გამოხსნის კარიბჭე, რომელიც მანამდე დახშული იყო, მაცხოვარმა გაგვიხსნა
17.01.2013
უდიდესი საუფლო დღესასწაული ნათლისღება ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი გამორჩეული დღეა
მთელი სამყაროსათვის, ამ დღეს ქრისტემ სიმდაბლით იღო ნათელი და ყოველი წყალი ხრწნილებისაგან განწმინდა, რათა ჩვენთვის ცოდვათა მიტევება მოენიჭებინა, "თავად უცოდველმა მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმინდე, ნათელ იღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ბოროტი ძალები და განწმენდილი წყლით განბანა ჩვენი უსჯულოება..." ეს უდიდესი საიდუმლო მდინარე იორდანეში მოხდა იოანე ნათლისმცემლის მიერ.
მდინარე იორდანე ხან მოძრავი და ბობოქარია, ხან მდორე და მშვიდი. სიგრძით 251 კმ-ია, სათავეს ჰერმონის მთიდან იღებს და მკვდარ ზღვამდე გრძელდება.
იორდანე აღთქმული მიწის აღმოსავლეთი საზღვარია. აქ ქადაგებდა მესიის მოვლინებაზე წინამორბედი უფლისა - იოანე ნათლისმცემელი, ამ მდინარეში მოინათლა მის მიერ იესო, ამდენად, ძნელია იორდანეს სიმბოლური და მისტიკური მნიშვნელობის შეფასება.
მდინარე იორდანეს ცენტრალურ ნაწილში, ქრისტეს ნათლისღების ადგილას, მოგვიანებით აიგო ეკლესია. გასაკვირი არ არის, რომ დღეს ეს ადგილი, ბევრ ტურისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მართლმადიდებლები და კათოლიკეები კი მდინარის ამ მონაკვეთზე სიმბოლურად ხელახლა ინათლებიან იმ რწმენით, რომ სულიწმინდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი მაცხოვრის სხეულს უერთდება, საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაშია: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმინდა კი გონებისგან მიუწვდომლად, თვით სულს განბანს.
უფლის ნათლისღებით, ახალი ერა დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში, სათავე დაედო ქრისტიანულ ნათლობას, რომელიც გარდაუვალი და აუცილებელია ადამიანისთვის ზეციური სასუფევლის გზაზე. თეოლოგ ედიშერ ჭელიძის განმარტებით, "მყარად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მაცხოვრის განკაცებითი ღვაწლით ზეცით დაცემულ ეშმაკეულ ძალებს აღარ აქვთ მძლავრობა ადამიანზე, აღარ ძალუძთ დაიმორჩილონ იგი მძლავრებითად, რადგან ნათლისღების მადლის ცხოველმყოფელობითი მოქმედება თანაზიარს გვხვდის იმ გამომხსნელი შედეგისა, რაც მაცხოვარმა თავისი განკაცებით, ჯვარცმით, აღდგომითა და ამაღლებით აღასრულა, როდესაც ჯვარცმულ-აღდგომილმა ხორცშესხმულმა ღმერთმა კაცობრიობას ღმერთმოქმედებითად გაუხსნა გზა მარადიული ცხონებისაკენ. ამავე დროს ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი პიროვნული არჩევანი ჩვენი ბუნებითი თავისუფალი ნება, იმავე ღვთისგან ბოძებული ჩვენდამი (რაც ადამიანის ღვთისადმი ხატება-მსგავსებას განაპირობებს), ოდნავადაც არ იზღუდება უფლისგანვე. გამოხსნის კარიბჭე, რომელიც მანამდე დახშული იყო, მაცხოვარმა გაგვიხსნა და ამით უკლებლივ ყველას მოგვცა ცათა სასუფეველში შესვლის შესაძლებლობა. მაგრამ ჩვენი პიროვნული არჩევანი ოდნავადაც არ შეზღუდულა ამით, ვინაიდან მაცხოვრის კვალზე სვლა და ცხონების განხმულ კართა შიგან შესვლა კვლავ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული.
