საკუთარი თავის მაცქერალ კაცზე, გარეგნულად მცხოვრებზე, ღვთის მადლი ვერ მოიწევა
სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)
შინაგანი ცხოვრება. შინაგანი ცხოვრება საფუძველთა საფუძველია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და განუყრელი საკუთრება მართლმადიდებელი ქრისტიანისა. თუ ფხიზლად არ ვიქნებით, არ ვუდარაჯებთ საკუთარ გულს, გონებას და ფიქრებს, არ ვცხონდებით. თვალყური უნდა ვადევნოთ, რომ ჩვენი გულის ყველა მოძრაობა, ჩვენი ფიქრები უფლის განდიდებისკენ იყოს მიმართული.
საკუთარი თავის შეცნობითა და სიფხიზლით ვიღებთ მადლსა და ძალას უკვდავი ცხოვრების შესაძენად. ზოგჯერ ადამიანი სხვებისგან გარეგნულად არ გამოირჩევა, მაგრამ შინაგანი ცხოვრებით დიდია ღვთის წინაშე და სათნოებათა დიდ საქმეებს აკეთებს.
შინაგანი ცხოვრების გარეშე, სიფხიზლის გარეშე ადამიანი ხშირად ცოდვასა და უსჯულოებაში ვარდება, ამიტომაც უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი გარეგნული მოქმედება იმართებოდეს შინაგანი, გულითადი განწყობილებით. თუ კაცში გარეგნული ყოფა გაბატონდება მის შინაგან ცხოვრებაზე, ადრე თუ გვიან დაუკმაყოფილებლობას იგრძნობს ცხოვრებისგან, სიცარიელე, სიბნელე, გულგატეხილობა მოიცავს და შეიძლება სასოც წარეკვეთოს.
უღმერთოდ მცხოვრები კაცი ვერასოდეს დატკბება სიმშვიდით, სულიერი სიხარულით სააქაოს და მით უმეტეს, მომავალ ცხოვრებაში.
ეცადე, ჩემო მეგობარო, უპირველესი მნიშვნელობა სულიერ ცხოვრებას მიანიჭო. ნუ იფიქრებ, რომ ეს მხოლოდ ცალკეულ პირებს შეუძლიათ. ის შესაძლებელია ყველა წოდების, ნებისმიერი შეძლების, ყველა დროში მცხოვრები კაცისთვის. არ არის ისეთი მიზეზი, რის გამოც ადამიანს არ ძალუძდეს, თავის შინაგან სამყაროში შევიდეს და დაუკვირდეს გულის თითოეულ მოძრაობას, თითოეულ გულისთქმას. ვერ შეძლებს მხოლოდ ის, ვისაც არ სურს შინაგანი ცხოვრებით ცხოვრება, ვინც საკუთარ თავს უფრო უცქერს, ვიდრე უფალს, მაგრამ საკუთარი თავის მაცქერალ კაცზე, გარეგნულად მცხოვრებზე, ღვთის მადლი ვერ მოიწევა.
ჩემო მეგობარო, სთხოვე ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს, მოგფინოს ის წმინდა ნათელი თვითშემეცნებისა, რომელიც გასწავლიდა შინაგან ცხოვრებას, უფალთან განუშორებლად ყოფნას. როცა შინაგანი ცხოვრების სიტკბოებას იგემებ, ვერავინ და ვერაფერი შეგიშლის ხელს სათნოებათა მოხვეჭაში. ვინც თვითშემეცნებას ეწევა, ღმერთი მას ისეთ ნიჭს აძლევს, შეუძლია ერთდროულად ილოცოს და ურთულესი საქმეც შეასრულოს. მაგალითად, მხატვარს, მუსიკოსს, მოქანდაკეს და მწერალსაც კი ძალუძს ერთდროულად შინაგანად ილოცოს და თავისი საქმეც აკეთოს, თან ისაუბროს კიდეც.
ბევრისთვის ასეთი ცხოვრება შეუძლებელია, მიუწვდომელია. შინაგანი ცხოვრებით მოქალაქენი მუდამ უფალთან საუბრობენ და ტკბებიან სულიერი სიხარულით დანაყრებულნი. ჰოდა, შენც ამას ესწრაფე.
