სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)
რომელია ფუჭი სიტყვა? ეს ისეთი სიტყვაა, რომელსაც, ასე ვთქვათ, უსაქმურობის გამო წარმოვთქვამთ:
ცარიელი სიტყვაა, ყოველგვარი შინაგანი ღირსებისა და აზრის გარეშე, არაფრის მაქნისი და უმიზნო, რომლის წარმოთქმის საჭიროება არ არის და არც სასარგებლოა. უბრალოდ... ვამბობთ, ოღონდ რაღაც ვთქვათ. ჩვენი ცხოვრება უქმმეტყველებასა და ფუჭმეტყველებაში მიედინება, ასეა ოჯახში, საზოგადოებრივ ადგილებში - ყველგან, სადაც ვართ ხოლმე. ჩვენს საუბარში იშვიათად თუ წააწყდებით გონიერ, სასარგებლო და სულის მაცხოვნებელ სიტყვას, ის მარტოოდენ ფუჭი სიტყვების რახარუხია.რა საშინელებაა, დ-ი! მოდი, მივხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავინახოთ, რისკენ ვისწრაფვით, რა გველოდება მომავალ საუკუნო სიცოცხლეში მხოლოდ ერთი - უქმმეტყველების ცოდვის გამო. ნათლად რომ წარმოვიდგინოთ მთელი სიმძიმე, როგორც ყველას ჰგონია, ამ "უმნიშვნელო" ცოდვისა, დავითვალოთ: "მამაო ჩვენოს" სამჯერ, თანაც აუჩქარებლად წასაკითხად ერთი წუთი გვჭირდება. ესე იგი, ერთი წუთის განმავლობაში 150 სიტყვას წარმოვთქვამთ. ერთ საათში კი 9000 სიტყვას ვამბობთ. აბა, ვინ ვართ ისეთი მოღვაწე, რომ 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ერთ საათს საუბრობდეს? რა თქმა უნდა, კაცის ცხოვრებაში არის დღეები, როცა მდუმარებს, როცა გვერდით მოსაუბრე არა ჰყავს... მაგრამ ეს ღვაწლი არ არის! თუ კაცი იძულებულია დუმდეს, ფიქრებით კი დაქრის, გულით და გონებით უქმმეტყველებს მასთან, ვისზეც ფიქრობს, რაღა სიკეთე ექნება მას ამ მდუმარებისგან? აჯობებდა, განმარტოებით, ხმამაღლა ედიდებინა ღმერთი!
აი ამაში მდგომარეობს უქმად მეტყველებისგან თავშეკავება, რომ მერე უკეთ შევითვისოთ მოუკლებელი ლოცვა.
მყავს ლაპარაკის მოყვარული სულიერი შვილები. კარგად იცი, რა ძნელია, საუბრისას ვინმე არ განიკითხო. ასეთებს მკაცრად ვექცევი და ეპიტიმიას ვადებ: ეფრემ ასურის ლოცვა "უფალო და მეუფეო" უნდა წაიკითხონ მთლიანად, აღასრულონ ამ დროს ოთხი დიდი და თორმეტი მცირე მეტანია, მხოლოდ სულის მაცხოვნებელ თემებზე ისაუბრონ და ყოფითი ურთიერთობისას დღე-ღამეში მხოლოდ ოცდაცამეტი სიტყვა წარმოთქვან. ზოგს თუ უჭირს, უმეტესობა კურთხევას აღასრულებს. ზოგიერთი თვითონვე მთხოვს: მამაო, ეპიტიმიად ოცდაცამეტი სიტყვა მომეცით, თორემ ძალზე უქმად ვმეტყველებო.
ასეა, ჩემო მეგობარო. მოდი, გავაგრძელოთ გამოთვლა. ესე იგი ერთი საათის განმავლობაში 9000 სიტყვას წარმოვთქვამთ, სასარგებლოს ან ფუჭს. თუ დღე-ღამეში საერთო ჯამში ათ საათს ვსაუბრობთ, მაშინ დღის განმავლობაში 90000 სიტყვას წარმოვთქვამთ, ერთ კვირაში კი - 630000 სიტყვას, ერთ თვეში 2700000-ს, ხოლო წლის განმავლობაში - 32000000-ზე მეტს.
თუ ერთ სიტყვას ქვიშის მარცვალს შევადარებთ, მაშინ ჩვენი ცხოვრების ერთ წელიწადში სასწორის პინაზე 32 მლნ ქვიშის მარცვალზე მეტი დაიდება. წარმოგიდგენია? ეს ხომ მთელი ტომარაა! რა თქმა უნდა, სასწორის პინა მაშინვე დაბლა დაიწევა და ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩაგვაგდებს მარტო ერთი, უქმმეტყველების ცოდვა.
მძიმე ცოდვებს არ ვივიწყებთ, ვინანიებთ, თავს გამოსწორებას ვაიძულებთ, ასეთ მცირე სიტყვიერ ცოდვებს კი ყურადღებას არ ვაქცევთ. ამბობენ: - თუ გინდა ღვაწლის გარეშე ცხონდე, ნუ განიკითხავო. შეგვიძლია დავუმატოთ: - თუ გინდა უეჭველად წარწყმდე, უქმად იმეტყველე.
ყოველი სიტყვა, რა გინდ მცირე და უმნიშვნელო იყოს, ჩვენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და დაამოწმებს ან ჩვენს სასიკეთოდ, ანდა საწინააღმდეგოდ. ხედავ, ჩემო მეგობარო, რა უსარგებლოა და მავნებელიც კი ცარიელი, უქმად საუბარი. ვფიქრობ, ამიერიდან იფრთხილებ სიტყვის წარმოთქმისას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც განკითხვის ცოდვას განვიხილავთ.
განკითხვა
უფალმა ბრძანა: "ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით". აი, ყველაზე ადვილი საშუალება, საუკუნო სასჯელსა და წარწყმედას რომ გავექცეთ. ჩვენ კი გვავიწყდება ქრისტეს სიტყვები და როცა ორი-სამი კაცი შევიკრიბებით, სხვათა საქმეთა განხილვას ვიწყებთ: ის ლოთია, ეს ბოროტია, ის კი ქურდი და გარყვნილი, ქმარს ცოლი არ უყვარს, დედინაცვალი გერს სცემს და ასე შემდეგ. საუბარი გაგვიტაცებს და თავის დანებებაც არ გვსურს. ვხედავთ, რომ თანამოსაუბრეს ჩვენი მონათხრობი სიამოვნებს, ვცდილობთ, უფრო ვაამოთ და წვრილმანი დეტალებიც კი გავიხსენოთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, ამხელს იმ ადამიანის დანაშაულს, ახლა რომ განვიკითხავთ. თანამოსაუბრე სასიამოვნო და განსჯის უნარის მქონე ადამიანი გვგონია, ისეთი, რომელსაც "სულს მისცემდი". მაგრამ სად წაიყვანს შენს სულს? ჯოჯოხეთში, რა თქმა უნდა.უფალი ასე მკაცრად იმიტომ მოგვკითხავს განკითხვის გამო, რომ ამით წინ აღვუდგებით მის წმინდა ნებას. იესო ქრისტე ამ სოფელში ცოდვილის გადასარჩენად მოვიდა, ჩვენ კიდევ, ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე, სიტყვით და საქმით ვურტყამთ მათ და ვღუპავთ. თვითონაც ვერ ვამჩნევთ, ისე ვბაძავთ ეშმაკებს და მათ მოყვასის დაღუპვაში ვეხმარებით. ეს მაშინ ხდება, როცა სხვებს განვიკითხავთ და ამისკენ ვუბიძგებთ თანამოსაუბრეს.
რა არის ცოდვა? ეს მძიმე, სახიფათო და მტანჯველი სულიერი სნეულებაა, რომელიც ხორციელ სნეულებაზე უარესია. სხეულის მძიმე ავადმყოფობა მაინც დროებითია და კაცის სიკვდილთან ერთად ქრება. სნეულება სულისა, ანუ მოუნანიებელი ცოდვა, ჩვენთან ერთად მარადისობაში გადადის. ცოდვა ტალახია, ჭუჭყია, სისაძაგლეა... განსაჯე, განა სნეულ სულს ცათა სასუფეველში შესვლა შეუძლია? არა მარტო მე და შენ, ყველა იმას იტყვის, რომ სანამ სული არ განიწმინდება, სანამ არ გამოჯანმრთელდება, საუკუნო სიხარულით ტკბობა არ ძალუძს. უფალს კი ვეცოდებით ჩვენ, ცოდვილები, სულიერად გატანჯულები. მას ყველა ქრისტიანის ცხონება სწადია, ამიტომაც მოგვიწოდებს სინანულისკენ, რომელიც, როგორც უნივერსალური წამალი, სულის ყველანაირ სნეულებას, ყველანაირ ცოდვას კურნავს.
