ძმანო მართლ-მადიდებელნო, ახლად მოწოდებულნო მხედარნო!
ვგონებ, რომ თქვენ ყოველთა არა ერთ გზის გინახავართ თქვენს სოფელში და არა ერთ გზის გაგიგონიათ ჩემგან ქრისტიანული სწავლა და მოძღვრება. ახლაც იმისათვის დაგიბარე, რომ, მოვალეობისამებრ ჩემისა, მოგცეთ თქვენ დარიგება. ახლანდელი თქვენი მდგომარეობა, აწინდელი თქვენი თანამდებობა და მოვალეობა სულ სხვა არის, ვიდრეღა მაშინ, როდესაც თქვენ იყავით სოფლებში და სახლებში. ამისათვის დარიგებაც ჩემი სხვა უნდა იყოს.
ვინა ხართ თქვენ ახლა, რა საქმისათვის ხართ მოწოდებულნი, როგორ უნდა აღსრულებდეთ ახალსა თქვენსა მოვალეობასა? თქვენ ხართ ახლა მხედარნი, ჯარის კაცნი. თქვენ ხართ მოწოდებულნი ხელმწიფისაგან მისთვის, რათა იყვნეთ დამცველნი მშვიდობისანი და მფარველნი ქვეყნისა და მამულისა, ვითარცა შინაგანთა, ეგრეთვე და უმეტესად გარეგანთა მტერთაგან. დიდი არის ეს საქმე და უსაჭიროესი ქვეყნისათვის! ვერც ერთი ქვეყანა, ანუ სახელმწიფო, ვერ გაძლებს, თუ არა ჰყავს მას კარგი და ერთგული ჯარი, ანუ მხედრობა. არათუ გარეგანი მტრები წაახდენენ ქვეყანას, თუ არა ჰყავს მას კარგი მხედრობა, არამედ მარტო შინაური მტრები გაუჭირვებენ სიცოცხლეს ყოველთა მცხოვრებთა. რადგანაც ესრეთი დიდი და უსაჭიროესია მოვალეობა მხედრისა, ამისათვის დიდი მეცადინეობა, მხნეობა და ერთგულება უნდა ჰქონდეს მხედარს, რომ კარგად აღასრულოს თვისი მოვალეობა. მხედრის მოვალეობა მდგომარეობს: პირველათ სრულსა და შეურყეველსა მორჩილებასა თვისისა უფროსისადმი. მხედრობასა შინა ყოველმა უმცროსმა მსწრაფლ, მარჯვედ და უიჭვნელოდ, ხმა ამოუღებლად უნდა აასრულოს ბრძანება თვისისა უფროსისა. წყალში ჩავარდნა, ანუ ცეცხლში შევარდნა, ანუ კლდეზე ასვლა რომ გიბრძანოს უფროსმა, დაუფიქრებლად უნდა აღასრულო. შესაძლებელია, თუ შეუძლო, კარგია, თუ ავი ბრძანება, ის უფროსმა იცის, უმცროსმა უნდა მხოლოდ აღასრულოს. მხედარი ყოველ წამს, დღე და ღამე უნდა იყოს მზად მსწრაფლ აღსრულებად უფროსისა ბრძანებისა. აქედგან სჩანს, რაოდენს თავის გამომეტებას მოითხოვს მხედრობის თანამდებობა. ჭეშმარიტი მხედარი თავის თავს არ დაჰზოგავს, თუ საჭიროებამ მოითხოვა, იგი ყოველთვის მზად არის სისხლის დათხევად და სისხლის შეწირვად მამულისა და ხელმწიფისათვის. მეორედ, მხედრობის მოვალეობის აღსრულება მოითხოვს ერთობას. თქვენს რაზმს ანუ წყობილებას უწოდეს რუსულ ენაზე "დრუჟინა", რომელიც ჩვენებურად ნიშნავს ამხანაგობას, მეგობრობას. ეს მისთვის, რომ მართლა უნდა იყოს თქვენში ამხანაგობა არა თუ მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანიც, სულიერი და გულითადი. როდესაც დაგაყენებენ მწკრივად და გასწავლიან და მიგაჩვევენ ათასი კაცი რომ იყო, სულ ერთი და იგივე მოძრაობა ერთბამად და თანხმობით უნდა აღასრულოთ, მსგავსადვე თქვენი გულიც და აზრებიც შეთანხმებულნი უნდა იყვნენ.
ესე ყოველნი, რაც აქამომდე ვსთქვით, საჭირო არის და მიუცილებელი მხედართათვის თვით დროსა მშვიდობისასა, როდესაც იგინი თავის ქვეყანაში არიან; მით უმეტესად ომიანობის დროს, როდესაც იგინი წინ დაუდგებიან მტერთა. მაშინ ასწილ უმეტესი მორჩილება, მხნეობა, ერთობა, თავის უარის ყოფა არის საჭირო მხედართათვის. გაგონებული გექნებათ თქვენცა, რომ მოკლე დროში მოსალოდნელი არს ომი უსჯულო თათრებთან. იქმნება კარგად არა გაქვსთ გაგონილი მიზეზი მოსალოდნელი ომიანობისა. მიზეზი ის არის, რომ უწყალონი, გამხეცებულნი და უსჯულონი თათარნი უწინაც მარადის სტანჯვიდენ მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, მაგალითად, თვით ჩვენი ეს ქვეყანა რამდენჯერ არის მათგან გაოხრებული, რამდენი ეკლესია და ციხეებია მათგან დამწვარი, რამდენი ათასნი კაცნი, დედანი და მამანი, მოხუცებულნი და ჭაბუკნი მათგან არიან დაკლულნი, ამას ვინ აღრიცხავს! გარნა, ახლა ჩვენ რომ დაფარულნი ვართ დიდი ხელმწიფის მოწყალებითა. სხვანი ურიცხვნი მართლ-მადიდებელნი ქრისტიანენი, რომელნიც მათ ხელში დარჩნენ ვიდრე აქამომდე, არიან ცეცხლსა შინა, განსაცდელსა. მათისა ხსნისათვის ტანჯვისაგან ემზადება ჩვენი ხელმწიფე იმპერატორი. ამ მიზეზისათვის ხართ თქვენ მოწოდებულნი ყოველი სოფლებითგან. სრული იმედი გვაქვს ჩვენ ყოველთა თქვენთა მემამულეთა, მეზობელთა და ნათესავთა, რომელ, თუ გარემოებამ მოითხოვა, თქვენც არ შეარცხვენთ ჩვენსა მამულსა და მონათესავეთა. მხნედ და მამაცურად დაჰხვდებით მტერთა და მით გაახსოვნებთ მათ მამაცობასა და მხნეობასა ჩვენთა ძველთა და წინაპართა, რომელნი განმავლობასა შინა მრავალთა საუკუნეთა დაუცხრომელად ებრძოდენ მათვე მტერთა და იცავდენ მამულსა.
ნუ გეშინიან, თუ ვინმე თქვენგანი დაეცა ველსა ზედა ბრძოლისასა: იგი იქნება ნეტარი! მას ქებით ახსენებს ყოველი კაცი! წმიდა ეკლესია მისთვის ლოცულობს ყოველთვის; მან თვისი სიცოცხლე შესწირა მამულსა, მან სისხლი დასთხია ძმათა და მონათესავეთათვის, იგი შეირაცხება მოწამეთა-თანა. ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი