განმარტება სამოციქულოისა (ეფესელთა 4, 25-28).
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, ჩვენ განვიზრახეთ განმარტება რაოდენთამე მუხლთა ეფესელთა მიმართ ეპისტოლესაგან.
ეს მისთვის, რომელ მუხლნი, რომელთა განმარტება ჩვენ გვსურს დღეს, იპყრობენ თვის შორის ისრეთა სწავლათა, რომელნი თითქმის ყოველი ნაბიჯის გადადგმაზედ არიან სახმარნი და სასარგებლონი. და ესრედ, შეწევნითა ღვთისათა, შეუდგეთ უბნობასა.ამისთვის განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყვასისა თვისისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთარს ასოებ. (ეფ. 4, 25).
ეს არის პირველი მუხლი იმ სამოციქულოისა, რომლისა ახსნას შეუდექით ახლა, შეწევნითა ღვთისათა. ამ მუხლში წმიდა მოციქული პავლე შეგავგონებს ჩვენ, რათა მოვერიდოთ სიცრუის თქმას, სიმართლით და ჭეშმარტებით ვეტყოდეთ ერთი მეორესა. აქედგან თვით თქვენ ჰხედავთ, ძმანო ჩემნო, რა დიდად საჭირო არს სწავლა, რომელსა გვაძლევს ეს მუხლი, ყოველსა წამს, ყოვლისა კაცისათვის, და რა დიდად საჭიროა, რომ ყოველთვის გვქონდეს ჩვენ იგი სახეში. რით განგვაღვიძებს ჩვენ მოციქული პავლე, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებასა ვიტყოდეთ? მით, რომ ჩვენ ყოველნი ვართ ერთი მეორეს ასოები: რამეთუ ვართ ურთიერთ ასოებ, - ესე იგი ისე დაახლოებული ვართ ერთი მეორესთან, როგორც ერთი კაცის ასოები, ანუ სახსრები. მაშასადამე, კაცი როგორც თავის თავს არ მოატყუებს, ეგრევე თავისი მოყვასიც არ უნდა მოატყუოს, როგორც ხელი კაცისა, ასე ვსთქვათ, პირს არ მოატყუებს და ნაცვლად პურისა ქვას არ მისცემს საჭმელად, აგრედვე ერთმა კაცმა მეორე კაცი არ უნდა მოატყუოს, რამეთუ ვართ ურთიერთარს ასოებ. ერთი მეორის ასოები არათუ მხოლოდ მით ვართ ჩვენ, რომელ ერთი კაცისაგან ვართ შთამომავალი და ერთი სისხლი და ერთი ხორცი გვაქვს, არამედ მით, რომ თვით ამ ქვეყანაში, ამ ცხოვრებაში ისე დაახლოებული ვართ ერთი მეორესთან, ისე საჭირონი ვართ ერთი მეორისათვის, როგორც ასოები ანუ სახსარნი კაცის გვამში. როდესაც ჭეშმარიტებას და სიმართლეს ვეტყვით და ვასრულებთ ურთიერთ შორის, მაშინ ერთი მეორეს შევეწევით და სიცოცხლეს შევუმსუბუქებთ; როდესაც ვატყუებთ ერთი მეორეს, მაშინ ვაწუხებთ და ვამძიმებთ.
ამასთანავე სიცრუეს მისთვის უნდა ვერიდებოდეთ, რომელ სიცრუე არის თითქმის საფუძველი ყოველთა სხვათა ცოდვათა. ზოგიერთი ცოდვა კიდეც დაიწყება და კიდეც გათავდება სიცრუით; და სხვანი ცოდვანი, თუ პირდაპირ არ აღსრულდებიან სიცრუით, მაინც სიცრუე არ შეიძლება არ გაერიოს მათში. მაშასადამე, ვინც სიცრუეს განეშორა და ყოველთვის ჭეშმარიტებას იტყვის, მან ამით შესავალი დაუხშო ყოველს ცოდვას თავის გულში.
