს კუთხე და არა აღმოსავლეთით! აბა, ამის შემდეგ მადლი როგორ მოვა! წმინდა წერილი ბრძანებს: "რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს, და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა იგი აქუს, მოვეეღოს მას" (მათე 13,12). ჩვენ ვფიქრობთ, გვაქვს რაიმე, მაგრამ ისიც კი, რაც გვაქვს, წაგვერთმევა.
კეთილმოკრძალება ნელ-ნელა იკარგება და ბოროტება, რომელსაც ვხედავთ, ამისგან ხდება. უყურადღებობისგან შეიძლება ეშმაკეულიც გახდე. ერთი ქალბატონი, - ღმერთმა შეუნდოს, უკვე გარდაიცვალა, - ეშმაკეული გახდა იმის გამო, რომ ნაკურთხი წყალი ხელსაბანში ჩაასხა. მას ბოთლში მცირეოდენი ნაკურთხი წყალი შერჩენოდა: "ეს წყალი უკვე დაძველდა და გადავღვრი, თანაც ბოთლიც მჭირდება". გადაღვარა, ბოთლიც გამორეცხა და ეშმაკეული გახდა. განვიდა მადლი, რადგან მადლი არ რჩება უკრძალველ კაცთან.
საღმრთო მადლი როგორ მიუახლოვდება მას, ვინც სიწმინდეებს კეთილმოკრძალებით არ ეპყრობა? საღმრთო მადლი წავა მასთან, ვინც მას პატივს მიაგებს. "ნუ დაუგებთ სიწმინდეს ძაღლებს", - ამბობს წმინდა წერილი. წარმატება შეუძლებელია იქ, სადაც სულიერი სიფაქიზე არ არის. ერთმა ათონელმა ბერმა რომელიღაც ტაძრიდან სტასიდია წაიღო და თავის ტაძარში დადგა. მეორემ კი საკურთხევლის ზემოთ ტაძრის ქვის ფილებს სახურავი ააძრო და თავისი კელიის აივანი გადახურა. გაწვიმდა. აწვიმს წმინდა ტრაპეზს! შევედი შიგნით და რას ვხედავ. ტაძარი დიდი წესით არის ნაკურთხი, ტრაპეზის ცენტრში წმინდა ნაწილია ჩატანებული. ავიღე ეს ნაწილი, განსაკუთრებულ ადგილას განვბანე. "ეს რა ჰქენით, - ვუთხარი ამის ჩამდენს, - სახურავი ააძრეთ და წყალი წმინდა ტრაპეზს ესხმება!" ამის მერე ხალხი გაგზავნეს და სახურავი ცოტათი მოაწესრიგეს. ვინც ამას აკეთებს, თვითონაც ვერ ხვდება, რამდენად უკრძალველად იქცევა...
როგორი კეთილმოკრძალება ჰქონდათ ძველად.
- მამაო, კეთილმოკრძალება ჩვენს დროში ხშირად რატომ აღარ გვხვდება?
- იმიტომ, რომ ადამიანებმა სულიერად ცხოვრებას თავი ანებეს. ისინი ყველაფერს ერისკაცული ლოგიკით ხსნიან და განაგდებენ საღმრთო მადლს. ადრე როგორი კეთილმოკრძალება ჰქონდათ! აკარნანიასა და ეთოლიაში ცხოვრობდნენ ძალზე უბრალო და კეთილმოკრძალებული მოხუცი მანდილოსნები. ისინი არუსუს მონასტრის ჯორებს, რომლებითაც მონაზვნები საქმეზე მიდიოდნენ, თაყვანს სცემდნენ. ამბობდნენ, - ესენი ხომ ღვთისმშობლის ჯორები არიანო! თუ ისინი ასეთ კეთილმოკრძალებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ჯორებისადმი იჩენდნენ, წარმოიდგინეთ, როგორი კრძალვა ექნებოდათ უფლის დედისადმი.