ჩვენ უნდა ვინებოთ და ვიღვაწოთ ამ კარიბჭეში შესასვლელად. შესაბამისად, ეს იწყება ჩვენს ცხოვრებაში მაშინ, როდესაც ვინათლებით. როგორც წმინდა ღმერთშემოსილი მამები შენიშნავენ, როდესაც მღვდელი ნათლისღების ჟამს ადამიანს წყალში შთაფლავს, სიმბოლურად იგი მაცხოვართან ერთად ჯვარს ეცმის, მასთან ერთად მიწაში თანადაეფვლის, ანუ ეს მოქმედება მის დასაფლავებას მოასწავებს; ემბაზის წყლიდან ამოსვლა და მონათლულის ხორციელად თეთრი სამოსით შემოსვა სულიერი სისპეტაკისა და ცხონების გზაზე შედგომის მაუწყებელია, ამის შემდეგ ჩვენ მაცხოვართან ერთად თანააღდგომილნი ვართ, ყველა ჩვენი პიროვნული ცოდვა აღიხოცა, პირველშეცოდების ბორკილი სამუდამოდ აგვეხსნა და იგი აღარასოდეს მოგვეკარება, ნათლობის შემდეგ ახალ შეცოდებათა გამომსყიდველი კი სინანულის საიდუმლოა, რომელიც ადამიანის პიროვნულ ნებას ემორჩილება. მაცხოვრისგან ისტორიულად შესაბამის ჟამს აღასრულებული ნათლისღებით იწყება ჩვენი ცხონების გზა, რომელიც ნათლისღებისთანავე იწყებს მოქმედებას, მონათლულ ადამიანზე ვეღარ მძლავრობს ეშმაკი, მისი ტირანია დამთავრებულია, ეშმაკეული მაცდუნებლობის ჩვენში შემოღწევა, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, მხოლოდ ჩვენი ნებაყოფლობითი არჩევანით ხდება".
ნათლისღების დღეს ყველა ქრისტიანს მიაქვს შინ ეკლესიაში ნაკურთხი წყალი, რომელსაც სასწაულებრივი თვისებები აქვს. მას მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებენ მორწმუნეები სხვადასხვა საჭიროებისთვის.
მართლმადიდებელ სამყაროში არსებობს ჩვეულება, რომ საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულების მეორე დღეს მოიხსენიონ ის წმინდანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ისტორიის უწმინდეს და უმშვენიერეს მომენტებში, მათი ღვაწლი და ამაგი ხომ ფასდაუდებელია. დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, უფლის ნათლისღების მომდევნო დღეს მაცხოვრის წინამორბედს, წმინდა იოანე ნათლისმცემელს მოიხსენიებს მართლმადიდებელი ეკლესია.
წმინდა იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის, მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და დაამოწმა უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დედამიწაზე. იოანე ნათლისმცემელმა თავისი ამქვეყნიური ღვაწლითა და მოწამებრივი ცხოვრებით აღასრულა ესაიას წინასწარმეტყველება: "განამზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი", იგი სიყრმიდანვე უდაბნოში ცხოვრობდა, მოუწოდებდა ხალხს სინანულისაკენ, ამცნობდა მათ სასუფევლის მოახლოებას და მარხვითა და ლოცვით ემზადებოდა თავისი მაღალი მსახურების შესასრულებლად. ტანთ ემოსა აქლემის ბეწვი, საზრდელი მისი კი იყო ველური თაფლი და მკალი. მისი ცნობილი მოწოდება იყო: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა". ამ სიტყვებით ნათლავდა იგი იუდეველებს მდინარე იორდანეში მაცხოვრის გამოჩენამდე, რომელთაც საკუთარი ცოდვები უნდა ეღიარებინათ მის წინაშე.
წმინდა იოანე ნათლისმცემელი მოწამებრივად აღესრულა გალილეის მთავარ ანტიპა ჰეროდეს უსჯულოებაში მხილებისათვის. მას თავი მოჰკვეთეს ციხეში და წმინდანის თავი ლანგრით მიართვეს მის ცოლსა და გერს წვეულებაზე.
წინამორბედი უფლისა, ღვთისმშობლის შემდეგ, ჩვენი დიდი შემწე და მეოხია ღვთის წინაშე. წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი ანკარნაში მისი მშობლების, ზაქარიასა და ელისაბედის, სახლის ადგილზეა აშენებული. პირველი ეკლესია V საუკუნეში აიგო, რომელიც მოგვიანებით ჯვაროსნებმა გადააკეთეს. დღეს მოქმედი ტაძარი კი ესპანეთის მეფეთა მიერ არის განახლებული და მას ფრანცისკელთა ორდენის ესპანელი წარმომადგენლები განაგებენ.
შთამბეჭდავია აკლდამა, რომელშიც ბენედიქტუსია დასაფლავებული და იოანე ნათლისმცემლის შობის ადგილად ითვლება. საკურთხევლის ქვემოთ, მარმარილოზე ამოტვიფრული წარწერა გვამცნობს: "აქ იშვა წინამორბედი უფლისა".