ქრისტეს მიბაძვა. შედი შენს შინაგან სამყაროში და საღვთო მაგალითის შესაბამისად მოიქეცი ისე, როგორც ამ დროს ქრისტე მოიქცეოდა. ყოველ სიტყვასა და საქმეში მას მიბაძე. ხოლო რომ იცოდე, როგორ საუბრობდა იესო ქრისტე, როგორ იქცეოდა, ამისთვის გულმოდგინედ შეისწავლე წმინდა წერილი და ტაძარში ხშირად იარე.
იესო ქრისტე მაგალითია სრულყოფილებისა. ადამიანები ვერასოდეს შეძლებენ მსგავსის მიღწევას, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, მივბაძოთ მას ძალისაებრ და შესაძლებლობის მიხედვით და ვიყოთ მისი ჭეშმარიტი მიმდევარნი. საღმრთო მადლის გარეშე საკუთარი ძალებით ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ. ამიტომაც გულმოდგინედ სთხოვე უფალს მადლი სულიწმინდისა.
ჩემო შვილო, გირჩევ, ყველაფერი დაკვირვებით, აუჩქარებლად გააკეთო, რადგან სიჩქარე ვნებს სულს. ნუ ეცდები, მხოლოდ საკუთარი სახელის განდიდებისთვის იღვაწო.
წმინდა საიდუმლოებასთან ზიარება. ზიარების საიდუმლოებისას პურისა (სეფისკვერის) და ღვინის სახით ვიღებთ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცს და ვუერთდებით მას. ზიარებისთვის უნდა მოემზადო ლოცვით, მარხვით და სინანულით. ეს საიდუმლოება ტაძარში ლიტურგიის ჟამს აღესრულება. ავადმყოფებს შეუძლიათ შინ ეზიარონ, მღვდელს ამისთვის მასთან სანაწილით წმინდა ნაწილები მიაქვს. ზიარებისას ღვთისმოშიშ გრძნობებს უნდა განიცდიდე. მაგრამ ზოგჯერ გულცივნი და გონებაგაფანტულნი ვართ, ამის გამო ბევრი სასოს წარიკვეთს. გულის გატეხა კი საჭირო არ არის. უნდა თავი დავიმდაბლოთ და ვთქვათ, რომ ღირსი ვართ ასეთ მდგომარეობაში ყოფნისა. განსაცდელი მოთმინებით გადაიტანე, სასოს ნუ წარიკვეთ, ეცადე, გამოსწორდე.
ზოგიერთ ღვთისმოშიშ და სულიერ ცხოვრებაში მოშურნე ადამიანს უფალი გამოცდის: სიხარულს არ აძლევს. ამის გამოც უნდა მადლობდე ღმერთს. უფალმა უკეთ იცის, რა სჯობს ჩვენთვის. ზოგს სიტკბოებასა და ნუგეშს უბოძებს გასაძლიერებლად და გასამხნევებლად, სხვებს კი ამას არ აძლევს იმიტომ, რომ მათ ღმერთი ყველა მდგომარეობაში ერთნაირი ძალით უნდა უყვარდეთ. მესამეს ცოდვების გამო აკლებს ნუგეშს, მაგრამ მაშინაც კი არ შეიძლება სასოწარკვეთა.
თავს უფლისგან განგდებულად ნუ ჩათვლი, თუნდაც მისი მსახურების სურვილს ვერ ვგრძნობდე. ყოველთვის ეცადე, ერთნაირი ძალით სათნოეყო მას. ღვთის საქმეებზე მეტად საკუთარი თავით ნუ იქნები დაკავებული, მთლიანად ღმერთს მიენდე და პოვებ სიხარულსა და ნეტარებას.
როცა კაცი ცხონების საქმეს გულგრილად ეკიდება, მაშინ წმინდა საიდუმლოსთან ზიარებით კურნებაზე მეტად ის უძლურებას იგრძნობს. თუ წმინდა ზიარების შემდეგ უდარაჯებ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს და მათ ღვთის სათნოებისთვის მიმართავ, ამით წმინდა ზიარებისას მიღებულ სიხარულსა და ღვთისმოშიშების გრძნობას გაუფრთხილდები და დაიმარხავ.
ღვთისმსახურებისას უნდა გქონდეს გული წმინდა და სრულიად მორჩილი უფლისა, ამიტომაც ნუ გიკვირს, თუ უფალი გამოგცდის, გარიგებს, გასწავლის, იყო უფრო სრულყოფილი.