ჩვენ კი წინ აღვუდგებით ღვთის ნებას და იმის მაგივრად, რომ თანავუგრძნოთ სულიერად სნეულ ცოდვილებს, ცრემლით შევთხოვოთ უფალს მათი შეწყალება, რათა სინანულში მოაქციოს და განწმინდოს მათი სულები, ჩვენი განკითხვებით ვაძლიერებთ ცოდვილთა ავადმყოფობას, უარესად ვაქცევთ. ისინი უფრო ღიზიანდებიან, განფიცხდებიან, ცოდვა ფესვს გაიდგამს მათში. ხშირად ისინი ჩვენს გამოსაჯავრებლად ცოდვას იმეორებენ. და აი, განკითხვის ერთი სიტყვით როგორც საკუთარ თავს, ისე მათ, თუ გააბრაზებთ ჩვენი განკითხვა, ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის ვამზადებთ. ჩვენში ვკლავთ სათნოებას, მადლი განგვეშორება, გაძლიერდება სულიერი სნეულება და მორალურად ვხოცავთ მათ, ვისაც განვიკითხავთ. ყველას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, რა ძნელია განკითხვისა და ცილისწამების დათმენა. მაგრამ გონს ვინ მოიყვანა ამ გამოცდილებამ? თვითონვე ვიტანჯებით სხვათაგან, განმკითხველთაგან და იმავე მიზეზით ჩვენვე ვტანჯავთ ჩვენსავე მოყვასს. სწორედ ასეთი უგუნურობის გამო გვსჯის უფალი და ჩვენი გულქვაობის, გულარძნილობისთვის მადლს მოგვაშორებს. თვითონვე ვისვრებით ცოდვებით, განვაგდებთ ცხოვნების გზას და უხმარნი ვხდებით ღვთის თვალთა წინაშე.
უფალი ბრძანებს: "წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი". ზოგი ბევრს ლოცულობს, მცირეს ჭამს, ღამეებს თეთრად ათენებს, ტანზე მსხვილ ჯაჭვებს ატარებს, მაგრამ ისეთი გაბოროტებულია, საპირისპიროდ ნათქვამი ერთი სიტყვის დათმენაც არ შეუძლია. ყოყოჩობს, გარეგნული საქმეებით თავს განიდიდებს, უფალი კი ჩვენგან შინაგან გამოსწორებას ელის. უფალს უნდა წმინდა გული, ყოვლის შემწყნარებელი, არგანკითხველი, სიყვარულით აღსავსე. კაცს რომ გულის წმინდად დამარხვა შეეძლოს, მასზე აღესრულებოდა უფლის წინასწარმეტყველური სიტყვები: "ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ: "არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოი სიკვდილისაი, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაი" (ლუკა 9,27). ხოლო როცა ღვაწლს ღვთის სადიდებლად კი არა, საკუთარი თავის განსადიდებლად სწევენ, უფლისთვის ის სასურველი არ არის. მისთვისვე კი მავნებელია. ეგვიპტელ მამებს ისე ეშინოდათ პატივმოყვარეობისა, რომ მის გამო კეთილი საქმეების ქმნასაც კი გაურბოდნენ. ვინც საკუთარ ცოდვებს ხედავს და კეთილ საქმეებს ვერა, ის სხვის განკითხვას არ დაიწყებს, ხოლო როცა შემცოდეს შეხედავს, იტყვის: "მე მასზე უარესი ვარ, შემეწიე, უფალო, რომ გადავრჩე".
