გლოცავთ თქვენ, ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მის მოძღვრებისა, რომელი თქვენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან,
რამეთუ ეგე-ვითარნი იგი უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თვისსა მუცელსა და ტკბილად მეტყველებითა მით და კურთხევითა აცთუნიან გულნი უმანკოთანი (რომაელთა 16, 17-18).
ეს სიტყვები, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო არიან წმიდისა პავლე მოციქულისა, და წაკითხულ იქნენ წასულ კვირასა მართლ-მადიდებლობისა წესის აღსრულებასა ზედა. განგებ გამოარჩია წმინდამან ეკკლესიამან ეს სიტყვები, რომელთა შინა მოციქული პავლე გვაფრთხილებს ჩვენ, კაცთა მაცთურთ და საღმრთოისა სჯულისა წინააღმდეგის მეტყველთაგან, - წარსაკითხავად მართლ-მადიდებლობის წესის აღსრულებასა ზედა, ვინაიდგან თვით იგი წესი არის დანიშნული წმიდისა ეკკლესიისაგან ჩვენდა გასაფრთხილებლად და სასწავლებლად, რათა არა შევიწყნარებდეთ სიტყვათა მათთა, რომელნი არიან წინააღმდეგნი საღვთოისა სჯულისა, ქრისტე იესოს მიერ მოცემულისა და მისთა მოციქულთა მიერ ქადაგებულისა.
მაცთურნი, საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალებისა და შფოთისა აღმაყენებელნი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქმნებიან ქვეყანაზედ. არავის არ უნდა უკვირდეს და არავინ მორწმუნეთაგანი არ უნდა სცდებოდეს მათი მიხედვით. თვით უფალმან იესო ქრისტემან წინასწარვე გვაუწყა ეს; თვით იმან ბრძანა, რომ სახარებას მისსა არა ყოველნი კაცნი მიიღებენ, არამედ მხოლოდ იგინი, რომელთა მამა მისი ზეციერი აღმოარჩევს და მოიყვანს მასთან. ამაზე მეტიც გვითხრა მაცხოვარმან. იმან ბრძანა, რომ მაცთურნი, სჯულის წინააღმდეგნი, უნებლივად გაჩნდებიან და საჭიროც იქნება მათი მოსვლა და წინააღმდეგობა, მისთვის, რათა რჩეულნიც მორწმუნენი ცხადად გამოჩნდნენ და გამოეყონ ურწმუნოთა. რა სახით? როგორ მოხდება ეს? უბრალო მაგალითით აგიხსნი ამას. თუ ოდესმე შენ, ძმაო, შემთხვევა გქონდა და ურწმუნო კაცის გმობასა და ლაპარაკს დაესწარი, რას ჰგრძნობდი მაშინ და რა იფიქრე? გულგრილად მიიღე ეს ლაპარაკი? არაფერი მოძრაობა არ გაჩნდა შენს სულში? თუ ასეა, მეშინია, რომ თვით შენ ან ურწმუნო ხარ, ან სუსტია და მკვდარი შენი სარწმუნოება; დათუ იმ დროს შენი გული ადუღდა, თუ ისე გეწყინა შენ იმ წინაღმდეგის გმობა, რომ თითქოს საკუთრად შენ დაგჩაგრეს, ანუ მოინდომეს მოტაცება შენგან ისეთი ქონებისა, რომლისა მოკლება სიცოცხლეს გაგიმწარებს, იცოდე, რომ მორწმუნე ჰყოფილხარ. კაცი და ყოველნი მისნი ნიჭნი და ღონენი გაიზრდებიან, გამაგრებიან ჭიდაობით, ბრძოლით. მსგავსადვე, კაცის სარწმუნოებას და ერთგულობას თუ მომჭიდავე და მტერი არა ჰყავს, რით უნდა გამოჩნდეს იგი და გაილესოს? სწორედ ამ მიზეზისათვის მიუშვებდა და მიუშვებს? ღმერთი ურწმუნოთა კაცთა გმობად და წარმოთხევად მათისა ურწმუნოებისა.
