ხშირად ვამჩნევ საკუთარ თავს ავადმყოფურ მზაკვრობას გულისას
წმინდა იოანე კრონშტადტელი
დამრიგებლობითი თავნი. მღვდლობის პატივზე, ვალსა და მოვალეობაზე
* ყველანაირად დაიცავ გული შენი სიცრუის გესლისგან, რომელსაც მამა სიცრუისა გაფრქვევს. ის ცდილობს შენში სხვადასხვაგვარად შემოვიდეს, სახით ურწმუნოებისა, სახით შიშისა და შფოთისა, სადა იგი არ იყო შიში (ფსალ. 52,6), სახით - სასოწარკვეთისა, მტრობისა, სიძულვილისა, შურისა, ვერცხლისმოყვარეობისა, სიამაყისა და სხვა ვნებებისა. დაუპირისპირე მის სიცრუეს ჭეშმარიტების ნათელი სახე, მაგალითად, თუ ლოცვისას საკუთარ თავს შეამჩნევ, რომ მოგეძალა ღრმა სიმდაბლე, გულის შემუსვრილება და მყუდროება, დაგიტკბა სული, ამ დროს კი სიცრუის სული ჩაგჩურჩულებს, - შენ ახლა ძალზე ახლოს ხარ ღმერთთანო, ანუ გამოგცდის სიამაყის გულისთქმებით, მის ნათქვამს წინ აღუდექი ჭეშმარიტებით: "მადლითა ღმრთისაითა ვარ რა იგი ვარ" (1 კორ. 15,10). დიდება მის მადლს და არა მე ცოდვილს. მე ვიცი, რარიგ ცოდვილი და არაწმინდა, რარიგ უძლური, პირქუში და გონებაამღვრეული ვარ ხოლმე მისი მადლის გარეშე.
* ძმანო ჩემნო! "ნუ თუალთ-ღებით გაქუნ სარწმუნოებაი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს დიდებისაი..." (იაკობი 2,1), დაიმარხე გულში ეს სიტყვები და როცა მოგიხდება სარწმუნოების საქმის განმართვა ვინმე ცნობილი კაცის წინაშე, თვალღებით ნუკი შეხედავ, არამედ შენი საქმე წრფელად, მთელი გულით შეასრულე.
* ხშირად ვამჩნევ საკუთარ თავს, განსაკუთრებით მსახურებისას, ავადმყოფურ მზაკვრობას გულისას, სულში დუღილს ვგრძნობ კეთილისა და ბოროტისა. მაშინ წარმოშობილი ბოროტება ცდილობს, დაძლიოს გულში ჯერ კიდევ ვერ გამყარებული სიკეთე. გული მზაკვრობს და შემარცხვენს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. ამ ბოროტების განსაქარვებლად სულიწმინდის მადლი გვჭირდება, რომელიც აღგვიდა მზაკვრობას და მის მაგიერ გულში ჩაასახლებდა სიკეთესა და მის თანამდევ უბრალოებას.
* ტაძარში, ღვთის წინაშე მოსიყვარულე გულით თუ გვინდა წარდგომა, მანამდე შინ და ადამიანებთან ურთიერთობისას მუდმივად უნდა ვაწრთობდეთ მას სიყვარულში.
* თუ ცდილობ, რომ საზოგადო ლოცვისას არ წაიფორხილო, ევედრები უფალს, მის ყოვლადწმინდა დედას და უძლურების ჟამს შეწევნას სთხოვ, მერე კი მაინც წაიბორძიკებ - ნუ დამწუხრდები, სასოს ნუ წარიკვეთ. როცა გული იტანჯება ურწმუნოებისა და ეშმაკის მოგვრილი შიშით, ამ დროს იმედად გქონდეს ჯვრის ნიში, გამოსახული წრფელი, მდაბალი და შემუსვრილი გულით ლოცვისას, განსაკუთრებით ცხოველმყოფელი საიდუმლოებისას.
* მიუხედავად იმისა, გწამს თუ არა, გულით ხარ დარწმუნებული თუ არა, მაინც ყველა მსახურება, ამ მსახურებისას ლოცვები და ყველა საიდუმლოება - ჩვეულებრივი, უცვლელი, ცხოველმყოფელი სიწმინდეა.