დიდი კეთილმოკრძალება ჰქონდათ ფარასელებს, რაც წმინდა არსენმა (კაპადუკიელი) უფრო გაუღვივათ. მშობლები მიყვებოდნენ: ერთხელ ფარასელებმა ეკლესიის ასაგებად ფული შეაგროვეს, მაგრამ რადგან ფარასში ტაძარი უკვე ჰქონდათ, წმინდა არსენმა გადაწყვიტა, ფული გლახაკებისთვის დაერიგებინათ. თვითონ წმინდა არსენი წავიდა გაჭირვებული ოჯახებისთვის ფულის დასარიგებლად, მაგრამ მათ უარი უთხრეს - ეკლესიას ფული როგორ წავართვათო. მაშინ წმინდა არსენმა ფული მამასახლისს გაატანა ეპისკოპოსთან. ეპისკოპოსმა ეს რომ შეიტყო, უკანვე, ფარასში დააბრუნა. შემდგომში, როცა მცირეაზიელი ბერძნები საბერძნეთში გადაასახლეს, მათ ამ ფულით საბერძნეთში ეკლესიის აშენება მოინდომეს. თვალცრემლიანმა წმინდა არსენმა მათ უთხრა: საბერძნეთში ბევრ ეკლესიას ნახავთ, მაგრამ იმ რწმენას, აქ რომ არის, ვერ პოვებთო.
კეთილმოკრძალება ხატებისადმი. როგორი კეთილმოკრძალება უნდა გვქონდეს ხატების მიმართ? ერთმა ბერმა ვიღაცისთვის საჩუქრად წმინდა ნიკოლოზის ხატი მოამზადა და ქაღალდში გახვეული დროებით კარადაში შეინახა. მაგრამ უყურადღებობით ხატი თავდაყირა დააყენა. მალე ოთახში კაკუნი მოესმა. ბერმა მოათვალიერა იქაურობა - ნეტავ, კაკუნი საიდან მოდისო. რას იფიქრებდა, თუ კარადიდან ისმოდა. კაკუნი დიდხანს გრძელდებოდა და ბერს მოსვენებას არ აძლევდა. ბოლოს, როგორც იქნა, მიხვდა. გააღო კარადა და რას ხედავს, კაკუნი შეხვეული ხატიდან მოდიოდა. "რა სჭირს ხატს ასეთი, მოდი, ვნახავო". გახსნა და რას ხედავს, ხატი თავდაყირაა. როგორც კი ხატი გაასწორა, ხმაურიც შეწყდა.
კეთილმოკრძალებულ კაცს განსაკუთრებული მოწიწება წმინდა ხატების წინაშე აქვს, ანუ იმათ მიმართ, ვინც ამ ხატზეა გამოსახული. კაცი განა ხევს და ანადგურებს თავისი მამის, დედის, პაპის, ბებიის, ძმის ფოტოსურათებს. მით უმეტეს, პატივით უნდა მოვეპყრათ ხატს! როცა კაცი კრძალვით და მხურვალე სიყვარულით ეამბორება წმინდა ხატებს, თითქოს ისრუტავს ამ ხატის საღებავებს და თვითონ მასში, შიგნით გამოხატულ წმინდანებს. გახარებული წმინდანები მოსწყდებიან ქაღალდს ან დაფას და აღიბეჭდებიან ადამიანთა გულებში. როცა ქრისტიანი მოკრძალებით ეამბორება წმინდა ხატებს და სთხოვს შეწევნას ქრისტეს, ღვთისმშობელს, წინდანებს, მაშინ ის თავისი გულით ეამბორება, რომელიც შეისრუტავს არა მხოლოდ მათ მადლს, არამედ მთლიანად ქრისტეს, ღვთისმშობელსა და წმინდანებს, რომლებიც მისი შინაგანი ტაძრის კანკელში დგებიან. "კაცი სულიწმინდის ტაძარია". ყოველი ღვთისმსახურება იწყება და მთავრდება ხატთა ამბორისყოფით. ამას რომ ხვდებოდნენ ადამიანები, რამდენ სიხარულს შეიგრძნობდნენ, როგორ გაძლიერდებოდნენ!
რამდენადაც შეძლებთ, მოიმუშაკეთ მოკრძალება, თავმდაბლობა. ეს დაგეხმარებათ ღვთის მადლის მიღებაში - მოკრძალებული, სულიერად უბრალო კაცი, თუ ის თავმდაბალიცაა, მიიღებს ღვთაებრივ მადლს...