(ამონარიდები წმინდა მამათა ნაწერებიდან)
სხეულს სული ანიჭებს სიცოცხლეს, სულს - ღმერთი. ამიტომ ჭეშმარიტად ცოცხალია მხოლოდ ის სული, რომელშიც ღვთის მადლია დავანებული; როგორც სხეული კვდება ხორცთან გაყრის შემდეგ, ისევე კვდება სულიც ღმერთთან ურთიერთობის გარეშე.
***
წყალი თავისი ბუნებით რბილია, ქვა კი - მაგარი, მაგრამ თუ ლოდის თავზე პატარა სადინარს გავიყვანთ და წყალს წვეთ-წვეთად მივუშვებთ, ვნახავთ, რომ წყლის წვეთი თანდათან გააპობს ქვას. მსგავსად ამისა, ღვთის სიტყვა რბილია, ჩვენი გული კი უხეში, მაგრამ თუ ადამიანი ხშირად ისმენს (ან კითხულობს) ღვთის სიტყვას, ადრე თუ გვიან მის გულშიც დამკვიდრდება ღვთის შიში.***
არაფერი ისე არ სჭირდება ადამიანს, როგორც ღვთის რწმენა. რწმენაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც, თანაც კეთილდღეობა არა მარტო თითოეული ჩვენგანისა, არამედ მთელი საზოგადოებისა.***
"როგორ მოვიქცეთ, რომ სათნო ვეყოთ უფალს?" - ჰკითხეს ანტონი დიდს. ღირსმა მოღვაწემ უპასუხა: "სადაც არ უნდა იყოთ, თვალწინ ყოველთვის ზეციური მამა გყავდეთ; რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, გამოიძიეთ, ეთანხმება თუ არა ეს წმინდა წერილს".***
როგორც შორ გზაზე დამდგარი კაცი სარგებლობს სამგზავრო მარაგით, ასევე შეუძლია ქრისტიანსაც, სინდისის ქენჯნის გარეშე მოიხმაროს თავისი მიწიერი ქონება ზეციური სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე, ოღონდ მეტისმეტად არ უნდა იზრუნოს მასზე, არ დაემონოს და ცხოვრების მიზნად არ აქციოს.***
ლოცვა ნაყოფიერი რომ იყოს, ღმერთმა რომ შეისმინოს ჩვენი და აგვისრულოს კიდევაც სათხოვარი, ღვთივსათნოდ, მისი მცნებების თანახმად უნდა ვცხოვრობდეთ. მარტო იმის ცოდნა კი არ კმარა, როგორ ვილოცოთ, ანდა მხოლოდ ის, რომ საკადრისი ყურადღებითა და მოწიწებით აღვავლინოთ ლოცვა, არამედ ისიც უნდა ვიცოდეთ, რაზე ვილოცოთ, თვით ლოცვის საგანიც ღვთივსათნო უნდა იყოს. ***
ნუ განიკითხავ მეცნიერებას, - ცოდნა თავისთავად სიკეთეა და ღვთის მიერაა განწესებული, - მაგრამ უპირატესობა ყოველთვის სუფთა სინდისსა და მართალ ცხოვრებას მიანიჭე.***
საჭმლის მხოლოდ სურვილი ვერ დაგვანაყრებს, სმის სურვილი ვერ მოგვიკლავს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი ვერ გაგვამდიდრებს. მსგავსად ამისა, ოდენ სურვილი ხსნისა ვერ გვიხსნის მარადიული სატანჯველისგან.***
მთაზე ასვლა უფრო ძნელია, ვიდრე უფსკრულში დანთქმა, მაგრამ განა მთაზე ასვლას უფსკრულში გადაჩეხვა სჯობს?***
ის, ვინც კეთილმორწმუნეთა ღვაწლს აბუჩად იგდებს, იმ წყალწაღებულს ჰგავს, რომელიც უდრტვინველად მიჰყვება დინებას, სხვებს კი, ვინც თავის გადარჩენის მიზნით მდინარის ნაპირებზე ხეებსა და ბალახს ებღაუჭება, დასცინის. ***
შეუძლებელია, არ დაეცე, მაგრამ შესაძლებელია და აუცილებელიცაა, დაცემული ხელახლა წამოდგე. მორბენალი, თუკი რამეს ფეხს წამოჰკრავს, წაიქცევა, მაგრამ უმალვე დგება და კვლავ თავისი მიზნისკენ მიისწრაფვის. ემსგავსეთ მას.***
ის, რაც სულს ლოცვამდე აწუხებდა, ლოცვის დროსაც უთუოდ ამოტივტივდება გონებაში, ამიტომ სანამ ლოცვას შეუდგებოდეთ, გულიც და გონებაც ისე უნდა განაწყოთ, როგორც ლოცვის ჟამს გსურთ გქონდეთ.***
ის, ვინც ღვთისმსახურების დროს გაუთავებლად ბაასობს და გონება სხვა საფიქრალით აქვს სავსე, იმ მონას ჰგავს, რომელიც მეფის წინაშე დგას, მაგრამ ამ დროს სხვა მონამ რომ დაუძახოს, მეფეს ზურგს შეაქცევს და მას დაუწყებს საუბარს.***
გონება, თავისი ბუნებით, ქრისტიანია და თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას, ვინც ქრისტიანი არ არის, გონება მაინცდამაინც არ უჭრის. ეს წარმართების მაგალითზეც კარგად ჩანს: გონებით აღმატებულნი ახლოს იყვნენ ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობასთან; პლატონი და სოკრატე, რომლებიც იესო ქრისტეს განკაცებამდე ცხოვრობდნენ, ნახევრად ქრისტიანები იყვნენ. ***
ცოდნა ბუნებრივ სინათლეს ჰგავს, რწმენა კი - ბუნებრივ სითბოს. როგორც მცენარეებს - სინათლე და სითბო, ასევე სჭირდება სულს სრულყოფისთვის ცოდნაცა და რწმენაც. ***
გავარვარებული ნაკვერჩხალი, თუ გვერდით დავუდებთ, ცივ, ჩამქრალ ნატეხსაც აანთებს. ასეთსავე ცეცხლით ააბრიალებს ცოცხალი რწმენითა და ლოცვით გამთბარი გული მეორე, თუნდაც სრულიად ცივ და, შესაძლოა, ნახევრად მკვდარ გულსაც კი.***
როცა ვინმე გვიყვარს, ხომ გვიყვარს მისთვის ძვირფასი ადამიანებიც? ამგვარადვე, თუ ღმერთი გვიყვარს, ისიც უნდა გვიყვარდეს, ვინც უყვარს უფალს.***
ის კი არ დაგამცირებს, რომ სიყვარულით მოექცე და პატივი მიაგო ადამიანს, რომელიც ჭკუით, წოდებით, მდგომარეობითა და ზნეობით შენზე გაცილებით დაბალ საფეხურზე დგას, არამედ ის, რომ არ გიყვარდეს და პატივს არ სცემდე მას.მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ნიკოლოზ ლანჩავამ