(ამონარიდები წმინდა მამათა ნაწერებიდან)
ნურც მიეპირფერები სხვას და ნურც იმას დაუშვებ, რომ სხვამ დაიმციროს თავი შენს წინაშე და გემლიქვნელოს. პირველი ცბიერი და ვერაგი ადამიანის თვისებაა, მეორე კი - პატივმოყვარისა და ამპარტავნისა.
***
უპატიოსნო ადამიანი გამუდმებით ლაპარაკობს პატიოსნებაზე. ნუ ენდობი იმას, ვინც მეტისმეტად ადიდებს კეთილშობილებასა და გულუხვობას, ნურც მისგან ელი დაცვას, ვინც უზომოდ და ყველგან ასხამს ხოტბას სიმამაცეს. ***
ბედნიერნი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლები ღვთის ტაძარშიც ხშირად დადიან და საკუთარი საცხოვრებელიც სალოცავ სახლად გაუხდიათ (დან. 6,10) და ამით მათ ღვთისმოსაობის მაგალითს აძლევენ. მაგრამ ვინ იგლოვებს იმ უბედურ ბავშვებს, რომელთაც მშობლები ამა სოფლის უპატიოსნო სულით ზრდიან და ამ გზით თითქოსდა სისხლისმსმელ მოლოქს ეწირებიან მსხვერპლად (იერ. 32,35)?!***
თუ ცოდვის ქმნაზე იმიტომ აიღე ხელი, რომ ასაკი მოგეძალა, ეს შენი უძლურების შედეგი იქნება. ჩვენ კი მათ ვადიდებთ (ღვთის სიტყვაზე დაყრდნობით), ვინც საკუთარი ნებით არის სიკეთის მთესველი და არა მათ, ვინც ამას ამა თუ იმ გარემოების გამო იძულებით აკეთებს. ***
როცა რომელიმე ხორციელი სურვილი გეძალება, მოიძულე ის და უთხარი საკუთარ სულს: "იმის გამო წუხხარ, რომ სიამოვნებას გაკლებ? თავი ინუგეშე - ამით ცათა სასუფეველსა და მის უსასრულო სიკეთეს იუნჯებ. ცოტა დაითმინე და ნაყოფსაც იხილავ".***
მთელ ჩვენს ცხოვრებას ისე უნდა ვუყუროთ, როგორც იმ დიდი დღის ძალზე ხანმოკლე გარიჟრაჟს, რომელსაც საღამო არა აქვს და რომელიც შესაძლოა ახლა უკვე მალე ამობრწყინდეს რომელიმე ჩვენგანისთვის ან ნეტარების სამეფოში, ან ჯოჯოხეთის უფსკრულში, იმისდა მიხედვით, თუ როგორ წარვმართავდით აქ საკუთარ აზრებსა და გრძნობებს, სურვილებსა და მოქმედებებს.***
ამასოფელში ისე მოიქეცი, როგორც ლოთი იქცეოდა სოდომში, სადაც ყველა უსჯულოებაში ცხოვრობდა - ის არავის ბაძავდა და ღვთის სათნო საქმეს აკეთებდა. შენც ნუ გაიმეორებ იმას, რასაც მარტო სოფელი აკეთებს. ***
"მზაკვარო წუთისოფელო, გძულვარ? დაე, ასე იყოს! თუ შენი მრისხანება მხოლოდ ღვთის წინაშე ჩემი სიმართლით დავიმსახურე, მლანძღე, მდევნე და გამამწარე, რამდენიც მოგესურვება! მზად ვარ, ჩემს უფალთან იესო ქრისტესთან ერთად ვეწამო: ამაშია ჩემი ნეტარება!" - აი, რა განწყობით იღებს ქრისტეს მიმდევარი ამასოფლისგან დევნას. ***
ერთმა წმიდა მამამ თქვა: "იფიქრე სიკეთეზე, ბოროტებაზე არ იფიქრო იმიტომ, რომ სულს არ შეუძლია იყოს უქმად". მივუძღვნათ ჩვენი გონება ღვთის სიტყვაზე ფიქრს, გულისმიერ ლოცვასა და კეთილ განზრახვებს. ამაო აზრები ამაო საქმეებს წარმოშობს, კეთილი სურვილი კი კეთილ ნაყოფს ისხამს. ***
ცუდი სიღარიბე კი არაა, არამედ ის, რომ უკმაყოფილო ხარ საკუთარი სიღარიბით და მას მტერივით უყურებ; ცუდია, როცა სხვისი სიმდიდრისა გშურს და სიმდიდრის მოხვეჭის სურვილი გაქვს. ***
მიწიერი ბედნიერება ამქვეყნიური კეთილდღეობის სიუხვეს კი არ მოაქვს, არამედ სულის კმაყოფილებასა და სიმშვიდეს, რაც, უმთავრესად, მიუღწეველია სრული კეთილდღეობით მცხოვრები ადამიანებისთვის.***
განსაცდელი და მწუხარება ის მტკივნეული, მაგრამ სიცოცხლის მომნიჭებელი ოპერაციებია, რომელთა მეშვეობითაც სულის მკურნალი მას კორძებისგან ასუფთავებს. ამ აზრით ადამიანისთვის სასჯელი, მატერიალური კეთილდღეობის დაკარგვა, მწუხარება, ავადმყოფობა თუ სხვა ღვთის სიყვარულის გამოხატულებაა მსგავსად იმ მშობლების საქციელისა, რომელთაც სიყვარული აიძულებთ, წაართვან ბავშვს სახიფათო სათამაშო ან მავნე სასუსნავი, თუნდაც ის ცრემლად იღვრებოდეს. ***
უქონელი ის კი არ არის, ვისაც არაფერი აბადია, არამედ ის, ვისაც ბევრის ქონების სურვილი აქვს; ასევე, მდიდარი ბევრის მქონებელი კი არაა, არამედ ის, ვინც არაფერს ითხოვს. ***
თუ უკეთ გაიაზრებ, რას წარმოადგენს მარადისობა, გონებაში წარმოიდგენ, რაოდენ საშინელი იქნება, თუ მარადიულ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებ და ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩავარდები, რომლისგანაც დემონებიც კი ძრწიან, აირჩევ ყოველგვარი განსაცდელისა და ტანჯვის დათმენას და მოწყალე მამობრივი სასჯელის გამო ღმერთს მადლობას შესწირავ.***
მეცნიერება იმისა, რომ ბედნიერი იყო, ძალზე მარტივია: გიყვარდეს შენი მოვალეობები და მათში ეძიე სიამოვნება. ***
ბედნიერება საკუთარ გულში ეძიე: თუ ის იქ არ არის, სხვაგან ვერსად იპოვი.მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ნიკოლოზ ლანჩავამ