მესამედ, სიცრუეს მისთვის უნდა ვერიდებოდეთ, რომელ ეს ცოდვა არის ერთობ მდაბიო, შემარცხვენელი და გამაფუჭებელი კაცის სინდისისა. სიცრუეს იტყვიან ისრეთნი პირნი, რომელნი არიან გარყვნილნი და ურცხვნი და რომელთა აქვს ხასიათი მონებრივი, მდაბიო. ცრუ კაცს რომ შეეძლოს კარგად დაფიქრება, მალე მიჰხვდება, რომ იგი თავის თავს უფრო ატყუებს, ვიდრეღა სხვას. მას ჰგონია, რომ მისი მსმენელი ხშირად დაიჯერებს მის სიტყვას, და ის კი არ იცის, რომ მას დიდი ხანია არავინ უჯერებს, და ყოველი კაცი დასცინის და აძაგებს თავის გულში. თუ კი კაცს ცოტაოდენად თავის თავი მიაჩნია, თავის ღირსება ახსოვს, ერთი სიტყვით, თავის მოსწონს, იმან, მე მგონია, სიცრუე არაოდეს არ უნდა სთქვას. თავის მოწონებას ჩვენ ვიტყვით არა უგუნურს, არამედ გონიერს და კანონიერს. ყოველ კაცს უნდა ჰქონდეს, ძმანო ჩემნო, გონიერი თავის მოწონება. რაც გინდა უკანასკნელი და საწყალი იყოს კაცი, მაინც არ უნდა დაივიწყოს, რომ იგი არის კაცი, ადამიანი, რომელი ღმერთმან შეამკო ჭკუითა და გონებითა, ამაღლდა ყოველთა სხვათა ქმნილებათა ზედა, შთააბარა მას მთელი ქვეყანა და ბოლოს, რომელიც საშინელ არს თქმად, იმ ზომად ამაღლდა, რომ შვილად ღვთისად გაჰხადა. ვისაც ცოტაოდენად ახსოვს ეს, იგი როგორღა დაამდაბლებს და შეარცხვენს ესოდენსა თვისსა ღირსებასა სიცრუის თქმითა.
ბოლოს, ერთი კიდევ მიზეზი უნდა ვუჩვენოთ სიცრუის მოყვარესა. იმას ხშირად ჰგონია, რომ სიცრუის თქმით მოგებაში დარჩება, გარნა სასტიკად სცდება. სიცრუის მთქმელი, ვგონებ, თავის თავს უფრო ატყუებს, ვიდრე თავის მსმენელს. არ მომხდარა და არ გაგონილა, რომ სიცრუით კაცი გაკეთებულიყოს და გაბედნიერებულიყოს. სიცრუეზე დაფუძვნებული სარგებლობა ემზგავსება ქვიშაზე აშენებულს სახლსა: იმას დაარღვევს პირველივე წინააღმდეგი შემთხვევა და განსაცდელი. ბოლოს, თუ გინდ რამე კიდეც მოიგოს კაცმა სიცრუის თქმითა, მაგრამ ცოდვა რომ ჰქმნა, თავი შეირცხვინა, სჯული დაარღვია, ამის ფასი მოგება რა ექმნება მას. ამისათვის განვეშორებოთ ტყუილსა, ვეტყოდეთ კაცად-კაცადი ჭეშმარიტებასა, რამეთუ ვართ ურთიერთ არს ასოებ.
გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ: მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქვენსა. როდესაც გესმის, ძმაო ჩემო, ეს სიტყვები: "გული გიწყრებოდეს", არ იფიქრო, რომ მოციქული პავლე წყრომის და მრისხანების ნებას გაძლევდეს, რადგანაც იმან იცის, რომელ ჩვენი დაცემულის ბუნებისათვის შეუძლებელია ზოგჯერ მაინც გულის წყრომა არ მოუვიდეს კაცს. ამას დაგითმობს და გეტყვის: რადგანაც შეუძლებელი არისო გული არ გიწყრებოდესო, იმოდენა მაინც ეცადე, რომ ცოდვად არ გადიქცეს გულის წყრომაო. მართლა, არა თუ შეუძლებელია, რომ გულის წყრომა არაოდეს არ ჰქონდეს კაცს, არამედ, ვგონებ, რომ ცუდი ნიშანიც იქნებოდა, თუ კაცს რომელსამე არაოდეს არ მოუვა გულის წყრომა. როდესაც რამეს ცუდს და საძაგელს ჰხედავ შენი მოყვრის მოქმედებაში, ჰხედავ, რომ კაცი მძლავრი და უსინდისო ახრჩობს საწყალსა და უბედურსა კაცსა, ჰხედავ, რომ მზაკვარი და ცბიერი კაცი მარადის ატყუებს ქვეყანასა და ფარისევლობს, ჰხედავ გარემო შენსა სიცრუესა, უსამართლობასა, გარყვნილებასა, და მაინც გული გრილი გაქვს, გული არ გიწყრება, არაფერს ჰზრუნავ - მეშინის, რომ ვაი თუ შენში მკვდარ არს ყოველი კეთილი გრძნობა და სათნოების სიყვარული. ყოველთა ესრეთთა შემთხვევათა შინა გულის-წყრომა არის კანონიერი და კეთილი, გარნა იგი უნდა იყოს შეზავებული სიყვარულითა, სიბრალულითა და სურვილითა, რომ, რაც შენი მხრიდგან შეიძლება, შეავიწროვო ქვეყანაზე ყოველი ბოროტება და სიცრუე და განაძლიერო სიმართლე და პატიოსნება. გარნა, როდესაც გულის-წყრომა მომდინარეობს ამპარტავნებისაგან, ანგაარებისაგან, ანუ სხვათა ამის მსგავსთა გრძნობათაგან, მაშინ ადვილად შთაგაგდებს შენ იგი ცოდვასა შინა, მაშინ შენ უნდა მალე დააცხრო ესრეთი გულის-წყრომა. ამისათვის იტყვის მოციქული: მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქვენსა. მართლა, ვინ არ იცის რაოდენთა ცოდვათა შინა შთააგდებს კაცს მრისხანება, მეტადრე უგუნური. როდესაც კაცი განრისხდება, მაშინ ყოველი, რაც არის მის სულში და გულში კეთილი თვისება და გრძნობა, დაჩუმდება და, ნაცვლად, აღდგებიან და აღიძვრებიან ყოველნი მხეცურნი თვისებანი და მიდრეკილებანი.
და ნუცა სცემთ ადგილ ეშმაკსა (27 მუხ.). რას ჰნიშნავს ეს სიტყვა, ძმაო, "ნუ მისცემთ ადგილს ეშმაკსა? ეს სიტყვა იმას ჰნიშნავს, რომ ნუ მისცემთ მაცთურს, ანუ ეშმაკს იმისთანა შემთხვევას და მიზეზს, რომლითაც მას შეეძლოს მიახლება თქვენდამი და წაწყმედა თქვენიო. მართლა, ეშმაკი, ანუ სულიერი მტერი ჩვენი იმ ზომად გვაცთუნებს ჩვენ, რა ზომადაც თვითონ ჩვენ მივსცემთ მას მიზეზებს. მიზეზად ის მიიღებს ყოველსა ჩვენსა ცუდსა მიდრეკილებასა უკრძალველობასა, დაუდევნელობასა, ზოგიერთი კაცი, ანუ უგუნურებით, ანუ ფარისევლობით, ყოველსა თვისსა ცოდვასა ეშმაკს მიაწერს მაცთუნა, მტერმა შემაცდინაო. გარნა მოციქულის სიტყვებიდან სჩანს, რომ ჩვენ თვითონ ვაძლევთ მას შემთხვევას და მიზეზს, რომ გვაცთუნოს მან. ეშმაკი გიყურებს შენ და გამოსცდის, რით ხარ შენ ცუდი, რომელნი ცუდნი თვისებანი და მიდრეკილებანი ჰსუფევენ შენს შორის. თუ დაგინახა, რომ ანგაარი კაცი ხარ, მაშინ იმ ანგაარებით მრავალ ცოდვაში ჩაგაგდებს; თუ შეგატყო, რომ გულფიცხელი ხარ, მაშინ იგი ამ კერძოით მოგეკიდება და დაგღუპავს. გარნა უმეტესად ყოველსა კაცი თავის გულში მაშინ აძლევს ადგილს ეშმაკსა, როდესაც იგი არის უქმი, არ უყვარს შრომა და მუშაობა. ამისათვის დაუმატებს მოციქული: მპარავი იგი ნურარა იპარავნ, არამედ უფროსღა ჰშურებენ და იქმოდენ კეთილსა თვისითა ხელითა, რათა აქვნდეს მიცემად, ვის იგი უხმდეს (28 მუხლი). არა თუ სხვას წაართვას, ან მოჰპაროს კაცმა, არამედ, პირიქით: უნდა მისცეს გაჭირვებულსა კაცსა, და ამისთვის თვისი საკუთარი ხელით უნდა იშრომოს, შეიძინოს და მისცეს ღარიბსა. ქურდობა, მპარაობა საზარელი ცოდვა არის. ქურდობა უმეტეს ნაწილად წარმოსდგება ზარმაცობიდგან, უსაქმურობიდგან. თუ კაცი შრომის მოყვარეა, ბეჯითი, მეცადინე, ყოველთვის იშოვნის სარჩოს. ქურდობით კაცი ვერ გაბედნიერდება, არამედ უმეტეს ნაწილად დაუბედურდება. ვგონებ, ქურდი კარგად რომ დაფიქრდეს ამაზედ, აღარ გააგრძელებს თვისს საძაგელს მოქმედებას, რომელიც მას ერთხელ დაჰღუპავს.
გარნა მეშინის, რომ სიტყვა ზომაზედ მეტად გაგრძელდა. ღმერთს ვსთხოვ, რომ რაც ვსთქვი, იქიდგან ცოტაოდენი მაინც დაიხსოვნოთ, ისარგებლოთ. ამინ.