***
უტყუარი ნიშანი იმისა, რომ გულში მარცვალიც კი არა გვაქვს ღვთის სიყვარულისა, ისაა, რომ ზარმაცად ვეკიდებით მისდამი მსახურებას, უხალისოდ ან საერთოდ არ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს მის მიმართ. ნეტარი ავგუსტინე სამართლიანად შენიშნავს: "უფლის მოყვარე ადამიანს შრომა არ უმძიმს.
პირიქით, ის მას ისევე ახალისებს, როგორც მონადირეს ან მეთევზეს. როცა რაიმეს სიყვარულით ვაკეთებთ, ან ვერ ვგრძნობთ, რომ ვშრომობთ, ან თვითონ შრომის პროცესიც გვიყვარს".***
ჩვენი მეგობრობა კეთილ ადამიანებს მივუძღვნათ, პატივისცემა - მადლმოსილთ, სიყვარული - განურჩევლად ყველას. ზრუნვის საგანი უპირველესად ახლობლები უნდა იყვნენ, გაჭირვებულებს კი დახმარება გავუწიოთ. ***
საწყალი კაცის ყოველი ცრემლი, შენდამი მადლიერებით აღსავსე გულიდან წამოსული, უძვირფასეს ალმასად გაბრწყინდება შენი სამარის თავზე, ყოველი ცრემლი კი, რომელიც მის თვალს შენი გულცივობისა და სისასტიკის გამო მოსწყდება, უფლის ტახტის წინაშე მდგარ შენს სულს ცეცხლის წვეთად დაეცემა.***
მეგობრობაზე მშვენიერი ამქვეყნად არაფერია. ის სალბუნად გვედება სააქაო ცხოვრებაში. რა უნდა იყოს უფრო ამაღლებული და ძვირფასი, ვიდრე ისეთი ადამიანის გვერდით ყოლაა, ვისაც შეგიძლია გული გადაუშალო და საიდუმლო გაანდო? რამ უნდა დაგამშვიდოს იმაზე მეტად, ვიდრე ისეთი ადამიანის გვერდით ყოლამ, რომელიც შენი ბედნიერებით გაიხარებს, უბედურებას გაიზიარებს, განსაცდელში რჩევას მოგცემს და განუგეშებს?***
როგორც მშენებელი თხრის ღრმა ორმოს, სადაც საძირკვლის პირველი ქვა უნდა ჩაიდოს, ასევე ქრისტიანმაც, რომელსაც სურს, მყარ საძირკველზე ააგოს სულის ხსნის კოშკი, ის აუცილებლად მორჩილებაზე უნდა დააფუძნოს.