ფარისევლობაში რომ არ ჩავვარდეთ, სასარგებლოა, კეთილი საქმეები სხვათაგან დაფარულად ვაკეთოთ და საკუთარ თავსაც დავუმალოთ, ანუ მარცხენა ხელმა არ იცოდეს, რას სჩადის მარჯვენა, ვქმნათ კეთილი საქმე და სამუდამოდ დავივიწყოთ. დაე, იცოდეს ის მხოლოდ ღმერთმა და ზეცისა მკვიდრთა.
განკითხვა იმითაც არის სახიფათო, რომ განკითხვის ცოდვა განმკითხველზე გადადის. მახსოვს ასეთი შემთხვევა: ერთმა დედაბერმა მითხრა: "მამაო, ილოცეთ ჩემთვის! ეს რა შემოტევები მაქვს? ახალგაზრდობაში არ მიგრძნია იმგვარი ხორციელი ვნება, ახლა რომ მჭირს. ნეტავ რა მემართება?" "ესე იგი, მემრუშე განიკითხე. ხომ ასეა?" "დიახ, მამაო, მეზობელი განვიკითხე". "ჰოდა, შეინანე და მას პატიება სთხოვე. სასოს ნუ წარიკვეთ. გაგივლის". დავამშვიდე. მართლაც, როგორც კი მეზობელს უთხრა, რომ განიკითხავდა და შენდობა აიღო მისგან, ვნებებიც დაუცხრა. ცოდვამ ასაკი არ იცის. განიკითხე - იმავეს მიიღებ. სისასტიკეს გამოიჩენ სნეულის მიმართ - თვითონაც ავად გახდები, რომ მერე გულმოწყალე შეიქმნე. ავადმყოფობაც ღვთის წყალობაა, რომელსაც ცხონებისკენ მივყავართ. ის დედაბერი მერე ჰყვებოდა, ამ შემთხვევამ გამომაფხიზლა. როცა ვხედავ, ვიღაც სცოდავს, ჩემთვის ვამბობ: - მე ვერაფერს ვამჩნევ. ცოდვები საკუთარიც მეყოფა, სხვისი არ მჭირდება-მეთქი. ჩემო მეგობარო, ეცადე, ეს გამოცდილება გამოიყენო. როცა ვინმეს განკითხვის ფიქრი მოგივა, საკუთარ თავს უთხარი: რად მინდა სხვისი ცოდვები, საკუთარიც, არ ვიცი, როგორ მოვიშორო-თქო!
არსებობს ამგვარი კანონი სულიერ ცხოვრებაში: ვინმეს როგორც განიკითხავ, აუცილებლად იმნაირსავე ცოდვაში ჩავარდები. ეს კანონი ბევრმა ცხოვრებისეული გამოცდილებით შეიტყო, ზოგიერთი კი ახალ, ჯერ განუცდელ ცოდვაში ვარდება და იმ დედაბერზე არანაკლებ განცვიფრებულია. ასეთ დროს გაიხსენე, თუ ვინ განიკითხე. მოძებნე ის ადამიანი, აღიარე ცოდვა მის წინაშე, შენდობა სთხოვე, მერე ცოდვა სულიერი მამის წინაშეც წარმოთქვი აღსარებაში, მაშინ ღმერთიც გაპატიებს.
რა მაცდურია, რა ადვილია სხვისი ცოდვის შენიშვნა და განკითხვა. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ვეფერებით საკუთარი პატივმოყვარეობის ვნებას. სხვისი ცოდვის გვერდით საკუთარი ნაკლები გვგონია. თავს დავატყდებით საწყალ ცოდვილს, თვალს თვალში გავუყრით და ვეტყვით: "მიწა როგორ არ გაიპობა და ჩაგიტანს? ცოლი ასეთ ლოთს როგორ არ გამოგაგდებს შინიდან?" ანდა: "ქმარმა უღალატა? ასეთს ანგარიშს ორმაგად გავუსწორებდი! ეს სულელი კი ამდენს უთმენს".
მოჩვენებითი დიდებულებითა და ყოვლისმცოდნეობით აღტყინებისას ადამიანი დასაშვებ ზღვარს გადადის, გონება ებინდება, ცოდვასა და სათნოებას ვეღარ განარჩევს. აღარავის ინდობს, არც ცოდვილს, არც მართალს. ყველას ათანაბრებს და განიკითხავს, სხვის უბედურებაზე ლაპარაკს მოჰყვება... და ამ დროს საშინელ განსაცდელზე - განკითხვის გამო წარწყმედის საფრთხეზე არც დაფიქრდება.
საშინელი ცოდვაა - განკითხვა ცოდვილისა, მართლის განკითხვა კი უფრო მძიმე ცოდვაა. ამ ცოდვის გამო ღმერთი მაშინვე სჯის. წინასწარმეტყველ დავითის ცოლმა, მელქოლამ, ქმარს დასცინა და მოაკლდა კურთხევა შვილთა შობისა! წინასწარმეტყველ მოსეს დამ მარიამმა ძმა განიკითხა და კეთრი შეეყარა. ქანაანი დაწყევლილიც კი იყო იმისთვის, რომ თავისი პაპა, მართალი ნოე განიკითხა და დასცინა. ბევრი ფიქრობს: - დიდი ამბავი, თუ ერთი სიტყვა ვთქვიო. არა, ეს უმნიშვნელო არაა! სამაგიეროდ, მკაცრად მიეზღვებათ მათ, ვინც ასე ცხოვრობს. არა მარტო არ უნდა განიკითხო ცოდვილი, განკითხვა გულშიც არ უნდა გაივლო, ეს დამამცირებელი აზრი ღვთის საწინააღმდეგოა და ისჯება, განსაკუთრებით მაშინ, როცა განიკითხავენ...
განკითხვით თავს ვისჯით, რამეთუ რა მსჯავრითაც სხვებს განვსჯით, იმავე მსჯავრით მოგვეზღვება და უფრო მკაცრადაც. წარმოვიდგინოთ: მე და შენ საუბარში განვიკითხავთ და ვამცირებთ ცოდვილს, უფალი კი ამ დროს მის სინანულს იღებს და მიუტევებს, შესაძლოა დიდი ხანიცაა, რაც ეს ცოდვა აპატია. ესე იგი, ჩვენ ღმერთის მოწინააღმდეგენი შევიქმნებით.
ღმერთი დიდად მოწყალეა. კაცი დღეს ცოდვილია და მეგობარია სატანისა, ხვალ შეინანებს და ღმერთის მეგობარი გახდება. უცნობია, როგორი აღსასრული ექნება მას და როგორი გვექნება ჩვენ. ავაზაკი ადამიანებს ხოცავდა და უფალთან ერთად სამოთხეში შევიდა, იუდა სამი წელი ქრისტეს მოწაფედ ითვლებოდა და ჯოჯოხეთში მოხვდა. ასე რომ, გაექეცი განკითხვის ცოდვას!
მაგალითი აიღე იესო ქრისტესგან. მას არ განუკითხავს არც ერთი ცოდვილი, უძლურების გამო რომ სცოდავდა, მხოლოდ ფარისევლებს ამხელდა მკაცრად, რამეთუ ისინი არც თვითონ შედიოდნენ ცხონების კარში და არც სხვებს უშვებდნენ. ქრისტე ყველას მიმართ ალერსიანი იყო, მზრუნველი, ყურადღებიანი, მგრძნობიარე; ყველას ანუგეშებდა, ყველას ეხმარებოდა.
როცა განკითხვის ფიქრი მოგივა, გაიხსენე ჯვარცმულის სიტყვები: "მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმენ". ასე ილოცე განმკითხველთათვის, რამეთუ ვინც სხვას განსჯის, მან ხშირად არც იცის, რომ ბევრჯერ ცოდვის გამო კი არა, სათნოებისთვის განიკითხავს სხვას.
მაგალითად, ამპარტავნებას სწამებს თავმდაბალ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან საუბარი არ სურს (ანუ უქმმეტყველება და განკითხვა). ანდა ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს მრავალშვილიანობის გამო განსჯიან. ასეთი მაგალითი უამრავია. ხშირად ვცდებით. განკითხვისას მას ვაქებთ, ვინც ამას არ იმსახურებს, ქებისა და პატივის ღირსს კი ვამცირებთ და განვიკითხავთ. რა საშინელებაა! თანამგრძნობი სული გქონდეს, ყველას მიმართ შემწყნარებელი იყავი და აღარავის განიკითხავ.