* განგვაშორე, განგვაშორე, განგვაშორე, უფალო, ყოველი რწმენამერყევი ნათელღებული ცხოველმყოფელ საიდუმლოებასთან ზიარებისგან! ურწმუნო ანდა მცირედმორწმუნე გულით ზიარებისას მაზიარებელს თავს დაატყდება საშინელი შინაგანი მწუხარება, ისეთი ცეცხლი, ისეთი სატანჯველი, რომ კაცი, ოღონდ შვება იგრძნოს, მოიგლეჯდა თავის წიაღს, თავის ჯიუტსა და მზაკვარ გულს! ასეთი ტანჯვა კაცს უღირსად ზიარებისას მოეწევა. ვინც არ უნდა იყო შენ, ადამიანო, ნუ მიეახლები ბარძიმს გულითადი რწმენის გარეშე, განსაკუთრებით, თუ მღვდელი ხარ. მღვდელმა გამოცდილებით უკეთ იცის, როგორი სიმშვიდე და სიხარული ეფინება გულს, როცა ღირსეულად და ცოცხალი რწმენით ეზიარები წმინდა საიდუმლოებებს, რომელშიც ჭეშმარიტად და არსებითად მყოფობს უფალი.
* ეშმაკის სწრაფ თავდასხმებს მაშინვე წინ აღუდექი გულისა და გონების მიერ ღვთის ჭვრეტით. წამითაც ნუ მისცემ ნებას, ეშმაკის ტყუილმა გაგიტაცოს, არამედ მხოლოდ უფალს ხედავდე.
* საზოგადო ლოცვისას გულში თავმდაბლობა, რწმენა და სიყვარული რომ იყოს და ენაც იმას ამბობდეს, რაც გულში გვაქვს, ეშმაკს დაუძლეველი წინააღმდეგობა უნდა გაუწიო. მაგალითად, თუ ის მყუდროებას გირღვევს და გაჩქარებს, ნუ აჩქარდები, ეცადე, რაც შეიძლება დაიმშვიდო თავი, შეჩერდი, დადუმდი და ერთი ან ორი სიტყვა წარმოთქვი.
* ეკლესიაში ლოცვისას გაფრთხილდი, არ იშფოთო, გარშემო მხოლოდ ღმერთი და საკუთარი თავი წარმოიდგინე. ადამიანები კი მიწა და ნაცარია, მათზე არაფერია საფიქრალი, ანუ მათი სულაც არ უნდა გეშინოდეს.
* გულით ნურასოდეს იჩქარებ ლოცვების კითხვისას, ყოველთვის მშვიდი და მხიარულად განწყობილი სულით იყავი. შენ ესაუბრები წყალობისა და კაცთმოყვარების ღმერთს და რა გაქვს სასოწარსაკვეთი?
* "და ეტყოდა უფალი აარონს და ჰრქუა: ღვინოი და თაფლუჭი არა სუათ შენ და ძეთა შენთა, რაჟამს შეხვიდოდით კარავსა საწამებლისასა ანუ თუ წარსდგებოდით წინაშე საკურთხეველსა, თუ არადა მოსწყდე" (ლევიტ. 10,9).
* თუ ძველი აღთქმის ღვთისმსახურს თავი უნდა შეეკავებინა ღვინისა და თაფლუჭის სმისგან კარავში შესვლისას, საკურთხეველთან მიახლოებისას მით უფრო განკრძალულნი უნდა ვიყოთ ჩვენ, ახალი აღთქმის მღვდელნი.
* მღვდელი, რომელიც ეშმაკის თავდასხმებს ვერ დაითმენს, თავისი ცხოვრებით ზოგჯერ განირყვნება ხოლმე.
* ძმანო, რომელთაც განამზადეთ თავი ღვთის სამსახურად, წინასწარ გაუწყებთ, რომ ღვთისკენ მიმავალ გზაზე წინ აღგიდგებათ ძლიერი მტერი სატანა, მას დამორჩილებული ბოროტი სულები და მთელი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა ადგილას ჩაგისაფრდებიან. მას სულში მომაკვდინებელი შემოსუნთქვით შეიცნობთ, რომელიც ეცდება, ღვთის რწმენასა და მსახურებას მოგაშოროს სულის შიგნით მოგვრილი არაწმინდა, ბოროტი და ღვთისმგმობი გულისთქმებით, უფლისა და მისი წმინდა ნებისადმი ცილისწამებით და სხვა ამგვარით. იდექი მტკიცედ ღვთის რწმენასა და სამსახურში. ნუ შეგაშფოთებს სულის გამხრწნელი გველის მზაკვრობანი.
