წმიდა ნათლობის ძალით სულიერი დაბადება ნიშნავს ახალი ცხოვრების დაწყებას, საკუთარი თავის დავიწყებას და მსახურებას ქრისტესთვის და მოყვასისთვის. ამაში ჰპოვებს ნამდვილი მორწმუნე სიხარულსა და ბედნიერებას, თავისი არსებობის აზრსა და მიზანს.
მონათვლით ადამიანი ეკლესიაში შედის, ქრისტეს ნაწილი ხდება, ხელახლა იბადება; თავისუფლდება როგორც ადამისმიერი პირველქმნილი შეცოდებისგან, ისე ყველა სხვა ცოდვისაგან; აღდგება მასში ხატება ღვთისა, მიენიჭება სულიწმიდის მადლი და ყველა სიკეთე მისი.
ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრება ზნეობრივად გამოსწორების პროცესია, სინამდვილეში კი გაქრისტიანება ხელახალი დაბადებაა, ხელახალი ცხოვრებაა, ახალი ქმნილებაა, ცხოვრება არა თავისთვის, არამედ სხვისთვის. წმინდა იოანე ოქროპირი წერს: "ნებისმიერი მოღვაწეობა უმნიშვნელო იქნება, თუ იგი სარგებლობას არ მოუტანს სხვას.
სული ქრისტიანისა, ანუ სული ყოველი ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ქრისტეს შობა და მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, სავანეა მამა ღმერთისა, ძისა და სულისა წმიდისა. თვით მაცხოვარი ბრძანებს: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ (იოანე 14,23).
ახალშობილი მარადიული ყრმის დაბადებით ღმერთმა კვლავ დაიწყო ცხოვრება კაცთა შორის. ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან და ამის წყალობით ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებულ და შერყვნილ ჩვენს ხორციელ სამოსში ნათლისღებით განახლებულმა სიცოცხლემ იფეთქა; ამ სასწაულს მეორედ შობა, ანუ ჩვენს სულში ქრისტეს დაბადება ჰქვია.
ვინ შეიძლება ეკუთვნოდეს ქრისტეს ეკლესიას? ის, ვისაც სწორად სწამს და აღიარებს წმიდა სამებას, ვინც მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, ვინც შეერთებულია ღმერთთან და მოყვასთან სიყვარულით, ემორჩილება და აღიარებს სჯულის კანონებს, ვინც ეზიარება ტაძარში შესრულებულ წმიდათა საიდუმლოთა, რომელნიც სამღვდელოების მიერ წმიდა მოციქულთაგან მიღებული მადლით აღესრულებიან.
ილია II