ახლაცა არიან, ძმანო, ურწმუნონი კაცნი ქრისტიანეთა შორის, და არა თუ არიან, არამედ საუბედუროდ, სამხილებელად და განსაღვიძებლად ჩვენდა იგინი უმეტესად მრავლდებიან, და მათი გმობა და საცდური არის უმძიმესი, უმწარესი და უძვირესი ყოველთა უწინდელთა მაცთურთა და წინააღმდეგთა. ამისთვის ჩვენცა, აწინდელნი თქვენნი მოძღვარნი, თანამდებ ვართ უფრო ხშირად ლოცვად და თხოვად თქვენდა, ძმანო: ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი იგი წვალებასა და საცთურსა იქმან, გარეშე მის მოძღვრებისა, რომელი თქვენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან? მაგრამ საკმაო არ არის მარტო ეს, რომ შეგეხვეწო თქვენ მათგან გაშორება, არამედ ისიც ფრიად საჭირო არის, რომ ამასთანავე გიჩვენო რამდენნიმე ნიშანნი და გარემოებანი, რომლითა მიერ შეიძლო შეტყობა და გარჩევა მათი. ეს მისთვის, რომ იგინი არიან მაცთურნი, იგინი, ვითარცა იტყვის მოციქული, ტკბილად მეტყველობითა და კურთხევითა, აცთუნებენ გულთა უმანკოთასა.
პირველი ნიშანი და თვისება ახლანდელთა მაცთურთა ის არის, რომ იგინი თვის ლაპარაკში აურევენ სულიერსა და ხორციელსა, ქვეყნიერსა და ზეციერსა, სამოქალაქო წყობილებასა და საღმრთოსა სჯულსა, სარწმუნოების სწავლასა და სოფლის მდგომარეობასა. ორთა ამათ განუყოფელთა და განსხვავებულთა საგანთა იგინი არ განჰყოფენ, არამედ ორივეს ერთად ჰზრახვენ და ჰგმობენ. რადგან იგინი სწუნობენ ზოგიერთთა სამოქალაქო წესდებულებათა და ქვეყნის ჩვეულებათა, - სიმართლით თუ უმართლოდ, ეს სხვა კითხვა არის, - ამისთვის იგინი საღმრთოსა სჯულსაც მათთანვე ერთად ჰგმობენ? არ მიჰხედვენ იმას, რომ საღმრთო სჯულის სწავლა და საგანი და სამოქალაქო წყობილება და ქვეყნის მდგომარეობა ერთი და იგივე საგანი არ არის. ვსთქვათ, რომ რომელნიმე სამოქალაქნო წყობილებანი და ქვეყნის ჩვეულებანი და წესნი ცუდნი არიან და დასაწუნებელნი; რა გამოდის აქედგან, რა ბრალი აქვსთ ამაში ჩვენსა სარწმუნოებასა? სამოქალაქო წყობილებანი, სახელმწიფო სჯულნი და კანონნი არიან მოგონებულნი და დაყენებულნი კაცთაგან, და იმათ ისეთი დამოკიდებულება არა აქვსთ საღმრთოსა, ღვთისაგან მოცემულსა, სჯულსა ზედა, რომ მათი სიცუდისათვის პასუხისგებაში ჩააგდონ, დაიწუნონ და უარ-ჰყონ საღმრთო სჯული. გარნა თვით მათ, მაცთურთა, კარგად არ იციან ეს განსხვავება შორის საღმრთოისა სჯულისა და სამოქალაქო წყობილებისა, მაგრამ განგებ აურევენ ორთა ამათ საგანთა, მისთვის, რათა უადვილესად აღასრულონ თვისი საიდუმლო განზრახვა და გულის-თქმა. რაში მდგომარეობს მათი განზრახვა? იმაში, რომ მსმენელნი მათნი და დამჯერებელნი მათისა სიტყვისა გაჰხადონ წინააღმდეგი სამოქალაქო სჯულისა და მთავრობისა. მათ იციან, რომ, ვინც მტკიცე არის სარწმუნოებასა შინა და კეთილმსახურებასა, ადვილად არ აჰყვება მათსა ბოროტსა განზრახვასა, ძნელად გახდევა სამოქალაქო მთვარობის და სჯულის წინააღმდეგი; ამისთვის სცდილობენ იგინი ჯერ შეარყიონ მსმენელის გულში სასოება ღვთისა და მით უადვილესად დააჯერონ თვისსა ბოროტსა აზრსა.