* ღვთისმსახურებისას ნუ იზრუნებ იმაზე, რას იტყვის შენზე ხალხი, არამედ ის გაჭირვებდეს, რას იტყვის შენზე უფალი ღმერთი: მის წინაშე ხომ ყველა კაცი არარაობაა.
* ეშმაკისგან მოგვრილ შიშს, სატანური შფოთისა და სასოწარკვეთის გამო, ღვთისგან აუცილებლად დასჯის შიშით წინ აღუდექი. უთხარი თავს: არავინ არის უფრო საშიში, ვიდრე ჩემი უფალი.
* როცა რწმენით ვეზიარები და დაუბრკოლებლად ვმსახურებ, როცა ეშმაკის მოგვრილ შიშს არ ვნებდები, მთელ დღეს მშვენივრად ვატარებ, მსუბუქად ვარ და მხიარულად. ხოლო როცა მსახურებისას შიშით წავიფორხილებ, ვერც ლოცვები, ვერც ჯვრის გამოსახვა ვერ დამიხსნის გულის შებოჭვისგან. უბედური ადამიანი ვარ. ვინ განმაშორებს ამ სასიკვდინე ფიქრებს?
* გულწრფელი რწმენით ხმამაღლა ლოცვა მშვენიერი საშუალებაა სულიერი შფოთვის წინააღმდეგ.
* ყველანაირად ეცადე, ღვთისმსახურებისას ილოცო და იმოქმედო სრულიად დამშვიდებულმა.
* უფალო! შემქმენი საიდუმლოებათა შენთა ღირსეულ აღმსარებლად - გულწრფელად, მტკიცედ, ღვთისმოშიშად. უშენოდ გულისთქმების ბნელი დამფარავს, გულში კი უძლურებაა და მწუხარება.
* დაივიწყე იმაზე ფიქრი, რომ საკუთარი ძალებით რაიმე კეთილის ქმნა შეგიძლია: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიძს ყოფად არცა ერთი" (იოანე 15,5), - ამბობს მაცხოვარი და მისი სიტყვა ჭეშმარიტებაა. ამიტომაც თავი ანებე იმაზე ზრუნვას, თუ როგორ შეასრულო ესა თუ ის ღვთის მსახურება დაუბრკოლებლად, ღვთის სადიდებლად, არამედ მთლიანად უფალს მიანდე. შეწევნა სთხოვე, შეევედრე უფალს მისსავე სიტყვით: - თვითონვე თქვი, უფალო, რომ ჩვენ უშენოდ არარაი ძალგვიძს ყოფად, არცა ერთი. რწმენით მივირქვამ შენს ნათქვამს გულში, ჩემო უფალო, და გევედრები: იყავ ჩემთან, ოდეს შენს მსახურებას აღვასრულებდე, განაგდე ჩემგან ყოველჟამს აღმაშფოთებელი და ბოროტი სული, რომელიც მიფორიაქებს სულს, მძიმე ეჭვებით გულსა და გონებაზე ჯოჯოხეთის ბნელს მომფენს, როცა შენს წმინდა მსახურებას აღვასრულებ. მიბოძე, ღმერთო, შენდამი ცოცხალი რწმენა და სასოება. დაე, ამ ორ ბურჯზე დაყრდნობილმა, განვაქარვო ჩემი ეშმაკი მტრის ხრიკები. რწმენა და სასოება - შენგან ბოძებული შენი ნიჭია და შენს მონებზე მიგვანიშნებს. ურწმუნოება, ეჭვი, სასოწარკვეთა, უიმედობა - ეშმაკისგანაა და ახასიათებს მისსავ მონებს, ანდა მათ, რომლებიც გამოუცდელნი არიან, აიცდინონ ბოროტის ისრები, ესე იგი მიგვანიშნებს ღვთისადმი რწმენასა და სასოებაში გამოუცდელობაზე.
როცა ბოროტი სული შენი სულის აფორიაქებას შეეცდება, უთხარი: "განგაგდებს შენ იესო ქრისტე". მტკიცედ გადაწყვიტე, რომ ყველა ლოცვა სიტყვასიტყვით მშვიდად წაიკითხო.
* ღვთის ნიჭები შენში არ უნდა შეაკავო, არამედ სხვებზე უნდა გადმოღვარო. ამის მაგალითია ბუნება - მზე. მზე მხოლოდ თავისთვის არ იტოვებს ნათელს, არამედ მოჰფენს მიწასა და მთვარეს. განსაკუთრებით მღვდლებმა არ უნდა დაფარონ თავისი, უფრო სწორად, ღვთის ნათელი, მოჰფინონ სხვებს თავიანთი გონებისა და ცოდნის ნათელი.
* "რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათე 18,20). ყველგან, სადაც პარაკლისს ან სხვა რომელიმე საეკლესიო წესს ასრულებ - უფალი აუცილებლად თქვენს შორისაა. როგორ ფრთხილად უნდა ვიქცეოდეთ ყველა მსახურებისას!
* მეტად საჭიროა ყოველთვის საკუთარ გულს ვუდარაჯოთ, განსაკუთრებით ლიტურგიის წინ, უპირატესად სადღესასწაულო ლიტურგიის წინ, როცა წირვაზე ხალხი იკრიბება. მტერი ყველანაირი ხერხით ცდილობს, მრავალრიცხოვანი ხალხის წინაშე დასცეს მღვდელი.
* როცა ეზიარები უფლის უწმინდეს სისხლსა და ხორცს და შინ მიხვალ, ხარბად ნუ დააცხრები ცხოველის ხორცს, დაიცავი უკიდურესი ზომიერება კვებისას. ასევე დღისით ხანგრძლივ ძილსაც ნუ მიეცემი. ყოველივე ეს გააუხეშებს გულს, რომელშიც უნდა დავიმარხოთ ის წმინდა სიფაქიზე და მგრძნობიარობა, წმინდა საიდუმლოთა ღირსეულად ზიარებით რომ მიგვიღია. კარგი იქნება, ზიარების შემდგომ ხორცს საერთოდ თუ არ შევჭამთ და არ დავიძინებთ. მაგრამ თუ ადრე ადექი, სადილობამდე ბევრი საეკლესიო წესი აღასრულე და ძალზე დაიღალე, დასაძრახი არ იქნება, თუ მოსაძლიერებლად ხორციან საჭმელს მიიღებ, როგორც განსაკუთრებულად ყუათიანს და ნასადილევს ნახევარი საათით წაიძინებ.
* როცა ვინმეს გამოსწორება გსურს, ნუ იფიქრებ მხოლოდ შენი ძალებით გამოსწორებას. ჩვენ საქმეს უფრო ვაშავებთ საკუთარი ვნებებით, მაგალითად, სიამაყით და მისგან წარმომავალი სიფიცხით - არამედ მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი (ფსალმ. 54,22) და ევედრე მას, რომელიც განიკითხავს გულსა და თირკმელსა, რომ მან განანათლოს იმ კაცის გული და გონება. თუ ღმერთი დაინახავს, რომ შენი ლოცვა მთელი გულითაა ნათქვამი და სიყვარულით სუნთქავს, აუცილებლად შეგისრულებს სურვილს, და როცა მალევე იხილავ, რომ ის კაცი, ვისზეც ლოცულობდი, შეიცვალა, იტყვი: "ესე არს განახლებაი მარჯვენისა მაღლისა" (ფსალმ. 76,10)
* არის სული მდევნელი, ანუ გონებრივი ფარაონი, რომელიც ლოცვის კითხვისას დევნის ჩვენს გონებას. უნდა ვიფრთხილოთ. ჰოი, როგორ დევნის ის ადამიანებს ამა სოფლისაგანთ.
* მოსიყვარულე უფალი ახლოსვეა. როგორ შემიძლია გულში დავუშვა ბოღმის აჩრდილის არსებობაც კი? დაე, სრულიად მოკვდეს ჩემში ყველანაირი ბოღმა, დაე, შეეზილოს ჩემს გულს უბოროტობის ნელსაცხებელი! ღვთის სიყვარულმა, დაე, გძლიოს, ბოროტო სატანავ, რომელიც ჩვენ, უზნეოებს, ბოღმისკენ გვიბიძგებ!
ბოღმა სულს და სხეულს კლავს, წვავს, თრგუნავს, აწამებს. ბოღმისგან შეპყრობილი ნურავინ გაბედავს მიუახლოვდეს სიყვარულის ღმერთის წმინდა ტრაპეზს.
* ვუცქერდი ერთ თანამოძმეს, რომელიც ღვთის ხალხს ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს ურიგებდა: ჰოი, რა დავინახე! მეტად მზაკვრობა გულისა, მეტად მზაკვრულად მოქცევა წმინდა საიდუმლოებათა მიმართ! ის მათ ისე უპატივცემულოდ ექცეოდა, რომ მგონია, მასზე უფრო მეტი პატივისცემით ურიგებს ხოლმე ქველმოქმედი ღატაკებს ჩვეულებრივ საჭმელს და სამოსს. ჰოი, მზაკვრულო გამოხედვავ! ჰოი, უპატივცემულობის გამომხატველო შემოხედვავ! ჰოი, ურწმუნოების მაჩვენებელო გამოხედვავ! უფალო, ნუ დაუშვებ, რომ მე, ცოდვილმა, მზაკვრულად შევხედო შენს უწმინდეს, ზეციურ ცხოველმყოფელ და საშინელ საიდუმლოთა. მასწავე მე, რათა ვუცქერდე მათ ყოველთვის შიშით და კრძალვით. საყვარელო ძმანო! ეკრძალენით, "ნუუკვე სადამე იყოს ვისმე თქვენთაგანსა თანა გული უკეთური ურწმუნოებისაი განდგომად ღმრთისაგან ცხოველისა" (ებრაელთა 3,12) საღმრთო საიდუმლოებისას. თვითონ ეშმაკი დახტის მზაკვარი კაცის შემოხედვაში.
* მუდმივად სიყვარულისკენ ისწრაფე: დადიხარ, დგახარ, ზიხარ, წევხარ, კითხულობ თუ სხვა საქმეს აკეთებ, ყველაფრისგან სიყვარულის გოლეული ამოიღე, ყველაფერი სიყვარულის საბაბად აქციე. შემეწიე, უფალო! საპირისპიროდ ამისა კი ყველაფრიდან განაძევე უსიყვარულობა - მით უმეტეს, სიძულვილი, გაექეცი სიძულვილის უმცირეს მიზეზსაც კი.
* მთელი გულით ღმერთის იყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეშმაკის კუთვნილება გახდები და ისიც დასცინებს შენს არაწრფელ ძალისხმევას ღვთისადმი სათნოყოფისა, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, ყოველთვის ღვთისმსახურების სულით იწვოდე.
* როცა ცხოველმყოფელ საიდუმლოთა ზიარებას აპირებ, ეშმაკის მზაკვრობის, სიცრუის მოსაგერიებლად გულში თქვი: მე ცრუ და ამაო ვარ; აქ კი წმინდა ჭეშმარიტებაა. ამიტომაც წუთითაც არ შეგეშინდეს მისი ამაფორიაქებელი ოცნებისა და შიშისა, რომლითაც ის განგმირავს გულს ზიარების წინ. "რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა სიონი", ესვიდე შენც ღმერთს და მცირედითაც არ შეირყევი.
* როცა გულს მოგიწყლავს შენში ჩაბუდებული მტერი, რომელიც სულს შეგიშფოთებს, დასცემს და შეავიწროებს, მაშინ ქადაგება ნუ წარმოთქვამ, რომ მან სიკეთის ნაცვლად საცთური არ მოიტანოს, სულიერი საზრდოთი გამოკვების ნაცვლად, სულიერი თავბრუხვევა და გულისრევა არ გამოიწვიოს. შენიშვნებსაც ნურავის მისცემ ამ დროს, იგი მხოლოდ გააღიზიანებს და არ გამოასწორებს. საერთოდ, როცა მტერი სულში ჩაიბუდებს, უფრო მეტად უნდა ვდუმდეთ, რამეთუ უღირსნი ვართ სიტყვის წარმოთქმისა, რომელიც ნიჭია სიტყვისა ღმრთისა. განაგდე მტერი, გაიმეფე გულში სიჩუმე და მერე ილაპარაკე.
* გინდა სხვებმა მალევე გამოასწორონ ნაკლოვანებანი, მაგრამ შენ თვითონ განა მალევე გამოსწორდი, განა იმითვე არ იტანჯები, რითაც სხვები? შენი გამოუსწორებლობის ბრალი ხომ არ არის, რომ სხვებიც ბორძიკობენ ცოდვებსა და ვნებებში?
* რამდენჯერაც რწმენით მილოცია, ღმერთს ყოველთვის შეუსმენია და აღუსრულებია ჩემი ლოცვა.