ზოგი ავადმყოფებისა და მოხუცების ზიარების შემდეგ ზიზღით და დასნეულების შიშით ზიარებას აღარ ფიქრობს. გაფრთხილდი, არ გაიკარო ზიზღის გრძნობა, ეს დიდი ცოდვაა. ეკლესიასა და მონასტრებში ზიარებიდან მორჩენილ წმინდა ნაწილებს დიაკვნები იღებენ. თუ დიაკვანი არ ჰყავთ, მაშინ - მღვდლები და ღრმა სიბერემდე აღწევენ სრულიად ჯანმრთელნი. ზიზღიანობა გვიჩვენებს, რომ ადამიანს სუსტი რწმენა აქვს. უნდა ვევედროთ ღმერთს, განამრავლოს და განამტკიცოს ჩვენში რწმენა.
ძნელია იმის ცქერა, როცა ზოგიერთი უძლური დედაბერი და სულიერად ავადმყოფი ყველანაირად ცდილობს, ბავშვებთან ერთად პირველი მივიდეს ცხოვრების სასმისთან. ერთმანეთს ხელს ჰკრავენ, მერე კი უკრძალველად, ღვთის შიშის გარეშე ეზიარებიან.
სულიერად ავადმყოფნი ხშირად ხდებიან სხვებისთვის საცთურნი - კაცი ემზადება ზიარებისთვის, მაგრამ მათ გამო ვერ მიდის ბარძიმთან. ეს ეხება სხვა სნეულთაც, განსაკუთრებით მოხუცებულებს. კეთილგონიერი და ღვთისმოშიში მოხუცი, როცა თავს ცუდად გრძნობს, ზის სადმე კუთხეში წყნარად და მოკრძალებით ლოცულობს, ბარძიმთან კი ბოლო მიდის, როცა ტაძარში თავისუფალი გასასვლელი კეთდება. ეს არის ღვთისმოშიშება, თვითონაც დიდ სიკეთეს ნახულობს სულისა და სხეულისთვის და სხვებსაც არ აწუხებს. ასე მოიქეცი, შვილო ჩემო, ამით შეიძენ სიმდაბლეს, ღვთის შიშსა და მოკრძალებას.
სინანულის ნაყოფნი. ერთხელ ჩემმა სულიერმა შვილმა მკითხა:
- მამაო, შეიძლება ღმერთს სიკვდილი ვთხოვო?
რა მოხდა-მეთქი, - ვკითხე.
- ცხოვრების მეშინია... ყველაფერზე პასუხის გაცემა მომიწევს... მირჩევნია, ახლა მოვკვდე, ვიდრე მოხუცებულს ცოდვები დამიგროვდეს.
- მაშინ ახლავე ბარგი მოამზადე. ნაბიჯი, შეხედვა თუ უქმი სიტყვა სასიკვდილო ცოდვა არ არის. ისინი საშინელია მათთვის, ვინც ამ ცოდვებს ყურადღებას არ აქცევს, ვინც მათ ცოდვადაც კი არ თვლის, არ ინანიებს და არ გამოსწორდება. შენ მაშინვე სთხოვე ღმერთს შენდობა შენი სამკერდე ჯვრის წინაშე, - ასე იქცეოდა ღირსი მარიამ მეგვიპტელი, - შემდეგ ეს ცოდვები
აღიარე სულიერი მამის წინაშე და საკუთარ თავს გამოსწორება აიძულე. ნახავ, რომ მათგან კვალიც კი არ დარჩება. შენ ახლა სიკვდილის უფრო უნდა გეშინოდეს, ვიდრე სიცოცხლისა, რადგან თუმცა შეინანე, სინანულის ნაყოფნი ჯერ არ გაქვს. სინანულის ნაყოფნი უნდა დაიგროვო, სიკვდილისა რომ არ შეგეშინდეს.
სიკვდილი ადვილია. სულმოკლეები ცხოვრებას თვითმკვლელობითაც კი ამთავრებენ. მათ სიძნელეებთან ბრძოლა არ სურთ, მაგრამ ასეთნი სიბრალულის ღირსნი არიან. მათთვის წმინდა ეკლესია არ ლოცულობს. ვინ მოგვცა უფლება, ჩვენს ბედს განვაგებდეთ? ჩვენი ნებით არ დავიბადეთ, არც ჩვენი ნებისდა მიხედვით უნდა მოვკვდეთ! ღმერთს რომ სიკვდილი სთხოვო, თავხედობაა! ეს აშკარად ამტკიცებს, რომ ჩვენ ღვთის ნებით ცხოვრება არ გვსურს.
- გასაგებია, მამაო. ღირსეული სინანულის ნაყოფნი რაღაა?
- ღირსეული სინანულის ნაყოფნია: ქრისტიანული სათნოებები და კეთილი საქმეები. სახარებაში ბევრს წერენ სინანულის ნაყოფზე. მაგალითად, ლუკა მახარებელი წერს: "ყავი უკუე აწ ნაყოფნი ღირსი სინანულისაი" (ლუკა 3,8). შემდეგ კი გვიხსნის: "რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ, რომელსა არა აქუნდეს; და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ყავნ" (ლუკა 3,11).
არის კიდევ სულიერი ნაყოფნი: "შეიმოსეთ უკვე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყვარელთა, მოწყალებაი, შეწყნარებაი, სიტკბოებაი, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელობაი" (კოლას. 3,12-14). უმთავრესი ნაყოფი სინანულისა კი - სიყვარულია (იოანე 15,2-16).
მოციქული პავლე წერს: "შეღათუვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწველად და სიყვარული არა მაქუნდეს, არავე სარგებელ არს ჩემდა" (1 კორინთ. 13,3).
ქმენით სინანულის ჭეშმარიტი ნაყოფნი, "ესე უწყოდეთ ჟამნი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღვიძებად ჩვენდა ძილისაგან" (რომ. 13,11).
სინანულის ნაყოფს ჭეშმარიტი სინანული გვაძლევს. ჭეშმარიტი სინანული - ცოდვების გამო გულწრფელ, პირუთვნელ სულის შემუსვრას ნიშნავს. წმინდა წერილში კონკრეტული მაგალითებია მოხმობილი ჭეშმარიტი სინანულისა, რომელმაც საკადრისი ნაყოფნი გამოიღო. მაგალითად, ზაქე, გადასახადების არასწორად ამკრეფი. როგორი ნაყოფი გამოიღო სინანულისა? თავისი ქონების ნახევარი დაარიგა და გარდამეტებულად დაუბრუნა ყველას, ვისგანაც ზედმეტი აეღო.
წმინდა მარიამ მეგვიპტელი ახალგაზრდობაში ბიწიერ ცხოვრებას ეწეოდა. სინანულის როგორი ნაყოფნი გამოიღო? წავიდა უდაბნოში და უბიწოდ ცხოვრობდა.
ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ. მაგალითად, გვებრძვის სიამაყე და პატივმოყვარეობა. ვევედროთ ღმერთს, თავმდაბლობა გვიბოძოს. მაგრამ პრაქტიკულად როგორ გარდავქმნათ ჩვენი ცოდვილი ბუნება? უფალს უნდა ვთხოვოთ, ადამიანებმა დაგვამდაბლონ და თუ დიდსულოვნად, უდრტვინველად, გაბრაზებისა და გაბოროტების გარეშე მივიღებთ მას, ღმერთს მადლობას შევწირავთ, ვილოცებთ ჩვენი მაწყინრებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი სინანულის ნაყოფნი გამოვიღეთ.
კეთილი განზრახვა. იმისთვის, რომ სინანული ფორმალური, გარეგნული და უნაყოფო არ იყოს, უნდა ვილოცოთ მტრებისთვის, ყველგან და ყოველთვის მხოლოდ სიკეთე ვაკეთოთ, თუნდაც ჩვენდა საზიანოდ, გავცეთ მოწყალება, როცა ამის შესაძლებლობა იქნება. კარგია, როცა ჭარბად გვაქვს და მოწყალებად გავცემთ, მაგრამ უმეტესია სიღარიბისას გაცემული.
უფალი ადამიანთა საქმეებს უფრო უცქერს, ვიდრე მათ განზრახვებს. უფალი კეთილ განზრახვებს მიითვლის და მათ გამო ცოდვებს მიუტევებს.
თავნებობა უდიდესი ცოდვაა! ბერისთვის ეს ყველაზე დიდი ცოდვაა. ეს ურჩობას ნიშნავს, ამ დროს ბერობის აღთქმა ირღვევა. ერისკაცებიც უნდა დაემორჩილონ ღმერთს. მას ფრინველები და ცხოველებიც კი ემორჩილებიან.
ასე რომ, ჩემო მეგობარო დ-ი, უნდა ვისწრაფოთ სიკეთისკენ, ჩვენი კეთილი განზრახვები, საქმე, სიტყვა, გაფიქრება და ყველა გრძნობა ღვთის და მოყვასის სათნოებისკენ უნდა მივმართოთ.
მშვიდობა შენდა და ღვთის კურთხევა!
გაგრძელება იქნება