მეორესა ნიშანსა გეტყვი. ზოგიერთნი აწინდელნი მაცთურნი სრულიად სხვასა ღონესა და ხერხსა ხმარობენ, რათა მოგიყვანონ თვის აზრზედ და ნებაზედ. იგინი გეტყვიან, რომ თვით საღმრთო წერილი ასწავლის მასვე, რასაც იგინი ჰქადაგებენ, კიდეც მოგიყვანენ საღმრთო წერილიდგან სიტყვებს, რომელნიც ვითომ ამტკიცებენ აზრსა. ამასთანავე დაუმატებენ, რომ ვითომც მათ ებრალებიან ღარიბნი და დაცემულნი კაცნი, და ჰსურთ მათი აღდგენა და ბედნიერება; ერთი სიტყვით, როგორათაც იტყვის წმიდა მოციქული პავლე, ტკბილად მეტყველებითა და კურთხევითა, გააგრძელებენ შენთან ლაპარაკს, რათა მით უადვილესად მოგინადირონ, - გარნა ესე ყოველი არის მცბიერება და სიცრუე. კარგად რომ დაუკვირდე მათს ლაპარაკს, ყოველ მხრივ რომ გაჰსინჯო და ფესვამდის რომ განიხილო და შეიტყო მათი აზრი და მისწრაფება, სწორედ გაგახსენდება თქმული იმავე წმიდა მოციქულისაგან, რომელ ეგე ვითარნი არა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა ჰმონებენ, არამედ თვისსა მუცელსა. სწორედ თვისსა მუცელსა ჰმონებენ იგინი, ამისთვის, რომ ქვეყნის სარგებლობასა და ღარიბების შებრალებასა იგინი მხოლოდ ენით ჰქადაგებენ, და საქმით კი თითსაც არ გაანძრევენ, არამედ ჰსურთ, რომ ქვეყანაზედ იყოს ისეთი წყობილება, რომელსა შინა მათებრ უქმთა და უსაქმოთა კაცთა შეეძლოსთ უჭირველად და უშრომელად ცხოვრება და განცხრომა.
მესამესა ნიშანსა გეტყვი, ბოლოს, აწინდელნი მაცთურნი გააკვირვებენ ხოლმე უმანკოთა და უბრალოთა კაცთა, და ზოგიერთნი იქნება კიდეც შეაშინონ, მით, რომ ვითომ იგინი არიან ნასწავლნი, განათლებულნი; ზოგიერთნი მათგანნი ყოფილან უცხო ქვეყანაში: უნახავსთ და გაუგონიათ მუნ ლაპარაკი ფრიად სწავლულთა კაცთა, და რომელ ყველა მათი აზრები დაფუძვნებულია აწინდელსა დიდსა სწავლასა და განათლებასა ზედა. მაგრამ ადვილად ნუ დაიჯერებ ამას ყოველსა. მათი განათლება დიდად საეჭვო არის, სწავლა მათი ზედა-პირი, თხელი და უსაფუძვლოა. საფუძვლიანი სწავლა მოითხოვს დიდსა შრომასა და მოთმინებასა, ხოლო მათ არც პირველი აქვსთ და არც მეორე. ზოგიერთთა მათგანთა უყვარს მოგზაურობა განათლებულ ქვეყნებში, მაგრამ რა უნახავთ მუნ და რა უსწავლიათ? საუბედუროდ, მათი მოგზაურობა განთლებულ ქვეყნებში დაემსგავსება იმას, როგორც ერთი შინაური პირუტყვი, რომელიც არის მდიდარი კაცის უკანა ეზოში, ჰნახავს ნაგავსა და ნეხვსა, მას შინა ჰგორავს და გაიწუმპება და ჰგონია, რომ იმ ეზოში და იმ სახლში იმაზე უკეთესი არაფერი აღარ არის. განათლებულ ქვეყნებში დიახ მრავალი არის ღირსი ქებისა, სწავლისა და მიბაძვისა, გარნა ნეხვიცა მრავალია მუნ. ხოლო ზოგიერთნი საცოდავნი და საბრალონი ჩვენნი ყმაწვილნი კაცნი, როდესაც უცხო ქვეყნებში წავლენ, იმას კი არ უყურებენ და სწავლობენ, რაც არის იქ პატიოსანი და ღირსი ქებისა და ბაძვისა, არამედ გაისვრებიან იქაურსა ნეხვსა შინა და აქაც იმას მოგვიტანენ, თითქოს ჩვენში ეს მასალა ნაკლები იყოს.
ბოლოს, ამ ერთი სიტყვით დავასრულებ აწინდელსა უბნობასა. თუ შემცდარი არა ხარ, არამედ მართლა მორწმუნე კაცი ხარ, ისიც უთუოდ გახსოვს, რომ სარწმუნოებაზე უძვირფასესი არაფერი აქვს რა კაცს, მაშ ისე უნდა იცავდე შენს სარწმუნოებასა, როგორც უძვირფასესსა უსაყვარლესსა საუნჯესა, რომელიც და მოგვცეს ჩვენ ღმერთმა. ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი